«The Hill» (აშშ): აშშ უნდა დაეხმაროს საქართველოს, „ჩვენს მხარეზე“ შესანარჩუნებლად
«Liberation» (საფრანგეთი): რუსული ეკალი საქართველოს ფეხში
———————-
«The Hill» (აშშ), 30 აგვისტო, 2016 წელი
აშშ უნდა დაეხმაროს საქართველოს, „ჩვენს მხარეზე“ შესანარჩუნებლად
თეოდორ კარასიკი
(მცირე შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)
საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია მოქცეული და მას აშშ-ის დახმარება ესაჭიროება. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ვადების (შესაბამისად, 8 ოქტომბერი და 8 ნოემბერი) გათვალისწინებით, თბილის-ვაშინგტონის ურთიერთობები აუცილებლად უნდა გადაიხედოს და დაჩქარდეს.
გავიხსენოთ, რომ რუსულმა დათვმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – 2008 წლის აგვისტოს მომხდარ ხუთდღიანი ომის დროს მიიტაცა, მანამდე კი, 1993 წლიდან, ხელს უწყობდა მათ საქართველოსაგან ჩამოშორებას. 2008 წლიდან სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რაც მოსკოვ-თბილისის დაპირისპირების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 2014 წლიდან იგივეს აკეთებს უკრაინის მიმართაც, რომელსაც ყირიმი წაართვა. გარდა ამისა, თბილისზე ზეწოლის მოსახდენად კრემლი ენერგეტიკულ იარაღსაც რეგულარულად იყენებს (…). ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში დარჩეს.
ისტორიულად საქართველო მეტად რთულ რეგიონში მდებარეობს, სადაც რუსეთი, ირანი და თურქეთი თავიანთ გავლენას აგრძელებენ. კრემლის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გაკონტროლება საქართველოს გეპოლიტიკურად დასავლეთისაკენ უბიძგებს, მაგრამ იმავდროულად თურქეთის, აზერბაიჯანის [და რუსეთის] ერთმანეთთან დაახლოებით საქართველოსთვის მანევრების შესაძლებლობის შანსი მცირდება – [თბილისი უარს ვერ იტყვის აზერბაიჯანის ენერგომატარებლების ტრანზიტზე].
ბუნებრივია, თბილისი ეჭვის თვალით უყურებს სომხეთს, რომელიც რუსეთის კლიენტია. გარდა ამისა, შავი ზღვა, ყირიმისა და ნატოს მანევრების გამო, აშშ-სა და რუსეთს შორის „განხეთქილების ვაშლი“ ხდება და ესეც საქართველოზე მოქმედებს.
საქართველო გეოგრაფიულად შავ და [კასპიის ზღვას შორის] მოქცეულ ტერიტორიაზე მდებარეობს და, შესაბამისად, ევროპაში ენერგონედლეულის ტრანზიტისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მთავარ მარშრუტად ითვლება. სწორედ ამიტომ კოლხიდის უსაფრთხოებას პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია როგორც საქართველოს ნავსადგურებიდან (სუფსა-ბათუმიდან) გატანილი ნავთობი, ასევე „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ და „ბაქო-თბილისი-ერზერუმის“ მილსადენების მეშვეობით მიღებული ენერგოშემცველები. გარდა ამისა, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის სასარგებლოა ის გეგმები, რომლებიც თურქმენეთის გაზის გამოყენებას ითვალისწინებს, „აბრეშუმის დიდი გზის“ საშუალებით. ამრიგად, შეიძლება ითქვას: საქართველო ევროკავშირის უსაფრთხოების ყველანაირი სტრატეგიის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
სამხრეთ კავკასია კონტინენტის ისეთი მნიშვნელოვანი რეგიონია, რომელიც ატლანტის ოკეანეს, ხმელთაშუა, შავი და კასპიის ზღვებით, შუა აზიასთან აკავშირებს. სამხრეთ კავკასია „აბრეშუმის დიდი გზის“ პლაცდარმია და ამიტომაც აშშ-ისა და ევროკავშირის სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებში შედის; საქართველო სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაწილია აშშ-ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისათვის: რამდენადაც ნატო ცდილობს თავისი მოკავშირეები რუსეთის გაფართოებისაგან დაიცვას, თბილისიც, თავის მხრივ, [ვალში არ რჩება და] აქტიურად მონაწილეობს ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიებში; მცირერიცხოვანი ქართული სამხედრო-საზღვაო ფლოტი მონაწილეობს ნატოს შავი ზღვის მანევრებშიც, რაც თბილისს ნატოსთან აახლოებს; საქართველო ცდილობს ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდეს და მზადყოფნაშია ტერორიზმის, მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, აგრეთვე ყირიმიდან წამოსული რუსეთის ასიმეტრიული მუქარების მიმართ.
საქართველოს კიდევ ერთი კუთხით უნდა შევხედოთ: ხელისუფლების მიერ ქვეყნის ეფექტური მართვა თბილისს ატლანტიკურ ალიანსთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებს.
პირველ რიგში ამაში იგულისხმება, რომ ევროპაში საქართველოს წონა და ავტორიტეტი იზრდება. ბუნებრივია, თბილისი ეუთოს წევრია, მაგრამ იმავდროულად ის ევროკავშირის იმედისამომცემი პერსპექტიული წევრიც არის. საქართველო ევროკავშირის ინტერესებისათვის საკვანძო ქვეყანაა. უვიზო რეჟიმის მიცემით თბილისი ფოკუსირებას მოახდენს სასაზღვრო კონტროლზე და მიგრანტების ნაკადზე.
მეორე – საქართველო ამჟამად დემოკრატიული გარდაქმნების ეპოქაში იმყოფება, რაც სხვა აღმოსავლეთევროპული ზოგიერთი ქვეყნისათვის შესაშურიც კი არის. პოლიტიკურმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც. ქვეყნის მართვის პროცესში ზოგიერთი შეფერხების [„მიღებული კოპების“] მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ეფექტური ხელმძღვანელობის უზრუნველსაყოფად. წინასაარჩევნო პროცესი საქართველოში მეტ-ნაკლებად მშვიდად მიდის. ეს პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყნის დიდი გამარჯვებაა;
მესამე – საქართველო საბაზრო ეკონომიკას ავითარებს: თბილისი ამჟამად ბაზრის კიდევ უფრო მეტი ლიბერალიზებისათვის გამიზნული რეფორმების რეალიზებას ახდენს, რაც ხელს უწყობს სამსახურების საქმიანობის ხარისხის ამაღლებას ენერგობაზრების კონკურენციაში, უკეთესი სტანდარტების შემოღებას – ევროკავშირთან [ასოცირების] შეთანხმების შედეგად. როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, „[ენერგეტიკული უსაფრთხოების] უზრუნველყოფა საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის სტრატეგიული, უმნიშვნელოვანესი ნაწილი ხდება“.
მოკლედ, შეერთებული შტატების მომავალმა ადმინისტრაციამ ამერიკელთა მეგობრების [ანუ საქართველოს] უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში თანამშრომლობა უნდა გააუმჯობესოს. თბილისი ვაშინგტონისათვის მეგობარია და მას სურს, რომ აშშ-ის მომავალ მთავრობას საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს. ის ფაქტი, რომ რუსეთი ექსპანსიონისტურ პოლიტიკას ახორციელებს და ენერგეტიკას საგარეო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს, კვლავ დიდ პრობლემად რჩება. შესაბამისად, საქართველო თავის დასავლელ მოკავშირეებს თავდაცვის საკითხში დახმარებას სთხოვს.
ქართველები ცდილობენ, რომ დასავლეთისთვის მათ ქვეყანას უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდესთ, ვიდრე უბრალო პარტნიორისა. საქართველო, დიქტატორების გარემოცვაში მყოფი ქვეყანა, აშშ-ის დემოკრატიული მოკავშირეა. ჰოდა, თუ მხედველობაში მივიღებთ დღეს არსებულ სიტუაციას, საქართველო ნამდვილად იმსახურებს აშშ-ის გარანტიებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ნატოში რაც შეიძლება სწრაფ გაწევრიანებას.
———–
თეოდორ კარასიკი – აშშ-ის ლექსინგტონის უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი. დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა „რენდ კორპორეიშენში“. მისი პუბლიკაციები საერთაშორისო მასმედიაში ხშირად ქვეყნდება.
«The Hill» ვაშინგტონში გამომავალი გაზეტია, რომელიც აქვეყნებს როგორც კონგრესისა და თეთრი სახლის მასალებს, ასევე აშშ-ის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ამსახველ სტატიებს.
«Liberation» (საფრანგეთი), 30 აგვისტო, 2016 წელი
http://www.liberation.fr/planete/2016/08/29/une-epine-russe-dans-le-pied-georgien_1475342
რუსული ეკალი საქართველოს ფეხში
სტატიაში საუბარია საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ტენდენციებზე, შიდა ქართლში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) შესახებ, რომელიც, აფხაზეთის მსგავსად, თბილის-მოსკოვს შორის დაძაბულობის კერად რჩება და ხელს უშლის საქართველოს დაახლოებას დასავლეთთან (ავტორი – ესტელ პატიე).
„გორში,სტალინის მშობლიურ ქალაქში, ბომბების ნამსხვერევებისგან გაკეთებული სკულპტურა „სიცოცხლის ხე“ დგას. სწორედ აქ დაიღუპა რამდენიმე ათეული ქართველი რუსების მიერ განხორციელებული ავიადაბომბვის შედეგად. ეს იმით იყო გამოქვეული, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა უპასუხა საქართველოს ლიდერის, დღეს უკვე ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ 7-8 აგვისტოს ღამით განხორციელებულ შეტევას, სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაბრუნების მიზნით, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარეობს. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას 1991 წლიდან აღარ ექვემდებარებოდა.
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა და საქართველოს დამარცხებით დასრულდა. ქვეყანა განადგურებისაგან ევროკავშირის ეგიდით ხელმოწერილმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ გადაარჩინა. რუსეთმა ოფიციალურად აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა და მათ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები შექმნა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად, ხელისუფლებაში მოსულმა „ქართული ოცნების“ მთავრობამ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შედეგად მიყენებული ჭრილობების მკურნალობა დაიწყო, იმავდროულად შეეცადა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის ნორმალიზებას, თანაც ისე, რომ ზიანი არ მიყენებოდა „საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს სწრაფვას ევროატლანტიკური სტრუქტურებისაკენ“. მთავრობამ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გატარება დაიწყო, უპირატესად კულტურისა და ვაჭრობის სფეროში“, – ამბობს კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი.
ამ მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი იქნა გადადგმული: რუსეთმა საქართველოს გადასცა 190 მსჯავრდებული, რომლებიც საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის იყვნენ გასამართლებულნი, თავის მხრივ კი საქართველოს მთავრობამ დახურა ტელეარხი „პირველი კავკასიური“, რომელიც ადრე რუსეთისადმი კრიტიკულ მასალებს ავრცელებდა. გარდა ამისა, 2014 წლის რუსეთ-უკრაინის კრიზისის დროს საქართველოს [თავისი პოზიცია მკვეთრად არ გამოუხატავს] და „გვერდზე დარჩენას“ ცდილობდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომისა და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემდეგ, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მართვას კვლავ აგრძელებს, თუმცა ფარულად. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკას მაინცდამაინც სასურველი შედეგები არ მოუტანია: რუსეთმა საპასუხო ნაბიჯები არ გადმოდგა, გარდა აიმისა, რომ 2013 წელს ქართული ღვინოზე ემბარგოს გააუქმა“, – ამბობს თორნიკე გორდაძე, პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრირების ექს-მინისტრი. მისი თქმით, „ხდება უარესი – რუსეთი უფრო მეტად აძლიერებს თავის ყოფნას საქართველოში, აქტიურად იყენებს „რბილ ძალას“, [კონფლიქტის ზონის საზღვარზე] გახშირდა ინციდენტები – ადამიანთა მკვლებები და გატაცებები“.
კორნელი კაკაჩიას აზრით, ასეთი სიტუაცია საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ინტერესების სხვადასხვაობით შეიძლება აიხსნას, რაც განსაკუთრებით იგრძნობა რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკაში, ნატო-საქართველოს ინტეგრირების საკითხისადმი მიდგომაში. მართალია, საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან დაახლოებას ცდილობს, მაგრამ ნატოს წევრ ზოგიერთ სახელმწიფოს გიგანტური რუსეთის ეშინიათ და ისინი საქართველოს ნატოში მიღების ყოველგვარ შესაძლებლობას ბლოკავენ და ამით სრული ინტეგრაციის პროცესს ამუხრუჭებენ.
ბალანსის დაცვის ასეთი პოლიტიკა მარადიულად ვერ გაგრძელდება. რვა ოქტომბერს დაგეგმილმა საპრლამენტო არჩევნებმა შესაძლოა პოლიტიკური ძალების განლაგება შეცვალოს. თუ ოპოზიცია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახით) გაიმარჯვებს, მაშინ საქართველოს საგარეო პოლიტიკის დასავლურ ფრონტზე ძალისხმევა უფრო გააქტიურდება და რუსეთისადმი მიდგომა, დღევანდელთან შედარებით, უფრო კრიტიკული იქნება. ჯერ-ჯერობით არჩევნების შედეგების პროგნოზირება ძნელია: „პარლამენტში აბსოლუტურ უმრავლესობას ვერცერთი ძალა ვერ მიაღწევს. გამარჯვებული ის იქნება, ვინც შეძლებს და კოალიციას ჩამოაყალიბებს“, – ასკვნის თორნიკე გორდაძე.