globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 29 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 29th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): კონსტიტუციის გადაკეთება // რისი მიღწევა სურს საქართველოს მმართველ პარტიას?

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): კუდ-ის გასამართლება

———————-

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 29 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

კონსტიტუციის გადაკეთება

რისი მიღწევა სურს საქართველოს მმართველ პარტიას?

სტატიაში მიმოხილულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომისიის შექმნის თაობაზე, ნაჩვენებია კომისიის შემადგენლობა და მიზნები. გაკეთებულია შესაბამისი კომენტარიც „დამოუკიდებელი ექსპერტის“ მიერ (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

„როგორც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, პირველ რიგში კონსტიტუციაში ისეთი ცვლილების შეტანაა აუცილებელი, რომელიც უზრუნველყოფს ძალთა ბალანსს პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ცვლილება შეეხება საარჩევნო სისტემასაც. გარდა ამისა, დაგეგმილი ქორწინების რაობის დაზუსტებაც: კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაიწერება, რომ ქორწინებად მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთმანეთთან კავშირი ითვლება. ეს ცვლილება დასავლელი პოლიტიკოსებისათვის აშკარად არასასიამოვნო იქნება“, – აღნიშნავს ავტორი.

პუბლიკაციაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი საკონსტიტუციო კომისიის წევრების ვინაობას და და მათ პარტიულ კუთვნილებას (73 წევრი, მათ შორის დეპუტატები როგორც მმართველი პარტიიდან, ასევე ოპოზიციიდან, საზოგადოების წარმომადგენლები, ექსპერტები  და ა.შ.). სტატიაში ვრცლადაა ციტირებული საქართველოს პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის გამოსვლა საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე. ავტორი აღნიშნავს, რომ კომისიამ საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო პროექტი 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს, რომელიც შემდეგ პარლამენტს წარედგინება განსახილველად.

„უხერხული“ პრეზიდენტი

ცვლილებები ყველაზე მეტად პრეზიდენტის უფლებამოსილებას შეეხება. ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თვლიან, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს  ზედმეტი უფლებამოსილება აქვს. მათი აზრით, უნდა შეიცვალოს პრეზიდენტის არჩევის წესიც: ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ პრეზიდენტი შეიძლება დემოკრატიულად იყოს არჩეული როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი გზითაც. მაგრამ არის რაღაც ისეთი საკონსტიტუციო რეფორმაში, რომლის შესახებაც ქართული მასმედია რატომღაც დუმს. სწორედ ამის შესახებ ესაუბრება გაზეთ „კასპიის“ კორესპონდენტს დამოუკიდებელი თბილისელი ექსპერტი გელა ვასაძე:

„რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო რეფორმის გატარება ასეთი საჩქარო არაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით, საქართველოში სუფთა საპარლამენტო სისტემის არსებობა უფრო ლოგიკურია, ვიდრე შერეული საპარლამენტო-საპრეზიდენტო სისტემისა, ამ კონკრეტულ  შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება აშკარად კერძო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ეს მიანიშნებს ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიებაზე, რომელიც მიმართულია მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ. ივანიშვილისთვის მარგველაშვილი „უმადური და უხერხული“ პრეზიდენტია.

სხვათა შორის, „უმადურობის“ შესახებ ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერის გარეშე გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა, მაგრამ მეორე მხრივ ის ფაქტი, რომ მოქმედი პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური მხოლოდ  „ლამპრის მონა“ არ აღმოჩნდა („ლამპრის მონაში“ იგულისხმება აღმ.ზღაპრის გმირი ჯინი, სხვისი ბრძანებების შემსრულებელი – მთარგმნ. შენიშვნა), ეს ფაქტი პატივს იმსახურებს. ამას მოსახლეობაც ხედავს და აფასებს. გიორგი მარგველაშვილმა ფიქრი საკუთარ პოლიტიკურ თამაშზე დაიწყო, ასეთ მოქმედებას კი ბიძინა ივანიშვილი არავის პატიობს. აი, ამაში გამოიხატება ეს საკონსტიტუციო რეფორმაც“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 29 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-in-tbilisi-have-condemned-the-former-officers-of-intelligence-agency/3653806.html

კუდ-ის გასამართლება

ზაზა წულაძე


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარ-ტამენტის (კუდ) ყოფილ უფროსს დათა ახალაიას, ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ყოფილ უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ გია დგებუაძეს, მეტსახელად „მასტერას“ და კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან შამათავას ორ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ, შესაბამისად, 12, 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ა) დათა ახალაია და გია დგებუაძე

დათა ახალაია და გია დგებუაძე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დამნაშავედ სცნო 2006 წლის 12 იანვარს, თბილისში, ნავთლუღის ბაზართან, სამი ახალგაზრდის: 17 წლის შოთა გორგაძის, 21 წლის რომან სურმანიძის და 23 წლის მარად ართმელაძის განზრახ მკველობაში. გამოძიებით დადგინდა, რომ დათა ახალაიამ და გია დგებუაძემ საკონტროლო გასროლით მოკლეს შოთა გორგაძე და რომან სურმანიძე. განაჩენის გამოცხადების დროს, სასამართლო დარბაზში მხოლოდ გია დგებუაძე იმყოფებოდა. მისი ექსტრადირება ჰოლანდიიდან 2016 წლის მარტში განხორციელდა. დათა ახალიას ექსტრადირება კი პროკურატურამ ვერ მოახერხა. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების გამო, დათა ახალაია ინტერპოლის მიერ აღარ იძებნება.

ათი წლის წინ, ნავთლუღის ბაზართან მოკლული რომან სურმანიძის მამა – ოთარ სურმანიძე ამბობს, რომ საქმეს დასრულებულად, მხოლოდ დათა ახალაიას დაკავების შემდეგ ჩათვლის: „ჯერ ჩვენი ოჯახისთვის სამართლიანობა არ აღმდგარა. ყველას, ვინც დამნაშავე იყო რომ დაიჭერენ, დათა ახალაიას ჩათვლით, სამართალი მაშინ აღდგება. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ 7, 8 და 12 წელი საკმარისი სასჯელი არ არის. მაგათ სამ უდანაშაულო ახალგაზრდას სიცოცხლე მოუსპეს და სამუდამოდ ციხეში თუ დარჩებიან, სამართალი მაშინ იზეიმებს“.

ნავთლუღის სკანდალურ „სპეცოპერაციასთან“ დაკავშირებით სასამართლოს 2014 წელს, დამნაშავედ სცნო დათა ახალაიას ძმა ბაჩო ახალაია, რომელიც იმ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ბაჩო ახალიას და თბილისის მე-7 ციხის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას – 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯათ. კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს: ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილის კი ციხე – 11 წლითა და 3 თვით. ინტერპოლის ხაზით, ამ დრომდე იძებნება მეგის ქარდავა, რომელიც დაუდასტურებული ინფორმაციით, თავს რუსეთის ფედერაციას აფარებს.

ბ) რომან შამათავა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან შამათავას მიუსაჯა. იგი დამნაშავედ სცნეს 2008 წლის 17 და 27 აგვისტოს ხაიშის სატყეო უბნის რეინჯერის დათო ცინდელიანისა და თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავას განზრახ მკვლელობაში.

დათო ცინდელიანი და პაატა ქარდავა შსს-ს კუდ-ისა და განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა აგვისტოს ომის დროს რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის დაუდასტურებელი ბრალდებით აიყვანეს. პოლკოვნიკმა რომან შამათავამ ორივე უკანონო პატიმარი კატარღით ზღვაში გაიყვანა, იარაღით დახოცა და კვალის დაფარვის მიზნით ცხედრები წყალში გადააგდო.

სასამართლომ რომან შამათავას, მკვლელობის ორივე ეპიზოდზე, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, ამნისტიის მუხლის შესაბამისად, სასჯელი – 8 წლამდე განახევრდა. ამან მოკლულთა ოჯახების ძლიერი უკმაყოფილება გამოიწვია. დავით ცინდელიანის ბიძა გურამ ვიბლიანი ამბობს: „შეიყვანა ზღვაში, დახვრიტა, ჩაძირა ზღვაში და 8 წელი მიუსაჯეს! ეს სამართალია? რანაირი სამართალია ეს?“.

მთავარმა პროკურატურამ უკვე განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლკოვნიკ რომან შამათავასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

პროკურატურა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთთან ომის დროს, მართლმსაჯულების გვერდის ავლით, ლიკვიდირებულ პირთა საქმის ძიებას განაგრძობს.

Comments are closed