globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 29th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ფუჭი იმედები? // საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

«Deutschlandfunk» (გერმანია): მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ბრძოლაში იწვევს; უკრაინელები მისი სახით ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს ხედავენ

———————-

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 29 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

ფუჭი იმედები?

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

სტატიაში განხილულია საქართველოს პარლამენტის სხდომა, რომელზეც მთავრობის წევრთა კანდიდატურები იქნა განხილულ-დამტკიცებული. ვრცელი პუბლიკაცია რამდენიმე ნაწილისაგან შედგება  (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

„რაში გამოიხატება გეგმა“

სტატიის ამ ნაწილში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ 4-პუნქტიან პროგრამაზე მასში საუბარია ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე, დაგეგმილ რეფორმების გატარებაზე, საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე… ავტორის აზრით, ისევე როგორც წინა მთავრობა, ამჟამინდელიც ზომიერ საგარეოპოლიტიკურ კურსს გაატარებს, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა განსაზღვრული საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ. პუბლიკაციაში საკმაოდ ფართოდაა გადმოცემული გიორგი კვირიკაშვილის გამოსვლის ძირითადი მომენტები.

„ნაციონალები“ და პატრიოტთა ალიანსი პოზაში დადგნენ“

ავტორი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო უმცირესობამ – ოპოზიციურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი არ დაუჭირა და მათი ნაწილი, კენჭისყრის წინ დარბაზიდან გავიდა.

„ეროვნული უმცირესობების საკითხი“

რასაკვირველია, აზერბაიჯანული გაზეთი ყურადღებას დაუთმობდა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე აზერბაიჯანულენოვანი დეპუტატის გამოსვლას: როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, დეპუტატამა სავალან მირზოევმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში გარდაბნელი აზერბაიჯანელების წარმომადგენელია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს ქეთევან ციხელაშვილს მიმართა, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს ეროვნულ უმცირესობათ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირების საკითხს. სავალან მირზოევმა განათლების მინისტრობის კანდიდატს ალექსანდრე ჯეჯელავასაც მიმართა და შეეკითხა, თუ რა სიახლეა ქართული სახელმწიფო ენის ხარისხიან შესწავლაში. „მინისტრის პოსტზე წარდგენილმა კანდიდატმა დეპუტატს კონკრეტული პასუხი ვერ გასცა და მხოლოდ ზოგადი განცხადებით შემოიფარგლა. რჩება მხოლოდ იმის იმედი, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტი ყურადღებით მოეკიდება იმ დაპირებების შესრულებას, რომლებიც საჯაროდ იქნა გაცხადებული ჯერ კიდევ წინასაარცევნო კამპანიის დროს“, – წერს სტატიის ავტორი.

პოლიტოლოგის კომენტარი

„კასპიი“-ს კორესპონდენტმა კომენტარისათვის „ცნობილ ქართველ პოლიტოლოგს“ გელა ვასაძეს მიმართა. აი, რას ამბობს იგი: „საქართველოს ახალი მთავრობის პრობლემა გეგმის დეკლარირებაში კი არაა, არამედ ამ დეკლარაციის იმპლემენტაციაში. თუ ამ კუთხით შევხედავთ, სრულიად უპერსპექტივო სურათს დავინახავთ. რაც შეეხება რეფორმებს, ახლა მთავარი ისაა, რომ მთავრობამ როგორმე მიღწეული შეინარჩუნოს. ობიექტურად თუ ვიტყვით, მთავრობის დაპირება, რომ გადასახადებისა და მოსაკრებლების საკითხში „ესტონურ მოდელზე“ გადავალთო, ნამდვილად მისასალმებელი და სწორი ნაბიჯია. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელობა ენიჭება იმპლიმენტაციას. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, გზავნილი გასაგებია, მაგრამ როგორ შეიძლება მისი პრაქტიკაში განხორციელება? მეორე ცივი ომის პირობებში ლავირება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ მეტ-ნაკლებად, ყველა შემთხვევაში მთავრობას რომელიმე მხარისადმი (ან დასავლეთის, ან რუსეთის მიმართ) რაღაც დათმობაზე წასვლა მოუწევს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რისკები საკმაოდ დიდია. მოვიყვან მმხოლოდ ერთ მაგალითს: აფხაზეთზე გამავალი რკინიგზა, რომელიც რუსეთს სომხეთთან აკავშირებდა. თუ მოსკოვი საქართველოს მთავრობას მის აღდგენაზე თანხმობას მოსთხოვს, მაშინ ჩვენი ხელისუფლება დილემის წინაშე აღმოჩნდება: ან უარი თქვას და ამით რუსეთთან ურთიერთობა გაიფუჭოს, ან დათანხმდეს და ამით აფხაზეთის დამოუკიდებლობა დე-ფაქტოდ აღიაროს, რაც თავის მხრივ, კატასტროფა იქნება ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის. რაც სეეხება ეროვნული უმცირესობის ინტეგრაციის საკითხს ქართულ საზოგადოებაში, გასული 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ამ მიმართულებით არაფერი არ გაუკეთებია. თუ რაიმე ახალი ნაბიჯები გადაიდგმება ამ საქმეში და რაღაც ახალი გეგმები შემუშავდება, ეს ძალიან საინტერესო იქნება. სამწუხაროდ, მე ჯერ რაიმე მსგავსი გეგმა არაფერი მინახავს“.

«Deutschlandfunk» (გერმანია), 28 ნოემბერი, 2016 წელი

https://russian.rt.com/inotv/2016-11-28/DLF-Saakashvili-nadoelo-sluzhit-viveskoj

უკრაინა: მიხეილ სააკაშვილი პეტრო პოროშენკოს ბრძოლაში იწვევს. უკრაინელები მისი სახით ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს ხედავენ

„მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას მიტინგზე შეკრებილი რამდენიმე ათასი კიეველი ჯერ საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდა – მათ ბევრი დანაპირები ჰქონდათ წინა წლების განმავლობაში მოსმენილი, რომლებიც არ შესრულებულა. თუმცა როგორც კი საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ლაპარაკი ქვეყანაში არსებულ ოლიგარქულ სისტემაზე დაიწყო, მიტინგზე აპლოდისმენტები გაისმა“, – წერს გერმანელი კორესპონდენტი ფლორიან კელერმანი „დოიჩლანდფუნკის“ („გერმანული რადიოს“) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის ანალოგიური რეპორტაჟი რადიოეთერშიც გადაიცა.

გუბერნატორის პოსტიდან წასვლის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას მაინც არ შორდება. საქართველოში პერსპექტივის არქონის გამო იგი ახლა შეეცდება უკრაინელებს შორის  პოპულარობა საკუთარი მიზნების განსახორციელებლად გამოიყენოს. უკვე აშკარაა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ყოფილი მეგობრის, უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბრძოლაში გამოწვევა და ქვეყნის პოლიტიკაში „აურზაურის“ მოწყობა განიზრახა.

მიხეილ სააკაშვილმა სახელი იმით „გაითქვა“, რომ „საქართველო თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ“ გადააქცია, თუმცა ახლა, ოდესის ოლქის გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა სერიოზულად გადაწყვიტა „თავისი კვალი უკრაინაშიც დატოვოს“. ამას წინათ მან განაცხადა, რომ ორგანიზაცია „ახალი ძალების მოძრაობა“ შექმნა.

პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი ოდესღაც ერთად სწავლობდნენ კიევის უნივერსიტეტში, მეგობრები იყვნენ, [სწორედ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დანიშნა იგი ოდესის გუბერნატორად], მაგრამ „დრონი იცვალენ“ და ყოფილი მეგობრები ახლა ერთმანეთის მიმართ „უბოროტეს მტრებად“ იქცნენ. როგორც ჩანს, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორს ყელში ამოუვიდა, რომ პეტრო პოროშენკო მას „რეფორმების აბრად“ იყენებდა და არ ეხმარებოდა. სწორედ ასე განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა კიევში გამართულ მიტინგზე.

გერმანელი ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ახალ პარტიას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ უკრაინის ვერხოვნა რადას მორიგ არჩევნებზე საკანონმდებლო ორგანოში მოხვდეს. უკრაინელი პოლიტოლოგის იური ლესნიჩის თქმით, ბევრი უკრაინელი ქართველ პოლიტიკოსში ქვეყნის მომავალ პრეზიდენტს ხედავს: „იგი ძლიერი პოლიტიკოსია, – ხაზს უსვამს პოლიტოლოგი, – იგი ხალხს ღიად და პირდაპირ ესაუბრება. სწორედ ამიტომ მიხეილ სააკაშვილი სხვა უკრაინელ პოლიტიკოსებზე უფრო პოპულარულია“.

მიხეილ სააკაშვილი დროს არ დაკარგავს და პოპულარობით მიღებულ შანსს ხელიდან არ გაუშვებს, – აღნიშნულია „დოიჩლანდფუნკის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, – საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სურს რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს და თავისი პოპულარობა ხელისუფლებაში მოსვლისა და წარმატებისთვის გამოიყენოს.

————-

უკრაინის დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩატარებული მიტინგის პერიპეტიები კიდევ ერთმა გერმანულმა რადიოსადგურმა – „დოიჩე ველემ“ („გერმანულმა ტალღამ“) გააშუქა. როგორც რადიოს კიეველი კორესპონდენტები აღნიშნავენ, ცნობილი უკრაინელი პოლიტიკოსის, „უკრაინის სახალხო მოძრაობის“ („ნაროდნი რუხ უკრაინი“) დამფუძნებლის, ავტოავარიაში 1999 წელს დაღუპულ ვიაჩესლავ ჩერნოვილის ძეგლთან 27 ნოემბერს გამართულ აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი იყო შეკრებილი: „მიტინგის მონაწილეთა რაოდენობა ათას კაცს აღწევდა“. აქციაზე უკრაინის ერთ-ერთი პოლიტიკური ორგანიზაციის – გენადი ბალაშოვის პარტიის „5.10“-ის წარმომადგენლებიც იყვნენ, თუმცა მათ მიხეილ სააკაშვილის მოძრაობის პროგრამას მხარი არ დაუჭირეს.

როგორც „დოიჩე ველეს“ კორესპონდენტები მიუთითებენ, აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მოძრაობის („რუხ ნოვიხ სილ“) დროშები არ ჩანდა, ანუ, სავარაუდოდ, ახალი პარტია ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია. მიტინგის ჩატარება კი, ალბათ,  ერთგვარი „სასინჯი ქვაა“, ან „წყლის ტემპერატურის შემოწმება“ (წყარო: http://www.dw.com/ru/a-36541369).

Comments are closed