«КоммерсантЪ» (რუსეთი): ქართულმა ოპოზიციამ ლარი დამარხა: მის სიკვდილში ჩრდილოვანი პრემიერი და ხელისუფლება დაადანაშაულეს
«ТВ Седьмой канал» (ყაზახეთი): ყაზახები ბათუმში უძრავ ქონებას იძენენ: ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები
«Первый армянский информационный» (სომხეთი): „მოსკოვისათვის მთავარია საქართველო იყოს არასტაბილური ქვეყანა გაურკვეველი საზღვრებით, რის გამოც მას ნატოში არ მიიღებენ“
———————-
«КоммерсантЪ» (რუსეთი), 31 მარტი, 2015 წელი
http://www.kommersant.ru/doc/2698183
ქართულმა ოპოზიციამ ლარი დამარხა: მის სიკვდილში ჩრდილოვანი პრემიერი და ხელისუფლება დაადანაშაულეს
„საქართველოს ექს-პრემიერისა და მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ოპოზიციამ უჩვეულო ფლეშმობი გამართა: ქართული მთავრობის ჩრდილოვანი ხელმძღვანელის მოწინააღმდეგეებმა შენობასთან კუბო მიიტანეს და ეროვნული ვალუტის – ლარის სიმბოლური დაკრძალვა მოაწყეს. მის მკვეთრ გაუფასურებაში ოპოზიცია მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს“, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – გიორგი დვალი).
„როცა 2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებმა საპარლამენტო არჩევნები ტრიუმფალურად მოიგეს, მათი ერთ-ერთი ლოზუნგი იყო ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება. დღეს „ქართული ოცნებისათვის“ ეკონომიკა თითქმის მთავარ „აქილევსის ქუსლად“ იქცა, რადგან ლარის მკვეთრმა დევალვაციამ მმართველი კოალიციის რეიტინგი მნიშვნელოვნად დააზარალა“, – აღნიშნავს სტატიის ავტორი და განაგრძობს: „ახალგაზრდებმა „მინის სასახლესთან“ ქაღალდით სავსე კუბო მიიტანეს ლოზუნგით „დავსტირით ლარს“. მათი ჩანაფიქრით, ეს აქცია სიმბოლურად ასახავდა ბოლო თვეებში ქართული ეროვნული ვალუტის 30%-იან გაუფასურებას. ფლეშმობის ინიციატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ ხელმძღვანელმა ბესო შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აქცია ფეისბუქის მეშვეობით იქნა ორგანიზებული. მასში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, რომელსაც ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს“.
სტატიაში, რომელშიც საკმაოდ ფართოდაა გადმოცემული აქციის მიმდინარეობა, აღნიშნულია, რომ ახალგაზრდებმა ქვეყნის მთავრობის გადადგომა მოითხოვეს, რომელმაც ეკონომიკა სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა. „იგივე მოთხოვნით გამოვიდნენ ამას წინათ ჩატარებულ მიტინგზე „ნაციონალებიც“, რომლებმაც ხელისუფლებისადმი მოსახლეობის ნეგატიურ განწყობას ალღო აუღეს. მართლაცდა, ამერიკული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, მმართველი კოალიციის რეიტინგი 67%-დან 36%-მდე დაეცა. ამომრჩევლებს ბიძინა ივანიშვილისადმი იმედები უცრუვდებათ: აღმოჩნდა, რომ მას, მილიარდერს, ლარის კურსის გამყარება არ შეუძლია, თუმცა მის ძლიერ მხარეს სწორედ ფინანსების კარგი ცოდნა წარმოადგენდა.
განწყობების ამგვარმა შეცვლამ შეიძლება მომავალ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინოს, თუმცა, როგორც „კომერსანტთან“ საუბარში პოლიტოლოგმა გია ნოდიამ აღნიშნა, ივანიშვილის მიმართ იმედგაცრუება არ ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალებს“ პოპულარობა ემატებათ – ჯერ-ჯერობით ეს არ შეიმჩნევა. მართლაც, იგივე გამოკითხვით ირკვევა, რომ „ნაციონალების რეიტინგიც 20-დან 14%-მდე დაეცა.
რაც შეეხება თვითონ ბიძინა ივანიშვილს, იგი ფილოსოფიურ სიმშვიდეს ინარჩუნებს. მან პოლიციას სთხოვა, რომ ხელი არ შეშლოდათ ახალგაზრდებს აქციის გასამართავად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას სთხოვა, რომ გაგებით მოჰკიდებოდნენ ლარის დევალვაციას, „რომელიც საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული“. მან მაყურებლებს შეახსენა, რომ მეზობელი ქვეყნების ვალუტა კიდევ უფრო მეტად გაუფასურდა, „ლარი კი მათთან შედარებით ყოჩაღად გამოიყურება“.
«ТВ Седьмой канал» (ყაზახეთი), 30 მარტი, 2015 წელი
http://tv7.kz/ru/news/show/13779
ყაზახები ბათუმში უძრავ ქონებას იძენენ: ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები
ყაზახეთის ტელეკომპანია „მეშვიდე არხმა“ 30 მარტს, საკმაოდ ვრცელი რეპორტაჟი გადასცა საქართველოში, ბათუმში ყაზახური ინვესტიციების ჩადების თაობაზე. გთავაზობთ ტელესიუჟეტის შინაარსს:
„ყაზახები ბათუმში უძრავ ქონებას იძენენ: ერთ-ერთი ქართული კომპანიისაგან ჩვენმმა მდიდარმა თანამემამულეებმა შავი ზღვის ნაპირზე განთავსებული აპარტამენტები 12 მილიონ დოლარად შეიძინეს. ბათუმში ქონებას ძირითადად ასტანის, ალმატისა და აქტაუს მცხოვრებლები იძენენ: დაახლოებით 200-მა ყაზახმა ერთი და ორი ბინა კი არ იყიდა, არამედ თითოეულმა რამდენიმე… ალბათ, ისინი ამ ბინებს გააქირავებენ.
აჭარის ავტონომიის დედაქალაქი ბათუმი – საქართველოს მთავარი შავიზღვისპირა კურორტია: 2014 წელს ამ ქალაქს 1,5 მილიონი ტურისტი ეწვია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ კანონი უფლებას აძლევს უცხოელს იქირაოს საცხოვრებელი ფართობი ერთი დღითაც კი, ამისთვის მხოლოდ პასპორტის წარდგენაა საჭირო.
საქართველო სულ მალე ყაზახეთს ავიამარშრუტით დაუკავშირდება, რაც ჩვენი თანამემამულეებს მიმზიდველ ქვეყანაში ჩასვლას გაუადვილებს: ორი ივნისიდან ყახაზეთის ავიაკომპანიის სამგზავრო თვითმფრინავები ასტანიდან თბილისში ფრენას იწყებენ.
ზურაბ პატარიძე, საქართველოს ელჩი ყაზახეთში: „საქართველოს საელჩოს მნიშვნელოვანი ამოცანაა განამტკიცოს და გააღრმავოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩვენს ქვეყნებს შორის. ქართულ-ყაზახური ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითია სასტუმრო „რიქსოს-ბორჯომის“ მშენებლობა ბორჯომის ხეობაში, [რომელიც ამ ორიდე თვის წინ გაიხსნა]. თუმცა აქვე შევნიშნავ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობა ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა და სუსტადაა განვითარებული – დღეს სულ რაღაც 115 მილიონი დოლარის მოცულობითაა. არადა, სამი წლის წინ, [2012 წლისათვის], ვაჭრობის მოცულობა დღევანდელთან შედარებით ოთხჯერ მეტი იყო. ასტანაშიც და თბილისშიც დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოსა და ყაზახეთს ეკონომიკური თანამშრომლობაში უდიდესი პოტენციალი აქვთ. აქვე შევნიშნავ, რომ საქარრთველოში ყაზახური ინვესტიციებით 100-მდე საწარმო მუშაობს“.
«Первый армянский информационный» (სომხეთი), 31 მარტი, 2015 წელი
http://www.1in.am/1579914.html
„მოსკოვისათვის მთავარია საქართველო იყოს არასტაბილური ქვეყანა გაურკვეველი საზღვრებით, რის გამოც მას ნატოში არ მიიღებენ“
ვრცელ ინტერვიუში სომხური ანალიტიკური ცენტრის Jane’s Intelligence-ის წამყვანი ანალიტიკოსი ლილით გევორქიანი ეხება რუსეთის როლს სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის სახელმწიფოების ურთიერთობას, კონფლიქტურ ზონმებს და რასაკვირველია, დასავლეთის გავლენას საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე (ესაუბრება ჟურნალისტი კარენ არშაკუნი). გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
ლილით გევორქიანი: „უკრაინის კრიზისის დაწყების კვალობაზე შეიმჩნევა, რომ რუსეთმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მიმართ საგარეო პოლიტიკა შეცვალა. თუ კრიზისამდე მოსკოვის მიდგომები მეტ-ნაკლებად ზომიერი იყო, კრიზისის შემდეგ რუსეთმა მკვეთრად აიღო გეზი ინტეგრირებისაკენ, ცხადია, სხვადასხვა ფორმებითა და მეთოდებით: ერთ შემთხვევაში ტერიტორია რუსეთს დაუბრუნდა (ყირიმი), მეორე შემთხვევაში – მჭიდრო ინტეგრირება მოახდინა (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი). პრინციპში, ის რეგიონები, რომლებსაც საქართველო დე-იურედ ისევ თავის შემადგენლობაში მიიჩნევს, დიდი ხანია დე-ფაქტოდ რუსეთის ნაწილებად ითვლებიან: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების მძლავრი სამხედრო ბაზებია დისლოცირებული. აღასანიშნავია, რომ მათი დე-იურედ მიერთება საქართველოს დიდ თავის ტკივილს გამოიწვევს, რადგანაც ამ ქვეყანას, რომელიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვის, ალიანსში არავინ მიიღებს.
- აშკარაა, რომ საქართველო რუსეთის ბაზებით მარწუხებშია მოქცეული: აფხაზეთიდან (გუდაუთა), სამხრეთ ოსეთიდან (ცხინვალი), სომხეთიდან (გიუმრი)… შესაბამისად, ჩვენს მეზობელს არანაირი სრულფასოვანი ალტერნატივა არ აქვს რუსეთის საფრთხისაგან თავდასაცავად…
ლილით გევორქიანი: არ ვფქირობ, რომ საქართველოს რუსეთისაგან საფრთხე ემუქრება, ანუ, არ არსებობს არავითარი საფუძველი იმისა, რომ რუსეთი რაიმე საბაბით საქართველოში შეიჭრება. ზემოთ ნახსენები სამხედრო ობიექტები მოსკოვის საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: რუსეთის სამხედრო ყოფნა როგორც ყველა არაღიარებულ ტერიტორიებზე, ასევე იმ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ორბიტაზე არ „ბრუნავენ“.
რაც შეეხება თქვენს გამონათქვამს, „საქართველო მარწუხებშია მოქცეულიო“, მე ვიტყოდი, რომ რუსეთი რეგიონში მხოლოდ თავის პოზიციებს ამყარებს, რათა თავიდან აიცილოს ნატოში საქართველოს გაწევრიანება, თუ, რასაკვირველია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მაინც გადაწყვეტს მორღვეულ-გაურკვეველი საზღვრების მქონე საქართვლოს მიღებას. ჩემი აზრით, რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობა არ არის იმის ნიშანი, რომ მოსკოვი საქართველოში შეჭრისათვის ემზადება. ეს არ შედის რუსეთის ინტერესებში. კრემლს რაც სჭირდებოდა, ის უკვე აიღო.
რუსეთი ცდილობს ნატოს სერიოზულად აჩვენოს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი მისი დომინირების, მისი გავლენის სფეროა და ამისათვის რაიმე კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. სამხედრო ბაზების არსებობაც სწორედ ამის დადასტურებაა: მოსკოვი ბრიუსელს სიგნალს უგზავნის, რომ სამხრეთ კავკასიაში, ანუ რუსეთის გავლენის ზონაში ნატოს ყოფნა სასურველი არ არის.
- მაგრამ საქართველოს ხომ თავდაცვისა და უსაფრთხოების პრობლემა აქვს. როცა მოსკოვი სამართლებრივად აფორმებს თავის ყოფნას [ანუ ხელს აწერს შეთანხმებებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან], მაშინ თბილისისც იძულებულია უსაფრთხოების მექანიზმები ეძებოს… განა ასე არ არის?
ლილით გევორქიანი: რასაკვირველია, საქართველომ უსაფრთხოების გარანტები უნდა ეძებოს. თბილისს ორი ვარიანტი აქვს: პირველი – რუსეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესება და მეორე – დასავლეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება. მეორე ვარინატის პრობლემა ისაა, რომ კითხვა ჩნდება: არიან თუ არა ნატოს წევრები მზად რუსეთთან კონფრონტაციისათვის, ამჯერად უკვე სამხრეთ კავკასიაში, სადაც რუსეთის არმიის ბაზები ოფიციალურად იმყოფებიან? თანაც იმ დროს, როცა მოსკოვი ამ ბაზებს პერმანენტულად აძლიერებს. ამ ე.წ. „ოკუპირებულ“ ტერიტორიებს დასავლეთისათვის არანაირი ღირებულება არ აქვთ, მაგრამ რუსეთის ნაბიჯებს მაინც კრიტიკულად უდგებიან.
საქართველოს უსაფრთხოების თვალსაზრისით მე ვერავითარ პირდაპირ საფრთხეებს და მუქარებს ვერ ვხედავ. ზემოთაც ვთქვი და გავიმეორებ: რუსეთი არაა დაინტერესებული საქართველოს სხვა ტერიტორიების ანექსიით თუ ოკუპაციით. მოსკოვისათვის მთავარია საქართველო იყოს არასტაბილური, გაურკვეველი საზღვრებით, რაც თავის ტკივილი იქნება როგორც თვით საქართველოსთვის, ასევე ნატოსა და ევროკავშირისათვის. თუ ეს ქვეყანა ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებას დააპირებს, ვერავინ გაარკვევს, ვთქვათ, სად იწყება და სად მთავრდება საქართველოს საზღვარი ევროკავშირთან. ყველასათვის ცნობილია, რომ ის სახელმწიფო, რომელსაც თავისი საზღვრები გარკვეული არ აქვს, სუსტ სახელმწიფოდ ითვლება.