globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 ნოემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Nov 30th, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: კონფლიქტის უწყვეტი ჯაჭვი

«Обозреватель» (უკრაინა): რატომ გააგდეს ქართველებმა მიხეილ სააკაშვილი? ელიტარული კორუფციისა და ავტორიტარიზმის გამო: მან კორუფცია კი არ დაამარცხა, არამედ სათავეში ჩაუდგა

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 30 ნოემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/s-osetia-resolution/3616148.html

საქართველო: კონფლიქტის უწყვეტი ჯაჭვი

ნინო დალაქიშვილი

ჯაჭვის ყველა რგოლი, რომლითაც საქართველო ერთ ადგილასაა დაბმული, ჯერ კიდევ მყარადაა. განვითარებისა და ვითარების გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯების სიმძლავრე ჯაჭვის სიმტკიცეს ვერ აჭარბებს: რუსეთი ჯერაც ახერხებს საკუთარი ძალმომრეობითი პოზიციების შენარჩუნებას. შესაბამისად, ვითარება კონფლიქტის რეგიონებში უცვლელი და სტაბილურად მძიმე რჩება, რაც თავის მხრივ ნეგატიურად აისახება საქართველოს გაწევრიანებაზე უფრო დაცულ, წარმატებულ და პროგრესულ საერთაშორისო გაერთიანებებში.

ზამთრის მოახლოვება კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლებისთვის ყოველთვის უფრო მეტ სირთულესა და გამოწვევას უკავშირდება. მიმდინარე წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში, დგას საჭიროება ადგილობრივებისთვის სუბსიდიის გამოყოფის, რასაც ზამთრისთვის გათბობით უზრუნველყოფის მიმართულებით უნდა მოხდეს. 200 ლარს წელს კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ყველა ოჯახი მიიღებს.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ქეთევან ციხელაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი აცხადებს: „განსაკუთრებით საყურადღებოა იმავე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობა. მათი ძირითადი უფლებების შელახვა ყოველდღიურ პრაქტიკას წარმოადგენს“.

„ამერიკის ხმა“ ახალგორში მცხოვრებ თამარ მეარაყიშვილსაც დაუკავშირდა, რომელმაც  არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ქარტველი მოქალაქეების ყოველდღიური საჭიროებების შესახებ ისაუბრა:

„ზოგადი სიტუაცია ახალგორში მშვიდია. მოსახლეობამ საშემოდგომო სამუშაოები დაამთავრა. ცოტა პრობლემები შეიქმნა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის გაყვანასთან დაკავშირებით. ახალგორში ათეულობით ოჯახი მისდევს ფერმერულ საქმიანობას, ჰყავთ ცხვარი, მსხვილფეხა საქონელი, მათი გაყვანა ცოტა შეფერხდა, თუმცა საბოლოოდ ყველამ გაიყვანა. ახალგორიდან ზამთრის საძოვრებისკენ მიჰყავთ, მაგალითად, კახეთში, მარნეულში – ასე აზამთრებენ. ამჯერად ოქტომბრის მაგივრად, ნოემბრამდე გაიწელა ეს პროცესი. ახალგორში სექტემბრიდან ახალი საშვები მოქმედებს, მოსახლეობას წლის ბოლომდე აქვს ვადა, რომ აიღონ ახალი საშვები. მე ვფიქრობ, მომავალ წელსაც არ იქნება პრობლემა მათი ახლით ჩანაცვლება“.

დავით ონიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის გამგებელია. კონფლიქტის ზონის მაცხოვრებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროების შესახებ კითხვაზე ის ასე გვპასუხობს: „ყველაზე დიდი გამოწვევა ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღებაა. ძალიან ბევრი და კარგი ეკონომიკური პროგრამები გვაქვს, უბრალოდ, მათი ათვისება უნდა მოხდეს მოსახლეობის მხრიდან. მეტი აქტიურობაა საჭირო, რომ ამ პროგრამების შესახებ ინფორმაცია მივიდეს მოსახლეობამდე“.

ნინო მინდიაშვილი კონფლიქტის ზონის სოფელ ნიქოზში ცხოვრობს და არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს, რომ ახალგაზრდები სოციალური სიდუხჭირისთვის თავის დაღწევას გაქცევით ცდილობენ. მისი თქმით, 2300 ადამიანით დასახლებული თემიდან ადგილზე მხოლოდ ასი 19–დან 40 წლამდე ახალგაზრდის ნახვაა შესაძლებელი: „ჩვენც ვცდილობთ, რაღაც პროგრამები შევთავაზოთ მათ, ვინც აქაა დარჩენილი. წავახალისოთ, რომ დარჩენის სურვილი გაუჩნდეთ და არა წასვლის, მაგრამ ადამიანები ხომ ყველაფერს მატერიალურით საზღვრავენ. ძირითადად, რომ ვთქვათ, რით ირჩენს აქ ხალხი თავს, ესაა პენსია და სხვა დახმარებები. მაგალითად, ახლა 200 ლარიან დახმარებას ელიან. ამით ზოგი შეშას იყიდის, ზოგი გაზის ფულს გადაიხდის და ზოგი დენის ფულს, ან პროდუქტს დაიმარაგებს ზამთრისთვის“.

ძველმა ქართულმა ეპოსმა შემოინახა მითი ამირანის შესახებ, რომელიც კავკასიონზე უმტკიცესი ჯაჭვითაა დაბმული. მისი გათავისუფლება როგორც კი შესაძლებელი ხდება, მილეული ჯაჭვი ახლდება და ბრძოლა ცალკეული რგოლის დასუსტებისთვის ხელახლა იწყება. კონფლიქტის ზონის სოფლებიდან კავკასიონის ხედები იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურება, რომ ამ მითს უკვდავება გარანტირებული აქვს, თუმცა როდის გაწყდება ბორდერიზაციის პროცესის, მოქალაქეების გატაცებებისა და ცხინვალის ციხეში გადაყვანის ჯაჭვი, ეს ქართული დიპლომატიის მოხერხებულობაზეა დამოკიდებული.

«Обозреватель» (უკრაინა), 29 ნოემბერი, 2016 წელი

http://obozrevatel.com/politics/76108-elitarnaya-korruptsiya-i-totalitarizm-zhurnalist-rasskazal-pochemu-gruzinyi-vyignali-saakashvili.htm

რატომ გააგდეს ქართველებმა მიხეილ სააკაშვილი? ელიტარული კორუფციისა და ავტორიტარიზმის გამო: მან კორუფცია კი არ დაამარცხა, არამედ სათავეში ჩაუდგა

„მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების მონოპოლიზება მოახდინა. მისი გარემოცვა თანამემამულეებს ბიზნესს ართმევდა და ალტერნატიულ აზრს ახშობდა“, – ნათქვამია უკრაინულ „ობოზრევატელში“ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი – იური ნოკოლოვი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

„პრეზიდენტის კაცები ბიზნესს არამარტო მდიდრებს (ოლიგარქებს) ართმევდნენ, არამედ საშუალო ფენის წარმომადგენლებსაც. ქართველი ჟურნალისტების მონაყოლის თანახმად, საქმე იქამდეც კი მიდიოდა, რომ მოქალაქეებს ავტომობილებსაც ართმევდნენ. დღეს ათი ათასამდე სისხლის სამართლის საქმე არსებობს, რომელთა მიხედვით, ქონების ყოფილი მფლობელები აცხადებენ, რომ თავიანთი ქონება მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის წევრებზე იძულებით, ზეწოლით გადააფორმეს. რასაკვირველია, ამის დამტკიცება ძნელია, რადგან პრეზიდენტის გარემოცვა კარგად მოფიქრებული სქემით მუშაობდა. საქართველო პატარა ქვეყანაა, იქ ქონებას ვერ დამალავ, ჰოდა, ბიზნესის წართმევამ ფართო ხასიათი მიიღო.

მიხეილ სააკაშვილის „მოლარე“ თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი გახლდათ, მისი ხალხი ბიზნესის 51%-ს აკონტროლებდა… როცა ხელისუფლება შეიცვალა, მან თავისი ბიზნესი სასწრაფოდ ნათესავებზე გადააფორმა.

მიხეილ სააკაშვილის „ანტიკორუფციული ბრძოლა“ ასეულ ათასობით დაპატიმრებებით აღინიშნა. 2011 წელს საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა პატიმრების რაოდენობით – 4-მილიონიან ქვეყანაში სამასი ათასი კაცი პატიმრობაგამოვლილი იყო, ანუ ყოველი მეხუთე. საბოლოოდ კი პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა: ქართველები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა კორუფცია მოსპო, მაგრამ იმავდროულად მას წყევლა-კრულვას უთვლიან. იმიტომ, რომ მიხოს კაცები თანამემამულეებს ქონებას ძალით ართმევდნენ – რაც სურდათ და რამდენიც სურდათ. სამწუხაროდ, მასმედია ძირითადად დუმდა…

როგორც კი საშუალო კლასში საპროტესტო მუხტი დაგროვდა კეზერაშვილისეული ხარკის გადახდის მიმართ, როგორც კი ბიძინა ივანიშვილისათვის ნათელი გახდა, რომ მის მიერ დასპონსორებული მიხეილ სააკაშვილი მისსავე მომავალს ემუქრებოდა, როგორც კი ჯორჯ სოროსს იმედები გაუცრუვდა (მან დაინახა, თუ როგორი უკანონო და ავკაცური მეთოდებით ავსებდა მიხეილ სააკაშვილი სხვადასხვა ფონდებს – ფულის შეწერით და ქონების წართმევით, ყველასგან განურჩევლად), აი, მაშინ საქართველოს პრეზიდენტისადმი ნდობა ძალიან დაეცა. შესაბამისად, მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო…

საბოლოო ჯამში, მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან გაქცევის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ მის საქმიანობაში პოზიტივი შემცირდა, ნეგატივი კი გაიზარდა: ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ გეგონებოდათ, მიხოს ხალხი მთლად გაგიჟდაო – ისინი შეიხებივით იქცეოდნენ. პრეზიდენტის წინააღმდეგ დიდი როლი შეასრულა მისსავე შექმნილმა შიშის ატმოსფერომ (ამ მხრივ მიხო თავისი რუსი კოლეგისაგან ვლადიმირ პუტინისაგან არ განსხვავდებოდა) და საქართველოს პატრიარქმა, რომელთანაც მიხეილ სააკაშვილმა ურთიერთობა გაიფუჭა…

მიხეილ სააკაშვილის პოზიტივი – კორუფციის დამარცხება დაბალ დონეზე, მთლიანი შიდა პრდუქტის ზრდა – შეიცვალა ნეგატივით: გაჩნდა ელიტარული კორუფცია, დაიწყო საშუალო ბიზნესის შევიწროება, შეიზღუდა სიტყვის თავისუფლება, გახშირდა ძალადობა და ადამიანის უფლებების დარღვევა]… საქართველოში ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმის სუნი დატრიალდა… ჰოდა, ქართველებიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

—————

დამატებითი წყარო: http://gazeta.ua/ru/articles/politics/_gruziny-vygnali-saakashvili-potomu-chto-on-ne-preodolel-korrupciyu-a-vozglavil-ee-zhurnalist/737467

Comments are closed