globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 31 მაისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on May 31st, 2016 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«BBC русская служба» (დიდი ბრიტანეთი): მიხეილ სააკაშვილის ოდესური წელიწადი: სამი მიღწევა და სამი ჩავარდნა

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ქართული ავტოგოლი: კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ არ მუშაობს

———————–

«BBC русская служба» (დიდი ბრიტანეთი), 30 მაისი, 2016 წელი

http://www.bbc.com/russian/international/2016/05/160530_odessa_saakashvili_year

მიხეილ სააკაშვილის ოდესური წელიწადი: სამი მიღწევა და სამი ჩავარდნა

დიმიტრი ფლორინი, „ბი-ბი-სი“ ოდესიდან

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესაში გასული წლის მაისის ბოლოს გამოჩნდა და მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, მაშინვე ქალაქის ღირსშესანიშნაობად იქცა. ოლქის ახალი გუბერნატორი შეეცადა თვალსაჩინოდ ეჩვენებინა, თუ რამდენად მისაღებია უკრაინისათვის საქართველოში განხორციელებული რეფორმების მოდელი.

ხმაურიანი სკანდალები, ოლიგარქთა ვილების ირგვლივ შემოვლებული მესრების ექსკავატორებით დანგრევა, ოლქის ძალოვანი სტრუქტურების ჩინოვნიკთა შეცვლა, ოდესაში აშშ-ის პირველ პირთა ვიზიტები, ნავსადგრში „შეჭრები“ და დირექტორის მოხსნა, სკანდალური დანიშვნები ოდესის ოლქის ადმინისტრაციაში, ხისტი კონფრონტაცია კიეველ მინისტრებთან და როგორც აპოთეოზი – ადგილობრივ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის გუნდის ფაქტიური კრახი. ყოველივე ამის შემდეგ ადამიანებს კითხვები ებადებათ: რა ხდება – უკრაინაში საქმე ისე არ მიდის, როგორც საქართველოში მიდიოდა? ან იქნებ პრობლემა, როგორც მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები ამბობენ, უკრაინაში კი არაა, არამედ მიხეილ სააკაშვილში?

ოდესის ოლქში საქართველოს ექს-პრეზიდენტის საქმიანობის ერთწლიანი შედეგების ანალიზისას შეიძლება გამოვყოთ მისი სამი მიღწევა და სამი ჩავარდნა. დავიწყოთ ჩავარდნებით.

პირველი: მარცხი ოდესის მერის არჩევნების დროს

გასული წლის ოქტომბერში ოდესაში ქალაქოს მერის არჩევნები გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის გუნდიდან ქალაქის უფროსის პოსტზე წამოყენებულ იქნა ალექსანდრ ბოროვიკი – კაცი ორმაგი მოქალაქეობით (უკრაინა+გერმანია). ოდესელებს ალექსანდრ ბოროვიკის არსებობა მიხეილ სააკაშვილმა აუწყა. მიუხედავად კანდიდატების მრავალრიცხოვნობისა (42 მსურველი), ძირითადი ბრძოლა „რეფორმატორ“ ალექსანდრ ბოროვიკსა და მოქმედ მერს, „რეგიონების პარტიის“ ყოფილ წარმომადგენელ გენადი ტრუხანოვს შორის განვითარდა. არჩევნებმა, პრინციპში, მშვიდად ჩაიარა, ალ.ბოროვიკის მომხრეებს რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. არჩევნებში გენადი ტრუხანოვმა გაუიმარჯვა – ხმების 51,33%-ით. ალექსანდრ ბოროვიკმა 24,58% მიიღო.

მართალია, ექს-რეგიონალ გენადი ტრუხანოვის გამარჯვება ბევრმა არალეგიტიმურად ჩათვალა (არჩევნებში მონაწილეობდა ელექტორატის მხოლოდ 46%). მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი არ ელოდა თანაგუნდელის მიერ ასე მცირე ხმების მიღებას. საბოლოო ჯამში შედეგები მაინც დამტკიცდა. ალექსანდრ ბოროვიკმა სასამართლოში ჩივილი დაიწყო, მაგრამ ყველა სასამართლო პროცესი წააგო.

ამრიგად, ოდესაში ფაქტიურად ორხელისუფლებიანობა დამყარდა: ქალაქის მერი გენადი ტრუხანოვი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი. ეს იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისადმი მიყენებული ერთ-ერთი საგრძნობი დარტყმა, რადგანაც როცა ოლქისა და ქალაქის ხელმძღვანელებს შორის უთანხმოება და კონფლიქტი არსებობს, იქ რეფორმების გატარება ძალიან გართულებულია.

მეორე: ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრის აგონია

2015 წლის 16 ოქტომბერს ოდესაში დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრი, რომლის ცერემონიას პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც ესწრებოდა. ეს ცენტრი ქართული „იუსტიციის სახლების“ მოდელის მიხედვით შეიქმნა – ყველანირი ცნობისა და დოკუმენტის ერთ ადგილზე სწრაფად და დაუბრკოლებლად მიღება. სამწუხაროდ, ცენტრი სრული მასშტაბით არ ამუშავებულა, დღეს კი მისი არსებობა საფრთხის წინაშე დგას. საქმე იმაშია, რომ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით უკრაინული „იუსტიციის სახლი“ ნაადრევად, კანონში ცვლილებების შეტანის გარეშე გაიხსნა. ვერხოვნა რადა გუბერნატორს აფრთხილებდა, რომ მოეცადა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ჯიუტად მაინც თავისი გაიტანა. დღეს ცენტრის საქმიანობა არალეგიტიმურია, რადგან კანონში ცვლილებები ჯერაც არ განხორციელებულა. მიხეილ სააკაშვილს იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ იმ შენობის არენდის (დაქირავების) ფასი, რომელშიც ცენტრია მთავსებული, ძალიან ძვირია – თვეში 4 მილიონი გრივნა. ახლაც ეს „არალეგიტიმური“ დაწესებულება ბიუჯეტისაგან თითქმის 10 მილიონ ლარს ითხოვს, მაგრამ ფული არ არის… მოკლედ, სააკაშვილის პირმშოს დახურვა ემუქრება.

მესამე: „მესერული ცუგცვანგი“

„მესერების წინააღმდეგ ბრძოლა“, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა გასულ წელს დაიწყო, ფაქტიურად შეწყვეტილია. გავიხსენოთ, რომ გუბერნატორმა მესერებით შემოფარგლული „კერძო პლაჟების“ მოსახლეობისათვის გამოყენება განიზრახა და ტექნიკის გამოყენებით „ზაბორების“ დანგრევა დაიწყო. მაგრამ ეს ყველაფერი სასამართლოს დადგენილების გარეშე, თვითნებურად ხდებოდა. გუბერნატორი ჯერ ხმაურიან განცხადებებს აკეთებდა, მაგრამ თანდათანობით ყველაფერი მიწყნარდა. მესერების წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია ფაქტიურად შეწყდა. საბოლოო ჯამში კი ძველი მესერების ადგილზე ისევ გაჩნდა ამკრძალავი წარწერები და ბარიერები. მოკლედ, გასული წლის შემოდგომიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებული „მესერების ომზე“ არავის აღარაფერი არ გაუგია.

ახლა კი წარმატებების შესახებ:

პირველი: ოლქის ჩინოვნიკთა რაოდენობის შემცირება

ოდესის საოლქო ადმინისტრაცია საბჭოური სტილით აგებული უზარმაზარი შენობაა, სადაც იოლად შეიძლება დაიკარგო. როცა მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორად დაინიშნა, ადმინისტრაციაში 800-მდე ადამიანი მუშაობდა. მან მოახერხა თანამშრომელთა რაოდენობის 400-მდე შემცირება, რაც, პრინციპში, არასაკმარისია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი მიღწევაა, რადგან მანამდე პერსონალის შემცირება, დაპირებების მიუხედავად, ოდესის ოლქის ვერცერთმა წინა გუბერნატორმა ვერ შეძლო.

მეორე: „უწყებრივი პლაჟების“ გაუქმება

ოლიგარქების პლაჟებთან ბრძოლაში კი დამარცხდა, მაგრმ გუბერნატორმა სახელმწიფო უწყებების კუთვნილი პლაჟების მოსახლეობისადმი დაბრუნებაში წარმატებას მიაღწია. ასე მაგალითად, სააკაშვილის მცდელობით, ოდესის ორი ცენტრალური პლაჟი, რომლებთაგან ერთი „მესაზღვრეებს“, ხოლო მეორე – „უშიშროებას“ ეკუთვნოდა, მოსახლეობას დაუბრუნდა: გუბერნატორმა ორივე ცენტრალური სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელბთან მოილაპარაკა და დღეს იქ ალაყაფის ჭიშკრები აღარ დგას, შესვლა თავისუფალია.

მესამე: „სანავსადგურო ვნებანი“

გასული წლის 23 ივლისს მიხეილ სააკაშვილი, ჟურნალისტების დესანტით, ჩინოვნიკებისათვის მოულოდნელად მივიდა მაშინდელ ილიჩევსკის (ახლა ჩერნომორსკის) ნავსადგურში და პორტის დირექტორის ნახვა მოისურვა, რათა იგი, კორუფციის გამო, დაკავებული თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა. მართალია, დირექტორმა ავადმყოფობა მოიმიზეზა, მაგრამ ის მაინც მოხსნეს. მოგვიანებით გუბერნატორმა განაცხადა, რომ ნავსადგური მოემსახურება მოსახლეობის და არა ოლიგარქთა ინტერესებს.

შედეგები:

მიხეილ სააკაშვილის ყველა მარცხსა და წარმატებას „მეორე მხარეც“ აქვს, ამიტომ ერთმნიშვნელოვნად მათზე საუბარი ძნელია.

ჩავარდნებთან დაკავშირებით: ალექსანდრ ბოროვიკი ოდესის მერი ვერ გახდა, მაგრამ იგი ქალაქის საბჭოს ერთადერთი უპარტიო დეპუტატია და მერ გენადი ტრუხანოვს მწვავედ აკრიტიკებს; ადმინისტრაციული მომსახურების ცენტრი, მართალია, დახურვის პირასაა, მაგრამ მისი მუშაობის სტილს და პრინციპებს დადებითი მნიშვნელობა აქვს; „პლაჟებისა და მესერების ომი“ შეწყდა, მაგრამ შედეგები მეტ-ნაკლებად მაინც პოზიტიურია.

მიღწევებთან დაკავშირებით: საოლქო ადმინისტრაციის პერსონალი შემცირდა, მაგრამ დაპირებულ 50 მუშაკამდე შემცირება მიხეილ სააკაშვილმა ვერ განახორციელა; იგივე პლაჟების საკითხი ჯერ კიდევ ღიაა: თანდათანობით ისევ ხდება სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ტერიტორიების დაკავება; ილიჩევსკის ნავსადგურში ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ კომისია უნდა შექმნილიყო კორუფციის ფაქტების შესასწავლად, მაგრამ დრეს კომისიაზე არავინ აღარ ლაპარაკობს.

პერსპექტივა

უკანასკნელ ხანს მომხდარი მოვლენები ექსპერტებისათვის საკმაოდ გაუგებარ სიტუაციას ქმნის: ისინი ვერ გარკვეულან, საით აქვს კურსი აღებული გუბერნატორს: რჩება ოდესაში თავის თანამდებობაზე, კიევში უნდა გადაბარგდეს თუ თბილისში დაბრუნდეს. ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილი მისი თანამდებობისათვის საკმაოდ არაპროფილურ საქმიანობას ეწევა – ანტიკორუფციულ ფორუმებს ხელმძღვანელობს. თითქოსდა უკრაინის ხელისუფლების მწვერვალებისკენ სურს წასვლა, მაგრამ იმავდროულად აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობა არ უნდა – „ჩემი ამბიციები უფრო მეტიაო“, ამბობს. არსენ იაცენიუკისა და მისი მთავრობის გადადგომის შედეგად ოდესის ოლქის გუბერნატორის პოლიტიკურმა წონამ მნიშვნელოვანად მოიმატა.

ამ დღეები მიხეილ სააკაშვილი ისევ სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა: ბრიტანული გაზეთის „გარდიანისათვის“ მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ისეთი მთავრობა ჩამოაყალიბა, რომელიც რეფორმებზე გაგებაში არ არისო, ხოლო თვით მთავრობის წევრებს „უნიჭო ადამიანების გროვა“ უწოდა. ინტერვიუ რომ გამოქვეყნდა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჩემი ნათქვამი ჟურნალისტმა დაამახინჯაო, თუმცა გაზეთის წინააღმდეგ ჩივილი არ დაუწყია.

კიდევ რამდენიმე ფაქტი გუბერნატორის გაურკვეველ პერსპექტივასთან დაკავშირებით: ამას წინათ უკრაინის გენპროკურორის ექს-მოადგილემ დავით საყვარელიძემ ახალი პარტიის შექმნა გამოაცხადა, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მიხეილ სააკაშვილი იქნება; ამასთან, 24 მაისს მიხეილ სააკაშვილმა ქართული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შემოდგომაზე, როცა საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალები“ გაიმარჯვებენ, იგი საქართველოში დაბრუნდება; 26 მაისს კი უკრაინის პროკურატურამ საოლქო ადმინისტრაციაში ჩხრეკა ჩაატარა, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილმა რიგი მწვავე განცხადებები გააკეთა. პარალელურად მასმედიაში გაჩნდა ინფორმაციები, რომელთა თანახმად, ფონდში „ოდესის კეთილდღეობისათვის“, რომელსაც მ.სააკაშვილის თანამოაზრე თ.ნიშნიანიძე ხელმძღვანელობს, მსხვილი თანხები უკანონოდ ირიცხებოდა, „შენაწირების“ სახით იმ კომპანიებისაგან, რომლებსაც ოდესის საბაჟოში ტვირთების სწრაფი განბაჟება სურდათ.

ეს სკანდალი იმას მოწმობს, რომ კიევში, ხელისუფლების მაღალ ეშელონებში შიდა ბრძოლა მიმდინარეობს… მაგრამ საეჭვოა, რომ უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის ან საერთოდ, უკრაინიდან მისი წასვლის გამო ახალი სკანდალის დაწყება აინტერესებდეს. საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ეს იმის მაუწყებელი იქნება, რომ უკრაიაში რეფორმები საფრთხის ქვეშაა. [კიევისათვის ეს წამგებიანი იქნება, ამიტომ პრეზიდენტი ამას არ დაუშვებს].

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 31 მაისი, 2016 წელი

http://www.amerikiskhma.com/a/georgia-abkhazia-conifa-football-cup/3351756.html

ქართული ავტოგოლი: კანონიოკუპირებული ტერიტორიებისშესახებ არ მუშაობს

ზაზა წულაძე

ნაბაკევი-ხურჩას საზღვარზე, საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას ცინიკური მკვლელობიდან 10 დღის შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, „არაღიარებულ ქვეყნებს” შორის, ფეხბურთში, მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. ამ ეგზოტიკურ ფორუმში, რომელსაც CONIFA (Confederation of Independent Football Associations) ატარებს და FIFA (International Federation of Association Football) არ აღიარებს, უცხოეთის 20-მდე ქვეყნის 600-მდე მოქალაქეა ჩართული.

ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან: შვეიცარიისა და გერმანიის (რეცია), რუმინეთისა და უნგრეთის (სეკეის მხარე, ბოშები), ინდოეთისა და პაკისტანის (პენჯაბი), დიდი ბრიტანეთისა და მავრიკის (ჩაგოსის კუნძულები), იტალიის (პადანია), შვედეთის, ნორვეგიისა და ფინეთის (ლაპლანდია), სომალის (სოლალილენდი), ერაყის (ქურთისტანი), სამხრეთ კორეის, იაპონიის, სომხეთის, თურქეთისა (ჩრდილოეთ კვიპროსი) და რუსეთის მოქალაქეები: ფეხბურთელები, მწვრთნელები, ჟურნალისტები და ფანები.

CONIFA-მ, რომლის პრეზიდენტი შვედეთის მოქალაქე, ეთნიკური საამი, პერ ანდერს ბლინდია, ხოლო ვიცე პრეზიდენტი – აფხაზი დიმიტრი ფაღავა, ტურნირისთვის მსაჯები, რუსეთის მიერ ოკუპირებული – უკრაინის, დონეცკის ოლქიდან მოიწვია.

საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი კახა გოგოლაშვილი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, CONIFA-ს ჩემპიონატის გამართვა პირდაპირ მიუთითებს, რომ საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ უბრალოდ არ მუშაობს.

„ეს კანონი, მთლიანობაში ეფექტურად იმუშავებდა იმ შემთხვევაში თუ იქნებოდა, მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგი მის აღსრულებაზე. მაგრამ, რადგან ეს მონიტორინგი არ არსებობს, მხოლოდ საქართველოს მხრიდან, ამ კანონის მოქმედება ვერანაირად ვერ იქნება უზრუნველყოფილი. მეორე პრობლემაა, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფოში არ არის იმდენად ძლიერი ნება, რომ ხისტი პოზიციით მიუდგნენ ამ საკითხს, მაგალითად, ისე, როგორ სიხისტესაც იჩენს, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი – ყარაბაღის საკითხში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს ეს კანონი მიღებულია უფრო გარეგანი ფორმის დასაცავად, ვიდრე რეალური ეფექტის მისაღებად“.

საქართველოს პარლამენტმა კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ 2008 წლის ოქტომბრის ბოლოს, რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე მიიღო. კანონის მიხედვით, ოკუპირებულ აფხაზეთში, უცხო ქვეყნის მოქალაქეს შესვლა მხოლოდ ზუგდიდის მხრიდან შეუძლია. თუ პირი ოკუპაციის ზონაში სხვა ადგილიდან მოხვდა, მაშინ მას ადმინისტრაციული ჯარიმა ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ელოდება ვადით – 2-დან 4 წლამდე. დანაშაულის განმეორების შემთხვევაში კი უკვე 3-დან 5 წლამდე პატიმრობა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2009-2015 წლებში, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ჯამში, 350 უცხოეთის მოქალაქე იქნა დაკავებული. ყველაზე მეტი – 88 დამრღვევი – 2009 წელს იქნა გამოვლენილი; ყველაზე ცოტა – 17 კი 2015 წელს. აქედან მხოლოდ მცირე ნაწილი მოხვდა საპატიმროში, უმრავლესობას კი 400 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.

2016 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის მხოლოდ 4 შემთხვევაა გამოვლენილი. ეს მაშინ, როცა 2015 წელს ოკუპირებული აფხაზეთი 500 ათასიდან მილიონამდე ტურისტმა მოინახულა, წელს კი ამ მაჩვენებლის კიდევ 30 პროცენტით გაზრდას ელოდებიან.

ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ ამ სტატისტიკის შემცირების ტენდენცია ოკუპაციის კანონის შერბილების კამპანიამ და უამრავი გამონაკლისის დაშვებამ განაპირობა, როცა კანონის დამრღვევები, საქართველოს სხვა ტერიტორიებზე უპრობლემოდ შეუშვეს. კახა გოგოლაშვილი ამ მდგომარეობას უაღრესად სახიფათოს უწოდებს:

„ასეთი გამონაკლისებით დაიწყო ყველაფერი, როცა იგივე რუსი ექსპერტები, პოლიტიკოსები, ევროპელი ექსპერტები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ა.შ, რომლებიც შედიოდნენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩვენი კანონმდებლობის დარღვევით და მათ მიმართ, გამონაკლისი მაინც გაკეთდა. ამან ყველაფერმა, თავისთავად გამოიწვია კანონის „ეროზია“, ძალიან ბევრი გამონაკლისი როცა კეთდება, ეს კანონს უბრალოდ აკნინებს. ამასთან, აშკარაა რომ ჩვენი მთავრობა ბოლო წლებია ამ მიმართულებით იჩენს გარკვეულ სირბილეს, რაც თავისთავად სახიფათოა, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენი ტიტულები აფხაზეთის ფლობისა ფერმკრთალდება, იმის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, იქ ეფექტურ მმართველობას ახორციელებს ოკუპანტი ძალები, ტარდება დიდი ტურნირები, შედიან და გამოდიან ტურისტები, მიდის ვაჭრობა..

საერთაშორისო სამართლით კი, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, რომელი ხელისუფლებაც ახორციელებს მოცემულ ტერიტორიაზე ეფექტურ მმართველობას, მიუხედავად ოკუპაციისა, მიტაცებისა, საბოლოო ჯამში, სწორედ მას უკანონდება ეს ტერიტორია. ამიტომ, ეს ძალიან სახიფათო მდგომარეობაა“.

საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთი, სამწუხარო გამონაკლისის დაშვება ივლისის დასაწყისში, თბილისში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მოუწევს, რომელსაც რუსეთის დელეგაციაც უნდა დაესწროს. იმ ქვეყნის დელეგაცია, რომელიც დღემდე კატეგორიულად მოითხოვს, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას.

ეუთოში რუსული დელეგაციის წევრების უმრავლეობას არაერთხელ აქვთ დარღვეული, ოკუპაციის კანონი და ყველა წესით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაარწმუნა, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ისე მოსკოვი, რომ რუს დეპუტატებს თბილისში პრობლემებს არ შეუქმნიან.

“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის სტატისტიკა 2009-2015 წლებში: 2009 წელს – 88 დარღვევა, 2010 – 83, 2011 – 55, 2012 – 26, 2013 – 45, 2014 – 36, 2015 – 17, 2016 – 4 დარღვევა (იანვარ-აპრილის მდგომარეობით).

———–

აფხაზეთში დაწყებული ჩემპიონატის შესახებ ვრცელი რეპორტაჟი გამოქვეყნდა აგრეთვე ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაცია «ABC News»-ის მიერ (ავტორი – ალ ჰარდი, იგი სოხუმში იმყოფება), რომელშიც გადმოცემულია სპორტული ტურნირის მონაწილეების პოზიტიური შთაბეჭდილებები, განსაკუთრებით კუნძულ ჩაგოსიდან, რომელიც ინდოეთის ოკეანეში არასებულ ბრიტანეთის სამფლობელოს წარმოადგენს (წყარო: http://www.abc.net.au/news/2016-05-31/confia-world-cup-kicks-off-in-abkhazia/7460564). სტატია გამოქვეყნდა ამერიკული ჟურნალ «Time»-ს ვებ-გვერდზეც (ავტორი – რიში იენგარი). წყარო: http://time.com/4351589/world-cup-conifa-soccer-abhkazia-unrecognized-states/).

Comments are closed