globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 29th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ნეონაცისტების მარში თბილისში – „თეთრი ნაციონალიზმის“ სიმბოლიკით

«Независимая газета» (რუსეთი): თბილისი ანკარისაგან, ალბათ, საყვედურს მიიღებს // ნაციონალისტთა მარშმა შეიძლება საქართველო-თურქეთის ურთიერთობები გაართულოს

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 29 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-neo-nazis-marched-in-tbilisi-center/3528473.html

ნეონაცისტების მარში თბილისშითეთრი ნაციონალიზმის სიმბოლიკით

ზაზა წულაძე

თერთმეტი საქართველოს მოქალაქე, ძირითადად ახალგაზრდები, დააკავა პოლიციამ, ე.წ „ნაციონალისტური მარშის“ დროს, რომელიც თბილისის ცენტრში გაიმართა და აღმაშენებლის გამზირზე, კაფე-ბარების დარბევაში გადაიზარდა. მსვლელობაში, რომელიც მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ დაიწყო, სხვადასხვა ნაციონალისტური (ნეონაცისტური) ორგანიზაციები და რასისტული ფან-დაჯგუფებები მონაწილეობდნენ. მათ შორის: „ქართული ძალა“, „ედელვაიასი“ და „ბერგმანი“. დაახლოებით 150 ახალგაზრდიდან ნაწილი ნიღბებით იყო, შავ მაისურებში გამოწყობილთა ნაწილს კი ეწერათ ციფრები 14/88, რაც „თეთრი ნაციონალიზმის“ მამამთავრის, ამერიკელი ნეონაცისტის დევიდ ლეინის ცნობილი კოდური ლოზუნგია – „ჩვენ უნდა დავიცვათ თავად ჩვენი ხალხის არსებობა და ჩვენი თეთრი შვილების მომავალი“.

ცნობისათვის: ამერიკული ნეონაცისტური დაჯგუფება The Order-ის ლიდერი დევიდ ლეინი, რომელსაც 1985-87 წლებში, სიეტლისა და დენვერის სასამართლოებმა ჯამში – 190 წელი მიუსაჯეს, 2007 წელს, 68 წლის ასაკში, ინდიანას შტატის ციხეში გარდაიცვალა.

თავდაპირველად ქართველი ნაციონალისტები რუსთაველის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისკენ აპირებდნენ დაძვრას, თუმცა პოლიციამ ამის უფლება არ მისცა და მათ ჯერ გმირთა მოედანზე, შემდეგ კი აღმაშენებლის გამზირისკენ გადაინაცვლეს.

„ნაციონალისტების მარშის“ ერთ-ერთმა ნიღბიანმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ისინი სოხუმის დაცემის დღისთვის გაერთიანდნენ: „პრორუსული და ლიბერალური იდეოლოგია არის ჩვენთვის მიუღებელი! ჩვენ გვაქვს ეროვნულ-ნაციონალისტური იდეოლოგია. დღეს, სხვადასხვა ნაციონალისტურმა ორგანიზაციებმა და საფეხბურთო კლუბების ფან-კლუბებმა სოხუმის დაცემის დღისთვის გადავწყვიტეთ გაერთიანება და მარშის მოწყობა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ მას შემდეგ გამოიყენა ძალა, რაც ნაციონალისტური მარშის მონაწილეებმა აღმაშენებლის გამზირზე იმ კაფე-ბარებისა და მაღაზიების დარბევა დაიწყეს, რომლებიც ძირითადად უცხოეთის მოქალაქეებს ეკუთვნით.

თვითმხილველთა თქმით, ნეონაცისტები აგრესიით გამოირჩეოდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც უცხოელ ტურისტებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს. სავაჭრო ობიექტებში, სასტუმროებში, ბარებსა და კაფეებში ისროდნენ მაშხალებს, დააზიანეს სარეკლამო ბანერები და ინვენტარი. ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს: „სადაც კი ეთნიკური თურქების ობიექტები იყო, ყველგან შემოაგდეს მაშხალები, წარმოქმნილი კვამლის გამო შეშინებული ადამიანები გარეთ გამოცვივდნენ“.

დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე თურქული რესტორნის „ნასიმის“ მეპატრონემ, პანკისის ხეობის მკვიდრმა ვახტანგ ფარეულიძემ აღნიშნა, რომ მის რესტორანში მუსლიმ ქალბატონს მარშის მონაწილეებმა თავშალიც მოხადეს: „რესტორნებში, რასაც კი თურქულად ეწერა, ყველა ბანერი დალეწეს, სასტუმროებსა და ბარებში მაშხალები შემოყარეს, ადამიანები შეაშინეს… ეს არის მშვიდობიანი აქცია? ჩემს რესტორანში ქალბატონს თავშალი მოხადეს“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს, “ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით ხულიგნობას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას”. ეს დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ხოლო ხულიგნობა პოლიციის თანამშრომლის წინააღმდეგ – ორიდან ხუთ წლამდე ციხით.

თავად მარშის მონაწილენი ხულიგნობისა და დარბევის ფაქტებს კატეგორიულად უარყოფენ. „ედელვაისის“ ფეისბუქ გვერდზე კერძოდ ნათქვამია” „გავაპროსტესტეთ თურქული და არაბული ბარ-ბორდელების არსებობა, სადაც ქართველ გოგოებს ამუშავებენ და სადაც ყველა შედის, ქართველის გარდა! რეალურად, ამ საროსკიპოების შესახებ მთავრობას დეტალური ინფორმაცია აქვს, მაგრამ მათი დუმილი ჩვენ დავარღვიეთ… არცერთი რესტორანი არ დაზარალებულა, არ ჩაგვილეწია შუშები, არც პოლიციას არ გავუწიეთ წინააღმდეგობა“.

ნეონაცისტური ჯგუფების – „ქართული ძალის“ „ედელვაისისა“ და „ბერგმანის“ აქტივისტები წინა წლებში უკვე იყვნენ დაკავებულები – თბილისში უცხოეთის მოქალაქეებსა და ვეგა-კაფეზე თავდასხმის გამო.

«Независимая газета» (რუსეთი), 29 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-09-29/1_gruzia.html

თბილისი ანკარისაგან, ალბათ, საყვედურს მიიღებს

ნაციონალისტთა მარშმა შეიძლება საქართველო-თურქეთის ურთიერთობები გაართულოს

იური როქსი, პოლიტიკური მიმომხილველი

თბილისში ათ ადამიანზე მეტი დააკავეს, რომლებიც ნაციონალისტური ორგანიზაციის „ქართული ძალის“ წევრები არიან. სამშაბათს საღამოს ახალგაზრდების ჯგუფმა ლოზუნგებით და შეძახილებით „დიდება ერს, სიკვდილი მტერს!“ გაიარა აღმაშენებლის ახლად აღდგენილ გამზირზე და თან იქვე მდებარე თურქულ კაფე-რესტორნებში მაშხალები შეყარეს. მართალია, პოლიციამ აქცია აღკვეთა, მაგრამ ქართული მხარე, ალბათ, თურქეთის პროტესტს თავიდან ვერ აიცილებს.

დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით, რაც გულისხმობს „ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ხულიგნობას, რომლის დროსაც გამოყენებულია ცეცხლსასროლი იარაღი ან იარაღის მსგავსი სხვა საგნები“. ეს მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მარში სანქციონირებული არ ყოფილა. როგორც თვითონ „ქართული ძალის“ წევრები ამბობენ, აქცია მიმართული იყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს სოხუმის დაცემის აღნიშვნისადმი (1993 წლის 27 სექტემბერი). ეს გასაგებია, მაგრამ რა შუაშია ამ დროს დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე თურქული კაფე-რესტორნები?

როგორც ჩანს, კონფლიქტი თურქული გასართობი თუ სხვა სახის დაწესებულებების ირგვლივ უკვე პერმანენტული გახდა. მართალია, ყველა წინანდელი ინციდენტი ასე თუ ისე ყოფით ხასიათს ატარებდა, მაგრამ მაშინაც კი ერთგვარი ნაციონალისტური ქვეტექსტები შეიმჩნეოდა. სამშაბათს მომხდარ ინციდენტს კი უკვე აშკარად პოლიტიკური ელფერი ჰქონდა, განსაკუთრებით თუ ყურადღებას მივაქცევთ ადგილობრივ ქართული პრესის მასალებს, მათ შორის – „საქართველოს და მსოფლიოში“ გამოქვეყნებულ სტატიებს საქართველო-თურქეთის საზღვარზე მოწყობილი აქციის თაობაზე. გაზეთი მტკიცებით, [სარფის თურქულ ნაწილში] ჩატარებულ აქციაზე, რადიკალური დაჯგუფების „რუხი მგლების“ („ბოზქურთის“) წევრებთან ერთად, ახალგაზრდა თურქებმა პლაკატები გაშალეს, რომლის თანახმად, აჭარა თურქეთს ეკუთვნის.

საერთოდ, აჭარის თემას უკვე დიდი ხანია ქართულ-თურქულ ურთიერთობაში სიმწვავე შეაქვს. უნდა ითქვას, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში თურქეთის გავლენა უკვე საგრძნობია: ბათუმში, ქობულეთსა და სხვა ზღვისპირა დასახლებულ პუნქტებში თურქული ბიზნესის მასშტაბები პირდაპირ თვალშისაცემია. ამაში, ცხადია, ცუდი არაფერია, პირიქით, მაგრამ… არის ერთი დეტალი: თურქულ სამშენებლო კომპანიებში, სასტუმრო-რესტორნებში, სადალაქოებსა და სხვა დაწესებულებებში ძირითადად მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები მუშაობენ. თურქი ბიზნესმენები ადგილობრივ მოსახლეობას სამუშაოდ არ ღებულობენ და თუ მიიღებენ, ისიც მხოლოდ აჭარელ მუსულმანებს. როგორც ერთ-ერთმა ბათუმელმა ნაცნობმა მითხრა, „ჩვენთან თურქები ბატონ-პატრონებივით იქცევიან. უბრალოდ, აბრებს შეხედეთ: ისინი დიდი ასოებით თურქულ ენაზეა, ქართულად კი ისეთი პატარაა, ძლივს შეამჩნევ. არ მოგვწონს, მაგრამ რას იზამ – ვისაც ფული აქვს, მუსიკასაც ის უკვეთავს“.

უფრო მეტად მტკივნეულად აღიქვამს საქართველო მეზობელი ქვეყნის სხვა ქმედებებს, მაგალითად, განათლების სფეროში: უკვე რამდენიმე წელია საქართველო თურქეთს სასკოლო სახელმძღვანელოებისა და რუკების გაყალბებაში ამხელს – მათში ძალიან ხშირად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა თურქეთის ისეთ ტერიტორიადაა წარმოჩენილი, რომელზეც ანკარას კონტროლი „დროებით აქვს დაკარგული“. ცხადია, თბილისის პროტესტებს ანკარა ღებულობს და აცხდებს, რომ წიგნებში და რუკებზე „ტექნიკური შეცდომებია“ დაშვებულიო, მაგრამ ასეთი „შეცდომები“ წლიდან წლამდე მეორდება.

შეიძლებოდა ამ ფაქტებზე ყურადღება არ გამახვილებულიყო, მაგრამ მსგავსი მოქმედება რომ პრაქტიკულადაც ხორციელდება? მაგალითად, არცერთი სასაზღვრო დავა, რომლებიც რამდენიმე ჰექტრის ფართობის მქონე მიწის ნაკვეთებს ეხებოდა, საქართველოს სასარგებლოდ არ დამთავრებულა. კაცმა რომ თქვას, დავაც კი არ ხდება – თურქ მესაზღვრეებს საზღვარი პირდაპირ გადმოაქვთ აჭარის (საქართველოს) სიღრმეში ისე, რომ ქართულ მხარეს არაფერს ეკითხებიან და ადგილობრივ გლეხებს სარჩოს ართმევენ. ამგვარ კონფლიქტურ სიტუაციებზე ქართულ პრესას არაერთხელ გამოუქვეყნებია მასალები, მაგრამ იმაზე, რომ საქართველომ რაიმე დაიბრუნაო, ალბათ, არცერთხელ.

ბათუმის აეროპორტი, რომელსაც თურქული კომპანია მართავს, თურქეთის სამოქალაქო ავიაციის შიდა სტანდარტებით მოქმედებს. თურქეთი დაბეჯითებით ითხოვდა და მიიღო კიდეც ქართული მხარისაგან მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობები ავტოგადამზიდავებისთვის. საბოლოოდ კი თბილისს დიდი ძალისხმევა დაჭირდა იმისთვის, რომ თურქეთს თავისი სატვირთო ავტოფურგონების მძღოლები ცოტა მაინც შეეფუცხუნებინა – ისინი ისე უპრაგუნოდ დარბიან საქართველოს გზებზე, არაფერს და არავის არ ამჩნევენ.

უფრო მეტი ენერგიის დახარჯვა მოუწია თბილისს იმაზე, რომ როგორმე თურქეთში  მდ.მტკვრის მიმართულების შეცვლის პროექტი შეეჩერებინა: ანკარას სურდა მტკვრის წყალი სხვა მიმართულებით გადაეგდო, იქ წყალსაცავი და ჰესი მოეწყო. საქართველო იძულებული გახდა თავის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ მდინარეზე ჰიდროელსადგური აეშენებინა და მასში გამომუშავებული ელექტროენერგია თურქეთის რეგიონებისთვის მიეწოდებინა. ამის სანაცვლოდ ანკარამ თბილისს აღუთქვა, რომ კავკასიის უდიდეს მდინარეს [ზემო წელში] მიმართულებას არ შეუცვლიდა.

სახელმწიფოთაშორისო სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ანკარასა და თბილისს შორის არსებობს, პერიოდულად მხოლოდ ერთ მხარეს იხრება. პრაქტიკულად, ყველა სადისკუსიო საკითხი თურქეთის სასარგებლოდ წყდება. მაგალითად, იმ მიზნით, რომ თბილისს ანკარისაგან თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე შუასაუკუნეების ქართული ტაძრების რესტავრაციის უფლება მიეღო, საქართველო რამდენიმე მეჩეთის მშენებლობაზე დათანხმდა არამარტო აჭარაში, არამედ იმ რეგიონებშიც, სადაც ამის აუცილებლობა არ არსებობდა.

ამას წინათ კი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ერდოღანმა საქართველოს მთავრობა საკმაოდ შეაცბუნა თავისი მოთხოვნით – კეთილმეზობლურად მოქცეულიყო და დაეხურა ყველა ის კაზინო, რომლებშიც თურქეთის (და უცხოეთის სხვა სახელმწიფოების) მოქალაქეები ფულზე თამაშობენ (თურქეთში კაზინოები კანონითაა აკრძალული). საქართველოსთვის, რომელიც ტურიზმის განვითარებისათვის იღწვის, ამ მოთხოვნის შესრულება თვითმკვლელობას უდრის.

ვერ ვიტყვი, დამთხვევაა თუ არა, მაგრამ იმავე ხანებში საქართველოს არაფორმალურმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში (იგი წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად იძლევა ინტერვიუებს) შენიშნა, რომ თურქეთის გავლენა უკვე სახიფათო ხდებაო. და თითქოს ამას ადასტურებენო, ქართულ პრესაში იმავწუთს გაიხსენეს თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს განცხადება თურქეთის სემადგენლობაში აჭარის გარდაუვალი დაბრუნების თაობაზე. ამ ფონზე „პატრიოტთა კავშირის“ მიერ მომზადებულმა წინასაარჩევნო ვიდეორგოლმა, რომელშიც სულ ოდნავ გაკრთა საქართველოს შუასაუკუნეებრივი საზღვრები, როგორც ამბობენ, თურქეთში ისეთი გაღიზიანება გამოიწვია, რომ ცესკოს და ვიდეორგოლის ეთერში გამშვებ ტელეკომპანიას თურქეთის წინაშე ბოდიშის მოხდა მოუწია.

აჰმედ დავუთოღლუს განცხადება, რასაკვირველია, არ შეიძლებოდა თბილისს არ გაეგო: ქართველებს კარგად ახსოვთ, რომ ისტორიული ქართული მიწა-წყალი – აჭარა დიდი ხნის განმავლობაში შედიოდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში და ავტონომიური სტატუსი ამ რეგიონს, თურქეთის მოთხოვნით, საბჭოთა პერიოდში, უპრეცედენტო მიზეზით – რელიგიური ნიშნით მიენიჭა, 1921 წლის მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებების ძალით, რომლებსაც, ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით, თავიანთ იურიდიულ ძალას 2022 წელს კარგავენ. თბილისში იციან, რომ მოსკოვ-ყარსის შეთანხმებების მიხედვით, თურქეთს, განსაკუთრებულ შემთხვევებში, აჭარაში თავისი ჯარების შეყვანა შეუძლია. ქართველებს ესმით, რომ ქვეყნის ეს ნაწილი (როგორც მინიმუმი), გარემოებათა დამთხვევის წყალობით, შეიძლება „გრდემლსა და უროს“ შორის აღმოჩნდეს. მით უმეტეს, რომ დღემდე კვლავ მოუგვარებელი რჩება საქართველო-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობა.

და მაინც, რა კავშირია სოხუმის დაცემის მორიგი წლისთავის აღნიშვნასა და თურქული კაფეებითა და ტურისტთა მრავლობით გამოჩეულ აღმაშენებლის გამზირზე „ქართული ძალის“ მიერ მოწყობილ ანტითურქულ გამოხტომებს შორის? რა თქმა უნდა, პირდაპირი კავშირი არ არის. თურქებმა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყების პირველივე დღიდან თბილისს სოლიდარობა გამოუცხადეს და აფხაზებს მიანიშნეს, რომ მათ დამოუკიდებლობის აღიარების იმედი არ უნდა ჰქონოდათ (მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში მნიშვნელოვანი რაოდენობის აფხაზი ცხოვრობს) და ანკარას თავისი პოზიცია დღემდე არ შეუცვლია. მაგრამ მეორე მხრივ, თუ აფხაზეთში რუსულის გარდა კიდევ რომელიმე ქვეყნის კომპანიები მუშაობენ, ისინი თურქული კომპანიები არიან: ანკარა ასეთ მოქმედებას „კერძო უკონტროლო ინიციატივებს“ უწოდებს.

დავით აღმაშენებლის გამზირი სამოქმედოდ, „ქართულ ძალას“, ცხადია, უმიზეზოდ არ აურჩევია. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდებმა მშვენივრად იცოდნენ, თუ რაზე მიდიოდნენ. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ იბადება კითხვა: რითაა გამოწვეული მათი ნაბიჯი? თურქებისათვის პასუხის გაცემის სურვილით თუ წინასაარჩევნოდ სიტუაციის გასამწვავებლად? „ნეზავისიმაია გაზეტა“ უკვე წერდა თავის 27 სექტემბრის ნომერში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გეგმების შესახებ საქართველოში არეულობების მოწყობაზე, მისი ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით. არსებობს შესაბამისი სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი თავის თანამზრახველებთან ერთად სწორედ ამ გეგმაზე საუბრობს. „ქართული ძალის“ მოქმედება ამ ჩარჩოებში ჯდება და შესაძლოა „ნაციონალების“ გეგმის რეალიზების ნაწილს წარმოადგენს – ეს, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ „ქართულ ძალას“ ყოფილ მმართველ პარტიასთან აქვს კავშირები.

სხვათა შორის, დღემდე, მოარული ხმების თანახმად, „ქართული ძალა“ უფრო მეტად ასოცირდებოდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ყველაზე რეაქციულ წრეებთან და ზოგიერთ ნაციონალისტური პოზიციების მქონე პარტიებთან, ვიდრე „ნაციონალებთან“. ალბათ, ამ ყველაფერს გამოძიება გაარკვევს და იმასაც, რასაც აღმაშენებელზე მომხდარი ამბების ბევრი მოწმე ამბობს: მათი თქმით, ახალგაზრდა ქართველებს აგრესიულ ნაბიჯზე იქვე არსებულ რესტორნების მოყვარულმა და მოსეირნე თურქებმა უბიძგესო – როგორც კი აქცის მონაწილეები გამზირზე გამოჩნდნენ, თურქებს ფოტოსურათების გადაღება დაუწყიათ. ახალგაზრდების თხოვნა – შეწყვეტილიყო ფოტოგადაღება – თურქებს თურმე არ შეუსმენიათ.

Comments are closed