globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 სექტემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Sep 30th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მარათონი // „ნაციონალები“ კი არ უნდა ჩავქოლოთ, არამედ მათზე უნდა ვიზრუნოთ, ისინი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან“

«BBC русская служба» (დიდი ბრიტანეთი): „რევოლუციური სცენარი“ საქართველოსთვის: მუქარა თუ სპეკულაცია?

«The Wall Street Journal» (აშშ): საქართველოში ვიზიტის გამო შეიძლება რუსეთმა რომის პაპზე ზეწოლა მოახდინოს // პონტიფიკი მოსკოვს არ აკრიტიკებს, მას რუსულ ეკლესიასთან კავშირის განმტკიცება სურს

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 30 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/bidzina-ivanishvili-in-gori-mtg-w-media/3530486.html

ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო მარათონი:

„ნაციონალები“ კი არ უნდა ჩავქოლოთ, არამედ მათზე უნდა ვიზრუნოთ, ისინი ხომ ჩვენი თანამოქალაქეები არიან“

ნინო დალაქიშვილი

ყოფილი პრემიერი და სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნების“ შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში შიდა ქართლში ჟურნალისტებს შეხვდა, საათნახევრიანი ღია ეთერის პირობებში თითოეული ჟურნალისტისგან ერთი კითხვის დასმის პირობით.

საუბარი მასპინძელი ტელეკომპანიის ჟურნალისტების კითხვებით დაიწყო. შეხვედრის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილის ძირითადი თემა „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალებდა. მისი განცხადებით, კოჰაბიტაცია, რაც უცხოელი პარტნიორების ინიციატივით დაიწყო, მისთვის საკმაოდ მძიმე პროცესი აღმოჩნდა. 2016 წლის არჩევნებისთვის, ბიძინა  ივანიშვილის პროგნოზით, „ქართული ოცნების“ ძირითად კონკურენტს – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 200 ათასიდან 150 ათას ადამიანამდე მხარდამჭერი ჰყავს. ბიძინა ივანიშვილის რიტორიკაში, ჩვეულ შეურიგებელ ტონთან ერთად, კორექტული გამონათქვამებიც გაისმა:

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ჩვენ ვალი გვაქვს მათზეც ვიზრუნოთ. ხალხო, ამისთვის უამრავი მეთოდიკა არსებობს… კაცისმკვლელების რეაბილიტაციასაც ცდილობენ, რომ საზოგადოების წევრებად აქციონ. „ნაციონალური მოძრაობა“ – ეს გუნდია, საზოგადოების ნაწილია და ნუ გექნებათ განცდა, რომ ჩვენ ისინი ან უნდა განვდევნოთ, ან ჩავქოლოთ, ან რაიმე უბედურება დავმართოთ. ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათ ნორმალური თანაცხოვრება შეძლონ, კანონის უზენაესობა აღიარონ“…

კითხვაზე, საქართველოში სოციალური მდგომარეობის სიმძიმის შესახებ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სოციალური ფონი იმდენად მძიმეა, სოციალურ შემწეობას, შესაძლოა, საერთო მოსახლეობის მხოლოდ ერთი პროცენტი არ საჭიროებდესო.

„ამერიკის ხმის“ კითხვაზე, რომელიც შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონის სოფლებში რუსული ლობის გააქტიურებას ეხებოდა, ბიძინა  ივანიშვილი ასე უპასუხა: „მე პირველად მესმის ასეთი ლობიზმის შესახებ და არ ვიცი, კიდევ დავინტერესდები. მართლა გაზრდილია აქ რუსული ლობი?“.

რაც შეეხება მის დამოკიდებულებას კანონზე თავისუფლების ქარტიის შესახებ, იქცევა თუ არა „ქართული ოცნება“ მისი იმპლემენტაციის ინიციატორი პარლამენტში მომავალ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი, ერთი მხრივ, ამბობს, რომ „დიახ, ჩვენ უნდა ვიაროთ დასავლური გზით“, მეორეს მხრივ კი, იოსებ სტალინის კულტის არსებობას თანამედროვე საქართველოში ასეთ ახსნას უძებნის: „ჩემი პირადი დამოკიდებულება სტალინის შესახებ თქვენ თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ზოგადად იდეაზე, ბრძოლის მეთოდებზე, საერთოდ არ შეიძლება არავითარი აქცენტის გაკეთება, ერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ნებისმიერი იდეა. ამას არ უნდა შეეწიროს ამდენი ხალხი. საუბარიც კი ზედმეტია, როგორი მეთოდებით ცდილობდა მაშინდელი ხელისუფლება, სტალინის ხელმძღვანელობით ამის განხორციელებას. საუბედუროდ, სოციალიზმის, კომუნიზმის იდეა იყო მცდარი და ამას ეწირებოდა ამდენი ხალხი ასეთი მეთოდებით და ესაა შეფასება… ადამიანს საკუთრების უფლებას ართმევდნენ. თანაც ისეთი საშინელი მეთოდებით, როგორიც მათ ჰქონდათ, კარგი იდეაც კი არ ღირს ბრძოლად.

მე ცუდად ვიცი კანონი თავისუფლების ქარტიის შესახებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, [ის განხორციელდება]. ჩვენ მივდივართ, მალე უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მე მახსოვს, ჩემი როლი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე იყო ძალიან დიდი, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვიყავი პოლიტიკაში. ძალიან დავეხმარე საკუთარ გუნდს. ჩვენ თუ გვინდა ევროპულობა, ადამიანის თავისუფლებასათან, რაცაა და ადამიანის უფლებასთან ევროპული, ეს ყველაფერი უნდა გავითავისოთ… ჩვენ ვართ წარმოშობით ევროპელები და ჩვენს ადგილს დავისაკუთრებთ განვითარებული ევროპული ქვეყნების გვერდით, ამიტომ ასეთ კითხვებზე კანონზე, რომელიც მე ცუდად ვიცი, რა გითხრათ… „ქართულ ოცნებას“ აქვს სტრატეგია, მკვეთრად არჩეული, ყველა წევრი ამას გამოხატავს, ამიტომ ამ კანონის არცოდნით არაფერი არ იცვლება“.

ბიძინა ივანიშვილმა იოსებ სტალინთან საკუთარი დამოკიდებულების კორექცია სარეკლამო ჭრის შემდგომაც მოახდინა:

„მე „ამერიკის ხმასთან“ მთელი შესვენების განმავლობაში ვაგრძელებდი პოლემიკას. რა თქმა უნდა, აზრებში ჩვენ ვემთხვევით ერთმანეთს და დამოკიდებულებაც ერთი გვაქვს, მაგრამ გავიხსენეთ ჩვენ აქაური საზოგადოება, ვისაც ძალიან უყვარს და გულწრფელად უყვარს სტალინი. ეს ხალხი მასში ხედავს ფაშიზმის დამარცხების სიმბოლოს. აქაურმა კაცმა რომ ეს მოახერხა, ეს, ამის გამო. შემიძლია ანეგდოტიც მოგიყვეთ ამ საკითხზე… ადგილობრივებს რომ სიამაყე აქვთ იმით, რომ სტალინი ამავდროულად მოვლენილია, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო და სიამაყე აქვთ, ამას ნუ წავართმევთ და ნუ გავაღიზიანებთ“.

შეხვედრის საინტერესო ნაწილი გახლდათ „ქართული ოცნების“ მიერ ბანკი „ქართუსგან“ მილიონი ლარის სესხების თემა: „მთავარია, კანონი არ დაირღვეს, ეჭვის საფუძველი არ გაჩნდეს, რომ მმართველი პარტია სარგებლობს დამატებითი პრივილეგიით. იუმორითაც შეიძლება ვთქვათ, რომ გაუჭირდათ და ისესხეს. დაბალანსებული კამპანია მიდის. თქვენი კითხვაც ამას მეტყველებს, რომ გამოვიდა მმართველი პარტია, ფულს სესხულობს ბანკიდან და ჟურნალისტი მეკითხება, ხომ არაა ამაში კანონდარღევა. და კარგია ეს კითხვა, თქვენს კითხვაშივეა სიდიადე ამ ყველაფრის“.

ყოფილი პრემიერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში მომავალ კვირას ჟურნალისტებთან მეათე შეხვედრას გამართავს.

«BBC русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 30 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.bbc.com/russian/news-37505179

„რევოლუციური სცენარი“ საქართველოსთვის: მუქარა თუ სპეკულაცია?

სტატიაში მიმოხილულია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე შექმნილი შიდაპოლიტიკური ვითარება: აქცენტი ძირითადი გადატანილია ოპოზიციური ძალის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედების ტაქტიკაზე, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტის მადესტაბილიზებელ როლს უკავშირდება – უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების მიზნით, სახელმწიფო გადატრიალების გეგმებს აწყობს. ასეთი ზრახვები ჩანს მასმედიაში გამოქვეყნებული ვიდეო და აუდიოჩანაწერებიდან, რომლებშიც უკრაინაში მყოფი ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის“ თბილისში მყოფ ლიდერებს „რევოლუციური სცენარის“ განხორციელებისაკენ მოუწოდებს (ავტორი ნინა ახმეტელი).

ბუნებრივია, საქართველოს სპეცსამსახურებმა გამოძიება დაიწყეს, თუმცა იმავე დროს „ერთიანი ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მასმედიაში გამოქვეყნებული ვიდეო და აუდიომასალები ყალბია, უხეშადაა დამონტაჟებული და, შესაბამისად, არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს მათი დადანაშაულებისათვის. თვითონ მიხეილ სააკაშვილმაც აღნიშნა, რომ იგი არავითარ შეთქმულებასა თუ ანტიქართულ საქმიანობაში არ არის ცაბმული და თუ საერთოდ რაღაც რევოლუციურ პროცესებზეა საუბარი, ეს მოხდება არჩევნების შემდგომ პერიოდში, როცა „ნაცმოძრაობა“ გამარჯვებული და ხელისუფლებაში უკვე დაბრუნებული იქნება და ქვეყნის აღმშენებლობას სწრაფი ტემპით, რევოლუციურად გააგრძელებს.

რამდენად შესაძლებელია საქართველოში დესტაბილიზების მოწყობა, მართლაც ემზადება თუ არა „ნაცმოძრაობა“ რევოლუციისათვის და თუ ასე არაა, მაშ რატომ ვრცელდება ასეთი ვიდეომასალები? „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი ამ საკითხებზე ორგანიზაცია „კავკასიური სახლის“ დირექტორ გიორგი კანაშვილს ესაუბრება.

როგორც გიორგი კანაშვილი ამბობს, მმართველი პარტიის განცხადებების მიუხედავად – საქართველოში „ნაცმოძრაობა“ დესტაბილიზების გამოწვევას ცდილობსო – ქვეყანაში სიტუაცია შედარებით მშვიდია და ამიტომ მას მიაჩნია, რომ მთავრობის განცხადებები უსაფუძვლოა, აჟიოტაჟი ხელოვნურად იქმნება: „ჩემი აზრით, ილუზიაა, რომ რაღაც მოხდება. ამის მტკიცება მხოლოდ მმართველ პარტიას აწყობს, რომელიც თავისი ამომრჩევლის გააქტიურებას ცდილობს. მათ მიაჩნიათ „ნაციონალები“ მაინც ვერ გაიმარჯვებენ და ამიტომ პასიურ მდგომარეობაში იმყოფებიან“. გიორგი კანაშვილი ოპოზიციის მოქმედებასაც განმარტავს და ამბობს, რომ „ნაციონალებსაც“ ჭირდებათ თავიანთი მხარდამჭერების გამხნევება და გაიძახიან, რომ მალე საქართველოში მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდებაო. სხვათა შორის, ამას აცხადებს მისი ცოლი სანდრა რულოვსიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს: „მიშას გვირაბის გათხრაც რომ დაჭირდეს ოდესიდან სოლოლაკამდე, ის მაინც დაბრუნედება საქართველოშიო“. გიორგი კანაშვილის თქმით, „ეს ნაკლებად სავარაუდოა. როცა ადამიანი დიდი ხანია საზღვარგარეთ იმყოფება, მას გარკვეული არასწორი წარმოდგენები ექმნება იმაზე, თუ რა ხდება თავის ქვეყანაში. არა მგონია, მიხეილ სააკაშვილი ისეთი დეზინფორმირებული იყოს და ვერ ხვდებოდეს იმას, რომ მას აქ მოსახლეობის უმრავლესობა არ ელოდება“.

ქართველი პოლიტოლოგების ნაწილის თვალსაზრისით, ჯერ-ჯერობით „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი სტაბილურია, თუმცა „ნაციონალების“ იმედები, რომ მმართველი პარტიისადმი იმედგაცრუების კვალობაზე, მოსახლეობა მათ მხარს დაუჭერდა, არ გამართლდა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის ფიგურა, რომელიც საქართველოში არ იმყოფება და უცხოეთიდან იძლევა მითითებებს, პარტიის განახლებასა და პოპულარობას ხელს უშლის.

თუმცა, როგორც პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს „ბი-ბი-სის“-ს კორესპონდენტთან საუბარში, „ნაციონალების“ ბევრი მხარდამჭერი მიხეილ სააკაშვილში პარტიის ლიდერს ხედავს და ეს პოზიტიურადაც შეიძლება ჩაითვალოს. მით უმეტეს, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავის მომავალს სწორედ საქართველოში ხედავს:

„უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის კარიერა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ნება-სურვილზეა დამოკიდებულია, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ იქ მიხეილ სააკაშვილი მთავარი ლიდერი ვერ გახდება, საქართველოში კი მას ლიდერობის იმედები აქვს. მას სურს, რომ საქართველოში არ დაივიწყონ და ამიტომაც ამომრჩევლებს საკუთარ თავს ხშირად ახსენებს. შესაძლოა, ასეთი მოქმედება „ნაცმოძრაობისთვის“ კონტრპროდუქტიულიც იყოს, მაგრამ არის მეორე მხარეც – „ნაციონალების“ ელექტორატი ხშირ შემთხვევაში ხმას პარტიას იმიტომ აძლევსა, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის პარტიაა“, – ამბობს გია ნოდია.

«The Wall Street Journal» (აშშ), 30 სექტემბერი, 2016 წელი

http://www.wsj.com/articles/pope-faces-pressure-over-russia-in-georgia-visit-1475141482

საქართველოში ვიზიტის გამო შეიძლება რუსეთმა რომის პაპზე ზეწოლა მოახდინოს

პონტიფიკი მოსკოვს არ აკრიტიკებს, მას რუსულ ეკლესიასთან კავშირის განმტკიცება სურს

ფრანცისკ როკა – რომიდან, თომას გროუვი – მოსკოვიდან

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

რომის პაპის ფრანცისკ პირველის ვიზიტი პოსტსაბჭოთა საქართველოში კათოლიკური ეკლესიის ლიდერისათვის დილემას წარმოადგენს: ერთი მხრივ, პაპი ცდილობს რუსეთისადმი კეთილგანწყობილი იყოს, მაგრამ საქართველოში ჩასვლისას შესაძლოა იგი სწორედ ამისთვის – ანუ მოსკოვისადმი რბილი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკონ. პონტიფიკს ბრალად უყენებენ აგრეთვე რუსეთის როლის იგნორირებას უკრაინის კონფლიქტში. მისი ოპონენტები აცხადებენ, რომ პაპი ფრანცისკი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიასთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილით უარს ამბობს კრემლის ექსპანსიონისტური პოლიტიკის დაგმობაზე. ასე რომ, პაპისათვის თბილისში ჩასვლა, რომლის მთავარ მიზანს ქრისტიანული ერთიანობის განმტკიცებისადმი ძალისხმევა წარმოადგენს, შეიძლება წარუმატებელიც კი აღმოჩნდეს.

საქართველოს ლიდერები იმედოვნებენ, რომ პაპის ვიზიტი ქვეყნისათვის სასარგებლო იქნება – ისინი შეეცდებიან პონტიფიკის ყურადღება გაამახვილონ რუსეთის ჯარების უკანონოდ ყოფნაზე ქვეყნის სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რომლებიც მოსკოვმა დამოუკიდებლად აღიარა 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის მომხდარი ხანმოკლე ომის შემდეგ.

თბილისს, უეჭველია, ისიც სურს, რომ პაპმა ფრანცისკ პირველმა ყურადღება მიაქციოს სეპარატისტული რეგიონებიდან გამოდევნილ ადამიანთა მძიმე მდგომარეობასაც. მთავრობის მონაცემებით, ლტოლვილთა და იძულებით დევნილი მოქალაქეების რაოდენობა 200 ათას აჭარბებს და ისინი ამჟამად საქართველოს სხვადასხვა ადგილას არიან დასახლებულნი.

პაპი ფრანცისკ პირველი მტკიცედ უჭერს მხარს ლტოლვილებს და საერთოდ, მიგრანტებს და სწორედ ამგვარი ნების საფუძველზე მან შეძლო ევროპის მდიდარი ქვეყნების დარწმუნება კარი გაეღოთ იმ ადამიანებისათვის, რომლებიც სიღატაკესა და ომის საშინელებებს გამოექცნენ. მაგრამ ლტოლვილთა საკითხზე ყურადღების გამახვილებამ საქართველოში, რომელმაც 1991 წელს საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობა გამოუცხადა, შეიძლება მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვიოს. გავიხსენოთ, რომ რუსეთი არაერთხელ გამოსულა გაეროს იმ რეზოლუციების წინააღმდეგ, რომლებიც ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მშობლიურ ადგილებში [სეპარატისტულ რეგიონებში - აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში] დაბრუნებას ითვალისწინებს.

რომის პაპი რუსეთის საკითხს დიდი სიფრთხილით ეკიდება: მან ამ ორი დღის წინ დაგმო სირიის ქალაქ ალეპოს დამობვა, როცა ასობით ადამიანი დაიღუპა და თქვა, რომ „ვინც ეს ჩაიდინა, პასუხს ღვთის წინაშე აგებსო“, მაგრამ განგებ არ უხსენებია არც სირიის მთავრობა და არც რუსეთი, რომლებმაც ეს დაბომბვა განახორციელეს.

რუსეთის სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს განსაკუთრებით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობის დროს დაუახლოვდნენ. ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა ეკლესიის აღორძინებას, რომელიც კომუნისტების დროს საკმაოდ შეზღუდული იყო, თავის მხრივ კი ეკლესიამ საპასუხო ნაბიჯი გადადგა და პრეზიდენტის პოლიტიკის ერთგულ, მის სულიერ მხარდამჭერად იქცა.

აღსანიშნავია, რომ წინა პაპების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უფრო დაძაბულ ხასიათს ატარებდა და გეოპოლიტიკით იყო განპირობებული, ვიდრე რელიგიური პროპაგანდით. „ფრანცისკ პირველი თავს არიდებს რუსეთის პოლიტიკის კრიტიკას, რადგან მას აქვს ინტერესი უფრო ახლო ურთიერთობა დაამყაროს მოსკოვის პატრიარქთან, რომელსაც, თავის მხრივ, ახლო კავშირები აქვს კრემლთან“, – ამბობს სანდრო მაჯისტერი, ვატიკანის საქმეების ექსპერტი, იტალიური ჟურნალის „ესპრესოს“ თანამშრომელი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიას დაახლოებით 20ი-მილიონიანი მრევლი, ანუ მსოფლიოში ყველაზე მეტი მართლმადიდებელი ჰყავს და ამიტომაც კათოლიკური ეკლესია ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან ცდილობს ძალისხმევას ქრისტიანები ათასწლოვანი განხეთქილების შემდეგ როგორმე კვლავ გააერთიანოს. რუსული ეკლესია ვატიკანის რევერანსებს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა, რადგან პაპები მხარს უჭერდნენ უკრაინის ტერიტორიაზე კათოლიკური ეკლესიის არსებობას. უკრაინას კი რუსეთის  ეკლესია თავის ტრადიციულ მართლმადიდებლურ ტერიტორიად მიიჩნევს.

თებერვალში რომის პაპი ფრანცისკი რუსეთის პატრიარქ კირილეს შეხვდა. ეს იყო პირველი ისტორიული შეხვედრა კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიების ლიდერებს შორის, რომლის დროსაც მათ ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანების გაუსაძლის მდგომარეობაზე იმსჯელეს. ფრანცისკმა და კირილემ ერთობლივი განცხადებით აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც კიევის მთავრობა პრომოსკოვურ სეპარატისტებს ებრძვის, დაპირისპირებულ მხარეებს მშვიდობისაკენ მოუწოდეს. ამასთან დაკავშირებით უკრაინელ კათოლიკეთა ლიდერმა, არქიეპისკოპოსმა სვიატოსლავ შევჩუკმა განაცხადა, რომ ვატიკანის ამგვარი ნაბიჯის (რუსეთისადმი ირიბი მხარდაჭერის) გამო უკრაინელმა კათოლიკეებმა თავი მოტყუებულად იგრძნეს. გარდა ამისა, უკრაინელ კათოლიკეთა აღშფოთება პაპ ფრანცისკის ერთ-ერთმა განცხადებამაც გამოიწვია, რომლის თანახმად, მან აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს „ძმათამკვლელი ომი“ უწოდა, რაც  სამოქალაქო ომს გულისხმობს და არა რუსეთის თავდასხმის შედეგს.

საქართველოს მოსახლეობის 85% მართლმადიდებელია, კათოლიკე კი 1%-ზე ნაკლები. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქ ილია მეორის დროს, დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული, ეროვნული თვითშეგნების ბურჯად იქცა. ამავე დროს მას საკმაოდ მტკიცე კავშირები აქვს მოსკოვის პატრიარქატთან, რაც, ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, კრემლის ხელში იმ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომლის დახმარებითაც მოსკოვმა შეიძლება თბილისი რუსულ ორბიტაზე დააბრუნოს.

„რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რბილ ძალას იყენებს და ამ მიზნით მის ერთ-ერთ ინსტრუმენტს სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს“, – ამბობს ეკა ჭითანავა, თბილისში არსებული „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ პაპი ფრანცისკი კვირას აზერბაიჯანსაც ეწვევა, სადაც უმეტესად მუსულმანები ცხოვრობენ. პონტიფიკი ბაქოში მეჩეთს მოინახულებს და ქვეყნის სულიერ ლიდერს შეხვდება. ამით დასრულდება პაპის მოგზაურობა კავკასიის რეგიონში, რომელიც ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო სომხეთში ვიზიტით. პაპი თავის კავკასიურ მოგზაურობას თავდაპირველად ერთი ვიზიტის ფარგლებში განიხილავდა, მაგრამ შემდეგ, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის გამწვავების გამო, ორ ეტაპად გაჰყო. მთიანი ყარაბაღი სომხური ეთნიკური ანკლავია აზერბაიჯანის საზღვრებში.

Comments are closed