globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 30th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): თელავის უნივერსიტეტიდან „ისლამურ სახელმწიფოში“: პანკისელი სტუდენტის ბედი

«Deutsche Welle» (გერმანია): ინტერვიუ ვოლფგანგ იშინგერთან: „რუსეთს დღეს მტრები კი არა, მეგობრები ჭირდება“ // რაში გადააჭარბა ნატომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე?

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 30 ივნისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgian-islamist-killed-in-sirya/3396706.html

თელავის უნივერსიტეტიდანისლამურ სახელმწიფოში“: პანკისელი სტუდენტის ბედი

ზაზა წულაძე

სირიიდან მოსული არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჰამასა და რაქას პროვინციების საზღვარზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციების ინტენსიური დაბომბვის დროს, საქართველოს მოქალაქე, 22 წლის ასლამბეგ ბორჩაშვილი დაიღუპა. იგი დუმასტურიდან იყო, პანკისის ხეობის ეს სოფელი ახმეტიდან 24 კილომეტრში მდებარეობს და ზემო ხალაწნის თემში შედის. აქ ძირითადად ეთნიკური ოსები და ქისტები ცხოვრობენ.

2015 წლის აგვისტომდე, სანამ თურქეთის გავლით სირიაში წავიდოდა, ასლამბეგ ბორჩაშვილი, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობას ეუფლებოდა.

ასლამბეგ ბორჩაშვილი ჯერ თურქეთში გაემგზავრა, შემდეგ კი სირიის ტერიტორიაზე გადავიდა. ერთი თვით ადრე ეს გზა ასლამბეგის ბიძაშვილმა, ასევე დუმასტურის მკვიდრმა ამირან (ამრან) ბორჩაშვილმა გაიარა, რომელიც თელავის უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის პირველკურსელი იყო.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი მაგდა დავითაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ასლამბეგ ბორჩაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ფინანსური დავალიანების გადავადება სთხოვა და შემდეგ აღარ გამოჩენილა:

„ასლამბეგი ნორმალური, საშუალო დონის სტუდენტი იყო. ძალიან წესიერი, მუდმივად დადიოდა და ესწრებოდა ლექციებს. დროულად ითვისებდა ყველა სასწავლო კურსს, სწავლის პერიოდში აქვს აღებული კრედიტებიც. სხვათა შორის გამოირჩეოდა კარგი ყოფაქცევით და მეგობრებთანაც ნორმალური დამოკიდებულება ჰქონდა.

პირველი და მეორე კურსი სრულად აქვს დახურული, და მესამე კურსის პირველი სემესტრიც. 2015 წელს, მეორე სემესტრშიც დადიოდა, ფინანსური დავალიანების გადავადება ითხოვა, განცხადებაც დაწერა, მაგრამ გამოცდებზე ივნისის თვეში უკვე აღარ გამოცხადდა. მანამდე ყველა საგანი აქვს ათვისებული.“

ასლამბეგ და ამირან ბორჩაშვილები სირიაში მაშინ გადავიდნენ, როცა საქართველოს ანტიტერორისტულ სააგენტოს უკვე დაკავებული ჰყავდა სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამი, „ისლამური სახელმწიფოს“ „პანკისის ჯამაათის“ ლიდერი აიუფ ბორჩაშვილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლო წლებში „პანკისის ჯამაათის იმამი“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ახალგაზრდებისგან ფიცს ანუ „ბაიათს“ იღებდა და შემდეგ მათ სირიაში ტერორისტულ ორგანიზაციებში აგზავნიდა. 2016 წლის მარტში, აიუფ ბორჩაშვილს სასამართლომ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნინო კოჭლოშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ გაოგნებული დარჩა როცა შეიტყო, რომ მისი სტუდენტი ამირან ბორჩაშვილი სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვის. დეკანი დარწმუნებული იყო, რომ ამირანი თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.

„ამირანი ჩაირიცხა 2014 წელს, პირველი კურსი სრულად დახურა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნორმალური და კარგი ქცევით გამოირჩეოდა. ესწრებოდა ლექციებს, შემდეგ უკვე, 2015/16 სასწავლო წლიდან აღარ გამოჩენილა და აკადემიური დავალიანების საფუძველზე მას სტატუსი შეუჩერდა. უფასო სექტორზე სწავლობდა.

ექსკურსიაზეც მყავდა ეს ბავშვი და არაფერი ასეთი არ შეიმჩნეოდა. აბსოლუტური მოულოდნელობა იყო გუშინ გავრცელებული ცნობა, რომ ის სირიაშია. მისი არყოფნის პერიოდში, რამდენიმე მის მეგობარს ვკითხე, რომლებიც ასევე პანკისიდან დადიან და მითხრეს, რომ თურქეთში სამუშაოდ არის წასული, გვაქვს კონტაქტი და აუცილებლად უნდა ჩამოვიდესო.“

ბოლო სამი წლის მანძილზე, სირიაში საქართველოს 20 მოქალაქე დაიღუპა, მათგან 17 პანკისი ხეობის ქისტები იყვნენ, დანარჩენი სამი კი გურიის, აჭარისა და კახეთის მუსლიმ თემს წარმოადგენდა.

პირველი სირიაში, 2012 წელს, ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის შვილი რუსტამ გელაევი დაიღუპა. რუსტამს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა. მისი ცხედარი გადმოასვენეს და პანკისის ხეობაში დაკრძალეს. 2013 წელს – სირიაში 3 საქართველოს მოქალაქე მოკლეს, 2014-ში – 6, 2015 წელს – 4 და მიმდინარე, 2016 წლის პირველ ექვს თვეში უკვე – 6.

———

P.S დღეს ცნობილი გახდა, რომ სირიაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, სოფელ დუისის მკვიდრი უმარ მარგოშვილი, იგივე “აბუ-ალი პანკისი”, მას 10 შვილი დარჩა.

„ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ქვეშ დაღუპული საქართველოს მოქალაქეები

(2013-2016)

23 წლის რუსტამ გელაევი (აგვისტო 2012)

26 წლის ჰამზათ აჭიშვილი (ივლისი 2013)

36 წლის აბდულ-მალიქ მუთოშვილი (ივლისი 2013)

24 წლის ხალიდ აჭიშვილი (ოქტომბერი 2013)

36 წლის რუსლან მაჩალიკაშვილი (თებერვალი 2014)

18 წლის ბესო კუშტანაშვილი (სექტემბერი 2014)

22 წლის გურამ გუმაშვილი (ოქტომბერი 2014)

21 წლის ჯაბრაილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)

18 წლის ისრაფილ ცათიაშვილი (დეკემბერი 2014)

30 წლის ლევან ნაკაიძე (დეკემბერი2014)

24 წლის დავით სვიაკაური (თებერვალი 2015)

33 წლის იბრაჰიმ ცათიაშვილი (მაისი 2015)

23 წლის თურფალ ბორჩაშვილი (ივნისი 2015)

28 წლის ბესლან მუხტაროვი(დეკემბერი 2015)

22 წლის მუჰმად თურქოშვილი (იანვარი 2016)

24 წლის რამზან ფარეულიძე (იანვარი 2016)

22 წლის ხვიჩა გობაძე(იანვარი 2016)

38 წლის ვახა ბუგიევი(აპრილი 2016)

22 წლის ასლამბეგ ბორჩაშვილი(ივნისი 2016)

39 წლის უმარ მარგოშვილი (ივნისი 2016)

«Deutsche Welle» (გერმანია), 30 ივნისი, 2016 წელი

http://www.dw.com/ru/вольфганг-ишингер-россии-сегодня-нужны-друзья-а-не-враги/a-19338833

ინტერვიუ ვოლფგანგ იშინგერთან: „რუსეთს დღეს მტრები კი არა, მეგობრები ჭირდება“ // რაში გადააჭარბა ნატომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე?

მიუნჰენის (გერმანია) უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი ინტერვიუში ეხება მრავალ საერთაშორისო საკითხს, მათ შორის ყურადღებას ამახვილებს ნატო-რუსეთის ურთიერთობაზე, კომენტარს აკეთებს აგრეთვე საქართველოსა და უკრაინის ალიანსისაკენ სწრაფვაზე, ნატოს გაფართოებაზე და ა.შ.

გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვერსიას:

(…)

- თქვენთვის სიურპრიზი იყო ის, რაც ვლადიმირ პუტინმა ბოლო ორი წლის განმავლობაში გააკეთა?

- ჩვენ, დასავლეთი, დიდი ხნის განმავლობაში რუსეთს ვერ ვუგებდით, ყურადღებას არ ვაქცევდით ვლადიმირ პუტინისა და დიმიტრი მედვედევისაგან წამოსულ სიგნალებს, რომლებიც ბოლო შვიდი-რვა წლის განმავლობაში. გავიხსენოთ ვლადიმირ პუტინის სიტყვით გამოსვლა მიუნჰენში 2007 წელს. აი, მაშინ რომ ჩვენ კარგად გაგვეცნობიერებინა მისი ნათქვამი და გაგვეანალიზებინა, შესაძლოა იმდენად შოკისმომგვრელი აღარ იქნებოდა ის, რაც მოგვიანებით მოხდა.

- დიახ, 2007 წელს ვლადიმირ პუტინმა მიუნჰენში გამოსვლისას ერთპოლუსიანი მსოფლიოს დასასრული გამოაცხადა, მკაცრად გააკრიტიკა ნატო აღმოსავლეთით გაფართოების გამო და თქვა, რომ რუსეთი თავის საგარეო პოლიტიკას თავისივე შეხედულებით გაატარებსო. თუ გახსოვთ, რას გრძნობდით, ვლადიმირ პუტინს რომ უსმენდით?

- მე მაშინ იგივე შეცდომა დავუშვი, რაც სხვებმა – ჩვენ რუსეთის პრეზიდენტის ნათქვამი სერიოზულად არ მიგვიღია. მართალია იმ განსხვავებით, რომ მე მაშინ მიუნჰენის კონფერენციის თავმჯდომარე კი არ ვიყავი, არამედ რიგითი მონაწილე. არადა, ჩვენ ვალდებულები ვიყავით რუსი პრეზიდენტის ნათქვამი სერიოზულად აღვექვა, განსაკუთრებით ეს უნდა გაეკეთებინა ვაშინგტონს. 2007-2008 წლებში დასავლეთი მაინცდამაინც ყურადღებას არ აქცევდა რუსეთის შეშფოთებას, დასავლეთი თავის გეგმებს მოსკოვის პოზიციის მიუხედავად ახორციელებდა. 2008 წელს კი რუსეთ-საქართველოს სამხედრო კონფლიქტი მოხდა. დღეს ჩვენ ვლადიმირ პუტინს უფრო ყურადღებით ვუსმენთ.

- ანუ, რუსმა ლიდერმა თავის მიზანს მიაღწია – ახლა მას დასავლეთი უკვე  სერიოზულად აღიქვამს?

- არა, მე ეგრე არ ვფიქრობ. კი, მას სერიოზულად აღიქვამენ, მაგრამ რუსეთის დღეს სულ უფრო მეტ დანაკარგს განიცდის იმ სფეროებში, რომლებიც ქვეყნის მომავლისთვისაა საჭირო, მსოფლიო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობისათვის, ეკონომიკის მოდერნიზებისათვის. ამჟამად თხუთმეტი წლის რუსი ჭაბუკის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა იგივეა, როგორც მისი თანატოლისა ყველაზე ნაკლებად განვითარებულ აფრიკულ ქვეყანაში. ჩემი აზრით, ეს დიდი სირცხვილია  რუსეთისათვის. მოკლედ რომ ვთქვათ, დიდი პრობლემები არსებობს ჯანდაცვაში, სოციალურ სფეროში. რუსეთი, ეკონომიკური თვალსაზრისით, დაკნინებულია. ჩვენ კი, დასავლეთს, გვინდა, რომ რუსეთი აყვავებული ქვეყანა იყოს, ჩვენ განვითარებულ რუსეთთან ვაჭრობა გვსურს. დღეს ეს შეუძლებელია, რადგან რუსეთს ფული აღარ აქვს.

- დავუბრუნდეთ ვლადიმირ პუტინის მიუნჰენურ გამოსვლას: მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა ნატო იმ შეთანხმების დარღვევაში დადანაშაულა, რომელიც თითქოსდა ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას გამორიცხავდა. ამ კრიტიკას საფუძველი ჰქონდა?

- ნატოსათვის იმის დაბრალება, რომ ალიანსი რაღაცას არღვევსო, უსაფუძვლოა. 1997 წელს რუსეთმა და ნატომ ფუძემდებლური აქტი გააფორმეს. მე ამ მოლაპარაკებაზე გერმანულ მხარეს წარმოვადგენდი და ამიტომ ვიცი, რასაც ვამბობ. მაშინ უკვე ცნობილი იყო, რომ ნატო აღმოსავლეთით ფართოვდებოდა და მოსკოვი ამ დოკუმენტით ალიანსის გეგმებს დათანხმდა. მასში ნათქვამია, რომ გაფართოოების შემთხვევაში ნატო ვალდებულობს ახალი წევრების  ტერიტორიებზე მუდმივი სამხედრო ბაზები არ განათავსოს. გამოთქმული  საყვედურები იმის თაობაზე, რომ ნატო თითქოსდა ადრე მიღწეულ შეთანხმებას და აღებულ ვალდებულებას არღვევსო, უბრალოდ, სიმართლე არ გახლავთ. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი სრულიად თავისუფლად შეიძლება ნახოს ადამიანმა, მათ შორის რუსულ ენაზეც.

ამასთან მე მინდა ვაღიარო ისიც, რომ ჩვენ ძალიან გადავაჭარბეთ, შორს წავედით ნატოს ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე, როცა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის დაჩქარებული მიღების პროცედურას ვიხილავდით. ჩვენ სრულად ვერ გავაცნობიერეთ, თუ როგორ რეაქციას გამოიწვევდა ეს რუსეთის ხელისუფლებისაგან, განსაკუთრებბისთ სამხედროების მხრიდან. მათ  ჩვენი მოქმედება რუსეთის საფრთხისმომტანად მიიჩნიეს, რაც, რა თქმა უნდა, სწორი არაა.

- ანუ თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ ვლადიმირ პუტინი ტყუის, როცა ამბობს – ნატო დაგვპირდა, აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდაო?

- დიახ, ასე გამოდის. მე ვფიქრობ, რომ ისტორიული თვალსაზრისით, [რუსეთის პოზიცია] არაკორექტულია.

- მართალია, რომ ვლადიმირ პუტინი თავისი პრეზიდენტობის საწყის პერიოდში რუსეთის ნატოში გაწევრიანებაზე ფიქრობდა?

- მე არასდროს არ ვფიქრობდი, რომ ეს იდეა განხორციელებადი იქნებოდა და იცით, რატომ? მოდით, გულწრფელად ვიტყვი: ნატო ისეთი ორგანიზაციაა, რომელსაც პრაქტიკულად შეერთებული შტატები მართავს, რუსეთი კი იმ ორგანიზაციაში არ შევა, რომელშიც  წამყვან როლს აშშ ასრულებს. მე ზუსტად ვიცი, რომ ვლადიმირ პუტინი დროულად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აშშ-ის მოქმედება რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება და ამიტომ ვაშინგტონთან ოპონირებაა საჭირო და არა ალიანსში შესვლა.

Comments are closed