«Sachsen Fernsehen» (გერმანია): საქსონია და საქართველო სამართლებრივ საკითხებში თანამშრომლობენ
«ВПК – Военно-промышленный курьер» (რუსეთი): საქართველოს დაბრუნების მოკლე კურსი
———————-
«Sachsen Fernsehen» (გერმანია), 30 აგვისტო, 2016 წელი
საქსონია და საქართველო სამართლებრივ საკითხებში თანამშრომლობენ
გერმანიის საქსონიის მხარის ტელევიზია («Sachsen Fernsehen») ყურადღებას უთმობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ვიზიტს და, საქსონიის შს სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, გერმანელებს აცნობს ქართველი მაღალჩინოსნის დრეზდენში განხორციელებულ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს.
მასალაშია აღნიშნულია, რომ გერმანიის საქსონიის მხარე მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან როგორც დამნაშავეობასთან ბრძოლის, ასევე ლტოლვილთა დეპორტირებისა და პოლიციელთა მომზადების საკითხებში.
„ორშაბათს, 29 აგვისტოს, საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრი მარკუს ულბიგი თავის ქართველ კოლეგა გიორგი მღებრიშვილს შეხვდა. მხარეები მოლაპარაკების დროს შეთანხმდნენ, რომ უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა გაგრძელდება და გაღრმავდება. შეხვედრაში მონაწილეობდნე აგრეთვე საქართველოს დელეგაციის წევრები და საქსონიის პოლიციის უფროსი („პოლიცაიპრეზიდენტ“) იურგენ ჯორჯი.
„მე და ჩემმა ქართველმა კოლეგამ საუბრის დროს ავღნიშნეთ, თუ რაოდენ სასარგებლოა ორივე მხარისათვის მჭიდრო თანამშრომლობა პოლიციურ საქმეებში. ეს ეხება როგორც გამოცდილების გაზიარებას დამნაშავეობის თავიდან აცილების (პროფილაქტიკის) საკითხებში, ასევე პოლიციელთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებასა და სპეციალური დანიშნულების ძალების მომზადებას“, – განაცხადა მარკუს ულბიგმა შეხვედრის შემდეგ.
„ჩვენ, რასაკვირველია, წარსულშიც კარგი თანამშრლობა გვქონდა ქართველ კოლეგებთან, თუმცა, საქსონის მხარის თვალსაზრისით, უფრო მეტი კოოპერირებაა საჭირო. ბოლო დროს ჩვენთან საქართველოს სულ უფრო მეტი მოქალაქე ცდილობს ჩამოსვლას, რომლებთაც კანონი უკვე არაერთგზის აქვთ დარღვეული (ე.წ. Mehrfachintensivtätern – MITA, ანუ რეციდივისტები). ამ კატეგორიის პირებში ქართველები, ტუნისელებისა და მაროკოელების შემდეგ, მესამე ადგილზე არიან. ამასთან დაკავშირებით, მოვილაპარაკეთ, რომ ქართველი ეროვნების რეციდივისტები დაკავების შემდეგ სწრაფად იქნებიან დეპორტირებულნი სამშობლოში და მათ საქართველოდან საზღვარგარეთ გასვლა მრავალი წლით აეკრძალებათ. რა თქმა უნდა, მე ჩემს ქართველ კოლეგა გიორგი მღებრიშვილს სხვა აქტუალურ საკითხებზეც ვესაუბრე, მაგალითად, ლტოლვილებზე და მათთვის თავშესაფრის მიცემაზე. ამასთან, ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ კიდევ უფრო მეტად და ინტენსიურად ვითანამშრომლებთ იმ ლტოლვილების საქართველოში დაბრუნების საკითხში, რომლებსაც უარი ეთქვათ გერმანიაში თავშეფრის მიცემაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქსონიაში ქართველი მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მიცემის ნებართვების რაოდენობა თითქმის ნულოვანია, საერთო ფედერალურ დონეზე კი, 2015 წლის მონაცემებით, მხოლოდ 0,3%“, – აღნიშნა საქსონიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
საინტერესოა, რომ 2016 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქსონიაში საქართველოს 223 მოქალაქის ყოფნა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში დეპორტირებულ იქნა ორივე სქესის 21 მოქალაქე. ასევე დაფიქსირდა 21 ნებაყოფლობითი რეპატრიანტი. ამჟამად საქსონიაში 100-მდე ქართველია, რომლებთაც გერმანიაში ყოფნის დრო უმთავრდებათ, მათგან 16-ს შეიძლება ვადა გაუგრძელდეს.
«ВПК – Военно-промышленный курьер» (რუსეთი), 30 აგვისტო, 2016 წელი
http://vpk-news.ru/articles/32065
საქართველოს დაბრუნების მოკლე კურსი
რუსული გაზეთი „ვოენნო-პრომიშლენნი კურიერი“ („სამხედრო-სამრეწველო მაცნე“) მკითხველებს სანკტ-პეტერბურგში გამოცემულ ახალი წიგნის – ქართველი ავტორის ზეინაბ ბახტურიძის ნაშრომის ანოტაციას აცნობს, რომლის დასახელება საკმაოდ მრავლისმეტყველია: „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 1991-2014 წ.წ.: მთავარი მიმართულება და პარტნიორები“. საინტერესოა, რომ წიგნის ყდაზე და თავფურცელზე ნაშრომის სახელწოდება ორენოვანია – რუსულ და ქართულ ენებზე.
გთვაზობთ მოკლე ანოტაციას:
„საქართველოს საგარეოპოლიტიკური ვექტორები და საერთო ინტეგრაციული სტრატეგია – ეს ისეთი თემაა, რომელიც თავის აქტუალობას სსრ კავშირის დაშლის მომენტიდან არ კარგავს. გასათვალისწინებელია, რომ თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში პატარა სახელმწიფოების მნიშვნელობა იზრდება…
2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ოფიციალურ ქართულ დოკუმენტებში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი (ცხინვალის რეგიონი) წარმოდგენილია ტერიტორიებად, რომლოებიც რუსეთის ჯარების მიერაა „ოკუპირებული“ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის მცდელობის მიუხედავად, კონფლიქტური სიტუაცია ჯერ-ჯერობით მოგვარებული არ არის და აქედან გამომდინარე, პოსტსაბჭოთა სივრცეში დამატებითი დესტაბილიზაციისა და საფრთხის შემცველ ფაქტორად ითვლება. შესაბამისად, ამ აქტუალურ თემაზე მონოგრაფიის გამოქვეყნება საყურადღებო ფაქტია პოლიტიკური მოვლენების ანალიზით დაინტერესებული მკითხველებისათვის.
ნაშრომის მიზანია საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესწავლა, მის სტრუქტურულ და დინამიურ განზომილებაში. შესაბამისად, წიგნი წარმოადგენს 1991-2014 წლებში სხვადასხვა მიმართულებით გატარებული ქართული დიპლომატიის ანალიზს.
სსრკ-ის დაშლის შემდეგ განვითარებულმა ცენტრიდანულმა მოვლენებმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებზე არაღიარებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები გააჩინა, მათ შორის საქართველოშიც. ორი არაღიარებული წარმონაქმნის [„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების“] არსებობა ქვეყანაში დაძაბულობისა და შეიარაღებული კონფლიქტის მიზეზი გახდა, რომელმაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა საქართველოს საგარეოპოლიტიკური ვექტორის რყევები. ქვეყნის ხელისუფლების ცვლილება 2012 წლის ბოლოს წიგნში რუსეთთან ურთიერთობის ახალ ეტაპად განიხილება, თუმცა ახალ მიდგომებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული აღდგენის მცდელობაზე უარი არ უთქვამს.
მონოგრაფიაში საკმაოდ დამარწმუნებლადაა ნაჩვენები გლობალური და რეგიონული ფაქტორების გავლენა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე. წიგნში ასევე ზუსტადაა მოცემული ის განსხვავება, რომელიც, ერთი მხრივ, ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და მიზნებში გამოიხატება და მეორე მხრივ – როგორი პრიორიტეტი ჭარბობს საზოგადოებაში ინტეგრაციული პროექტების არჩევის დროს.
ნაშრომში ღრმადაა განხილული დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის, ევროკავშირის, აგრეთვე რუსეთის ინტერესები საქართველოში, რომლებთაც გეოგრაფიული, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური და სხვა ფაქტორები განაპირობებენ.
საინტერესოა ავტორის პოზიცია საქართველოს საგარეოპოლიტიკური პერსპექტივისა და ეროვნული ინტერესების რეალიზების მიმართ, პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ მხრივ ნაშრომში სხვადასხვა სცენარებია მოცემული. წიგნში დასაბუთებულია, რომ საქართველოსთვის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრირებასთან შედარებით, რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის ზონაში დაბრუნება იქნება.
მონოგრაფიის ღირსება იმაშია, რომ მასში გაერთიანებულია როგორც რუსი, ასევე ქართველი ექსპერტების თეორიული ნაშრომების არსი, რაც საშუალებას გვაძლევს კონკრეტული ქვეყნის მაგალითზე ახლებურად შევხედოთ მცირე ქვეყნების სტატუსს მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებსა და გლობალურ ტრანსფორმაციებში. ნაშრომში მოცემული დასკვნები, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება სპეციალისტებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების პროგნოზირებით არიან დაკავებულნი. გარდა ამისა, ნაშრონმი სასარგებლო იქნება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვისაც: საქართველოს საგარეო პოლიტიკის სწორი ანალიზი რუსი დიპლომატების სწორ პრაქტიკული ნაბიჯებს განაპირობებს“, – ნათქვამია ანოტაციაში.