globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 31 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 31st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ინტერვიუ დენიელ კოჩისთან: „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის ოკუპაცია უნდა დაგმოს“

«Независимая газета» (რუსეთი): საქართველოში ნატოს სამხედრო წრთვნები რუსეთს აღიზიანებს // თბილისის ახლოს „აბრამსები“ და „სტრაიკერები“ გამოჩნდნენ

«Առավոs//არავოტი» (სომხეთი): სომხეთი ნატოს წრთვნებში მონაწილეობს, აზერბაიჯანი – არა. რატომ? // „ჯავახკელი სომხები ყოველთვის იყვნენ კანონმორჩილნი და საქართველოს ღირსეული მოქალაქეები“

«Tages Anzeiger» (შვეიცარია): თბილისი: უსაშველობის ქალაქ-მუზეუმი

«Азербайджанские известия» (აზერბაიჯანი): ინტერვიუ ფარიდ ალეკპერლისთან: „აზერბაიჯანელი ხალხის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი ყივჩაღებმაც შეიტანეს“ // „ყივჩაღები ბორჩალოსა და გაზახში ცხოვრობდნენ“

«Радио Эхо Москвы» (რუსეთი): მოვლენის არსი: რატომ ჩამოართვეს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა // ახლოვდება უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები. მიხეილ სააკაშვილი პოპულარობის მიხედვით პეტრო პოროშენკოს მთავარი კონკურენტია“

—————-

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 30 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/daniel-kochis-on-vp-visit-to-georgia/3964747.html

ინტერვიუ დენიელ კოჩისთან: „აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის ოკუპაცია უნდა დაგმოს

ანა კალანდაძე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე საქართველოში, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის დღევანდელობასა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ აშშ-ს როლზე „ამერიკის ხმა“ ვაშინგტონში მდებარე ჰერითიჯის ფონდის მარგარეტ თეტჩერის თავისუფლების ცენტრის ევროპის პოლიტიკის სპეციალისტს დენიელ კოჩისს ესაუბრა:

- რას ნიშნავს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის და რა გზავნილს მიიღებს რუსეთი?

- ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ევროპული ტურნეს, განსაკუთრებით ვარშავის „სამი ზღვის ინიციატივის სამიტის“ მნიშვნელოვანი გაგრძელებაა. ამჯერად ვიცე-პრეზიდენტი ბალტიის, ადრიატიკისა და შავი ზღვის რეგიონების მოკავშირეებთან ჩადის. გზავნილი კი ის არის, რომ აშშ გულშემატკივრობს ამ ქვეყნებს, სურს მათი გაძლიერება და მათი მიტოვება არცკი უფიქრია. რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ აშშ ამ ქვეყნების გრძელვადიანი განვითარებითაა დაინტერესებული და რუსეთის გამო აღნიშნულ სახელმწიფოთა ინტერესების დათმობას არ აპირებს.

- საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე რას გვეტყვით? როგორ აფასებთ თბილისისა და ვაშინგტონის ურთიერთობის ხარისხს?

- საქართველო აშშ-ის ძლიერი მოკავშირეა. თანამშრომლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დაიწყო და სხვადასხვა მთავრობების მიერ ქვეყანაში ეკონომიკის ლიბერალიზაციითა და დემოკრატიის ხელშეწყობით გაძლიერდა. აშშ-საქართველოს ურთიერთობის კიდევ ერთი მონაპოვარი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაა: საქართველო ნატოს სამშვიდობო მისიების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის გარდა, ის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ერთობლივ წვრთნებს („ღირსეული პარტნიორი“) ატარებს. საქართველო გულმოდგინედ აგრძელებს სვლას ნატოსა და ევროკავშირისაკენ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უნდა განაცხადოს, რომ ამერიკა მის ძალისხმევას მხარს უჭერს და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში დაეხმარება. თავის მხრივ, საქართველომ ინტეგრაციისკენ სვლა უნდა გააგრძელოს.

- რა საგრძნობ შედეგს ელოდებით ვიცე-პრეზიდენტის ევროპული ვიზიტისაგან?

- ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მოუწოდებს, რომ მან ნატოში გაწევრიანებისათვის ძალისხმევა არ დაიშუროს. ასევე, ვიცე-პრეზიდენტმა რეგიონში რუსეთის ქმედებებს თავის სახელი უნდა დაარქვას და თქვას, რომ ესაა უცხო ქვეყნის ოკუპაცია. და ბოლოს, ვისურვებდი, რომ დაიწყოს საუბარი, უკრაინის მსგავსად, საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე, რადგან საქართველო რუსეთის უკანონო ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს.

- რა რეაქცია ექნება რუსეთს რეგიონში ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე?

- ვფიქრობ, მოსკოვში უნდა გაიგონ, რომ აშშ ბალკანელ, ბალტიისპირელ და ქართველ მეგობრებთან აქტიურად ურთიერთობს. პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ამ ადმინისტრაციის მუშაობის ხანმოკლე პერიოდში დაამტკიცეს, რომ მათ საამისო პოლიტიკური ნება გააჩნიათ. აშშ ევროპასთან ურთიერთობას ააქტიურებს ისეთი ხარისისხით, რაც ათ წელზე მეტია, არ გვინახავს. ვგულისხმობ საბიუჯეტო ინიციატივებს, ჯარების გადაადგილებასა თუ ერთობლივ წვრთნებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აშშ მზადაა, მოკავშირეებს გვერდში დაუდგეს და მათი ინტერესები დაიცვას.

- 8 აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომის მეცხრე წლისთავი აღინიშნება. იმ დროს აშშ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი რომ ყოფილიყო, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავება უკრაინაში?

- გეთანხმებით, მაშინ ამერიკა რუსეთის მყისიერი აგრესიით სახტად დარჩა. რუსეთის მიმართ საკმარისი სიმკაცრე ვერ გამოვიჩინეთ. იმ მოვლენებიდან ბევრი არც არაფერი ვისწავლეთ. რუსეთმა კი რამდენიმე წელიწადში ანალოგიური რამ გაიმეორა ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში. აშშ-მ მკაცრად უნდა დაგმოს რუსეთის ქმედებები, შეეწინააღმდეგოს რუსეთის აგრესიას და ეცადოს, თავიდან აიცილოს მისი მომავალი თავდასხმები. კონგრესის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციები ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.

- რადგან სანქციები ახსენეთ, რა უნდა გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა სანქციების გარდა, რათა მომავალში რუსეთის დესტრუქციული ქმედებები გამორიცხოს?

- კონგრესის ბოლო სანქციები რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ქმედებებით იყო შთაგონებული, თუმცა ნათელია, რომ ყველაფერი საქართველოზე თავდასხმით დაიწყო. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს რუსეთის ძირგამომთხრელი ნაბიჯების, მათ შორის, პროპაგანდის დაგმობა და დაეხმაროს ჟურნალისტებს ყალბი ცნობების გამოაშკარავებაში.

- როგორი იქნება ევროპელთა რეაქცია მკაცრ ამერიკულ სანქციებზე რუსეთის წინააღმდეგ?

- სხვათა შორის, რუსეთი გაკვირვებული იყო, თუ რამდენ ხანს გაძლო ევროკავშირის სოლიდარობამ. მოსალოდნელია, რომ აზრთა ძირითადი განსხვავებები ენერგო სფერო საკითხში იქნება, თუმცა ძირითადად შეერთებული შტატები და ევროპა მხარდამხარ მივდივართ.

«Независимая газета» (რუსეთი), 31 ივლისი, 2017 წელი

http://www.ng.ru/cis/2017-07-31/5_7040_georgia.html

საქართველოში ნატოს სამხედრო წრთვნები რუსეთს აღიზიანებს

თბილისის ახლოს „აბრამსები“ და „სტრაიკერები“ გამოჩნდნენ

„დღეს საქართველოში მსხვილმაშტაბიანი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი – 2017“ იწყება, რომელშიც ნატოს ქვეყნების სამი ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. წრთვნებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც დაესწრება“, – ნათქვამია სტატიაში, რომელშიც გადმოცემულია „ღირსეული პარტნიორი – 2017“-ის მნიშვნელობა საქართველოსთვის, სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის და ნაჩვენებია რუსეთის რეაქცია (ავტორი – იური როქსი).

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მიზანი სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში უნარ–ჩვევების გაუმჯობესება, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდა, ნატოს რეაგირების ძალების (NRF) საწვრთვნელი შესაძლებლობის განვითარება და თანამშრომლობის გაღრმავება NRF-ში მონაწილე ქვეყნებს შორის, ასევე ლოგისტიკური დაგეგმვისა და აღსრულების პროცედურების დახვეწაა. სწავლების სცენარი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება…“. სწავლებებში პირველად არის წარმოდგენილი გერმანული და ამერიკული წარმოების მძიმე ტექნიკა – ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი’ და „სტრაიკერი“, აგრეთვე ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსიორი“ და ამერიკული „ს-130“ ტიპის თვითმფრინავი. ეს ტექნიკა შავი ზღვით ფოთში გადმოიტვირთა და შემდეგ თავისი სვლით გაიარა გზა თბილისთან მდებარე ნორიოს საწრთვნელ ბაზამდე.

საქართველოს ხელისუფლება დადებით ემოციებს არ მალავს. სამხედრო წრთვნებზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დასწრება ვაშინგტონის მიერ საქართველოს მიმართ მხარდაჭერის დადასტურებას წარმოადგენს: პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც მაიკ პენსი აშშ-ში ამას წინანდელი ვიზიტის დროს გაიცნო, დიდი იმედი აქვს, რომ სამხედრო წრთვნების სედეგად აშშ-ისა და საქართველოს კოტაქტები კიდევ უფრო გამყარდება.

ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოსადმი რუსეთის მიერ „მცოცავი ოკუპაციის“ პირობებში („მცოცავი ოკუპაცია“, თბილისის აზრით, სამხრეთ ოსეთში რუსი მესაზღვრეების მიერ განხორციელებული ბორდერიზაციაა), საქართველოსთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. და ალბათ, აზერბაიჯანისთვისაც: საზღვრის გატარების ბოლო სამუშაოების დროს სამხრეთ ოსეთის მხარეს აღმოჩნდა ბაქო-სუფსას ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთი. ამ მილსადენით აზერბაიჯანის საბადო „ჩირაგიდან“ ნედლი ნავთობი გადაიტვირთება და მისი დემონტაჟი ჯერ კიდევ წლების წინ უნდა მომხდარიყო, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ექსპლოატაციაში შეყვანის შემდეგ. მაგრამ საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც ნავთობ-გაზის მიმართ „სისუსტეს“ ამჟღავნებდა, თავისი აზერბაიჯანელი კოლეგა ჰეიდარ ალიევი დაიყოლია, რომ „პატარა მილსადენი“ დაეტოვებინა. რასაკვირველია, ჰეიდარმა მეგობარ ედუარდს არ აწყენინა. ახლა კი გამორიცხული არაა, რომ ბაქო-სუფსას ნავთობსადენის მიმართ ცვლილებები მომწიფდა.

თავი რომ დავანებოთ მილსადენს, უიმისოდაც მაიკ პენსის ვიზიტს საქართველოში ისტორიულად აფასებენ – რეალიები ისეთია, რომ თბილისში ყოველი ამერიკელი ჩინოვნიკის ვიზიტი უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღიქმება. მით უმეტეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, თანაც მოსკოვთან მაქსიმალურად ხისტი ურთიერთობის მომხრე მაიკ პენსის ვიზიტი!

„ღირსეულ პარტნიორში“ მონაწილეთა შორის ყურადღებას იქცევს სომხეთი, რომელიც რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა და აზერბაიჯანის არყოფნა. ბაქოელმა ანალიტიკოსმა უზეირ ჯაფაროვმა ვარაუდი გამოთქვა, რომ სწორედ სომხეთის მონაწილეობის გამო თქვა უარი აზერბაიჯანმა, თუმცა მისმა ამერიკელმა კოლეგამ ჯოშუა კუჩერამ ეს ვარაუდი ეჭვქვეშ დააყენა: ჯოშუა კუჩერა წერს, რომ აზერბაიჯანმა თვითონ გადაწყვიტა ღავი შეეკავებინა წრთვნებში მონაწილეობისაგან და სომხეთი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. იყო ადრეც სწავლებები, რომლებშიც სომხეთი და აზერბაიჯანი ერთად მონაწილეობდნენ, მაგალითად, Saber Guardian-ში. რაც შეეხება ერევნის კონტაქტებს ნატოსთან, რასაც მოსკოვი ტრადიციულად სიფრთხილით ეკიდება, ამის თაობაზე სომხეთის თავდაცვის მინისტრმა ვიგენ სარქისიანმა განაცხადა, რომ ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია გულწრფელობა გამოამჟღავნო, ვიდრე ვინმეს ეშმაკობაში აჯობო: „სომხეთი ღიად თამაშობს. ჩვენ ნატოს რიგ პროგრამებში ვმონაწილეობთ. გავიხსენოთ, რომ ალიანსის პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა იყო ჩართული, რუსეთის ჩათვლით. დღეს სომხეთს საინტერესო კონტაქტები აქვს ნატოსთან სხვადასხვა სფეროში – სამხედრო განათლებაში, სამხედრო მედიცინაში, მშვიდობის დაცვაში… ამ საკითხებში ჩვენ არანაირი საიდუმლოება არ გვაქვს““, – აღნიშნა ვიგენ სარქისიანმა და ამით განმარტა, თუ რატომ არ დაზარალდება ერევან-მოსკოვის ურთიერთობა სომხეთის „ღირსეულ პარტნიორობა – 2017“-ში მონაწილეობით.

სხვათა შორის, რუსეთის რეაქცია, ზოგიერთი საინფორმაციო რესურსის მონაცემებით, აფხაზეთში სამხედრო ტექნიკისა და ჯარების კონცენტრაციაში გამოიხატება: ამბობენ, რომ ნაწილობრივ აღიარებულ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უახლესი რუსული ჯავშანტექნიკა გამოჩნდა, საქართველოს კიდევ ერთ ექს-ავტონომიაში – სამხრეთ ოსეთში კი რუს სამხედრო მოსამსახურეების აქტიური ლოკალური მანევრები მიმდინარეობს.

«Առավոs//არავოტი» (სომხეთი), 30 ივლისი, 2017 წელი

http://ru.aravot.am/2017/07/30/246872/

სომხეთი ნატოს წრთვნებში მონაწილეობს, აზერბაიჯანი – არა. რატომ?

„ჯავახკელი სომხები ყოველთვის იყვნენ კანონმორჩილნი და საქართველოს ღირსეული მოქალაქეები“

„საქართველოში სტარტს იღებს ნატოს მესამე ყოველწლიური სამხედრო წრთვნები კოდური სახელწოდებით „ღირსეული პარტნიორი – 2017“, რომელშიც, სხვა სახელმწიფოებტან ერთად, სომხეთიც მონაწილეობს. ჩვენი გაზეთის კორესპონდენტს ლუიზა სარქისიანს ესაუბრება საინფორმაციო რესურს „ახალქალაქის“ მთ.რედაქტორი, ორგანიზაციის „სამცხე-ჯავახეთის ანალიტიკური მედიაცენტრის“ ხელმძღვანელი ედუარდ აივაზიანი.

- ქართული და საერთაშორისო მასმედია ნატოს სამხედრო სწავლებას „ღირსეულ პარტნიორს“ ისტორიულ მოვლენად აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ ამით კიდევ უფრო რრმავდება საქართველოს ურთიერთობა დასავლეთთან და დადებით გავლენას ახდენს სამხრეტ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე. როგორია თქვენი თვალსაზრისი?

- რასაკვირველია, მე ვეთანხმები იმ შეფასებებს, რომ ეს სწავლება დადებით გავლენას მოახდენს და ხელს შეუწყობს საქართველო ნატოს ურთიერთობის გაფართოებას. საქართველომ თავისი ბებდი დიდი ხანია ნატოს დაუკავშირა და ამ თვალსაზრისით, „ღირსეულ პარტნიორს“ მართლაც ისტორიული მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ განსაზღვრული დროის შემდეგ საქართველო ნატოს სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება. მჯერა, რომ ალიანსში გაწევრიანების სასტარტო პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება. ეს სწავლებაც, ზოგიერთების პოზიციის მიუხედავად, იმის დადასტურებაა, თუ რაოდენ ახლოა საქართველო ნატოსთან.

- თქვენი აზრით, რომელი საფრთხეების გათვალისწინებით მოახდინა ნატომ ამ სწავლების ინიცირება და მასში 8 სახელმწიფოს ჩართვა?

- დღეს საფრთხეები უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე. ეს ეხება როგორც ტექრორისტების აქტიურობას სირიასა და ერაყში, ასევე რუსეთისა და აზერბაიჯანის აგრესიულ მოქმედებას თავიანთი მეზობლების მიმართ, რაც ჩვენს რეგიონს დიდ დესტაბილიზებას უქადის. მაგალიტად, ქართულ პრესაში ყოველდღიურად ვკითხულობთ, თუ როგორ სწევენ საზღვრებს რუსი სამხედრო მოსამსახურეები და საქართველოს სიღრმეში სოლივით იჭრებიან, ანდა თუ როგორ აწვდის იგივე რუსეთი შემტევ იარაღს აზერბაიჯანს… დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი საფრთხეების გათვალისწინებით ატარებს ნატო საქართველოში სწავლებებს, რათა აჩვენოს – ჩრდილოატლანტიკური ალიანსი გულგრილად არ არის განწყობილი საქართველოს, უკრაინის და სომხეთის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის მიმართ.

- ძალზე ნიშანდობლივია, რომ ამ წრთვნებში მონაწილეობენ უკრაინა და სომხეთიც, რომლებიც ნატოს არაწევრები, მაგრამ პარტნიორები არიან. აზერბაიჯანს კი ვერ ვხედავთ. რას მოქმობს ეს ყველაფერი?

- თქვენ საქართველო გამოგრჩათ და არ გიხსენებიათ. საქართველოს ნატოს წევრი არ არის, მაგრამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ არაწევრ ქვეყნებთან შედარებით, ის ყველაზე ახლოს დგას ნატოსთან. თუ რატომ არ მონაწილეობს აზერბაიჯანი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი – აზერბაიჯანი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა და უფრო მეტიც, ბაქო ტოტალურად არღვევს ადამიანის უფლებებს. რასაკვირველია, ნატოს პრინციპების გათვალისწინებით, ასეთი ქვეყნის წრთვნებში მონაწილეობა ბრიუსელისთვის მიუღებელია. მეორე – აზერბაიჯიუანი თავის თავს ნატოს პარტნიორად თვლის და ამ დროს კიდევ ერთი ნატოელი პარტნიორის – სომხეთის მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ახორციელებს, პროვოკაციებს მიმართავს არცახთან დაკავშირებით, რაც რეგიონში ომის საფრთხეს ზრდის…. ობიექტურობა რომ დავიცვა, აუცილებელია ავღნიშნო, რომ დღევანდელი რუსული და აზერბაიჯანული ხედვა რეგიონის პერსპექტივის საკითხში ერთმანეთს ემთხვევა. ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არ მოანწილეობს წრთვნებში აზერბაიჯანი.

- ეს წრთვნები ნიშნავს, რომ რეგიონული უსაფრთხოების სისტემაში ახალი რეალიები ჩნდება. თქვენი აზრით, როგორ გავლენას მოახდენს ეს ჯავახკის სომხური დიასპორის განწყობაზე და წარმოდგენებზე?

- ჯავახკელი სომხები ყოველთვის იყვნენ კანონმორჩილნი და საქართველოს ღირსეული მოქალაქეები. როცა ქვეყანა სამხედრო მდგომარეობაში აღმოჩნდა, ჩვენი ხალხი მაქსიმალურს აკეტებდა, რომ რეაგიონში განხეთქილების შემომტანი ძალები არ გაჩენილიყვნენ, რომ მხარე უსაფრთხო ყოფილიყო. ჩვენი ხალხი ყოველთვის ცდილობდა, რომ საქართველოს ზლიერი სახელმწიფოებრიობა ჰქონოდა, განვითარებული დემოკრატია და უსაფრთხო საზღვრები, სადაც ჯავახკელთა უფლებებიც დაცული იქნებოდა. იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომხების განწყობა ამ სამხედრო სწავლების მიმართ, ავღნიშნავ, რომ მასში სომხეთის მონაწილეობა ჩვენი ხალხის წარმოდგენებში ბევრ რამეს ცვლის. ადრე ბევრი ნატოზე რომ ლაპარაკობდა, უპირველესად თურქეთს გულისხმობდა, დღეს კი დაინახავენ, რომ სომეხი ჯარისკაცი, რომელსაც მხარზე სამფეროვანი სომხური დროშა აქვს გამოხატული, წრთვნებში [თურქ ჯარისკაცთან ერთად] მონაწილეობს. ეს ფაქტი ჩვენი ხალხის ფსიქოლოგიაზე დიდ გავლენას მოახდენს.

- როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველო-სომხეთის ურთიერთობაზე?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სომხეთი და საქართველო უსაფრთხოების ერთიდაიგივე სისტემაში უნდა იყონ-მეთქი. ჩვენს რეგიონში სხვაგვარად ცხოვრება შეუძლებელია. თუმცა, როგორც ვიცით, საქართველო და სომხეთი სხვადასხვა სისტემებში არიან ინტეგრირებულნი. ამიტომაც ეს ფაქტი სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. უფრო ნათელი რომ იყოს ჩემი ნათქვამი, გეტყვით, რომ ქართული პრესა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან საერთაშორისო სტრუქტურების წინაშე, თითქოსდა  ჯავახკელ სომხებს რუსული ორიენტაცია აქვთ. სინამდვილეში მსგავსი რამ არ არსებობს. სამწუხაროდ, როცა ადგილობრივი სომეხი თავისი უფლებების დაცვაზე ლაპარაკობს, ეს სპეკულაციის საგანი ხდება… ისევ წრთვნების საკითხს  დავუბრუნდები: სომხეთის მონაწილეობა ნატოს ეგიდით მიმდინარე მსგავს ღონისძიებებში ძალზე მნიშვნელოვანია. ამით სომხეთი ალიანსს დაუახლოვდება, რაც, რასაკვირველია, სამცხე-ჯავახეთის სომხების უფლებების მდგომარეობაზეც პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

«Tages Anzeiger» (შვეიცარია), 24-30 ივლისი, 2017 წელი

http://blog.tagesanzeiger.ch/welttheater/index.php/39031/tiflis-ein-museum-der-hoffnungslosigkeit/

თბილისი: უსაშველობის ქალაქ-მუზეუმი

სტატიაში გადმოცემულია შთაბეჭდილებები საქართველოში, კერძოდ, თბილისში (გერმანულად – ტიფლისში) ყოფნაზე, „რომელიც დღეს, შეიძლება ითქვას, ყველაზე ახალ და მაგარ ტურისტულ მიმართულებად ითვლება“: სოციალურ მედია სავსეა შეფასებებით და ეპითეტებით: ზღაპრული ქალაქი, მიმზიდველი არქიტექტურა, სტუმართმოყვარე ხალხი, სასიამვნო და გემრიელი საჭმელი… ამას წინათ გაზეთმა Zeit-მა თბილისს („მომავალ ბერლინს“) ძალიან მაგარი სტატია მიუძღვნა…“ – ნათქვამია სტატიაში (ავტორი ბერნარდ ოდენალი).

„ასეთი ოდებისა და ქება-დიდების მოსმენა ქართველების ბაგეთანან გასაკვირი არ არის. ქართველები დარწმუნებულნი არიან, რომ მსოფლიო ცივილიზაციის აკვანში ცხოვრობენ, სადაც უფალმა ისინი საუკეთესო მიწით და ღვინით დაასაჩუქრა. ამიტომაც საკუთარ დედაქალაქს ღმერთის ბოძებულად წარმოსახავენ.

მაგრამ იმათ, ვინც ამ რწმენით თბილისში ჩამოვიდა, ვთქვათ, უცხოეთიდან, მას დიდი ვარდისფერი სათვალის გაკეთება მოუწევს, რომ დეპრესია და ჩამკვდარი ცხოვრება არ შეამჩნიოს. კარგი იქნება, თუ ამ სათვალეს ჯერ კიდევ თბილისის აეროპორტიდან გამოსვლისას გაიკეთებთ. იმიტომ, რომ ცენტრამდე მგზავრობა წარსულში, დროში მოგზაურობის ტოლფასია. ჯერ თავბრუდამხვევი სისწრაფით გაიელვებს 2000-იანი წლების სავაჭრო ცენტრები, შემდეგ 1990-იანი წლების ოლიგარქთა ვილები, 1970-80-იანი წლების საბჭოური პანელის სახლები და ბოლოს ნიკიტა ხრუშჩოვის ეპოქის რუხი შენობები, „ჭიანჭველების ბუდეს“ რომ ჰგავს. აქ მცხოვრები ადამიანებიც დიდი ხნის წინ გარდასულ ეპოქებს მოგვაგონებენ: წელში მოხრილები, მოკუზულები, სახეზე გაუსაძლისი მდგომარეობა რომ აქვთ გამოხატული.

შესაძლოა თბილისი ღამ-ღამობით ჰიპსტერებისათვის კავკასიური სამოთხე ხდება, მაგრამ დღის სინათლეზე საქართველოს დედაქალაქი ღია ცის ქვეშ მდებარე საბჭოურ მუზეუმს მოგვაგონებს.: მეტროს მატარებლების ვაგონები ძველი და შმორის სუნითაა გაჟღენთილი, სადგურები საბჭოურ ხიბლს „ასხივებენ“. ფართო ბულვარებზე ავტომობილებია დაყენებული, ქვეითად მოსიარულეები კი იძულებულნი არიან მიწისქვეშა გადასასვლელებით ისარგებლონ, სადაც ბომჟებს სძინავთ და ბებიები ყვავილებს ყიდიან. თბილისის ტაფობში მდებარეობისა და ავტომობილების სიმრავლის გამო სწრაფად ჩნდება სმოგი, რომელიც სუნთქვას აძნელებს და ქალაქში გასეირნებას წამებად გიქცევთ. სიტუაციას ცოტა შეგიმსუბუქებთ „ქართვლის დედის“ ქანდაკებისკენ წასვლა, ფუნიკულორით. სმოგი, რომელიც ქალაქის სახეს აფერმკრთალებს, აეედან ნაკლებად ხელს შეგიშლიათ. თუმცა აქ მხოლოდ ნანგრევებს ნახავთ.

თბილისი – ეს ჩავარდნის მანიფესტაციაა. ვიღაც-ვიღაცეებს იმის მოთხოვნა გაუჩნდათ, საკუთარი თავის განდიდების მიზნით მონუმენტური ნაგებობები აეშენებინათ. მაგალითად, ისეთი არქიტექტურული საშინელებისა, როგორიც პრეზიდენტის სასახლეა, ანდა ორი მინის უზარმაზარი მილის მსგავსი შენობა, რომელიც ოთხი წლის წინ საზეიმოდ გახსნილა და დღემდე ცარიელია. მისი მშენებლობა 40 მილიონი ფრანკი დამჯდარა, ახლა კი ჭუჭყის სქელი ფენითაა დაფარული და ბზარებიც შესამჩნევია.

როცა თბილისელები თავიანთ დედაქალაქზე სიამაყით ლაპარაკობენ, მათ დღევანდელი  წარუმატებლობა კი არ აქვთ მხედველობაში, არამედ ძველი გოგირდის აბანოები, აღმოსავლური სტილით ნაგები შენობები, თავალწარმტაცი შიდა ეზოები…. ეს ძალიან რომანტიულად ჟღერს, მაგრამ ყველაფერი რეალობისაგან შორსაა. სინამდვილეში ძველი ქალაქი რამდენიმე წლის შემდეგ გაქრება. დღეს ის „ისლამური სახელმწიფოს“ ბატონობისაგან გათავისუფლებულ ერაყის ქალაქ მოსულს ჰგავს. მართალია, ძველ თბილისში ბრძოლები არ მიმდინარეობს, მაგრამ გულგრილობისა და მიტოვებულობის გრძნობას აღძრავს. იმას, რასაც გზამკვლევებში „მომხიბლავ ქალაქს“ უწოდებენ, სინამდვილეში ნანგრევების დიდ გროვას წარმოადგენს. ზოგიერთ ქუჩაზე შენობებს დაშლისაგან მხოლოდ ფოლადის ბოძები იმაგრებს. სასწაულია, რომ ასეთ დაბრეცილ-გადახრილ სახლებში ადამიანები ჯერ კიდევ ცხოვრობენ. ამ შენობებს უკვე ვეღარაფერი გადაარჩენს.

ამ ნანგრევებს „მიმზიდველად“ მხოლოდ ის ჩათვლის, ვისაც სარდაფში მდებარე ღამის კლუბში მთელი ღამე უცეკვია და დამთვრალა… ფხიზელმა კი ვარდისფერი სათვალე უნდა მოიმარჯვოს, რათა მისთვის გარემოს რეალობა მტკივნეული არ იყოს.

«Азербайджанские известия» (აზერბაიჯანი), 29 ივლისი, 2017 წელი

http://www.azerizv.az/news/a-23264.html

ინტერვიუ ფარიდ ალეკპერლისთან: „აზერბაიჯანელი ხალხის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი ყივჩაღებმაც შეიტანეს“ // „ყივჩაღები ბორჩალოსა და გაზახში ცხოვრობდნენ“

აზერბაიჯანელი ხალხის ეთნოგენეზში, თურქულ ოღუზ ტომებთან ერთად, დიდი როლი შეასრულეს ყივჩაღებმაც. ამის შესახებ საუბრობს აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელნაწერთა ინსიტუტის განყოფილების გამგე, პროფესორი ფარიდ ალეკპერლი.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ამას წინათ აზერბაიჯანში იმყოფებოდა ექსპედიცია ცნობილი ყაზახი მეცნიერისა და მოგზაურის საფარ ისაკოვის ხელმძღვანელობით. მან აღმოაჩინა, რომ აზერბაიჯანში დღესაც ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ყივჩაღთა შთამომავლები არიან…

- დღეს აზერბაიჯანის კულტურაში ყივჩაღური ელემენტები ძირითადად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მცხოვრებ მოსახლეობაში, კერძოდ, ქალაქ გაზახში (ყოფ.ყაზახი) და გაზახის რაიონში შეინიშნება, აგრეთვე საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებში… როცა ჩვენ ვსაუბრობთ ყივჩაღთა კვალზე აზერბაიჯანში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ [ჩრდილოეთ კავკასიასა და დონისპირეთში] ისინი ჩრდილოეთ ყახაზეთიდან მოხვდნენ. ბორჩალოსა და გახაზში ყივჩაღების ჩასახლება მე-12 საუკუნეში განხორციელდა, საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის მიერ, რომელსაც ცოლად ყივჩაღთა ტომის ბელადის ასული ჰყავდა. სწორედ დავით აღმაშენებელმა ჩამოიყვანა 40 ათასამდე ყივჩაღი. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ეს მიწები (ბორჩალო და გაზახი) საქართველოს შემადგენლობაში ითვლებოდნენ, ისინი მაინც თურქული ტომების განსახლების არეალს წარმოადგენდნენ. შუა საუკუნეების თითქმის ყველა ქართველი ქორონიკოსი ამ ტერიტორიას თურქების განსახლების რეგიონად მიიჩნევენ და მას „დიდ თურქობას“, ანუ „დიდ თურქულ მხარეს“ უწოდებენ (называют ее «Диди Туркоба» – «Большой тюркский край»). ჩასახლებულ ყივჩაღთა მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარ თავს „ყაზახს” (ანუ „თავისუფალს“) უწოდებდა. სწორედ ამ ეთნონიმს უკავშირდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არსებული სხვა ტოპონიმებიც.

მართალია, ამჟამად აზერბაიჯანის გაზახის რაიონის მოსახლეობა ყაზახებისაგან კი არა, ეთნიკური აზერბაიჯანელებისაგან შედგება, უძველეს პერიოდში ეს ტერიტორია ყივჩაღებით იყო დასახლებული, რომლებმაც ამ ადგილს ეს სახელი უწოდეს. სწორედ აქ ცხოვრობენ, როგორც ჩანს, ყივჩაღთა შთამომავლები, რომლებიც შუა საუკუნეებში ოღუზებს შეერივნენ. სხვათა შორის, იმავე გაზახის რაიონში დღესაც არსებობს სოფელი სახელწოდებით „გიფჩაღი“ („ყივჩაღი“).

«Радио Эхо Москвы» (რუსეთი), 30 ივლისი, 2017 წელი

http://echo.msk.ru/programs/sut/2026306-echo/

მოვლენის არსი: რატომ ჩამოართვეს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა // ახლოვდება უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები. მიხეილ სააკაშვილი პოპულარობის მიხედვით პეტრო პოროშენკოს მთავარი კონკურენტია“

30 ივლისს რუსეთის რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ პროგრამაში „მოვლენის არსი“ ისაუბრა მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ბენედიქტოვმა, რომელიც, სხვა მოვლენებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს შეეხო.

„ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან მარტივია და არაფერი საძებნი არაა. ახლოვდება უკრაინის პრეზიდენტის არჩევნები. მიხეილ სააკაშვილი პოპულარობის მიხედვით პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მთავარი კონკურენტია. მოქალაქეობის ჩამორთმევა აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამაში ახალი არაფერია – ამ მოქმედების მიზანს მომავალ არჩევნებში ძლიერი მოწინააღმდეგის ჩამოშორება წარმოადგენს…

ჩემთვის აბსოლუტურად აშკარაა ეს ისტორია. იმიტომ, რომ პრეტენზიები, რომლებიც ასე უცებ გაჩნდა მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, სასაცილოა. თავის დროზე ყველაფერი საჯაროდ იყო ცნობილი, ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ მას მოქალაქეობა მაინც მისცეს, ახლა კი გაიძახიან – „აუ, მოგვატყუა, არ ვიცოდით“ და რაღაც სისულელეები. მოკლედ, მე ვხედავ, რომ პეტრო ალექსეიჩი უკვე ემზადება პრეზიდენტად მეორედ არჩევისათვის.

პეტრო პოროშენკო გრძნობს, რომ შეიძლება მან ხმების უმრავლესობა ვერ მიიღოს. მისთვის ერთ-ერთ ძლიერ მოწინააღმდეგედ ვერხოვნა რადისა და პრეზიდენტის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი ითვლება… მოკლედ, პრეზიდენტის გუნდმა მიხეილ სააკაშვილი სახიფათო კონკურენტად ჩათვალა. არჩევნების წინ მისი ჩამოშორება ძნელი იქნებოდა, ამიტომ ახლა განახორციელეს. შეიძლება ითქვას, წინ საინტერესო მოვლენები იქნება.

სხვათა შორის, მე მიხეილ სააკაშვილს მიუნხენში შევხვდი წელიწადნახევრის წინ. სადილობა ერთ მაგიდაზე მოგვიწია. იმ მომენტში არ შემიმჩნევია, რომ იგი პრეზიდენტთან ბრძოლისთვის მზად იყო. ალბათ, [გამოსაფხიზლებლად] საჭირო იყო ისეთი დარტყმა, როგორიც მას პეტრო პოროშენკომ მიაყენა. მოკლედ, თვალი მივადევნოთ“.

——–

გასული ორი დღის განმავლობაში საქართველოს ექს-პრეზიდენტისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტი უცხოურ მედიაში საკმაოდ აქტუალურ თემად რჩებოდაა: გუშინ, 30 ივლისს, დასავლურმა, უკრაინულმა და რუსულმა მასმედიამ (სააგენტოებმა, რადიო-ტელევიზიამ – «Reuters», «AFP – France Presse», «BBC news») ფართოდ გააშუქეს მიხეილ სააკაშვილის განცხადება მოქალაქეობის იმ ანკეტის სიყალბის თაობაზე, რომელიც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერებმა გამოაქვეყნეს. ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, მისი ხელმოწერა ფალსიფიცირებულია (წყარო: http://www.bbc.com/ukrainian/news-russian-40767986).

აზერბაიჯანის გაზეთში «Каспiй» 29 ივლისს დაიბეჭდა სტატია „პრეზიდენტის შეცდომა, ანუ რა საფრთხეს შეიცავს „მიხეილ სააკაშვილის საქმე“ პეტრო პოროშენკოსათვის“ (ავტორი – აკპერ ჰასანოვი).

უკრაინის გაზეთ «КП в Украине»-ში (28-29 ივლისი) სამ გვერდზე, რუბრიკით „ვის უშლიდა ხელს მოქალაქე მიშა“, დაიბეჭდა რამდენიმე სტატია სათაურებით „რატომ ჩამოერთვა სააკაშვილს მოქალაქეობა“ (ავტორი – ვიქტორ ტიმოფეევი), „მიხოს რომ სიმართლე ეთქვა..“ (ავტორი – ვალერია ჩეპურკო), „საქართველოში მას არ ელოდებიან, უმჯობესია კენიაში წავიდეს“ (ავტორი – ალიონა გულაი). წყარო: http://kp.ua/politics/582148-esly-by-mykho-skazal-pravdu.

Comments are closed