globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 30th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«CNN Money» (აშშ): საქართველო, სავალუტო კრიზისის მიუხედავად, 2017 წლისათვის 6%-იან ეკონომიკურ ზრდას გეგმავს

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს ეკონომიკა ისევ „ძალიან ნელა“ გაიზრდება

«Независимая газета» (რუსეთი): „ქართული ოცნების“ აღსასრული“? // მმართველმა კოალიციამ შეიძლება არსებობა შეწყვიტოს

«Деловая столица» (უკრაინა): პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის თავიდან მოცილება განიზრახა // პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხვდნენ, რომ ქართველ რეფორმატორთა გუნდს ხელისუფლებისათვის სარგებლობა არ მოაქვს

———————–

«CNN Money» (აშშ), 28 მარტი, 2016 წელი

http://money.cnn.com/2016/03/28/news/georgia-economy-oil-currency/index.html

საქართველო, სავალუტო კრიზისის მიუხედავად, 2017 წლისათვის 6%-იან ეკონომიკურ ზრდას გეგმავს

28 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ინტერვიუ მისცა ამერიკული სამაუწყებლო კომპანია «CNN»-ის პროგრამა «CNN Money»-ს კორესპონდენტს ჯონ დეფტერიოსს, რომელიც თბილისში იმყოფებოდა. პრემიერის ინტერვიუ ვიდეოჩანაწერის სახით გამოქვეყნებულია მისამართზე: http://money.cnn.com/video/news/economy/2016/03/28/georgia-prime-minister-economy.cnnmoney  სათაურით „საქართველოს ეკონომიკური ზრდის  დიდი გეგმები აქვს“.

გთავაზობთ ინტერვიუს ტექსტური ვერსიის მოკლე შინაარსს, რომელიც  «CNN Money»-ის მიერაა გავრცელებული და მნიშვნელოვნად განსხვავდება ვიდეოვერსიისაგან:

„საქართველო, სადაც ხუთ მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ნავთობზე დაბალი ფასებისა და ამასწინანდელი სავალუტო კრიზისის მიუხედავად, მომავალ წელს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდისათვის ემზადება. გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი სამი თვის წინ, დეკემბერში დაიკავა, მაგრამ უკვე დიდი გეგმები აქვს საქართველოს განვითარებისათვის. “მიმდინარე წელს ჩვენ ვგეგმავთ ეკონომიკის 3-3,5%-იან მატებას, მაგრამ 2017 წლისათვის ზრდა 5,5%-დან 6%-მდე იქნება“, – განუცხადა მან «CNN Money»-ს მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ, რომელზეც ახალი ეკონომიკური დღის წესრიგის შესახებ ისაუბრა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი უფრო მოკრძალებულია: საქართველოს მიმდინარე წელს 3%-იანი ზრდა ექნება, 2017 წელს კი – 5%-იანი.

გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის აღორძინების ოთხპუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომელიც ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, მმართველობის სისტემის რეფორმას და განათლების სისტემის გარდაქმნას.

გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელად დანიშვნამდე ეკონომიკის მინისტრად მუშაობდა, თვითმხილველია იმისა, თუ როგორ ეცემოდა ქართული ვალუტის – ლარის კურსი ამერიკულ დოლართან შედარებით – დაახლოებით 30%-ით 2014 წლის ბოლოდან. ვალუტის კრიზისი გარკვეულწილად გამოწვეული იყო მეზობელ რუსეთსა და აზერბაიჯანში მომხდარი ეკონომიკური ვარდნით. ორივე სახელმწიფო ნავთობისა და გაზის მსხვილი მომპოვებლები არიან.

„კრიზისი, ალბათ, შეიძლებოდა უფრო უარესი და მძიმე ყოფილიყო“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი. ასეთ პირობებშიც კი, სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკამ გასულ წელს 2%-იან მატებას მიაღწია. გარდა ამისა, მიმდინარე თვეში ეროვნული ვალუტის კურსის განმტკიცებაც შეიმჩნეოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თვითონ არ არის ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა, ის მაინც არაგაბარიტულ გეოპოლიტიკურ როლს ასრულებს – როგორც ენერგეტიკული ტრანზიტის ცენტრი. ამჟამად კომპანია „ბრიტიშ პეტროლეუმი“ დაახლოებით ორ მილიარდ დოლარს ხარჯავს აქაური ნავთობისა და გაზსადენების, აგრეთვე საკომპრესორო სადგურების მოდერნიზებისათვის, რათა კასპიის ზღვაში მოპოვებული ენერგონედლელული, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ევროპის ბაზარზე გაიტანოს.

ქვეყანას, საბოლოო ჯამში, სურს სავაჭრო-ლოჯისტიკურ ცენტრად იქცეს, შესთავაზოს დაბალი კორპორატიული გადასახადები იმ ევროპულ და ამერიკულ კორპორაციებს, რომლებიც მზად არიან ინვესტიციები შეიტანონ სამხრეთ კავკასიის საკმაოდ არასტაბილურ რეგიონში.

რუსეთთან რამდენიმეწლიანი სასაზღვრო დავისა და კონფლიქტების შემდეგ საქართველო აქტიურ პროევროპული სახელმწიფოდ იქცა. 2014 წელს თბილისმა ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან. საქართველო ასევე ატიურად მიისწრაფვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ.

“საქართველო ევროპაა. ევროპა საქართველოს სახლია. ჩვენთვის ევროპა არის სივრცე, სადაც უზრუნველყოფილია დემოკრატიის გარკვეული სტანდარტები, დაცულია ადამიანის უფლებები და სწორედ ეს არის ქართველი ხალხის მიზანი. ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირი ან ნატო იყოს ვინმეს წინააღმდეგ”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიის 25% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საქართველომ უნდა აჩვენოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მზადყოფნა. “მეორე მხრივ, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე, რაც გულისხმობს ჩვენს სუვერენულ არჩევანს ევროპულ თუ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”, – დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.

არის თუ არა რუსეთი დღესაც ნომერ პირველი საფრთხე საქართველოსთვის“ ამ კითხვაზე პრემიერ-მინისტრი ასე პასუხობს: “ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემების მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ ეს არ არის უსაფრთხო ადგილი ინვესტორებისთვის. გამოვთქვამთ იმედს, რომ შემდგომი ნაბიჯები მიმართული იქნება დაძაბულობის განმუხტვისკენ, რათა ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდეს ზრდა და განვითარება“.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 30 მარტი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/pm-kvirikashvili-talks-to-cnn/3259300.html

საქართველოს ეკონომიკა ისევძალიან ნელაგაიზრდება

ზაზა წულაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ელოდება, რომ 2016 წელს, ქვეყნის ეკონომიკა 3-3,5 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2017 წელს, ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში უკვე 5,5-6 პროცენტს მიაღწევს. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერმა უკვე წარმოადგინა მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელმაც ეკონომიკური წინსვლა უნდა მოიტანოს. მთავრობის მთავარი პრიორიტეტებია: ეკონომიკური რეფორმები, ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული განათლების რეფორმა, მმართველობის რეფორმა, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და სამუშაო ადგილების შექმნა.

ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკის“ რედაქტორი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ემზარ ჯგერენაია ამბობს, რომ მთავრობის ამ პროგნოზის განხორციელების შემთხვევაშიც კი, ეს ზრდა არ იქნება საგრძნობი ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის: „რიგითმა მოქალაქემ რომ იგრძნოს აუცილებელია მინიმუმ 7%-იანი ზრდა. პერ კაპიტა, ანუ ერთ სულზე გაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი უნდა გაიზარდოს 4500-დან 5000 აშშ დოლარამდე, რომ რიგითმა, საშუალო, საქართველოს მოქალაქემ შეძლოს ბინის, მანქანის შეძენა, ცხოვრების პირობების მოწყობა. ჩვენ რასაც ვეძახით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, ეს უნდა გადავიდეს და აისახოს, მოქალაქეების პირადი ცხოვრების ზრდაზე“.

საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პროგნოზი 2016-17 წლებისთვის, განსხვავდება საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის პროგნოზისგან, რომელიც სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ერნესტ სერგენტიმ ინვესტორებს წინა კვირას წარუდგინა.

Moody’s-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს, საქართველოს ეკონომიკა 3 პროცენტით გაიზრდება, ხოლო 2017 წელს – მხოლოდ 4 პროცენტით. სააგენტო აღნიშნავს, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკას აქვს კარგი პოტენციალი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან გამომდინარე. ამასთან, Moody’s-ის ანალიტიკოსების აზრით, პირველი რიგში, რუსეთის და მთლიანად, დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის ეკონომიკების შემცირების დინამიკის ფონზე, სადაც გადის ძირითადი ქართული ექსპორტი, საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა 3-4 პროცენტზე მეტი ვერ იქნება.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტი ნიკო მჭედლიშვილი ამბობს, მთავრობის ეკონომიკურ ნაბიჯებს ქვეყანა მხოლოდ საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში იგრძნობს: „ციფრებში სხვაობა, ეკონომიკის ზრდის 2,8 პროცენტს, რაც ჩვენ შარშან გვქონდა და 4 პროცენტს შორის დიდი არ არის. Moody’s-ი თვლის, რომ რაღაც ცვლილებები მოხდება ქართული ეკონომიკის სტრუქტურაში, ზოგიერთი დარგი შეიძლება უფრო მეტად გააქტიურდეს და ეს ექსპორტის ზრდაზე აისახოს. თუმცა, დღეს დაგეგმილი ან უკვე მიმდინარე რეფორმები, იგივე მოგების გადასახადის გაუქმება და 2017 წლიდან, „ესტონური მოდელის“ შემოღება, ამას ერთ წელიწადში, ხელშესაღები მნიშვნელოვანი ეფექტი არ ექნება, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში რა თქმა უნდა ექნება“.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით გამორჩეული იყო 2005-2007 წლების პერიოდი. 2005 წელს ეკონიმიკა 9,6 პროცენტით გაიზარდა, 2006 წელს – 9,4 პროცენტით და 2007 წელს, ზრდის უკვე სარეკორდო მაჩვენებელი – 12,6 პროცენტი დაფიქსირდა. შემდეგ, რუსეთის აგრესიას და მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს საქართველოს ეკონომიკის სერიოზული დაცემა მოჰყვა. 2008 წელს, ქართული ეკონომიკა მხოლოდ 2,6 პროცენტით გაიზარდა, 2009 წელს კი – უკვე 3,7 პროცენტით შემცირდა.

ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ქართული ეკონომიკის ზრდის ტემპი ასეთია: 2013 წელს – 3,4 პროცენტი, 2014 წელს – 4,6 პროცენტი და 2015 წელს – უკვე 2,8 პროცენტი.

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი 2004-2016 წლებში:

2004 – 5.9%; 2005 – 9.6%; 2006 – 9.4%; 2007 – 12.6%; 2008 – 2.6%; 2009 – მინუს 3.7%; 2010 – 6.2%; 2011 – 7.2%; 2012 – 6.4%; 2013 – 3.4%; 2014 – 4.6%; 2015 – 2,8%; ბ2016 – 3% (საპროგნოზო მაჩვენებელი); 2017 – 4% (საპროგნოზო მაჩვენებელი).

«Независимая газета» (რუსეთი), 30 მარტი, 2016 წელი

http://www.ng.ru/cis/2016-03-30/6_gruzia.html

„ქართული ოცნების“ აღსასრული“?

მმართველმა კოალიციამ შეიძლება არსებობა შეწყვიტოს

„რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც მმართველი ალიანსის „ქართული ოცნების“ წევრია, დღეს შესაძლოა კოალიციიდან გასვლა გამოაცხადოს. ამ შემთხვევაში რესპუბლიკელები დაკარგავენ თანამდებობებს როგორც მთავრობაში (თავდაცვის, გარემოს დაცვის და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროებში), ასევე პარლამენტის სტრუქტურებში“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

იმ ფაქტს, რომ რესპუბლიკური პარტია მმართველ კოლიციას დატოვებს, თბილისში უკვე მომხდარად მიიჩნევენ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ლიდერებმა განაცხადეს – „ჩვენ პარლამენტის არჩევნებამდე (შემოდგომამდე) „ოცნებაში“ ვრჩებით, რადგან ხალხის წინაშე დადებული დაპირების შესრულება ჩვენი პოლიტიკური მოვალეობა არისო“.

პარადოქსული სიტუაცია იქმნება: რაც უფრო მეტს ლაპარაკობენ რესპუბლიკელები, რომ ისინი „ქართულ ოცნებაში“ რჩებიან, რაც უფრო დაბეჯითებით ამბობს თინა ხიდაშელი, რომ იგი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან არ გადადგება, მით უფრო მტკიცედ გაისმის ხმები, რომ კოალიცია „სიცოცხლის“ ბოლო დღეებს ითვლის. ეს ირიბად დაადასტურა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემაც, რომლის თქმით, გამორიცხული არაა, რომ რესპუბლიკურმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ცალკე მიიღოს მონაწილეობა და ამაში რაიმე განსაკუთრებული არაფერია. და საერთოდ, თუ ბოლო ორი ათეული წლის ისტორიას თუ გადავხედავთ, დავწმუნდებით, რომ რესპუბლიკელები დიდხანს არ რჩებოდნენ იმ კოალიციებში, რომლის მეშვეობითაც ისინი ხელისუფლებაში მოდიოდნენ ხოლმე.

საერთოდ, საქართველოს რესპუბლიკური პარტია იმ პოლიტიკურ ორგანიზაციათა მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ტერმინ „პარტიის“ შინაარსს., თავისი მკაფიო პროგრამითა და ინტელექტით. რესპუბლიკელები საკუთარ თავს ყოველთვის ელიტარულად მიიჩნევდნენ და ალბათ, ამიტომაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მათ ფრთხილად, ეჭვის თვალით უყურებდა. და როგორც შედეგი, რესპუბლიკური პარტია დამოუკიებელი პოლიტიკური ერთეულის სახით ვერცერთ არჩევნებში წარმატებას ვერ აღწევდა. ის სამჯერ იყო პარლამენტში წარმოდგენილი – პროშევარდნაძისტური ძალების გუნდში, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ და ბოლოს, „ქართული ოცნების“ კოალიციაში. შეიმჩნევა ტენდენცია, რომ რესპუბლიკელებისათვის ალიანსებში ყოფნა ხანმოკლე იყო ხოლმე, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად: პარლამენტის მუშაობის დაწყებიდან სულ მალე მათ შორის ხმაურიანი განქორწინება მოხდა. ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ საკვირველი ფაქტი იყო, რადგანაც „ნაციონალებისა“ და „რესპუბლიკელების მიერ დეკლარირებული მიზნები ერთმანეთს ემთხვეოდა და მცირეოდენ, თუმცა იმავდროულად მნიშვნელოვან განსხვავებას მხოლოდ დაჟინებული დაკვირვებით თუ შეამჩნევდი.

„ნაციონალებისაგან“ განსხვავებით, რომლებიც მუდამ ვაშინგტონისაკენ იყურებოდნენ, „რესპუბლიკელები“ თვლიდნენ, რომ [ქვეყნის პროამერიკული საგარეოპოლიტიკური] კურსი ევროპულით უნდა დაბალანსებულიყო. რუსეთთან მიმართებით ისინი თავშეკავებისაკენ მოუწოდებდნენ, ხოლო კონტროლიდან გასულ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთთან, მათი აზრით, პირდაპირი მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო. „ნაციონალები“ კი, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, ასეთ პოლიტიკაზე უარს აცხადებდნენ: მათი აზრით, თუ თბილისი აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებას თანაბარუფლებიანი სუბიექტის სახით დაიწყებდა, ეს ფაქტიურად, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების [დამოუკიდებლობის] აღიარებას ნიშნავდა. [ალბათ, ესეც იყო იმის მიზეზი, რომ] მომდევნო არჩევნებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რესპუბლიკელების გარეშე გაიმარჯვა.

რესპუბლიკურმა პარტიამ წარმატება „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში მოიპოვა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ბიძინა ივანიშვილის გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ძლიერი პოლიტიკოსების დეფიციტი შეიმჩნეოდა და ამ ფონზე „რესპუბლიკელთა“ სახეები და მათი როლი მკაფიოდ უნდა გამოჩენილიყო. ასეც მოხდა: „რესპუბლიკელთა“ ხელში აღმოჩნდა პარლამენტის სპიკერისა და რიგი  საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელთა პოსტები, ისინი შევიდნენ მთავრობის შემადგენლობაშიც. და როცა „ქართული ოცნებიდან“ „თავისუფალი დემოკრატები“ გავიდნენ, რომელთა ლიდერს ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტი ჰქონდა დაკავებული, ამ თანამდებობასაც „რესპუბლიკელები“ დაეპატრონენ: სამხედრო უწყების ხელმძღვანელად თინა ხიდაშელი დაინიშნა.

მაგრამ იმ დროისათვის ჭრელი შემადგენლობის მქონე „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირება დაიწყო, რაც „რესპუბლიკელთა“ ერთგვარი დამოუკიდებელი კურსითაც იყო განპირობებული. უკვე აშკარა გახდა, რომ მათი მოქმედება კოალიციის „გენერალურ ხაზს“ ყოველთვის არ ეთანხმებოდა. თინა ხიდაშელმა და სხვა რესპუბლიკელებმა წინ პროამერიკული ვექტორი წამოსწიეს და რუსეთის წინააღმდეგ მწვავე განცხადებების გაჟღერება დაიწყეს, რაც, ბუნებრივია, მოსკოვისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. გარდა ამისა, „რესპუბლიკელთა“ შეხედულებებში აშკარად შეიმჩნეოდა განსხვავება „ქართულ ტრადიციულ ფასეულობებთან“, დაიწყო სკანდალური დაპირისპირებები რიგ მაჟორიტარულ ოლქებში ჩატარებული არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, სადაც „რესპუბლიკელებმა“ გაიმარჯვეს (წაგებულ ოპონენტთა აზრით, „რესპუბლიკელებმა“ ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენეს და გაიმარჯვესო“). ქართული საზოგადოების წინაშე სულ უფრო ხშირად ისმებოდა კითხვა: რით განხვავდებიან „რესპუბლიკელები“ „ნაციონალებისაგან“, რომლებსაც ხელები „სისხლში აქვთ გასვრილი“?

„ქართულ ოცნებაში“ შიდა წინააღმდეგობებმა უკიდურეს დაძაბულობას მიაღწია: „რესპუბლიკელები“ და „მრეწველები“ ერთმანეთს შეეჯახნენ. „რესპუბლიკელებს“ ურთიერთობა გაუფუჭდათ კოალიციის სხვა წევრებთანაც. თვითონ ისინი უკვე არ გამორიცხავენ იმას, რომ შესაძლოა რიგ მომენტებში „უკან დაბრუნების წერტილი“ უკვე გავლილია, ამავე დროს მაინც ირწმუნებიან, რომ ისინი იმ კოალიციის მესაფლავეები არ გახდებიან, რომლის მეშვეობით ხელისუფლებაში მოვიდნენ. შესაძლოა, „რესპუბლიკელებს“ მართლაც არ სურთ ალიანსიდან გამოსვლა. გვერდზე რომ გადავდოთ მათი იდეური მოსაზრებები, დღეს „რესპუბლიკელები“ კოალიციის დატოვებით საკუთარ პერსპექტივას მსხვერპლად წირავენ: თუ ისინი ოქტომბრის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას, მათი შედეგი საეჭვოა რომ უკეთესი იყოს წინა წლებთან შედარებით.

თუ რესპუბლიკური პარტია „ქართული ოცნებიდან“ ოფიციალურ გასვლას მაინც გამოაცხადებს, მაშინ საქართველო „ქუჩის პოლიტიკის დაწყების“ საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება (უკვე მერამდენედ!). თანაც მოახლოებული არჩევნების ფაქტორის გათვალისწინებით. ამჟამად უკვე შეიმჩნევა სოციალურ-საზოგადოებრივი ჯგუფების აქტიურობა, დაწყებულია მღელვარება სტუდენტურ წრეებშიც, რომლებიც საქართველოში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაში მონაწილეობენ ხოლმე. ქვეყნის ხელისუფლებამ ძლივ-ძლივობით მოახერხა და ჩაახშო დასავლეთ საქართველოში მომხდარი მაღაროელების უკმაყოფილება. აღმოსავლეთით კი თავიანთ პრეტენზიწებს ფერმერები აყენებენ… რევანშის აღებისათვის ემზადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, გააქტიურადა ბიძინა ივანიშვილზე ნაწყენი ირაკლი ალასანია და მისი პარტია, გამოცოცხლდნენ პრორუსული ორგანიზაციები და ჯგუფები… თავის თამაშს ეწევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც, რომელმაც ყველაფერი პროდასავლური ანათემას  საბოლოოდ გადასცა… საზოგადოება აფორიაქებულია პოლიტიკოსთა ინტიმური ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გამჟღავნებით… ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებს აგრეთვე ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაურესებაც…

და თუ ამ „საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ კარნავალს“ რესპუბლიკური პარტიაც შეუერთდება, ეს ფაქტი  საქართველოს სტაბილურობას არანაირად არ განამტკიცებს.

«Деловая столица» (უკრაინა), 30 მარტი, 2016 წელი

http://www.dsnews.ua/politics/poroshenko-reshil-uvolit-saakashvili-29032016122500

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილის თავიდან მოცილება განიზრახა

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიხვდნენ, რომ ქართველ რეფორმატორთა გუნდს ხელისუფლებისათვის სარგებლობა არ მოაქვს

დიმიტრი ბუკოვსკი

გუშინ, 29 მარტს, უკრაინაში საინტერესო მოვლენები მოხდა: ქვეყნის გენერალურმა პროკურორომა ვიქტორ შოკინმა ჯერ თავისი მოადგილე დავით საყვარელიძე მოხსნა თანამდებობიდან, შემდეგ კი თვითონ ვიქტორ შოკინი დაემშვიდობა პოსტს – ვერხოვნა რადამ მას გენპროკურორის უფლებამოსილება შეუწყვიტა…

ქართველი უკრაინელის დავით საყვარელიძის მოხსნის თაობაზე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ იგი უხეშად არღვევდა საპროკურორო ეთიკას, არასწორად ახორციელებდა გენერალური პროკურატურის სტრუქტურის ცვლილებებს და არამართლზომიერად ერეოდა სხვა პროკურორების საქმიანობაში“. ამასთან, ქარტველი უკრაინელის მხარდამჭერებს სხვა აზრი აქვთ – ისინი ამბობენ, რომ დავით საყვარელიძე ძალიან პრიინციპული ადამიანია და მას ვიქტორ შოკინმა „ბრილიანტის პროკურორების“ გამომჟღავნება არ აპატიაო.

„დელოვაია სტოლიცას“ რედაქციის ხელში არსებული მონაცემებით კი, გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე ზემოდან მითითების საფუძველზე გაატავისუფლეს – პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ყველა ქართველი რეფორმატორის თავიდან მოშორება გადაწყვიტა, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით და ეს პროცესი დავით საყვარელიძით დაიწყო.

ქართველი უკრაინელის დავით საყვარელიძის სახელმა ყველაზე ფართოდ 2015 წლის ივლისში გაიჟღერა, „ე.წ. „ბრილიანტის პროკურორების“ საქმესთან დაკავშირებით, როცა მან, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრემ, თავისი კოლეგების კაბინეტებში ჩხრეკა მოაწყო და ორი მაღალჩინოსან პროკურორს – გენპროკურატურის მთავარი საგამოძიებო სამმმართველოს უფროსის მოადგილეს ვლადიმირ საპაკინს და კიევის ოლქის პროკურორის მოადგილეს ალექსანდრ კორნიეცს 500 ათასი დოლარი და დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა აღმოუჩინა. სხვადასხვა მიზეზების გამო ამ საქმემ ლოგიკური დასასრული ვერ ჰპოვა და სასამართლომდე ვერ მივიდა. დავით საყვარელიძემ თავისი შეფი ვიქტორ შოკინი „ბრილიანტის პროკურორების“ მფარველობაში დაადანაშაულა. ფაქტიურად, მათ შორის საინფორმაციო ომი დაიწყო. რაც შეეხება თვით „ბრილიანტის პროკურორების“ საქმეს, მასში დღემდე ბევრი რამ გაურკვეველი რჩება, გართულდა ტყუილ-მართლის გარჩევა ერთმანეთისაგან…

ასე იყო თუ ისე, როგორც ჩანს, „ბანკოვოის“ (ბანკის) ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იფიქრეს, იფიქრეს და ბოლოს გადაწყვიტეს, რომ რადგანაც დავით საყვარელიძემ ვერ შეძლო აღნიშნული საქმის დასრულება, ის უნდა წავიდეს.. ასეთივე პოზიცია აქვს პრეზიდენტის გუნდს ქართული დესანტის სხვა წარმომადგენლების მიმართაც, მათ შორის ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის მიმართაც: იგი საკუთარ თავს პიარს უკეთებს, გაჰყვირის, რომ კორუფციასა და უკანონობას ებრძვის, ცენტრალური ხელისუფლებას კორუფციონერთა მფარველობაში ადანაშაულებს, მაგრამ ამის მტკიცებულებები არ აქვს, თანაც მისი მუღაობა არაფექტურიაო.

მთლიანობაში, „დელოვაია სტოლიცას“ მონაცემებით, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს  ადმინისტრაციაში დარწმუნდნენ, რომ ქართველი რეფორმატორების უკრაინაში მოწვევა შეცდომა აღმოჩნდა. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათი პერმანენტული კრიტიკა ხელისუფლების ორგანოების წინააღმდეგ უკვე სისტემურ პრობლემად იქცა. მართლაც ისე გამოდის, რომ ქართული დესანტი ხელისუფლების ორგანოების სისტემის შიგნიდან დარღვევას ცდილობს; მეორე – რა დასამალია და მიხეილ სააკაშვილის გუნდის საქმიანობის რეალური შედეგები ძალიან მცირეა. თვით ოდესის ოლქის გუბერნატორი უმეტესად თავისი პოლიტიკური მოძრაობის რეკლამირებითაა დაკავებული და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადება. გუბერნატორის პოსტი კი მას ხელსაყრელ ადმინისტრაციულ პირობებს უქმნის… ამიტომაც „ბანკოვოიზე“ გადაწყვიტეს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობა სურს, მაშინ უმჯობესი იქნება იგი ამით თავიოსუფალ დროს დაკავდეს, ანუ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ. გადადგომას კი უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ“, – .

Comments are closed