«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველოს ახალი პრემიერის ძველი კაბინეტი: ყველა, მინუს ღარიბაშვილი
«Die Presse» (ავსტრია): საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს – მესამე სამ წელიწადში
«Московский комсомолец» (რუსეთი): ვლადისლავ სურკოვის აფხაზურმა ვიზიტმა თურქებს მწარე ნაყოფი მოუტანა // „სოხუმის დამოკიდებულება რუსეთზე, თურქეთთან შედარებით, განუზომლად მეტია“
——————–
«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 30 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.amerikiskhma.com/content/new-georgian-pm-cabinet/3123376.html
საქართველოს ახალი პრემიერის ძველი კაბინეტი: ყველა, მინუს ღარიბაშვილი
ზაზა წულაძე
საქართველოს ახალი პრემიერ მინისტრი და ძველი მთავრობა ჰყავს. ამ გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს თითქმის 12 საათიანი განხილვა დასჭირდა. რიგგარეშე სესია, 29 დეკემბრის დღის 12 საათზე და 26 წუთზე დაიწყო და უკვე 30 დეკემბერს, ღამის 12 საათსა და 18 წუთზე დასრულდა.
48 წლის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურის პრემიერის პოსტზე 114-დან 86 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა კი 28 პარლამენტარმა მისცა. ახალი კაბინეტის 19 წევრიდან, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანომ ავტომატურად გამოუცხადა ნდობა – 18 ძველია. ახალი სახე მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ჯანელიძეა, რომელმაც ამ უწყებაში სწორედ პრემიერად დაწინაურებული კვირიკაშვილი შეცვალა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გუშინ, გიორგი კვირიკაშვილის 21 წუთიანი სიტყვით დაიწყო, რასაც 28 დეპუტატის მრავალფეროვანი შეკითხვები მოჰყვა აბასთუმნის კანალიზაციიდან დაწყებული, ქართუ ბანკის „17 პროცენტიან მოგებამდე“ დამთავრებული. ყოველმხრივ გაწონასწო-რებული კვირიკაშვილი სწორედ ამ შეკითხვამ გამოიყვანა მწყობრიდან. საგარეო კურსთან დაკავშირებით კი უკვე ყოფილმა საგარეო მინისტრმა მშვიდად ბრძანა, რომ ეს კურსი უცვლელია: „საქართველოს საგარეო ვექტორი არის ევროპული და ევროატ-ლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მომხრე ვართ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობების, რათა საგარეო პოლიტიკური რისკები შევამციროთ, რომ საქართველოს დასავლურ ვექტორს არაფერი დაემუქროს.“
ოპოზიცია პრემიერობის კანდიდატთან კითხვა-პასუხის რეჟიმში აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა, წინასწარ დააფიქსირა, რომ ახალი პრემიერისა და კაბინეტისთვის მხარის დაჭერას არ აპირებდა.
საპარლამენტო უმრავლესობას ბევრი შეკითხვა კვირიკაშვილთან არ ჰქონია, პარლამენტის ყველა კომიტეტის თავჯდომარეებმა მას ერთხმად დაუჭირა მხარი და არც ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით დაუშურებიათ მადლობის სიტყვები. არავის უცდია ეკითხა, რა გახდა წინა პრემიერის განთავისუფლების მიზეზი, თუ მისი მთავრობა ასე კარგად მუშაობდა და ყველა მინისტრი თანამდებობაზე დარჩა.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ მელიქიშვილმა, რომელმაც ხმა არ მისცა ახალ პრემიერ მინისტრსა და მის კაბინეტს, კერძოდ განაცხადა:
„მთავრობა არის ერთიანი გუნდი და ნურავის ეგონება, რომ რახან ირაკლი ღარიბაშვილი გადადგა, ეს ნიშნავს იმას რომ მან ვალდებულებები და პასივები თან წაიღო და აქ დაგვჩა იგივე გუნდი, მხოლოდ აქტივებით. თქვენ, ყველას ერთად ბატონებო, ლართან დაკავშირებით ანტიკრიზისული გეგმა გქონდათ შემუშავებული, ორი დღე დარჩა ამ ვალდებულების შესასრულებლად და მაინტერესებს – რა გააკეთეთ რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურებისგან დაგეცვათ ? ან სხვა ვალდებულებების შესასრულებლად?“
ახალი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ოთხი შვილის მამაა. მისი მეუღლეა, 48 წლის მაია ცინაძე. ისინი 1990 წელს, სტუდენტობისას შეუღლდნენ და 24 წლის ანა, 21 წლის ნინო, 19 წლის გიორგი და 8 წლის ნიკოლოზი ჰყავთ. საინტერესოა, რომ ოთხივე მათგანი თებერვლის თვეშია დაბადებული. გიორგი კვირიკაშვილმა, რომელსაც სამედიცინო და ეკონომიკური განათლება აქვს, კარიერა, გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის ბანკ – „ვნეშკომბანკის“ თბილისის ფილიალში დაიწყო. სხვადასხვა წლებში, იგი ასევე მუშაობდა „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ (ახლანდელი „ვითიბი ბანკი“), „ბინსოცბანკსა“ (ამჟამად „საქართველო ბანკი“) და „პირველ კომერციულ ბანკში“ (დღევანდელი „პრივატბანკი“).
1999 წელს გიორგი კვირიკაშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძის სახელმწიფო მინისტრობის დროს, სახელმწიფო კანცელარიაში, საგარეო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე გახდა. იმავე წელს, იგი სახელისუფლებო პარტია „მოქალაქეთა კავშირის“ სიაში მოხვდა და პარლამენტში შევიდა. გიორგი კვირიკაშვილი „მოქალაქეებში“ ათი თვე დარჩა, შემდეგ ოპოზიციურ „ახალ ფრაქციაში“ გადავიდა. მოგვიანებით კი, ამ ფრაქციის ბაზაზე, დაფუძნებულ „ახალი მემარჯვენეების“ დამფუძნებელთა რიგებში იყო და ახალ პარტიაში 2003 წლამდე იმუშავა. 2006 წელს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილი საკუთარი „ქართუ ბანკის“ გენერალურ დირექტორად მიიწვია. 2012 წლიდან უკვე პრემიერ ივანიშვილის მთავრობის წევრია, ჯერ ეკონომიკის, 2015 წლის 1 სექტემბრიდან კი საგარეო მინისტრის თანამდებობა დაიკავა.
გიორგი კვირიკაშვილს ილინოისის უნივერსიტეტში, ედმუნდ მასკის პროგრამის დაფინანსებით, ფინანსებში მაგისტრის ხარისხი აქვს დაცული. ამერიკაში იგი ასევე მუშაობდა კომპანია Lenzie Fisher Hendry-ში ფინანსურ ექსპერტად.
ახალ პრემიერსა და კაბინეტს მხარი არც „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაუჭირეს, თუმცა მათმა ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც კვირიკაშვილთან ერთად ორი წელი იყო წინა კაბინეტში, თქვა, რომ შედარებით პოზიტიური მოლოდინი აქვს: „რაც შეეხება კონკრეტულად გიორგი კვირიკაშვილს, ის, ბუნებრივია უფრო შეგნებული ადამიანია. დარწმუნებული ვარ რომ ამჩატებულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. მთავარი ამოცანა, გარდამავალ ეტაპზე არის, რომ გიორგიმ შემდეგ არჩევნებამდე, სტაბილურად მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა. გიორგის ექნება ერთი გადაწყვეტილება მისაღები, რომელიც ნიშანდობლივი იქნება მისი პრემიერობისთვის: დაუჯეროს ერთ მოქალაქეს თუ დაუჯეროს მოქალაქეებს და ხალხს.“
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გიორგი კვირიკაშვილი მე-18 პრემიერ- მინისტრია. პირველი პრემიერი ნოე რამიშვილი იყო, რომელიც 1918 წლის 26 მაისს დაინიშნა და ამ თანამდებობაზე ყველაზე მცირე დრო – 29 დღე იმუშავა. იგი მალე ნოე ჟორდანიამ შეცვალა.
სამი თვე და ექვსი დღე გაძლო ამ თანამდებობაზე გიორგი მგალობლიშვილმა (2008-2009 წლებში), არასრული ოთხი თვე იმუშავა ვანო მერაბიშვილმა (2012 წელს), ოთხ თვეზე ცოტა მეტი ბესარიონ გუგუშვილმა (1991-92 წლებში), რომელიც შემდეგ, პრეზიდენტ გამსახურდიათან ერთად, სამხედრო პუტჩის შედეგად ქვეყნიდან გააძევეს.
ყველაზე დიდხანს პრემიერის თანამდებობა ნიკა გილაურს (2009-2012 წ.წ.) ეჭირა – სამი წლისა და ექვსი თვის განმავლობაში; მეორე შედეგი ამ მხრივ ნიკო ლეკიშვილს აქვს (1995-1998 წ.წ.) – ორი წელი და შვიდი თვე. ორჯერ ამ თანამდებობაზე მხოლოდ თენგიზ სიგუა იყო არჩეული. პირველად, 1990 წლის ნოემბერში, თუმცა, 31 მარტის რეფერენდუმისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, იგი მალევე პუტჩისტებს მიემხრო და 1991 წლის აგვისტოში, პრეზიდენტმა გამსახურდიამ თანამდებობა დაატოვებინა. პუტჩის შემდეგ, 1992 წლის იანვარში, სიგუა პრემიერის სავარძელში 10 თვით დაბრუნდა.
2005 წლის 3 თებერვალს, თბილისში, კონსპირაციული ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს, რიგით 10-ე პრემიერ-მინისტრი, 41 წლის ზურაბ ჟვანია. გამოძიება მისი დაღუპვის გარემოებების დასადგენად, ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.
დამოუკიდებელი საქართველოს პრემიერ-მინისტრები 1921-2015 წლებში:
ნოე რამიშვილი მაისი – ივნისი 1918
ნოე ჟორდანია 1918-1921
თენგიზ სიგუა 1990-1991
ბესარიონ გუგუშვილი 1991-1992
თენგიზ სიგუა (მეორედ) 1992-1993
ოთარ ფაცაცია 1993-1995
ნიკო ლეკიშვილი 1995-1998
ვაჟა ლორთქიფანიძე 1998-2000
გიორგი არსენიშვილი 2000-2001
ავთანდილ ჯორბენაძე 2001-2003
ზურაბ ჟვანია 2003-2005
ზურაბ ნოღაიდელი 2005-2007
ლადო გურგენიძე 2007-2008
გრიგოლ მგალობლიშვილი 2008-2009
ნიკა გილაური 2009-2012
ვანო მერაბიშვილი ივლისი-ოქტომბერი 2012
ბიძინა ივანიშვილი 2012-2013
ირაკლი ღარიბაშვილი 2013-2015
გიორგი კვირიკაშვილი 2015 წლის 30 დეკემბრიდან -
შენიშვნა: პირველი რესპუბლიკის დროს(1918-21) ამ თანამდებობას – მთავრობის მეთაური ერქვა, 1995-2004 წლებში – სახელმწიფო მინისტრი.
«Die Presse» (ავსტრია), 30 დეკემბერი, 2015 წელი
საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს – მესამე სამ წელიწადში
იუტა ზომერბაუერი
(შემოკლებით)
საქართველოს პარლამენტში გამართული მოსმენების დროს გიორგი კვირიკაშვილისაგან შემრიგებლური ტონი იგრძნობოდა: „ჩემი ძალიან დიდი სურვილია, რომ ის კონფრონტაცია, ის პოლარიზაცია საზოგადოებაში, რომელიც არსებობს, დასრულდეს“, – ამბობდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელიც დეპუტატებმა იმავე სხდომაზე დაამტკიცეს. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სურს კონსტრუქციული თანამშრომლობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან – ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან». ახალი პრემიერ-მინისტრის განცხადება საკმაო გაკვირვებას იწვვევს მისი წინამორბედის – მოულოდნელად გადამდგარი ირაკლი ღარიბაშვილის გამაგულიანებელ-წამქეზებლური რიტორიკის ფონზე.
ასეთი კომპრომისული ნაბიჯები იმ დროს იდგმება, როცა პროდასავლური მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელმაც 2012 წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნები მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაცმოძრაობა“ დაამარცხა, დღეს პოლიტიკური არსებობისთვის იბრძვის. გიორგი კვირიკაშვილი (იგი ადრე ჯერ ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი საგარეო საქმეთა უწყებას ხელმძღვანელობდა) უკვე მესამე პრემიერ-მინისტრია ბოლო სამ წელიწადში. რაც შეეხება საგარეო საქმეთა უწყებას, ამ სტრუქტურას იგივე პერიოდში უკვე მეოთხე მინისტრი – მიხეილ ჯანელიძე ჰყავს. როგორც ჩანს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს საკადრო რეზერვები უკვე ამოეწურა. „ქართული ოცნება“ მოსახლეობაში პოპულარობას სწრაფად კარგავს: საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამბობენ – საკუთარი პროექტის გადასარჩენად შესაძლოა პოლიტიკაში თვითონ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდესო.
„ქართული ოცნება“: გაუარესების ტენდენცია
ბოლო სამთავრობო ცვლილებები შესაძლოა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს. ამერიკული „ენ-დე-აი“-ს ეგიდით ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვის შედეგების თანახმად, „არჩევნები ხვალ რომ გაიმართოს“, ბიძინა ივანიშვილის პარტიას მხარს მხოლოდ ამომრჩეველთა 18% დაუჭერს. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიას ხმას 12% მისცემდა. რაც შეეხება „თავისუფალ დემოკრატებს“ და პარტიის ლიდერს ირაკლი ალასანიას, მათ მიმართ მხარდაჭერა მხოლოდ ერთნიშნა ციფრით გამოიხატება. სამხრეთკავკასიის პატარა სახელმწიფოს 4,5 მილიონიანი მოსახლეობა იმედგაცრუებულია. საეჭვოა, რომ ამომრჩეველთა ფართო ფენებს რაიმე სარგებლობა მოუტანა გასულ წელს ევროკავშირთან ხელმოწერილმა ასოცირების შეთანხმებამ, ან რაიმე სარგებლობას მოუტანს სამომავლოდ დაპირებული უვიზო რეჟიმი. საქართველო შიდაპოლიტიკურ სტაგნაციას განიცდის, ეკონომიკის განვიტარების ტემპები ნელდება – დაგეგმილი 5%-ის ნაცვლად, წლის ბოლოს მხოლოდ 2%-მდეა. ეკონომიკა ძალიან დააზარალა აგრეთვე ლარის კურსის ვარდნამაც. შესაბამისად, ევროპაში მოგზაურობა და დასვენება, რომელიც უვიზო რეჟიმითაა გათვალისწინებული, ბევრი ქართველისათვის შორეული მომავლის საქმეა. პარალელურად კი საქართველოს ყველაზე დიდი და პრობლემური მეზობელი – რუსეთი ქართველებს თავისთან ასევე გაიოლებული სავიზო რეჟიმით იხმობს.
„უბრალო ლოზუნგები“ უკვე არასაკმარისია
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, პროგნოზების გაკეთება ჯერ ზალიან ადრეა. მან როგორც გამოცდილმა პოლიტიკოსმა, იცის, თუ როგორი ცვალებადი სიტუაციაა ქვეყანაში და რომ მდგომარეობა შესაძლოა სწრაფად შეიცვალოს: მაგალითად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოპულარობამ ზრდა მხოლოდ ხმის მიცემამდე რამდენიმე კვირით დაიწყო. გარდა ამისა, საპყრობილეში მომხდარმა სკამდალმა, რომელიც არჩევნებამდე სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ბევრად განაპირობა მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაცმოძრაობის“ მარცხი. თუმცა დავით უსუფაშვილს, როგორც მმართველი კოალიციის წარმომადგენელს, შეშფოთების საფუძველი მაინც აქვს: „ჩვენ ოთხი წლის წინ გვქონდა უბრალო ლოზუნგი-სლოგანი – „ძირს ტოტალიტარული მართვა“ (იგი ამით მიხეილ სააკაშვილის მმართველობის სტილზე მიანიშნებს, რომელიც ამჟამად უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორია). იმ დროს ეს ლოზუნგი საკმარისი იყო, რომ ხალხის მხარდაჭერა მოგვეპოვებინა, ამომრჩეველთა ყურადღება მიგვეპყრო, მაგრამ დღეს „ქართული ოცნებას“ აკრიტიკებენ. ახლა ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენს მიერ გაწეული საქმიანობისათვის… ის, რაც წინა მთავრობამ გააკეთა, ამომრჩევლებისათვის არასკმარისია“, – ამბობს დავით უსუფაშვილი.
და მაინც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არცთუისე იშვიათად ქვეყნის ყველა უბედურებაში ავტომატურად ყოფილ პრეზიდენტს ადანაშაულებენ, რომელიც მართლაც იყო შეპყრობილი განდიდების მანიით და ახლაც ოდესაში ყოფნისას, იგივეს აგრძელებს – საკმაოდ კარგად სარგებლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ამჟამად მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი აღარ აქვს: მასზე ქართულ პოლიციას ძებნა აქვს გამოცხადებული, ამას წინათ კი მოქალაქეობაც ჩამოართვეს.
«Московский комсомолец» (რუსეთი), 30 დეკემბერი, 2015 წელი
http://www.mk.ru/politics/2015/12/29/vizit-surkova-v-abkhaziyu-prines-gorkie-plody-turcii.html
ვლადისლავ სურკოვის აფხაზურმა ვიზიტმა თურქებს მწარე ნაყოფი მოუტანა
„სოხუმის დამოკიდებულება რუსეთზე, თურქეთთან შედარებით, განუზომლად მეტია“
ანდრეი კამაკინი
რუსეთის მიერ თურქეთისადმი გამოცხადებულ სანქციებს, ალბათ, აფხაზეთიც შეუერთდება. რასაკვირველია, აფხაზეთი ჩვენი არცთუისე ძლიერი მოკავშირეა, მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა „ზომას მნიშვნელობა არ აქვს“, მთავარი მხარდაჭერა და სოლიდარობაა. მცირე, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ ფრონტზე მოსკოვმა მძიმე არტილერია გადაისროლა – სოხუმში ვიზიტით პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა.
ინფორმირებული წყაროების მონაცემებით, რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან კრემლის ემისრის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემაა „აფხაზეთში თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ყოფნა-ინტერესების შეზღუდვისაკენ მიმართული ზომების“ შემუშავება. უკვე გამოიკვეთა შედეგებიც: „თურქი ბიზნესმენები და მენარდეები აფხაზეთში რუსული ფულით ვეღარაფერს ვერ ააშენებენ“, – განაცხადა ვლადისლავ სურკოვმა პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის შემდეგ. თუმცა, მოჰყვება თუ არა ამ განცხადებას პრაქტიკული გაგრძელება, ჯერ-ჯერობით მთლად ნათელი არ არის. „ყველა დანარჩენ საკითხს – თევზჭერას, ბუნებრივი რესურსების გამოყენებას და სხვა საკითხებს ჩვენ ცალკე განვიხილავთ, აჩქარება არ ივარგებს“, – დაამატა კრემლის ემისარმა.
აქვს თუ არა არჩევანი აფხაზეთის ხელისუფლებას ასეტ სიტუაციაში? ჩვენს შეკითხვებს დსთ-ის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ვლადიმირ ჟარიხინი პასუხობს:
- ვლადიმირ ლეონიდოვიჩ, რამდენადაა დღეს აფხაზეთი დამოკიდებული თურქეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე?
- თურქეთთან მიმართებით გარკვეული დამოკიდებულება ნამდვილად არსებობს, მაგრამ რუსეთთან განუზომლად უფრო მეტია.
- ანუ, არჩევანის გაკეთების შემთხვევაში…
- ეს აფხაზეთის როგორც სუვერენული სახელმწიფოს პრეროგატივაა.
- და მაინც, ჩვენ რა შეგვიძლია აფხაზეთს შევთავაზოთ თურქული პროდუქციის ნაცვლად?
- იცით, აფხაზეთის ვაჭრობის მოცულობა თურქეთთან იმდენად მცირეა, რომ ძალიან ვეჭვობ, ვლადისლავ სურკოვს მაინცდამაინც დიდი ძალისხმევა არ დასჭირდებოდა აფხაზეთის ხელმძღვანელობის „მკლავების გადასაგრეხად“. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მოლაპარაკების მთავარი თემა არც იქნებოდა.
- ის მაინც გვითხარით, რაში გამოიხატება აფხაზეთის დამოკიდებულება რუსეთზე?
- ჯერ ერთი, რომ ვაჭრობის უდიდესი წილი რუსეთზე მოდის: ჩვენ აფხაზეთისაგან ვყიდულობთ მანდარინს, ღვინოს და ასე შემდეგ; მეორე – რუსეთი აფხაზეთს დიდ ეკონომიკურ დახმარებას უწევს, მათ შორის – ფინანსური კრედიტების სახით; მესამე – სამხედრო მხარდაჭერა არსებული ხელშეკრულების ჩარჩოებში.
- რამდენადაც ცნობილია, აფხაზეთის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად ივსება რუსეთიდან გადარიცხული ფულით… მართალია, რასაც ამბობენ?
- ასეთ ცილისწამებლურ ინფორმაციას მტრები ავრცელებენ.
- ანუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება?
- ხომ გითხარით, რომ რუსეთი აფხაზეთს კრედიტებს აძლევს… საერთოდ კი, აფხაზეთის ეკონომიკა მეტ-ნაკლებად თვითკმარია. ვერ ვიტყვით იმას, რომ აფხაზეთს მთლიანად რუსეთი აფინანსებს…
- რამდენად დიდია იმის რისკი, რომ თუ რუსეთს, დავუშვათ, ეკონომიკური პრობლემები მოუმრავლდება და, შესაბამისად, აფხაზეთს რუსული დახმარება შეუმცირდება, სოხუმი ბარიკადების საპირისპირო მხარეს გადავა?
- აფხაზეთისთვის ბარიკადების საპირისპირო მხარე – ეს საქართველოა, მაგრამ აფხაზები იქით არასდროს არ გადავლენ. რაც შეეხება შესაძლოა აგრესისას საქართველოდან – ამ შემთხვევაში აფხაზეთს არა მხოლოდ ადგილობრივი მოლაშქრეები დაიცავენ, არამედ რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფებიც. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ სანამ იქ რუსეთის ჯარები დგანან, აფხაზეთი ჩვენს გარეშე თითსაც ვერ აამოძრავებს…