globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 ოქტომბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Oct 29th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): პრეზიდენტის სტატუსი, როგორც პრობლემა

«Сегодня» (უკრაინა): „როცა უკრაინის დელეგაციის მეთაური ვლადიმირ არევი „ქართულ ოცნებას“ „კოშმარს“ უწოდებს, იგი უკვე ვეღარ მივა საქართველოს „კოშმარული“ პარტიის წევრებთან და ვერ ეტყვის მათ – მეგობრებო, მხარი დაგვიჭირეთ რეზოლუციის კენჭისყრის დროსო“

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 29 ოქტომბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/presidential-powers-constitutional-majority/3570433.html

პრეზიდენტის სტატუსი, როგორც პრობლემა

ნინო დალაქიშვილი


ორ დღეში გაირკვევა აიღებს თუ არა „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას და ისარგებლებს თუ არა ფუფუნებით, რასაც მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ გადაწყვეტილებების მიღება გულისხმობს. თუმცა რამდენად შეიძლება ეს შესაძლებლობა მივიჩნიოთ ფუფუნებად, როდესაც გვაქვს მაგალითი იმისა, თუ რა შედეგით ასრულებს მმართველი გუნდი, თუ ის საპარლამენტო უმრავლესობით ქვეყანას მართავს, რთული სათქმელია.

ფაქტია, რომ ამ ეტაპზე „ქართული ოცნება“, პარტია, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნა და რომელიც ფართო ოპოზიციური კოალიციის მხოლოდ ერთი შემადგენელი გახლდათ, ამჯერად მაქსიმალურად ამბიციურია. მისი წარმომადგენლები ამბობენ, რომ გააჩნიათ ექსკლუზიური კომპეტენცია იყონ ყველაზე ბრძენი მმართველები და გამორიცხავენ ხელისუფლების ხიბლში აღმოჩენის ალბათობას.

ახლა უკვე საიდუმლოს აღარ წარმოადგენს, რომ ქართული ოცნება საპარლამენტო მუშაობის დაწყებისთანავე კონსტიტუციის შეცვლის საკითხს დააყენებს. როგორც „ამერიკის ხმასთან“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მისი გუნდი კონსტიტუციის მხოლოდ და მხოლოდ გაუმჯობესებაზე იზრუნებს, ხელისუფლების საუკეთესოდ დაბალანსების გზით:

„მოქმედი კონსტიტუციით, იმ კონსტიტუციით, რომელიც მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ 2010 წელს პრეზიდენტი არაა არც ერთი შტოს შემადგენელი ნაწილი. შესაბამისად, არასწორად ამბობენ ხოლმე არა მარტო ჟურნალისტები, იურისტებიც, რომ პრეზიდენტი არის დამბალანსებელი ამ სისტემაში. პრეზიდენტს არ აქვს მინიჭებული მოქმედი კონსტიტუციით დამბალანსებლის ფუნქცია იმიტომ, რომ ის არ არის არც ერთი შტო. ამ სისტემაში ის აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი 2013 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, მას ვერ ექნება და არც აქვს დამბალანსებლის როლი არც კანონმდებლობით და არც პრაქტიკაში. მას აქვს არბიტრის ფუნქცია მინიჭებული და ისიც ძალიან შეზღუდულ ფარგლებში. რაც შეეხება მთავარსარდალს, მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას აქვს სამხედრო სადავეების აღების შესაძლებლობა. ესაა არასწორი ინტერპრეტაცია, ასეთ შეცდომებს ხშირად უშვებენ არა მარტო ჟურნალისტები, სამწუხაროდ, იურისტებიც, კონსტიტუცია პრეზიდენტს ასეთ პრეროგატივას არ ანიჭებს“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ ხელისუფლების უკეთესად დაბალანსება იმ შემთხვევაში, თუ იქიდან პრეზიდენტს, როგორც ერთ–ერთ აქტორს მმართველი გუნდის უბრალო დანამატად ვაქცევთ, ამის შესახებ მოსაზრების გამოთქმა სამართლის სპეციალისტებს ვთხოვეთ.

გიორგი მშვენიერაძე, სამართალმცოდნე, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას ამბობს:

„მაგალითისთვის: საგანგებო მდგომარეობას აცხადებს პრეზიდენტი და ეს განცხადება, ბუნებრივია გულისხმობს საკუთარ თავში იმას, რომ ის იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, ქვეყანა გადავა თუ არა საომარ მდგომარეობაზე. მას ასევე აქვს უფლებამოსილება შეზღუდოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, როგორც ეს კონსტიტუციაშია მოცემული და თავად იღებს დეკრეტებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, ის პროცესებში იღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, არსებობს ასევე შტაბი, თავდაცვის მინისტრი და ისინი გეგმავენ ომის სტრატეგიას. მაგრამ პრეზიდენტი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები და მის გარდა, ვერავინ სხვა ამას ვერ გააკეთებს. თუკი პრეზიდენტის დანიშვნის წესი გადაისინჯება, სავარაუდოდ, ვერ ავცდებით პრეზიდენტის უფლებამოსილებების გადასინჯვასაც. მაგალითად, საკონსტიტუციო მოსამართლეების დანიშვნასთან და სხვასთან დაკავშირებით. თუკი პრეზიდენტს არ შევუცვლით უფლება-მოსილებებს და ისევე თავისუფალი იქნება პრეზიდენტი, როგორიც დღეს არის, მაშინ რატომაა არჩევის წესი პრობლემა? თუკი პრეზიდენტი ისევე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი უნდა იყოს, არ იყოს ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე, მაშინ რატომ იქნება უფრო დამოუკიდებელი პრეზიდენტი თუკი მას პარლამენტი აირჩევს და არა მაშინ, თუკი მას ხალხი აირჩევს? მნიშვნელოვანია, რა მოტივი აქვს ხელისუფლებას, როდესაც კონსტიტუციის შეცვლის შესახებ განცხადებებს აკეთებს.“

„ამერიკის ხმასთან“ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემაც ისაუბრა:

„მთავრობასა და პარლამენტს შორის როდესაცაა გაუგებრობა, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტს აქვს პარლამენტის დათხოვნის და ხელახალი არჩევნების დანიშვნის კომპეტენცია. ცხადია, ეს ნიშნავს, რომ ესაა არბიტრის ფუნქცია პრეზიდენტის უფლებამოსილების არსენალში. ჩვენ რომ ვთქვათ, რომ საერთოდ არ აქვს პრეზიდენტს არბიტრის ფუნქციები, ეს იქნებოდა კონსტიტუციიდან დაშორებული ნათქვამი. თუ პრეზიდენტი გახდება არჩეული პირი პარლამენტის მხრიდან, მაშინ ეს ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის როლი კიდევ უფრო გაიზრდება და ის თეორიული შანსი, რაც დღესაა, რომ პარლამენტი და პრეზიდენტი სხვადასხვა გუნდიდან იყოს, გაქრება. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, პრეზიდენტი ყოველთვის იქნებაუმრავლესობის მხრიდან დამტკიცებული. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი კიდევ უფრო დაიღვევა საპარლამენტო უმრავლესობის სასარგებლოდ“.

პრეზიდენტის უფლებამოსილებასა და ფუნქციებთან დაკავშირებით სამართლის სპეციალისტებისა და ქართული ოცნების წარმომადგენლების მოსაზრებები ერთმანეთთან თანხვედრაში არაა. ამდენად არაფერი გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ „ქართული ოცნების“ შეხედულებისამებრ შეცვლილი კონსტიტუცია მართლაც უკეთ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსს, ვიდრე ამის საშუალებას კონსტიტუციის არსებული რედაქცია იძლევა.

«Сегодня» (უკრაინა), 29 ოქტომბერი, 2016 წელი

https://www.facenews.ua/news/2016/339100/

http://www.segodnya.ua/politics/pnews/arev-v-pase-nazval-predstaviteley-gruzinskoy-mechty-gruzinskim-koshmarom-posol-gruzii-764686.html

„როცა უკრაინის დელეგაციის მეთაური ამხანაგი ვლადიმირ არევი „ქართულ ოცნებას“ „კოშმარს“ უწოდებს, იგი უკვე ვეღარ მივა საქართველოს „კოშმარული“ პარტიის წევრებთან და ვერ ეტყვის – ძვირფასო მეგობრებო, მხარი დაგვიჭირეთ რეზოლუციის კენჭისყრის დროსო“

კიევში მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის მოხსენების პრეზენტაცია გაიმართა თემაზე „საგარეო პოლიტიკის აუდიტი: უკრაინა-მოლდოვა“, რომელსაც საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლებაც დაესწრო. ღონისძიების დროს ქართველმა დიპლომატმა პასუხი გასცა იმ შეკითხვასაც, რომელიც უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს ეხება.

რასაკვირველია, ყველაზე მთავარი საკითხი, რომელიც ამ ბოლო დროს, უფრო ზუსტად კი 12 ოქტომბერს მოხდა ორი ქვეყნის ურთიერთობებში, ისაა, რომ 12 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრებმა ქართველ კოლეგებს უსაყვედურეს, რომ მათ ხმა არ მისცეს უკრაინისათვის სასარგებლო რეზოლუციას, ანუ ქართველებმა უკრაინის პოზოციას მხარი არ დაუჭირეს. უკრაინულმა მასმედიამ მყისიერად აიტაცა ეს ინფორმაცია და, როგორც იტყვიან, მთელი მედიასივრცე ანტიქართული მასალებით წაილეკა.

მიხეილ უკლება თვლის, რომ უკრაინული დელეგაციის მიერ ქართველი კოლეგებისადმი გამოტქმული საყვედურები არაობიექტურია, რადგან ქართველებს ის არ დაუმსახურებიათ. პრინციპში, იმის მიზეზი, რომ ქართველმა დეპუტატებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს უკრაინის სასარგებლო რეზოლუციის კენჭისყრაში, თვითონ უკრაინელების მიერ კომუნიკაციაში დაშვებული შეცდომის ბრალია. დიპლომატმა განმარტა, როცა ევროსაბჭოის საპარლამენტო ასამბლეაში მნიშვნელოვანი რეზოლუცია განიხილება, ამ დროს დაინტერესებული ქვეყნის დელეგაციის წევრები სხვა დელეგაციებთან უნდა მივიდნენ და დოკუმენტის განხილვის დრო უნდა შეატყობინონ, მაგრამ უკრაინის დელეგაციას ეს არ გაუკეთებია, ანუ ქართველებისთვის დრო არ შეუტყობინებია. შესაბამისად, საქართველოს დელეგაციის წევრები სხვა ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ.

„იცით, რატომ იყო ცუდი კომუნიკაცია უკრაინისა და საქართველოს დელეგაციებს შორის? იმიტომ, რომ თქვენი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ამხანაგმა ვლადიმირ არევმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურში გამარჯვებულ პარტიას იცით, რა უწოდა? ეს „ოცნების“ პარტია კი არა, „კოშმარის“ პარტია არისო. გესმით? ჰოდა, როცა უკრაინის დელეგაციის მეთაური „ქართულ ოცნებას“ „კოშმარს“ უწოდებს, იგი უკვე ვეღარ მივა საქართველოს „კოშმარული“ პარტიის წევრებთან და ვერ ეტყვის – ძვირფასო მეგობრებო, მხარი დაგვიჭირეთ რეზოლუციის კენჭისყრის დროსო“, – განმარტა მიხეილ უკლებამ. ელჩმა იქვე დაამატა, რომ ასამბლეის სესიაზე კენჭისყრის წინ, კომიტეტის სხდომაზე საქართველოს დელეგაციის წევრებმა მოიწონეს და მხარი დაუჭირეს ყველა რეზოლუციაში შესატან ყველა იმ ცვლილებებს, რომელიც უკრაინის დელეგაციის მიერ იყო ინიცირებული.

ქართველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ იგი იმედგაცრუებულია იმ [ანტიქართული] ისტერიით, რომელიც უკრაინის მასმედიამ რეზოლუციასთან დაკავშირებით დაიწყო და ჟურნალისტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მსგავსი მკვეთრი განცხადებებისაგან, რომელიც „წყალს საერთო მტრის წისქვილზე ასხამს“. მიხეილ უკლებამ გაახსენა ჟურნალისტებს, რომ 2014 წლამდე უკრაინა ყოველთვის რუსეთის პოლიტიკას მიჰყვებოდა და უარს აცხადებდა იმ რეზოლუციებისადმი მხარდაჭერაზე, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეხებოდა.

Comments are closed