globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 30th, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Радио Голос Америки» (აშშ), 30 დეკემბერი, 2014 წელი

http://blogs.voanews.com/russian/donald-jensen-washington-diary/2014/12/22/

ქართული ოცნების დასასრული
„სანამ რუსეთი და დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცისათვის კონკურენციას განაგრძობენ, სამხრეთ კავკასია უკრაინის კრიზისის აფტერშოკებს განიცდის. 2014 წლის მოვლენებმა საქართველოს უფრო აქტიურად უბიძგა ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციისაკენ, რუსული აგრესიისაგან თავდაცვის მიზნით“, – ნათქვამია პუბლიკაციაში, რომლის ავტორია დონალდ ჯენსენი, აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი. იგი მუშაობდა რადიო „თავისუფლების“ ხელმძღვანელად, აქვს დიპლომატიური სამსახურის მრავალწლიანი გამოცდილება.
გთავაზობთ სტატიას მცირეოდენი შემოკლებით:
„საქართველო რუსეთისათვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს. მის ტერიტორიაზე გადის აზერბაიჯანიდან თურქეთისაკენ მიმართული ნავთობ- და გაზსადენები. სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შემდეგ, როცა რუსეთმა აზერბაიჯანზეც ზეწოლა დაიწყო და ბაქოს იგივე ნაბიჯის გადასადგემელად აიძულებს, საქართველო რეგიონში კრემლის მომდევნო სამიზნე ხდება“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
„კრემლს არ მოსწონს საქართველოს „თამაში“ დასავლეთთან. თბილისის პროდასავლური ამბიციები ვლადიმერ პუტინის სურვილებს ეწინააღმდეგება, რომლებიც საზღვრების შეცვლასა და პოსტსაბჭოთა სივრცისაგან ნატოს ჩამოშორებაში გამოიხატება. რუსეთმა აფხაზეღთთან ხელმოწერილი ახალი ხელშეკრულებით რეგიონში თავისი გავლენა განამტკიცა, გააფართოვა სამხედრო სწავლებების მასშტაბი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში…
მოსკოვს აგრეთვე აქვს საქართველოზე ეკონომიკური ზემოქმედების დამატებითი ბერკეტები: კერძოდ, რესპუბლიკა სერიოზულადაა დამოკიდებული რუსეთში სამუშაოდ მყოფი ქართველების მიერ გადარიცხულ თანხებზე. ბოლო თვეებში გააქტიურდნენ პრორუსულად განწყობილი პარტიებიც, რომლებთაც, როგორც ერთმა ექსპერტმა აღნიშნა, ფინანსური მხარდაჭერა „გაურკვეველი წყაროებიდან აქვთ“.
2008 წელს რუსეთმა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის პროდასავლურ კურსს პასუხი გასცა – მოახდინა ომის ინიცირება, რომელსაც საქართველოს დასავლეთისაკენ დრეიფი უნდა შეეჩერებინა და ეჩვენებინა, რომ თბილისი ტყუილად ცდილობს ალიანსთან დაახლოებას – ნატო მზად არ არის მის დასახმარებლად. კრემლის სტრატეგიამ წარმატებით იმუშავა. რადგან დასავლელ ლიდერებს რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაცია არ სურდათ, ამიტომაც დუმილი ამჯობინეს და ომის მიზეზები მიხეილ სააკაშვილის უაპასუხისმგებლო და გაუფრთხილებელ მოქმედებას მიაწერეს.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომების შედეგად 2012 წელს ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა – საქართველოს მთავრობა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა, რომელიც რუსეთთან მიმართებით უფრო პრაგმატული ურთიერთობის მომხრე იყო. ამ მიდგომებმა მალე შედეგი გამოიღო: განახლდა ვაჭრობა, აღდგა ავიამიმოსვლა… პრაგმატიზმი საგარეო პოლიტიკაშიც გამოვლინდა: საქართველომ უარი განაცხადა მიერთებოდა ანტირუსულ ეკონომიკურ სანქციებს და წინააღმდეგი გამოვიდა უკრაინისათვის დასავლური იარაღის მიწოდების თაობაზე.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის პარტიის მიერ გატარებული ასეთი მულტივექტორული საგარეოპოლიტიკური მიდგომები (რუსეთის ზეწოლასთან ერთად) საქართველოს მთავრობაში განხეთქილების მიზეზი გახდა: ერთ-ერთმა პროდასავლელმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მმართველი კოალიცია დატოვა. 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე გამოვიდა, მან პროდასავლელ პოლიტიკოსებს, მათ შორის ირაკლი ალასანიას, [ერთობლივი ბრძოლისაკენ] მოუწოდა. იმ პერიოდში ირაკლი ალასანია იმედგაცრუებული იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობით და [მისი პარტია[ ოპოზიციაში იყო გადასული.
საპარლამენტო არჩევნების სემდეგ „ატლანტისტებმა“ მთავრობაში მნიშვნელოვანი თანამდებობები დაიკავეს, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში, თუმცა იმავდროულად სხვა საკვანძო ვაკანსიებზე – შინაგანს საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურაში, ბიძინა ივანიშვილის თანაპარტიელები დაინიშნენ. ეს უკანასკნელები ხშირად კონტაქტობდნენ კორუმპირებულ რუს პოლიტიკოსებთან ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ექსპერტის სვანტე კორნელის თვალსაზრისის თანახმად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძველებურად აქტიურ წინააღმდეგობას არ უწევს რუსეთის ძირგამომთხრელ საქმიანობას. პრაქტიკულად არაფერი არ კეთდება რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით“.
კრიზისი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო და გაძლიერდა: ჯერ ერთი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და მემკვიდრედ პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი ღარიბაშვილი დატოვა (თავისი ყოფილი ბიზნეს-თანამშრომელი და სუსტი პოლიტიკოსი), მეორე – უკრაინის კრიზისმა თითქმის შეუძლებელი გახადა, რომ თბილისს ერთდროულად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაც გაეგრძელებინა და ევროინტეგრაციაც.
ნოემბრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ირაკლი ალასანია, რომელსაც რამდენიმე პოპულარული პოლიტიკოსის თანამდებობიდან ნებაყოფლობითი გადადგომა მოჰყვა (ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს პროდასავლური კურსის წინააღმდეგ მიმართული შეტევა არისო).
საქართველოს საშინაო პოლიტიკა აშკარად „არაკომპეტენტურობისა და შურისძიების დამღუპველ ნარევს“ წარმოადგენს. კოალიცია „ქართული ოცნება“ დაშლის ზღვარზეა. იმავდროულად ხალხის მხარდაჭერა ხელისუფლებასადმი სწრაფად მცირდება.
ამას წინათ ვაშინგტონში არსებულ ქენანის ინსტიტუტში საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ისაუბრა. 2004 წლიდან იგი საქართველოს კონსერვატიულ პარტიას ხელმძღვანელობს. ზვიად ძიძიგურმა, რომელიც ადრე ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი იყო, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ხუთი წელი საპყრობილეში გაატარა. სვატა სორის, იგი მიხეილ სააკაშვილთანაც თანამშრომლობდა, როცა იგი ოპოზიციაში იყო, მაგრამ 2003 წლის ნოემბერში, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. 2011 წელს ზვიად ძიძიგური ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით ჩამოყალიბებულ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანდა.
ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ ამჟამინდელი პრობლემების მიუხედავად, საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ ეკონომიკურ სტრუქტურებსა და უსაფრთხოების სიტემაში შეუქცევადია და რომ ქვეყანა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში არ გაწევრიანდება. მან აღიარა, რომ საქართველოში რუსეთის მნიშვნელოვანი გავლენა იგრძნობა, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში, მაგრამ უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. ქართველმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ თბილისი მოსკოვთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს, თუმცა იქვე დასძინა, რომ რუსეთთან ურთიერთობები მანამდე არ იქნება ბოლომდე ნორმალიზებული, სანამ მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციას არ შეწყვეტს.
ზვიად ძიძიგურმა ასევე ისაუბრა ქვეყნის სასამართლო სისტემის რეფორმის მიმდინარეობაზე, რაც იმის დამადასტურებელი ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქართული დემოკრატიის განმტკიცება აქვს განზრახული.
მოგვიანებით, 18 დეკემბერს, იგივე განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც, ევროპარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, როცა საქართველო-ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოხდა. ბრიტანული სააგენტო „როიტერისათვის“ მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმება ევროკავშირის წევრობისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პრეზიდენტმა დაამატა, რომ საქართველოში დემოკრატიის დონე შედარებით მეტია, ვიდრე იყო, თუმცა სახელმწიფო ჩინოვნიკებს ახალ პოლიტიკურ რეალობასთან ადაპტირებისათვის დრო სჭირდებათ. საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა მზადაა გზა გააგრძელოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისაკენ.
სხვათა შორის, იმავე დღეს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა მიიღოს ქართველი ლიდერები, შეხვდეს მათ, რათა მოსკოვ-თბილისის სამომავლო ურთიერთობები განიხილონ, იმსჯელონ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებზეც.
თუმცა ფრიად საეჭვოა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში რუსეთთან და დასავლეთთან ურთიერთობაში დიდი ხნის სასურველ ბალანსს მიაღწევს. ალბათ უფრო მოსალოდნელი ისაა, რომ მთავრობა გააგრძელებს ლაპარაკს პროდასავლურ პოლიტიკასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რადგან ისეთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის სამი მეოთხედი მხარს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს, სხვა განცხადებების გაკეთება შეუძლებელია. ამასთან, მომხდარი მოვლენები გვიჩვენებს, რომ ქვეყანას ისეთი ლიდერები მართავენ, რომლებთაც დასავლეთთან ინტეგრაციის რეალური სურვილი არ აქვთ და რომლებიც უკიდურესად მოწყვლადნი არიან მოსკოვის ზეწოლაზე.

Comments are closed