globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 აგვისტო 2015 წელი

Posted by Globalresearch on Aug 29th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): ნატოში საქართველოს გაწევრიანების საპასუხოდ რუსეთი აფხაზეთში თავის სამხედრო ყოფნას გააძლიერებს

«Առաջին հայերեն» (სომხეთი): ნატომ კავკასიის საზღვარი გადალახა: სასწავლო ცენტრი თბილისში

«The National Interest» (აშშ): რით შეიძლება დაეხმაროს ამერიკა უკრაინას? იმოქმედოს ისე, როგორც საქართველოსთან: ჯორჯ ბუშის მიდგომა 2008-ში სრულიად გამოდგება ბარაკ ობამასათვის 2015-ში

«TV Fox News» (აშშ): რატომაა საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა დღეს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე წინათ?

«Die Welt» (გერმანია): კავკასია: ბრძოლა გავლენისათვის // საქართველო რუსეთს მცოცავ ანექსიაში ადანაშაულებს

—————

«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი), 29 აგვისტო, 2015 წელი

http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/europe/georgia/11831356/Russia-would-boost-military-presence-in-response-to-Georgia-Nato-membership.html

ნატოში საქართველოს გაწევრიანების საპასუხოდ რუსეთი აფხაზეთში თავის სამხედრო ყოფნას გააძლიერებს

საქართველოს ნატოში გაწევრიანება კავკასიაში დაძაბულობას გაზრდის, მოსკოვი კი იძულებული იქნება საპასუხო ქმედება განახორციელოს – საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე  ორ სეპარატისტულ რეგიონში თავისი სამხედრო ყოფნა გააძლიეროს, – ამბობს გადამდგარი რუსი გენერალი „დეილი ტელეგრაფთან“ საუბარში (ავტორი – რომან ოლიფანტი).

დოქტორი ევგენი ბუჟინსკი, რომელიც 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა და საერთაშორისო თანამშრომლობის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი იყო (ანუ ნატო-რუსეთის კავშირებს უზრუნველყოფდა) და დღეს პოლიტიკური კვლევების ცენტრის («PIR Centre») პრეზიდენტია, ამბობს, რომ რუსი სამხედრო ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდით, თუ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება, უკვე ორიოდე დღის შემდეგ ქართული არმია აფხაზეთს თავს დაესხმება. თავის მხრივ, რუსეთი იძულებული იქნება ასეთ ქმედებას პასუხი გასცეს, რადგან მოსკოვი ვალდებულია ეს გააკეთოს, აფხაზეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. ამგვარი სიტუაცია კონფლიქტის „გადატვირთვას“ გამოიწვევს, რაც  კიდევ უფრო მეტი მსხვერპლის მომტანი იქნება, ვიდრე დღემდე იყო. აი, მაშინ ნატოს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, რა გააკეთოს და როგორ მოიქცეს“.

როგორც ევგენი ბუჟინსკი ამბობს, 2008 წლის აგვისტოში საქართველომ ომი ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების იმედით დაიწყო: „ომის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, როცა ჩვენ სადაზვერვო ინფორმაცია მივიღეთ, მე დავუკავშირდი ჩემს ამერიკელ კოლეგას, რომელიც ცოტა ხნის წინათ თბილისში იმყოფებოდა. მან მითხრა, რომ მტკიცე დაპირება მიიღო ქართელებისაგან, რომ რაიმე მსგავსი გეგმები არ ჰქონდათ. და ამ დროს, უცებ – ბაახ! და ომი დაიწყო. ალაბთ, ჩემი კოლეგა ამერიკელი მართალს ამბობდა, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში  ვიღაც-ვიღაცეები ქართველებს აგულიანებდნენ“.

მართალია, ბოლო წლების მანძილზე, როცა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, ორ პოსტსაბჭოთა ქვეყანას შორის ურთიერთობა მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა, მაგრამ უთანხმოება მაინც რჩება: მიზეზს საქართველოს ნატოსაკენ სწრაფვა წარმოადგენს. ამ ცოტა ხნის წინათ თბილისმა რუსი სამხედროები ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევასა და  ტერიტორიის ანექსიაში  დაადანაშაულა (ეგრეთ წოდებულ „საზღვრის გადმოწევაში ღამ-ღამობით).

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მას ნატოში გაწევრიანება აქვს განზრახული. ამით დაცული იქნება მისი უსაფრთხოება და არ განმეორდება ყირიმის მსგავსი ანექსიის მცდელობა.

რუსეთი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას სტარტეგიულ მუქარად აღიქვამს. შესაბამისად, მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსია და დონბასელი სეპარატისტებისადმი დახმარება ნატოს მოქმედებისადმი საპასუხო რეაქციად იგულისხმება.

«Առաջին հայերեն» (სომხეთი), 28 აგვისტო, 2015 წელი

http://www.1in.am/1704775.html

http://inosmi.ru/sngbaltia/20150828/229924956.html

ნატომ კავკასიის საზღვარი გადალახა: სასწავლო ცენტრი თბილისში

ეგიზარ აინტბაცი

(შემოკლებით)

საქართველოში 27 აგვისტოს ნატოს სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.  საერთაშორისო მასმედიის ავტორიტეტულმა წარმომადგენლებმა უკვე მოასწრეს და ამ ფაქტს „უპრეცედენტო“ უწოდეს. მართლაც, ნატო უკვე სამხრეთ კავკასიაში აქტიურად შემოდის, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წლის შემდეგ.

საქმე იმაშია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისათვის სამხრეთ კავკასიის გამოყვანა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის ზონიდან ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იყო პოსტსაბჭოთა პერიოდში. თუმცა, ყველა მცდელობის მიუხედავად, ნატო მაინც კავკასიის საზღვარზე რჩებოდა, თურქეთის სახით. და აი, სამიოდე დღის წინათ ალიანსმა რეგიონის საზღვარი გადალახა და ამით სამხრეთ კავკასიის განვიტარების ისტორიაში ახალი ფურცელი გადაშალა – თავისი ინფრასტრუქტურის ობიექტი გახსნა. ეს არის საერთორეგიონული, გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ფაქტი და, უეჭველია, თავის გავლენას მოახდენს რეგიონის ყველა სახელმწიფოზე, მათ შორის, სომხეთზეც.

ბუნებრივია, ამ დროს წარმოიქმნება როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ფაქტორები და გამოწვევები. კერძოდ, ყველაზე მთავარი რუსეთის რეაქცია იქნება: როგორ რეაგირებას მოახდენს მოსკოვი ნატოს ამ ნაბიჯზე? რა თქმა უნდა, სასწავლო ცენტრი სამხედრო ბაზაში არ უნდა ავურიოთ. აქედან გამომდინარე, ფორმალურად, სასწავლო ცენტრის დაარსება ჯერ კიდევ არ ნიშნავს სამხედრო ყოფნას. თუმცაღა, ასევე აშკარაა, რომ ეს ახალი პროცესის დასაწყისია, რომელიც, საბოლოო ჯამში, სამხედრო ყოფნით დასრულდება. სასწავლო ცენტრის გახსნა პირველი ნაბიჯიამ რომელსაც მეორე მოჰყვება და მოსკოვი ამ ყველაფერს ხედავს. პრობლემა ის იქნება, რომ რუსეთმა შეიძლება ამ ნაბიჯს კონტრნაბიჯით უპასუხოს, რომლის ჩარჩოებში სომხეთს შესაძლოა რაღაც მოთხოვნა წაუყენოს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ამ მოთხოვნებმა შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს როგორც საქართველო-სომხეთის, ასევე სომხეთ-ნატოს ურთიერთობები.

ასე რომ, სომხეთისათვის რისკები იქმნება: თუ ოფიციალური ერევანი რუსეთის მოთხოვნას შეასრულებს და მოსკოვისათვის სამოქმედო ინსტრუმენტი გახდება, გამოდის, რომ სომხეთი ძალიან საშიშ რეგიონულ პროვოკაციაში იქნება ჩათრეული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველი თანამდებობის პირი, რომელიც ასეთ ნაბიჯს გადადგამს, ერთმნიშვნელოვნად იმოქმედებს სომხეთის სახელმწიფოს ინტერესებისა და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ.

თუ სომხეთი ისეთ გზას იპოვის, რომ ამგვარი რისკები თავიდან აიცილოს, მაშინ ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა მისასალმებელია. ეს არის კავკასიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთგვარი დივერსიფიცირება. მართალია, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფრაგმენტარული სახით, მაგრამ ეს მაინც უაღესად მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისათვის. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ საფრთხეებს, რაც სომხეთს ემუქრება „ისლამური სახელმწიფოს“, აზერბაიჯანისა და შესაძლოა, რუსეთის მხრიდანაც, ამ შემთხვევაში ნატო კავკასიისათვის, უბრალოდ, სანატრელი პარტნიორია.

«The National Interest» (აშშ), 29 აგვისტო, 2015 წელი

http://www.nationalinterest.org/feature/how-the-us-can-help-solve-the-ukraine-crisis-treat-ukraine-13727

რით შეიძლება დაეხმაროს აშშ უკრაინას? იმოქმედოს ისე, როგორც საქართველოსთან: ჯორჯ ბუშის მიდგომა 2008 წელს სრულიად გამოდგება ბარაკ ობამასათვის 2015-ში

პოლ სონდერსი

(თავისუფალი თარგმანი, შინაარსი)

2008 წლის აგვისტოში, როცა რუსეთის არმია საქართველოს კუთვნილ სამხრეთ ოსეთში შესასვლელად, როკის გვირაბის მარშისათვის ემზადებოდა, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უთხრეს, რომ „ხაფანგში არ მოხვედრილიყო“ და „რუს სამხედროებთან კონფრონტაცია არ დაეწყო“. ამერიკელები სრულიად დასაბუთებუკლად შიშობდნენ, რომ „აგვისტოს ქვემეხების სცენარი“, როგორც სიტუაციას ერთმა პოლიტიკოსმა უწოდა, სავსებით შესაძლებელი იყო სრულმასშტაბიან ომში გადაზრდილიყო, საქართველოს განადგურებით. თუმცა დღეს, როგორც ჩანს, ვიღაც-ვიღაცეები უკვე ფიქრობენ, რომ უკრაინის მიმართ აშშ-მა უკვე სრულიად განსსხვავებული პოზიცია უნდა დაიკავოს და უფრო მეტიც – ამბობენ, რომ ობამას ადმინისტრაციას არ უნდა ეთქვა კიევისათვის, რომ ყირიმის საკითხში რუსებს წინააღმდეგობა არ გაუწიოთო. არავინ არ ცდილობს იმის ახსნას, რომ უკრაინა ოდნავადაც რომ გაფართხალებულიყო (აშშ-ის დახმარებით ან მის გარეშე), ის იგივე ხაფანგში მოხვდებოდა, რაზეც ვაშინგტონი თბილისს აფრთხილებდა. კიდევ უფრო ცოტაა ისეთი ადამიანები, რომლებთაც შეუძლიათ და სურთ იმის თქმა, თუ რა დღეში აღმოჩნდებოდა თვითონ ვაშინგტონი და როგორი ნაბიჯების გადადგმა მოუწევდა ამერიკას, უკრაინის აშკარა დამარცხების თავიდან ასაცილებლად უფრო მსხვილმასშტაბიან ომში, ვიდრე ეს საქართველოსთან მიმართებით მოხდა. ამის განმარტება არ ხდება და ეს არც ამერიკისთვისაა კარგი და არც უკრაინისათვის.

უკრაინის კრიზისის ყველაზე გასაოცარი ნიშანი, ალბათ, დასავლელ ლიდერთა, პოლიტიკოსთან და მკვლევართა ერთსულოვნებაში გამოიხატება: ყველა აცხადებს, რომ „ვლადიმირ პუტინი უნდა შევაჩეროთო“, მაგრამ ელოდებიან, რომ ამას მათ მაგივრად სხვა ვინმე გააკეთებს. ცენტრალური ევროპის ახალ „ფრონტისპირა სახელმწიფოებს“, რომლებიც ნატოს წევრები არიან, ძალიან სურთ, რომ ვაშინგტონმა უკრაინას იარაღი მისცეს, მაგრამ თვითონ ამ პროცესში ჩართვა არ უნდათ (უარს ამბობენ გაზარდონ საკუთარი სამხედრო ბიუჯეტი იმის თავიდან ასაცილებლად, რაც, მათი განცხადებით, უკრაინას ემუქრება). დასავლეთევროპულ სახელმწიფოებს კი სურთ, რომ ვაშინგტონმა გამოიჩინოს ინიციატივა და პროცესებს უხელმძღვანელოს, თვითონ კი არ უნდათ აშშ-ს მიბაძონ და რაღაც ფასეული გააკეთონ უკრაინისათვის. აი, ნახეთ: დღეს ევროკავშირის მხრიდან უკრაინისათვის გაწეული დახმარება საბერძნეთისათვის გაწეული დახმარების მხოლოდ ერთ პროცენტს შეადგენს! აქვე, რასაკვირველია, ობიექტურნი უნდა ვიყოთ და ვთქვათ, რომ უკრაინის ეკონომიკა საბერძნეთისაზე ბევრად მეტია და უკრაინა ევროკავშირის წევრი არ გახლავთ. და მაინც, უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ უკრაინის მოსახლეობა საბერძნეთის მოსახლეობის რაოდენობას ოთხჯერ აღემატება და რომ მრავალი ევროპელი ჩინოვნიკის მტკიცებით, უკრაინის მომავალს ევროპისათვის საბედისწერო მნიშვნელობა აქვს.

ამერიკის პოლიტიკური წრეების დიდი ნაწილი, მათ შორის ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებიც, მზად არიან უკრაინას იარაღი მისცენ, მაგრამ არ სურთ იქ მიმდინარე ბრძოლებში აშშ-ის შეარაღებული ძალების გაგზავნა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამერიკელი პოლიტიკოსები მზად არიან ებრძოლონ ვლადიმირ პუტინს, მაგრამ მხოლოდ უკრაინელების ხელით, ბოლო უკრაინელამდე.

თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს რუსეთთან კონფრონტაცია თავისი საგარეო პოლიტიკის წამყვან პრინციპად გადააქციოს და თუ ამგვარი მიდგომის მომხრეები თვლიან, რომ მეზობელი ბირთვული ზესახელმწიფო, თავისი სისუსტისა და ნაკლოვანებების მიუხედავად, ადექვატურ და ანალოგიურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ისინი სცდებიან. თუ მოსკოვი მართლაც ასე გააკეთებს, მაშინ [აშშ-სათვის] ეს უფრო უარესი საფრთხე იქნება, ვიდრე, ვთქვათ, ირანი და „ისლამური სახელმწიფო“.

რუსეთთან და უკრაინასთან ჩვენი პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ზნეობრივ-მორალურ ხასიათს ატარებს: თუ აშშ მზად არ არის ვალდებულება აიღოს უკრაინის დასაცავად, უკრაინელტა წარმატების უზრუნველსაყოფად, მაშინ რატომღა ვაქეზებთ მათ ომისათვის უფრო ძლიერ მეზობელთან, რომელშიც ათასობით უკრაინელი იხოცება და რომელსაც ბოლო არ უჩანს? თუ ჩვენ ისე მოვიქცევით, რომ უკრაინელებს იმედი გაუჩნდებათ – ჩვენს ზურგს უკან აშშ დგას და ის დაგვეხმარებაო (მაგრამ ეს ასე არ არის), ანდა საკუთარ თავს მოვიტყუებთ, რომ ჩვენ ომში მათ გვერდით დავდგებით, მაშინ აშშ-ის ხელმძღვანელობა კვლავ ისეთ შეცდომას უშვებს, რომელიც ადრეც ჩაიდინა: მაგალითად, როცა 1956 წელს უნგრელებს ანტისაბჭოთა აჯაყებისაკენ აქეზებდა, ანდა 1991-92 წლებში ერაყელ შიიტებს სადამ ჰუსეინის ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლებისაკენ უბიძგებდა – [დაგეხმარებითო], რის შედეგადაც მათ დაგვიჯერეს და ერაყის დიქტატორს შეაკვდნენ.

თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მორალურ-ზნეობრივ ვალზე უკრაინის დასახმარებლად, მაგრამ იმავდროულად ვერ ვპასუხობთ ზნეობრივი-მორალური ხასიათის კითხვებს, თუ რა შედეგი ექნება ასეთ დახმარებას, ეს ნიშნავს, როგორც ჯორჯ ქენანი ამბობდა, რომ ვაწყობთ „მორალის კითხვის უშინაარსო თეატრალურ წარმოდგენას“.

ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია, რომელიც აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დასაცავად ასეთივე ზნეობრივ არგუმენტებს აყენებდა, იგივე ლოგიკის მიხედვით მოიქცა 2008 წელს საქართველოს მიმართ. მაშინ რატომ არ შეიძლება მსგავსი რამ განახორციელოს ბარაკ ობამამ უკრაინის მიმართაც?

ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგია: იყო მართალი საკუთარი თავის, ჩვენი მოკავშირეებისა და უკრაინის წინაშე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელებს მაღლა ვწევთ და რუსეთს ვნებდებით. პირიქით, ეს პირველი ნაბიჯია იმ პოლიტიკისაკენ, რომელიც უზრუნველყოფს აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვას და განამტკიცებს ევროპულ უსაფრთხოებას.

[კიევის ხელისუფლების] უაზრო რიტორიკა და რაც უფრო ცუდია – უაზრო მოქმედება არავისთვის სასარგებლო არ იქნება, გარდა კრემლის ქორებისა, რომლებიც თავიანთი პოლიტიკის გამართლების საბაბს ეძებენ. ასეთ მოქმედებას [უკრაინელი ხალხის] ყურადღება საკუთარი პრობლემებისა და დაშვებული შეცდომებისაგან სხვაგან გადააქვს. ვაშინგტონმა უნდა მოხერხოს და კიევი უნდა დაარწმუნოს უარი თქვას ამგვარ უზარო რიტორიკასა და უაზრო მოქმედებაზე.

——–

პოლ სონდერსი – ეროვნული ინტერესების კვლევის ვაშინგტონის საექსპერტო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

«TV Fox News» (აშშ), 29 აგვისტო, 2015 წელი

http://www.foxnews.com/opinion/2015/08/28/why-georgias-thirst-for-euro-atlantic-integration-matters-more-than-ever.html

რატომაა საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა დღეს უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე წინათ?

ჯეფრი ჯედმინი, ჰარი შმიტი

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

შვიდი წლის წინათ საქართველოში – ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში შეჭრის შემდეგ, ვლადიმირ პუტინი კვლავ ამ ქვეყნითაა დაკავებული – მიმდინარე წლის ზაფხულში რუსი მესაზღვრეები თანდათან საქართველოს სიღრმეში სწევდნენ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის „საზღვარს“, რომლის შედეგად ნავთობსადენის ნაწილი და ადგილობრივი მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები რუსებისა და ოსების კონტროლქვეშ აღმოჩნდა. ერთ-ერთი ქართველი გლეხის თქმით, „საქართველოში დავიძინე და სამხრეთ ოსეთში გავიღვიძეო“.

დასავლეთი საქართველოს ისე მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს, როგორც ირანს. დასავლეთისათვის უკრაინაში ქვემეხების გრუხუნს ისეთი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორც სირიას, ერაყს და „ისლამური სახელმწიფოს“. იმ დროს, როცა ვაშინგტონის ყურადღების ცენტრი სხვაგანაა, რუსეთი ევროპის უსაფრთხოებას ძირს უთხრის – ევროპას, რომლისთვისაც მეორე მსოფლიო ომში საკუთარი სიცოცხლე 180 ათასმა ამერიკელმა გაწირა, რათა ევროპელთა დღევანდელ თაობას მშვიდობიან გარემოში ეცხოვრა და ემუშავა. ამერიკელებს სჯეროდათ, რომ მსხვერპლი უნაყოფო არ იქნებოდა.

უკრაინის შემთხვევა განსაკუთრებით საგანგაშოა. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკამ 1994 წელს, ბუდაპეშტის მემორანდუმის თანახმად, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, საერთაშორისო გარანტორების თავდებობით (მათ შორის რუსეთის მხრიდანაც), საკუთარი ბირთვული პოტენციალი დათმო, მაგრამ მოგვიანებით რუსეთმა და მისმა ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა თავისი პირობა დაარღვია. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით აშშ-ის ხელმოწერაც უსარგებლო აღმოჩნდა, რამაც აღმოსავლეთ ევროპაში მღელვარება გამოიწვია.

საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატები მრავალი წლის განმავლობაში პირდებოდა ნატოს წევრად მიღებას, თუ თბილისი საშინაო დავალებას“ შეასრულებდა. მართლაც, ამ ქვეყანამ რეფორმები გაატარა და ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციებში აშში-სადმი ერთგულება გამოავლინა, მაგრამ ისევე როგორც შინაური ძაღლი გარეულ კურდღელს ვერ დაიჭერს, საქართველოსთვისაც ნატოში გაწევრიანება მიუწვდომელი აღმოჩნდა. ყველაფერი კი ნატოს ბუქარესტის სამიტით დაიწყო, როცა ალიანსმა უარი განუცხადა საქართველოსა და უკრაინას ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის „(მაპ“-ის) მიცემაზე. ამით ვაშინგტონმა და ბრიუსელმა თითქოსდა მოსკოვს მიანიშნეს, რომ საქართველო ნატოს უსაფრთხოების ზონის მიღმა დარჩა. ოთხი თვის შემდეგ კი რუსული ტანკების ძრავების ხმა თბილისიდან 25 მილის მოშორებით გაისმა.

საქართველოს დღევანდელი მთავრობა კვლავ აცხადებს თავის ერთგულებას ევროატლანტიკური კურსისადმი, მაგრამ ქართველები, რომლებმაც დაინახეს, თუ რაოდენ მცირე დაინტერესებას იჩენენ ახალგაზრდა დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების მიმართ, საგარეო პოლიტიკა ნელ-ნელა შეცვალეს. დღეს ასეთი მდგომარეობაა: ერთი მხრივ, ქართველი და რუსი დიპლომატები ერთმანეთთან მოლაპარაკებას აწარმოებენ ეკონომიკური ურთიერთობის მოსაგვარებლად, მეორე მხრივ კი, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სულ ახლახანს თბილისში ერთობლივი საწრთვნელი ცენტრი გახსნა, თუმცა იქვე ითქვა, რომ სამხედრო სწავლება ისეთი დონით განხორციელდება, რომ მოსკოვის „პროვოცირება“ არ მოხდეს.

ერთი წუთით საკუთარი თავი ამ მცირერიცხოვანი სახელმწიფოს რთულ მდგომარეობაში წარმოიდგინეთ: თუ თქვენ იმ ამერიკის ან ევროკავშირის იმედი გაქვთ, რომელთა რეაგირება რუსების მიერ საზღვრების გადმოწევაზე ასეთია – „თავი შეიკავეთ პროვოკაციული ნაბიჯებისგანო“, მაშინ თქვენ იძულებული გახდებით საკუთარი თავი დაიზღვიოთ. საქართველოს შემთხვევაში მართლაც ასე ხდება: დღეს მოსახლეობის თითქმის ერთ მესამედს (31%), შარშანდელი 16%-ის ნაცვლად, ვლადიმირ პუტინის კონტროლქვეშ არსებულ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება სურს. გარდა ამისა, დღეს ქართველთა თითქმის ნახევარი ალიანსის სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის წინააღმდეგ გამოდის.

მაგრამ ჩვენ რატომ უნდა ვიზრუნოთ საქართველოსა და უკრაინაზე?

მთავარი მიზეზები ასეთია: პირველი – ვაშინგტონმა ქართველებსა და უკრაინელებს პირობა მისცა, რომ თუ ისინი, ორივე, დასავლეთის ნაწილად გახდომას მოისურვებდნენ, თავისუფალი და დემოკრატიული ევროპა მათ ამის მიღწევაში დაეხმარებოდა, ანუ საერთაშორისო ურთიერთობაში ნდობა უზრუნველყოფილი იქნებოდა; მეორე – ვლადიმირ პუტინს მადა ჩვენი სკანდალური ქცევით გავუძლიერეთ, რადგან მის მოქმედებაზე პასუხის გაცემა არ შეგვიძლია: წაიღო ჯერ საქართველოს ტერიტორიები, შემდეგ ყირიმი და ახლა ისევ საქართველოს ნაწილი მიაქვს. ვლადიმირ პუტინი ღიად მოქმედებს, მისი ამბიციები ფართოვდება და ამით ძირს უთხრის ევროპულ უსაფრთხოებას. მოკლედ, ჩვენ ვიწვევთ იმ კრიზისს, რომელიც წესით,  ყველნაირად თავიდან უნდა ავიცილოთ.

ნატოს წევრად მიღების საკითხში საჭიროა ახალი სტრატეგიის შემუშავება. საქართველო და უკრაინა, მოლდოვამ ჩერნოგორია და მაკედონია – მათ სხვადასხვა გეოგრაფიული მდებრეობა და შიდა განსხვავებანი აქვთ, მაგრამ ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად რუსეთის ზეწოლის ქვეშაა. ყველა მათგანში არსებობს იმ მოსახლეობის სეგმენტი, რომლებსაც კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა სურს. ჩვენს ინტერესშია მათ დასავლეთთან ინტეგრირებაში დავეხმაროთ. რაც უფრო მეტად გაფართოვდება „მოსკოვური მასმედიის აქტიურობა, მით მეტად დაზარალდება აშშ-ის რეპუტაცია და მას მით უფრო ნაკლები პოტენციური მოკავშირე ეყოლება და პირიქით, უფრო მეტი იქნება იმ ქვეყანათა რაოდენობა, რომლებსაც ბედმა ზურგი აქცია და საკმარისად დაზარალდნენ.

«Die Welt» (გერმანია), 29 აგვისტო, 2015 წელი

http://www.welt.de/politik/ausland/article145751605/Georgien-wirft-Russland-schleichende-Annexion-vor.html

კავკასია: ბრძოლა გავლენისათვის

საქართველო რუსეთს მცოცავ ანექსიაში ადანაშაულებს

სტატიაში გადმოცემულია საქართველოს შიდა ქართლის მხარეში არსებული სიტუაცია: აღწერილია რუსი მესაზღვრეების მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის „საზღვრების“ დაფიქსირება, რომლის დროსაც შუაზე იყოფა სახნავ-სათესი მიწები, სოფლები და ეზოები… (ავტორი – ოლივერ ბილგერი).

„სამხრეთ ოსეთის მიმართულებით – იქ, სადაც კავკასიის ქედი იწყება, რუსეთის კუთვნილი წითელი ფერის რადიოანძები მოჩანს, რომელთა მეშვეობით უშიშროების ფედერალური სამსახური საქართველოს ტერიტორიას აკონტროლებს“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში და ამასთან დაკავშირებით საუბარია ადგილობრივი მცხოვრების – გლეხ მალხაზ ცეცხლაძის ისტორიაზე, რომლის მიწის ნაკვეთზე რუსებმა სასაზღვრო ნიშნული აღმართეს. „საქართველო რუსეთს მცოცავ ანექსიაში ადანაშაულებს“, – წერს ავტორი.

თითქმის იგივე ხდება აფხაზეთშიც – საქართველოს მეორე სეპარატისტულ რეგიონში, რომელსაც დღეს ასევე კრემლი აკონტროლებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც, ორივე მოსკოვზე არიან დამოკიდებულნი. დღეს კრემლი ამ მდგომარეობას აღრმავებს და სულ უფრო შეუქცევადს ხდის: ვალუტა ერთნაირია, ყველა მოქალაქეს რუსული პასპორტები აქვს, მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების გაერთიანება…

„რუსეთი კავკასიას თავისი ინტერესების სფეროდ მიიჩნევს და რეგიონში საკუთარი გავლენის გაფართოებას ცდილობს, – ამბობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, – სიტუაცია განსაკუთრებით მიმდინარე ზაფხულში გართულდა, მაისის ბოლოდან, როცა რიგაში „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტი გაიმართა. საქართველოს მკაფიოდ გამოკვეთილი დასავლური კურსი აქვს და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნების ერთადერთ გარანტად აღიქმება. რუსეთი კი ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს ინტეგრირებას დასავლეთთან“.

„ძლიერი ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ პატარა სამხრეთკავკასიურ რესპუბლიკას არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რუსეთი საერთოდ არ ითვალისწინებს საქართველოს საგარეოპოლიტიკურ ინტერესებს, – განმარტავს სამხედრო ექსპერტი გიორგი გობრონიძე, – გასულ წლებში მოსკოვმა გააძლიერა თავისი სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხედრო ოსეთში. დადგება დრო და, ალბათ, მოსკოვი თავის ძალებს გამოიყენებს. რუსეთისაგან სამხედრო საფრთხე სულ უფრო მატულობს“.

თავდაცვის მინისტრის ასე ფიქრობს: მისი ქვეყანა „მშვიდობიანი დერეფანია“, მაგრამ რადგანაც რუსეთს სომხეთზე დიდი გავლენა აქვს, მოსკოვს სურს სომხეთსა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის მდებარე 200 კმ-იანი „დერეფანიც“ გააკონტროლოს. საქართველოსთვის მშვიდობის დაცვის გარანტი მხოლოდ ნატოში გაწევრიანება იქნება, მაგრამ განა ალიანსი თავის რიგებში მიიღებს ისეთ ქვეყანას, რომლის ნაწილი რუს ჯარისკაცებს აქვთ ოკუპირებული?

ნატოში გაწევრიანების გზა ხანგრძლივია. ნატო ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს გასულ ხუთშაბათს მიუახლოვდა, როცა თბილისში ამ სამხედრო ორგანიზაციის საწრთვნელი ცენტრი გაიხსნა, რომელიც თბილისიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს. რამდენიმე დაბალი და გრძელი შენობის წინ არსებულ მოედანზე ნატოს წევრი სახელმწიფოების დროშები ფრიალებს. ჯარისკაცებს საპარადო ფორმა აცვიათ, სამხედრო ორკესტრი საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ასრულებს, სიტყვით გამოდის ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და იგი ცენტრს საზეიმოდ ხსნის… ცენტრის გახსნას ესალმებიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და, ბუნებრივია, თავდაცვის მინისტრი. ეს დღე ყველასათვის საამაყოა: „ჩვენი ინტეგრირება სულ უფრო ღრმავდება“, – აცხადებს ნატოელი ლიდერი იენს სტოლტენბერგი, – ნატო საქართველოში ყოფნას აფართოებს“.

სასწავლო ცენტრის გახსნა ნატოს გზავნილია საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის, მაგრამ ის გზავნილია რუსეთისთვისაც. ამიტომაც საზეიმო გახსნის დროს ითქვა, რომ საქართველომ თავისი მოქმედებით სიტუაცია არ უნდა დაძაბოს. „ცენტრი მიმართული არ იქნება რომელიმე მეზობლის წინააღმდეგ“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ეს გასაგებიცაა, რადგან ამ რეგიონში ნატოს ყოველი ნაბიჯი რუსეთის ინტერესებს უპირისპირდება.

საქართველოს იმედი აქვს, რომ ნატოსთან ინტეგრირების პროცესი ცენტრის გახსნით არ იქნება შემოფარგლული და ალიანსის მომავალ სამიტზე თბილისი „მაპ“-ს მიიღებს. „წინააღმდეგ შემთხვევაში კავკასიაში უსაფრთოხოების უზრუნველყოფის ხარისხი დაიკლებს, გაუარესდება, რუსეთი კი იფიქრებს, რომ მოსკოვის ზეწოლის გამო ნატომ უკან დაიხია“, – ამბობს თინა ხიდაშელი.

დამკვირვებლების აზრით, საეჭვოა, რომ რუსეთმა კავკასიაში ახალი ომი წამოიწყოს, რადგან ამჟამად მოსკოვი უკრაინით არის დაკავებული. ამავე დროს, როგორც დასავლელი ექსპერტები ამბობენ, საქართველომ თავისი დასავლური კურსი უ

Comments are closed