globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 სექტემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Sep 29th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველო შენგენის ზონის ზღურბლზე: შემფასებელი კომისიის დადებითი რეკომენდაციის მიუხედავად, თბილისმა უვიზო რეჟიმზე შეიძლება კვლავ უარი მიიღოს

«Roads&Kingdoms» (აშშ): ბათუმი - „ლას-ვეგასი“ შავი ზღვის ნაპირზე

«Iran Russian Radio – Радио Голос Ирана» (ირანი): ქართველ მუსულმანთა რეაქცია მექასთან ახლოს, მინას ხეობაში მომხდარ მოვლენებზე

————–

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 29 სექტემბერი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2820362

საქართველო შენგენის ზონის ზღურბლზე: შემფასებელი კომისიის დადებითი რეკომენდაციის მიუხედავად, თბილისმა უვიზო რეჟიმზე შეიძლება კვლავ უარი მიიღოს

საქართველოში ევროკავშირის ექსპერტები ჩამოვიდნენ, რომლებმაც ერთი კცირის განმავლობაში უნდა შეამოწმონ, თუ რამდენად სრულდება ქვეყნის ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულება „ვიზა – ლიბერალიზაციის“ პროექტის საფუძველზე. საქართველოს მთავრობის მტკიცებით, უვიზო რეჟიმისათვის უკვე ყველა ვალდებულება შესრულებულია, მაგრამ ევროპაში ჩრდ.აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილთა ნაკადის გაზრდის გამო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება შეიძლება გაურკვეველი ვადით გადაიდოს, – აღნიშნულია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).

ექსპერტები თბილისში 28 სექტემბერს ჩამოვიდნენ და აქ ერთ კვირას დაჰყოფენ, ისინი დეტალურად შეამოწმებენ, თუ რამდენად წარმატებით ასრულებს საქართველოს ხელისუფლება იმ მოთხოვნებს, რომელიც მისი მოქალაქეებისათვის შენგენის ზონის ქვეყნების ტერიტორიაზე თავისუფლად შესვლას უზრუნველყოფს.

ევროკომისიის წინა მოხსენების მიხედვით, 2015 წლის 8 მაისის მდგომარეობით, საქართველოს 15 ძირითადი მოთხოვნიდან მხოლოდ 7 არ ჰქონდა შესრულებული. ოფიციალური თბილისი აცხადებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და უვიზო რეჟიმი შეიძლება უკვე 2016 წლიდან დაწესებულიყო.

ევროექსპერტებს უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, რომლის განცხადებით, „საქართველომ უკვე ყველა პირობა შეასრულა“. მან იმედი გამოხატა, რომ ევროკომისიის მოხსენებაში ეს წარმატება რეალურად აისახება და თუ რაიმე საკითხი წარმოიქმნება, „ჩვენ დაუყონებლივ პასუხს გავცემთ“. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროკომისია თავის მოხსენებას 15 დეკემბრისათვის გამოაქვეყნებს, რომლის საფუძველზე ევროსაბჭო უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს – დააწესოს თუ არა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის.

ამასთან, მიუხედავად იმისა, თუ როგორი რეკომენდაციები იქნება მოხსენებაში, თბილისი არ გამორიცხავს იმას, რომ ევროკავშირმა შეიძლება თავი შეიკავოს საქართველოსთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებისაგან: „ლტოლვილთა ნაკადის მოზღვავება ევროპისათვის [და ჩვენთვისაც] ნამდვილ კატასტროფად იქცა. აქედან გამომდინარე, ამ ფაქტს შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილებაზე“, – განუცხადა „კომერსანტის“ კორესპონდენტს საგარეო საქმეთა სამინისტროს  ინკოგნიტო წარმომადგენელმა, რომლის აზრით, ამ პრობლემის გამო საქართველოს საკითხის დადებითად გადაჭრა შეიძლება გართულდეს.

„კომერსანტის“ ხელთ არსებული მონაცემებით, ვეროკავშირის მოთხოვნები „ვიზა-ლიბერალიზების“ თაობაზე საკმაოდ ბუნდოვან პირობებს შეიცავენ, რომელთა გაგება თუ განმარტება, ან ინტერპრეტირება სხვადასხვანაირად შეიძლება. მაგალითად, ევროპელი ჩინოვნიკები თბილისისგან ითხოვენ კორუფციისა და ორგანიზებული დამნაშავეობის დონის შემცირებას, ტრეფიკინგთან ბრძოლის გაძლიერებას, სექსუალური უმცირესობის უფლებათა პატივისცემას, პერსონალური მონაცემების დაცვას, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. გარდა ამისა, თბილისს სასურველი მიზნის მიღწევაში ხელს უშლის აგრეთვე ევროპაში წამსვლელ საქართველოს მოქალაქეებისათვის საელჩოების უარის დიდი რაოდენობა და ევროპის ქვეყნებში უკვე წასული ქართველების დანაშაულებრივი მოქმედება – იმ ბანდებში მონაწილეობა, რომლებიც ქურდობითა და ძარცვითაა დაკავებული“.

«Roads&Kingdoms» (აშშ), 29 სექტემბერი, 2015 წელი

http://roadsandkingdoms.com/2015/vegas-on-the-black-sea/

ბათუმი – ლას-ვეგასი შავი ზღვის ნაპირზე

„ბათუმში, ჭაჭის შადრევნიდან არავითარი ჭაჭა არ გადმოსჩქეფს. ალბათ, უნდა ყოფილიყო. ქართული ბრენდი შადრევნიდან კვირაში ერთხელ უნდა გადმოდინებულიყო“, – ასე იწყება ვრცელი სტატია, რომლის ავტორია ტარა იზაბელ ბერტონი და რომელშიც ვრცლადაა გადმოცემული „შავი ზღვის ლას ვეგასის“ – ქალაქ ბათუმის ცხოვრების შუქ-ჩრდილები. პუბლიკაციაში ასახულია და გარკვეულწილად შეფასებულია აგრეთვე საქართველოს საშინაოპოლიტიკური მოვლენებიც.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ამბიციური პრეზიდენტი იყო, მას იდეალისტური კონცეფციები ჰქონდა. მან ბევრი რამ შეცვალა ქვეყნის ცხოვრებაში, დაიწყო ახალი მშენებლობები თბილისში და სხვა ქალაქებში და, რა თქმა უნდა, ბათუმშიც, რომელიც 2004 წლამდე ადგილობრივი მმართველის – ასლან აბაშიძის სამფლობელოს წარმოადგენდა. მიშას სურვილი იყო ბათუმი „შავი ზღვის ლას-ვეგასად“ გადაექცია. შესაბამისად, ქალაქში აშენდა ექსტრავაგანტური შენობები – რაკეტის ტიპის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ეიფელის მსგავსი სპირალური კოშკი… ჭაჭის შადრევანიც სწორედ ისეთ სქემაში შედიოდა, როგორც მიშას ჰქონდა წარმოდგენილი: ასობით ლიტრი არაყი გადმოღვრებოდა ევროპელი ტურისტების წინაშე“. ავტორი ესაუბრება შადრევნის ქართველი არქტიტექტორის ალეკო კიკილაშვილის მეუღლეს ქორი ნოს, რომელიც დადებითად აფასებს მიხეილ სააკაშვილის ღვაწლს ბათუმის აღმშენებლობის საკითხში.

„ყველაფერი შეიცვალა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პროდასავლური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა და მისი ადგილი „ქართულმა ოცნებამ“ დაიკავა“, – აღნიშნულია სტატიაში და იქვე მოხსენიებულია ბიძინა ივანიშვილიც, რომელიც პოპულარული გახდა თავისი მონაწილეობით მსხვილ სამშენებლო პროექტებში (ტაძარი, საბაგირო გზა და ა.შ.). ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლით მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა შეიზღუდა. მოგვიანებით ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, მაგრამ მან თავისი პოლიტიკური მემკვიდრეები დატოვა როგორც პრემიერად, ასევე პრეზიდენტად.

ავტორი აღწერს ბათუმის ღირსშესანიშნაობებს, მათ შორის ზღვისპირა ბულვარს, ცნობილ ძეგლს „ალი და ნინო“, სასტუმროებს, რესტორნებს… ესაუბრება უცხოელ ინვესტორებს, მათ შორის უოლკერ რიდლს, წარმოშობით გერმანელ ბიზნესმენს, რომელსაც ბათუმში უძრავი ქონებით მოვაჭრე კომპანიის შექმნა აქვს განზრახული: „რა თქმა უნდა, უოლკერ რიდლი აცნობიერებს, რომ ბათუმში ბიზნესისთვის გარკვეული რისკებიც არსებობს, მას გაუგონია ამბები იმ ინვესტორებზე, რომლებმაც ფული ჩადეს და შემდეგ ყველაფერი დაკარგეს, მაგრამ ცდილობს თავისი მიზანი შეისრულოს… მან კარგად იცის, რომ ბათუმში ჩრდილოვანი ეკონომიკა არსებობს, ქალაქის ხელისუფლება კი ამ საკითხზე დუმილს ამჯობინებს“.

თურქებისთვის კარგი პირობებია შექმნილი: ათასობით თურქი საზღვრისპირა სარფის გავლით, ბათუმში მოდიან, სადაც მათ უამრავი კაზინო და აზარტული თამაშები ელოდებათ (აღწერილია კაზინოები „ატლანტიკ-სიტი“, „ივერია“…). მიხეილ სააკაშვილმა მათთვის საგადასახადო შეღავათები დააწესა. იქვე აღნიშნულია, რომ ბათუმში ფართოდაა გავრცელებული პროსტიტუცია. სხვათა შორის, ამ სამარცხვინო მოვლენის წინააღმდეგ ქალაქის მოსახლეობამ საპროტესტო აქციაც კი მოაწყო. პროსტიტუციაში და აზარტული თამაშების ბიზნესში თურქები აქტიურად არიან ჩართულნი.

სტატიის დასასრულს ავტორი ეხება ბათუმში, ქუთაისის ქუჩაზე მდებარე ღამის ბარის „ნატალის“ საქმიანობას, რომელიც თურქების საყვარელი ადგილია. იგი მეგობართან ერთად ბარში სპეციალურად შევიდა, სიტუაცია რომ საკუთარი თვალით ენახა. აღწერილია საკმაოდ პიკანტური ფაქტი…

სტატიას თან ახლავს ბათუმის ფოტოსურათები, რომელბიც ასახავენ როგორც ქალაქის ფასადს, ისე ფასადის მიღმა მდგომარეობას – ძველი და მოუვლელი შენობებით, ორმოებით სავსე ქუჩებს და ა.შ.

«Iran Russian Radio – Радио Голос Ирана» (ირანი), 29 სექტემბერი, 2015 წელი

http://russian.irib.ir/news/ислам/item/261049-реакция-мусульман-грузии-на-события-в-долине-мина

ქართველ მუსულმანთა რეაქცია მექასთან ახლოს, მინას ხეობაში მომხდარ მოვლენებზე

ირანის ისლამური რესპუბლიკის რადიოსადგურ „ირანის ხმის“ რუსული სამსახურის მიერ ეთერში გადაცემული ინფორმაციის თანახმად, „საქართველოს მუსულმანთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო გმობს მექაში (საუდის არაბეთი, მინას ხეობა) ამ დღეებში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს და ამ ქვეყნის ხელისუფლებისაგან მის გამოძიებას ითხოვს“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მექასთან ახლოს მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენამ ქართველი მუსულმანები ღრმად დაამწუხრა. ეს ფაქტი პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს: მსოფლიოს მუსულმანებმა დუმილი უნდა დაარღვიონ და ამხილონ საუდის არაბეთის ხელისუფლება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გულგრილ, არაკომპეტენტურ და „მოღალატეობრივ“ მოქმედებას ეწეოდა, რაც, თავის მხრივ, ათასობით მუსულმანის დაღუპვას იწვევდა. ამიტომ მექასა და მედინაში მდებარე წმინდა სალოცავები საუდიდთა ოჯახის მმართველობის პასუხისმგებლობიდან რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეს“.

როგორც ცნობილია, საუდის არაბეთის ხელისუფალთა გულგრილი და არაკომპეტენტური მოქმედების შედეგად, ბოლო დღეებში მინას ხეობაში დაახლოებით ორი ათასამდე მლოცველი დაიღუპა და ამდენივე დაშავდა.

———-

ცნობისათვის: მინას ხეობა მდებარეობს ქალაქ მექასთან ახლოს, სადაც ჰაჯის (წმინდა ადგილის მონახულების) რიტუალის შემსრულებებელთა კარვების ქალაქია გაშლილი.

Comments are closed