globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 30th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველოს ამბების მიმოხილვა: რუსეთთან დამოკიდებულება ამერიკის ახალი პრეზიდენტის ფაქტორის გათვალისწინებით

«Известия» (რუსეთი): თბილისს იმედი აქვს, რომ მოსკოვი სავიზო რეჟიმს გააუქმებს // რუსეთი და საქართველო ურთიერთობის ნორმალიზებას აგრძელებენ

———————-

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 29 იანვარი, 2017 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20170128-nedelya-v-gruzii-mezhdu-rossiei-i-trampom

საქართველოს ამბების მიმოხილვა: რუსეთთან დამოკიდებულება ამერიკის ახალი პრეზიდენტის ფაქტორის გათვალისწინებით

„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ („საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“) მიერ 29 იანვარს ეთერში გადაცემულ საქართველოს ამბების მიმოხილვის დროს კორესპონდენტი გიორგი ლებანიძე  აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს, კერძოდ, რუსეთზე მიბმულ ქართულ ეკონომიკაზე, საქართველოს როლსა და ადგილზე აშშ-რუსეთის ურთიერთობაში, გია ცერცვაძის „საქმეზე“ და კორუფციაზე საქართველოში (Transparency International-ის მონაცემებით).

რუსეთთან ვაჭრობა და თბილისის მოსკოვზე დამოკიდებულების ზრდა

საქართველო-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დღემდე არ არსებობს. დიპურთიერთობის გაწყვეტა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით განხორციელდა, 2008 წლის „ხუთდღიანი ომის“ შემდეგ. ამის მიუხედავად, ბოლო წლებში ორ მეზობელს შორის ვაჭრობის დონე განუხრელად მატულობს. 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს  ვაჭრობა 12%-ით გაიზარდა  და 881 მილიონი დოლარი შეადგინა. შესაბამისად, საქართველოს პროდუქციის ექსპორტში რუსეთს პირველი ადგილი აქვს დაკავებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ქართული ღვინო ყველაზე მეტი რაოდენობით რუსულ ბაზარზე გადის – 25 მილიონი ბოთლი გასულ წელს. შედარებისთვის: უკრაინამ, რომელსაც საქართველოსთან ვაჭრობაში მეორე ადგილი უკავია, მხოლოდ 5 მილიონი ბოთლი სამარკო ღვინის იმპორტი მოახდინა. რუსეთი ასევე პირველ ადგილზეა საქართველოსთან ვაჭრობაში სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მხრივაც, პლუს მინერალური წყალი.

ეს ციფრები საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუ მათ პოლიტიკურ კონტექსტში განვიხილავთ: მეღვინეობა და საერთოდ, სოფლის მეურნეობა მთლიანად, ასევე მინერალური წყლების ჩამოსხმა ქართული ეკონომიკისათვის ჯერ კიდევ „სისტემწარმომქმნელ ხერხემლად“ რჩება. ამ სტატისტიკის ყურადღებით გაანალიზებისას, ოპოზიციის მძაფრი პროტესტების მიუხედავად, ნათელი ხდება, თუ რატომ წავიდა კომპრომისზე საქართველოს მთავრობა „გაზპრომ“-თან მიმართებით, როცა სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საკითხში გაზის ნატურად აღების ნაცვლად, მის ფულად გამოხატულებას დაჯერდა. მძიმე ფინანსური კრიზისისა და ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფრთხილად და ზრუნვით მიუდგა „რუსული ბაზრის პოტენციალის“ შენარჩუნებას. უფრო მეტი სიფრთხილით, ვიდრე „ნაციონალების“ ხელისუფლება თავის დროზე – მათ ხომ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ, რადგან იმ დროს რუსეთის ემბარგო მოქმედებდა ქართულ პროდუქციაზე. დღეს კი რუსეთს თავისი უზარმაზარი ბაზარი გახსნილი აქვს. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ამით მოსკოვი გიორგი კვირიკაშვილის მთავრობას თითქოსდა ანიშნებს – „არ გამაღიზიანო რაღაც-რაღაცეებით, თორემ ამით ისევ შენს ეკონომიკას და ვალუტას დააზარალებო“. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს კატასტროფულად ნეგატიური სალდო აქვს საგარეო ვაჭრობაში.

ძნელი არაა იმის მიხვედრა, რომ თუ მოსკოვი ისევ დახურავს თავის ბაზარს ქართული პროდუქციისათვის, თუ ისევ შეწყდება პირდაპირი ავიარეისები, ამით ტურიზმს ყველაზე მტკივნეული დარტყმა მიადგება. შესაბამისად, ქართული ლარი კიდევ უფრო ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება. სწორედ ასეთი მწარე რეალობის თავიდან აცილების მიზნით მოხდა „გაზპრომ“-თან დათმობა. და არა ამარტო ამით: ამას წინათ ოპოზიციური „ ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტს უთხრა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას განზრახული აქვს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას არ დაესწროს, რათა „რუსეთი არ გააბრაზოსო“. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ – საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ კურსი ნატოსა და ევროკავშირთან მიმართებით უცვლელი რჩება.

აპირებს თუ არა დონალდ ტრამპი რუსეთისადმი საქართველოს „ჩაბარებას“

„თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნამდვილად დაიწყებს თავისი წინასაარჩევნო საგარეოპოლიტიკური პროგრამის შესრულებას რუსეთთან ურთიერთობის საკითხში, მაშინ არსებობს იმის რისკი, რომ საქართველო რუსეთის ფედერაციის სუბიექტად გადაიქცეს“, – ასე დაწერა ქართველმა პოლიტოლოგმა ნიკა იმნაიშვილმა დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თავის სტატიაში შთამბეჭდავი სათაურით – „აშშ-ის პრეზიდენტი გახდა ის, ვინც ვლადიმირ პუტინს სურდა“.

საქართველოს ხელისუფლება არ იზიარებს საზოგადოების ნაწილში დამკვიდრებულ „ალარმისტულ“ (პანიკურ) განწყობებს: მისალოც განცხადებებში პრეზიდენტმაც და პრემიერ-მინისტრმაც მტკიცე რწმენა გამოხატეს, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობა მომავალშიც „ტრტაგიული თანამშრომლობის ქარტიის“ საფუძველზე განვითარდება.

„რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტთან საუბარში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თედო ჯაფარიძე, რომელიც წლების განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი აშშ-ში, აცხადებს: „ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს ამერიკის ადმინისტრაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას რუსულ კონტექსტში განიხილავდა, ჩვენ კი ყოველთვის გვსურდა, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიის ნაწილი ყოფილიყო. იმიტომ, რომ თბილისი აშშ-ის ერთგული მოკავშირეა და უფრო იმიტომაც, რომ საქართველო როგორც რეგიონის ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფო, აშშ-სთვის საჭირო ქვეყანაა“.

გამოცდილი დიპლომატის განცხადება იმას მოწმობს, რომ თბილისი ბევრს ელოდებოდა პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მისი გუნდისაგან. აბა, განა რას უნდა ელოდოს თბილისი აშშ-ის იმ პრეზიდენტისაგან, რომელმაც არაერთხელ მიანიშნა იმაზე, რომ მზადაა გაითვალისწინოს რუსეთის ინტერესები „ახლო საზღვარგარეთში“?

როგორც ჩანს, აშშ-ის საელჩოში იგრძნეს ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობები და ელჩ იან კელის განცხადებამაც არ დააყოვნა. მან ხაზი გაუსვა, რომ თეთრი სახლის პოლიტიკა საქართველოს მიმართ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროსაც არ შეიცვლება. ელჩმა გაიხსენა კონგრესის რეზოლუციები საქართველოს დამოუკიდებლობის სასარგებლოდ, სენატორების მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ და ა.შ. მოკლედ, გული არ გაიტეხოთ, დახმარება გაგრძელდებაო.

„გია ცერცვაძის საქმე“

საქართველოში კვლავ აქტუალური რჩება უკრაინაში ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის დაკავებისა და გათავისუფლებასთან დაკავშირებული ისტორია. ოპოზიცია კვლავ მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას იმისთვის, თუ რატომ არ გააფრთხილეს მოქალაქე გია ცერცვაძე ქართველმა სამართლადამცველებმა,  რომ მას უკრაინის ტერიტორიაზე დაკავება ემუქრებოდა, ინტერპოლის მიერ გამოცხადებული ძებნის გამო, რუსეთის თხოვნით. გარდა ამისა, ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას (შინაგან საქმეთა სამინისტროს) იმაშიც ადანაშაულებს, თუ რატომ და როგორ აღმოჩნდა გია ცერცვაძის პირადი მონაცემები რუს სამართალდამცველების ხელში. საქართველოს შინაგან საქმეთა უწყებამ განმარტა, რომ მონაცემები ინტერპოლს გადაეცა, ინტერპოლმა კი რუსეთს, მაგრამ ოპოზიცია მაინც არ ცხრება…

გიორგი ცერცვაძის საქმის გამო საკმაოდ უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა არამარტო საქართველო, არამედ უკრაინაც: იგი უკრაინის მოხალისეთა ბატალიონის შემადგენლობაში  პრორუსული ძალების წინააღმდეგ დონბასში იბრძოდა, იყო „ქართული ლეგიონის“ ინსტრუქტორი. თავის მხრივ, „ქართული ლეგიონის“ წევრები დაიმუქრნენ, რომ თუ უკრაინის სამართლადმაცველები გია ცერცვაძეს პატიმრობიდან არ გაათავისუფლებდნენ, ისინი უკრაინის ტერიტორიას დატოვებდნენ… მოკლედ, ასე თუ ისე, პროკურატურის გადაწყვეტილებით, გია ცერცვაძე პატიმრობიდან გამოუშვეს. მან რუსეთის ყველა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მოსკოვი იმ ქართველ მებრძოლებზე შურისძიებას ცდილობს, ვინც რუსებს ჯერ 2008 წლის ომში და ახლა დონბასში ებრძვისო. სხვათა შორის, გია ცერცვაძის საქმე ამით არ დასრულებულა. რუსეთისადმი მისი ექსტრადირების საკითხს კიევის სასამართლო სამ თებერვალს განიხილავს.

„ყველაზე კორუმპირებული რესპუბლიკა“ კორუფციის წინააღმდეგ…

საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-ის მონაცემებით, საქართველომ, 2016 წლის შედეგებით, კორუფციის ინდექსში 57 ქულა დააგროვა და მსოფლიოს 176 ქვეყნიდან 44-ე ადგილი დაიკავა. თანაც, 2015 წლის მდგომარეობასთან შედარებით, საქართველოს მდგომარეობა ხუთი პუნქტით გაუმჯობესდა. მეზობლებს – სომხეთს, რუსეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს თუ შევადარებთ, საქართველოს ყველაზე კარგი მონაცემები აქვს.

მართლაცდა, საქართველო, რომელიც ადრე, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისა და მისი დაშლის შემდომაც, ყველაზე კორუმპირებულ რესპუბლიკად ითვლებოდა, დღეს ამ მხრივ ერთ-ერთი წარმატებული გახდა: უკვე საკმაოდ იშვიათია მექრთამეობისა და კორუფციის შემთხვევები. მათი შემცირების მიზეზია არამარტო მკაცრი სასჯელი, არამედ ისიც, რომ მოსახლეობა ყველანაირ ცნობას სწრაფად იღებს, მომსახურებისათვის საჭირო თანხას ვინმე ბიუროკრატს კი არ უხდის, არამედ სახელმწიფოს.

«Известия» (რუსეთი), 30 იანვარი, 2017 წელი

http://izvestia.ru/news/660238

თბილისს იმედი აქვს, რომ მოსკოვი სავიზო რეჟიმს გააუქმებს

რუსეთი და საქართველო ურთიერთობის ნორმალიზებას აგრძელებენ

ალექსეი ზაბროდინი, ტატიანა ბაიკოვა

(მცირე შემოკლებით)

თებერვლის დასაწყისში პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრაა დაგეგმილი. მხარეებმა ჯერ კიდევ 2016 წლის ბოლოს განაცხადეს, რომ განზრახული აქვთ ნორმალიზების კურსის გაგრძელება, ხოლო პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოაქალაქეებისათვის ვიზების გაუქმებაც კი არ გამორიცხა.

თბილისისთვის ქართველი მოქალაქეების ვიზების თემა მოსკოვთან ურთიერთობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება იმ ფონზე, როცა ქვეყნებს შორის სატრანსპორტო, სავაჭრო და კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხებზე მუშაობა სრული სვლით მიმდინარეობს. თუმცა, თუ რუსეთი და საქართველო წინსვლას 2017 წელსაც იგივე ტემპებით გააგრძელებენ, სავარაუდოდ, თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

დღეისათვის დიალოგის ერთადერთ დიპლომატიურ ფორმატად ისევ უკვე ტრადიციად ქცეული ზურაბ აბაშიძე-გრიგორი კარასინის შეხვედრები რჩება, რომლებიც პრაღასა და ვენაში მიმდინარეობს. როგორც „იზვესტიას“ ორივე დიპლომატმა განუცხადა, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხს მხარეები ამ ეტაპზე არ განიხილავენ, ამიტომაც მოსკოვი და თბილისი მხოლოდ კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაზე შეთანხმებას ცდილობენ. თუმცა, რასაკვირველია, „მთავარ საკითხსაც“ არ ივიწყებენ.

——

როგორც საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელმა ზურაბ ბაშიძემ განაცხადა „იზვესტიის“ კორესპონდენტთან საუბარში, გრიგორი კარასინთან მისი ახალი შეხვედრა თებერვლის პირველ კვირაშია დაგეგმილი, რომლის დროსაც დიპლომატები პირველ რიგში სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებს, აგრეთვე „განსაზღვრულ ჰუმანიტარულ პრობლემებს“ განიხილავენ. „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ სავსებით კონკრეტულ თემებს ვიხილავთ. ორმხრივი ურთიერთობების უფრო რთული საკითხები, რომლებიც ძირითადად კონფლიქტურ რეგიონებს – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს (ანუ სამხრეთ ოსეთს – „იზვესტია“) ეხება, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში განიხილება“, – განმარტავს ინტერვიუში ზურაბ აბაშიძე.

იმავდროულად, 2017 წელს გაგრძელდება კონსულტაციები ვიზებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლადაც: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ  არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას. მან ევროპაში სავიზო რეჟიმის არსებობას  ანაქრონიზმი უწოდა.

„იზვესტია“-სთან საუბარში ზურაბ აბაშიძემ მიანიშნა, რომ ვიზების საკითხში „ბურთი რუსეთის მხარესაა“ და დაამატა, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთში შესვლის რეჟიმის გამარტივება „სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“ იქნებოდა: „სავიზო რეჟიმის შემდგომი პერსპექტივა რუსული მხარის გადასაწყვეტია, ეს მოსკოვის პრეროგატივაა, ჩვენ ვერავის ვერაფერს თავს ვერ მოვახვევთ. რაც შეეხება ქართულ მხარეს, საქართველომ ჯერ კიდევ 2011 წელს გააუქმა ვიზები რუსეთის მოქალაქეებისათვის და მათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ერთი წლის განმავლობაში შეუძლიათ. ასეთი კომფორტული რეჟიმი სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც არსებობს და ამან, სხვა ფაქტორებთან ერთად, პოზიტიური შედეგები გამოიწვია: გასულ წელს საქართველოს რეკორდული რაოდენობის ტურისტი ეწვია, მათ შორის რუსეთიდან – ერთ მილიონზე მეტი“, – ამბობს ქართველი დიპლომატი.

ამასთან, ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი,  თბილისის აზრით, არანაირად არაა დაკავშირებული მთავარი პრობლემის მოგვარებასთან, ანუ საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასთან. თუმცა, პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა არ გამორიცხა, რომ „განსაზღვრული პირობების დროს“ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი შეიძლება დღის წესრიგში გაჩნდეს. ზურაბ აბაშიძის თქმით, თბილისი მზად არის გააგრძელოს დიალოგი პრაქტიკული საკითხების მოგვარების მიზნით როგორც პრაღის ორმხრივი შეხვედრების, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დროსაც. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „ქართული მხარე ამისათვის მზადაა და პოლიტიკური ნებაც აქვს“.

თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი  „იზვესტიის“ კორესპონდენტთან საუბრის დროს მიესალმა ქართველი კოლეგის მზადყოფნას დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის თემის განსახილველად:

„თუ ჩემმა პატივცემულმა კოლეგამ ასეთი რამ ნამდვილად განაცხადა, ეს მისასალმებელია. ყველასათვის ცნობილია, რომ დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის სექტემბერში რუსეთს არ გაუწყვეტია. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ურთიერთობის აღდგენაზე რაიმე დაბრკოლება არ არსებობს და არც შეიძლება იყოს.. ასე რომ, ამ საკითხში პოზიტიური ცვლილებების ვადები მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა რუსმა დიპლომატმა, – ამასთან, როგორც თავდაპირველად შევთანხმდით მე და ზურაბ აბაშიძე, ჩვენ ძალისხმევას ვახმართ ორმხრივი კავშირების ნორმალიზებას იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის დროს. ასეთი სფეროები ცოტა არ არის – ვაჭრობა, სატრანსპორტო მიმოსვლა, ჰუმანიტარული კონტაქტები, კულტურის დარგში გაცვლა-გამოცვლა და ა.შ. ამ მუშაობას გეგმაზომიერად გავაგრძელებთ. ის ხელშესახები შედეგები, რომელთა მიღწევა ჩვენ შევძელით, სრულიად პასუხობს ორივე ქვეყნის მოქალაქეთა ინტერესებს“.

Comments are closed