globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 29th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): თბილისმა „ვენეციელების“ რეკომენდაციები არ შეასრულა // საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი ბრმისა და ყრუს საუბარს ჰგავს

«El Pais» (ესპანეთი): აკარმარა: იმპერიის ნანგრევები // აფხაზეთში მდებარე მაღაროელთა დასახლების მცხოვრებლებს „მოჩვენებად“ ყოფნა არ სურთ

—————-

«Независимая газета» (რუსეთი), 29 აგვისტო, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-08-29/5_7061_georgia.html

თბილისმა „ვენეციელების“ რეკომენდაციები არ შეასრულა

საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგი ბრმისა და ყრუს საუბარს ჰგავს

„საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ვერ მოახერხეს იმ დაპირისპირების მოგვარება, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მათ შორის წარმოიქმნა. ორივე მხარემ ერთმანეთს არაკონსტრუქციულობა დააბრალა და მოლაპარაკება შეწყდა. როგორც ჩანს, სტრასბურგში, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შესახვედრად, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დელეგაცია ისე გაემგზავრება, რომ კომისიის რეკომენდაციას („ოპოზიციასთან საერთო ენა გამონახეთო“)  ვერ შესრულებს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

სტრასბურგში მოლაპარაკება სექტემბრის შუახანებში უნდა გაიმართოს. აშკარაა, რომ დარჩენილი ორი კვირა „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ოპონენტებთან კონსენსუსის მისაღწევად არ ეყოფა, იმდენად ღრმაა მათ შორის არსებული უთანხმოება. ოპოზიცია კატეგორიულად ითხოვს მაჟორიტარული სისტემის ლიკვიდირებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნებას. ხელისუფლების ოპონენტებს არანაირი სხვა ვარიანტი არ აწყობთ. მათი აზრით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლების „უზურპირებას“ ცდილობს. თავის მხრივ, მმართველი პარტია ოპოზიციას სხვადასხვა საცდუნებელ წინადადებებს სთავაზობს, მაგალითად, საარჩევნო ბარიერის გაუქმებას, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში მოხვედრის შანსი ყველაზე დაბალრეიტინგიან პარტიებსაც გაუჩნდებათ. ამბობენ, რომ ხელისუფლება მზადაა განიხილოს პრეზიდენტის არჩევნების ამჟამინდელი წესის დროებითი შენარჩუნებაც, თუ ოპოზიცია მაჟორიტარების საკითხში უკან დაიხევს.

ასეა თუ ისე, საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და შესაძლოა კიდეც გამწვავდეს – 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები უნდა გაიმართოს. მასში მონაწილეობის სურვილი იმდენმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოხატა, რომ ხელისუფლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, მოახლოებული არჩევნები, საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთდამოკიდებულებას გაამკაცრებს.

აქედანვე ჩანს, რომ 21 ოქტომბრამდე ხელისუფლება ნამდვილად არ იტყვის უარს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის 2024 წლამდე გაუქმებაზე და პრეზიდენტის არჩევაზე ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ. თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას რაიმეს დაუთმობს, თანაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წინ, მაშინ ასეთ „უკანდახევას“ ამომრჩეველი ხელისუფლების სისუსტედ შეაფასებს. ასევე არ დათმობს არაფერს არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და არც მისი ანასხლეტი „ევროპული საქართველო“ – ვაითუ ჩვენმა ელექტორატმა ხელისუფლებასთან გარიგებაში დაგვდოს ბრალიო. აი, ასეთი საკმაოდ ხისტი დაპირისპირებაა წარმოქმნილი ქართულ პოლიტიკურ ელიტაში მოახლოებული არჩევნების წინ.

დამკვირვებლების აზრით და ზოგიერთი გამოკითხვის მიხედვით, ხელისუფლებას ამ არცევნებში სოლიდური უპირატესობა აქვს: მაგალითად, თბილისის მერის არჩევნების შედეგები ბევრს უკვე გადაწყვეტილად მიაჩნია – „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და ენერგეტიკის ექს-მინისტრი კახა კალაძე თავის ოპონენტებს ორმაგი გადაჭარბებით უსწრებს. თუმცა, უეჭველია, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიცია მაინც არჩევნების გაყალბებას დააბრალებს, ანუ დაპირისპირება გაგრძელდება. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელება ოპოზიციის მხრიდან ხისტი პრესინგის პირობებში მოუწევს.

«El Pais» (ესპანეთი), 25 აგვისტო, 2017 წელი

https://elpais.com/internacional/2017/08/15/las_atalayas/1502816457_963110.html

აკარმარა: იმპერიის ნანგრევები

აფხაზეთში მდებარე მაღაროელთა დასახლების მცხოვრებლებს „მოჩვენებად“ ყოფნა არ სურთ

„თუ ეს ქალაქი-მოჩვენებაა, მაშინ ჩვენ ზომბები ვართ“, – ამბობს იგორ ქიშმარია, რომელიც მეშახტეთა დასახლებაში – აკარმარაში ცხოვრობს. ადრე, საბჭოთა პერიოდში, აკარმარა დაბა იყო, ახლა კი ნანგრევებადაა ქცეული. შენობები ძლივსღა მოჩანს, ისეა დაბურულ-შემოსილი აფხაზეთის მთების უხვი მცენარეულობით. დღეს სულ 50-მდე ადამიანი თუ ცხოვრობს ქალაქ ტყვარჩელის ახლოს მდებარე სამრეწველო დასახლებაში. თვით ტყვარჩელი კი გასული საუკუნის 30-იან წლების შუახანებიდან კავკასიაში ქვანახშირის მოპოვების ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა.

მოხუცი მიტოვებული რკინიგზის გასწვრივ მაყვალს კრეფს, ტურისტები კი რკინიგზის სადგურის ნარჩენების ფოტოებს იღებენ, ქვანახშირისმომპოვებელი ყოფილი ფაბრიკის შენობის წინ ძროხები მშვიდად ბალახობენ. გზაზე, რომელიც აკარმარას ტყვარჩელთან აკავშირებს გაველურებული ორტენზიები ჰყვავიან. ყოფილი საცხოვრებელი კორპუსების კიბეების საფეხურებს ხავსი აქვთ მოდებული, ხოლო ფანჯრებიდან ხის ტოტებია გამოშვერილი – ასეთია „ქალაქ-მოჩვენების“ ყოველდღიური პეიზაჟი.

ბოლო წლებში აფხაზეთი უცხოელი ფოტოგრაფებისა და მხატვრების საყვარელი ადგილი გახდა – აქ ბლომადაა შემორჩენილი „დაღუპული ცივილიზაციის“ ნარჩენები. ჰოდა, ტყვარჩელიც და მის ახლოს მდებარე დაბა აკარმარაც ნამდვილად მნიშვნელოვანი აღმოჩენაა გამქრალ ცივილიზაციათა მაძიებლებისათვის.

1942 წელს, როცა დონბასის ქვანახშირის აუზი გერმანელი ფაშისტების ხელში მოხვდა, საბჭოთა კავშირმა ტყვარჩელში კოქსური ქვანახშირის მოპოვება მნიშვნელოვნად გააფართოვა და შესაბამისად, ტყვარჩელიც ქალაქად გამოცხადდა. აფხაზეთი იმ დროს საბჭოთა საქართველოს ავტონომიური ნაწილი იყო, დღეს კი რუსეთის ფედერაციისა და კიდევ ორიოდე ქვეყნის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდაა აღიარებული, თუმცა საქართველო აფხაზეთის აღიარების კატეგორიული წინააღმდეგია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თბილისს ავტონომიური რესპუბლიკის ძალით შენარჩუნება სურდა, რამაც 1992 წლის აგვისტოში მათ შორის ომი გამოიწვია. იმ ომიდან უკვე 25 წელი გავიდა.

ტყვარჩელის ქვანახშირისმომპოვებელ საწარმოებში სამუშაოდ ინჟინრები და სხვა სპეციალისტები საბჭოთა კავშირის ყველა კუთხიდან ჩადიოდნენ, მათ შორის ბევრი რუსი და უკრაინელი იყო. ქვანახშირს ღია კარიერებზე იღებდნენ და საქართველოს მეტალურგიულ ქარხნის ბრძმედებში აგზავნიდნენ ფოლადის გამოსადნობად. ტყვარჩელში გერმანელი ტყვეებიც მუშაობდნენ, რომლებმაც ქალაქი, შეიძლება ითქვას, მეორეს ააშენეს. 1970-იან წლებში აქ უკვე 25 ათასი ადამიანი ცხოვრობდა: „ეს ინტერნაციონალური ქალაქი იყო და ის აფხაზეთის ყველაზე მსხვილი სამრეწველო ცენტრს წარმოადგენდა“, – ამბობს იგორ ქიშმარია. 1980-იანი წლების ბოლოს, როცა საბჭოთა მოკავშირე რესპუბლიკებს შორის კავშირები შესუსტდა და ბოლოს საბჭოთა კავშირიც დაიშალა, ტყვარჩელი მოსახლეობისაგან დაიცალა.

1992 წელს, როცა დამოუკიდებელი საქართველოს მოლაშქრეები და სხვადასხვა ჟურის ბოევიკები აფხაზეთში შეიჭრნენ, ტყვარჩელის რაიონი აფხაზეთიდან მოწყვეტილი აღმოჩნდა. ბლოკადა ომის დასასრულამდე, 1993 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა. ბლოკადის დროს მეშახტეთა ქალაქთან კავშირი მხოლოდ ვერტმფრენების მეშვეობით ხერხდებოდა, რომლებსაც მოსახლეობისთვის საკვები მოჰქონდათ, იარაღით ამარაგებდნენ და დაჭრილების ევაკუაციას ახდენდნენ. როგორც ფოტოგრაფი იბრაჰიმ ჭკადუა იხსენებს (იგი ტყვარჩელშია დაბადებულ-გაზრდილი და ახლა სოხუმში ცხოვრობს) იმდროინდელი მოგონებები მხოლოდ უდენობას, შიმშილს და სიცივეს უკავშირდება. მართალია, ტყვარჩელი წინააღმდეგობას უწევდა და არ დანებდა თბილისელ მოლაშქრეებს, მაგრამ ომმა ქალაქს დიდი ზიანი მიაყენადა.

დღეს ტყვარჩელის ქვანახშირის მაღაროები გაზით და წყლითაა სავსე’, – ამბობს იგორ ქიშმარია. იგი პროფესიით ელექტრიკოსია, მაგრამ უმუშევარი – ისევე როგორც აკარმარის მცირერიცხოვანი მოსახლეობა. ბოლო ხანებამდე აქ თურქულ-აფხაზური საწარმო მუშაობდა, რომელმაც ქვანახშირის ამოღება დაიწყო. მოპოვებული ქვანახშირი თურქეთში გაჰქონდათ, შავი ზღვით, საქართველოს სასაზღვრო პუნქტების გვერდის ავლით. დღეს მომავალი ბუნდოვანია. იგორი ოცნებობს, რომ აქ ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს, რომ აკარმარელმა ბავშვებმა ყვითელი  ავტობუსებით ტყვარჩელის სკოლაში იარონ… „ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ! უფრო უკეთესი იქნება, რომ უცხოელებმა აპოკალიფსის სურათები კი არა, სიცოცხლის ამსახველი ფოტოები გადაიღონ. თქვენ, უცხოელები, აქ მხოლოდ ნანგრევებს ხედავთ, ჩვენთვის კი ეს ნანგრევები მშობლიური ქალაქის ნარჩენებია – ის, რაც ადრე კლუბები და კინოთეატრები იყო“, მეუბნება იგორი და იქვე ამატებს: „ეჰ, კარგად ვიცით, რომ საბჭოთა დრო აღარ დაბრუნდება“.

ახლახანს აკარმარის ახლოს კვლავ ამოქმედდა სდანატორიუმი, რომელშიც მკურნალობა რადონის წყლებით ხორციელდება. იბრაჰიმ ჭკადუა ამბობს, რომ მისთვის ძნელია მშობლიურ ადგილებში ჩასვლა, მაგრამ მაინც გადაწყვეტილი აქვს 11 წლის ვაჟი აკარმარაში პირველად ჩაიყვანოს. „ეს ნამდვილად ჩიხია, პირდაპირი და ირიბი გაგებით. აკარმარის უკან მხოლოდ მთებია. საბჭოთა პერიოდშიც, ფაქტიურად, ასე იყო – ლამაზი ჩიხი იმპერიის წინა ხაზზე“, – ოხრავს ფოტოგრაფი. რაც იყო, იყო – დღეს აკრამარა საბჭოთა კავშირის დასასრულის მეტაფორას და ადამიანების ნახელავზე ველური ბუნების გამარჯვებას წარმოადგენს.

Comments are closed