globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 30th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია

«Независимая газета» (რუსეთი): თბილისში რუსეთი მთელი დასავლეთის საფრთხედ დაასახელეს // საქართველომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეისაგან მხარდაჭერა მიიღო

«КоммерсантЪ» (რუსეთი): „საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს მხარი დეკლარაციით დაუჭირეს“

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): მუსტაფა ჩაბუქის საქმე: თურქეთი საქართველოში კერძო სკოლების კონფისკაციას ცდილობს

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 29 მაისი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/natopa-declaration/3875639.html

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია

თბილისში, 29 მაისს, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობის დასრულების წინ, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღეს.

19-პუნქტიან დოკუმენტში ნათქვამია, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკა ძალაში რჩება ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც “ალიანსის ღირებულებებს იზიარებს.” აქვე ხაზგასმულია, რომ ნატოს წევრობის გადაწყვეტილებას იღებენ ალიანსის წევრები და ასპირანტი ქვეყანა და ამ პროცესზე “გავლენა არ აქვს მესამე ქვეყანას.”

ასამბლეის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას თან ახლავს გზა სტაბილურობისკენ. ამის მაგალითად დოკუმენტში ევროატლანტიკური და გაალობალური უსაფრთხოებაა მოყვანილი“. დეკლარაცია მადლობას უხდის საქართველოს მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც ქვეყანას „ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვს, ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობით“. დოკუმენტში ნახსენებია ბუქარესტის სამიტზე მიღებული დეკლარაცია და გამეორებულია განცხადება, რომ „საქართველო ნატოს წევრი გახდება“.

დეკლარაცია საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებს გააგრძელოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, როგორიცაა სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი და ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის წინ წაწევა, მედია მრავალფეროვნების შენარჩუნება და ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგით დაძაბულობის შემცირებისა. დეკლარაცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე მოუწოდებს გაიყვანოს სამხედრო ძალები ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

დეკლარაციის დასკვნითი, 19-ე პუნქტის მიხედვით, ალიანსი აგრძელებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერას.

«Независимая газета» (რუსეთი), 30 ამისი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-05-30/6_6998_georgia.html

თბილისში რუსეთი მთელი დასავლეთის საფრთხედ დაასახელეს

საქართველომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეისაგან მხარდაჭერა მიიღო

„ნატოში საქართველოს მიღების საკითხი გადაწყვეტილია, მაგრამ როდის მიგიღებთ, ამის თარიღს ვერ გეტყვითო“, – ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივნის მოადგილის როუზ გეტემიულერის ამ განცხადებამ თბილისი იმედგაცრუებული დატოვა. თუმცა, საქართველო რომ სულ მთლად ნაწყენი არ დარჩენილიყო, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ თავისი მუშაობის მეოთხე დღეს მასპინძელი ქვეყნის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო“, – წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“ (ავტორი – იური როქსი, პოლიტიკური მიმომხილველი).

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამომსვლელებს ვინც უსმენდა, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თბილისში გაჟღერებული ყველა განცხადება თითქოსდა ერთი სქემით იყო მომზადებული: ორატორები იწყებდნენ ლაპარაკს ძირითად თემაზე, შემდეგ კი ნელ-ნელა საქართველოსადმი დითირამბებზე გადადიოდნენ და თანამედროვე მსოფლიოში რუსეთის ნეგატიურ როლზე მსჯელობდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა უკრაინის ვერხოვნა რადის სპიკერი ამდრეი პარუბი: მან მოსკოვი ყირიმისა და დონბასის მოვლენების გამო გააკრიტიკა, შემდეგ კი ესეთ მტკიცედ და დარწმუნებით განაცხადა, რომ რუსეთმა ყირიმში ბირთვული იარაღი განათავსაო, სესიის მონაწილეები ჯერ სერიოზულად შეშფოთდნენ, თუმცა შემდეგ დაწყნარდნენ – როგორც გაირკვა, მოსკოვს ატომური ბომბები თურმე არ განულაგებია, მაგრამ ალბათ, მაინც განალაგებსო“, – ერთგვარი ირონიით აღნიშნავს ავტორი.

პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის  სესიის მუშაობა, რომელიც თბილისში 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაიწყო: „ეს უბრალო დამთხვევა არ არის: მასპინძელი მხარე შეუსვენებლივ უსვამდა ხაზს, რომ ამგვარი მოვლენა ნატოს ისტორიაში ძალიან იშვიათად თუ მომხდარა – ადრე მხოლოდ ოთხჯერ იყო ჩატარებული მსგავსი ფორუმი ნატოს არაწევრ ქვეყანაში და რაც მთავარია, ოთხივე ქვეყანა უკვე ნატოს წევრები არიანო “.

ქართველი ლიდერების გამოსვლები ოპტიმისტური განწყობითა და მიზანმიმართული ხასიათით გამოირჩეოდა: თბილისი ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და კვლავაც გააკეთებს, რაც კი მასზეა დამოკიდებული, ანუ გააგრძელებს მონაწილეობას ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში, გააღრმავებს რეფორმებს არმიასა და სამოქალაქო სტრუქტურებში, იქნება ერთგული პარტნიორი… და რადგანაც საქართველო თავისი პროდასავლურობის გამო ზარალდება, თბილისს იმედი აქვს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რეალურ შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამს…

სამი დღის განმავლობაში მასაპინძლებმა 600 სტუმრის – ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების პარლამენტარების ბაგეთაგან ბევრზე-ბევრი კომპლიმენტი მოისმინეს. რა თქმა უნდა, ქართული მხარე ისეთი გულუბრყვილოც არ არის, რომ მისთვის სიურპრიზი იყო შემონახული – უცებ გამოაცხადებენ, რომ საქართველოს ნატოში ვიღებთო… თუმცა რა მიღებაზეა ლაპარაკი, როცა ბრიუსელმა „მაპ“-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) მიცემაშიც კი განუსაზღვრელი ვადით პაუზა აიღო და მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება? საბოლოო ჯამში, ის ყველაფერი, რაც საქართველომ მიიღო, 19-პუნქტიან რეზოლუციაში დაფიქსირდა: დოკუმენტში გამოხატულია თბილისის პროდასავლური კურსის მხარდაჭერა, მასში არის რეკომენდაციები როგორც საქართველოს და ნატოს ხელმძღვანელობისადმი, ისე.. რუსეთის მიმართაც“, – ნათქვამია სტატიაში.

„ოფიციალურ თბილისს რეკომენდაცია მიეცა არ შეანელოს ნატოში ინტეგრაციის ტემპი, მას უნდა ახსოვდეს, რომ „საქართველოსთვის ალიანსის კარი ყოველთვის ღიაა“; უნდა იქნეს გაგრძელებული რეფორმები, უნდა შესუსტდეს დაპირისაპირება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის; ცხადია, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მასმედიის თავისუფლება. თავის მხრივ, დეკლარაციის მიხედვით, ნატოს ხელმძღვანელობას და ალიანსის წევრ ქვეყნებს ასევე რეკომენდაცია მიეცათ პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარება გაუწიონ საქართველოს ამ რთული ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, „მაპ“-ის მიღებისათვისაც.

და ბოლოს, დამამთავრებელი აკორდი: რეკომენდაციები რუსეთს – მოსკოვო, უკან წაიღე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, გაიყვანე მათი ტერიტორიებიდან შენი ჯარები და მეტად ნუ დაარღვევ იმ შეთანხმებას, რომელსაც ხელი 2008 წლის აგვისტოში მოაწერეო“, – წერს ავტორი და იქვე მკითხველს აცნობს სესიაზე ზოგიერთი გამომსვლელის, მათ შორის ასამბლეის პრეზიდენტის პაოლო ალისა და ვიცე-პრეზიდენტის, ლიტვის დელეგაციის მეთაურის რასა იუკნიავიჩენესა განცხადებებს. ნატოს გენმდივნის მოადგილემ როუზ გეტემიულერმა კი საქართველოს ალიანსის წევრობის კანდიდატებიდან ყველაზე გამორჩეული პარტნიორი“ უწოდა. მან თბილისი შეაქო – „პოზიტიური სტიმული გაქვს და სწორი ტრაექტორიით მიდიხარო“, მაგრამ იქვე დაამატა: „რა ვქნა, ნატოში მიღების თარიღის პროგნოზირება არ შემიძლიაო“.

კაცმა რომ თქვას, ეს ყველაფერი თბილისს ადრეც ბევრჯერ მოუსმენია. კომპლიმენტები, დაპირებები ნატოში აუცილებლად მიღებაზე საქართველოსთვის დიდი ხანია ცნობილია. ამ ფორუმზე ქართველები ნატოსაგან მათკენ გადადგმულ უფრო კონკრეტულ ნაბიჯს ელოდნენ ალიანსში მიღების საკითხში, მაგრამ ხელში ისევ დეკლარაცია შერჩათ.“.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ევროპელი სტუმრები სოფელ ოძისს ეწვიენ, რომელიც სამხრეთ ოსეთის საზღვართან მდებარეობს. ოძისიდან ნატოელმა პარლამენტარებმა რუსეთის ბაზა დაინახეს, რაც ძალიან ეწყინათ. „ნატოს საპარლამენტო ასამბლეა უკომპრომისოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, რუსეთი კი თავის ოფიციალურ საზღვრებს უნდა დაუბრუნდესო“, – ეს პაოლო ალის სიტყვებია, ავტორის მიერ ციტირებული.

————

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში ჩატარების შესახებ სტატია გამოქვეყნებულია აგრეთვე რუსულ პოპულარულ გაზეთ «КоммерсантЪ»-შიც სათაურით „საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს მხარი დეკლარაციით დაუჭირეს“ (ავტორი – გიორგი დვალი). პუბლიკაციაში მოკლედაა გადმოცემული სესიაზე მიღებული დოკუმენტის მთავარი მომენტები, იქვე მკითხველი ეცნობა ევროპელ პარლამენტარების გამონათქვამებს რუსეთთან ურთიერთობის შესახებ… „მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკან გაწვევისა“ მოთხოვნასთან ერთად ისმოდა ხმები რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების თაობაზეც: „ბუნებრივია, ნატოს არ სურს რუსეთთან კონფლიქტის პროვოცირება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ქვეყანა მშვიდობისაკენ შემოვაბრუნოთ“, – ციტირებს ავტორი როუზ გეტემიულერის სიტყვებს.

სტატიაში ასახულია აგრეთვე ქართველი ექსპერტის ვახტანგ მაისაიას კომენტარიც: „ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიები ჩვეულებრივ ალიანსის წევრ ქვეყნებში ტარდება ხოლმე. ბოლო 25 წლის განმავლობაში ამ წესს დღემდე მხოლოდ ოთხჯერ გადაუხვიეს. წინა ოთხი ქვეყანა, სადაც სესია ჩატარდა, უკვე ნატოს წევრები არიან“, – ამბობს ვახტანგ მაისაია (წყარო: https://www.kommersant.ru/doc/3312007).

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 29 მაისი, 2017 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/turkey-eats-to-confiscate-gulen-affiliated-private-schools-in-georgia/3875320.html

მუსტაფა ჩაბუქის საქმე: თურქეთი საქართველოში კერძო სკოლების კონფისკაციას ცდილობს

ზაზა წულაძე

საქართველოს ხელისუფლებამ თურქეთის მორიგი კაპრიზი აღასრულა. თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის ვიზიტის დასრულებიდან 24 საათში, თბილისში, სულეიმან დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, პროფესორი მუსტაფა ემრე ჩაბუქი „ტერორიზმთან კავშირის გამო“ დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას უკვე მიუსაჯა 3 თვიანი წინასაექსტრადაციო პატიმრობა.

38 წლის მუსტაფა ჩაბუქი მნიშვნელოვანი ფიგურაა „ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელში“, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ერდოღანის მწვავე ოპონენტს, ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ მწერალსა და მქადაგებელს ფეთულა გულენს ეკუთვნის.

ეს ქსელი საქართველოში ერთ უნივერსიტეტს და ხუთ საშუალო სკოლას ფლობს. მუსტაფა ჩაბუქი 15 წელია საქართველოში მუშაობს, თავიდან ფიზიკის მასწავლებელი იყო, შემდეგ, ბათუმის რაფაედინ ლორთქიფანიძე-შაჰინის სახელობის სკოლის დირექტორი, 2012-2016 წლებში კი „ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

2017 წლის თებერვლის დასაწყისში, როცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სულეიმან დემირელის სახელობის სკოლის დამფუძნებლებმა ჯიჰან აქინმა, იუსუფ ალთაშმა, აიჰან არსლანმა და რესულ დიქმენმა საქართველოში ბიზნესის გადარჩენის მიზნით, საკუთარი წილების ამერიკულ კომპანია „მეტროპოლიტენ ედუქეიშნ ქონსალთინგ სერვისზე“ გადაფორმება დაიწყეს, ყველა მათგანის მინდობილი პირი და პარტნიორთა კრების თავმჯდომარე სწორედ მუსტაფა ემრე ჩაბუქი იყო.

„ამერიკის ხმამ“ 8 თებერვალს ექსკლუზიურად უკვე გიამბოთ, რომ თურქეთის მოთხოვნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ეს გარიგება დაბლოკა. 9 თებერვალს, თბილისის აეროპორტიდან უკან გერმანიაში გააბრუნეს „ჩაღლარის ქსელის“ ერთ-ერთ დამფუძნებელი ბიზნესმენი ჯიჰან აქინი, შემდეგ კი საქართველოს ტერიტორია ასევე დაატოვებინეს „მეტროპოლიტენ ედუქეიშნ ქონსალთინგ სერვისის“ მინდობილ პირს, აშშ-ის მოქალაქე ზაფერ სუსლუს.

ადვოკატი ვახტანგ კვიჟინაძე ამბობს, რომ არსებული ბრალდებით მუსტაფა ემრე ჩაბუქის ტერორიზმთან დაკავშირება აბსურდულია, ხოლო მისი ექსტრადირება არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანის, არამედ მთლიანად საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო რეპუტაციის საკითხია:

„მუსტაფა ემრე ჩაბუქი იყო დაქირავებული პირი დემირელის სკოლაში და ის, ბუნებრივია, არ და ვერ გადაწყვეტდა ვისზე უნდა გასხვისებულიყო პარტნიორთა წილები. საერთოდ წარმოუდგენელია ამასთან დაკავშირებით ადამიანს ბრალი წაუყენო. რაც შეეხება საკითხს, რომელიმე მოქალაქე თუ ორგანიზაცია არის თუ არა დაკავშირებული ტერორისტულ ორგანიზაციასთან, აფინანსებს თუ არა ტერორიზმს, ეს ნამდვილად სცილდება ერთი კონკრეტული კერძო პირის კომპეტენციას, რომელიც ამ სკოლაში წლებია პედაგოგად მუშაობდა“.

2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან ფეთულა გულენის დაკავშირების შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გულენის მოძრაობა „ჰიზმეთის“ (მსახურება) წევრებს ავიწროვებს, აპატიმრებს და უძრავ-მოძრავი ქონების კონფისკაციას ცდილობს. ეს ქსელი 140 ქვეყანაში 1400-მდე სასწავლო დაწესებულებას მოიცავს.

ბოლო ერთი წლის მანძილზე, ხისტი პოლიტიკური ზეწოლის შემდეგ, მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე, თურქეთმა 31 სკოლის, 16 სასწავლო ორგანიზაციისა და 15 სტუდენტური საცხოვრებლის კონფისკაცია მოახდინა და ის სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ განათლების სამინისტროს „მაარიფის სახელმწიფო ფონდს“ (Maarif Foundation) დაუქვემდებარა.

ფეთულა გულენის სკოლები „მაარიფის ფონდს“ უკვე გადასცეს სომალიში, კონგოში, გვინეაში, ნიგერში, სუდანსა და ბურუნდიში. უახლოეს მომავალში, თურქეთი ასეთ გადაწყვეტილებას ელოდება ჩადის, სენეგალის, გაბონის, ბურკინა-ფასოს, მადაგასკარის, მავრიტანიისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მხრიდან.

საქართველოში, თურქეთის ღია ზეწოლით, უკვე დაიხურა რაფაედინ ლორთქიფანიძე-შაჰინის სახელობის სკოლა ბათუმში, აკრედიტაცია ასევე შეუჩერდა ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლას თბილისში, ჩაღლარის დანარჩენ სასწავლო დაწესებულებებში კი ფინანსურია პოლიციაა შესული.

თურქეთი ასევე მოითხოვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ადემ ონალის, რექტორ ილიას ჩილოღლუს და ჩაღლარის ქსელის სხვა პასუხისმგებელი პირების დაპატიმრებას. თუ ეს დაწესებულებებიც „მაარიფის ფონდს“ გადაეცემა, მაშინ იქ სწავლა უკვე თურქეთის განათლების სამინისტროს სტანდარტებით გაგრძელდება.

ოფიციალურ თბილისი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას, რომ საქართველოს განათლების სისტემაში დასაქმებული თურქეთის მოქალაქეების დევნა თურქეთის ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთით ხდება. სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე ამბობს: „ნუ დავაკავშირებთ პოლიტიკას კრიმინალთან, პოლიტიკური ნიშნით ამ ქვეყანაში, ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქის დაკავება დასრულებულია და წარსულს ჩაბარდა“.

საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიიჩნევს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების საქმეზე „საქართველოს პროკურატურის პოზიცია პატიმრობის გამოყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მოკლებულია სათანადო დასაბუთებას და შეუსაბამოა საქართველოს კანონმდებლობით და ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან.“

როგორც საია, ისე სახალხო დამცველი, ორგანიზაციები “საერთაშორისო გამჭვირვალობა” და “საერთაშორისო ამნისტია” აცხადებენ, რომ საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს არ უნდა გადასცეს. „2016 წლის შემდეგ თურქეთის ხელისუფლება აიძულებს მის მოკავშირეებს, რომ გაატარონ სამართლებრივი ღონისძიებები იმ პირების მიმართ, ვინც სავარაუდოდ არიან ფეთულა გულენის მხარდამჭერები. არსებობს სამხილი, რომ დაკავებულების უფლებები ირღვევა და მათ აწამებენ, რაც “საერთაშორისო ამნისტია” და ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა აღწერეს.

საერთაშორისო და საშინაო სამართლიდან გამომდინარე, საქართველო მოვალეა არ დააბრუნოს მოქალაქე იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს რისკი, რომ მას აწამაბენ, არასწორად მოეპყრობიან ან მისი უფლებები შესაძლებელია სერიოზულად დაირღვეს“ – ვკითხულობთ “საერთაშორისო ამნისტიის” განცხადებაში, რომელიც გუშინ გავრცელდა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის განთავისუფლების მოთხოვნით საქართველოში ვრცელდება პეტიცია, რომელსაც უკვე შეუერთდნენ ჩაღლარის სასწავლო დაწესებულებების ასობით კურსდამთავრებულები, ისინი დღეს ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლობენ.

————

ფეთულა გულენის ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელი საქართველოში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი;

სულეიმან დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, თბილისი;

სკოლა-ლიცეუმი სხივი, თბილისი;

ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ქუთაისი;

შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, რუსთავი;

დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, მარნეული;

აკრედიტაცია შეუჩერდათ (2016-17)Add New

ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, თბილისი;

რაფაედინ შაჰინის-ლორთქიფანიძის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, ბათუმი.

Comments are closed