globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 29th, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

29 დეკემბერი, 2014 წელი

«ТВ Мир-24» (რუსეთი), 28 დეკემბერი, 2014 წელი

http://mir24.tv/news/politics/11851431

მიხეილ სააკაშვილი: „ვარდების რევოლუციის“ ლიდერობიდან სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტობამდე
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხალხის მტერია“ – აი, ასე თვლის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. უფრო ადრე ექს-პრეზიდენტს ისეთი სისხლის სამართლის ბრალდებები წაუყენეს, რომელთა დადასტურების შემთხვევაში მას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება. როგორ გახდა მიხეილ სააკაშვილი ამ სისხლის სამართლის საქმეების ფიგურანტი?
ბორის მანჟუკოვის რეპორტაჟი.
ოდესღაც მიხეილ სააკაშვილს ყველაფერი ჰქონდა – რეზიდენცია, ვერტმფრენები, აგარაკი ვენახით კახეთში, ავტომობილები… მაგრამ 2014 წელი მისთვის საბედისწერო გახდა. მარტის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში მიიწვიეს. ეს დღე ათვლის წერტილი გახდა ყოფილი პრეზიდენტის კრიმინალურ ისტორიაში: მოწმის სახით მიიწვიეს, მაგრამ გამომძიებლები ქვეყნის ყოფილ ხელმძღვანელს ტყუილად ელოდნენ. მიხეილ სააკაშვიოლმა მოგვიანებით განაცხადა, რომ პროკურატურაში მისვლისა შეეშინდა: „სანამ სიარული შემიძლია, მე ჩემს პროგრამას განვახორციელებ. ამას ივანიშვილის პირადი ზოოპარკიდან კი არ გავაკეთებ, ან იმ კამერიდან, სადაც ვანო მერაბიშვილი ზის, არამედ ნიუ-იორკიდან, კიევიდან, ვარშავიდან, ანკარიდან, ტოკიოდან, პრაღიდან… ყველა იმ ადგილიდან სადაც დავდივარ თავისუფალი ადამიანის სტატუსით. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, მე გადაადგილებას ვერავინ დამიშლის. მე ჩასვლა მხოლოდ ორ ქვეყანაში არ შემიძლია – საქართველოში და რუსეთში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ივლისის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის ფიგურანტი გახდა, იგი უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულეს. ყოფილ პრეზიდენტს ბრალად წაუყენეს როგორც მომიტინგეთა უმოწყალოდ დარბევა 2007 წელს, ასევე კერძო ტელეკომპანია „იმედში“ რეიდერული შეჭრა და მისი ხელში ჩაგდება. აგვისტოს დასაწყისში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო დადგენილება გამოძიების პროცესში მიხეილ სააკაშვილის დაუსწრებლად დაპატიმრების თაობაზე. რამდენიმე დღის შემდეგ კი „ვარდების რევოლუციის“ ლიდერს მორიგი ბრალი წაუყენეს – საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა პირადი მიზნებისათვის.
„საქართველოში დაუსჯელობის ეპოქა დასრულდა, პასუხი ყველას მოეთხოვება, თითოეული მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორი იქნება – პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი თუ ყველა სხვა სახელმწიფო მოსამსახურე… ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა… სამარცხვინოა ჩემთვის, რომ ასეთი პრეზიდენტი გვყავდა, რომელიც ხალხის ფულს საკუთარი განცხრომისათვის ხარჯავდა – იმ ფულს, რომელსახ ადამიანების ჯიბიდან იღებდა“, – ასეთი კომენტარი გაუკეთა მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აგვისტოს ბოლოს ყოფილი პრეზიდენტი თავის თანამოაზრეებს საქართველო-თურქეთის საზღვართან შეხვდა. „ვარდების რევოლუციის“ ლიდერმა ტრადიციისამებრ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა: „მათ საზღვარი დამიკეტეს იმისთვის, რომ პიჯაკი ვიყიდე, მაგრამ მე ეს არ მაღელვებს. მე მაღელვებს საქართველო, რომელიც ამათ ხელში მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. ნორმალურმა და ღირსეულმა ადამიანებმა, რომლებიც დღეს სახელმწიფო აპარატში მუშაობენ, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ – ან ისინი ეთანხმებიან სიტუაციის შემდგომ გაუარესებას, ან მათ უნდა დატოვონ სამსახურები და ამით თავიანთი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირონ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
და ამას ამბობს ადამიანი, რომელიც სამშობლოში ერთხელაც არ გამოჩენილა მთელი წლის მანძილზე. საქართველოს პერსპექტივის შესახებ ხან ნიუ-იორკიდან საუბრობს, ხან ბრიუსელიდან და ხანაც კიევიდან. „თუ კიდევ ასე გაგრძელდება, მაშინ ჩვენი ქვეყანა განწირულია. საქართველოს არავითარი მომავალი არ ექნება. ახლა არის სწორედ ხახლხის გაერთიანების მომენტი, ახლა უნდა ვუთხრათ მთავრობას, რომ ქართველი ხალხი მას არარ ენდობა, რომ ქართველები ამაყ საქართველოს ირჩევენ… ჩვენ ძლიერ და განვითარებულ სახელმწიფოდ გადაქცევის ამბიცია გვაქვს“, – განაცხადა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ექს-პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების ძალიან მცირე შანსი აქვს, მის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები სულ უფრო მატულობს: ნოემბრის ბოლოს იგი კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდა – ყოფილი პრეზიდენტი ბანკის მოსამსახურის სანდრო გირგვლიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. მიხეილ სააკაშვილს ყველა ბრალდების საფუძველზე შესაძლოა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს. ამიტომაც იგი საქართველოში არ ცამოდის, ზის ნიუ-იორკში და იმის იმედი აქვს, რომ ინტერპოლი უარყოფს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობას მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ.
ამას წინათ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთი სკანდალის მონაწილე გახდა: თბილისის გაზეთმა „კვირის ქრონიკამ“ გამოქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ექს-პრეზიდენტი თურმე იმ იარაღით ვაჭრობდა, რომელსაც საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აწვდიდა. იარაღის სავარაუდო მიმღები ქვეყნების სიაშია ირანი, კოლუმბია (იქაური პარტიზანები) და სირია (ისლამური მებრძოლები). მათ შორის, შესაძლოა, ტერორისტებიც არიან, – წერს „ქრონიკა“.

«Hurriyet Daily News» (თურქეთი), 27 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.hurriyetdailynews.com/turkish-trade-with-abkhazia-an-apple-of-discord-for-georgia.aspx?pageID=238&nID=76148&NewsCatID=396

თურქეთის ვაჭრობა აფხაზეთთან: განხეთქილების ვაშლი საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში
სტატიაში განხილულია საქართველო-თურქეთის ოცწლიანი თანამშრომლობის შუქ-ჩრდილები – დადებითი და უარყოფითი ასპექტები, რომელთაგანაც ნეგატიურ მომენტს უმთავრესად აფხაზეთთან – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან ანკარის დამოკიდებულება განაპირობებს (ავტორი – სერგი კაპანაძე).
მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე საქართველომ აკრძალა აფხაზეთთან უცხოეთის სახელმწიფოების ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობა, თურქეთი მაინც ავითარებს სავაჭრო კავშირებს აფხაზეთთან. 2013 წლის მონაცემებით, ორმხრივმა საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 600 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეს ციფრები არაოფიციალურია, მაგრამ მეტ-ნაკლებად სინამდვილეს შეესაბამება. ვაჭრობა უმეტესად შავი ზღვის მეშვეობით, თურქული გემებით ხორციელდება, რომლებიც ოფიციალურად სტამბოლის, სამსუნისა და ტრაპიზონის ნავსადგურებიდან ვითომდა სოჭში (რუსეთში) მიცურავენ, მაგრამ მათ სოჭამდე ნახევარი გზაც არ აქვთ ხოლმე გავლილი, რომ ისინი სოხუმის ნავსადგურში შედიან, იქიდან კი თურქეთში აფხაზეთის საექსპორტო პროდუქციით დატვირთულები ბრუნდებიან.
თბილისისათვის ეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას ნიშნავს, რომ არაფერი ვთქვათ იმ კანონების დარღვევაზე, რომლებიც აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალებმა წინა წლებში რამდენიმე თურქული გემი დააკავეს, რაც თბილის-ანკარას შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა. საბოლოო ჯამში ყველა თურქული გემი გათავისუფლებული იქნა, ან აუქციონზე გაიყიდა. უმრავლეს შემთხვევაში ამ აუქციონებში ის პირები მონაწილეობდნენ, რომლებთაც ეს გემები ეკუთვნოდათ, ანუ მათი მფლობელები იყვნენ. ამის მიუხედავად, პრობლემა მაინც არ მოგვარებულა. მართალია, 2009-2010 წლებში ქართულმა და თურქულმა მხარეებმა მოლაპარაკების მიზნით რამდენიმე შეხვედრა გამართეს ანკარასა და ბათუმში, გარკვეულ თანხმობასაც მიაღწიეს, მაგრამ პრობლემის გადასაწყვეტად ხელშეკრულება მაინც არ გაფორმებულა.
თურქეთის მცდელობები აფხაზეთთან ვაჭრობის განვითარების მიზნით გასაგებია: ანკარას არ სურს, რომ აფხაზეთი ეკონომიკურად იზოლირებული იყოს, რომ აფხაზეთში რუსული კომპანიები დომინირებდეს. გასაგებია ისიც, რომ თურქეთში არსებული აფხაზურ დიასპორა ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების გაფართოებას ცდილობს. მაგრამ თავისი მიზნების მიღწევის მცდელობებით თბილისის თვალში თურქეთმა რეპუტაცია დაკარგა – ანკარა არ არის ის კონტრუქციული ბროკერი (შუამავალი), რომელიც საქართველოს აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა, რომელიც თბილისს ხელს შეწყობდა აფხაზეთის მოსახლეობის წინაშე ნდობის მიღწევაში.
ქართული მხარისათვის ტერირიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ეს ოკუპირებულ რეგიონებს ეხება. ასეთივე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ამ რეგიონებისადმი შემუშავებული სტრატეგიის დაცვა. თურქულმა მხარემ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო-სამართლებრივ პრინციპებს, გემების მოძრაობის წესებს ექსტერიტორიულ წყლებში, გემთმფლობელებისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს კერძო საკუთრებისა და ეკიპაჟის წევრების ხელშეუხებლობა… თუ ოდესმე ანკარა და თბილისი ხელშეკრულებას გააფორმებენ, დოკუმენტში მხარეების მიერ ეს პრინციპები უნდა დაფიქსირდეს.
რასაკვირველია, უნდა ჩამოყალიბდეს დადებითი წინაპირობები იმისა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის მსგავსი შეთანხმება დაიდოს: ნდობის აღდგენა-განმტკიცება სოხუმთან ჩრდილოვანი ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტის მიზნით. თურქეთს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს აფხაზეთში რუსული გავლენის შემცირების საკითხშიც, მაგრამ გარკვეული ნეგატიური მომენტები მაინც რჩება… ასეთმა პოლიტიკამ შესაძლოა აფხაზეთის ხელისუფლებასა და სტამბოლ-ანკარაში მოქმედ გავლენიან აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებში თურქეთის მიმართ უარყოფითი განწყობა წარმოქმნას. მაგრამ ამ ფასად „ჩიტი ბდღვნად ღირს“.
ამჟამად, როგორც ჩანს, თბილისმა და ანკარამ თანდათან დაივიწყეს გემების პრობლემა და ისინი ისევე ახლოს არიან შეთანხმების დადებამდე, როგორც ოთხი წლის წინათ იწვნენ. თუ ორივე პოლიტიკურ ნებას გამოავლენს, საჭირო იქნება მხოლოდ მცირე ბიძგი მოლაპარაკების დასაწყებად, რათა აფხაზეთთან უკანონო ვაჭრობის საკითხი განხილულ იქნეს და პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს.
———–
სტატიის ავტორი სერგი კაპანაძე არის საქართველოს რეფორმების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი დირექტორი. 2010-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მონაწილეობდა თურქეთთან მოლაპარაკებებში დაკავებული გემების საკითხის მოგვარების მიზნით. სტატიის სრული ვერსია დაბეჭდილია თურქეთის ყოველკვარტალური ჟურნალ «თურკისჰ ჵოლიცყ ჻უარტერლყ»-ის მეოთხე ნომერში:

http://www.turkishpolicy.com/dosyalar/files/vol_13-no_3-kapanadze.pdf

Comments are closed