globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 ივნისი 2015 წელი

Posted by nanamaoglobal on Jun 30th, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«International Business Times» (აშშ): „რუსეთის აგრესიის შედეგების ფონზე, საქართველოს ურთიერთობა მოსკოვთან უმჯობესდება“

«Lragir» (სომხეთი): ნატოს გაფართოების პრობლემები სამხრეთ კავკასიაში

«Radio Voice of America» (აშშ): ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა და საქართველოს დილემა

«Кавказская политика» (რუსეთი): „კავკასია-2020“: „ცხელი“ რეგიონი თანდათან „ცივდება“

———————-

«International Business Times» (აშშ), 30 ივნისი, 2015 წელი

http://www.ibtimes.com/amid-russian-aggression-georgia-moscow-pursue-improved-diplomatic-relations-georgian-1987826

რუსეთის აგრესიის შედეგების ფონზე, საქართველოს ურთიერთობა მოსკოვთან უმჯობესდება

ამერიკულ გავლენიან გამოცემა International Business Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ერთ-ერთი ქართული გაზეთისათვის („ასავალ-დასავალისათვის“) მიცემული ინტერვიუ (ავტორი თომას ბარაბი).

პუბლიკაციაში ყურადღება განსაკუთრებით აქვს დათმობილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ. მასში ხაზგასმულია, რომ თბილისი ცდილობს მოსკოვთან კონსტრუქციული და პრაგმატული ხასიათის დიალოგი ჰქონდეს. ავტორი ირაკლი ღარიბაშვილის ნათქვამის ციტირებას ახდენს: „სწორედ ამ მიზნით დაიწყო საქართველომ ორი წლის წინათ რუსეთთან მოლაპარაკება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი 2013-2014 წლებში ერთმანეთს შვიდჯერ შეხვდნენ, რის შედეგადაც ქართულ პროდუქციას რუსულ ბაზარზე შეტანის უფლება მიეცა“.

პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოკლე ისტორია 1991 წლიოდან, საბჭოთა კავშირი დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოდ გამოცხადების დროიდან. „ამ ორმა მეზობელმა სახელმწიფომ ერთმანეთთან სამხედრო კონფლიქტიც მოასწრო 2008 წელს, რომლის შედეგად რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, დასავლეთის ნეგატიური პოზიციის მიუხედავად. რუსეთთან ხუთდღიან ომში დაახლოებით 170 ქართველი მეომარი დაიღუპა. იმის გამო, რომ რუსეთი მხარს უჭერს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას შეუძლებელია, – აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი ეხება აგრეთვე საქართველოს დასავლეთთან ინტეგრირების საკითხს და წერს, რომ საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, უკრაინასთან, ფინეთთან და შვედეთთან ერთად, რომელიც შეიძლება ნატოს სამხედრო ორგანიზაციის წევრი გახდეს. სტატიაში მოხსენიებულია აშშ-ის სამხედრო ხომალდის შესვლის ფაქტი საქართველოს ნავსადგურში გასულ კვირას.

«Lragir» (სომხეთი), 30 ივნისი, 2015 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/42986

ნატოს გაფართოების პრობლემები სამხრეთ კავკასიაში

იგორ მურადიანი

(შემოკლებით)

სამხრეთ კავკასიის გამოყვანა რუსეთის გავლენის სფეროდან საკმაოდ რთულ და მრავალასპექტიან ამოცანას წარმოადგენს. რუსეთს მტკიცედ აქვს განზრახული შეინარჩუნოს და განამტკიცოს თავისი პოზიციები რეგიონში. თუ გავითვალისწინებთ გეოგრაფიულ სიახლოვეს, გეოეკონომიკურ და ისტორიულ კავშირებს, რასაკვირველია, მოსკოვისათვის ამ მიზნების რეალიზება შედარებით იოლია.

იმ დროსაც კი, როცა რუსეთი ერთობ სუსტი იყო, როცა რუსეთს ეკონომიკურად ძალიან უჭირდა, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა პერიოდში (1991-1999 წლებში), მოსკოვი ცდილობდა სამხრეთ კავკასიაში თავისი ყოფნა შეენერჩუნებინა. სწორედ ამ დროს ჩაიდო რუსეთისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოთა ურთიერთობის საფუძვლები.

ცნობილი ამერიკელი ექსპერტის ლეონ არონის აზრით, შეერთებული შტატები კარგად აცნობიერებს  რუსეთის რეალურ შესაძლებლობებს და ამიტომაც სერიოზულ ყურადღებას აქცევს სამხრეთ კავკასიის პრობლემებს. ამასთან, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით, ვაშინგტონს სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენის გავრცელება ძალიან ძვირი უჯდება, განსაკუთრებით საქართველოს მიმართ.

სხვათა შორის, აშკარაა, რომ სამხრეთ კავკასიის არცერთი სახელმწიფო, საქართველოს ჩათვლით, აშშ-ის ერთმნიშვნელოვანი პარტნიორი არ გამხდარა. სომხეთი თავისი თამაშის – მრავალვექტორული პოლიტიკის გატარებას ცდილობს, აზერბაიჯანიც ფრთხილად უდგება ერთვექტორიან კურსს, საქართველოს კი იმ ამოცანების შესრულება არ შეუძლია, რომელიც შეერთებულ შტატებს აინტერესებს.

საერთოდ, აშშ-ში საქართველოს მიმართ არაერთმნიშვნელოვანი შეფასებები ჩამოყალიბდა: ვაშინგტონი, რა თქმა უნდა, დიდ ძალისხმევას ახმარს იმას, რომ საქართველო თავისი პოლიტიკის კალაპოტში ჩააყენოს, მაგრამ ამერიკულ საექსპერტო წრეებსა და კონგრესში გარკვეული მოსაზრებები ჩნდება, რომ აშშ-ის პოლიტიკაში საქართველოს მიმართულება  ძვირადღირებული ვექტორია.

რუსეთ-ამერიკის დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიისადმი, ისევე როგორც სხვა პოსტსაბჭოთა რეგიონებისადმი, ყალიბდება არა უშუალოდ, არამედ ვაშინგტონისა და მოსკოვის დამოკიდებულებით აქაურ სახელმწიფოებთან. აშშ-ის დამოკიდებულების ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენს რეგიონის ქვეყნების შესაძლო გაწევრიანება ნატოში, რომელსავ ვაშინგტონი მოსკოვზე ზეწოლის მიზნით იყენებს, თუმცა მის საბოლოო მიზანს არა ზეწოლა, არამედ რუსეთის გეოპოლიტიკური დაბლოკვა წარმოადგენს. ამასთან, დღეს არც ამერიკა და არც ევროპული ქვეყნები, უნივერსალური პოლიტიკის განსახორციელებლად, სამხრეთ კავკასიას ერთიან სივრცედ აღარ განიხილავენ: პრივილეგირებულ მდგომარეობაში მხოლოდ საქართველო აღმოჩნდა, ხოლო აზერბაიჯანი და სომხეთი ცენტრალური აზიის ქვეყნებად მიაჩნიათ.

ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება რიგ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ალიანსში სამხრეთკავკასიური ქვეყნების მიღება შეუძლებელი იქნება, თუ ნატო შავი ზღვის რეგიონში არ განმტკიცდება და მასთან უკრაინის ინტეგრირება არ მოხდება. ნატოს შავი ზღვის აუზში განმტკიცება კი, თავის მხრივ ხელს შეუშლის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გაძლიერებას და თურქეთის რეგიონული ინტერესების რეალიზებას (ანკარა ნატოს წევრია, მაგრამ თავისებურ პოლიტიკას ატარებს). ბუნებრივია, არც რუსეთი დახუჭავს თვალს ნატოს ექსპანსიაზე და არც თურქეთი არ შეურიგდება მისი პოლიტიკის შეზღუდვას ბრიუსელის მიერ. მოკლედ, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ნატოში გაწევრიანება, უპირველესად კი საქართველოს მირება ალიანსის წევრად შეუძლებელია, თუ ზემოთ ხსენებული პრობლემები არ მოგვარდება, პლუს უკრაინის ინტეგრაცია ნატოში. ეს საკითხი სასწრაფოთადაა მოსაგვრებელია, რადგან უკრაინის ხელისუფლება ძალიან მყიფეა, უკვე გაჩნდა ბზარები და აშკარაა, მას მალე პრორუსული ძალების გაძლიერება მოჰყვება.

(…)

ამერიკელი ექსპერტების აზრით, საქართველოს ნატოში მიღება არ მოხდება მანამ, სანამ უკრაინაც არ იქნება მზად, თანაც ამას წინ უნდა უძღოდეს შავ ზღვაზე რიგი პრობლემების მოგვარებაც, ბულგარეთსა და რუმინეთში ახალი, მძლავრი სამხედრო ბაზების შექმნის ჩათვლით. როგორც უკვე ვთქვით, რუსეთი და თურქეთი ნატოსა და აშშ-ის ამ განზრახვებს წინააღმდეგობას გაუწევენ, მაგრამ უკრაინის პოზიციის გარეშე ეს ძნელი განსახორციელებელი იქნება. უკრაინა კი, როგორც ჩანს, რუსეთს და თურქეთს გვერდზე მოიტოვებს და პირდაპირ ბრიუსელ-ვაშინგტონის გავლენის ქვეშ მოხვდება.

რაც შეეხება საქართველოს, ამერიკა თითქოსდა ენერეგიულად ამზადებს მის შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ იგივე ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, ამ მომზადებას მხოლოდ „ვიზუალური“ მნიშვნელობა აქვს, რადგან საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოებას საშუალოვადიან პერსპექტივაში ბრძოლისუნარიანი არმიის შექმნა არ შეუძლია. სხვა რომ არაფერი, მარტო ეს ფაქტორიც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ნატოში მიღების კუთხით საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადების დონეს ფორმალურად უნდა შევხედოთ. არმიის მდგომარეობის საკითხთან ერთად, საქართველოს ალიანსში მიღების ხელისშემშლელ პრობლემებში უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემას, მაგრამ შეიძლება მათი იგნორირებაც, თუ ისინი საქართველოს შიდა პრობლემებად იქნება მიჩნეული (თუმცა სინამდვილეში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონენი არიან). ამასთან, ნატო აცხადებს, რომ მას არ აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარების ამოცანა. ექსპერტების აზრით, ასეთი განცხადებები გამიზნულია რუსეთის დასამშვიდებლად, თუმცაღა, თუ ობიექტურად ვიტყვით, ამერიკასაც და ნატოს სხვა წამყვან წევრებსაც საქართველოს პრობლემები საერთოდ არ აღელვებთ.

თუ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პრობლემას ღრმად გავაანალიზებთ,, შეიძლება დავრწმუნდეთ იმაში, რომ შეერთებულ შტატებს აინტერესებთ არა იმდენად ქვეყნის უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით, არამედ საქართველოს ტერიტორია როგორც სატრანზიტო დერეფანი. ამჟამად საქართველოს ნატოში წევრობის საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, არსებობს მხოლოდ პერსპექტიული ინტეგრაციის კონცეპტუალური ხედვა. ამასთან, საქართველო ნატოსაგან უფრო მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე ალიანსის ზოგიერთი წევრი. ბევრი ნატოელი თვლის, რომ საქართველო, ფაქტიურად, უკვე ნატოს წევრია, ალიანსი უკვე ქვეყანას მფარველობს, იცავს და აფინანსებს. საქართველოს მაგალითი ადასტურებს, რომ უმჯობესია ნატოსთან ახლოს იყო, ვიდრე შორს.

ნატოს წევრებს შორის არსებობს ერთგვარი შეშფოთება, რომ რუსეთს შეუძლია შეამოწმოს, რეალურად რამდენად სწრაფად გაუწევს ნატო საქართველოს დახმარებას. ეს ეჭვები მართლაც სერიოზულია, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოცდილება მოწმობს: როცა რუსებმა თბილისის დაკავება განიზრახეს, მათ თავიანთი მიზანი ვერ განახორციელეს.  რატომ? იმიტომ, რომ შავ ზღვაში ნატოს სამხედრო გემები შემოვიდნენ.

აზერბაიჯანი ნატოს შესაძლებელ წევრად საერთოდ არ განიხილება. ალიანსის მიმართ აზერბაიჯანის დამოკიდებულება ჯერ კიდევ გაურკვეველია. ბაქოს ეშინია, რომ თუ ნატოსაკენ აიღებს გეზს, მაშინ მოსკოვი და თეირანი მტრული რეაქციას გამოავლენენ. აზერბაიჯანი არ ჩქარობს საკუთარი განზრახვების დეკლარირებას და ელოდება, როგორ და როდის გადაწყდება საქართველოს მიღების საკითხი. აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები კარგად აცნობიერებენ იმას, რომ ნატო ყარაბაღის კონფლიქტს ვერ მოაგვარებს, ამიტომაც არ ჩქარობენ ალიანსისაკენ ლტოლვას.

სომხეთს ნატოში გაწევრიანების მიზნები არ აქვს. მარტალია, ერევანი მონაწილეობას ღებულობს ალიანსის რამდენიმე პროექტში, მაგრამ ისიც მხოლოდ ფორმალურად. დღეს სომხეთი, შეიძლება ითქვას, ნატოს მოწინააღმდეგე ქვეყანაა. ალიანში ინტეგრაციის დამამუხრუჭებელი ფაქტორი როგორც სომხეთისათვის, ასევე აზერბაიჯანისათვის მთიანი ყარაბაღის პრობლემა წარმოადგენს.

პრინციპში, სომხეთის ინტეგრირების პროცესი ნატოსა და ევროკავშირში უკვე დასრულებულია და აქტუალური აღარ არის. დელეგაციების ფორმალური გაცვლის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. სომხეთს დასავლეთისაგან იზოლაცია ელოდება, შესაბამისად, სამხედრო კატასტროფა. ამერიკისა და დასავლეთისათვის სომხეთი ცენტრალური აზიის ქვეყანაა და მასზე პასუხისმგებლობა რუსეთს გადაეცა.

«Radio Voice of America» (აშშ), 29 ივნისი, 2015 წელი

http://www.amerikiskhma.com/content/islamic-state-georgia/2838822.html

ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლა და საქართველოს დილემა

ნანა საჯაია

(შემოკლებით)

(…) ბოლო მონაცემებით, სირიაში 90 ქვეყნიდან დაახლოებით 16 ათასი უცხოელი მებრძოლია ჩასული, რაც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში უცხოელი მებრძოლების სხვა ქვეყანაში გამგზავრების და იქ ბრძოლაში ჩართვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოში გასაწევრიანებლად სირიაში საქართველოდანაც გაემგზავრნენ.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარგში ტომ მალინოვსკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგია ისეთივე უნდა იყოს, როგორც ეს დანარჩენ მსოფლიოშია – და ტერორიზმის დამარცხებისკენ უნდა იყოს მიმართული.

„ვფიქრობ ფორმულა მთელს მსოფლიოში ერთი და იგივეა – მათთან ბრძოლა, მათი დაპატიმრება და გასამართლება. და თუ ეს ვერ ხერხდება მაშინ მათი ბრძოლის ველზე დამარცხება, ისევე როგორც ამას ერაყსა და სირიაში ვცდილობთ. მაგრამ მთავრობებს უნდა ახსოვდეთ, რომ ტერორისტული პროპაგანდა ქვეყანაში არსებული უკმაყოფილებებით არ უნდა ასაზრდოონ. თუ ხალხი კორუფციით, პოლიტიკური შეზღუდვებით, ეკონომიკური შესაძლებლობების ნაკლებობით უკმაყოფილოა, მათ ამის გამოხატვის და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება უნდა ჰქონდეთ. თუ მთავრობა ხალხს ამ უფლებას შეუზღუდავს, როგორც ეს რუსეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმსოავლეთის ქვეყნებში ხდება, ამით ვითარებას მხოლოდ გააუარესებენ.“

ევრაზიის საკითხების ცნობილი ანალიტიკოსი პოლ გობლი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რათა ერთის მხრივ ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირის მქონე პირები გამოავლინოს და მეორეს მხრივ ამ პროცესში უდანაშაულო მუსლიმი მოსახლეობის რადიკალიზაცია არ მოხდეს.

„ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველომ იმის ჩვენება შეძლოს, რომ ის ყველა რელიგიის მიმართ ტოლერანტულია და ისლამურ სახელმწიფოს არ მისცეს იმის თქმის შანსი, რომ ისტორიულად მართლმადიდებელი თბილისი მუსლიმ მოსახლეობას თავს ესხმის. ამავდროულად საქართველომ დაზვერვის და ინფორმაციის შეგროვების მექანიზმები უნდა გააუმჯობესოს, რათა ტერორისტულ ჯგუფებთან დაახლოებული მოქალაქეები გამოავლინოს. ამიტომაც მთავრობას დიდი სიფრთხილე მართებს.“

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რეკომენდაციების სახით აღნიშნულია, რომ აუცილებელია მუსლიმი ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოებასთან.

ამ მოსაზრებას გობლიც იზიარებს, მისი თქმით 2001 წლის 9 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ ამერიკას მიაჩნდა, რომ ტერორიზმს მხოლოდ ძალით უნდა დაპირისპირებოდა, ახლა კი დასავლეთი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ იდეოლოგიურ ოპონენტებს ძალასთან ერთად იდეოლოგიაც უნდა დაუპირისპირო: „ბოროტების ამ ძალებს მხოლოდ ძალითვე ვერ დავამარცხებთ, მაგრამ ბოროტი ძალები კარგი იდეების – დემოკრატიის და თავისუფლების გაძლიერებით დამარცხდებიან.“

«Кавказская политика» (რუსეთი), 30 ივნისი, 2015 წელი

http://kavpolit.com/articles/kavkaz_2020_vozvraschenie_gosudarstva-17893/

„კავკასია-2020“ რუსი პოლიტოლოგების ხედვით: „ცხელი“ რეგიონი თანდათან „ცივდება“

რუსეთის გამომცემლობა «Эксмо»-მ ორიოდე დღის წინათ გამოსცა კოლექტიური  მონოგრაფია სახელწოდებით „რუსეთი და მსოფლიო 2020 წლისათვის: მღელვარე მომავლის კონტურები“, რომელშიც გადმოცემულია რუსი პოლიტოლოგების ხედვა რუსეთისა და მსოფლიოს პერსპექტივის შესახებ. წიგნი გამოცემულია „მგიმო“-ს – მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსიტიტუტის (უნივერსიტეტის) მხარდაჭერით.

კრებულის ერთ-ერთი ავტორი, „მგიმო“-ს კავკასიის პრობლემების და რეგიონული უსაფრთხოების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლაი სილაევი ეხება ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის პრობლემებს, კერძოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ პერსპექტივებს კავკასიის რეგიონში.

ამონარიდები ნიკოლაი სილაევის ინტერვიუდან:

„ამჟამად ჩრდილოეთ კავკასიაში მათავარი გრძელვადიანი ტენედენცია შეიმჩნევა: „ცხელი“ ჩრდილოეთ კავკასია ნელ-ნელა „ცივდება“. ალბათ, ამ შემთხვევაში უკრაინის მოვლენების ეფექტი მოქმედებს: იქ მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე ჩრდილოეთ კავკასია უკვე ისე მწვავედ აღარ ჩანს.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, ეს რეგიონი უფრო სწრაფად „ცივდება“, ვიდრე ჩრდილოეთი კავკასია. კონფლიქტური პოტენციალი მნიშვნელოვნად მცირდება. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, სადაც ახლა ძალიან რთულია კონფლიქტის განახლების შესაძლებლობა. იქ მშვიდობა საიმედოდაა გარანტირებული რუსეთის მიერ. მთიან ყარაბაღში გასულ წელს იყო სიტუაციის გარკვეული გამწვავება, მაგრამ ინციდენტი  დიპლომატიური ძალისხმევით მოგვარდა. აჟამად კონფლიქტის ზონაში ბალანსი დაცულია. მოკლედ,  ამიერკავკასიაში კონფლიქტების განახლების დიდი რისკები არ არის.

მსოფლიო მასშტაბით სამხრეთ კავკასია ძალიან მცირე რეგიონია, სადაც 10-15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. აქ მდებარე ყველა სამივე ქვეყანა ღარიბია, აზერბაიჯანიც კი. მათი შიდა რეგიონული ბაზარი ძალიან ვიწროა. რუსეთ-თურქეთის და რუსეთ-ირანის ურთიერთობის კონტექტსში ამიერკავკასიის ქვეყნებს რაიმე დიდი მნიშვნელობა არ აქვთ, ამიტომაც უმჯობესია ისინი ძირითადად საკუთარ ბედს მივანდოთ და თვითონ განსაზღვრონ თავისი ადგილი მსოფლიოში.

მაგრამ რადგანაც სამხრეთ კავკასიას რუსეთი, თურქეთი და ირანი ესაზღვრება, ბუნებრივია, გარკვეული გავლენები და ურთიერთდამოკიდებულებები აუცილებლად იქნება. საყურადღებოა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეოპოლიტიკური ვექტორები.  ამ თვალსაზრისით გაკვირვებას იწვევს საქართველოს პოზიცია, რომელიც საკუთარი პრობლემების გადაწყვეტით კი არ არის დაკავებული რეგიონულ დონეზე, არამედ უფრო იდეოლოგიური მშენებლობით და ცდილობს ადგილის დაკავებას აღმოსავლეთ ევროპის მცირე ქვეყნებს შორის. სომხეთი, საქართველოსთან (და აზერბაიჯანთან) შედარებით უფრო მეტად ადაპტირებად ქვეყნად მოჩანს: მიუხედავად იმისა, რომ მას ზღვაზე გასასვლელი და ენერგორესურსები არ აქვს, ეკონომიკური ზრდის ტემპებითა და მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე საქართველოც კი უკან ჩამოიტოვა.

ამავე დროს, რასაკვირველია, სომხეთში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ქვეყნისათვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

Comments are closed