globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 იანვარი, 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jan 30th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Независимая газета» (რუსეთი): ბიძინა ივანიშვილი თანამოქალაქეთა დამშვიდებას შეეცადა // ჩრდილოვანმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა უკრაინის ომში თავისი შვილები გაგზავნოს

«Бульвар Гордона» (უკრაინა): ინტერვიუ ოლეგ ბასილაშვილთან: „საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ჩემს მესამე სამშობლოდ კი უკრაინას ვთვლი“

«Bloomberg» (აშშ): ბოდიში, უკრაინა, პუტინს ვერ დაამარცხებ… // რაც უფრო მეტად მოაჩვენებს თავს უკრაინელებს პეტრო პოროშენკო, რომ მას დონეცკ-ლუგანსკის ძალით დაბრუნება შეუძლია, მით უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება „უკრაინული აფხაზეთის“ შექმნის პერსპექტივა

———————-

«Независимая газета» (რუსეთი), 30 იანვარი, 2015 წელი

http://www.ng.ru/cis/2015-01-30/7_gruzia.html

ბიძინა ივანიშვილი თანამოქალაქეთა დამშვიდებას შეეცადა

ჩრდილოვანმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა უკრაინის ომში თავისი შვილები გაგზავნოს

„ოთხშაბათს საღამოს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გამოსვლისას, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არ გამორიცხა ხელისუფლებაში თავისი დაბრუნება, თუმცა გარკვეული პირობით. ქვეყნის ჩრდილოვანმა ლიდერმა ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია შეაფასა, ტელემაყურებელს ზოგიერთი იდეა გაუზიარა და კვლავ გაიმეორა ის დაპირებები, რომლებიც მან ორი წლის წინანდელი საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობას მისცა“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა ტელეეკრანზე დროული იყო. შეიძლებოდა ეს უფრო ადრეც გაკეთებულიყო საპროტესტო განწყობების განეიტრალებისათვის: ქართული ვალუტის კურსი ისევ ეცემა და უკვე ორ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, ეკონომიკა სტაგნაციაშია, ვაჭრობის მოცულობის სწრაფი შემცირება უკვე სიმწრის ცრემლებს იწვევს, დამძიმდა კრიმინოგენული სიტუაცია… საგარეო პოლიტიკაშიც გარკვეული სტაგნაციაა: დასავლეთთან რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ არის და თბილისი მხოლოდ არსებული დონის შენარჩუნებას ცდილობს, რუსეთთანაც პროგრესი არ შეიმჩნევა და ურთიერთობა მხოლოდ ეკონომიკური კავშირებით ამოიწურება.

მოკლედ, მოსახლეობა „ქართული ოცნწების“ საქმიანობით იმედგაცრუებულია და უკმაყოფილებაც მატულობს. უკვე აღარავის ეჩვენება შეუძლებლად უახლოეს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რევანში, რომელიც საკმაოდ პროფესიონალურად და ეფექტურად სარგებლობს სოლიდური საინფორმაციო რესურსით და მმართველ კოალიციას მწარედ აკრიტიკებს… და ეს, ზოგიერთი წამყვანი ქართველი ექსპერტის შეფასებით, საქართველოში სიტუაციის განვითარების ყველაზე უარესი ვარიანტი იქნება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ „ნაციონალები“ რარაც უარყოფითი მუხტის მატარებლები არიან, არამედ უფრო იმიტომ, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში ისინი თავისებურად დაიწყებენ „სამართლიანობის აღდგენას“, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით…

როგორც გაირკვა, ოლიგარქი ხელისუფლებაში დაბრუნებას არ ჩქარობს, არადა, როგორც მოსახლეობა ფიქრობს, სწორედ მის დაბრუნებას შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ეს საკითხი მეტ-ნაკლებად ღიად დატოვა: „ის ჭარბი ნდობა, რაც გამაჩნდა საზოგადოებისგან, საზიანო იქნებოდა ქვეყნისთვის. ჭარბი ნდობა მოადუნებდა იმ მუხტის განვითარებას, რათა საზოგადოებამ გააცნობიეროს, რომ პატრონი ამ ქვეყნის არის საზოგადოება. აქედან გამომდინარე, ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება არ იქნება სწორი, თუ ამის აუცილებლობა არ დადგა და ღმერთმა ნუ ქნას დადგეს. მეორედ მოსვლას ვადარებ ჩემს მოსვლას. რაღაც უბედურება უნდა მოხდეს ამისთვის”, – განაცხადა ექს-პრემიერმა ტელეინტერვიუში.

ამასთან, ოლიგარქმა არ გამორიცხა ვადამდელია არჩევნების ჩატარება: „ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მე არ ვისურვებდი. მინდა, რომ ქართული საზოგადოება მიეჩვიოს კანონის ჩარჩოებში ცხოვრებას და იმას, რომ კონსტიტუციას მოვუსმინოთ. ამის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ, მაგრამ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ანტიხალხური საქმიანობის მხილებისათვის განზრახულია მხატვრული ფილმის გადაღება, პარალელურად მან აღნიშნა, რომ ამჟამინდელი მთავრობასაც გარკვეული ცოდვები აქვს უკვე ჩადენილი და საერთოდ, ყველა პოლიტიკოსმა ფრთხილად უნდა იმოქმედოს. ამით მან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე და ყოფილ თავდაცვის მინისტრზე ირაკლი ალასანიაზე მიანიშნა.

საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება მხოლოდ უკრაინასა და რუსეთზე გაამახვილა. მოსკოვის მოქმედებას კიევის მიმართ მან მსოფლიოს წინააღმდეგ მიმართული საფრთხე უწოდა, თუმცა ექს-პრემიერმა იქვე მკაცრად გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა და მისი მოწოდება ქართველებისადმი უკრაინაში საბრძოლველად. „ვისაც სურვილი აქვთ, რომ ქართველები უნდა წავიდნენ უკრაინაში და დაიხოცონ, პირველ რიგში საკუთარ შვილებს მოუწოდონ. ვისაც ამის სურვილი აქვს, საკუთარი შვილებით დაიწყონ და მაგალითი აჩვენონ. რაც სააკაშვილს უნდოდა, ბევრმა პოლიტიკოსმა გაამართლა და ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს ამით“, – აღნიშნა ივანიშვილმა. რაც შეეხება უკრაინის მთავრობაში საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრების დანიშვნებს, ოლიგარქმა განაცხადა: „თუ ადამიანები ძებნაში არ არიან და საქმდებიან უკრაინაში, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა უკრაინაში ისეთი ხალხი დანიშნეს, ვინც თავი შეირცხვინა საქართველოში და არ გამოირჩეოდნენ ეფექტური მართვით. იმის განცდა მაქვს, რომ შეგვარცხვენენ იქაც“.

ინტერვიუ, რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ბიძინა ივანიშვილმა იმით დაასრულა, რომ განაცხადა: „ერთიან ნაცმოძრაობას“ საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა სურს, მაგრამ მაის ამას ვერ შეძლებს, რადგანა არავითარი რესურსი არ აქვს“.

საექსპერტო წრეებში ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ „შეშფოთებული საზოგადოების დამამშვიდებელ მოქმედებად“ შეაფასეს, თუმცა მას არაფერი ახალი და პრინციპული არ უთქვამს გარდა იმისა, რომ თებერვალში ხელისუფლება დაიწყებს „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესს ბიზნეს-სფეროში. მაგრამ თუ წინა ხელისუფლების მიერ დაცაგრული ბიზნესმენები და ცალკეული მოქალაქეების გარკვეულ კომპანსაციას ვერ მიიღებენ, მაშინ „ქართული ოცნება“ რისკზე მიდის: კოალიცია საბოლოოდ დაკარგავს პოპულარობას და დიდი პრობლემებს გაიჩენს.

«Бульвар Гордона» (უკრაინა), 29 იანვარი, 2015 წელი

http://www.bulvar.com.ua/arch/2014/56/54ca2aa931f3b/

ოლეგ ბასილაშვილი: „საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ჩემს მესამე სამშობლოდ კი უკრაინას ვთვლი“

პოპულარული უკრაინული გამოცემის „ბულვარ გორდონას“ კორესპონდენტი ნატალია დვალი ესაუბრება კიევში სტუმრად მყოფ გამოჩენილ რუს მსახიობს, წარმოშობით ქართველს ოლეგ ბასილაშვილს, რომელიც თავის პოზიციას გამოხატავს უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, რუსეთ-უკრაინის ურთიერთდამოკიდებულებაზე, საქართველოს როლზე მის ცხოვრებაში და სხვა საკითხებზე.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„არ დაიჯეროთ, რომ თითქოსდა რუსებს უკრაინელები სძულთ, ეს ჭორებია. ის რაც დღეს ხდება, ძალიან დიდი ტრაგედიაა… დიახ, ვლადიმერ პუტინი რუსეთის მოსახლეობაში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. აი, თქვენ ეთნიკური ქართველი ქალბატონი ბრძანდებით და უკრაინის მოქალაქე ხართ. მეც მამით ქართველი ვარ, დედა კი რუსი მყავს, დავიბადე მოსკოვში, მაგრამ რამდენიმე წელი თბილისში გავატარე… საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, მე ჩემი ცხოვრება მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ყოველწლიურად საქართველო ჩემთვის სულ უფრო და უფრო ახლობელი ხდება. ჩემს მესამე სამშობლოდ უკრაინას ვთვლი. უკრაინა ჩემთვის ახლოა დიდი პოეტებითა და მწერლებით: ლესია უკრაინკით, ტარას შევჩენკოთი, ნიკოლაი გოგოლით, მიხეილ ბულგაკოვით და სხვებით. იმედი მაქვს, ნეგატივი წარსულს ჩაბარდება. ვიმეორებ: რუს ხალხში უკრაინელების მიმართ არავიტარი სიძულვილი არ არის…

ჩვენი ხალხები, რასაკვირველია, გარკვეულწილად ერთმანეტისაგან განსხვავდებიან, მაგრამ ბევრი რამით ერთნაირები არიან: თითქმის ერთი ენა გვაქვს, თარჯიმანი არ გვჭირდება, ერთნაირი კულტურა, ტრადიციები, ერთი ღმერთი გვყავს… აი, მაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და არა იმაზე, რომ რატომაა გაყოფილი ორად უკრაინის ეკლესია… კიევი ხომ ყველა რუსული ქალაქის დედად ითვლება. ბოლოს და ბოლოს, რუსული ქალაქი იაროსლავლი ხომ კიევის დიდმა მთავარმა იაროსლავ ბრძენმა დაარსა! ჩვენ ისე ვართ ერთმანეთში გადაჯაჭვული, რომ ჩვენი დაშორება და ნაპრალის გაჩენა ორივეს უბედურებას მოგვიტანს.

- მაგრამ ეს ნაპრალი უკვე გაჩენილია, ნუთუ ამას რუსეთში ვერ გრძნობთ?

- მოიცათ, რატომ გავიწყდებათ, რომ რუსები და უკრაინელები ერთად იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ? ერთად იცავდნენ კიევს და ერთად გაატავისუფლეს ბერლინი ფაშისტებისაგან? მამაჩემი, ქართველი კაცი, დნეპრის ფორსირების დროს უკრაინელების მხადამხარ იბრძოდა… დიახ, მე ვგრძნობ ნაპრალს, ურთიერთნდობის შესუსტებას, მტრობას, მაგრამ ეს კულტურის მუშაკებს არ გამოუწვევიათ. ეს გამოიწვია ორივე მხრიდან – კიევიდან და მოსკოვიდან წამოსულმა მწვავე საინფორმაციო პროპაგანდამ…

«Bloomberg» (აშშ), 28 იანვარი, 2015 წელი

http://www.bloombergview.com/articles/2015-01-28/sorry-ukraine-you-can-t-beat-putin

ბოდიში, უკრაინა, პუტინს ვერ დაამარცხებ…

რაც უფრო მეტად მოაჩვენებს თავს უკრაინელებს პეტრო პოროშენკო, რომ მას დონეცკ-ლუგანსკის ძალით დაბრუნება შეუძლია, მით უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება „უკრაინული აფხაზეთის“ შექმნის პერსპექტივა

მარკ ჩემპიონი

(შემოკლებით)

მართალია, ბოლო ხანს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის აღმოსავლეთში ისევ დაანთო ომის ცეცხლი, თუმცა ამ დროს მნიშვნელოვანია ისიც ვიცოდეთ, თუ რა როლი შეასრულა კიევმა სიტუაციის გამწვავებაში. აქვე ისიც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ვლადიმერ პუტინზე სანქციებით ვერავინ გაიმარჯვებს – პირიქით, სანქციები მას ფრთხილი მოქმედებისაკენ უბიძგებს.

ვლადიმერ პუტინმა იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ უკრაინის არმიას, უბრალოდ, რუსეთის რეგულარული სამხედრო ქვედანაყოფების წინააღმდეგ ბრძოლის ძალა არ შესწევს და თუ რუსეთის პრეზიდენტი მოისურვებს, რუსული ტანკები მართლაც რამდენიმე საათში კიევთან იქნებიან, უკრაინას ვერავითარი ევროპა ვერ უშველის. როცა გასული წლის სექტემბერში ვლადიმერ პუტინმა მინსკის მოლაპარაკების ინიციატივა წამოაყენა, მას იმედი ჰქონდა, რომ უკრაინის ლიდერი პეტრო პოროშენკო დათანხმდებოდა პოლიტიკურ დარეგულირებასაც და ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნებოდა.

ამის ნაცვლად უკრაინის პარლამენტმა პეტრო პოროშენკოს მოთხოვნით გააუქმა ქვეყნის ბლოკსგარეშე სტატუსი და ოფიციალურად განაცხადა, რომ უკრაინის მიზანი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაა. ეს კიევის მიერ დაშვებული სერიოზული შეცდომა იყო, რომლის შედეგად საომარი მოქმედება აუცილებლად განახლდებოდა. აშკარა გახდა, რომ პუტინი აღარ წავიდოდა მსგავს დათმობაზე, თუ არ მიიღებდა ოფიციალურ განცხადებას – „უკრაინა ნატოში არ გაწევრიანდება“.

ცეცხლის ასე თუ ისე შეწყვეტის რეჟიმი კიევმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა: სასწრაფოდ ააშენა [სამხედრო-ფორტიფიკაციული] ზღუდე სეპარატისტული ტერიტორიის გასწვრივ თითქოსდა თავდაცვის მიზნით, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ნაგებობები მხოლოდ თავდაცვითი არაა, იქიდან შეტევაც შეიძლება. კიევი ზედმეტად დიდი მსხვერპლის ფასად არ თმობდა დონეცკის აეროპორტს, რომელიც მინსკის მოლაპარაკების თანახმად, სამთავრობო ქვედანაყოფებს უნდა დაეტოვებინათ. შემდეგ კი უკრაინის ცენტრალურმა ხელისუფლებამ მთელ მსოფლიოს ამცნო, რომ ცდილობს სასიკვდილო იარაღი შეიძინოს ნატოს ქვეყნებში, რომლებმაც კიევს უკვე გაუგზავნეს რადიოლოკაციური სადგურები საარტილერიო საპასუხო ცეცხლის მართვის მიზნით. ასეთმა ღია განცხადებებმა უკრაინის არმიას ტაიმერი ჩაურთეს და ვლადიმერ პუტინმაც არ დააყოვნა: დაიწყო შეტევა და კიევს გადაიარაღების დრო და წრთვნის საშუალება წაერთვა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისე წარმოსახა სიტუაცია, რომ ვლადიმერ პუტინი თითქმის უკვე დამარცხებულია. დიახ, დღეს ამერიკა ძლიერია და თავის მოკავშირეებთან ერთად მოქმედებს, რუსეთს კი სანქციები აქვს გამოცხადებული, მოსკოვი იზოლაციაშია, მისი ეკონომიკა სუსტდება… მაგრამ ბარაკ ობამას განცხადება ძალიან ჰგავს ჯორჯ ბუშის განცხადებას ერაყში შეჭრის შემდეგ – „მისია უკვე შესრულებულიაო“. ვლადიმერ პუტინი არ დამარცხებულა. ბარაკ ობამა რომ ცოტა მაინც აზრზე იყოს და პუტინის ხასიათს იცნობდეს, იგი ერთ ჭეშმარიტებას მიხვდებოდა: რუსეთის პრეზიდენტის შეტევა მისმა ტრაბახმა და იმის ძახილმა გამოიწვია, რომ ვლადიმერ პუტინი დამარცხდა.

ასე რომ, ამ ზამთარს უკრაინამ და მისმა დასავლელმა პარტნიორებმა ხელიდან გაუშვეს კონფლიქტის დარეგულირების შესაძლებლობა. დღეს ძალიან ძნელია იმის გაგება, თუ რას უბრძანებს პუტინი რუს ტანკისტებს – პოროშენკოს ზღუდეები გაანგრიონ თუ ჯერ-ჯერობით მოიცადნონ. თუ რუსეთის არმიის მთავარსარდალი გადაწყვეტს, რომ სანქციების ლიმიტი დასავლეთს უკვე ამოეწურა და რუსეთისათვის ეს სანქციები იოლად გადასატანია, მაშინ… წინ, მარშით მარიუპოლისა და ოდესისაკენ!

ან შეიძლება ასეც იმოქმედოს: დონეცკის აეროპორტი ხომ უკვე დაიკავა, ახლა აიღებს დებალცევოს და ელექტროსადგურს, რომელიც ასე საჭიროა სეპარატისტებისათვის, მერე კი პოროშენკოს დიდსულოვნად კიდევ ერთ შანსს მისცემს მშვიდობაზე დასაფიქრებლად.

ეს ვლადიმერ პუტინის ომია. ეს ომი მან მაშინ ჩაიფიქრა, როცა მისი მოკავშირე ვიქტორ იანუკოვიჩი კიევიდან გააძევეს. ვლადიმერ პუტინი ამ ომს აკონტროლებს. და თუ ამერიკას და ნატოს რუსეთთან ბრძოლა არ სურთ უკრაინის გამო (მათ ნამდვილად არ აქვთ ამის სურვილი!), მაშინ მათ პეტრო პოროშენკოს უნდა გააგებინონ, რომ ეს კონფლიქტი მხოლოდ პოლიტიკური მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს. უკრაინა იძულებული იქნება მტკივნეულ დათმობებზე დათანხმდეს.

სხვათა შორის, ასეთივე საშინელ სიტუაციაში აღმოჩნდა საქართველო ოცზე მეტი წლის წინათ: მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე – აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე კონტროლი გაინაღდა, მან თბილისს კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირება თავისი პირობებით მოსთხოვა. როცა საქართველომ [მოგვიანებით] უარი განუცხადა და შეეცადა ტერიტორიული პრობლემა სამხედრო გზით გადაეწყვიტა, რუსეთმა ის, უბრალოდ, გაანადგურა. ნატო? ნატო დასახმარებლად არც მისულა…

სრულიად გასაგებია, რომ უკრაინას არ სჭირდება არც თავის აღმოსავლეთ ნაწილში არც „აფხაზეთი“ ჰქონდეს და არც „სამხრეთ ოსეთი“, მაგრამ კიევმა დააგვიანა და რუსეთს მათ შექმნაში უკვე ხელს ვეღარ შეუშლის. რაც უფრო მეტად მოაჩვენებს თავს უკრაინელებს პეტრო პოროშენკო, რომ მას დონეცკისა და ლუგანსკის ძალით დაბრუნება შეუძლია, მით უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება „უკრაინული აფხაზეთის“ შექმნის პერსპექტივა და მით უფრო მეტ ადამიანთა სიცოცხლეს, მატერიალურ სიკეთეს და სუვერენიტეტს დაკარგავს კიევი.

Comments are closed