globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 30th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ): ნატო-საქართველო: კოორდინირებული თანამშრომლობის გეგმები

«КоммерсантЪ» (რუსეთი): ინტერვიუ ლეონიდ თიბილოვთან: „სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეა ცოცხლობს“

«Известия» (რუსეთი): თურქულმა პომიდვრებმა საქართველოდან შემოაღწია // მეზობელი სახელმწიფო რუსეთში რეექსპორტულ მიწოდებებს აფართოებს

—————-

«RFE//RL – რადიო თავისუფალი ევროპა//თავისუფლება» (აშშ), 30 მარტი, 2017 წელი

http://www.radiotavisupleba.ge/a/nato-sakartvelo-koordinirebuli-tanamshromlobis-gegmebi/28397746.html

ნატო-საქართველო: კოორდინირებული თანამშრომლობის გეგმები

ლელა კუნჭულია

28-30 მარტს თბილისი მასპინძლობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამდღიან სამუშაო შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობს ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 200-მდე ექსპერტი. ეს არის ახალი ფორმატის პირველი შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული მიმართულებებისა და კონკრეტული გეგმების იმგვარად შერწყმას, რომ მაქსიმალურად შედეგიანი იყოს თანამშრომლობა როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის, ასევე ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში.

ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებმაც თბილისში მოიყარეს თავი, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებულ ყველა მიმართულებაზე მსჯელობდნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ საქართველოსთვის უელსის სამიტზე (2014 წელს) მინიჭებული „არსებითი პაკეტი“ 15 მიმართულებას მოიცავს. ესენია: „შესყიდვები, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), ლოგისტიკა, საჰაერო თავდაცვა, ავიაცია, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIB), სტრატეგიული კომუნიკაციები, კიბერუსაფრთხოება, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა და უსაფრთხო კომუნიკაციები, კონტრმობილურობა, საზღვაო უსაფრთხოება, სამხედრო პოლიცია, სპეციალური ოპერაციების ძალები, კრიზისების მენეჯმენტი და ოპერაციული დაგეგმარება“.

როგორც ნატოს შტაბბინის წარმომადგენელმა შტეფან ელგერსმა განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას, საბოლოო მიზანია საქართველოს გაწევრიანება ნატოში, თუმცა მანამდე აუცილებელია შესაბამისი მომზადება და მხარდაჭერის გაგრძელება თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციის მიმართულებით, რასაც ითვალისწინებს კიდეც „არსებითი პაკეტი“. ელგერსის თქმით, გაზრდილი მხარდაჭერა გაზრდილ საჭიროებებს წარმოშობს და აუცილებელია რესურსების მოძიება თანამშრომლობის ყველა ფორმატში.

მოძიებული რესურსების შედეგიანად და ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას გაუსვა ხაზი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმაც, როდესაც ის თბილისში მიმდინარე ნატო-საქართველოს წარმომადგენლობითი სამუშაო შეხვედრის მიზნებზე ლაპარაკობდა:

„ღონისძიების ძირითადი დანიშნულება, ამოცანა და მიზანი არის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში და ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატით არსებული, მოზიდული მხარდაჭერის რესურსების აკუმულირება და სინქრონიზაცია; ასევე მორგება საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებებზე, ფოკუსირება ძირითად პრიორიტეტებზე, აღმოფხვრა ნებისმიერი ხასიათის დუბლირების“.

ნატოს წევრ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ლაპარაკობენ ექსპერტებიც. როგორც პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, იმის გამო, რომ, კონსენსუსის აუცილებლობის გათვალისწინებით, ნატოში ხშირად ფერხდება გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, ალტერნატიული ეფექტიანი გზების გამონახვის შესაძლებლობას სწორედ ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი იძლევა:

„ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ჩემი აზრით, უფრო შესაძლებელია თანამშრომლობის განვითარება და, ბუნებრივია, ნატოს წევრ თითოეულ ქვეყანასთან თანამშრომლობის განვითარება სამხედრო-პოლიტიკურ თუ სხვა სფეროებში, თავის მხრივ, დადებითად აისახება მთლიანად საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე… განსაკუთრებით, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ნატოს წამყვან სახელმწიფოებთან თანამშრომლობის პრიორიტეტებზე. ვგულისხმობ: ამერიკის შეერთებულ შტატებს, წამყვან ევროპულ სახელმწიფოებს ასევე, თუნდაც იგივე თურქეთს ასევე და ასე შემდეგ“.

ნატო-საქართველოს „არსებითი პაკეტის“ სინქრონიზაციისადმი მიძღვნილ შეხვედრას დადებითად აფასებს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი და ის ამ ღონისძიებას ალიანსთან საქართველოს დაახლოების გზაზე გადადგმულ ქმედით ნაბიჯად მიიჩნევს. ამასთან, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი გამოთქვამს იმედს, რომ მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება „არსებითი პაკეტის“ მოთხოვნათა შესაბამისად დაარსებული ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი:

„რაც უფრო მეტი იქნება მოძრაობა, მეტი იქნება მოქმედება და მეტი იქნება წვრთნები და სწავლებები, მით უფრო გამოჩნდება ამ ცენტრის პრაქტიკული მნიშვნელობა. მთავარია, რომ ხშირი იყოს ასეთი სწავლებები, წვრთნები სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა ფორმატით და, რაც მთავარია, ამაში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს შეიარაღებული ძალების რაც შეიძლება მეტმა დანაყოფმა… რადგანაც არმია, რომელიც გადის მუდმივ მომზადებას, ეს არის უკეთესი მისი პირადი შემადგენლობისთვის, ვიდრე მხოლოდ ყაზარმებში ყოფნა. ეს აამაღლებს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას“.

თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე მსჯელობის შემდეგ, სემინარის მონაწილეები 30 მარტს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრებიან და სამდღიანი ღონისძიების შედეგებს სწორედ იქ შეაჯამებენ. ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი 2015 წლის 27 აგვისტოს გაიხსნა და მას შემდეგ ორი მასშტაბური წვრთნა ჩატარდა. ცენტრის გახსნაში თავად ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მონაწილეობდა.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 30 მარტი, 2017 წელი

http://kommersant.ru/doc/3254379

ინტერვიუ ლეონიდ თიბილოვთან: „სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის იდეა ცოცხლობს“

სამხრეთ ოსეთში ცხრა აპრილს საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი (სახელის გადარქმევის მიზნით) უნდა გაიმართოს. „კომერსანტის“ კორესპონდენტმა ოლღა ალენოვამ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს, რომელიც სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციის შესახებ საუბრობს.

გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე შინაარსს:

ა) სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია

ლეონიდ თიბილოვის თქმით, იგი ამას წინათ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა: „მან მომისმინა და მითხრა, რომ რუსეთის ხელისუფლება მხარს უჭერს თვალსაზრისს, რომ მე მეორე ვადით ვიყო არჩეული პრეზიდენტად. იმიტომ, რომ ის კურსი, რომელიც ჩვენს მიერაა არჩეული, რუსეთისათვის მისაღებია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ხომ გულზე ხელდაკრეფილები არ ვისხედით?. რუსეთის უანგარო დახმარებით ბევრი საქმის გაკეთება მოვახერხეთ. ძალიან კარგი შედეგები გვაქვს მშენებლობაში, ჯანდაცვის დარგში, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში. ავაგეთ და გავარემონტეთ საავადმყოფოები, მუზეუმები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები… ყველაფერი გეგმის მიხედვით განხორციელდა… ამჯამად ჩვენ ახალ საინვესტიციო პროგრამაზე ვმუშაობთ – 2018-2020 წლებისათვის, რომელიც სასოფლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გულისხმობს – სკოლების, საბავშვო ბაღების მშენებლობას, გზების შეკეთებას და.აშ. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ლენინგორის რაიონს, რათა მოსახლეობამ ხელისუფლებისაგან ყურადღება იგრძნოს, რომ მთავრობა მათზეც ზრუნავს“.

ლეონიდ თიბილოვის თქმით, ადრე ბევრი ადგილობრივი მცხოვრები მიდიოდა რუსეთში სამუშაოდ, ახლა კი მათი უკან დაბრუნების პროცესი შეიმჩნევა: „ადამიანებს უკვე აქ ცხოვრების სურვილი უჩნდებათ: ისინი ხედავენ, რომ სიტუაცია უმჯობესდება. სოფლები გამოცოცხლდნენ“.

ბ) სამხედრო ინტეგრირება რუსეთთან

პრეზიდენტი ინტერვიუში ეხება რუსეთის არმიაში ოსი სამხედრო მოსამსახურეების ინტეგრირების საკითხსაც და ამბობს, რომ თანამშრომლობით „ჩვენი არმიის დამოუკიდებლობა არ ზარალდება“. საქმე ეხება არა მთელი ქვედანაყოფების გაერთიანებას რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, არამედ ცალკეული სამხედრო პირების სამსახურს, მათი რაოდენობა დაახლოებით 100 ან 150 იქნება“.

გ) რუსეთის შემადგენლობაში შესვლა // ორი ოსეთის გაერთიანება

შეკითხვაზე, მოითხოვს თუ არა სამხრეთ ოსეთი რუსეთში შესვლას, ლეონიდ თიბილოვი პასუხობს: „თქვენ როგორ მიგაჩნიათ – არ გინდათ, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის საზღვრებში იხილოთ? მინდა მადლობა ვუთხრა რუსეთს დახმარებისა და თანადგომისათვის. რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლის იდეა ცოცხალია, ჩვენ ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს. ოსები ორად გაყოფილი ხალხია, ჩვენი ძმები რუსეთში ცხოვრობენ. შესაბამისად, მე ამ იდეას მხარს ვუჭერ, თუმცა მესმის, რომ ეს საკითხი რიგითი და უბრალო საკითხი არ არის. ორივე მხრიდან უნდა იყოს შექმნილი შესაბამისი პირობები… თუ ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთში გველოდებიან, თუ იქნება შესაბამისი სიგნალები, ჩვენც იმ სქემას გამოვიყენებთ, რომელიც მსოფლიოში უკვე არსებობს“.

დ) ტვირთების ტრანზიტის საკითხი სომხეთისათვის

„ჩვენ ვიცით, რომ ტვირთების ტრანზიტზე აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ისაუბრეს. ჩემთვის ძნელია იმის თქმა, თუ რამდენად მზადაა და რეალურია ამ პროექტის განხორციელება. ამისათვის სერიოზული მოლაპარაკებაა საჭირო. კარგად გვესმის, რომ საქართველოს სამხედრო გზა თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობს და ამიტომ სომხეთმა მზერა ტრანსკავკასიურ მაგისტრალს მიაპყრო. ცხადია, ერევნის მდგომარეობაც გვესმის, მაგრამ აქ მთავარი დაბრკოლება საქართველოს განწყობაა. თქვენ თუ სამხრეთ ოსეთის პოზიცია გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ჩვენ მზად ვართ ეს პროექტი განვიხილოთ, მაგრამ მხოლოდ ტრანზიტის საკითხში. ჩვენს ხალხს ჯერ კიდევ არ გადაუტანია საქართველოსთან ომის შედეგები და ამიტომ საზღვრების გახსნაზე მსჯელობას ვერ დავიწყებთ… საქართველოსთან ამ საკითხზე (საბაჟო პუნქტების თაობაზე) არ გვისაუბრია, ჩვენ ურთიერთობა არ გვაქვს. ზოგადად კი, რაში გვჭირდება შვეიცარიელი ინსპექტორები? ჩვენ რუსეთმა გვაღიარა და ამიტომაც ყველა კონსულტაცია რუსეთთან გვაქვს“.

ე) რატომ ემატება „სამხრეთ ოსეთს“ სახელი „ალანეთის სახელმწიფო“?

ლეონიდ თიბილოვი „კომერსანტის“ კორესპონდენტს განუმარტავს: „ჩვენ კი არ ვამატებთ სახელწოდებას, არამედ ვთავაზობთ სახელწოდებას „ალანთის სახელმწიფოს“ როგორც ერთ-ერთ სახესხვაობას, ანუ გნებავთ „სამხრეთ ოსეთი“ გვიწოდეთ, გნებავთ – „ალანეთის სახელმწიფო“. ერთად ნუ წარმოთქვამთ, არ არის საჭირო. თუ საკითხის არსზე ვისაუბრებთ, გეტყვით, რომ ჩვენი წინაპრები ალანები იყვნენ, ეს ფაქტია. ოსები იმ დიდი ალანების შთამომავლები არიან, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფო ჰქონდათ. მონღოლ-თათრების შემოსევების შედეგად ეს სახელმწიფო გაქრა,  უკვე 600 წელია აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ვისი მემკვიდრეები ვართ? ბოლო წლებში ისტორიის გადაწერ-გადმოწერა დაიწყეს: ვხედავთ, რომ ზოგიერთი ხალხი სახელწოდება „ალანების“ მითვისებას ცდილობს. ამიტომ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება ოსების თვითშეგნების განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია. თუ ხალხი დათანხმდება, ამით, რა თქმა უნდა, პირად დოკუმენტებში ჩანაწერი არ შეიცვლება. თუმცა არის ერთი მომენტი: მე რომ მკითხავენ, საიდან ხარო, ვუპასუხებ – ალანეთიდან. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ სამხრეთ ოსეთიდან. მე უკვე ამის ლეგიტიმური უფლება მექნება. ვერავინ იტყვის, რომ ალანეთის სახელმწიფო სამხრეთ ოსეთი კი არ არის, არამედ, მაგალითად, ინგუშეთი… გასაგებია, რომ ჩვენს ინიციატივაზე საქართველოს პრეზიდენტი წინააღმდეგი იქნება. შესაძლოა რომელიმე ჩვენს ჩრდილოკავკასიელ მეზობელსაც არ მოეწონოს, მოწინააღმდეგეები ჩვენშიც არიან. მაგრამ მე მზად ვარ დავამტკიცო, რომ სწორად ვიქცევით. ვფიქრობ, რომ ჩვენ დავაგვიანეთ კიდეც ჩვენი რესპუბლიკისათვის ისტორიული სახელის დაბრუნება. მჯერა, რომ რეფერენდუმის კითხვას ჩვენი მოქალაქეები უპასუხებენ „დიახ“.

ვ) რა სურს ედუარდ კოკოითს?

კორესპონდენტის კითხვაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნილ ვითარებას ეხება, განსაკუთრებით კი ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის მომხრეთა მიერ გამართულ ანტისახელისუფლებო აქციას, ლეონიდ თიბილოვი პასუხობს, რომ ედუარდ კოკოითი კანონმდებლობის დარღვევით მოქმედებს, ცდილობს სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალოს. ედუარდ ჯებეევიჩს ბინადრობის ცენზი არ ყოფნის. ამის თაობაზე შესაბამისი დოკუმენტები არსებობს… თუმცა მე ვიტყოდი, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება. არის კანონი და მის წინააღმდეგ ვერავინ ვერ წავა… ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებდით და იმედი მაქვს, ექს-პრეზიდენტი უკვე მიხვდა, რომ თავისი მოქმედებით საკუთარ ხალხს ზიანს აყენებს. ამჟამად სიტუაცია სტაბილურდება“.

———-

ინტერვიუს ბოლოს გამოქვეყნებულია ლეონიდ თიბილოვის ბიოგრაფიული მონაცემების ვრცელი ვერსია და დოსიე სამხრეთ ოსეთის შესახებ.

«Известия» (რუსეთი), 30 მარტი, 2017 წელი

http://izvestia.ru/news/674416

თურქულმა პომიდვრებმა საქართველოდან შემოაღწია

მეზობელი სახელმწიფო რუსეთში რეექსპორტულ მიწოდებებს აფართოებს

სტატიაში განხილულია თურქული წარმოების პომიდორების (ტომატების) რუსეთის ბაზარზე შეტანის საკითხი. რატომ და საიდან შედის რუსეთში ეს პროდუქცია, როცა მისი იმპორტი 2016 წლიდან აკრძალულია? რატომ გაიზარდა ოთხჯერ თურქული პომიდორების შესყიდვა საქართველოს მიერ? უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი საქართველოდან პომიდვრების იმპორტის შვიდჯერ მატებას? „ეს კითხვები „როსსელხოზნადზორის“ მხრიდან ჯერ-ჯერობით უპასუხოდ რჩება“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – სერგეი ფიში).

რუსეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზედამხედველები გაოცებისაგან ხელებს შლიან – მათ არ შეუძლიათ იმის დადასტურება, რომ რუსეთში საქართველოდან შეტანილი პომიდვრები ქართული კი არა, არამედ თურქულია. იგივე შეიძლება ითქვას ბელორუსიიდან შეტანილ პროდუქციაზეც. ფაქტია, რომ თურქეთის მთავრობის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველომ გასულ 2016 წელს 23 მილიონი დოლარი თურქული პომიდორი იყიდა, მაშინ როცა 2015 წელს მხოლოდ 6 მილიონისა იყო. ზოგადად კი საქართველოს, ბოლო ათი წლის მანძილზე, არასოდეს არ უყიდია თურქეთისაგან წელიწადში  8 მილიონ დოლრაზე მეტი პომიდორი. ეს ყველაფერი იმით აიხსნება, რომ საქართველო თურქული პომიდორების რეექსპორტს ეწევა ჩრდილოეთის მიმართულებით, ანუ რუსეთში, თანაც კონტრაბანდის სახით.

„რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ რუსეთში ორი მილიონი დოლარის პომიდორი შეიტანა, წინა წლებში კი მისი მოცულობა 350 ათას დოლარს არ აღემატებოდა, თუმცა, ექსპერტების თქმით, ოფიციალური ციფრები არაფერს ნიშნავს, რამდენადაც შეტანა კონტრაბანდული გზით ხდება: „არსებობს ეჭვი, რომ საქართველო რუსეთში თურქული პომიდვრების კონტრაბანდას ეწევა“, – ამბობს რუსეთის ბოსტნეულის მწარმოებლების ეროვნული კავშირის პრეზიდენტი სერგეი კოროლიოვი, – „იმპორტის ზრდის დინამიკა შესამჩნევია, მაგრამ ამის დამტკიცება პრაქტიკულად შეუძლებელია“.

საქართველო, რუსეთის გარდა, პომიდორს არავის არ აწვდის. ეს დასტურდება ამ ქვეყნის  სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მონაცემებითაც, მაგრამ თურქულია თუ ქართული ტომატები, გაურკვეველია. „ოფიციალურად, რეექსპორტის ფაქტები ჩვენ არ დაგვიფიქსირებია, – ამბობს „როსსელხოზნადზორის“ პრეს-მდივანი იულია მელანო, – ამის დადასტურება საკმაოდ ძნელია. საერთოდ, თუ დოკუმენტები წესრიგშია, მაგრამ შესამჩნევია, რომ ტვირთი მეორედაა შეფუთული, მაშინ შემოწმება მტვრის მიხედვით წარმოებს. თუმცა, საქართველოსთან მიმართებით ამგვარი კონტროლი შეუძლებელია – თურქულ პომიდვრებს ქართულისაგან (აზერბაიჯანულისაგანაც)  მტვირის მიხედვით ვერ გაარჩევ“.

საერთოდ, რუსეთი თანდათან ზღუდავს ტომატების იმპორტს: თუ 2014 წელს ერთი მილიარდი დოლარის იქნა შემოტანილი, 2016 წელს – მხოლოდ 490 მილიონისა. ძირითადად მაროკოდან, ჩინეთიდან და აზერბაიჯანიდან. თურქული პომიდვრების იმპორტი კი 2016 წლის პირველი ინავრიდანაა აკრძალული. შესაბამისად, თურქი მწარმოებლები ძალიან ზარალდებიან, ისინი ვერაფრით შერიგებიან რუსული ბაზრიდან წასვლას. ანკარა ცდილობს რუსეთზე გავლენა მოახდინოს და ამიტომაც, რუსი მწარმოებლების დაზარალების მიზნით, გააუქმა რუსული ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირას ზეთის უბაჟოდ შეტანა თურქეთში. ამი მიუხედავად, მოსკოვი ანკარის მოთხოვნას არ ეთანხმება: თურქული პომიდვრის შეტანა რომ განახლდეს, ამით ის რუსი მეტომატეები დაზარალდებიან, რომლებმაც თურქული პროდუქცია ჩაანაცვლეს, ისინი კონკურენციას ვერ გაუწევენ იაფ თურქულ პომიდორს“, – ნათქვამია სტატიაში.

Comments are closed