globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 31 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 31st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Каспiй» (აზერბაიჯანი): განგაშის საფუძველი // ქართული საზოგადოება ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე

«КоммерсантЪ» (რუსეთი): საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შემცირებაში მოჰყვა

«Военное обозрение» (რუსეთი): ზღვა, მზე, „უვიზო რეჟიმი“ და არავითარი რისკები

———————-

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 31 იანვარი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

განგაშის საფუძველი

ქართული საზოგადოება ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე

„ბოლო დღეებში ქართული საზოგადოება რამდენიმე თემით არის შეშფოთებული – დიპლომატიური ურთიერთობის შესაძლო აღდგენით რუსეთთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და იმ ეჭვებით, რომ ქვეყნის ხელისუფლება ნატოსთან ინტეგრირების კურსიდან თანდათან უხვევს“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში (ავტორი – რაუფ ტოფიკოღლუ).

პუბლიკაციის ავტორი ეხება 30 იანვარს რუსეთის გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის ინტერვიუს, რომელშიც იგი თავის რუს კოლეგასთან – გრიგორი კარასინთან პრაღის მომავალ შეხვედრის შესახებ საუბრობს. ზურაბ აბაშიძე საუბრობს საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის სავარაუდო გამარტივების საკითხზე, რომელიც დადებითი მოვლენა იქნება, თუმცა, მისი თქმით, სავიზო რეჟიმის საკითხი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას არ უნდა დაუკავშირდეს (აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემის მოუგვარებლობის გამო). მასალაში რუსი ჟურნალისტების მიერ კი სიტუაცია ისეა წარმოდგენილი, რომ საქართველო თითქოსდა მზადაა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს. „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული მასალის შინაარსი სხვა რუსულმა გამოცემებმაც გაავრცელეს.

გუშინვე ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ მართალია, რუსმა ჟურნალისტებმა მისი სიტყვების ციტირება სწორად მოახდინეს, მაგრამ საერთო კონტექსტით სრულიად სხვა რამ გამოვიდა: „მე ვუპასუხე „იზვესტიის“ რამდენიმე შეკითხვას და ვთქვი, რომ რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას რუსეთთან, ეს საკითხი ამჟამად არ განიხილება და მასზე ვაჭრობას არ ვაპირებთ. ეს საკითხი განსახილველად დღის წესრიგში მხოლოდ მაშინ დადგება, თუ დაიწყება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარება და სერიოზული პროგრესი იქნება მიღწეული. საქართველოს პოზიცია უცვლელია და ეს საკითხი აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე განხილული არ იქნება“.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „კასპიის“ კორესპონდენტმა კომენტარი სთხოვა ცნობილ ქართველ პოლიტოლოგს გელა ვასაძეს:

„ამ შემთხვევაში, უპირველესად, მხედველობაში უნდა გვქონდეს, რომ ფრაზა [რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის თაობაზე] სპეციალურადაა ჩაგდებული საინფორმაციო სივრცეში ტესტის სახით – საზოგადოების რეაგირების შემოწმების მიზნით. ვინ გააკეთა ეს – რუსულმა მასმედიამ თუ ჩვენმა ჩინოვნიკმა, ამის თქმა რთულია. მართალია, თვითონ ზურაბ აბაშიძემ უკვე განაცხადა, რომ რუსმა ჟურნალისტებმა მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს და რომ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებამდე დიპურთიერთობის აღდგენაზე ლაპარაკი არ შეიძლებაო, მაგრამ ზოგიერთი სიტყვა მაინც ეჭვებს აღძრავს“, – ამბობს გელა ვასაძე.

რაც შეეხება საქართველო-ნატოს ინტეგრირების საკითხს, სტატიაში ნათქვამია, რომ ქართული საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ თბილისი 2017 წელს დაგეგმილ ნატოს სამიტში მონაწილეობას აღარ მიიღებს. პუბლიკაციის ავტორი რაუფ ტოფიკოღლუ ციტირებს სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებას, რომლის თანახმად,   რადგანაც 2017 წლის სამიტი უფრო მეტად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შიდა საკითხებს განიხილავს (აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ), მასში საქართველოს მონაწილეობა დაგეგმილი არ გვაქვსო“. განმარტების მიუხედავად, ქართულმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ცენტრმა კრიტიკული დამოკიდებულება გამოხატა და ხელისუფლება ევროატლანტიკური ვეტორიდან გადახრაში დაადანაშაულა.

სტატიაში ციტირებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, ამჟამად კი უკვე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის გიორგი ტუღუშის განცხადება – „ხელისუფლება თავისი მოქმედებით ადასტურებს იმას, რომ არ სურს საქართველო საერთაშორისო მოვლენების დღის წესრიგში იყოს. მთავრობა არ სარგებლობს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან დაახლოების შესაძლებლობით“.

საინტერესოა, მართლაც აქვს ამგვარ კრიტიკას რეალური საფუძველი? მართლაც იცვლება თუ არა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი?

პოლიტოლოგი გელა ვასაძე თვლის, რომ „საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა საფუძველს მოკლებული არ არის, თუმცა იმაზე ლაპარაკი, რომ თბილისმა კურსი ერთმნიშვნელოვნად უკვე შეცვალაო, შეცდომა იქნებოდა. პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს აქტიურობა ნატოსთან მიმართებით არასაკმარისია. ჩვენს მაგივრად ამ საქმეს არავინ გააკეთებს. ჩვენ თვითონ უნდა ვეცადოთ იმას, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დღის წესრიგში საქართველოც იყოს, თორემ, მსოფლიოში მიმდინარე „პერეფორმატირების“ პროცესის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული „თამაშგარე სიტუაციაში“ აღმოვჩნდეთ, რაც საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის სერიოზული მუქარა იქნება“.

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 31 იანვარი, 2017 წელი

http://www.kommersant.ru/doc/3205929

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შემცირებაში მოჰყვა

სტატია ეხმაურება 30 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციას, რომელშიც სამხედრო უწყების დაახლოებით 200-მდე ყოფილი თანამშრომელი მონაწილეობდა, – ისინი, რომლებიც სამსახურიდან იქნენ გათავისუფლებულნი ე.წ. „ოპტიმიზაციის პროგრამის“ ფარგლებში (ავტორი – გიორგი დვალი).

გთავაზობთ ამონარიდს:

„საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას გადადგომა მოითხოვეს. მათი თქმით, მინისტრმა სამსახურიდან გააძევა „დამსახურებული ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება სამშობლოს დაცვას მიუძღვნეს“. მათ განაცხადეს, რომ ხმას მიაწვდენენ პარლამენტს და პრეზიდენტს, მზად არიან უფრო რადიკალური ნაბიჯები გადადგან – გადაკეტონ ქუჩებიც, თუ მინისტრი არ შეწყვეტს „ქართული არმიიდან ათასობით დამსახურებული ოფიცრისა და სხვა თანამშრომლების გათავისუფლებას“.

თავდაცვის სამინისტრომ, აქციის მონაწილეთა მოთხოვნების საპასუხოდ, იმავე დღესვე გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, რომ საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიზნით, განახორციელა პირადი შემადგენლობის „ოპტიმიზაცია“ და სამსახურიდან ორი ათასზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. ამასთან, როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, უკვე მიმდინარე თვეში დაგეგმილია ქართულ არმიის რაოდენობის კიდევ უფრო მეტად შემცირება – 30 ათასი ჯარისკაც-ოფიცრიდან დან 20 ათასამდე.

როგორც დამოუკიდებელი სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიერ დასახელებული ციფრები მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია: „შემცირება ძირითადად ეხება სამინისტროს სამოქალაქო თანამშრომლების რაოდენობას. სამინისტროს ბიუჯეტის 66% პროცენტი ხელფასსა და სოციალურ ხარჯებს ხმარდება, მაშინ როცა თანხა უფრო მეტად სამხედრო წრთვნებზე უნდა იხარჯებოდეს“, – განმარტა ირაკლი ალადაშვილმა“.

«Военное обозрение» (რუსეთი), 31 იანვარი, 2017 წელი

https://topwar.ru/108087-solnce-morebezviz-i-nikakogo-riska.html

ზღვა, მზე, „უვიზო რეჟიმი“ და არავითარი რისკები

სტატია ეხება ისეთ თემებს, რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული – ტურიზმი და ადამიანთა უსაფრთხოება. პუბლიკაციაში განხილულია იმ ქვეყნებში არსებული სიტუაცია, სადაც რუსეთის მოქალაქეებს მოგზაურობა შეუძლიათ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ტურიზმის განვითარება პრობლემებს აწყდება. მასში მოხსენიებულია საქართველოც (ავტორი – ოლეგ ეგოროვი).

გთავაზობთ ამონარიდებს მასალიდან:

„ევროკავშირის ქვეყნებში ბევრი რუსი მოგზაურობს, მაგრამ მასობრივი ტურიზმისათვის ხელშემშლელი ფაქტორებია ვიზების პრობლემა… ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში, მაგალითად,  ტუნისში და ეგვიპტეში ბევრი რუსი დადიოდა, მაგრამ „არაბული გაზაფხულის“ შემდეგ წამსვლელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა – ტუნისში ტურისტებს პირდაპირ პლაჟზე ხვრეტდნენ… გარდა ამისა, ტურისტული ნაკადის შემცირებაში ნეგატიური როლი შეასრულა რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებამ სინაის ნახევარკუნძულზე, რომელიც, როგორც ამბობენ, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების ხელი ურევია (…).

თურქეთს რაც შეეხება… მილიონობით რუსი ტურისტი ისვენებდა თურქეთში, მაგრამ აქაც უსაფრთხოების პრობლემა დადგა, როცა სირიის კონფლიქტის დროს თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამჟამად თითქოს სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ ტურისთა ადრინდელ რაოდენობამდე ჯერ შორსაა…

ბალტიისპირეთი. საბჭოთა დროს ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში რუსები დასვენებას საკმაოდ მიჩვეულნი იყვნენ. 1990-იან წლებში ევროკავშირლებმა ადგილობრივი მრეწველობა თითქმის მთლიანად მოსპეს და ლიტველ-ლატვიელ-ესტონელებს ურჩიეს, რომ მხოლოდ ტურიზმი განევითარებინათ… კი, ბატონო, მაგრამ განა ბევრი დადის დღეს იმავე ევროკავშირის ქვეყნებიდან დასასვენებლად რიგის ზღვისპირზე? რუსები კი მიჩვეულები იყვნენ. იქვე ახლოს ხომ უდიდესი მეგაპოლისია – სანკტ-პეტერბურგი, პლუს მოსკოვიც… ბალტიისპირეთში  ცივი ზღვაა, მაგრამ რუსებისთვის ეს პრობლემა არაა. მათთვის აქაური არქიტექტურა და პლაჟები ნაცნობია, ნორმალური ხელისუფლება რუს ტურისტებს ყველა პირობას შეუქმნიდა, მაგრამ, მოგეხსენებათ – ნატო, ვიზა, რუსოფობია… (…)

თითქმის იგივე ხდება უკრაინასთან მიმართებით… (…)

კიდევ ერთი ქვეყანა (ბალტიისპირეთის რესპუბლიკებთან ერთად), რომელსაც მეტ-ნაკლებად კარგად ცხოვრება შეუძლია რუსი ტურისტების ხარჯზე, ეს საქართველოა. კავკასიის მზიური რესპუბლიკა საბჭოთა პერიოდიდანაა ცნობილი – ღვინო, სამზარეულო, ბუნება, თბილი ზღვა და უამრავი ღირსშესანიშნაობანი. უსაფრთხოება დაცულია, მაგრამ… საქართველოს ტურისტული მიმართულება ჯერ-ჯერობით მხოლოდ რუსეთშია პოპულარული. ქართულ ღვინოს ძირითადად მხოლოდ რუსეთში იცნობენ, მხოლოდ რუსეთში სვამენ. როგორც ცნობილია, გემო და ტრადიცია ათწლეულობით, თაობიდან თაობამდე ყალიბდება. სხვათა შორის, ეს კურორტებსაც ეხება. ევროპელს შეუძლია 20-30 წელი ერთიდაიგივე კურორტზე იაროს დაისვენოს, ძნელია მათი „გადაბირება“. [საქართველოც ოდესმე გადაიბირებს], მაგრამ ამჟამად იქ ძირითადად მხოლოდ რუსები მოგზაურობენ. ზღვა, მზე, „უვიზო რეჟიმი“ და არავითარი რისკები…

Comments are closed