globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 29th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Süddeutsche Zeitung» (გერმანია): ინტერვიუ გიორგი კვირიკაშვილთან: საქართველო დასავლეთის იმედზეა

«American Diplomacy» (აშშ): მიხეილ სააკაშვილი როგორც ოდესის გუბერნატორი

——————–

«Süddeutsche Zeitung» (გერმანია), 29 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.sueddeutsche.de/politik/georgien-die-hoffnung-liegt-im-westen-1.2712631

ინტერვიუ გიორგი კვირიკაშვილთან: საქართველო დასავლეთის იმედზეა

საქართველო, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარებას ცდილობს: „ჩვენთვის გასაგებია, რომ ევროკავშირის წევრად, ცხადია, ხვალვე ვერ ვიქნებით, მაგრამ მასში გაწევრიანება ჩვენს გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს“, – ამბობს საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ზიდდოიჩე ცაიტუნგის“ კორესპონდენტ ფრენკ ნინჰაუზენისათვის მიცემულ ინტერვიუში.

ევროინტეგრაციის პროცესში საქართველო-სთვის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება უვიზო რეჟიმის დაწესება, რისთვისაც თბილისი ევროკავშირთან მოლაპარაკებას აწარმოებს. გიორგი კვირიკაშვილს იმედი აქვს, რომ მიმდინარე წლის დეკემბრისათვის მოლაპარაკება უკვე დასრულდება, მომავალი ზაფხულისათვის კი, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი, ალბათ, ძალაში უნდა შევიდეს. „ჩვენ უვიზო რეჟიმი გვჭირდება თავისუფალი, უბაჟო ვაჭრობის გასაღრმავებლად, რათა ჩვენი, ქართველი ბიზნესმენებს ევროპაში ბარიერების გარეშე გადაადგილებისა და კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – ამბობს მინისტრი, რომელიც გუშინ ბერლინში თავის გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შატაინმაიერს შეხვდა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ ეკონომიკური დამოკიდებულება თავის ჩრდილოელ მეზობელთან მნიშვნელოვნად შეამცირა, ევროკავშირთან კი 30%-ით გაზარდა. „ვაჭრობის მოცულობა ევროპასთან კიდევ უფრო მოიმატებს“, – ამბობს გიორგი კვირიკაშვილი, – თუმცა რუსეთი  ჩვენთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება“. აქვე შევნიშნავთ, რომ საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ გაზს იღებს, მაგრამ მცირე რაოდენობით.

საქართველო მოუთმენლად ელოდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღს. ნატომ თბილისის მიღებაზე პრინციპული თანხმობა რამდენიმე წლის წინ განაცხადა, მაგრამ გაწევრიანების დრო არ დასახელებულა. ახლა მიზნის რეალიზება შეიძლება ალიანსის ვარშავის სამიტზე მოხდეს, მომავალი წლის ზაფხულში. „ჩვენ ამისთვის უკვე მზად ვართ: რეფორმებს ვახორციელებთ, მონაწილეობას ვღებულობთ ნატოს ავღანურ სამშვიდობო ოპერაციაში, ევროკავშირის მისიაში აფრიკის ქვეყნებში… მეტი რაღა გავაკეთოთ? ჩვენ მთლიანად ნატოს სტანდარტებზე ვართ გადასული. ცხადია, ჩვენ ვერ დავაძალებთ ნატოს, რომ მიგვიღეთო, რადგან გვესმის – ეს საკითხი პოლიტიკურია და რუსეთთან ურთიერთობას ეხება“.

როგორც ცნობილია, მოსკოვი ალიანსს მის საზღვრებთან მიახლოების გამო აკრიტიკებს და ამიტომ ნატოს გაფართოებას ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ვადის დასახელება ბრიუსელ-მოსკოვის კონფლიქტს გაამწვავებს.

თბილისი და მოსკოვი ვერ თანხმდებიან აგრეთვე აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით, რომლებიც საქართველო-რუსეთის 2008 წლის ხანმოკლე ომის შემდეგ კრემლის მიერ კონტროლდება. გასულ თვეებში რუსმა მესაზღვრეებმა სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვარი საქართველოს სიღრმეში გადასწიეს და მათ მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-სუფსას ნავთობსადენი 1,6 კილომეტრიანი მონაკვეთი მოექცა.

საქართველო პროვოკაციად მიიჩნევს აგრეთვე ცხინვალში დაგეგმილ რეფერენდუმს რუსეთთან მიერთების საკითხზე, რომლის შესახებაც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ახლახან განაცხადა. „ამ რეფერენდუმის ჩატარება საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება“, – ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინტერვიუში. „საქართველოს შესაძლებლობები შეზღუდულია. ჩვენ სუვერენიტეტის დაცვის საკითხში არანაირ კომპრომისზე არ წავალთ, თუმცა ვერც პროვოკაციებს ვერ ავყვებით. რუსებთან ომს ვერ დავიწყებთ“.

«American Diplomacy» (აშშ), 29 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.unc.edu/depts/diplomat/item/2015/0912/op/op10shlapentokh_odessa.htmlhttp://www.unc.edu/depts/diplomat/item/2015/0912/op/op10shlapentokh_odessa.html

მიხეილ სააკაშვილი როგორც ოდესის გუბერნატორი

სტატიაში გაანალიზებულია პოსტსაბჭოთა საქართველოს მდგომარეობა 21-ე საუკუნის დასაწყისში. აქცენტი გადატანილია ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე, კარიერულ აღმასვლაზე, მოქმედების შუქ-ჩრდილებზე როგორც საქართველოს პრეზიდენტობის ჟამს, ასევე უკრაინაში – ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე. პუბლიკაციის ავტორია დიმიტრი შლაპენტოხი, ინდიანას (აშშ) უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის პროფესორი).

„პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკური ისტორიის ფაქტები თითქმის ერთმანეთს ჰგავს, თუმცა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ბედი საკმაოდ უცნაურია. იგი პრეზიდენტობის საწყის პერიოდში პატარა რესპუბლიკის ქარიზმატული და საკმაოდ პოპულარული ლიდერი იყო, მაგრამ შემდეგ ხელისუფლება დაკარგა და გარიყულად იქცა. მოგვიანებით კი უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე, უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშვნის გამო. დღევანდელი მიხეილ სააკაშვილი, ოდესის ოლქის გუბერნატორი, რა თქმა უნდა, განსხვავდება იმ მიხეილ სააკაშვილისაგან, რომელიც საქართცველოს პრეზიდენტი იყო, თუმცა მათ ერთი მნიშვნელოვანი თვისება აერთიანებთ: ორივე ფიქრობს, რომ პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება, თუ „ცუდი ადამიანი“ „კარგი ადამიანით“ შეიცვლება.

როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ სხვა რესპუბლიკები, რომლებიც მიხეილ გორბაჩოვის მმართველობის ბოლო წლებში ეკონომიკურ კრიზისში ჩავარდნენ, საქართველოც ფიქრობდა, რომ კრიზისის მიზეზი მხოლოდ საბჭოთა კავშირი იყო და თუ დამოუკიდებელი გახდებოდა, ყველა პრობლემას სწრაფად გადაწყვეტდა. სამწუხაროდ, შედეგი სრულიად საწინააღმდეგო აღმოჩნდა: საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ეკონომიკური დაცემის, სამოქალაქო ომისა და ეთნიკური დაპირისპირების არენად იქცა. ამასთან ის აზრი, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა „ერთ კარგ ადამიანს“ შეუძლია, [ქართულ საზოგადოებაში] კიდევ უფრო განმტკიცდა. ამ იდეის ფონზე საბოლოო ჯამში ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ქვეყნის პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი იქნა არჩეული.

ერთი შეხედვით, იგი საქართველოს სხვა წინა ლიდერებისაგან სრულიად გამორჩეული ჩანდა: განათლება კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო, კარგად შეისწვალა მრავალი უცხო ენა, მეუღლე ჰოლანდიელი ქალი ჰყავდა და არანაირი კავშირი არ ჰქონდა საქართველოს მმართველ კლანებთან. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა დასავლური სტანდარტებისკენ აიღო გეზი  და ჯიუტად ცდილობდა „გარდამავალი საზოგადოების“ ჩამოყალიბებას. მის ერთ-ერთ მიზანს კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენდა, რადგან საქართველო ყოფილი საბჭოთა კავშირის თითქმის ყველაზე კორუმპირებულ რესპუბლიკას წარმოადგენდა. ამ მხრივ მან საკმაო წარმატებებს მიაღწია და ამას აღიარებენ ისინიც კი, ვინც მისი თაყვანისმცემლები ნამდვილად არიან. პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ყველა მაღალჩინოსანი პრივილეგირებული კასტის წევრივით კი არა, ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქესავით მოქცეულიყო (როცა საქართველოში ვიყავი, საკუთარი თვალით დავინახე აეროპორტში, ავიაბილეთის საყიდლად რიგში ჩამდგარი მინისტრები. მათ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ჩვეულებრივი მგზავრებივით ამოწმებდნენ).

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ანტიკორუფციულ პოლიტიკას ქართველთა დიდი უმრავლესობა მოწონებით შეხვდა, ამ კურსმა საქართველოს ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა მაინც ვერ შეძლო. საქმე იმაშია, რომ საბჭოთა ეპოქისდროინდელი  საქართველოს აყვავების მიზეზი რუსეთი გახლდათ: უკიდეგანო ჩრდილოეთში ქართული ხილი, განსაკუთრებით კი ციტრუსები და ჩაი უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ როგორც კი რუსეთთან კავშირები შესუსტდა, ქართული პროდუქციის გასაღების ბაზარი ძალიან შეიზღუდა.

მიხეილ სააკაშვილის თავდასხმამ 2008 წლის ზაფხულში სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთზე, სადაც რუსეთის სამშვიდობო ძალები იყვნენ განლაგებულნი, სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა და საბოლოო ჯამში რუსეთთან ომი გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი ნეოკონსერვატორები თბილისს მხარს უჭერდნენ, საქართველო ფაქტიურად ვაშინგტონის დახმარების გარეშე დარჩა და ომში დამარცხდა. [აშშ-ის ინერტულობით] მიხეილ სააკაშვილი შეურაცხყოფილი იყო, რადგან მან წინა წლებში თბილისის ერთ-ერთ ქუჩას  ჯორჯ ბუშის სახელი დაარქვა, რომელიც, ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი ქუჩაა ასეთი სახელწოდებით.

ვაშინგტონის მოქმედებით განაწყენებული მიხეილ სააკაშვილი ირანისაკენ შებრუნდა და თეირანთან ურთიერთობები გააქტიურა. მან თბილისში მიიწვია ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმედინეჯადი, რომელიც აშშ-ს მოსისხლე მტრად მიიჩნევდა. ყოველივე ამას თან ეკონომიკური პრობლემები დართო და მოსახლეობაში მიხეილ სააკაშვილის პოპულარობამ სწრაფად იკლო: საზოგადოებაში ის უკვე არა პროდასავლელ მხსნელად, არამედ გარყვნილებისა და ტირანიის სიმბოლოდ აღიქმებოდა. როცა არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი და [მისი პარტია] დამარცხდა, ახალმა ხელისუფლებამ ყოფილი ხელისუფლების მიერ რეალურად თუ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი მოქმედების გამოძიება დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის ბედი არაფრით არ იქნებოდა განსხვავებული სხვა პოსტსაბჭოთა ლიდერების პოლიტიკური სიკვდილისაგან, რომ არა უკრაინა…

საქართველოს მსგავსად, უკრაინაც ილუზიებში იმყოფებოდა – კიევს ეგონა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აყვავებულ მდგომარეობას შეინარჩუნებდა, მაგრამ მწარედ მოტყუვდა. უკრაინელებიც ქართველებისავით ფიქრობდნენ, რომ „კარგ პრეზიდენტს“ აირჩევდნენ და სიტუაცია გამოსწორდებოდა, პრობლემები მოგვარდებოდა. შესაბამისად, უკრაინაშიც, საქართველოს მსგავსად, რეჟიმები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებოდნენ.

კიევში დღეს ბევრი ფიქრობს, რომ დასავლეთის რჩევების თანახმად, სწორედ კორუფციაა ყველა პრობლემის მიზეზი. უკრაინის ამჟამინდელ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს, რომელიც ხელისუფლებაში მწვავე პოლიტიკური კრიზისის ტალღაზე მოვიდა, მიაჩნია, რომ თუ მთავრობაში, ადგილობრივი სპეციალისტების ნაცვლად, უცხოელებს, უმეტესად დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებს დაასაქმებს, ამით კორუფციასთან ბრძოლის საკითხში სიტუაციას გამოასწორებს. მიხეილ სააკაშვილი ამ მხრივ ერთ-ერთი გამონაკლისი იყო, თუმცა საქართველოს ექს-პრეზიდენტის სტატუსის ოდესის ოლქის გუბერნატორის სტატუსით შეცვლამ მას საქართველოს მოქალაქეობა დააკარგვინა. შეიძლება ითქვას, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ, ალბათ, მსოფლიოშიც.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი კორუფციას თუ არ მოსპობს, შეამცირებს მაინც, მაგრამ ძალიან საჭვოა, რომ ამით ოდესის ოლქში და ზოგადად, უკრაინაში ეკონომიკური ვითარება გამოსწორდება. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იქნება გამოხატულება მსოფლიოში და კერძოდ, ევროპაში მიმდინარე არასტაბილური ეკონომიკური პროცესებისა, რასაც პოლიტიკური შედეგები ექნება. აშკარაა, რომ ამაზე არ უფიქრია იმათ, ვინც საბჭოთა იმპერიას ანგრევდა.

Comments are closed