globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 31 მაისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on May 31st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The New York Times» (აშშ): განა ნატო გაფართოებით თავის მიზნებს მიაღწევს? // რას მოუტანს ალიანსს თავის რიგებში საქართველოსა და უკრაინის მიწვევა?

«EurasiaNet» (აშშ): როცა საქართველოს პრემიერი-მინისტრი ვაშინგტონში ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ლაპარაკობდა, თეთრი სახლის კულისებში ბიუჯეტის იმ პროექტს ამზადებდნენ, რომლითაც საქართველოს დახმარება უმცირდებოდა

«Azeri.Today» (აზერბაიჯანი): ინტერვიუ გიორგი კუნაძესთან: დასცინა თუ არა რუსეთმა საქართველოს სამხრეთ ოსეთში ელჩად მარატ კულახმეტოვის დანიშვნით?

—————–

«The New York Times» (აშშ), 25 მაისი, 2017 წელი

https://www.nytimes.com/2017/05/25/opinion/nato-russia-donald-trump.html?_r=1

განა ნატო გაფართოებით თავის მიზნებს მიაღწევს?

რას მოუტანს ალიანსს თავის რიგებში საქართველოსა და უკრაინის მიწვევა?

„იმ მრავალრიცხოვან დაპირებებს შორის, რომლებიც დონალდ ტრამპმა თავისი საარჩევნო კაპმანიის დროს გააჟღერა, არის ერთი, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს – რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება“, – წერს გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჩარლზ კუპჩანი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, რომელიც აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოში 2014 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა.

„ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული უთანხმოება, რომელიც ბოლო ხანებში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევით და სირიის საკითხში აზრთა სხვადასხვაობით ღვივდება, საფრთხის ქვეშ აყენებს ამერიკის ინტერესებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და სხვა რეგიონებში“, – აღნიშნავს ჩარლზ კუპჩანი.

დონალდ ტრამპმა ან ორიოდე დღის წინათ ბრიუსელში გამართულ სამიტზე ისარგებლა მომენტით და თავის გამოსვლაში ნატოს წევრები გააკრიტიკა – ალიანსის ხარჯები და დატვირთვები თანასწორად გადაინაწილეთო. არადა, იგი უფრო შორს უნდა წასულიყო კრიტიკის თვალსაზრისით და სერიოზულად დაეყენებინა [ევროპელი პარტნიორების წინაშე] კრემლთან კავშირების აღდგენის საკითხი, ასევე მოეწოდებინა მათთვის, რომ შეწყდეს ნატოს გაფართოებაო. მოსკოვი საფრთხეს ხედავს ნატოს გაფართოებაში და შეშფოთებულია ალიანსის შეჭრით რუსეთის ტრადიციული გავლენის სფეროში, რაც ხელს უწყობს კონფრონტაციულ ნაბიჯებს კრემლის საგარეო პოლიტიკაში და დასავლეთთან მტრობის განახლებას, – აღნიშნავს ავტორი, – „მართლაცდა, რუსეთმა ისარგებლა სიტუაციით და 2008 წელს საქართველოს ნაწილები მიიტაცა, 2014 წელს კი უკრაინის ნაწილი, რითაც ამ ორივე ქვეყნის ნატოსთან ინტეგრირება მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა.

ის, რომ ნატომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს კარი გაუღო, სავსებით გასაგებია. ისინი მრავალი წლის განმავლობაში მოსკოვის ზეწოლას განიცდიდნენ. შესაბამისად, დასავლეთს მორალური და სტრატეგიული ვალდებულება ჰქონდა ისინი დემოკრატიული სახელმწიფოების ჩრდილოატლანტიკური თანამეგობრობის რიგებში მიეღო. ეს ბუნებრივია, მაგრამ რუსეთის რეაქციაც გასაგებია: განა ამერიკის შეერთებული შტატები გულხელდაკრეფილი იჯდებოდა, რუსეთს რომ კანადასთან ან მექსიკასთან სამხედრო კავშირი გაეფორმებინა და თავისი ჯარი შეეყვანა ამ ქვეყნებში? ნატოსათვის აღმოსავლეთით შემდგომი გაფართოება, ანუ თავის რიგებში საქართველოსა და უკრაინის მიწვევა, როგორც მათ ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე აღუთქვა, [მისივე] სტრატეგიული განადგურების რეცეპტია.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, თავისი საზღვრების ხელოვნურად მონიშვნის ნაცვლად, შეიძლებოდა ორიენტირი ბუნებრივ საზღვრებზე აეღო. ასეთ საზღვრად ბალკანეთი ითვლება. თუმცა, სანამ ახალი წევრებისათვის კარს დახურავდეს, ნატომ უნდა დაასრულოს ინტეგრაციის პროცესი ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებთან, მათი მდგომარეობის ნატოს სტანდარტებთან  შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ხორვატეთი და სლოვენეთი უკვე ნატოს სრულუფლებიანი წევრები არიან, მაგრამ ჩერნოგორიასთან მიმართებით ჯერ კიდევ სამუშაოებია ჩასატარებელი. მოსალოდნელია, რომ ნატოს წევრობას მოისურვებენ ბოსნია, მაკედონია, კოსოვო… აი, აქ უნდა იყოს ნატოს გაფართოების შეჩერების ლოგიკური ადგილი. ბალკანეთი რუსეთის საზღვრებიდან დაახლოებით 1000 კილომეტრზე მდებარეობს, შესაბამისად, ამით მინიმიზებული იქნება ის „ტკივილი“, რაც მოსკოვს ჩამოთვლილი ქვეყნების ნატოში მიღება მოუტანს“, – წერს ავტორი და იქვე ხაზს უსვამს: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი მუდმივად ღია უნდა იყოს ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც ჯერ-ჯერობით ნეიტრალური ქვეყნების სტატუსი აქვთ, მაგალითად, ავსტრია, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი. ეს ქვეყნები თითქმის სრულად არიან ინტეგრირებულნი ნატოს წევრებთან, იზიარებენ ნატოს იდეებს, მოკავშირეების როლს ასრულებენ, სტრატეგიული მდებარეობა გააჩნიათ და ალიანსს დიდ სამხედრო პოტენციალს შემატებენ. მოკლედ, თუ იქაური ამომრჩეველი გადაწყვეტს, ისინი ნატოში უნდა იქნენ მიღებულნი.

ნატო არ უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც რუსეთთან ახლოს, ღრმა პერიფერიაში იმყოფებიან და ამიტომ მათი დაცვა რთულია. გასაგებია, რომ დემოკრატიულ საქართველოს და უკრაინას სურთ დასავლეთის სტრუქტურებში ინტეგრირება. შესაძლოა ისინი იმსახურებენ კიდეც ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ… ნატომ საკუთარ თავს არარეალური ვალდებულების აღების ნება არ უნდა მისცეს – ისეთისა, რომლის შეუსრულებლობა მისსავე ავტორიტეტს დააზარალებდა და ეჭვს შეიტანდა.

რასაკვირველია, ნატოს ღია კარის საჯარო დახურვა საქართველოსა და უკრაინისათვის, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ისინი რუსეთის სტრატეგიულ „რუხ“ ზონაში დარჩებიან. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათი ნატოში გაწევრიანების იმედები ხელს უწყობს და აქეზებს რუსეთის ჩარევას მათივე დასავლური კურსის წინააღმდეგ. მათ ეს ყველაფერი უნდა ავუხსნათ. შეიძლება მოიძებნოს ისეთი ალტერნატივა, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის უკანდახევას. იმავდროულად, რა თქმა უნდა, დასავლეთი გააგრძელებს ამ ქვეყნების დახმარებას პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმების გატარებაში.

მოსკოვმაც, ცხადია, საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგალითად, მზადყოფნა გამოავლინოს უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შესაწყვეტად. „რუსი ლიდერები ბორის ელცინი და ვლადიმირ პუტინი სისტემატურად აბრალებდნენ ნატოს, რომ რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა თითქოსდა მხოლოდ ალიანსის მიზეზით გაუარესდა. მოდით, გამოვცადოთ მოსკოვი“, – წერს ავტორი პუბლიკაციის დასასრულს.

«EurasiaNet» (აშშ), 30 მაისი, 2017 წელი

http://www.eurasianet.org/node/83741

როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ლაპარაკობდა, თეთრი სახლის კულისებში ბიუჯეტის ისეთ პროექტს ამზადებდნენ, რომლითაც საქართველოს დახმარება უმცირდებოდა

ჯოშუა კუჩერა

(შემოკლებით)

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ვაშინგტონური შეხვედრები აშშ-ის პრეზიდენტთან, ჩინოვნიკებთან და კონგრესმენებთან წარმოდგენილი იქნა როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერის დადასტურება საქართველოსადმი. „ჩვენ მივიღეთ გარანტიები აშშ-საგან პარტნიორობის ყველა მიმართულებით. ამერიკა როგორც საქართველოს მსხვილი სტრატეგიული პარტნიორი, გააგრძელებს ჩვენდამი მხარდაჭერას და ურთიერთობები მხოლოდ განმტკიცდება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, თუმცა, როცა იგი ამას ამბობდა, თეთრი სახლის კულისებში ისეთი ბიუჯეტი მზადდებოდა, რომელიც საქართველოსთან პარტნიორობის ხარჯებს ორჯერ და უფრო მეტად ამცირებდა.

გამოქვეყნებული საბიუჯეტო დოკუმენტების მიხედვით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამების დაფინანსება საქართველოში მიმდინარე წლის 80,6 მილიონი დოლარიდან 34,1 მილიონ დოლარამდე მცირდება (2018 წელს). ჩამოჭრილი იქნება თითქმის მთელი სამხედრო დახმარება. პროგრამის „სამართლიანი და დემოკრატიული მართვის“ დაფინანსება მცირდება 60%-ით, ხოლო „ეკონომიკური ზრდის“ პროგრამისა – 37%-ით.

რასაკვირველია, დაფინანსების შემცირება მხოლოდ საქართველოზე არ ვრცელდება. თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ბიუჯეტი დამტკიცდება, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისადმი ხარჯები ნახევარზე მეტად შემცირდება – 2218, 1 მილიონი დოლარიდან 2016 წელს 93,1 მილიონამდე 2018 წელს. „ეს ცუდია რეგიონისათვის და ცუდია აშშ-ის ურთიერთობისათვის რეგიონთან“, – ამბობს სტატიის ავტორთან საუბარში პოლ სტრონსკი, რომელიც ადრე თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობდა, ახლა კი კარნეგის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია, – რუსეთი და ჩინეთი კავკასიისადმი მეტ ყურადღებას იჩენენ, ჩვენ კი, როგორც ჩანს, იქიდან უკან ვიხევთ“.

2016 წელს საქართველო რეგიონში აშშ-ის სამხედრო დახმარების ყველაზე მსხვილი მიმღები იყო (სახელმწიფო დეპარტამენტის ხაზით – 30 მილიონი დოლარი). 2018 წლისთვის ეს თანხა… ნოლამდე უნდა შემცირდეს. „ბუნებრივია, თანხების ჩამოჭრა კარგი არაა, განსაკუთრებით როცა ეს ორმხრივ სამხედრო პროგრამებს ეხება და მით უმეტეს მაშინ, როცა [ჩამოიჭრილი] თანხები სხვა დახმარებებით არ კომპენსირდება“, – ამბობს ბათუ ქუთელია, რომელიც ადრე  ელჩი იყო აშშ-ში, ახლა კი საქართველოს ატლანტიური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის პოსტი უკავია.

პოლ სტრონსკის თქმით, აშშ-ის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი აშკარად ასახავს იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რეგიონის მიმართ ინტერესი არ აქვს: „ვფიქრობ, თეთრი სახლი მაინცდამაინც განსაკუთრებულ სტრატეგიულ აზროვნების დემონსტრირებას არ ახდენს [სამხრეთ კავკასიის] რეგიონის მიმართ. ახალი ადმინისტრაცია ჯერაც ვერ გარკვეულა თავის საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებში, განსაკუთრებით რუსეთის მიმართ. არადა, სწორედ რუსეთზე იქნება დამოკიდებული აშშ-ის პოლიტიკა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მიმართულებით. როცა ჩვენ გავიგებთ, როგორი იქნება პოლიტიკა ჩინეთთან, ავღანეთთან, ირანთან და რუსეთთან, ალბათ მაშინ გვექნება კავკასიის რეგიონის პოლიტიკაზე წარმოდგენა“, -  ამბობს პოლ სტრონსკი.

«Azeri.Today» (აზერბაიჯანი), 30 მაისი, 2017 წელი

https://azeri.today/articles/5441/

ინტერვიუ გიორგი კუნაძესთან: დასცინა თუ არა რუსეთმა საქართველოს სამხრეთ ოსეთში ელჩად მარატ კულახმეტოვის დანიშვნით?

აზერბაიჯანული გამოცემის Azeri.Today-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტმა რუსლან ისმაილოვმა ინტერვიუ ჩამოართვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი კუნაძეს, რომელმაც, სხვა საკითხებთან ერთად, სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩის დანიშვნაზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რუსეთის ხელისუფლება, რომელიც საქართველოსთან „კეთილმეზობლობისა“ და მასთან  დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის იდეით გამოდის, მიუხედავად ამისა, მოსკოვმა სამხრეთ ოსეთში „ელჩად“ მარატ კულახმეტოვი დანიშნა. დასცინის თუ არა რუსეთი საქართველოს „ელჩის“ დანიშვნით თუ ამ ფაქტში რაღაც სხვა აზრია ჩადებული?

- რუსეთის მთავრობას, ალბათ, იმედი აქვს, რომ საქართველოსთან  „კეთილმეზობლური“ ურთიერთობა თბილისის მიერ არსებული სტატუს-კვოს აღიარებით აღდგება, მაგრამ თანახმაა თუ არა ამაზე თბილისი? არ ვიცი. რაც შეეხება მარატ კულახმეტოვს, რომელიც 2004-2008 წლებში ე.წ. სამშვიდობო ძალებს მეთაურობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, მე მის „ელჩად“ დანიშვნას საქართველოსადმი დაცინვად არ მივიჩნევ. მოდით, მოვლენებს თავისი სახელები ვუწოდოთ: მარატ კულახმეტოვი დაინიშნა მარიონეტული „სახელმწიფოს“ სამხედრო გუბერნატორად.

Comments are closed