globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 ივნისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jun 30th, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The Economist» (დიდი ბრიტანეთი): საქართველო, რეფორმების მოდელი, ცდილობს სუფთა ქვეყნად დარჩეს, ხეების მოყვარული ოლიგარქი კი სიტუაციას  კულისებიდან ძაფებით მართავს

«Независимая газета» (რუსეთი): ევროპამ თბილისს მოუწოდა – „კარგი ახლა, აღარ გინდა ახალი რევოლუციაო“ // საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმით გამოწვეული კრიზისი გრძელდება

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ადამიანებით ვაჭრობა საქართველოსა და მსოფლიოში // აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კვლევაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობამ ითანამშრომლა აზერბაიჯანის მთავრობასთან აზერბაიჯანის მოქალაქის ექსტრადიციის საქმეში

—————–

«The Economist» (დიდი ბრიტანეთი), 29 ივნისი, 2017 წელი

http://www.economist.com/news/europe/21724407-tree-loving-oligarch-still-pulling-strings-georgia-model-reform-struggling-stay

საქართველო, რეფორმების მოდელი, ცდილობს სუფთა ქვეყნად დარჩეს, ხეების მოყვარული ოლიგარქი კი სიტუაციას  კულისებიდან ძაფებით მართავს

ქართველები ძველთაგანვე ცნობილი იყვნენ თავიანთი ორიგინალური ქცევით, ექსცენტრიულობით – ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ ქვეყანას, ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, კოლხეთ ეძახდნენ, როცა აქ ოქროს საწმისი ინახებოდა და მედეა ცხოვრობდა…

მაგრამ ქართული სტანდარტებითაც კი, ბიძინა ივანიშვილის – ქვეყნის ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანის – ჰობი ექსტრავაგანტურად მოჩანს. განდეგილივით მცხოვრები ოლიგარქი, რომლის კოშკის მსგავსი მინა-ფოლადით ნაგები სასახლე თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს, საქართველოში ყველაზე მაღალ და ყველაზე ხნიერ ხეებს ეძებს და ყიდულობს, თან ძირ-ფესვიანად თხრის და ტრანსპორტით შავი ზღვის პირას მდებარე თავის სხვა საცხოვრებელ ადგილზე გადააქვს.

ქართველთა უმრავლესობა გაკვირვებულია, თუმცა იმედი აქვთ, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ კუთვნილ ხეებსაც იყიდის. სხვათა შორის, ერთ-ერთი ხის – ლირიოდენდრონის (მას ტიტის ხესაც ეძახიან)  გამოსახულება, რომელიც ასი წლისაა და ფესვებიანად მოთხრილი თითქმის 650 ტონას იწონის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ერთგვარ სიმბოლადაც კი იქცა. მილიარდერი, რომელსაც ოფიციალურად არანაირი თანამდებობა არ აქვს დაკავებული, ქვეყანას კულისებიდან „ძაფებით“ მართავს და ცვლის არამარტო მის ფიზიკურ, არამედ პოლიტიკურ ლანდშაფტსაც. მან საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან ხესავით ამოძირკვა დიდი ფიგურაც – ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

2003 წლის [შემოდგომაზე], როცა „სახალხო აჯანყების“ შედეგად ძალაუფლება ხელში მიხეილ სააკაშვილმა აიღო, მან საქართველოს რადიკალური რეფორმირება განახორციელა, გაწყვიტა კავშირი საბჭოურ მემკვიდრეობასთან და ეფექტური სახელმწიფო შექმნა. მაგრამ 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნები წააგო „ქართულ ოცნებასთან“ – პოლიტიკურ ალიანსთან, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. მან თავისი სიმდიდრე ძირითადად რუსეთში ყოფნის დროს დააგროვა. მისი  ქონება მხოლოდ ორჯერ ჩამოავარდება საქართველოს ყოველწლიურ მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა საზღვარგარეთ წასულიყო, ხოლო მისი ზოგიერთი პარტნიორი ციხეში აღმოჩნდა. მთავარი მიზეზი, რის გამოც „ნაციონალებმა“ ხელისუფლება დაკარგეს (რეფორმებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიუხედავად), იმაში გამოიხატებოდა, რომ ისინი სასამართლო ხელისუფლებას, მართლმსაჯულების ორგანოებს პოლიტიკური რეპრესიების განხორციელების მიზნით იყენებდნენ.

გარკვეული დონით საქართველო დღეს უფრო თავისუფალია, ვიდრე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს იყო. სასამართლოს გამოტანილი  გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ მოიმატა, საზოგადოებას გაუქრა დევნის შიში. „მაგრამ საქართველომ ასევე დაკარგა თავისი მისიის აზრი, – ამბობს გია ხუხაშვილი, ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კონსულტანტი, – ეკონომიკური ზრდა სადღაც 3%-ის ფარგლებში მერყეობს, რომელიც ბევრად ჩამოუვარდება მიხეილ სააკაშვილის დროინდელი მატების ორნიშნა ციფრს. საქართველომ – როგორც ბრენდმა – თავისი ბრწყინვალება დაკარგა. ოდესღაც რეფორმების გატარების სამაგალითო პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელიც მოდერნიზების მოდელი გახლდათ, დღეს სიძნელეებს განიცდის. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს თავის სათამაშო მოედნად მიიჩნევს, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ოლიგარქების შესაშურად.

რასაკვირველია, 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვრები და ის ცვლილებები, რაც განხორციელდა, ძირითადად შენარჩუნდა. კორუფცია არ დაბრუნებულა და თუ Transparency International-ის მონაცემებს გადავხედავთ, საქართველოს კორუფციის ინდექსის მხრივ უკეთესი ადგილი უკავია, ვიდრე, ვთქვათ, იტალიას და ესპანეთს. საქართველოში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება არსებობს. როგორც მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლები ამბობენ, რეფორმების „ტვინის“ გიგა ბოკერიას ჩათვლით, საქართველო თავისი ექს-ლიდერის დროიდან უკვე მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოსახლეობის პოზიცია „ნაციონალების“ მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა. გასულ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალების“ მონაწილეობის კვალობაზე მოსახლეობა შიშობდა – ვაითუ მიხეილ სააკაშვილი ისევ დაბრუნდესო. ყოფილი პრეზიდენტის ყოფილი მომხრეები იმაზეც გაჯავრებულები არიან, რომ მიხეილ სააკაშვილმა მარტის თვეში ბათუმში მომხდარ უწესრიგოებებს მხარი დაუჭირა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილება მოხდა. „ნაციონალა“ ლიდერტა ერთმა ნაწილმა მაისში, თბილისის ყველაზე დიდ სპორტულ დარბაზში გამართულ ფორუმზე ახალი პარტია – „ევროპული საქართველო“ შექმნა. საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფრიალის ფონზე მათ განაცხადეს, რომ უარყოფენ ძალადობას და სიძულვილს. „ჩვენ შევცვლით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ქვეყნის ნგრევისა და რყევის გარეშე“, – განაცხადა გიგი უგულავამ, ახალი პარტიის ლიდერმა. ელენე ხოშტარიამ, პარტიის ქალთა სახემ და ამჟამად თბილისის მერობის კანდიდატმა, მოსახლეობის სიღარიბეზე ისაუბრა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა შესაძლოა ტაქტიკურად მომგებიანი იყოს ბიძინა ივანიშვილისათვის, მაგრამ საბოლოო ჯამში „ნაციონალების“ განადგურებით მას აღარ ეყოლება ისეთი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, რის გამოც „ქართული ოცნება“ შეიქმნა და რაც ამ პარტიის არსებობის არსს წარმოადგენს.

ქვეყანაში შეიმჩნევა იდეოლოგიური კონფლიქტის გამწვავება წინსვლა-მოდერნიზებასა და წარსულზე ნოსტალგიას შორის. 18 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელიც გავლენიან ფიგურას წარმოადგენს, ქვეყანაში მონარქიის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა. რამდენიმე წლის წინათ ასეთი მოწოდება ევროპისაკენ მომზირალი ახალგაზრდების ელიტისათვის მიუღებელი იქნებოდა, დღეს კი იგივე ახალგაზრდული ელიტის წარმომადგენელმა, პარლამენტის სპიკერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ მას მხარი დაუჭირა: „ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის ჩვენი ადგილობრივი თავისებურებაც“, – თქვა მან.

ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მონარქიისადმი მხარდაჭერა განგებ მოხდა, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის ძირის გამოთხრა და მიმართულია გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან კონფლიქტურ მდგომარეობაშია. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს 2010 წლიდან რაიმე მნიშვნელოვანი აღმასრულებელი ფუნქციები აღარ აქვს, იგი მაინც პირდაპირი არჩევნების გზით იქნა არჩეული და განიხილება როგორც დამოუკიდებელი არბიტრი [ხელისუფლების შტოებს შორის].

პრეზიდენტის სტატუსის დაქვეითება-შეზღუდვის მიზნით „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებებიც წამოიწყო. ცვლილებების მთავარი მომენტებია საარცევნო ბლოკების აკრძალვა (მიუხედავად იმისა, რომ თვითონ „ქართული ოცნება“ შვიდი წლის წინათ ხელისუფლებაში სწორედ ბლოკის სახით მოვიდა), 5%-იანი საარჩევნო ზღურბლის (ბარიერის) დაწევა და ხმების გადანაწილება პირველ ადგილზე გასული პარტიისათვის. ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის ფრაგმენტულობის (დაქუცმაცების) გათვალისწინებით, ასეთი ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ არჩევნების დროს დამატებით 20-30 ადგილს მოუტანს.

19 ივნისს ევროკავშირის ვენეციის კომისიამ დაადგინა, რომ ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებების კომბინაცია თანასწორობის პრინციპის სერიოზულ დარღვევა იქნებაო, მაგრამ ამის მიუხედავად, რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე მოიწონა კონსტიტუციის ცვლილებები, რითაც იგნორირებული იქნა როგორც პრეზიდენტის, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ [დაპირების მიუხედავად], 2024 წლისათვის გადადო საარჩევნო სისტემის ცვლილებებიც: თავდაპირველად დაგეგმილი იყო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება და მთლიანად პროპორციულზე გადასვლა, მაგრამ ისევ იქნა დატოვებული დღეს მოქმედი შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემა. პარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება: აკრძალა მიწის გაყიდვა უცხოელებზე.

ამასობაში კი საზოგადოებრივ ცხოვრებაში თავისუფლების შეზღუდვის შეგრძნება გაჩნდა: გატაცებულ იქნა აზერბაიჯანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, რომელიც თბილისში ცხოვრობდა და იგი აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადაეცა. იგივე ითქმის ბიძინა ივანიშვილის მომხრეების მცდელობაზეც ოპოზიციური ტელეარხის „რუსთავი-2’-ის გაკონტროლების მიზნით. მათი მოქმედება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა აღკვეთილი.

კიდევ ერთი შემთხვევა, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს, ესაა სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის ლაშა თორდიასთან დაკავშირებული ფაქტი. მისი განცხადებით, თბილისის ღამის კლუბში ყოფნის დროს მას თავს დაესხნენ და სცემეს საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ და მისმა პირადმა მცველებმა თითქოსდა იმ მიზეზით, თუ რატომ იკვლევდა სახელმწიფო აუდიტი ექს-პროკურორის მიერ მიწასთან დაკავშირებულ გარიგების გარემოებებს. როგორც ბატონი გია ხუხაშვილი ამბობს, თუ ეს თავდასხმა დაუსჯელი დარჩება, „ეს იქნება იმის მანიშნებელი, რომ საქართველოში ბრუნდება სისტემა, როცა არაფორმალურ ხელისუფლებას სახელმწიფო ხელისუფლებაზე მეტი  უფლებები გააჩნდა“.

საქართველოსთვის თბილისის მერის არჩევნები, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი, კიდევ ერთი ტესტი იქნება. მერის თანამდებობა სურთ „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელს („ქართული ოცნებიდან“), პოპულარულ ტელეწამყვანს („ნაცმოძრაობიდან“) და აუსაიდერს, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონივით მოქმედებს. ვინც თბილისის მერის არჩევნებში გაიმარჯვებს, ეს იქნება ერთგვარი სიგნალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.  ქართული პოლიტიკის გათვალისწინებით, თბილისში გამარჯვება (მეტაფორულად) ოქროს საწმისის დასაკუთრების ექვივალენტად ითვლება.

«Независимая газета» (რუსეთი), 30 ივნისი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-06-30/5_7019_georgia.html

ევროპამ თბილისს მოუწოდა – „კარგი ახლა, აღარ გინდა ახალი რევოლუციაო“

საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმით გამოწვეული კრიზისი გრძელდება

„კონსტიტუციის ახალ რედაქციაში სერიოზული ცვლილებები აღარ იქნება შეტანილი, რადგან დოკუმენტი პარლამენტში ორი მოსმენით უკვე მიიღეს. ასეთი რეაქცია გამოხატა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ირაკლი კობახიძემ იმ კრიტიკაზე, რომელიც ბათუმში მყოფმა ევროკავშირის ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ გააჟღერა. პარლამენტის სპიკერის თქმით, იგი პირადად შეხვდება სტუმარს, განუმარტავს მას ძირითადი კანონის ცვლილებების არსს და ამით ყველა გაურკვევლობას მოხსნის“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – იური როქსი).

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკუკიო საქართველოში გამართულ ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების მე-17 კონგრესში მონაწილეობს. მის ჩამოსვლას ქართული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუთმენლად ელოდებოდა. ისინი მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ შულერობა-თაღლითობაში ადანაშაულებენ: მათი მტკიცებით, „მეოცნებეებმა” საზოგადოებას და ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებათა ერთი პროექტი წარუდგინეს, პარლამენტში კი სხვა პროექტი განიხილეს და მიიღესო.

ოპოზიცია ჯანი ბუკიკიოსაგან შველას ითხოვდა. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა კი სინანული გამოხატა მომხდარი ფაქტით, პოლიტიკურ ძალებს  სიმშვიდისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საჭიროა კომპრომისი მოიძებნოსო: „იმედგაცრუებული ვარ, რადგან პროცესი თავდაპირველად პროცესი ძალიან დამაიმედებლი ჩანდა. ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს სჯეროდა, რომ ჩვენი მოკრძალებული რჩევა გათვალისწინებული იქნებოდა. კარგად ვიმუშავეთ, მაგრამ ახლა ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“.

ჯანი ბუკიკიოს იმედგაცრუება ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ ხელისუფლებამ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება 2024 წლისათვის გადადო, ანუ 2020 წელს პარლამენტის არჩევნები ისევ შერეული მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ჩატარდება. არის კიდევ ზოგიერთი მცირე საყვედური სხვა საკითხების მიმართაც, მაგრამ მათი მნიშვნელობა პრინციპული არაა და შეიძლება გზადაგზა გამოსწორდეს.

ქართული პოლიტიკური ოპოზიცია აცხადებს, რომ ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია იქმნებაო – ხელისუფლება ისეთ კონსტიტუციას ღებულობს, რომელიც მხოლოდ მასზეა მორგებული და „ქართული ოცნების“ გარდა, სხვას არავის აწყობს. ისინი მმართველ პარტიას აფერისტობაში ადანაშაულებენ. „ნაციონალების“ მტკიცებით, „მეოცნებეებმა“ შეგნებულად მოატყუეს ვენეციის კომისია – მათ საკონსტიტუციო ცვლილებების სხვა პროექტი წარუდგინეს და როცა კომისიამ პროექტი მოიწონა, შემდეგ მასში ისეთი შესწორებები შეიტანეს, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ სამომავლო არჩევნებში გამარჯვებას უზრუნველყოფს. ანუ შესწორებები მიმართულია რეჟიმის განმტკიცებისაკენ. „სიტუაციას ახალი რევოლუცია თუ გამოასწორებს“, – ამბობენ „ნაციონალები“.

——–

გაზეთის ნომრის გამოსვლის მომენტში კობახიძე-ბუკიკიოს შეხვედრის შედეგი (გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობით) ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 29 ივნისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/trafficking-georgia-state-department-report/3919968.html

ადამიანებით ვაჭრობა საქართველოსა და მსოფლიოში

შშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კვლევაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობამ ითანამშრომლა აზერბაიჯანის მთავრობასთან აზერბაიჯანის მოქალაქის ექსტრადიციის საქმეში

ანი ჩხიკვაძე

(შემოკლებით)

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანთა ტრეფიკინგის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებებს ყველაზე მეტად ამ კუთხით, მესამე კალათის 23 ქვეყანა არღვევს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და სირია მოხვდნენ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ამბობს, რომ ადამიანებით ვაჭრობა მრავალ მილიარდიანი კრიმინალური ინდუსტრიაა, რომელიც მსოფლიოს გარშემო 20 მილიონ ადამიანს ართმევს თავისუფლებას.

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს პირველ კალათაში ათავსებს და აცხადებს, რომ „საქართველოს მთავრობა სრულიად ასრულებს ტრეფიკინგის აღკვეთისთვის მინიმალურ მოთხოვნილებებს“. შესაბამისად, „განგრძობითი და სერიოზული ძალისხმევიდან“ გამომდინარე, „საქართველო რჩება პირველ კალათაში“.

ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ საქართველო არის წყარო, ტრანზიტი და დანიშნულების ადგილი ქალების და გოგოების სექს-ტრეფიკინგისა. უმეტეს შემთხვევაში ქართველი ქალები და გოგონები იძულებითი პროსტიტუციის მსხვერპლი ხდებიან ქვეყნის შიგნით და თურქეთში, ასევე ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. აქვე ნათქვამია, რომ გვხვდება „კაცების, ქალების და ბავშვების იძულებით შრომის შემთხვევები.“ საქართველოს სატრანზიტო ქვეყანად იყენებენ ცენტრალური აზიიდან თურქეთში, ქალთა ექსპლუატაციის დანაშაულებრივ სქემებში.

ანგარიში აფიქსირებს საქართველოს მთავრობის პოზიტიურ ნაბიჯებს ტრეფიკინგის ბრძოლის კუთხით, თუმცა ხაზგასმულია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტებს, სამართალდამცავების ქმედებები არ გაძლიერებულა და სამართალდამცავმა ორგანოებმა „უფრო ნაკლები მსხვერპლი გამოავლინეს“. ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ეროვნულ სამოქმედო გეგმას 2017-2018 წლისათვის, მის მუშაობას გამოძიების წარმოების და მოწყვლადი მოსახლეობის გამოვლენის კუთხით და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობამ ჩაატარა ცნობიერების გაზრდისთვის საჭირო კამპანია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში მსხვერპლის იდენტიფიკაცია არ ხდება და რომ ხშირია „ქუჩაში ბავშვების ექსპლუატაცია, როდესაც მათ აძალებენ შემწეობის თხოვნას და დანაშაულის ჩადენას“. კვლევაში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობამ ითანამშრომლა აზერბაიჯანის მთავრობასთან აზერბაიჯანის მოქალაქის ექსტრადიციის საქმეში, თუმცა საქმის დეტალები დაზუსტებული არ არის.

სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშში განიხილავს, საქართველოს მთავრობის მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული მშვიდობისმყოფელი ნაწილების წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდების გამოძიების საქმეზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ჩაატარა „სრულყოფილი გამოძიება“ და ესაუბრა „მოწმეებსა და დაზარალებულებს, რის შედეგადაც განაცხადა, რომ ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ არ ქონია ადგილი სექსუალური ძალადობის ფაქტს.“ თუმცა აქვე დაზუსტებულია, რომ „მთავრობას საბოლოო ანგარიში ჯერ არ გამოუქვეყნებია“ და გაუგებარია „ადგილი ჰქონდა თუ არა ტრეფიკინგის დანაშაულს“. (…)

Comments are closed