globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 30th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველო „მინისტრთცვენის“ ზონაში

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი): საქართველოს მთავრობა გადადგა, თუმცა ახალი კაბინეტი ნდობის ვოტუმს მაინც მიიღებს

«Кавказская политика» (რუსეთი): პანკისის ხეობის ჯინები // საქართველოს ხელისუფლება პანკისის პრობლემას ნატოსთან დაახლოებისათვის იყენებს?

———————-

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 30 აპრილი, 2015 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2720389

საქართველო „მინისტრთცვენის“ ზონაში

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ საქართველოს მთავრობის გადადგომის ფაქტს ეხმაურება: სტატიაში გადმოცემულია ბოლო დღეებში განვითარებული სამთავრობო კრიზისის ქრონიკა, როცა ზედიზედ გადადგა რამდენიმე მინისტრი – ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების, სპორტის და გარემოს დაცვის უწყებათა ხელმძღვანელები დავით შავლიაშვილი, ელგუჯა ხოკრიშვილი და ლევან ყიფიანი. უფრო ადრე 2013 წლის ნოემბერში ჩამოყალიბებული აღამასრულებელი ხელისუფლებიდან წავიდნენ შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და ევროატრანტიკური ინტეგრაციის მინისტრები.

მოკლედ, თბილისში ეს მოვლენა „მინისტრთცვენად“ მონათლეს.

კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის მთელი შემადგენლობის ერთი მესამედის შეცვლის შემდეგ მოქმედმა კაბინეტმა პარლამენტისაგან ნდობის ვოტუმი უნდა მიიღოს, თუმცა, როგორც ჩანს, ვოტუმის მიღება ახალ შემადგენლობას არ გაუჭირდება. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა „კომერსანტის“ კორესპონდენტი დაარწმუნა, რომ ხმის მიცემის დროს რაიმე პრობლემა არ იქნება.

თუმცა, როგორც ქართველმა პოლიტოლოგმა გიორგი ხუხაშვილმა აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბარში, საქართველოში ქვეყნის მართვის საკითხში სერიოზული კრიზისი დგას: „არასერიოზულია, როცა ახალგაზრდა მინისტრი, ძალ-ღონითა და ენერგიით სავსე (იგულისმება დავით შავლიაშვილი ს.კ.) გამოდის და ამბობს, რომ ცოლშვილთან ყოფნა მინდა, იმიტომ მივდივარო“, – აღნიშნა ექსპერტმა. ამასთან, მან უარყო აზრი იმის თაობაზე, რომ ამ გადადგომების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას: „იმ ჩინოვნიკებისთვის, რომლებმაც საგარეო პოლიტიკაში და ეკონომიკაში ყველა საქმე ჩააფლავეს, მომგებიანია, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს დაბრალდეს“.

ოპოზიციამ მთავრობის გადადგომა იმის დადასტურებად მიიჩნია, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას ქვეყანა უფსკრულისაკენ მიჰყავს: როგორც „კომერსანტს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, „ამ ამბებს რაც გინდათ, ის უწოდეთ – გნებავთ მმართველობის, სამთავრობო ან პოლიტიკური კრიზისი, ამით არსი არ შეიცვლება. ბოლო მოვლენებმა გამოავლინა, რომ საქართველოს ამჟამინდელ მმართველებს კრიზისი თავში აქვთ. ისინი ფასეულობათა ქაოსში არიან, გაუგებარი მიზნები აქვთ და ცნობილი იგავის გმირების – გედის, კიბოსა და ქარიყლაპიას მსგავსად მოქმედებენ“ (იგულისხმება ივ.კრილოვის იგავ-არაკი – ს.კ.).

«Reuters» (დიდი ბრიტანეთი), 29 აპრილი, 2015 წელი

https://en-maktoob.news.yahoo.com/georgian-government-faces-confidence-vote-resignations-151432490–business.html

საქართველოს მთავრობა გადადგა, თუმცა ახალი კაბინეტი ნდობის ვოტუმს მაინც მიიღებს

ბრიტანულმა „როიტერმა“ გაავრცელა მასალა საქართველოში მიმდინარე სამთავრობო კრიზისის შესახებ (ავტორი – მარგარიტა ანთიძე). მასში მიმოხილულია აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებები – როგორც რამდენიმე თვის წინანდელი, როცა თანამდებობიდან „პროდასავლელი“ საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები გადადგნენ, ასევე ბოლო დღეების ამბებიც, როცა პოსტებიდან ზედიზედ სამი უწყების ხელმძღვანელი წავიდა.

„ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდანაა, დარწმუნებულია, რომ პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობა ნდობის ვოტუმს მიიღებს – ამისათვის მხოლოდ ხმების უბრალო უმრავლესობაა საჭირო. ამასთან, აშკარაა, რომ მისი ავტორიტეტი საკმაოდ შერყეულია: როგორც კორუფციასთან ბრძოლისა და რეფორმების ტემპებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემებით, ასევე ეკონომიკური სიძნელეებით – ინვესტიციების ნაკლებობით, ექსპორტის შემცირებით, ფულადი გადმორიცხვების მკვეთრი კლებით. ქვეყანაში კრიზისის გაღრმავებას ხელი შეუწყო აგრეთვე რუსული რუბლის გაუფასურებამ, რამაც, თავის მხრივ, ქართული ლარის დევალვირება გამოიწვია“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

«Кавказская политика» (რუსეთი), 30 აპრილი, 2015 წელი

http://kavpolit.com/articles/dzhinny_pankisskogo_uschelja-16294/

პანკისის ხეობის ჯინები

საქართველოს ხელისუფლება პანკისის პრობლემას ნატოსთან დაახლოებისათვის იყენებს?

ნადანა ფრიდრიხსონი

(შემოკლებით)

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას არასასიამოვნო სიურპრიზები ელოდება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე საბრძოლველად პანკისის ხეობიდან, აჭარიდან და ქვემო ქართლიდან 200-მდე ახალგაზრდაა წასული. უკვე ცნობილი გახდა, რომ მათგან დაღუპულია თორმეტი პანკისელი, ოთხი აჭარელი და ექვსი აზერბაიჯანელი ქვემო ქართლიდან, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

არადა, რამდენჯერ აფრთხილებდნენ ხელისუფლებას ამ პრობლემის თაობაზე… საკვირველია, რატომ არ აქცევდა საქართველოს მთავრობა მას ყურადღებას? ამაზე ხომ არა მარტო რუსული, არამედ მსოფლიოს მასმედიაც ვრცლად წერდა, დასახელებული იყო ის მიზეზებიც, თუ რატომ დგამენ ახალგაზრდები ასეთ ნაბიჯს.

ყველა ეს პრობლემა გარკვეულწილად პანკისის ხეობაში არსებულ არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება: მოსახლეობა უმუშევარია, ფულის გარეშეა და არაფერია იმაში უცნაური, რომ ახალგაზრდები სამსახურის ძებნაში თურქეთში მიდიან, რომელიმე ფაბრიკაში სამუშაოდ, შემდეგ ნათესავებთან კავშირი წყდება და უცებ აღმოჩნდება, რომ ისინი გადაბირებულნი არიან და სირია-ერაყში იბრძვიან, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში“, – ნათქვამია სტატიაში.

უცხოური მასმედია წერდა, რომ „ისლამურ სახელმწიფოში“ პანკისელ თარხან ბათირაშვილს დიდი გავლენა აქვსო. სირიის არმიის გენერალი ვალიდ აბაზაც აცხადებდა, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ პანკისში საწრთვნელი ბანაკები აქვს, საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაფერი იცის, მაგრამ არაფერს აკეთებსო“. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პრობლემაზე ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ალაპარაკდა, თუმცა მან ეს ფაქტი თბილისის წინააღმდეგ მიმართულ კონტრარგუმენტად გამოიყენა, უკრაინის კონფლიქტში მებრძოლ ქართველ ახალგაზრდებთან დაკავშირებით. ბოლო დროს კი, როცა პანკისში უხუცესთა კრება გაიმართა და საქართველოს ხელისუფლებას ჩეჩნების თურქეთში წასვლის წინააღმდეგ ზომების მიღება მოსთხოვეს, მთავრობამ მათი თხოვნა შეუსრულებლად მიიჩნია.

გამოდის, რომ მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება თვალს ხუჭავდა იმ პრობლემაზე, რომელიც ყველამ იცოდა? თბილისი ან სხვა უფრო დიდი საკითხებით იყო დაკავებული, ანდა ეს პროცესები მართლაც ხელისუფლების ჩუმი თანხმობით მიმდინარეობდა. ლოგიკა ბოლო წინადადებაში მართლაც არის: აბა, რაში ჭირდება თბილისს თავის ტერიტორიაზე რადიკალი ისლამისტების ყოფნა? განა უმჯობესი არაა ისინი საზღვარგარეთ წავიდნენ და „ორთქლი იქ გამოუშვან“? [საზღვარზე მათი გადასვლის თაობაზე კი იურიდიული ახსნა განმარტება ყოველთვის მოიძებნება.

მაგრამ ორივე შემთხვევაში მაინც უცნობია: რატომ მაინცდამაინც ახლა აღიარა თბილისმა პრობლემის არსებობა და მასთან ბრძოლის გადაწყვეტილება მიიღო?

როგორც ჩანს, ამის მიზეზი საერთაშორისო კონტექსტში უნდა ვეძებოთ: „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ („ელის“ – „ИГИЛ») პრობლემა უკვე აშშ-რუსეთის ურთიერთობაშიც კი ძირითადი პრობლემა გახდა. ჯერ აშშ-ის ელჩმა რუსეთში ჯონ ტეფტმა განაცხადა, მოსკოვმა და ვაშინგტონმა ამ საფრთხის მიმართ შეიძლება ერთად იბრძოლონო, მერე რუსეთის სააგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც აღნიშნა, რომ „ელის“-ი ეს არა მარტო რუსეთის, არამედ ამერიკისა და ევროპის პრობლემაც არისო.

თბილისმა დაინახა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა რეგიონში ახალ ტრენდად (ტენდენცია, მიმართულება) იქცა, საქმეში ირანი და აზერბაიჯანიც ერთვებიან…  ასეთ ვითარებაში პანკისის ხეობის პრობლემის მიჩუმათება საქართველოს მთავრობისათვის უკვე არააქტუალური გახდა. დადგა დრო, დაადასტურო – პრობლემა მართლაც არსებობს და ჯობია მასთან ბრძოლაში ჩაერთო. თუმცა საეჭვოა, რომ თბილისმა ამ საკითხში რუსეთთან თანამშრომლობა დაიწყოს: უკვე გაისმა ანტირუსული რიტორიკა – ჩეჩენთა დიასპორის ხელმძღვანელმა მექა ხანგოშვილმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარება შეიძლება რუსეთს აწყობდესო. როგორც ჩანს, „ელის“-თან ბრძოლაში საქართველოს უფრო ნატოს მხარდაჭერის იმედი აქვს…

«Кавказская политика» ესაუბრება ჟურნალისტ ვასილ პაპავას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკავებული პანკისის ხეობისა და „ელის“-ის საკითხებით და ბევრჯერ დაუწერია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება საკითხის მოგვარება.

ვასილ პაპავა: პანკისის თემა საქართველოში არაპოპულარულია. ბოლო დრომდე ითვლებოდა, რომ ის საქართველოს უშიშროებისათვის საფრთხეს არ შეიცავს და, შესაბამისად, პრესის მიერ მისი მუსირება არააქტუალურია. სამწუხაროდ, ასეთი აზროვნება სინამდვილეს არ ასახავს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ სირიასა და ერაყში ბრძოლაგამოვლილი ახალგაზრდები თბილისს „წმინდა ომს“ გამოუცხადებენ, რადგან ამისთვის იდეოლოგიურ-პოლიტიკური კომპონენტი არ არსებობს – მხედველობაშია მისაღები, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% ქრისტიან-მართლმადიდებელია, არ ილახება მაჰმადიანების უფლებები, საქართველო არ მონაწილეობს „ელის“-თან ბრძოლაში.

მაგრამ პრობლემები, პრინციპში, ყველა სახელმწიფოს შეიძლება შეექმნას, როცა ისინი („ბოევიკები“) უკან დაბრუნდებიან… საქართველოც არ იქნება გამონაკლისი. აქ მთავარია გავიგოთ, ისინი უკვე მართლაც ყოფილები არიან თუ მოქმედნი, ანუ ხომ არ დაიწყებენ აგიტაციას ახალი კონტინგენტის გადაბირების მიზნით?

- რატომ მაინცდამაინც ახლა გამოიჩინა ყურადღება საქართველოს მთვარობამ ამ პრობლემის მიმართ?

- ამ თემაზე ბოლო პუბლიკაციებმა მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ბოლო წლებში პანკისის ხეობის პრობლემები სრულიად იგნორირებული იყო, პრესაში არაფერი იწერებოდა… მაგრამ პრობლემამ თავი არ დამალა. ხელისუფლებას უკვე აღარ შეეძლო მისი იგნორირება – სირიაში უკვე 200-მდე ახალგაზრდა წავიდა (თუმცა მათ შორის ეთნიკური ქართველი-მუსულმანები თითზე ჩამოსათვლელები არიან). როგორც მთავრობა აცხადებს, უკვე საკანონმდებლო ბაზაც მზადდება, რომელიც სიტუაციას დაარეგულირებს, ანუ სახელმწიფო თავისი ძალებით ეფექტურ ზომებს მიიღებს საფრთხის შესამცირებლად.

მაგრამ მხოლოდ საკანონმდებლო ზომებით პრობლემა ვერ გადაწყდება., საჭიროა ზომების მტელი კომპლექსი სახელმწიფოებრივ დონეზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ სასულიერო პირებთან რეგულარული შეხვედრების ჩატარება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ახალგაზრდების რელიგიური განათლების საკითხში; მოსაგვარებელია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები; საჭიროა კონტაქტები იმ სახელმწიფოებთან, სადაც შეინიშნება ახალგაზრდების გადინება „ელის“-ის რიგებში; ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა საფრთხეების სემცირების მიზნით და ა.შ.

- რატომ ხდება ასეთ სიტუაციაში ანტირუსული კარტის გათამაშება? მხედველობაში გვაქვს მექა ხანგოშვილის განცხადება…

- საერთოდ, პანკისის ფაქტორი ხშირად ყოფილა კრემლის მხრიდან გამოყენებული თბილისის წინააღმდეგ, თითქოსდა „საქართველო ჩეჩენ ბოევიკებს იფარავს და ხელს უწყობს ჩრდ.კავკასიაში მათ დივერსიულ გამოხდომებსო“. ახლაც, თუ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობას გავითვალისწინებთ (თურქეთ-აზერბაიჯან-რუსეთთან და სომხეთთან მეზობლობა; ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კომუნიკაციები…), მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პანკისში სირიიდან დაბრუნებული „ბოევიკების“ ყოფნის ფაქტს (ან როცა ისინი დაბრუნდებიან), რუსეთი კვლავაც გამოიყენებს საინფორმაციო-პროპაგანდისტული ომის ინსტრუმენტად, საქართველოს წინააღმდეგ, მისი ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით, რომელიც ორიენტირებულია დასავლეთზე და აშშ-ზე.

- განა ახალგაზრდების „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში წასვლის გამო ადგილობრივ სასულიერო პირებს და დიასპორის წარმომადგენლებს არანაირი ბრალი არ მიუძღვით?

- უეჭველია, ახალგაზრდების სირიაში წასვლის ფაქტს მხოლოდ რომელირაც გარეშე სპეცსამსახურებისა და უცხოელი ემისრების მცდელობით ვერ გამართლებთ. არანკლები ბრალი მიუძღვით ადგილობრივ მოსახლეობას: ისინი ან ხელს არ უსლიან ამ პროცესს და თვალს ხუჭავენ, ან ჩვენ საქმე გვაქვს უფრო ძლიერ, უხილავ ინსტრუმენტთან, რომლის მეშვეობითა მათი „დავერბოვკება“ ხდება სირიულ და ერაყულ ხორცსაკეპისათვის. აი, ამ  „გადაბირების ისლამური ქსელის“ გამოვლენა კი უკვე სახელმწიფოს სპეცსამსახურების მოვალეობას წარმოადგენს. სწორედ მათ უნდა მიიღონ პრევენტიული ზომები იმ გამოწვევის გასანეიტრალებლად, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციურ საფუძვლებს და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება-საქმიანობას.

———-

ავტორის შესახებ

ნადანა ფრიდრიხსონი – დაამთავრა მოსკოვის მ.ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკ-ტი; პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი, „ევრაზეს“-ის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი.

Comments are closed