globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 30th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Новое время» (სომხეთი): თურქეთს შეუძლია საქართველოს აჭარა წაართვას?

«Ведомости» (რუსეთი): კავკასიური ჩაკეტილი წრე: რა ვუყოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?

«Новая гаазета» (რუსეთი): ინტერვიუ ბერნარ კუშნერთან: „მე ვგმობ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას, მაგრამ…“

——————–

«Новое время» (სომხეთი), 29 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.nv.am/region/46619-2015-10-29-06-00-36

თურქეთს შეუძლია საქართველოს აჭარა წაართვას?

რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებისა და სირიაში დაწყებული სამხედრო მოქმედების გამო დასავლეთის გაღიზიანება მატულობს. ამ ფონზე კვლავ განიხილება საკითხი, თუ როგორი პასუხი შეიძლება გასცეს დასავლეთმა რუსეთს. ბევრი კომენტატორი აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რუსეთისა და დასავლეთის გარდა, კიდევ არის მესამე მოთამაშე სახელმწიფო, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს – ესაა თურქეთი.

როგორც ერთ-ერთი ვებ-საიტი წერს (მისი სახელწოდებაა «On Kavkaz»), ყირიმი საუკუნეების განმავლობაში ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა და რუსეთის მოქმედებამ ყირიმის მიმართ თურქეთისათვის ერთგვარი კარნახის როლი შეასრულა – თუ როგორ შეიძლება ანკარამ თბილისს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენოს. საკითხი ეხება მუსულმანებით დასახლებულ აჭარის რეგიონის კუთვნილებას…

On Kavkaz-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი აღნიშნავს, 1921 წლის ოქტომბერში გაფორმებული ყარსის ხელშეკრულების თანახმად, თურქეთსა და რუსეთს აჭარაში ჯარების შეყვანის უფლება აქვთ. ამ დოკუმენტის დებულებები გაუქმებული არ არის და თავის იურიდიულ ძალას ინარჩუნებს. გარდა ამისა, აშკარაა, რომ  საქართველოს მუსულმანურ რეგიონ აჭარაზე გავლენას ახდენს მისი ძლიერი მეზობლის – თურქეთის ეკონომიკური მიზიდულობა. ბათუმი ხომ სწორედ თურქული ინვესტიციებითაა აყვავებული.

აჭარის თურქული თემი თანდათან ძლიერდება. მას დიდი წვლილი შეაქვს თურქეთის ეკონომიკური ინტერესების გატარებაში. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ თურქული თემი ანკარის ხელში მძლავრ ბერკეტად გადაიქცეს – თბილისზე პოლიტიკური და ეკონომიკური ზემოქმედების მიზნით.

წყარო: http://onkavkaz.com/news/395

«Ведомости» (რუსეთი), 29 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.vedomosti.ru/opinion/articles/2015/10/29/614743-chto-delat-yuzhnoi-osetiei-abhaziei

კავკასიური ჩაკეტილი წრე: რა ვუყოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს?

„როცა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მა 2008 წლის 26 აგვისტოს ხელი მოაწერა ბრძანებულებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწოფოებად აღიარების შესახებ, იმ დროს ისე ჩანდა, რომ ეს ფაქტი გამონაკლისად დარჩებოდა – რუსეთმა, უბრალოდ, „შური იძია“ კოსოვოს გამო, რომელიც დასავლეთმა რუსეთთან შეუთანხმებლად სუვერენულ ქვეყნად აღიარა. თუმცა შემდგომმა წლებმა აჩვენა, რომ მოსკოვი მზადაა საჭიროების შემთხვევაში კვლავ მხარი დაუჭეროს ტერიტორიების „თვითგამორკვევის პრინციპს“ – ყირიმის, დონბასის რესპუბლიკების და ა.შ. მიმართ“, – აღნიშნულია სტატიის დასაწყისში, რომლის ავტორია ვარვარა პარხომენკო, „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის ანალიტიკოსი.

„მოსკოვი ცდილობს დასავლეთს აჩვენოს, რომ რუსეთს შეუძლია იყოს ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი და თვითგამორკვევისათვის მებრძოლებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ და სამხედრო დახმარებას სთავაზობს, პარალელურად კი რეგიონში თავის ინტერესებს ახორციელებს. თუმცა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოცდილება მოწმობს, რომ გრძელვადიანი პარტნიორობა საკმაოდ არასასიამოვნოდ ვითარდება.

რუსეთმა ეს ორი რესპუბლიკა თავიდანვე ყველაფრით უზრუნველყო: უსაფრთხოებით, პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერით, სამხედრო ყოფნით (ორივეში რუსეთის სამხედრო ბაზებია დისლოცირებული) და ეს ყველაფერი მოსკოვმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის ჯინაზე გააკეთა. ამჟამად სოხუმი და ცხინვალი მოსკოვისადმი ზოგადად მადლობლები არიან, მაგრამ იმავდროულად სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ კრიტიკას კრემლის მიმართ და ზოგჯერ მასთან შეუთანხმებლად რაღაც მოძრაობებს აკეთებენ. თავის მხრივ კრემლი უფრო მეტ ყურადღებას იქაურ მმართველ ელიტას აქცევს და მოსახლეობის აზრს ხშირად იგნორირებს“, – აღნიშნავს ავტორი და ამასთან დაკავშირებით იმოწმებს ბოლო ხანებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარ ამბებს (აფხაზეთში – რ.ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნა, სამხრეთ ოსეთში – ლ.თიბილოვის განცხადება რეფერენდუმის ჩატარებაზე).

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების დროს ამ რესპუბლიკების პრეზიდენტებად მოსკოვისათვის არცთუ ისე სასიამოვნო პირები იყვნენ. რა თქმა უნდა, ორივე – ედუარდ კოკოითიც და სერგეი ბაღაფშიც პრორუსულად იყვნენ განწყობილი, მაგრამ იმავდროულად ორივე სპეციფიკურად იქცეოდა: პირველი ხშირად აღიზიანებდა მოსკოვს თავისი ნაბიჯებით და განცხადებებით, მეორე კი პრეზიდენტად აირჩიეს კრემლის ნების წინააღმდეგ, რომელიც მხარს რაულ ხაჯიმბას უჭერდა. მოგვიანებით მოსკოვისათვის ასევე „კერკეტი კაკალი“ აღმოჩნდა ალექსანდრე ანქვაბიც, რომელიც ასევე კრემლის ნების საწინააღმდეგოდ იყო არჩეული. სწორედ მან განაცხადა უარი ისეთი ხელშეკრულების გაფორმებაზე, რომელშიც აფხაზების ინტერესები არ იქნებოდა ჩადებული.

ამჟამინდელი პრეზიდენტები კი მოსკოვის მხარდაჭერით მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამ ფაქტიდან გამომდინარე, ისინი უფრო მეტად კრემლის წინაშე არიან პასუხისმგებელნი, ვიდრე საკუთარი მოსახლეობასთან. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ხარისხი ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავდება, „რუსული რუბლი თავის საქმეს მაინც აკეთებდა“.

დღეს სიტუაცია შეიცვალა: ფული, რომელიც აფხაზეთს მოსკოვმა მიმდინარე წლის დასაწყისში აღუთქვა, სოხუმს მთლიანად წლის დასასრულსაც კი არ მიუღია, თანხა მხოლოდ პენსიებსა და ხელფასების თუ ეყოფა. აშკარაა, რომ აფხაზეთი, რომელიც რუსეთის დახმარებაზეა დამოკიდებული, მოსკოვის პოლიტიკის მძევალი გახდა. თითქმის იგივე ვითარებაა სამხრეთ ოსეთშიც – რესპუბლიკიდან ხალხი გარბის, ტერიტორია თითქმის დაცარიელებულია, ახლა იქ დაახლოებით 25 თუ 30 ათასი ადამიანიღა თუ ცხოვრობს. სიტუაცია ისეთია, რომ უნებლიედ იფიქრებ -  მოსკოვს იქ თავისი სამხედრო ბაზის არსებობის გარდა არაფერი აინტერესებს. ადგილობრივი ელიტა ხალხისაგან დისტანცირებულია, რესპუბლიკის განვითარებისათვის არანაირ ინიციატივას არ იჩენს და ხელი მოსკოვისაკენ აქვს გაშვერილი.

დასკვნა: მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარებისათვის ფასს იხდის, რის შედეგადაც ორივე რესპუბლიკის პრორუსული ორიენტაცია მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია. ამასთან, მოსკოველი მაღალჩინოსნების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების იგნორირებით ჩვენ, აბსოლუტურად პრორუსული რეგიონების ნაცვლად, მივიღეთ ისეთი ორი რესპუბლიკა, რომლებთაც სერიოზული შიდაპოლიტიკური განხეთქილება ღრღნით: ელიტა მოსახლეობას დაშორდა,  მოსახლეობაში კი ფარული ანტირუსული განწყობა მატულობს. ასეთი მაგალითი ნამდვილად ხელს ვერ შეუწყობს რუსეთის მიმზიდველობას სხვა ქვეყნებისა თუ რეგიონების თვალში.

«Новая газета» (რუსეთი), 30 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.novayagazeta.ru/politics/70538.html

ინტერვიუ ბერნარ კუშნერთან: „მე ვგმობ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას, მაგრამ…“

რუსული ოპოზიციური ყოველკვირეულ გაზეთ „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი ჟურნალისტ იური სოფრონოვთან საფრანგეთ-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრობს და ნიკოლა სარკოზისა და ვლადიმირ პუტინის შესახებ თავის თვალსაზრისს უზიარებს. ამასთან დაკავშირებით ბერნარ კუშნერი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს იხსენებს.

ცნობისათვის: როგორც რუსული მასმედია იუწყება, საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი გუშინ მოსკოვში კერძო ვიზიტით იმყოფებოდა და „თავის ძველ მეგობარს“ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. მათ სხვადასხვა ურთიერთსაინტერესო საკითხებზე იმსჯელეს. სანამ პარიზში დაბრუნდებოდა, ნიკოლა სარკოზი მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში („მგიმო“) მიიწვიეს და საპატიო დოქტორის დიპლომი გადასცეს. ცერემონიას რუსეთის პრეზიდენტიც ესწრებოდა.

ზოგიერთმა გამოცემამ ნიკოლა სარკოზისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის გამო კრიტიკული კომენტარი გააკეთა. აი, რას წერს, მაგალითად, „აგენტსტვო პოლიტიჩესკიხ ნოვოსტეი“ („პოლიტიკური ახალი ამბების სააგენტო“):

„ვლადიმირ პუტინს, ალბათ, უნდა ახსოვდეს, რომ ნიკოლა სარკოზის სპონსორი მისი პრეზიდენტად არცევის დროს ლიბიის ლიდერი მუმამარ კაფდაფი იყო, რომელსაც მოგვიანებით იგივე სარკოზიმ მადლობა ბომბებით გადაუხადა. გარდა ამისა, ვლდიმირ პუტინს ისიც უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის დროს ნიკოლა სარკოზი თბილისში ანტირუსული სიტყვით გამოვიდა, მხარი დაუჭირა „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას“, „რეფორმატორ და მშვიდობისმყოფელ“ მიხეილ სააკაშვილს კომპლიმენტები უძღვნა და იგი საპატიო ლეგიონის ფრანგული ორდენით დააჯილდოვა“ (წყარო:http://www.apn-spb.ru/news/article22574.htm).

დავუბრუნდეთ „ნოვაია გაზეტაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს საფრანგეთის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრ ბერნარ კუშნერთან. გთავაზობთ ამონარიდებს:

- თქვენი აზრით, კიდევ რის გაკეთება შეუძლია ვლადიმირ პუტინს? საქართველოსთან ომის შემდეგ თქვენ განაცხადეთ, რომ მოსკოვს შეიძლება კიდევ სხვა სამიზნეები ჰქონდეს – ყირიმი, უკრაინა, მოლდოვა…

- როგორც ხედავთ, მე მართალი ვიყავი…

- დიახ, მაგრამ მაშინ მითხარით, რას ემყარებოდა თქვენი მაშინდელი პროგნოზი? და რატომ ფიქრობთ, რომ ვლადიმირ პუტინი გააგრძელებს…

- მე ვფიქრობ! დიახ, ვფიქრობ, რომ იგი თავის პოლიტიკას გააგრძელებს, ვთქვათ, დნესტრისპირეთის მიმართ… მას შეუძლია პრობლემები გაუჩინოს მოლდოვას. ბალტიისპირეთი ამ მხრივ დაცულია, იქაური ქვეყნები უკვე ნატოს წევრები არიან და, ალბათ, ვლადიმირ პუტინი ნატოსთან ომს არ დაიწყებს. მაგრამ მას შეუძლია პოლიტიკის გაგრძელება (ოხრავს). ეს სახიფათოა, მაგრამ… თქვენ თუ გახსოვთ, ჩვენ 2008-ში საქართველოსთან მიმართებით რუსეთთან გავაფორმეთ შეთანხმება, რომ სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარი გავიდოდა, მაგრამ შეთანხმება დღემდე არ შესრულებულა. დიახ, მე ეს ყველაფერი ვიცი… მაგრამ პოლიტიკა ხომ „სასურველის სინამდვილედ მიღება“ არაა. პოლიტიკა ის არის, როცა ყველაფერს აკეთებენ მიზნის მისაღწევად. ომით ბევრი რამის მიღწევა შეიძლება, მაგრამ ჩვენ არ გვსურდა რუსეთისათვის წინააღმდეგობა გაგვეწია, არ გვსურდა სამხედრო პასუხი გაგვეცა ვლადიმირ პუტინისათვის უკრაინის ამბებში. რატომ? იმიტომ, რომ ევროპაში ომი არავის სურს (და ეს ჩემი პოზიციაც არის). ამავე დროს ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ვეთანხმები ყირიმის რუსეთისადმი მიერთებას. თუმცა ერთი მომენტი უნდა გვახსოვდეს: ძალიან იოლია პარიზში მიტინგის გამართვა, მაგრამ ძალიან ძნელია ევროპული პოლიტიკის გატარება…

- ესე იგი, გამოდის, რომ თუ რუსეთი ყოფილი „საბჭოთა ტერიტორიების“ მიერთებას გააგრძელებს, ევროპა ვერაფერს გააკეთებს?

- იცით რა, რეალისტები უნდა ვიყოთ: ევროპას შეუძლია სანქციების გაგრძელება-გამკაცრება, მაგრამ არც ამის გაკეთებაა ადვილი, რადგან ასეთი გადაწყვეტილებებით ფრანგი გლეხიც ზარალდება… მესმის, ვლადიმირ პუტინის პოლიტიკა დასაგმობია, მეც ვგმობ, მაგრამ ამავე დროს მე მზად არ ვარ საფრანგეთში რუსეთთან საომარი კამპანია დავიწყო.

- მოდით, ჩვენი საუბრის რეზიუმე გავაკეთოთ: თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ ვლადიმირ პუტინს სადაც რა სურს, იმას გააკეთებს – უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე, სხვა რეგიონებში….

- არ ვიცი. დაე, თვითონ რუსებმა გადაწყვიტონ…

- რუსებმა?

- დიახ, რუსებმა. ხომ არის რუსი ხალხი? ასე არაა?

- უკრაინაში რუსებმა?

- არა, რუსეთში. მაგრამ მეეჭვება. არის თქვენთან პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო განწყობა? ომის წინააღმდეგაც? არის, მაგრამ ძალიან უმნიშვნელო. ყოველ შემთხვევაში, თუ მძლავრი მანიფესტაციები დაიწყება (მაგრამ ეს ნაციონალისტური არ უნდა იყოს, ღმერთმა დაგვიფაროს!) დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მოთხოვნით, მე ძალიან გამეხარდება. აი, მაშინ დასავლეთი მხარს დაუჭერს ასეთ მოძრაობას. მაგრამ განა რუსეთში დღეს ხედავთ რაიმე მანიფესტაციებს მოთხოვნით – „დავუბრუნოთ უკრაინას ყირიმიო“? არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. აბა, ჩვენ ხომ მეფეზე მეტი როიალისტები ვერ ვიქნებით? ჩვენ ხომ რუსებზე მეტი რუსები ვერ ვიქნებით? ასეთი რამ არ ხდება. ცვლილებები თქვენვე უნდა მოახდინოთ, ჩვენ თქვენს მაგივრად ამას ვერ გავაკეთებთ.

Comments are closed