globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 სექტემბერი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Sep 29th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: კონსტიტუციური ქაოსი და ყველაზე მოთხოვნადი ვეტო

«Независимая газета» (რუსეთი): ვაშინგტონი მხარს უჭერს თბილისის პოლიტიკის აფხაზურ ვექტორს // საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ნიადაგს ამზადებს

«The Washington Post» (აშშ): ტირანი, რომელიც საზღვრებს არ ცნობს // აფგან მუხთარლის გატაცებით ილჰამ ალიევმა თავისი მმართველობის მეთოდები საქართველოს ტერიტორიაზეც განახორციელა, რაშიც თბილისმა საეჭვო როლი შეასრულა

———————

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 28 სექტემბერი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/georgian-constitution-and-governing-body/4048487.html

საქართველო: კონსტიტუციური ქაოსი და ყველაზე მოთხოვნადი ვეტო

ნინო დალაქიშვილი

კონსტიტუციის პროექტი, რომელიც პარლამენტის, უფრო კონკრეტულად კი მმართველი გუნდის დეპუტატების მიერ ორი მოსმენითაა მიღებული, კვლავ პოლიტიკური ვაჭრობის საგანია. ვენეციის კომისიის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები ქართული ოცნების წარმომადგენლების რიტორიკის თანახმად, გათვალისწინებულია, ყველა სხვა პოლიტიკური მოთამაშე პარლამენტშიც და მის გარეთაც, ასევე არასამთავრობო სექტორი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. გუშინ, 28 სექტემბერს, 4 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილი შეხვედრა მიზნად ისახავდა შექმნილი ვითარებიდან ოპტიმალური გამოსავალის მოძებნას. პრეზიდენტმა მმართველი გუნდი და პოლიტიკური პარტიები სათათბიროდ მიიწვია.

„კონსტიტუციამ, დოკუმენტმა, რომელიც საუკუნეებს უნდა უძლებდეს, თავიდანვე საათებსაც ვერ გაუძლო. იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ვეტო არის არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალი, მე მგონი, თანხმდება ყველა: კონსტიტუციის მიმღები „ქართული ოცნებაც“ და მე რამდენადაც ვიცი, დანარჩენი პოლიტიკური სპექტრიც. მე მგონია, ჩვენ ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა იმის თაობაზე, როგორ გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან“, – აცხადებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

შეხვედრაზე ყველა მივიდა, გარდა „ქართული ოცნებისა“. მათ პრეზიდენტთან სათათბიროდ საგანგებო რეჟიმი მოითხოვეს, რაც სხვა პარტიების დასწრების გარეშე კომუნიკაციას გულისხმობდა. „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტი, როგორც ჩანს, მოგვიანებით, ისეთ ფორმატში შეხვდება, როგორიც მათთვის იყო მოსახერხებელი.

კიდევ ერთი უცნაურობა, რასაც ადგილი აქვს კონსიტუტუციის პროექტთან დაკავშირებით ისაა, რომ ახლა მმართველი გუნდიც ითხოვს პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას. ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს: „უმრავლესობამ პრეზიდენტს განსხვავებული ფორმატით შეხვედრა შესთავაზა, იმედი გვაქვს, ეს შეხვედრა შედგება. ჩვენ პრეზიდენტს კონკრეტულად შევთავაზეთ ის, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმების შესაბამისად, გამოიყენოს მან ვეტოს უფლება. საქმე ეხება ორ საკითხს, როგორც მოგეხსენებათ. ერთი არის ბონუსის ამოღება ახალი რედაქციიდან და მეორე ბლოკების ერთჯერადად დატოვება. თუ ამ სახით გამოიყენებს პრეზიდენტი ვეტოს, ჩვენი ხედვით, ეს იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი. ზოგადად, კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსია არის დასრულებული… ჩვენ გვედავებოდნენ იმას, რომ ნაჩქარევად მოვამზადეთ რაღაც დოკუმენტი. ამ დროს თვითონ, სამ–ოთხ დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტმა და ეგრეთ წოდებულმა ოცმა პარტიამ. „ეგრეთ წოდებულს“ ვამბობ იმიტომ, რომ ყველამ ვიცით – საქართველოში, თქვენც დამეთანხმებით, ოცი პარტია საერთოდ არ არსებობს“.

„ამერიკის ხმა“ კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარს გიორგი ნონიაშვილს ესაუბრა და სთხოვა განემარტა, თუ რატომ ითხოვს „ქართული ოცნება“ ვეტოს მის მიერ უკვე ორჯერ მიღებულ კონსტიტუციაზე: „მმართველი პარტია პროცესს უყურებს შემდეგნაირად: იმისთვის, რომ შინაარსობრივი ცვლილებები განხორციელდეს არსებულ კონსტიტუციურ პროექტში, ის უნდა დააბრუნონ უკან, მეორე მოსმენაზე. მათ ამის სურვილი არ აქვთ, ამიტომ იპოვეს კომპრომისი, რომ მათ ექნებათ ცვლილებებზე მზაობა არჩევნებთან დაკავშირებით. ძირითად შემთხვევაში საუბარია პროპორციული არჩევნების ძალაში შესვლის თარიღზე. ამიტომ პრეზიდენტს ეუბნებიან შემდეგს: დაადე ვეტო და შემდეგ, მოტივირებული შენიშვნებით, როდესაც ამას უკან დააბრუნებ, ჩვენ გავიზიარებთ. მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზეა საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ. პრეზიდენტმა მხოლოდ ერთ ნაწილს უნდა დაადოს ვეტო, რაზეც წინასწარი თანხმობაა გაცხადებული მმართველი პარტიის მხრიდან, რომ ამას კომპრომისულად გადაწყვეტენ და დაეთანხმებიან“, – გვეუბნება გიორგი ნონიაშვილი.

მკვლევარი ამას არაჯანსაღ პოლიტიკურ პროცესად მიიჩნევს, რადგან მმართველი გუნდი საკითხს უსაზღვრავს პრეზიდენტს და პარტიებს, წინასწარ კარნახობს, რას სჯობია დაადოს ვეტო და რას არა იმისთვის, რომ მესამე მოსმენის პროცესი ვიზუალურად ჯანსაღად იყოს წარმოდგენილი: „რაც სინამდვილეში, სულაც არაა ასე, რადგან მაინცდამაინც ამ კონსტიტუციურ ცვლილებებს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, თუ არ ჩავთვლით, მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან ლეგიტიმაციას. მე ვფიქრობ, მანდ მხოლოდ ერთი პრობლემა არ არის და მოლოდინი მაქვს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სხვა საკითხებსაც დაადებს ვეტოს“, – ამბობს გიორგი ნონიაშვილი.

თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი ნინო გოგუაძე აცხადებს: „ქართულმა ოცნებამ თვითონ დაწერა ეს კონსიტუტცია, თვითონ მოიწვია პარლამენტის საგანგებო სხდომები, თავის თავთან თვითონ მიაღწია კონსენსუსს, თვითონ დაამტკიცა, საკუთარ თავს თვითონ მოუწყო ოვაციები და ახლა უნდა, რომ ამ პროცესის კრიტიკა, ანუ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებიც თვითონ დაწეროს. სხვა არაფერი არ არის ეს, თუ არა ტოტალიტარიზმი“.

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტისგან რადიკალური ნაბიჯების გადადგმის მომხრეა, მას სურს პრეზიდენტმა გადადგომის თაობაზე გააკეთოს განცხადება და კრიზისული ვითარების შექმნით მსოფლიოს ყურადღება მიიპყროს.

მიიღებს თუ არა მმართველი გუნდის შეთავაზებას პრეზიდენტი და დაადებს თუ არა ვეტოს კონსიტუციის მხოლოდ იმ ნაწილს, რასაც ოცნება სთავაზობს, ამის თაობაზე პასუხი ჯერ არაა. ვეტოს საკითხზე შეთანხმებისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის ვადა პრეზიდენტს 10 ოქტომბრამდე აქვს.

«Независимая газета» (რუსეთი), 29 სექტემბერი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-09-29/1_7084_georgia.html

ვაშინგტონი მხარს უჭერს თბილისის პოლიტიკის აფხაზურ ვექტორს

საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ნიადაგს ამზადებს

სტატიაში განხილულია ქართველებსა და აფხაზებს შორის მიმდინარე კონტაქტები ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში, რომლებიც აფხაზეთის მოსახლეობისათვის საქართველოში უფასო სამედიცინო მომსახურებასა და განათლების მიღებას ითვალისწინებს: „აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კლეიმ ასეთი ტენდენცია პოზიტიურად შეაფასა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში (ავტორი – იური როქსი).

თბილისის ზრუნვა აფხაზეთის მოსახლეობისადმი დიფერენცირებულად უნდა იქნას განხილული: გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისთვის საქართველოში მკურნალობა ჩვეულებრივი ამბავია. რაც შეეხება აფხაზი ეროვნების მოსახლეობას, ამ შემთხვევაში მათ ოფიციალური თბილისი განსაკუთრებული ყურადღებით ხვდება და მათ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობენ.

საერთოდ, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის პროგრამა ახალი არაა და ის ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, როცა, ერთმანეთთან დაპირისპირების ფაქტორის მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოებებს შორის კონტაქტები მაინც საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა, მათ შორის არა მხოლოდ ჰუმანიტარულ, არამედ პოლიტიკურ საკითხებზეც. რასაკვირველია, იმ დროს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობაც მძიმე იყო და ის ბევრად არ განსხვავდებოდა  უკონტროლო ავტონომიებში შექმნილი ვითარებისაგან, მაგრამ ხარისხობრივი მაჩვენებლებით ჯანდაცვა-განათლების სფეროში შექმნილი ვითარება მაინც საქართველოს სასარგებლოდ იყო. ცხადია, აფხაზებს და ოსებს ჰქონდათ ალტერნატივა – მათ შეეძლოთ რუსეთში წასვლა და იქ მკურნალობა, მაგრამ ასეთი ნაბიჯი ფინანსურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული.

სიტუაციამ თანდათანობით გაუმჯობესება დაიწყო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როცა საქართველოში ინვესტიციებმა იმატა, დაიწყო საგრანტო პროგრამების რეალიზება და კლინიკა-სავადმყოფოები ახალი ტექნიკით აღიჭურვნენ, შესაბამისად, ამაღლდა სამედიცინო მომსახურების დონე. პარალელურად იმატა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართვებმაც დახმარების გაწევის თაობაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის იყო, რომ მკურნალობა ხარისხიანად და უფასოდ ხდებოდა, რაც უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით. საქართველოს ხელისუფლებამ აცხადებდა, რომ აფხაზები და ოსები ჩვენი მოქალაქეები არიან და მათაც ისეთივე სიკეთით უნდა ისარგებლონ, როგორითაც დანარჩენი მოსახლეობა სარგებლობსო. მაგრამ ამ წამოწყებას ზიანი მიაყენა გადაჭარბებულმა პიარ-კამპანიამ: ყოველი აფხაზი ან ოსი ეროვნების ადამიანის გამოჩენა ქართულ კლინიკა-საავადმყოფოებში პროპაგანდის ელემენტი ხდებოდა. ეს, ერთი მხრივ, პრობლემებს უქმნიდა პაციენტებს უკან დაბრუნებისას, მეორე მხრივ კი, საქართველოს ხელისუფლება თავის იმიჯს იმაღლებდა საერთაშორისო არენაზე. რაც უფრო აქტიურად მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის პიარმანქანა, მით უფრო ნაკლები აფხაზი და ოსი მიმართავდა ქართველ ექიმებს. საბოლოოდ კი ეს სისტემა 2008 წლის აგვისტოს ომით „დაინგრა“ და მისი გამოცოცხლება მხოლოდ 2012 წელს, საქართველოს ხელისუფლების შეცვლის კვალობაზე დაიწყო.

საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა JAM-ის მონაცემების თანახმად, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე მკურნალობის კურსი გაიარა აფხაზეთის 543-მა და სამხრეთ ოსეთის 322-მა მცხოვრებმა. პუბლიკაციაში ციტირებულია აფხაზეთის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი, ქირურგი რუსლან სმირი, რომლის თქმით, ამ საკითხს ორი განზომილება აქვს – ჰუმანიტარული და პოლიტიკური. „მთავარი მიზეზი, რის გამოც აფხაზები იძულებულნი ხდებიან დახმარებისთვის ქართულ მხარეს მიმართონ, გამოიხატება იმაში, რომ ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ცუდი მდგომარეობაშია: არაა საკმარისი სამედიცინო აპარატურა, არაა კვალიფიციური კადრები… ადამიანი არჩევანის წინაშე დგება, სად წავიდეს – რუსეთში თუ საქართველოში. თბილისი ჩვენი მოქალაქეებისთვის უფასო მკურნალობის მიმზიდველ პირობებს ქმნის, ჰოდა, ისინიც იქ მიდიან“, – ამბობს რუსლან სმირი. საქართველოში მკურნალობის მაღალ ხარისხზე ლაპარაკობენ აფხაზეთის რიგითი მოქალაქეებიც, თუმცა ისინი იქვე უმატებენ: „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პოლიტიკის გარეშე არ ხდება“.

ქართულ საზოგადოებაში აფხაზებისა და ოსების უფასოდ მკურნალობის საკითხის მიმართ მიდგომა არაერთგვაროვანია. რა თქმა უნდა, სამედიცინო მომსახურება ყველას გარანტირებული უნდა ჰქონდეს, მაგრამ რატომ უნდა სარგებლობდნენ აფხაზები და ოსები  მედიცინის ყველაზე ფართო სადაზღვევო პაკეტით და რატომ უნდა გაეწიოთ მათ უფასო მკურნალობა, როცა დანარჩენი მოსახლეობა საკმაოდ დიდ ფულს იხდის?

ცნობილი ჟურნალისტი თენგიზ აბლოთია, რომელიც თვითონაც აფხაზეთიდანაა, წერს: „ჯანდაცვის პროგრამა უაღრესად პოლიტიკურია და მისი მიზანია არა აფხაზების და ოსებისთვის უზრუნველი ცხოვრება, არამედ მათი ლოიალობის ყიდვა… მაგრამ ეს პროგრამა არ მუშაობს. ჩვენთან ყოველწლიურად ასობით აფხაზი და ოსი მკურნალობს, მაგრამ ამით მათი ლოიალობა არ მატულობს. პირიქით, უკან დაბრუნებისას ისინი ისეთი სახით იწყებენ თავის მართლებას, რომ ლოიალობის ნიშან-წყალი არ ჩანს. აფხაზურმა საზოგადოებას ასეთი განმარტება მოძებნა: „საქართველო ვალდებულია მათ სამედიცინო მომსახურება გაუწიოს. ეს კეთილი ნება კი არ არის, არამედ იმის კომპენსაციაა, რა ზარალიც მიაყენეს ქართველებმა აფხაზებს“. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, სოციალურ ქსელებში აფხაზებისა და ოსების პოზიციების გაცნობისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს საქართველო აფხაზების წინაშე ვალს იხდის. „ეს პროგრამა უნდა შეჩერდეს, წარუმატებლად უნდა ჩაითვალოს. მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ საქართველოს კონკრეტულმა კლინიკებმა შეღავათები დაუწესონ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას. მათთვის ეს მაინც იაფი მომსახურება იქნება იმასთან შედარებით, რასაც ისინი რუსეთში იხდიან…. კი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი  დამოუკიდებლობას ესწრაფვიან, მაგრამ მათ ისიც უნდა იცოდნენ, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებას ერთი დიდი მინუსი აქვს: პასუხისმგებლობა ყოველ საკუთარ ნაბიჯზე“, – წერს თენგიზ აბლოთია და თუ კომენტარების მიხედვით ვიმსჯელებთ, მას ბევრი ეთანხმება.

თუმცა პროგრამა არ შეჩერდება: საქართველოს მთავრობამ ზუგდიდის რაიონში, აფხაზეთის საზღვართან, 220 ადგილიანი თანამედროვე მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომლის მომავალი პერსონალი უკვე სტაჟირებას გადის აშშ-ის, ისრაელისა და ევროპული ქვეყნების მოწინავე კლინიკებში. იქვე ახლოს იგეგმება სამარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაც, სადაც აფხაზი (და ოსი) პაციენტების ახლობლები იცხოვრებენ. პროექტის რეალიზება დაახლოებით 20 მილიონი დოლარი დაჯდება.

«The Washington Post» (აშშ), 29 სექტემბერი, 2017 წელი

https://www.washingtonpost.com/opinions/a-tyrants-reach-knows-no-borders/2017/09/28/b95f9946-a2e9-11e7-b14f-f41773cd5a14_story.html

ტირანი, რომელიც საზღვრებს არ ცნობს

აფგან მუხთარლის გატაცებით ილჰამ ალიევმა თავისი მმართველობის მეთოდები საქართველოს ტერიტორიაზეც განახორციელა, რაშიც თბილისმა საეჭვო როლი შეასრულა

სარედაქციო სტატია ეხება საქართველოში, თბილისში 29 მაისს მომხდარ ფაქტს – აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებას და მასთან დაკავშირებულ  მოვლენებს. პუბლიკაციაში მწვავედაა გაკრიტიკებული აზერბაიჯანის ხელისუფლება და პირადად პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

გთავაზობთ მასალის თავისუფალ თარგმანს, მცირე შემოკლებით:

„29 მაისს საქართველოს დედაქალაქ თბილიში მცხოვრებმა დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ კაფედან ცოლს დაურეკა და უთხრა, რომ მეგობართან იმყოფებოდა და სახლში ბრუნდებოდა… მაგრამ აფგან მუხთარლი სახლში არ დაბრუნებულა. ერთი დღის შემდეგ მისმა ცოლმა გაიგო, რომ მეუღლე აზერბაიჯანის ციხეში იმყოფებოდა.

დამოუკიდებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ორი წლის წინათ აზერბაიჯანიდან გაიქცა. როგორც ჩანს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, პოლიციური სახელმწიფოს მსგავსად, რომელიც საზღვრებს არ ცნობს, იგი უკან დააბრუნა. აფგან მუხთარლი მწვავედ აკრიტიკებდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს და თავდაცვის სამინისტროში კორუფციის ფაქტებს იკვლევდა. გატაცების ჟამს აფგან მუხთარლი დაინტერესებული იყო ილჰამ ალიევის ფინანსური აქტივებით საქართველოში. იგი ხშირად გამოდიოდა აგრეთვე დამოუკიდებელი მედიასაშუალებით – „მეიდან ტვ“-ის ეთერში. აფგან მუხთარლი, თავის კოლეგა ჟურნალისტ ჰაჯიდა ისმაილოვასთან ერთად, აზერბაიჯანში ყოფნისას პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას განიცდიდა და საბოლოოდ იგი ქვეყნიდან გაიქცა.

როგორც ირკვევა, აფგან მუხთარლი სახლში დაბრუნების დროს გზიდან გაიტაცეს, სცემეს და თვალებახვეული გადაიყვანეს აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, მას ბრალი აქვს წაყენებული კონტრაბანდაში და საზღვარზე უკანონოდ გადასვლის მცდელობაშია. გარდა ამისა,  ჯიბეში მას თითქოსდა 10 ათასი ევრო აღმოაჩნდა. დაპატიმრებიდან რამდენიმე თვის შემდეგ აფგან მუხთარლი ისევ ციხეში იმყოფება.

აფგან მუხთარლის საქმეს „სხვა სუნი ასდის“: პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თავისი მმართველობის მეთოდები სხვა ქვეყნის – საქართველოს ტერიტორიაზეც განახორციელა. მართალია, ევროპარლამენტმა მომხდარი ფაქტი დაგმო, მაგრამ ამას საერთაშორისო დონეზე ილჰამ ალიევის მოქმედების ისეთი მკვეთრი კრიტიკა არ მოჰყოლია, რასაც იგი იმსახურებს.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოკლე განცხადებაში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ „ვაშინგტონი შეშფოთებულია ჟურნალისტის გატაცებით“ და მეტი არაფერი. ასეთი მორიდებული რეაქცია პრეზიდენტს ილჰამ ალიევს იმ აზრს განუმტკიცებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისათვის სულ ერთია და არ ადარდებს, თუ როგორ ირღვევა და ფეხქვეშ ითელება ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა საზღვარგარეთ.

ჩვენ ვხედავთ, რომ დიქტატორების მეთოდები და მოქმედების ტაქტიკა ერთნაირია: არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა, მათი შერაცხვა „უცხოელ აგენტებად“, თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა [ბეჭდვით] და ელექტრონულ მედიაში… მისტერ ილჰამ ალიევმა, ალბათ, კარგად აითვისა ჩინეთის გამოცდილება არალიბერალურ ქმედებებში და, როგორც ჩანს, მას შეუძლია სემინარი ჩაატაროს დიქტატორობის თაობაზე. სამწუხაროა, რომ კლასში ყველა ადგილები უკვე უკვე შევსებულია.

კიდევ ერთი მომენტი, რითაც ეს საქმე გამოირჩევა, იმაში გამოიხატება, რომ მასში საქართველომ ბნელი, საეჭვო როლი შეასრულა. განა ევროკავშირისაკენ  მიმავალი და დემოკრატიული მიზნების მქონე ქვეყანა აზერბაიჯანის ჟურნალისტის გატაცებისა და საზღვარზე გადაყვანის თანამონაწილე უნდა იყოს? მართალია, საქართველოს ხელისუფლებამ უარყო გატაცებაში თანამონაწილეობა და განაცხადა, რომ ამ საქმეს გამოიძიებდა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი ძალიან მცირეა. საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს, რომ იგი გატაცებაში ჩარეული არ არის, აზერბაიჯანმა კი აფგან მუხთარლი უნდა გაათავისუფლოს, როგორც საერთაშორისო სახელმწიფო საზღვარზე იძულებით გადაყვანის მსხვერპლი. კარგი იქნებოდა, თუ უფრო მეტი სახელმწიფო და მთავრობა დაგმობს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ტრიუკებს. ასეთი რეაგირება ტირანების მოქმედებას შეზღუდავს“.

Comments are closed