globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 მარტი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Mar 30th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Lragir» (სომხეთი): ნატო და სამხრეთკავკასიის ქვეყნები: საქართველოს და სომხეთის პერსპექტივა

«Экспресс-газета» (რუსეთი): მიხეილ სააკაშვილი გზაჯვარედინზე // ექს-პრეზიდენტი შეიძლება თავის პროტეჟეებიანად უკრაინიდან გაძევონ

«Новое время» (უკრაინა): რატომ უნდა მიატოვოს უკრაინამ დონბასი

———————-

«Lragir» (სომხეთი), 29 მარტი, 2015 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/41390

ნატო და სამხრეთკავკასიის ქვეყნები: საქართველოს და სომხეთის პერსპექტივა

იგორ მურადიანი, ანალიტიკოსი

(შემოკლებით)

გახდებიან თუ არა სამხრეთ კავკასიის კონფლიქტები (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და მთიანი ყარაბაღი) დაბრკოლებად რეგიონის ქვეყნებისათვის ნატოსთან ურთიერთობაში? უნდა ითქვას, რომ ევროკავშირთან ურთიერთობაში სომხეთისათვის, საქართველოსთვის და აზერბაიჯანისათვის ჩამოთვლილი კონფლიქტები დაბრკოლებად არ ქცეულა – იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირიც პასუხიმგებელია ამ თანამშრომლობის შედეგებზე. ნატოსთან მიმართებით საქმე უფრო რთულადაა, რადგან ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი (ურთიერთდახმარება) არსებობს. ამასთან, შესაძლოა დადგეს მომენტი, როცა ნატო ანგარიშს აღარ გაუწევს ამ მუხლის მოთხოვნებს და… სრულიად შესაძლებელია საქართველო თავის წევრად  მიიღოს, როგორც დასავლეთის მიმართულებით ყველაზე უფრო წინწასული ქვეყანა.

რასაკვირველია, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს (ან უკრაინის) მიღების დროს აუცილებელი გახდება ზოგიერთი გარემოების გათვალისწინება – ალბათ, ხელი უნდა მოეწეროს შეთანხმებას საქართველო-რუსეთს (ან უკრაინა-რუსეთს) შორის თავდაუსხმელობისა და უსაფრთხოების პრობლემების თაობაზე, გარკვეული პირობების დაცვით.

პოლიტიკური და სამხედრო ანალიტიკოსების ბოლო დროს ყურადღებას უთმობენ აშშ-ისა და ნატოს გავლენის საკითხებს შავისზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში. ცხადია, ამას აქვს ობიექტური წინამძღვრები და მიზეზები: უკრაინა, ყირიმი… აშკარაა, რომ რუსეთისათვის ამ რეგიონში ახალი და ფრიად მნიშვნელოვანი, ხშირად კი გადაუჭრელი გამოწვევები და საფრთხეები ჩნდება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამხრეთ კავკასია სულ უფრო და უფრო ხდება უკრაინის მოვლენების მძევალი. ამგვარი სიტუაცია საზიანოა რეგიონის ყველა ქვეყნისათვის, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოსა და სომხეთისათვის.

აშშ-ის საელჩოები საქართველოსა და სომხეთში კვლავ დაბნეულ მდგომარეობაში იმყოფებიან და იმის ნაცვლად, რომ კონკრეტული ამოცანები შეიმუშაონ, მეორეხარისხოვანი საქმეებით არიან დაკავებულნი. და რაში გამოიხატება კონკრეტულად მათი საქმიანობა ამ ეტაპზე? საელჩოები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების კვალობაზე, როცა მოსახლეობის მეტი ნაწილი, რუსეთში მიმდინარე კრიზისი გამო, სულ უფრო ღარიბდება. შესაბამისად, შეიძლება მომწიფდეს სიტუაცია ახალი პოლიტიკური მმართველობისათვის, ანუ კლანური სისტემა შეიძლება ხუნტამ შეცვალოს, რომელიც ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. სხვათა შორის, მართლაც  შეიმჩნევა რამდენიმე „პირველსაწყისი“ ნიშანი იმისა, რომ დასავლეთში სამხრეთ კავკასიის პერპექტივისათვის სწორედ ასეთი შეფასებები და შეხედულებები ყალიბდება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს საკმაო შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს საქართველოსა და სომხეთში „წინასახუნტო“ შიდაპოლიტიკური სიტუაციის შექმნაზე, დასავლეთს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია იმისთვის, რომ ხუნტის ჩამოყალიბება აღნიშნულ ქვეყნებს თავიდან ააცილოს.

სამხედრო ხუნტის თავიდან აცილების ყველაზე საუკეთესო მეთოდი საქართველოსა და სომხეთის მილიტარიზებაა დასავლური მოდელით. და რომელი ნაბიჯი იქნება ყველაზე სწორი ქვეყნისა და საზოგადოების მილიტარიზების მიზნით, თუ არა დაჩქარებული ინტეგრაცია ნატოში?

რა არის მთავარი აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებისათვის ამ სიტუაციაში? ადექვატური მოძრაობა წინასწარ დადგენილი [პროდასავლური] მარშრუტით. იგივე მიმართულებით მიდის საქართველოც, მაგრამ სომხეთი ამ თვალსაზრისით პრინციპულად განსხვავდება როგორც საქართველოსაგან, ასევე მოლდოვასაგან და უკრაინისაგან. სომხეთი რუსეთის ვასალია…

ამ ეტაპზე სომხეთისათვის უმნიშვნელოვანეს პირობად ითვლება არ აღმოჩნდეს იმ წერტილზე, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება. ასეთი რამ შეიძლება მოხდეს, თუ დასავლეთისთვის ერევნის „კაპრიზები“ გადაჭარბებული იქნება. ამ შემთხვევაში  სომხეთს შესთავაზებენ ოფიციალურად და საბოლოოდ იქცეს რუსეთის პროვინციად, რათა დასავლეთს მკაფიო წარმოადგენა ჰქონდეს – ვის და სად დაარტყას, როცა დარტყმა საჭირო გახდება.

«Экспресс-газета» (რუსეთი), 30 მარტი, 2015 წელი

http://www.eg.ru/daily/politics/45565/

მიხეილ სააკაშვილი გზაჯვარედინზე

საქართველოს ექს-პრეზიდენტი შეიძლება თავის პროტეჟეებიანად უკრაინიდან გაძევონ

ბიძინა გოგიშვილი

„ქართველმა ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ, რომელსაც საქართველოს ახალი ხელიუფლების დროს სასჯელაღსრულებისა პრობაციის სამინისტროში მცირე ხნით მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე მუშაობდა, სკანდალური განცხადება გააკეთა: მან თქვა, რომ ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მანიაკი და გარყვნილი კაცია, რომელსაც სექსუალური პრობლემები აქვს… სწორედ მიხეილ სააკაშვილის მითითებით გადაიღეს საპყრობილეში წამების ამსახველი ვიდეოკადრები, შემდეგ კი იგი მათი ცქერით ტკბებოდაო…

საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის უკან დიდი ხანია შეიმჩნევა სექსუალური გარყვნილების შლეიფი. ცნობილია მისი ლტოლვა ექსტრემალური სექსით დაკავდეს მასზე უფრო ახალგაზრდა გოგონებთან საცურაო აუზებში, თვითმფრინავში, რესტორნებში… ზოგჯერ გათხოვილ ქალებთანაც, თითქმის მათივე ქმრების თვალწინ… რომ არაფერი ვთქვათ სამუშაო კაბინეტში და სასტუმროებში მოწყობილ ორგიებზე, რისთვისაც, იყო შემთხვევა, როცა მისმა ცოლმა, ნერვიულობის გამო, ბავშვები წაიყვანა და მშობლებთან ნიდერლანდებში წავიდა. ცნობილია აგრეთვე ინციდენტები ორი ოფიციალური ვიზიტის დროს, როცა მასპინძელი სახელმწიფოების პირველ ლედთა მცველებმა მიხეილ სააკაშვილს ერთ შემთხვევაში ხელი უღრძეს, ხოლო მეორე შემთხვეაში ხელი მოატეხეს ქალბატონთა სხეულის ნაწილზე „ფათურის გამო“.

მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ არ კითხულობდა ლექციებს ტაფტის უნივერსიტეტში სამშობლოდან გაქცეული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავის დროზე ფართოდ იყო რეკლამირებული – ლექციებს კითხულობს საერთაშორისო დიპლომატიისა და პოლიტიკის საგანშიო… რით იყო დაკავებული მიშიკო ოკეანის იქით, გარდა ბარებში ალკოჰოლიანი სასმელების ყლურწვის, ნარკოტიკების მიღების, „ტალკუჩკებზე“ ველოსიპედით სიარულისა?

- გასულ კვირას ხელში მივიღე ინფორმაცია კომპეტენტური ამერიკული წყაროსაგან, – ამბობს საქართველოს საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმის“ მთავრი რედაქტორი არნო ხიდირბეგაშვილი, – აღმოჩნდა, რომ აშშ-ში, სადაც მიხეილ სააკაშვილს ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში ლექციების წაკითხვა შესთავაზეს, იგი გოგონებთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა. სწორედ ამიტომ მიშა იქიდან გამოაძევეს, ლექციების კურსი არ დაასრულებინეს და აღარც სამუშაო ვიზა არ მისცეს.

სად უნდა წასულიყო შმაგი მიშიკო? მხოლოდ კიევში! მაგრამ მას სემდეგ, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მტავრობასა და პრეზიდენტს იმედები არ გაუმართლა – აშშ-საგან მომაკვდინებელი იარაღის მიწოდების ამოცანა ვერ შეასრულა (მხოლოდ 1% დააკლდა!), „ნეზალეჟნაია“ (დამოუკიდებელ) უკრაინაში მისი მრჩევლად მუშაობამ ყოველგვარი აზრი დაკარგა. ხომ გვახსოვს, რომ პეტრო პოროშენკომ მიშას დანიშვნის დროს მთავარი მიზანი გააჟღერა – იარაღის მიღება ამერიკისაგან, ქართველმა დაქირავებულმა კი დავალება ჩააფლავა. იარაღისთვის ფულია საჭირო, ფული ბიზნესმენებს აქვთ, რომლებთაც დევნილი ექს-პრეზიდენტი თავისი ანტიკორუფციული რეფორმებით თვალში ეჩხირებათ… სწორედ ამ მიზეზითაა შეჩერებული დღეისათვის უკრაინის მთავრობის დაკომპლექტების პროცესი ქართველი ჩინოვნიკებით. ამბობენ, რომ კონტრპროდუქტიული გამოდგა.

მაგრამ მიშიკოს ერთი ადგილი ექავება. მან მოასწრო და კიევშიც სკანდალი გამოიწვია: ბარში შესულმა დალია და თვალი ერთ მშვენიერ გოგონას დაადგა, რომელიც თურმე პეტრო პოროშენკოს ბიზნეს-პარტნიორის – ერთ-ერთი მილიონერის ქალიშვილი აღმოჩნდა. გოგონამ მომაბეზრებელ „თაყვანისმცემელს’ სილა სტკიცა. მეორე დრეს მიხეილ სააკაშვილმა კიევის მერისაგან ვიტალი კლიჩკოსაგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო: ქალაქის ხელმძღვანელმა ექს-პრეზიდენტს ურჩია, რომ თავი შეეკავებინა და არ შეელახა უკრაინის რეპუტაცია თავის არაეთიკური და უზნეო ქცევით… პრემიერ-მინისტრს არსენ იაცენიუკსაც სენიშვნა მიუცია მიხეილ სააკაშვილისათვის… მოკლედ, აშკარაა, რომ მიშიკო ისევ უმუშევრად დარჩება: კიევს იგი აღარ ჭირდება, ამერიკაშიც საქმეს არავინ აძლევს… მას მხოლოდ საქართველოში ელოდებიან მოუთმენლად, ხელბორკილებით სათამაშოდ…“.

«Новое время» (უკრაინა), 29 მარტი, 2015 წელი

http://nv.ua/opinion/willard/pochemu-ukraina-dolzhna-brosit-donbass-41203.html

რატომ უნდა მიატოვოს უკრაინამ დონბასი

მაიკლ ვილარდი, პოლიტიკური ანალიტიკოსი, პიარ-კომპანიის პრეზიდენტი

ომმა დონბასი დაანგრია, მაგრამ დაანგრია უკრაინის მთლიანობაც. უკრაინას უკვე ვეღარაფერი შეკრავს, იმდენი სიძულვილია დათესილი კიეველ მედასავლეთეებსა და დონეცკელ პრორუს სეპარატისტებს შორის. რაც უფრო დრო გადის,  მით უფრო ნაკლებ უკრაინელს სურს ბრძოლა დონბასის შედარებით მცირე ტერიტორიისათვის, რომელიც, არსებითად, განადგურებულია. თუ თქვენ წარმოშობით დონბასელი არ ხართ და გეუბნებიან – წადით და აღმოსავლეთის ფრონტზე იბრძოლეთ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც არც თქვენ მოსწონხართ და არც საერთოდ უკრაინაო, რომელ მოტივაციაზეა ლაპარაკი?

დონეცკში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, ჩემს კომპანიას იქ ოფისი ჰქონდა. დონეცკის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშეც ხშირად გამოვსულვარ. დონეცკში მეგობრებიც მყავს, თუმცა, მათ, ალბათ, მათ ქალაქიდან წასვლა მოუწიათ. გული მტკივა რომ ვუყურებ, რად გადაიქცა ეს რეგიონი.

მიმდინარე წლის დასაწყისში სამშვიდობო გეგმა გამოვაქვეყნე, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა:

„უკრაინა ოფიციალურად უარს იტყვის ყირიმზე და ნატოში გაწევრიანებიას სურვილზე. უკრაინა ყირიმს წყალს მიაწვდის, რისთვისაც მას რუსეთი ფულს გადაუხდის; რუსეთი ღებულობს დონბასს მინსკის მოლაპარაკების დროს დადგენილი ხაზის მიხედვით, თუმცა დროებით იქ გაეროს სამშვიდობო ძალები შევლენ; დასავლეთი კიევს 50 მილიარდ დოლარს გამოუყოფს, პარალელურად გატარდება რეფორმები, საერთაშორისო კონტროლით. ამრიგად, უკრაინა კარგავს დანგრეულ დონბასს მოძველებული მრეწველობით და ყირიმს – მეორეხარისხოვან საკურორტო ზონას, სადაც ამაზრზენი მომსახურებაა. რუსეთზე გამარჯვების საუკეთესო მეთოდი ისაა, რომ უკრაინა, მისი მეზობელი, უკეთესი და ეკონომიკურად განვითარებული გახდეს. ამის შემდეგ რუსებიც მიხვდებიან, რომ მათ მაიდანი სჭირდებათ“.

გეგმის გამოქვეყნების დროს მე ილუზიებში ყოფნა კი არ მინდოდა, არამედ რეალური სიტუაციის დანახვა მსურდა. ახლაც მინდა, რომ ყირიმი უკრაინას დაუბრუნდეს, ხოლო რუსეთმა აღმოსავლეთ რეგიონში ჩარევა შეწყვიტოს, მაგრამ ეს ხომ რეალურად არ მოხდება.

ამდენი ხალხის დაღუპვის შემდეგ (ამბობენ, ექვსი ათასიო, მაგრამ რაოდენობა აშკარად შემცირებულია), ამდენი სამრეწველო ობიექტისა და საცხოვრებელი ბინების განადგურების შემდეგ დონბასში კიევისადმი სიძულვილის გრძნობა კიდევ დიდხანს იარსებებს – მინსკის მეორე, მესამე და გნებავთ, მეათე მოლაპარაკების შემდეგაც. ამჟამად საბრძოლო მოქმედებები მიყუჩებულია, მაგრამ როგორც ჩანს, ზავი დიდხანს არ იქნება: ორივე მხარე ფიქრობს, რომ მოწინააღმდეგე ძალთა გადაჯგუფებას ახდენსო და ბრძოლის განახლებისათვის ემზადებიან. ალბათ, დონბასელი „ბოევიკების“ შემდეგი სამიზნე ქალაქი მარიუპოლი იქნება.

ციფრები მოვიშველიოთ:

ყოველწლიურად უკრაინის მთავრობა დონბასის სოციალური და სხვა მოთხოვნების უზრუნველსაყოფად მილიარდ დოლარზე (35 მილიარდ გრივნაზე) მეტს ხარჯავდა. ბევრი ექსპერტი ამბობდა, რომ რეგიონი დატაციური იყო. ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს ასეცაა – დონბასის ქვანახშირის მაღაროები წამგებიანია, მეტალურგიული ქარხნებისგან მიღებული შემოსავლებიც საეჭვოა, ენეგერტიკულ სუბსიდიებზე კი უდიდესი სახსრები იხარჯებოდა.

მაგრამ პრობლემა კონფლიქტის პოლიტიკურ ასპექტშია: უკრაინის ხელისუფლებას არ სურს უარი თქვას დონბასისადმი სუვერენიტეტზე, არადა, ამის გაკეთება აუცილებელია. ხელისუფლება ყირიმისა და დონბასის დაკარგვას კი არ უნდა გადაჰყვეს, სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესებზე უნდა იფიქროს.

ფაქტები ასეთია:

ა) რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სანამ ცოცხალია, ყირიმი უკრაინისთვის დაკარგულია. არცერთი რუსი ლიდერი, პრეზიდენტის მთავარი ოპონენტის – ალექსეი ნავალნის ჩათვლით, უკრაინისთვის ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნებას ვერ გაბედავს, რადგან მასში პოლიტიკური საფრთხე იმალება;

ბ) ნატო არ აიღებს პასუხისმგებლობას უკრაინის ამჟამინდელი სიტუაციის გამო. გავიხსენოთ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი – ალიანსმა იგივე მიზეზების გამო მასში ჩარევისაგან თავი შეიკავა;

გ) უკრაინას რუსეთისადმი სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია (ეკონომიკური თვალსაზრისით), მაგრამ სრულმასშტაბიან ომს სწრაფად წააგებს. ვაშინგტონმა კიევს თანამედროვე მომაკვდინებელი თავდაცვითი იარაღი რომც მიაწოდოს (იმედი მაქვს, ასეც იქნება), რუსეთიც ფსონს ასწევს და ასე გაგრძელდება დაუსრულებლად;

დ) დონბასი, როგორც ვთქვი, ნანგრევებშია, მისი ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილი განადგურებულია, რეგიონში იმატა ბანდიტობამ და ყველა ჯურის დამნაშავეობამ. იგივე ბანდიტები სხედან დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სეპარატისტული რესპუბლიკების ხელმძღვანელობაში. რეგიონის ინფრასტრუქტურის აღდგენა შეიძლება, მაგრამ ურთიერთსიძულვილს ასე იოლად ვერ გააქრობ.

ასე რომ, კიევს ვთავაზობ ჩემს მიერ შეთავაზებულ მშვიდობიან გეგმას დაუბრუნდეს, ზოგიერთი შესწორებით:

- უკრაინის ხელისუფლებაას შეუძლია გააგრძელოს ყირიმის დაბრუნების მოთხოვნა, მაგრამ უნდა აღიაროს, რომ ახლო მომავალში ეს შეუძლებელია. არ ღირს ამაზე ენერგიის ხარჯვა;

- უკრაინამ უარი უნდა განაცხადოს დონბასზე იმ ხაზის მიხედვით, რომელიც მინსკის პირველი მოლაპარაკების დროს დადგინდა, პარალელურად კი გაეროს სთხოვოს რეგიონში სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანა;

- უკრაინამ ასევე უარი უნდა თქვას ნატოში გაწევრიანების იდეაზე ახლო მომავალში. კიევმა სიტუაცია უნდა გააცნობიეროს, უნდა მიხვდეს და ამჟამინდელ ვითარებაში ნატოზე ფიქრს უნდა მოეშვას;

- უკრაინამ ყირიმი წყლით და ელექტროენერგიით უნდა მოამარაგოს. დაე, რუსეთმა ფული გადაიხადოს უკრაინულ ელექტრონერგიაზე ისევე, როგორც უკრაინა იხდის რუსულ გაზზე;

- საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინისადმი დახმარების რაოდენობაზე უნდა შეთანხმდეს, რათა ხელისუფლებამ ეკონომიკა აღადგინოს. საბერძნეთმა 300 მილიარდი ევრო მიიღო, უკრაინამ კი ამის ნახევარი მაინც უნდა მიიღოს, რათა საერთოევროპული ომი თავიდან იქნეს აცილებული.

- სხვაგვარად რომ ვთქვათ, უკრაინამ მშვიდობისათვის ყველაფერი უნდა გააკეთოს. დასავლეთმა კი, თავის მხრივ, კიევს მომაკვდინებელი იარაღი უნდა მისცეს და რუსეთის ელიტას სანქციები კიდევ უფრო უნდა გაუმკაცროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამშვიდობო ინიციატივის ჩაფუშვისათვის დასავლეთმა პასუხი თავის თავს უნდა მოსთხოვოს.

- რუსეთთან სამშვიდობო ზავის ასეთი პირობების პარალელურად, უნდა დაჩქარდეს უკრაინის ევროკავშირში მიღების პროცესი. ეს სავალდებულო პირობაა.

უკრაინა კრიზისშია, მაგრამ კრიზისი ძალიან ხშირად ახალ შესაძლებლობებს იძლევა. უკრაინას აქვს სერიოზული ბერკეტები დასავლეთზე ზეწოლის მოსახდენად: მხოლოდ უკრაინაზეა დამოკიდებული, გადაიქცევა თუი არა დონბასში მიმდინარე კონფლიქტი  სრულფასოვან ომად, რომელიც „ბებერ ევროპას“ ძალიან დააზარალებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, უკრაინამ უნდა გამოიყენოს ის კარტი, რომელიც მას ხელში ჩაუვარდა, მაგრამ უკან ხედვის ნაცვლად, წინ უნდა იყუროს.

Comments are closed