globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 30 დეკემბერი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Dec 30th, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): საქართველო: ბრძოლა „საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“

«Вестник Кавказа» (რუსეთი): საქართველო 2016 წელს: „ოცნების“ გამარჯვება და ლარის დამარცხება

«Հայոց Աշխարհ» (სომხეთი): სომხეთის რეგიონული პოლიტიკა 2016 წელს:

ურთიერთობა საქართველოსთან და ირანთან

———————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 30 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-15-candidates-apply-for-public-tv-heads-vacant-post/3655347.html

საქართველო: ბრძოლასაზოგადოებრივი მაუწყებლისთვის

ზაზა წულაძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორის თანამდებობისთვის 15 კანდიდატი იბრძოლებს. მათ შორის არიან მცხეთა-მთიანეთის მხარის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც 2016 წლის აგვისტომდე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში მუშაობდა; სოციალური თოქ-შოუ „რეალური სივრცის” წამყვანი ნინო ზაუტაშვილი; რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი; ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე; რადიო „ჰერეთისა“ და „თბილისის“ დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე და სააგენტო „როიტერის“ ექს-კორესპონდენტი, მთავრობის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

„საზმაუ“-ს დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 2016 წლის 21 ნოემბერს გიორგი ბარათაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. იგი ხომ „მაუწყებლის“ დირექტორად 2012 წლის დეკემბერში 6 წლის ვადით აირჩიეს. 2013 წელს სამეურვეო საბჭომ იგი ზედიზედ ორჯერ გადააყენა თანამდებობიდან, თუმცა გიორგი ბარათაშვილმა, სასამართლოს მეშვეობით, ორჯერვე შეძლო უკან ამ პოზიციის დაბრუნება. შესაბამისად, გაუგებარი დარჩა, თუ რატომ აღარ ისურვა მან მუშაობა 2018 წლამდე, ანუ უფლებამოსილების ამოწურვამდე. თავად გიორგი ბარათაშვილი ირწმუნება, რომ მისი გადაწყვეტილება პოლიტიკური ზეწოლის შედეგი არ არის: „ორი წელი მქონდა კიდევ დარჩენილი, თუმცა ვთვლი, რომ ამ ეტაპზე, ჩემი გადმოსახედიდან, საქმე გავაკეთე და საზოგადოებრივ მაუწყებელს სჭირდება ახალი სისხლი, რომ ყველაფერი უკეთესად გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში არაფერი პოლიტიკასთან დაკავშირებული არაა. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა“.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც 2004 წელს იქნა მიღებული, „საზმაუ“-ს გენდირექტორს სამეურვეო საბჭო („ბორდი“) ირჩევს. კანონით, საზოგადოებრივ მაუწყებელს 9 მეურვე ჰყავს, თუმცა ამჟამად „ბორდ“-ში მხოლოდ 8 ადამიანია. პარლამენტი ამ დრომდე ვერ შეთანხმდა – მე-9 მეურვის კანდიდატურაზე. სამეურვეო საბჭოს 2014 წლის მაისიდან გრიგოლ გოგელია ხელმძღვანელობს, მისი მოადგილე – პოლიტოლოგი მარინა მუსხელიშვილია.

გენერალური დირექტორის არჩევა ორ ტურად გაიმართება. 2017 წლის 3 იანვარს გაირკვევა – 15 კანდიდატიდან ვინ გადავა მეორე ტურში, ხოლო 6 იანვარს, მეორე ტურში გასული კანდიდატებიდან, კენჭისყრით ახალი დირექტორის არჩევა მოხდება.

ამჟამად „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, რომელიც ორ ტელეარხს და რადიოსადგურს აერთიანებს, საერთო ჯამში, 1130 ადამიანი მუშაობს, აქედან 232 ჟურნალისტია. „პირველი არხის“ საშუალო რეიტინგი „თი-ვი ემ-არ საქართველოს“ მონაცემებით, 4%-ის ფარგლებში მერყეობს. 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში „საზმაუ“-ს დაფინანსება 41-დან 46 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

„მაუწყებლის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბერძენიშვილი, რომელიც თავადაც მონაწილეობს კონკურსში, ამბობს: „ვთვლი, რომ შიგნიდან არჩეული ადამიანი იქნება ძალიან კარგი, რადგან ზუსტად იცის ის გამოწვევები, პრობლემები, მათ შორის, იგივე საკანონმდებლო ხარვეზები, რომელსაც ყოველდღიურად ვაწყდებით. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ კანდიდატს ზუსტი წარმოდგენა ჰქონდეს ამ ყველაფერზე და თავიდან ამ პროცესის გავლა აღარ მოუწიოს“.

„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის“ ბრძოლაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ფავორიტი  58 წლის ვასილ მაღლაფერიძეა. იგი ყოფილი სახელმწიფო მოხელე გახლავთ და ბოლო წლების მანძილზე ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიებში მუშაობდა, კერძოდ, „მე-9 არხის“ დირექტორის მოადგილე იყო. ვასილ მაღლაფერიძე რეორგანიზაციის რეჟიმში მყოფი ტელევიზიიდან 2012 წლის ნოემბერში წამოვიდა. 2013 წლის აგვისტოში კი „მე-9 არხი“ დაიხურა. 2014 წლის ნოემბრიდან ვასილ მაღლაფერიძე ტელეკომპანია GDS-ის საინფორმაციო გადაცემა „20/30“-ის მთავარ პროდიუსერად მოგვევლინა. ამ გადაცემის, ერთ-ერთი თანაწამყვანი თავად ბიძინა ივანიშვილი იყო. GDS ვასილ მაღლაფერიძემ 2016 წლის აგვისტოს ბოლოს დატოვა.

სხვათა შორის, ტელეკომპანია GDS, „მაესტროსთან“ ერთად, ახლახანს „ტელეიმედმა“ შეიძინა და ერთიანი ჰოლდინგის ჩამოყალიბება დაიწყო. საინფორმაციო-პოლიტიკური გადაცემები GDS-ზე აღარ იქნება.

„ამერიკის ხმას“ კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ვასილ მაღლაფერიძის არჩევის შემთხვევაში, „საზმაუ“-ს საინფორმაციო სამსახურში „20/30“-ის ჟურნალისტთა დიდი ნაწილი გადაინაცვლებს. შესაბამისად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, ანუ „პირველი არხის“ საინფორმაციო სამსახურის ახალი უფროსისა და წამყვანების შერჩევაც ამ ჯგუფიდან მოხდება.

«Вестник Кавказа» (რუსეთი), 30 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.vestikavkaza.ru/material/184445

საქართველო 2016 წელს: „ოცნების“ გამარჯვება და ლარის დამარცხება

საქართველოსთვის 2016 წელი „ნაცმოძრაობასთან“ „ქართული ოცნების“ ბრძოლის დასრულებისა და ეროვნული ვალუტის – ლარის მძლავრი დევალვაციის ნიშნით მთავრდება. მოსახლეობა ახალ 2017 წელს მაინცდამაინც დიდი საზეიმო განწყობით ვერ ხვდებიან, – ასე აცხადებენ „ვესტნიკ კავკაზას“ კორესპონდენტთან საუბარში ქართველი ექსპერტები.

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი 2016 წლის ყველაზე მთავარ მოვლენად საპარლამენტო არჩევნებს და ლარის დევალვაციას მიიჩნევს. მისი თქმით, აშშ-სა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, კერძოდ, საქართველოში ჩატარებულმა არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ამ ინსტიტუტისადმი ნდობა მკვეთრად დაეცა. ამას ემატება ლარის მკვეთრი დევალვაცია, განსაკუთრებით წლის ბოლოს. „მოკლედ, 2016 წელი საკმაოდ მძიმე წელი იყო საქართველოსთვის“, – ამბობს ნანა დევდარიანი. მისი განმარტებით, წინასაარჩევნო კამპანია ამომრჩევლების ნეგატიურ სტიმულებზე იყო აგებული, რომლის დროსაც „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი როლი ენიჭებოდა „ნაცმოძრაობის“ ქიმერად წარმოჩენას. მმართველმა პარტიამ ამომრჩევლებს ასეთი ფორმულა შესთავაზა: „ხმა ჩვენ უნდა მოგვცე, თორემ ხელისუფლებაში „ნაციონალები“ დაბრუნდებიანო“. არადა, „ნაცმოძრაობას“ რევანშის თავი არ ჰქონდა. „გარდა ამისა, ეს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტიურად ორ დაპირისპირებულ ჯგუფად გაჰყო – გიგა ბოკერიასა და მიხეილ სააკაშვილის მომხრეებად“, – ამბობს „ვესტნიკ კავკაზა“-სთან საუბარში გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი.

პეტრე მამრაძეც, რომელიც მართვის სტრატეგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის 2016 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. „არჩევნების შედეგად მოხდა პოლიტიკური ძალების კონცენტრირება, თანაც ძალადობისა და დიდი დარღვევევბის გარეშე ჩატარდა. „ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი მაქსიმალურად გამოიყენა და მიუხედავად იმისა, რომ მას მხარი ფაქტიურად მხოლოდ ამომრჩეველთა 20%-მა დაუჭირა, პარლამენტში მაინც საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. ასე იქნა შენარჩუნებული პოლიტიკური სტაბილურობა“, – ამბობს პეტრე მამრაძე. მაგრამ იგი იმასაც ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკური წარმატების მიუხედავად, ხელისუფლება ეკონომიკურ სფეროში წარუმატებელი აღმოჩნდა. „ლარის კურსის დაცემა გრძელდებოდა, რასაც, მსოფლიო კონიუნქტურის გარდა, ხელისუფლების უმოქმედობამაც ხელი შეუწყო. „ქართულ ოცნებას“ რეფორმების ნორმალურად გატარება არ სურს ან არ შეუძლია. 2016 წელს მკაფიოდ გამოვლინდა ჩვენი პატრონ-ცენტრისტული მართვის სისტემის მანკიერება: არის „ქართული ოცნება“, რომელსაც ჰყავს პატრონი ბიძინა ივანიშვილის სახით. იგი დიდი ხანია ქვეყნის მართვაში აღარ ერევა, მაგრამ მაინც ყველას ეშინია – ვაითუ ისეთი რამ გავაკეთო, რაც პატრონს არ მოეწონებაო. აქედან გამომდინარე, სახეზეა ხელისუფლების პარალიჩი“.

„მართალია, საქართველოში აღარ ხდება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები, განსაკუთრებით კერძო საკუთრების სფეროში, აღარაა ის ხისტი მონოპოლია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დროს არსებობდა, ბიზნესმენებს აღარ ეშინიათ და ხალხმა თავისუფლად ცხოვრება დაიწყო, მაგრამ რადგანაც სიღრმისეული რეფორმები არ მიმდინარეობს, რაც საქართველოს მოსახლეობას ჰაერივით ჭირდება, ქვეყანა ბევრ დარგში ჩამორჩა – განათლებაში, ენერგეტიკაში,  ფარმაცევტიკაში, საქართველოს ექსპორტის დეფიციტი ახრჩობს – საგარეო ვაჭრობაში შექმნილი  კოლოსალური დისბალანსი, რომელიც ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობის დროიდან შემორჩენილი და მისი გამოსწორება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვერადავერ მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი არაფერი ისეთი არ ხდება, ამისათვის ხელისუფლებას მადლობას ვერ ვეტყვით“, – ამბობს პეტრე მამრაძე.

საგარეოპოლიტიკური მოვლენების შეფასებისას ორივე ექსპერტმა მიუთითა დინამიკის არასებობაზე სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში: „განსაკუთრებულად არაფერი არ შეცვლილა – „ქართული ოცნება“ კვლავ განაგრძობს რიტორიკას ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ, სიტყვებით აცხადებს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, თუმცა, „აბაშიძე-კარასინის ფორმატის“ გარდა, ამ მიმართულებით რაიმე წინსვლა არ არის. „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა რუსეთის მიმართ აგრესიულ რიტორიკაზე, რაც სრულიად არასაკმარისია საქართველოს წინაშე მდგარ მთავარ საგარეოპოლიტიკური პრობლემის მოსაგვარებლად“, აცხადებს ნანა დევდარიანი.

პეტრე მამრაძის აზრით, ის, რომ 2016 წელს მკვეთრი საგარეოპოლიტიკური გადახრები არ მომხდარა, საქართველოს ხელისუფლებიდან აგრესიული პოლიტიკოსების წასვლის შედეგია: „ირაკლი ალასანიასა და თინა ხიდაშელის ხელისუფლებიდან წასვლა მნიშვნელოვანი ფაქტია, ისინი, თავდაცვის მინისტრად ყოფნის პერიოდში, თავიანთი დაუფიქრებელი განცხადებებით აღიზიანებდნენ როგორც რუსეთს, ასევე დასავლეთს. შეგახსენებთ, რომ დასავლეთს არ სურს საქმე ისეთ ქვეყანასთან ჰქონდეს, რომელიც რუსეთთან საკუთარი ინიციატივით კონფლიქტობს. დღეს რეალ-პოლიტიკა ისეთია, რომ საქართველომ ასეთი ნაბიჯები არ უნდა გადადგას, რაც მას ძალიან ძვირად დაუჯდება. ეს ადრე ქართველ პოლიტიკანებს არ ესმოდათ, დღეს კი სიტუაცია შეცვლილია და ამას მივესალმები“, – აცხადებს პეტრე მამრაძე.

„სწორი ნაბიჯად მიმაჩნია ის, რომ თურქეთში გადატრიალების მცდელობის ჩახშობის შემდეგ ჩვენი პრემიერი რომ ელვისებურად ჩაფრინდა ანკარაში და თავის კოლეგას შეხვდა. სწორი განცხადებები გაკეთდა ჩვენი დიდი მეზობლის მხარდასაჭერად, რომელსაც ძლიერი არმია ჰყავს და კოლოსალური მოსახლეობის მქონეა. ჩვენ რეალობა უნდა გავითვალისწინოთ, ასეთ დროს დემაგოგია უადგილოა და ძალიან საზიანო. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, ვიზალიბერალიზება საქართველოს მოქალაქეებისათვის საკმაოდ უმნიშვნელო გამოდგა, უფრო მეტად სიმბოლური ხასიათისა, თანაც მის რეალურ შედეგებს მხოლოდ მომავალ წელს დავინახავთ“, – ასეთი თვალსაზრისი აქვს პეტრე მამრაძეს.

საქართველო ახალ 2017 წელს ეჭვებით ხვდება: „მოსახლეობას სასიხარულო განწყობა არ აქვს. მოქალაქეები აცნობიერებენ, რომ იმ კეთილდღეობას, რომელიც მათ ხელისუფლებამ აღუთქვა, უახლოეს მომავალში ვერ იგრძნობენ“, – აღნიშნავს ნანა დევდარიანი. მას პეტრე მამრაძეც ეთანხმება: „განწყობა მაინცდამაინც ოპტიმისტური არ გვაქვს. „ქართულმა ოცნებამ“  საკონსტიტუციო უმრავლესობა კი მიიღო, მაგრამ იმის იმედი მაინც არაა, რომ ხელისუფლება  სიტუაციას გამოასწორებს, ჩვენს ცხოვრებას გააუმჯობესებს. მახსოვს, როგორი ოპტიმიზმი გვქონდა 2012 წელს, მახსოვს 2003 წელიც „ვარდების რევოლუციის“ დროს, როცა ქართველები მსოფლიოში ყველაზე ოპტიმისტური ერი იყო, ახლა კი პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პასიმისტური ერი ვართ. ჩვენ მომავლის რწმენა უკვე აღარ გვაქვს და ეს ძალიან ცუდია“.

«Հայոց Աշխարհ» (სომხეთი), 30 დეკემბერი, 2016 წელი

http://www.armworld.am/detail.php?paperid=5471&pageid=165768&lang=

სომხეთის რეგიონული პოლიტიკა 2016 წელს:

ურთიერთობა საქართველოსთან და ირანთან

სომხურ გამოცემა „ჰაიოც აშხარ“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია სომხეთის მიერ 2016 წელს გატარებული რეგიონული საგარეო პოლიტიკის მიმოხილვა, ანუ როგორი იყო სომხეთის ურთიერთობა თურქეთთან, აზერბაიჯანთან  და საქართველოსთან (ავტორი – ნარეკ მინასიანი).

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

რადგანაც სომხეთს თავის აღმოსავლეთ და დასავლეთ მეზობლებთან – აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობა პრაქტიკულად არ აქვს („ორივე სომხეთთან მტრულ პოლიტიკას ატარებს“) და, როგორც ჩანს უახლოეს მომავალში არც ექნება, სომხეთისთვის მეზობლებიდან პრიორიტეტს საქართველოსთან და ირანთან ურთიერთობები წარმოადგენს – ორივეთან 2016 წელი ნაყოფიერი იყო როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით.

ჩრდილოელ მეზობელთან – საქართველოსთან ურთიერთობა ყოველთვის იყო სომხეთის ხელისუფლების ყურადღების ცენტრში და ამ მხრივ გამონაკლისს არც 2016 წელი წარმოადგენდა. ამაზე მეტყველებს თითქმის 20-მდე ვიზიტი, რომლებიც ორივე მხარის პრემიერ-მინისტრებმა, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა, ასევე სხვა მაღალჩინოსნებმა განახორციელეს თბილისსა და ერევანში.

სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებისთვის დამახასიათებელია ის, რომ კონტაქტები ვითარდება როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. მათი რაოდენობა 2016 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა. თბილისთან მიმართებით ოფიციალური ერევანი  ხელმძღვანელობს იმ პრინციპით, რომელიც პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის მიერ ჯერ კიდევ ორი წლის წინათ იქნა გაცხადებული: „სომხეთისა და საქართველოს სხვადასხვა ინტეგრაციული ვექტორები მათ შორის ურთიერთობებს კი არ უნდა აზიანებდეს, არამედ პირიქით – ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად ახალ შესაძლებლობებს უნდა ქმნიდეს“. სომხეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ჭრილში უნდა განვიხილოთ ახლახანს, ნოემბრის დასაწყისში მომხდარი ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის ფაქტი სოფელ ბაგრატაშენში, რომელსაც ორივე მხარის ლიდერები – საქართველოს პრემიერი და სომხეთის პრეზიდენტი დაესწრნენ.

რაც შეეხება სომხეთ-ირანის ურთიერთობას, შეიძლება ითქვას, რომ 2016 წელს ერევან-თეირანის დამოკიდებულებაში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული. დადებითია ის, რომ მხარეებს შორის უვიზო რეჟიმი დაწესდა – სომხეთისა და ირანის მოქალაქეებს ერთმანეთის ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში თავისუფლად ყოფნის შესაძლებლობა აქვთ. სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების სფეროში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თეირანში გამოფენა „ექსპო-არმენია-2016“-ის ჩატარება, რომელმაც ხელი შეუწყო ორივე მხარის ბიზნეს-სტრუქტურების კავშირების გაფართოებას.

და მაინც, 2016 წლის ყველაზე მთავარი მოვლენა, რასაკვირველია, ერევანში ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის ვიზიტი იყო: ორი ქვეყნის პრეზიდენტების სეხვედრის დროს მრავალი საკითხი იქნა განხილული, მათ შორის სატრანსპორტო დერეფნის – „სპარსეთის ყურე – შავი ზღვის“ პრაქტიკული განხორციელება, საქართველოს მონაწილეობით.

სომხეთ-საქართველოს და სომხეთ-ირანის ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ერევანი, თბილისი და თეირანი ეფექტურად თანამშრომლობენ მრავალმხრივი რეგიონული პროექტების ჩარჩოებშიც და ამ მხრივ 2016 წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ამის წარმატებული მაგალითია ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობა: აპრილში ხელი მოეწერა ირან-სომხეთ-საქართველო-რუსეთის მემორანდუმს ელექტროენერგეტიკული დერეფნის თაობაზე. ეს პროექტი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ოთხ სახელმწიფოს 1200 მეგავატი ელექტროენერგიის გაცვლის შესაძლებლობა ექნება. 2016 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ირან-სომხეთ-საქართველოს მოლაპარაკება ირანიდან საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შესაძლებლობების შესახებ. განიხილებოდა სომხეთის როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის საკითხი.

მრავალმხრივი პროექტებიდან მნიშვნელოვანია ზემოთ ხსენებული „სპარსეთის ყურე – შავი ზღვის“ სახმელეთო-სატრანსპორტო დერეფნის პროექტი, საქართველოს მონაწილეობით. ეს პროექტი ირანისათვის უფრო მომგებიანია, ვიდრე თურქეთის ტერიტორიის გამოყენება.

ძალზე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სომხეთის ორმა მეზობელმა – ჩრდილოელმა საქართველომ და სამხრეთელმა ირანმა – დაბალანსებული და ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს 2016 წლის აპრილში მომხდარი სომხეთ-აზერბაიჯანის ოთხდღიანი ომის დროს. თბილისი და თეირანი არა მარტო მშვიდობის დამყარების მოწოდებით გამოვიდნენ, არამედ მეომარ მხარეებს შუამავლობაც შესთავაზეს – თურქეთისაგან განსხვავებით, რომელიც იმ დღეებში ერთადერთი სახელმწიფო აღმოჩნდა, რომელიც სისხლისღვრას აქეზებდა.

სომხეთის რეგიონულ საგარეო პოლიტიკის შედეგების შეფასებისას ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას: მართალია, 2016 წელი საფრთხე-მუქარების მხრივ რთული წელი იყო, მაგრამ სომხეთმა მაინც შეძლო ირან-საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება, წარმატების მიღწევა იმ მნიშვნელოვანი და პერსპექტიული პროექტების რეალიზების საქმეში, რომლებიც სამომავლოდ ხელს შეუწყობენ თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ გამოცხადებული ბლოკადის, იზოლაციის გარღვევას.

Comments are closed