globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 31 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 31st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Комсомольская правда» (რუსეთი): ინტერვიუ ბრიტანელ პროფესორ დონალდ რეიფილდთან: „საქართველო მეტად აღარ შევა რუსეთის შემადგენლობაში. ეს გამორიცხულია. აი, აფხაზეთი კი…“

«Чемпионат» (რუსეთი): ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან: „მიხეილ სააკაშვილი შეშლილი პიროვნებაა… მისი პრეზიდენტობის დროს ხალხს აწამებდნენ და კლავდნენ“

—————-

«Комсомольская правда» (რუსეთი), 31 მარტი, 2017 წელი
http://www.kp.ru/daily/26660.4/3680945/
ინტერვიუ ბრიტანელ პროფესორ დონალდ რეიფილდთან: „საქართველო მეტად აღარ შევა რუსეთის შემადგენლობაში. ეს გამორიცხულია. აი, აფხაზეთი კი…“
ევგენია კორობკოვა

დონალდ რეიფილდი გავლენიანი მეცნიერია, რომელმაც საქართველოს ისტორიის ყველაზე ავტორიტეტული ნაშრომი შექმნა. ჭაღარა პროფესორი, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავს გენდალფს „ბეჭდების მბრძანებლიდან“, ჩვენს ქვეყანაში კარგადაა ცნობილი, თანაც დადებითად. იგი ინტერვიუში საქართველოსა და რუსეთის რთული და მრავალწახნაგოვანი ურთიერთობის სათავეებსა და პერსპექტივებზე საუბრობს. დონალდ რეიფილდი მეცნიერი-რუსისტია. მის კალამს ეკუთვნის ვრცელი ბიოგრაფიული ნაწარმოები „ანტონ ჩეხოვის ცხოვრება“, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სანიმუშოდ და სრულყოფილად ითვლება. ოცი წლის შემდეგ მან ახალი ნაშრომი შექმნა: „საქართველო. იმპერიათა გზაჯვარედინი. სამიათასწლოვანი ისტორია“ – ასე ჰქვია 600-გვერდიან ფოლიანტს, რომელსაც თვითონ ავტორი „ქვეყნის ბიოგრაფიას“ უწოდებს, ხოლო გაზეთ „ფაინენშელ თაიმსს“ – ყველაზე ავტორიტეტულ წყაროდ საქართველოს ისტორიის შესახებ.
https://www.championat.com/football/article-270132-intervju-georgija-demetradze–o-futbole-i-tjurme.html
ინტერვიუ გიორგი დემეტრაძესთან: „მიხეილ სააკაშვილი შეშლილი პიროვნებაა… მისი პრეზიდენტობის დროს ხალხს აწამებდნენ და კლავდნენ“

- დონალდ, თქვენ, ალბათ, ხვდებით იმას, რომ საქართველოს შესახებ თქვენი წიგნით რუს მკითხველს ძალიან აწყენინეთ…

- ოჰ, ვწუხვარ, მაგრამ ყოველი იმპერიის ყოველ ისტორიაში ყოველთვის არის ელემენტები, რომლებიც სწყინთ როგორც იმპერიებს, ასევე მათ კოლონიებს. ჩვენ, ბრიტანელები, უკვე მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ უფრო მეტად ექსპლოატატორ-მჩაგვრელები ვიყავით, ვიდრე სიკეთის მთესველნი და ამიტომ დიდი ხანია აღარ გვიკვირს, თუ რატომ არ ვუყვარვართ ინდუსებს. ფრანგებმა ხომ საერთოდ ბოდიში მოუხადეს ალჟირელებს…თქვენთვის, რუსებისათვის, ასეთი რამ ჯერ კიდევ უჩვეულოა. მესმის, რომ რუსეთისათვის ძნელია, თქვენ თვითონაც ბევრი რამ საკუთარ ზურგზე გადაიტანეთ და გამოსცადეთ – ევროპა ნაპოლეონისაგან და ჰიტლერისაგან გადაარჩინეთ და ამ დროს არავინ მადლობას არ გიხდით…

- რატომ არავინ… მადლობას ჩვენც გვიხდიან. მაგალითად, ოსები და სომხები ძალიანაც მადლობელნი არიან…

- დიახ, მართალი ხართ, ოსებს და სომხებს მართლაც აქვთ მადლობა სათქმელი. ისინი ხომ თვითონ ამბობენ, რომ რუსებმა გადაგვარჩინეს მუსულმანებისგანო. ქართველები მათგან სწორედ ამით განსხვავდებიან, რომ რუსების მიმართ მადლიერებას არ გამოხატავენ. მათ შეიძლება გავუგოთ: ქართველებს თავიანთი სამეფო ჰქონდათ. რუსეთმა აღუთქვა, რომ თქვენი მფარველი ვიქნები, სახელმწიფოს შეგინარჩუნებთო, მაგრამ პირობა არ შეასრულა.

- ჩვენთვის განსაკუთრებით გასაბრაზებელია ის, რომ ქართველები ორასი წლის წინათ თვითონ გვეხვეწებოდნენ, ახლა კი თავიანთ სახელმძღვანელოებში მე-18 საუკუნის ბოლოს მომხდარ შემოერთებას „პირველ რუსულ ოკუპაციას“ უწოდებენ…

- ამ შემთხვევაში თქვენ აღმოსავლური მენტალიტეტი უნდა გააცნობიეროთ: კი, ქართველი მეფეები ნამდვილად თხოვდნენ რუსეთს მათი ქვეყნის მიღებას, მაგრამ ეს უფრო მეტად თავის დაზღვევის მიზნით ხდებოდა. ისინი ითვალისწინებდნენ იმას, რომ სანკტ-პეტერბურგამდე ძალიან შორი იყო. ამიტომაც იმედოვნებდნენ, რომ სიტყვით, ზეპირად შეიძლებოდა რუსეთი უზენაეს ხელისუფლად გამოეცხადებინათ, მაგრამ იმავდროულად სიტუაცია იგივე დარჩებოდა, არ შეიცვლებოდა. სინამდვილეში კი რუსეთისადმი მათი თხოვნები საშინლად აბრაზებდა სპარსეთს და ოსმალეთს. რუსეთიდან საქართველო თავდაცვის მიზნით ძალიან ცოტას იღებდა, მაგრამ ეს ცოტაც საკმარისი იყო აგრესიული [მუსულმანი] მეზობლების გასაღიზიანებლად.

სამართლიანობის მიზნით ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუსეთის კონტროლქვეშ მყოფმა საქართველომ ასწლიანი მშვიდობა მიიღო და მტრების შემოსევები თავიდან აიცილა; რომ ქართული ინტელიგენცია სწორედ რუსეთის უნივერსიტეტების მეშვეობით მოხვდა ევროპაში. მაგრამ ამისათვის გადახდილი ფასი უზარმაზარი აღმოჩნდა: საქართველომ იწვნია და საკუთარ თავზე გამოსცადა რუსული როზგები, შპრიცრუტენები, ციმბირი; გაჩნდა რუს ბიუროკრატთა უდიდესი ურდო; გაუქმდა ქართული ეკლესია, საფრთხე დაემუქრა ეროვნულ ენას… ეს ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო – საქართველოში ხომ ნამდვილ ქართველად მხოლოდ ის ადამიანი ითვლებოდა, ვინც ეროვნული ენა იცოდა.

- გასაგებია, მაგრამ ისტორიკოსი ხომ ობიექტური და მიუკერძოებელი უნდა იყოს? თქვენს წიგნში კი ქართველების მხარეს ძალიან იხრებით… ჩვენთვის ცნობილ სახელებსაც კი ქართული მანერით და სტილით წერთ: „დავიდის“ ნაცვლად „დავითი“, „მეფე ირაკლის“ ნაცვლად – „მეფე ერეკლე“…

- იმიტომ, რომ ირაკლი ქართული მანერით ერეკლეს ნიშნავს. თარგმნის დროს სახელი არ უნდა შეიცვალოს. როცა რუსულიდან ინგლისურ ენაზე თარგმნიან ხოლმე, პეტრე პირველს პიტერ პირველად ხომ არ წერენ? სხვათა შორის, „მოსკოვს“ და „ოქსფორდს“ თითქმის ერთნაირი მნიშვნელობა აქვთ თარგმნის დროს, მაგრამ მოსკოვი მოსკოვია და ოქსფორდი კი – ოქსფორდი. რაც შეეხება თქვენს ნათქვამს, რომ მე ქართველების მიმართ მიკერძოებული ვარ, ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. ქართველები ჩემზე ნაწყენები არიან და ამიტომაც არ ვგეგმავ ჩემი წიგნის ქართულ ენაზე გამოცემას.

- ქართულ ენას როგორ ფლობთ?

- ქართული ენას რუსულთან შედარებით უფრო ცუდად ვფლობ, თუმცა საქმე ამაში არაა. საქართველოში მე ცოტა იდიოტადაც კი მთვლიან, რადგან იქაურ ხალხს საკუთარ ისტორიაზე ჩემგან განსხვავებული ხედვა აქვს. მათთვის უჩვეულოა წინაპრების ხსოვნის შეურაცხყოფა, რაც არ უნდა ჰქონდეთ მათ ჩადენილი. მათთვის ძნელია იმის გაგება, თუ რატომ შეუძლია უცხოელს კარგი თქვას მეფინაცვლებზე, ვორონცოვზე, ბარიატინსკზე… ან, ვთქვათ, მათგან განსხვავებული აზრი ჰქონდეს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე…

- სხვათა შორის, საქართველოს მიერ აფხაზეთის დაკარგვა თქვენს წიგნში შედარებული გაქვთ განგრენული კიდურის მოკვეთასთან…

- უმჯობესია მოიკვეთო კიდური, ვიდრე ყველაფერი დაკარგო. ზოგიერთი უფრო „წინწასული“ ქართველი თვითონვე აცნობიერებს იმას, რომ დიდი ხანია დრო დადგა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებული იქნას. უმჯობესია აფხაზეთი რუსეთის ნაწილი გახდეს იმის ნაცვლად, რომ მუდამ ურთიერთობა არკვიო და კონფლიქტი ჰქონდეს… უმჯობესია საკუთარი ქვეყანა განავითარო და იქნებ აფხაზეთმა აღარ მოისურვოს რუსეთში ყოფნა და საქართველოს დაუბრუნდეს. თუმცა ვეჭვობ, რომ ასე არ მოხდება: სანამ რუსეთი ძლიერი სახელმწიფო იქნება, მანამ აფხაზეთი საქართველოსთვის მიუწვდომელი დარჩება.

- და იქნებ თვითონ საქართველო შემოვიდეს რუსეთის შემადგენლობაში? ბევრი ასეც ოცნებობს…

- ეს გამორიცხულია.

- თქვენ წერთ, რომ საქართველოს ისტორია განსხვავდება ევროპულისაგან იმით, რომ მასში აშკარად შეიმჩნევა განმეორებადი შეცდომებიო…

- ვინც საქართველოში არის ნამყოფი, ყველა ამბობს, რომ ეს ქვეყანა მომხიბვლელია. მე უფრო ასე ვიტყოდი: საქართველო ჰგავს რუსი მწერლის ნიკოლაი ლესკოვის „მოხიბლულ ყარიბს“, რომელშიც მთავარ გმირს ბევრჯერ უწინასწარმეტყველებენ სიკვდილს, ის კი არა და არ კვდება, ანუ მუდმივად სიკვდილს ელოდება. სწორედ ამაშია საქართველოს ისტორიის არსი: მუდმივად კვდებოდე, მაგრამ არ მოკვდე. ქართველების მთავარი შეცდომა ისაა, რომ ისინი ძალიან მიმნდობნი არიან, გადაჭარბებულად. არ ვიცი, შეიძლება ახლა მაინც ისწავლეს რაღაც… მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მათ სულ ეგონათ, რომ ქართველები ამერიკელ რესპუბლიკელებს უფრო უყვარდათ, ვიდრე დემოკრატებს. არ შეიძლება ასე თავაწყვეტილად ლობირებდე ამერიკელ პოლიტიკოსებს… პარალელურად კი აგინო და შეურაცხყოფა მიაყენო რუსებს…

- დონალდ, თქვენ როდის მოიხიბლეთ ქართველებით?

- ჯერ კიდევ 40 წლის წინათ. ერთხელ ჩემი ნაშრომისათვის რუსი და ქართველი პოეტების მიმოწერა დამჭირდა, ჩავედი თბილისში და ლიტერატურულ მუზეუმში მივედი. არაფერი უჩვენებიათ – ხან დირექტორი ავად გახდაო, ხან გასაღები ვერ ვიპოვეთო… გამიჭიანურეს. მერე ერთმა ჩუმად მითხრა, ზემოდან, ცეკადან დარეკეს, რომ ამ კაცს არაფერი მისცეთო. ჰოდა, მაშინ გადავწყვიტე თბილისის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრაზე მესწავლა – ვფიქრობდი, ენას ვისწავლი და უფრო ვიპოვი საჭირო მასალას-მეთქი. ამასობაში საქართველოც შემიყვარდა.

- მარტო თქვენ არ შეგყვარებიათ… ახლახან, თითქმის პარალელურად, თქვენს წიგნთან ერთად დაიბეჭდა ამერიკელი მწერლის ჯონ სტეინბეკის  „რუსული დღიურები“, სადაც იგი წერს – „რუს ადამიანს სჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ საქართველოში მოხვდებაო“, ანუ საქართველო სამოთხედ არის შეფასებული. ძალიან გამიკვირდა, რომ თქვენს წიგნში მსგავსი რამ არ ჩანს, ანუ  რუსების არარეალური სიყვარული ქართველებისადმი…

- დიახ, ამ ორი წიგნის გამოცემის ერთმანეთან დამთხვევა მართლაც საკვირველია… სხვათა შორის, მოსკოვში ჩემს ლექციებში ჯონ სტეინბეკის ჩანაწერების ციტირებას ხშირად ვახდენ. თუმცა ის ფრაზა, თქვენ რომ ახსენეთ, სტეინბეკს არ მოუგონია, მან მხოლოდ გადაასხვაფერა. იმ დროს ამერიკაში იყო ასეთი გამოთქმა: „როცა ამერიკელი მოკვდება, იგი პარიზში მოხვდებაო“. იცით, რუსებში ქართველების სიყვარულს უეცრად არ უფეთქია. აბა, წაიკითხეთ ლევ ტოლსტოის მოთხრობა „ჰაჯი-მურატი“, სადაც იგი ქართველებზე მაინცდამაინც სასიამოვნოდ არ წერს… ეს სიყვარული რევოლუციის შემდეგ დაიბადა. წარმოიდგინეთ: საბჭოთა კავშირის დროს საზღვრები ჩაკეტილია, უკვე ვეღარ წახვალ პარიზში, ვერ წახვალ შვეიცარიაში, ვერ დატკბები ალპებით… სად უნდა წახვიდე? კავკასიაში, საქართველოში… ჰოდა, ყველამ საქართველოში დაიწყო სიარული… სხვათა შორის, მსგავსი ისტორია განმეორდა გასულ წელს, როცა თურქეთში წასვლა შეიზღუდა და რუსი ტურისტები საქართველოსაკენ გაემართნენ…

საერთოდ, საქართველოს რომ მსოფლიო იცნობს, ამაში დიდი დამსახურება საბჭოთა კავშირს მიუძღვის. სწორედ მაშინ გახდნენ ქართველი მწერლები [და ქართული კულტურა] მსოფლიოსათვის ცნობილნი. დაწერდა ქართველი პროზაიკოსი რომანს და იმწუთში წიგნი ასიათასიანი ტირაჟით გამოიცემოდა, ითარგმნებოდა და ხალხი კითხულობდა. [უცხოელები] ფიქრობდნენ, რომ პატარა რესპუბლიკებში მწერლები უფრო სიმართლეს წერენ, იქ უფრო მეტი თავისუფლება არისო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველ მწერლებს ცუდი პერიოდი დაუდგათ.

- რატომ, საზღვარგარეთ მათი წიგნები არ გამოიცემა?

- აბა, შეიხედეთ ინგლისის წიგნის მაღაზიებში და ნახავთ, როგორი სიტუაციაა… ჩვენთან თარგმნილი წიგნები ძალიან ცოტაა, მთელი რაოდენობის დაახლოებით ორი პროცენტი, თანაც ძირითადად სკანდინავიური ლიტერატურა და რუსული კლასიკა.

- თქვენ ხომ ფლობთ ქართულ ენას, რატომ არ გამოდიხართ შუამავლად საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ამ მიმართულებით?

- მე ათი წლის წინათ ინგლისურ-ქართული ლექსიკონი შევადგინე, მთარგმნელობითი საქმიანობით მაინცდამაინც დაკავებული არ ვიყავი. ეს თქვენთან, რუსეთში არის მთარგმნელობა კარიერა, თორემ ჩვენთან, დიდ ბრიტანეთში, უმჯობესია დამლაგებლად იმუშაო, ვიდრე მთარგმნელი იყო.

——–

დონალდ რეიფილდის ინტერვიუ გამოქვეყნებულია აგრეთვე კიდევ ერთ რუსულ გაზეტში – „როსიისკაია გაზეტა“-ში (წყარო: https://rg.ru/2017/03/30/slavist-donald-rejfild-stalin-ne-otozhdestvlial-sebia-ni-s-odnoj-naciej.html

«Чемпионат» (რუსეთი), 31 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუში ცნობილი ქართველი სპორტსმენი, ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე თავის სპორტულ ცხოვრებაზე საუბრობს, სპორტულ კარიერაზე და მიღწეულ წარმატებებზე. იგი რუსული გამოცემის „ჩემპიონატის“ კორესპონდენტ დიმიტრი ეგოროვთან იმ პრობლემებზეც ლაპარაკობს, რომელიც მას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჰქონდა. რუსი სპორტული ჟურნალისტი გიორგი დემეტრაძეს თბილისის ერთ-ერთ პატარა კაფეში შეხვდა და ესაუბრა.

გთავაზობთ მასალას მცირე შემოკლებით:

„გიორგი დემეტრაძე უკვე 40 წელზე მეტი ასაკისაა და მიუხედავად იმისა, რომ მან ქართულ საპყრობილეში ორწელიწადნახევარი გაატარა, მაინც ახალგაზრდულად გამოიყურება. „ის დრო არასოდეს დამავიწყდება, – ამბობს იგი, – საშინელება იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ დრო უშედეგოდ დაიკარგა, არამედ იმიტომაც, რომ იქ ადამიანებს აწამებდნენ და კლავდნენ…“.

- თქვენ უკვე ოთხი წელია, რაც ციხიდან გათავისუფლდით, ახლა რას აკეთებთ?

- ფეხბურთის ფედერაციაში მენეჯერად ვმუშაობ. რასაც მავალებენ, იმას ვაკეთებ…- გიორგი დემეტრაძეს რუსულად ლაპარაკი ცოტა უჭირს და სიტყვებს იხსენებს. ბოლო დროს იგი რუსულად ხშირად ვეღარ საუბრობს… – დაპატიმრების წინ საუკეთესო ფორმაში ვიყავი, კვიპროსზე მელოდებოდნენ.

- და როგორ მოხდა თქვენი დაპატიმრება?

- ერთ ადგილზე ვიყავი და უეცრად ათამდე ადამიანი დამესია. არაფერს მეუბნებოდნენ, არც ბარალდება არ წაუყენებიათ. უბრალოდ, ცემა დამიწყეს. წინააღმდეგობა გავუწიე, მაგრამ უარესი მიქნეს, სახეში მირტყამდნენ, წიხლებს მცემდნენ, სულ სისხლი მადინეს.. ასე მუშაობდა ცვენი პოლიცია.

- თქვენ გაგასამართლეს „ქურდული ტრადიციის“ მუხლით. რას ნიშნავს ეს?

- სხვათა შორის, მოსამართლეც ამას მეუბნებოდა. „გოგონა, მე ბავშვობიდან, ექვსი წლის ასაკიდან ფეხბურთს ვთამაშობ, რა ქურდულ ტრადიციებზე მეკითხები-მეთქი“, – ვპასუხობდი. მას კი სულაც არ ადარდებადა. საქმეებს სვიტერივით ქსოვდნენ და კერავდნენ.

- გამოაცხადეს, რომ თქვენ დანაშაულის ჩადენის ადგილზე დაგაკავეს – ვითომდა კოლექტორი იყავით და კლიენტ-ბუკმეკერებისთვის ადამიანებს ფულს ართმევდით…

- თქვეს, რომ მე ქურდული „ობშიაკისათვის“ დოლარების დასტა მიმქონდა, მაგრამ მათზე ჩემი ხელის ანაბეჭდი არ ყოფილა.

- და სად მიგქონდათ, ის არ უთქვამთ?

- ვერც იტყოდნენ, მე ხომ ფული ჩამიდეს… მოსამართლესაც ვუთხარი: „აბა, შეხედეთ ჩემს ჯიბეებს, განა ამდენი ფული ჩამეტეოდა? იგი მპასუხობს, „ხელით მიგქონდაო“, ხელში კი არაფერი მეჭირა… მათ სურდათ, რომ ერთ-ერთი გვარი დამესახელებინა, ჩვენება უკვე მზად ჰქონდათ. მაგრამ მე 30 წელი პატიოსნად ვიცხოვრე და „ჩამშვებად“ ვერ გამოვდგებოდი…

- ზეწოლას თუ ახდენდნენ?

- ვერ ვიტყვი, რომ მაწამებდნენ და მცემდნენ. ციხეში პატივისცემით მეპყრობოდნენ. უკვირდათ და მეკითხებოდნენ – „აქ რატომ და როგორ მოხვდიო“. მე ასე თუ ისე მაინც ცნობილი ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ სხვებს სცემდნენ ხოლმე, სისხლს ადენდნენ. ხშირად შევსწრებივარ. საქართველო წამების ტერიტორია იყო, ადამიანებს ულმობლად ექცეოდნენ, არ ინდობდნენ. მაშინ მივხვდი, რომ უმჯობესია მე მცემონ, ვიდრე სხვის ცემას ვუყურო-მეთქი.

- თქვენ მაშინ კახა კალაძე ძალიან გეხმარეობოდათ…

- ჩვენ ვმეგობრობდით და ახლაც ვმეგობრობთ. იგი მაშინ პოლიტიკოსი გახდა და მიშას ოპოზიციაში ჩაუდგა. ბევრი ფიქრობს, რომ ჩემი დაპატიმრებით მიშა კახაზე ზემოქმედების მოხდენას შეეცადა. მთავრობაში მიხვდნენ, რომ ეს ფანდი არ გაუვიდოდათ და ჩემი გათავისუფლება გადაწყვიტეს. პრეზიდენტისაგან შეწყალების წინადადება მოვიდა, მაგრამ უარი ვთქვი. ექვსი წელი პატიმრობა მომისაჯეს, კამერიდან კამერაში გადავყავდი, ვიყავი იქაც, სადაც სამუდამო პატიმრები სხედან. მაგრამ შემდეგ თვითონ მიხეილ სააკაშვილმა  შემიმცირა პატიმრობის ვადა… მოკლედ, საშინელი დრო იყო.

- როგორ დამოკიდებულება გაქვთ მიხეილ სააკაშვილთან?

- იგი შეშლილი და ავადმყოფი ადამიანია, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო ერთ დიდ საპყრობილედ გადააქცია, ადამიანებს უკანონოდ და უსამართლოდ იჭერდნენ… ყველაზე მეტი პატიმარი, ევროპის მასშტაბით, სწორედ საქართველოში იყო. უბრალოდ, მიშას შეხედეთ: როგორ ლაპარაკობს და ყვირის, როგორ ჭამს, როგორ დადის… იმედი მაქვს, ახლა უკრაინაში მას კარგ ექიმს მოუნახავენ. საქართველოში ჩამოსვლა არ შეუძლია, რადგან მას დაუსწრებლად გაასამართლეს. სხვათა შორის, ვერ გავიგე, თუ რატომ აჭიანურებს უკრაინა მის გადმოცემას…

- სამაგიეროდ საქართველომ ევროკავშირში უვიზო რეჟიმი მიიღო…

- კი, ახლა სიტუაცია გაუმჯობესებულია, არავის უსამართლოდ არ იჭერენს, ადამიანები მშვიდად ცხოვრობენ. მიშასთვის რომ ეცდიათ, არანაირი ევროპა და უვიზო რეჟიმი არ გვექნებოდა, რუსეთთან კი ურთიერთობა საერთოდ დასრულდებოდა. არ გვინდა ომები და საპყრობილეები, ხალხს მშვიდი ცხოვრება სურს, ფეხბურთის ყურება უნდა.

- თქვენ გაასაჩივრეთ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?

- დიახ, საქმე დამიანის უფლებათ ევროპულ სასამართლოშია გაგზავნილი. ველოდები, იქნებ როგორმე ჩემი საქმეც გადასინჯონ… თუმცა მე უიმისოდაც კარგად ვარ, მალე ბავშვი შემეძინება, სამსახური საინტერესოა, მეგობრების წრეში ვარ, რუსეთიდანაც ხშირად ჩამოდიან“.

Comments are closed