globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 29th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): უკრაინის მოქალაქეობაჩამორთმეული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აშშ-ში

«Le Monde» (საფრანგეთი): მიხეილ სააკაშვილი – უსამშობლოოდ განდევნილი // საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის მსხვერპლი გახდა

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი): გაქნილი მიხეილ სააკაშვილი თავისივე წამლით წააქციეს

«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): უკრაინის პრეზიდენტი თავის ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს მოქალაქეობას ართმევს // საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოსათვის საფრთხედ გადაიქცა

BBC русская служба» (დიდი ბრიტანეთი): „ზურგში ჩაცემული დანა“: ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მოსახლეობის პროტესტის ტალღაზე, უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს

—————-

Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 29 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/on-saakashvili-from-georgia/3961652.html

უკრაინის მოქალაქეობაჩამორთმეული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აშშ-ში

ნინო დალაქიშვილი

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. საქართველოში, სადაც იგი ორჯერ იყო არჩეული უმაღლეს თანამდებობაზე, მის საქმიანობასთან დაკავშირებით ოთხი სარჩელი არსებობს. უკრაინაში კი, რომელიც მისი მეორე სამშობლოა, სადაც მისი პარტია ერთ–ერთი მთავარი ოპოზიციური ძალაა, და სადაც ცოტა ხნის წინ სოლიდურ პოლიტიკურ პოსტს იკავებდა, ორი დღის წინ მას მოქალაქეობა ჩამოართვეს.

ამასთან, საქართველოსა და უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ძალები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალ ძალთა მოძრაობა“ საკმაოდ რეიტინგულ პოლიტიკურ პლატფორმებს წარმოადგენს, რომელიც იკავებს პროდასავლურობის ნიშას. უკანასკნელი გამოკითხვებით, რაც საქართველოში ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ჩაატარა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოსახლეობის 7 პროცენტი დაუჭერდა მხარს, ხვალ რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს. ამასთან ნიშანდობლივია, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ ამ გამოკითხვაში 22 პროცენტი აქვს, მესამე ადგილზე კი 3 პროცენტით „ევროპული საქართველოა“, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი პარტია. ამგვარი წნეხის პირობებშიც კი უკრაინაში მეიდანზე აქციის გამართვასა და ადამიანების მობილიზებას სააკაშვილის „ახალ ძალთა მოძრაობა“ მაინც ახერხებს. ხუთშაბათს, საპროტესტო მსვლელობას კიევში სამართალდამცავებთან ჭიდილის გარეშე არ ჩაუვლია. შეკრებილები აპროტესტებდნენ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის გაუქმებას უკრაინის პრეზიდენტის მიერ და მოითხოვდნენ ამ ქმედების სამართლებრივი მტკიცებულების გაცნობას. უკრაინის ხელისუფლების პასუხი გამოიხატა იმით, რომ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ, სამართლებრივი მტკიცებულების წარდგენა კი ხელისუფლების თქმით, შეუძლებელია, რადგან ის კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავს.

თბილისში სააკაშვილის პოლიტიკურმა ძალამ ბრიფინგი გამართა, სადაც ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ მათი პარტიის ლიდერი პოლიტიკური დევნილია უკრაინაშიც და საქართველოშიც, პარტიის პოლიტიკური მდივანი კი – დაპატიმრებული. „აშკარაა, რომ ივანიშვილის რეჟიმი, ახლა უკვე უკრაინელ ოლიგარქთან ერთად, ასრულებს პუტინის პოლიტიკურ დავალებებს, ან როგორც მინიმუმ, სრულ სინქრონშია, მის პოლიტიკურ მიზნებთან. ამ გარიგებით, ორ ოლიგარქს სურს,პოლიტიკურ ბრძოლას ჩამოაშოროს ის ადამიანი, რომელიც არის რეგიონში ანტიპუტინური ფრონტის მთავარი ფიგურა და პოსტ–საბჭოთა სივრცეში განხორციელებული დემოკრატიული, ანტიკორუფციული რეფორმების ერთადერთი წარმატებული მაგალითი და სიმბოლო. ამ გარიგებით ოლიგარქებს სურთ რეგიონში შეასუსტონ თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების ფრონტი და გააძლიერონ ანტიდასავლური ძალები, რომლებიც ხელს უშლიან ქართველ და უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“.

სააკაშვილის შესახებ 27 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც უცხოური მედიისთვის გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოზომილი კომენტარი გააკეთა. ამერიკის ხმის კითხვას საერთაშორისო სამართლის პრინციპებთან თანხვედრაშია თუ არა პოროშენკოს გადაწყვეტილება, პრეზიდენტმა დიპლომატიური პასუხი გასცა და თქვა, რომ სააკაშვილს მშობლიური ქვეყნის მოქალაქეობაზე, თავის დროზე არ უნდა ეთქვა უარი. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გაცილებით ვრცლად აშშ ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის 31 ივლისს ჩანიშნული ვიზიტისა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე ისაუბრა: “ეს არის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, რომელსაც ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. მოხარულები ვართ, რომ წლის დასაწყისიდანვე გვქონდა აშშ-ის პოლიტიკური ლიდერების დელეგაციათა მნიშვნელოვანი ვიზიტები და, რა თქმა უნდა, საქართველოში ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი და საკვანძო მოვლენაა, რომელიც აჩვენებს ჩვენს თანამშრომლობასა და მხარდაჭერას.“

რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსნის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკრაინის პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ქმედების სამართლებრივ შეფასებას, ეს არ აღმოჩნდა იოლი. ამერიკის ხმა დაუკავშირდა სამართლებრივი მიმართულებით მომუშავე რამდენიმე ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, სამართლიან არჩევნებს, საიას, ჰუმან რაითს ვოჩს, მაგრამ ორგანიზაციებში განაცხადეს, რომ საკითხი ჯერ არ შეუსწავლიათ. აი, რას ამბობს „საერთაშორიდო ამნისტიის“ წარმომადგენელი ლევან ასათიანი ჩვენთან საუბრისას: „რეალურად პრობლემა გახლავთ ის, რომ არ შეიძლება მოქალაქეობის ჩამორთმევა ადამიანისთვის. არსებობს კონვენცია, რომელიც კრძალავს მოქალაქეობის არ–მქონე პირად ყოფნას. მოქალაქეობა ადამიანს, თავისთავად ანიჭებს გარკვეულ უფლებებს. ადამიანის უფლებების საკითხია, რომ რომელიმე ადამიანი არ დარჩეს დაცვის გარეშე, როდესაც მას არც ერთი სახელმწიფო არ იცავს. მაგრამ იმ კონკრეტულ შემთხვევაში რა მოხდა, უკრაინაში რა ნორმატიული საფუძველი არსებობს ამისთვის და იქნება თუ არა ეს ნორმატიული საფუძველი საკმარისი, რომ საქართველოს მოქალაქეობა აღუდგეს, ეს დეტალები მე არ მაქვს შესწავლილი და ამიტომ ვერ გავაკეთებ სრულ კომენტარს.“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ამჟამად აშშ–შია. მას უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს, საქართველოში კი დაპატიმრება ემუქრება, რადგან 4 სასამართლო საქმე მიმდინარეობს მის წინააღმდეგ.

«Le Monde» (საფრანგეთი), 28 ივლისი, 2017 წელი

http://www.lemonde.fr/europe/article/2017/07/27/dechu-de-sa-nationalite-ukrainienne-mikheil-saakachvili-se-retrouve-exile-et-apatride_5165667_3214.html

მიხეილ სააკაშვილი – უსამშობლოოდ განდევნილი

საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტის მსხვერპლი გახდა

ბენუა ვიტკინი

(შემოკლებით)

იყო დრო, როცა არჩევნებში მისი პარტიის დამარცხებისა და პრეწზიუდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი იძულებული იყო ქვეყნიდან გაქცეულიყო და უსაქმურობისაგან ნიუ-იორკის ბრუკლინის კაფეებში „დროს კლავდა, არ იცოდა რა გეკეტებინა: „მე ჩვეულებრივი ადამიანი გავხდი“, – მოწყენილი ხმით ესაუბრებოდა იგი „ნიუ-იორკ თაიმსის“ კორესპონდენტს. ეს იყო 2013 წელს და მაშინ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი, რადგან ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ერთი წელიც არ გავა, რომ უკრაინაში მომხდარი რევოლუცია ქართველ კოლორიტულ პიროვნებას ჩვეულ ცხოვრებას და ახალგაზრდულ პერიოდს დაუბრუნებს. მაიდნის აქტიური მხარდაჭერის კვალობაზე მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკურ არენაზე შესამჩნევი ფიგურა ხდება. ქართველმა რეფორმატორმა ექს-პრეზიდენტმა გადაწყვიტა თავისი ტალანტი უკრაინის სამხრეთ ნაწილში მდებარე ოდესის ოლქშიც გამოევლინებინა. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ დანიშნულ გუბერნატორს ოდესა და ოდესის ოლქი თანამედროვე ქალაქად უნდა გადაექცია და კორუფცია ამოეძირკვა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად უკრაინაში ათობით ქართველი ყოფილი ჩინოვნიკიც ჩავიდა – გამოცდილების გასაზიარებლად და რეფორმების გატარებაში დასახმარებლად.

ექსპერიმენტი სწრაფად დასრულდა: ერთი წლის შემდეგ გუბერნატორმა ქუდი დაიხურა და თანამდებობიდან წავიდა, თან პეტრო პოროშენკოს დაუწყო კრიტიკა – არ მეხმარებოდაო კორუფციის დაძლევაში, პირიქით, ხელს უწყობდაო. მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი მაღალჩინოსნიდან ოპოზიციონერ პოლიტიკოსად გადაიქცა და მცირე რეფორმისტული პარტიის მეშვეობით ხელისუფლებას კვლავ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებდა. მისი ცხოვრება ახალ ამპლუაში მოულოდნელად 26 ივლისს დასრულდა – ორსახოვანი მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა ისევ ნიუ-იორკში დაბრუნებულიყო: უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის მეგობარი იყო კიევის უნივერსიტეტში სტუდენტობისას, მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. საქართველოს ექს-პრეზიდენტს თურმე თავის დროზე, როცა იგი უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად ანკეტას ავსებდა, დარღვევა ჩაუდენია – არ მიუთითებია, რომ საქართველოში მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული.

არის ერთი პრობლემა: როცა უკრაინის მოქალაქე გახდა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. გამოდის, რომ მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის არმქონე ადამიანად იქცა. სიტუაცია საკმაოდ გაურკვეველია, თუმცა გამოსავალიც შეიძლება მოიძებნოს: მისი მეუღლე ჰოლანდიის მოქალაქეა. თუმცა, როგორც უკრაინელი დეპუტატი სერგეი ლეშენკო ამბობს, მიხეილ სააკაშვილს დღესდღეობით მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს: თავშესაფარი აშშ-ს სთხოვოს, რადგან „როგორც კი იგი უკრაინაში დაბრუნებას დააპირებს, მას დააპატიმრებენ და საქართველოს გადასცემენ“.

რაც შეეხება თვით უკრაინის პრტეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, მას პირადად რაიმე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა, აშკარაა, იგი 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და თავის გარშემო ვაკუუმს ქმნის – ყველა მოწინააღმდეგეს იშორებს, რომელსაც მისი დაჩრდილვა შეუძლია. საერთოდ, ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელობა ხდება: 2015 წელს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრემიერობას უწინასწარმეტყველებდნენ, ის კი ოპოზიციონერი გახდა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილების ერთ-ერთი ახსნა ასეთია, რომელიც საქართველო-უკრაინის ურთიერთობას უკავშირდება: ორივე ქვეყანა რუსეთთან დაპირისპირებულ მდგომარეობაში იმყოფება. 18 ივლისს პეტრო პოროშენკო ვიზიტით იყო თბილისში, სადაც ნატოსთან და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები იქნა განხილული. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა ფეისბუქში, სინამდვილეში პეტრო პოროშენკოს მთავარი მიზანი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკება იყო, რომელსაც საქართველოში მართვის სადავეები უპყრია. ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს თავის მტრად მიიჩნევს.

«Financial Times» (დიდი ბრიტანეთი), 28 ივლისი, 2017 წელი

https://www.ft.com/content/86a93f8e-72ce-11e7-aca6-c6bd07df1a3c

გაქნილი მიხეილ სააკაშვილი თავისივე წამლით წააქციეს

რომან ოლერჩიკი

(შინაარსი)

მიხეილ სააკაშვილი ათ წელზე მეტ ხანს რუსეთთან დაპირისპირების ერთ-ერთ ნათელ სიმბოლად განიხილებოდა, მაგრამ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევამ შეიძლება მისი აქტიური პოლიტიკური კარიერა დაასრულოს.

შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ბედი მისმა მოსკოველმა მტრებმა კი არ გადაწყვიტეს, არამედ მისივე პროდასავლელმა მეგობარმა პეტრო პოროშენკომ. „მიხეილ სააკაშვილი ექსტრაორდინარული და ტალანტიური პოლიტიკური ცხოველია“, – ამბობს თომას ეიმონ-ლარიტა, საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიის APCO-ს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილს და სხვა რეგიონულ ლიდერებს კონსულტაციებს უწევდა. მისი თქმით, „მიშამ [დემოკრატიის შეზღუდვის] თავისი წამალი [ახლა] თვითონვე დააგემოვნა“.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, საქართველოდან მისი გაქცევის შემდეგ, სადაც იგი პრეზიდენტად თითქმის ათი წელი იყო.

„ერთი მხრივ, რაც მან გააკეთა საქართველოში რეფორმების თვალსაზრისით, საკმაოდ შესამჩნევია: გაათავისუფლა ბიზნესი, შეცვალა დამპალი ბიუროკრატიული სისტემა, რომლის მსგავსი დრეს უკრაინაში არსებობს, თუმცა მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისე მართავდა, თითქოსდა ეს ქვეყანა მისი კერძო საკუთრება იყო, მნიშვნელოვნად ზღუდავდა დემოკრატიულ პროცესს“, – ამბობს თომას ეიმონ-ლარიტა.

«The Economist» (დიდი ბრიტანეთი), 29 ივლისი, 2017 წელი

http://www.economist.com/news/europe/21725681-mikheil-saakashvili-former-georgian-president-had-become-threat-power-petro?zid=309&ah=80dcf288b8561b012f603b9fd9577f0e

უკრაინის პრეზიდენტი თავის ერთ-ერთ მოწინააღმდეგეს მოქალაქეობას ართმევს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოსათვის საფრთხედ გადაიქცა

ისინი სტუდენტები იყვნენ, როცა ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი 1980-იანი წლების დასასრულს კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბიციურ სტუდენტებს წარმოადგენდნენ. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2004 წელს აირჩიეს [ვარდების რევოლუციის შემდეგ], მან რეფორმები აგრესიული ტემპით გაატარა და ხელისუფლება 2012 წელს დაკარგა. თავის მხრივ, პეტრო პოროშენკო საკონდიტრო კომპანიის მდიდარი მფლობელი გახდა და უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებში 2014 წელს გაიმარჯვა, მაიდნის რევოლუციის შემდეგ. მშობლიური ქვეყნის გარდაქმნაში რომ დახმარება მიეღო, მან თავის ძველ მეგობარს მიხეილ სააკაშვილს მიმართა და 2015 წლის მაისში ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და თან „უკრაინის დიდ მეგობრად“ შერაცხა.

ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ძველ მეგობრებს შორის შავმა კატამ გაირბინა: ისინი ერთმანეთისათვის მტრებად იქცნენ. 2016 წელს მიხეილ სააკაშვილი გადადგა და ოპოზიციის რიგებში ჩადგა… 26 ივლისს კი უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყნის მოაქალაქეობა ჩამოერთვა. რადგან თავის დროზე, როცა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო,  მან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, ამიტომ მიხეილ სააკაშვილი დღეს მოქალაქეობის არმქონე პირად ითვლება და ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც პრეზიდენტთან დაპირისპირებისა და მის მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გაიქცა.

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ფაქტების დამალვაში დაადანაშაულა, კერძოდ იმაში, რომ მან მოქალაქეობის ანკეტის შევსების დროს არ მიუთითა მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე, თუმცა ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა. დამკვირვებლების აზრით, საქართველოს ექს-პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა მისთვის როგორც პოლიტიკური ოპონენეტის შეზღუდვის მცდელობაა და მეტი არაფერი. „ასეთი ფაქტები იმ ტრადიციის გამეორება და დროში დროში ხდებოდა ხოლმე, როცა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იყო, – აღნიშნულია „უკრაინსკაია პრავდის“ მოწინავე სტატიაში.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პერსპექტივა უკრაინაში უკვე ბუნდოვანი გახდა. მის მიერ შექმნილი პარტიის „ახალი ძალების მოძრაობის“ რეიტინგი მხოლოდ 2%-ია. ამასთან, საქართველოს ექს-პრეზიდენტისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა [და გაძევება] უკრაინისთვის ცუდი ამბების მომასწავებელია. დასავლელი პოლიტიკოსები მიხეილ სააკაშვილსა და მის თანამზრახველებში, როცა მათ უკრაინის ხელისუფლებაში მუშაობა დაიწყეს, რეფორმატორებს ხედავდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ უკრაინაში რევოლუციის შემდეგ დემოკრატიული გარდაქმნები გატარდებოდა. ამჟამად რეფორმატორების დიდი ნაწილმა უკრაინა დატოვა, რადგან ისინი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ინსაიდერების მხრიდან ზეწოლას განიცდიდნენ.

როცა მიხეილ სააკაშვილი გუნერნატორის პოსტიდან გადადგა, მან პრეზიდენტი კორუფციის წინააღმდეგ უნებისყოფობაში დაადანაშაულა: „რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელი ხალხისათვის, ვინ იქნება ხელისუფლებაში – პოროშენკო თუ იანუკოვიჩი? რა მნიშვნელობა აქვს მათთვის – ვინ მოიპარავს?“ – ამბობდა იგი იმ დროს. მიხეილ სააკაშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევით პეტრო პოროშენკომ, როგორც ჩანს, ბოლო მოუღო პოსტრევოლუციურ იმედებს. ზოგიერთები მომხდარ ამბავს იმ ფაქტს ამსგავსებენ, როცა ვიქტორ იანუკოვიჩმა 2011 წელს თავისი ოპონენტი იულია ტიმოშენკო დააპატიმრა.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება უკრაინის მომავალი საპრეზიდენტო კამპანიის დასაწყისად ჩაითვალოს. პეტრო პოროშენკოს 2019 წელსაც სურს პრეზიდენტად არჩევა და მისი ადმინისტრაცია უკვე არჩევნებზე ზრუნვითაა დაკავებული. მართალია, მან, საერთაშორისო სავალური ფონდის დახმარებით, უკრაინის ეკონომიკის გარკვეული სტაბილიზება მოახდინა, მაგრამ მოსახლეობის მხარდაჭერა დაკარგა. ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, პეტრო პოროშენკო და იულია ტიმოშენკო თითქმის თანაბარი რეიტინგით სარგებლობენ. უკრაინელთა დაახლოებით 70% თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

პეტრო პოროშენკოს ავტოკრატული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოსახლეობას პირიქით ვერ დააჯერებს. საქართველოს ექს-პრეზიდენტი აცხადებს, რომ იგი უკრაინაში დაბრუნდება და ბრძოლას გააგრზელებს, თუმცა, როგორც დეპუატატი მუსტაფა ნაიემი ამბობს, „საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ამ ორ პრეზიდენტს შორის ვიღაც გაიმარჯვებს, მაგრამ ეს არ იქნება უკრაინა“.

———–

დიდი ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვრცელი ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან სათაურით „ზურგში ჩაცემული დანა“: მიხეილ სააკაშვილი, მოსახლეობის პროტესტის ტალღაზე, უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს“.

გთავაზობთ ამონარიდებს – მიხეილ სააკაშვილის თვალსაზრისს:

„რა თქმა უნდა, [ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა] პეტრო პოროშენკოს მიერ გადადგმული მშიშრული ნაბიჯი იყო, ეს იყო ზურგში ჩაცემული დანა. ამ დროს იურიდიულ ფორმულირებებს, ჩემი აზრით, არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. რაც შეეხება კონკრეტულად იმას, რასაც ისინი აცხადებენ, თუ მათ მტკიცებაში სერიოზულად გავერკვევით, დავინახავთ, რომ მე არანაირი ციხიდან გაქცეულივით არ ვარ: დავდივარ, ვხვდები პოლიტიკოსებს, უცხოელ ლიდერებს, პრემიერ-მინისტრებს, პრეზიდენტებს, გამოვდივარ საერთაშორისო ფორუმებზე… არცერთ სახელმწიფოში არ აღიარებენ და სინამდვილედ არ მიაჩნიათ საქართველოს პროკურატურის ბრალდებები ჩემს მიმართ. ისინი თვით უკრაინასაც არ უღიარებია. რაიმე სხვა ახალი ბრალდება საქართველოში არ არის.

პეტრო პოროსენკომ მხოლოდ ახლა აღიარა. რატომ? იმიტომ, რომ იგი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ეს არის ორი ოლიგარქის ბინძური კავშირი ჩემს წინააღმდეგ. პეტრო პოროშენკო ცდილობდა, რომ ჩემი საქართველოში ექსტრადიცია მოეხდინა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ეს არ უნდა, იმიტომ, რომ შეუძლებელია ჩემი ციხეში გამოკეტვა. ეღადერთი, რაზედაც მათ ურეკის საიდუმლო შეხვედრაზე მოილაპარკეს 2 საათის განმავლობაში, ის იყო, რომ პეტრო პოროშენკო იტყვის, არაფერი ვიცოდიო, მერე კი საქართველოს პროკურატურა გაგზავნის მონაცემებს ძველისაგან ცოტა განსხვავებულს. აი, მთელი ისტორია, თეთრი ძაფით ნაკერი…

მე უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი ვარ. სიცრუეა, რომ ჩემს პარტიას „ახალი ძალების მოძრაობას“ მხოლოდ 2% უჭერს მხარს. პეტრო პოროშენკოს შეეშინდა, რომ ჩემს პარტიას მოსახლეობა დიდ მხარდაჭერა უცხადებს. პოროშენკოს პრობლემა უფრო მე ვარ, ვიდრე ჩემი პარტია, თუმცა ორივე ერთმანეთთანაა დაკავშირებული. უკრაინაში კი აუცილებლად დავბრუნდები“.

წყარო: http://www.bbc.com/russian/features-40749019

Comments are closed