globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 ნოემბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Nov 30th, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველო რუსეთსა და თურქეთს შორის

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ): საქართველო და ნატო: საით მივყავართ გაძლიერებულ თანამშრომლობას // ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მიღებაზე კონსენსუსი არ არის

———————–

«RFI – Radio France Internationale» (საფრანგეთი), 28 ნოემბერი, 2015 წელი

http://ru.rfi.fr/kavkaz/20151128-gruziya-mezhdu-rossiei-i-turtsiei

საქართველო რუსეთსა და თურქეთს შორის

გიორგი ლებანიძე, თბილისი

საქართველოში შეშფოთებულნი ადევნებენ თვალს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესების ესკალაციას. ორი დიდი რეგიონული სახელმწიფოს დაპირისპირება, რომელიც სამიოდე თვის წინ, სექტემბერში, სირიაში რუსეთის ავიაციის მოქმედების გამო დაიწყო და რომელიც განსაკუთრებით გამძაფრდა თურქეთის ავიაგამანადგურებლის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ, არ შეიძლებოდა არ ასახულიყო მცირე კავკასიურ ქვეყანაზე, რომელიც ერთდროულად ორივეს – თურქეთსაც და რუსეთსაც ესაზღვრება. მნიშვნელოვან როლს ასრულებს აგრეთვე ისტორიული ხსოვნაც: საქართველო საუკუნეების განმავლობაში რამდენჯერმე გამხდარა დიდი იმპერიების – რუსეთისა და ოსმალეთის ერთმანეთთან  ბრძოლის ველი.

დღეს საქართველოს ხელისუფლება ბალანსის დაცვას ცდილობს: თბილისი თურქეთთან ყოველმხრივ კავშირებს ავითარებს, რომელიც საქართველოსთვის უპირველესი პირველი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა, იმავდროულად, რუსეთთანას ესწრაფვის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღმავებას. ამასთან, თბილისი ძველებურად თვლის, რომ რუსეთს მისი ორი რეგიონი აქვს „ოკუპირებული“ – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

თურქეთი აქტიურად ლობირებს საქართველოს ნატოსთან ინტეგრირების საკითხში, მაგრამ იმავდროულად ცდილობს აფხაზეთთან ურთიერთობებიც განავითაროს, თავისთან მე-19 საუკუნიდან მცხოვრები მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორის მეშვეობით. არსებობს აგრეთვე მუსულმანი ქართველებით დასახლებული საქართველოს რეგიონის – აჭარის ფაქტორი, სადაც ქართველი მუსულმანები ცხოვრობენ. ავტონომიური აჭარა თურქეთს უშუალოდ ესაზღვრება, შესაბამისად, თურქეთის გავლენა იქ სულ უფრო ძლიერდება. 2008 წლის „ხუთდღიანი ომის“ დროს, როცა რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში შევიდნენ და აჭარას მიუახლოვდნენ, ამ ფაქტმა კინაღამ რუსეთ-თურქეთის სამხედრო შეტაკება გამოიწვია.

თურქეთის მიერ რუსეთის ბომბდამშენის ჩამოგდებიდან ერთი დღის შემდეგ საქართველომ უკვე საკუთარ თავზე იწვნია მოსკოვ-ანკარის დაპირისპირების შედეგი: ავტომაგისტრალი, რომელიც რუსეთსა და საქართველოს აკავშირებს – საქართველოს სამხედრო გზა – პარალიზებული აღმოჩნდა, რადგან რუსი მესაზღვრეები თურქულნომრიან სატვირთო  ავტომანქანებს რუსეთში არ უშვებენ. გზაზე იმდენი ტრაილერია („ფურები“) გაჩერებული, რომ საქართველოდან და სომხეთიდან რუსეთში მიმავალ სხვა ავტომანქანებს მოძრაობა უჭირთ – მძღოლები უკმაყოფილონი არიან, რომ თურქები მათ ხელს უშლიან…

აი, ასე უცებ აღმოჩნდა საქართველო იმ მშფოთვარე მორევში ჩართული, რომელიც თურქეთ-სირიის საზღვარზე მომხდარი საჰაერო ინციდენტის შემდეგ დატრიალდა. თბილისის პრესაში და სოციალურ ქსელებში უკვე შესაძლებელ სამხედრო კონფლიქტის ირგვლივ საუბრობენ და პროგნოზებს აკეთებენ, თუ  როგორი სავარაუდო პოლიტიკა უნდა გაატაროს  საქართველომ, რომ ორი მძლავრი მეზობლის შეტაკების შემთხვევაში არ დაზარალდეს.

[ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის] პროფესორი და თბილისის დიპლომატიური აკადემიის ყოფილი რექტორი იოსებ ცინცაძე თვლის, რომ ქართულმა დიპლომატიამ „კრეატიული (შემოქმედებითი) რესურსი“ უნდა გამოავლინოს: „საქართველომ ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, როგორსაც ოსმალეთის იმპერია ახორციელებდა მე-19 საუკუნეში – „ელასტიური დიპლომატიის“ წყალობით და ასეთი პრინციპით: „ჭკვიანი ხბო ორი ძროხის ძუძუს წოვს“, ანუ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მაგრამ ამისათვის კრეატიული დიპლომატიური რესურსია აუცილებელი, რაც ჩვენ ჯერ-ჯერობით არ გვაქვს“, – ამბობს სოსო ცინცაძე. მან ასევე გააკრიტიკა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული ის მკვეთრი ანტირუსული განცხადებები, რომელიც თინა ხიდაშელმა ჯერ კიდევ „სუ-24“-ის ინციდენტამდე გააჟღერა. პროფესორმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ნუ გამოიყენებს შექმნილ ვითარებას მოსკოვის მისამართით კონფრონტაციული რიტორიკის გასაძლიერებლად: „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები შეშფოთდებიან: აბა, ასეთი სახელმწიფო ნატოში როგორ მივიღოთ, ვაითუ თბილისმა ჩვენ აფხაზეთთან და სამხრეთ ვოსეთთანდაკავშირებით რაიმე კონფლიქტში ჩაგვითრიოსო. მათ ხომ სწორედ ამისი ეშინიათ 2008 წლის შემდეგ“.

სოსო ცინცაძე იმასაც აღნიშნავს, რომ მოსკოვ-ანკარის კონფლიქტი საქართველოსთვის დიდი საფრთხის მომტანიც არის: „საქართველოსთვის ძალიან დიდი რისკები არსებობს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რუსეთ-თურქეთს შორის ომი დაიწყოს. ამ შემთხვევაში საქართველო ბრძოლის ველად იქცევა, ქართულ ცაში საჰაერო ბრძოლები დაიწყება, არაა გამორიცხული სახმელეთო მოპერაციებიც. პირველ რიგში თურქეთი თავის არმიას ბათუმში შეიყვანს და აწარას დაიკავებს. ასე რომ, ჩვენთვის რუსეთ-თურქეთის ომის ალბათობა საშინელი და კოშმარული სცენარი იქნება“. ექსპერტმა „რადიო ფრანსე ინტერნასიონალე“-სთან საუბარში გაიხსენა აგრეთვე რუსეთსა და თურქეთს შორის 1921 წელს დადებული მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით აჭარამ საქართველოს შემადგენლობაში განსაკუთრებული სტატუსი შეიძინა.

20018 წლის საქართველო-რუსეთის „ხუთდღიანი ომის“ დროს თურქეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი და ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯებ ერდოღანი სასწრაფოდ გაფრინდა მოსკოვში. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მან რუსეთის ხელისუფლება გააფრთხილა: თურქეთი არ დაუშვებს რუსეთის არმიის წინსვლას აჭარის მიმართულებით. აჭარის ნაპირებთან ახლოს თურქული და რუსული ხომალდების ერთმანეთის პირისპირ რეიდზე დადგნენ, თუმცა საბოლოოდ რუსეთის ჯარის ქვედანაყოფები აჭარის ადმინისტრაციულ საზღვართან გაჩერდნენ. აშკარაა, რომ ამაში მთავარი როლი ანკარის პოზიციამ შეასრულა.

დღეს საქართველოს ხელისუფლება რუსეთ-თურქეთის კონფლიქტთან მიმართებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს. როგორც „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიპლომატმა და დეპუტატმა ვიქტორ დოლიძემ განუცხადა (იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი ეუთო-ში), „თბილისს, აშკარაა, რომ ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტული გეგმა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, მე ამის თაობაზე არაფერი გამიგია. სიტუაცია ძალიან რთულია და აქედან გამომდინარე, ეს არცერთი მხარისათვის – არც საქართველოსთვის, არც რუსეთის და არც თურქეთისათვის კარგი არ არის. რეგიონისათვის ძალიან სახიფათო ვითარება იქმნება. ჩემთვის ყველაზე მთავარია ჩემი ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება. მხარეებმა ერთმანეთს უკვე სანქციები გამოუცხადეს. არ მსურს, რომ ეს ყველაფერი ომში გადაიზარდოს. საქართველო ფხიზლად და ფრთხილად უნდა იყოს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მოახერხებს საქართველოს ხელისუფლება „ბალანსის“ დაცვას, მე პირადად ჯერ-ჯერობით არანაირი „ბალანსური“ თუ „ანტიბალანსური“ განცხადება არ მომისმენია“.

რადიოკორესპონდენტის ნათქვამზე, შეიძლება ეს „მრავლისმეტყველი დუმილი“ არისო, ვიქტორ დოლიძე პასუხობს: „სრულიად შესაძლებელია, რომ ასეც არის. მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდები მეზობლების რეაქციას. ჯერ-ჯერობით განცხადებებისაგან აზერბაიჯანიც თავს იკავებს, მაგრამ ჩვენ – საქართველოს, სომხეთს და აზერბაიჯანს – მაინც მოგვიწევს საკუთარი პოზიციების დაფიქსირება. ევროლიდერებმა უკვე განაცხადეს საკუთარი თვალსაზრისები. არავის არ სურს სიტუაციის ესკალაცია – ეს ისეთივე აშკარაა, როგორც ორჯერ ორი – ოთხი“.

ერთი მხრივ, თურქეთისთვის საქართველო მნიშვნელოვან სახელმწიფოს წარმოადგენს: სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე გადის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო კომუნიკაციები: ნავთობ- და გაზსადენები „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ და „ბაქო-თბილისი-ერზერუმი“, მალე დასრულდება სარკინიგზო მაგისტრალის „ბაქო-თბილისი-ყარსის“ მშენებლობაც. თავის მხრივ, სტამბოლის აეროპორტი ქართველებისათვის „ევროპის ფანჯარად“ გადაიქცა, თურქეთში კი მათ უვიზო მიმოსვლაც შეუძლიათ, თანაც უპასპორტოდ, მხოლოდ პირადობის ელექტრონული მოწმობით.

მეორე მხრივ, საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაც მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ რუსეთის ჯარები თბილისიდან 35 კილომეტრში დგანან, ცხინვალთან, ე.წ.სამხრეთ ოსეთში. გარდა ამისა, საქართველოს სურს, რომ რუსეთის ბაზარზე მისი პროდუქცია გადიოდეს, რადგან თურქეთში ქართული ნაწარმი არაკონკურენტუნარიანია.

თურქეთი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ პარალელურად ურიერთობას ავითარებს აფხაზეთთანაც – ითვალისწინებს მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორის ინტერესებს, რომელთა წინაპრები თურქეთში მე-19 საუკუნის რუსეთ-თურქეთის და კავკასიური ომების შედეგად აღმოჩნდნენ. რუსეთსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტა მათთვის ძალიან დიდი სირთულეების მომტანი იქნება, რადგან ისინი აფხაზეთში  სტამბოლ-ადლერის „ავიახიდის“ მეშვეობით ჩადიოდნენ. რაც შეეხება სახმელეთო გზას, თურქეთიდან აფხაზეთისკენ უმოკლესი მარშრუტი საქართველოს ტერიტორიაზე გადის.

დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ისტორიულ მახსოვრობასაც: უკვე სამას წელზე მეტია რუსეთ-თურქეთის ომები საქართველოსთვის გარდაუვლად ეხებოდა ხოლმე, ზოგჯერ კი კატასტროფული შედეგების მომტანიც კი იყო. თუმცა, როგორც ისტორიკოსი გიორგი ანჩაბაძე თვლის, დღეს კატასტროფული სცენარი ნაკლებმოსალოდნელია: „ვფიქრობ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ომი არ მოხდება. სანქციები დაწესდება, მაგრამ საქმე ომამდე არ მივა. ადრე საქართველო ძალიან ხშირად გამხდარა რუსეთ-თურქეთის ომების „ბრძოლის ველი“. ეს ხდებოდა მაშინ, როცა საქართველო ან რუსეთის მხარდამჭერად გამოდიოდა, ან უშუალოდ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. დღეს საქართველოს სხვა სტატუსი აქვს, ამიტომაც საქმე ანკარა-მოსკოვის შეტაკებამდეც რომ მივიდეს (რაც ნაკლებმოსალოდნელია), საქართველოს ეს პირდაპირ არ დაემუქრება… აი, რაც შეეხება საფრთხეს მსოფლიოსათვის, ეს მართლაც იქნება, რადგან თურქეთი ნატოს წევრია. ღმერთმა დაგვიფაროს მსოფლიო ომისაგან. ამ შემთხვევაში, ცხადია, საქართველო „თამაშგარე“ ვერ დარჩება – მაშინაც კი, როცა იგი კონფლიქტში არ ჩაერევა. მაინც მიმაჩნია, რომ ასეთ კატასტროფამდე საქმე არ მივა“.

«Radio Voice of America – Радио Голос Америки» (აშშ), 30 ნოემბერი, 2015 წელი

http://www.golos-ameriki.ru/content/nc-nato-split-over-georgia/3079476.html

საქართველო და ნატო: საით მივყავართ გაძლიერებულ თანამშრომლობას

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მიღებაზე კონსენსუსი არ არის

ნესტან ჩარკვიანი

(შემოკლებით)

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების თაობაზე ნატოს წევრებს შორის კონსენსუსი არ არსებობს. უფრო მეტიც – ალიანსის ზოგიერთი წევრი შიშობს, რომ ნატოში ჩერნოგორიის მიწვევა, რომელიც, ალბათ, სამშაბათს მოხდება, შეიძლება საქართველომ არასწორ სიგნალად აღიქვას. როგორც ანონიმური წყარო იუწყება, საქართველოს მიღება ნატოი ძველებურად არ სურთ საფრანგეთს და გერმანიას, როლმლებიც ერიდებიან რუსეთის მხრიდან გამოვლენილ ნეგატიურ რეაქციას.

როგორია ქართველი ექსპერტების თვალსაზრისი?

როგორც თბილისში არსებული „საქართველოს უნივერსიტეტის“ დოქტორი გიორგი მჭედლიშვილი ამბობს, ჩერნოგორიის მიღება ნატოში ქართველებისათვის მაინც და მაინც დიდი იმედების საფუძველი არ უნდა გახდეს, რადგან ამ ქვეყნის გაწევრიანების კონტექსტი სრულიად სხვაა: „სერბეთი, რომელსაც ჩერნოგორია გამოეყო, რუსეთისაგან განსხვავებით, ევროპისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპული უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო შედარებით უფრო მეტად კრიტიკულ და მნიშვნელოვან ზონაში იმყოფება, ალბათ, უპრიანი იქნებოდა ნატოში დაჩქარებული სახით მიღებულიყო, „მაპ“-ის გარეშე. თუმცა აშკარაა, რომ უახლოეს ხანში ამ საკითხზე კონსენსუსი მიუღწეველი იქნება“.

პოლიტიკური ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძეც ეჭვობს, რომ საქართველოს ნატოს მომავალ სამიტზე „მაპ“-ს მისცემენ. როგორც მან აღნიშნა „გოლოს ამერიკის“ კორესპონდენტთან საუბარში, მიზეზი საგარეოპოლიტიკურ ფაქტორებში უნდა ვეძებოთ, რუსეთის გათვალისწინებით. გარდა ამისა, არსებობს საერთაშორისო კონიუნქტურის მომენტიც: „ნატოელი სკეპტიკოსების აზრით, საქართველოსთვის ამ ეტაპზე „მაპ“-ის მიცემა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უფრო მეტად პრობლემებს შეუქმნის და თავის ტკივილს მოუტანს, ვიდრე სტრატეგიულ სარგებელს. ამასთან, ნატოში ესმით, რომ საქართველოს დიდხანს გაჩერება ალიანსის კართან რისკის შემცველიც არის, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ „მაპ“-ის მოცემაზე უარი რაიმეთი იქნება კომპენსირებული“. აქედან გამომდინარე, ექსპერტი, კერძოდ,  არ გამორიცხავს, რომ ნატოს უელსის სამიტზე მიღებულ „გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტს“ ვარშავის სამიტზე რაღაც ახალი კომპონენტები დაემატება.

Comments are closed