globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 31 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 31st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of Amerika – русская служба» (აშშ): ტყის ხანძარი და პოლიტიკა: ქართული ოპოზიცია რუსეთის დახმარების წინააღმდეგ

«Lragir» (სომხეთი): რატომ ჩადის იგორ დოდონი ერევანში? // საქართველო – მაგალითი სომხეთისათვის

«Hurriyet Daily News» (თურქეთი): თურქი ტურისტებისთვის საბერძნეთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, საქართველო კი მათ „ჯერ არ აღმოუჩენიათ“

—————-

«Radio Voice of Amerika – русская служба» (აშშ), 30 აგვისტო, 2017 წელი

https://www.golos-ameriki.ru/a/georgia-russia-latest/4006927.html

ტყის ხანძარი და პოლიტიკა: ქართული ოპოზიცია რუსეთის დახმარების წინააღმდეგ

„საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციამ მწვავედ გააკრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალურმა თბილისმა ხანძრის ჩაქრობის მიზნით დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. ქართულ-რუსულმა კულისებსმიღმა კონტაქტებმა ოპოზიციის და საექსპერტო საზოგადოების ნეგატიური რეაქცია გამოიწვია “, – ნათქვამია სტატიაში (ავტორი – ნესტან ჩარკვიანი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოსთვის გაწეული დახმარება ბორჯომის ტყეში მომხდარი ხანძრის ჩასაქრობად. ყურადღება განსაკუთრებით ეთმობა რუსეთთან დაკავშირებით მომხდარ სკანდალურ ისტორიას: საქართველოს ხელისუფლება თავდაპირველად არ ახდენდა იმ ფაქტის აფიშირებას, რომ დასახმარებლად „ოკუპანტ სახელმწიფოს“ – რუსეთს მიმართა“, მაგრამ მოგვიანებით ყველაფერი ცნობილი გახდა. სტატიაში ციტირებულია როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებები, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განმარტებები.

როგორია ქართველი ექსპერტების თვალსაზრისი, სწორი ნაბიჯი გადადგა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ, როცა დახმარებისთვის მოსკოვს მიმართა?

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ „ბუნებრივი, სტიქიური კატასტროფების დროს პოლიტიკური კალკულაცია უკანა პლანზე გადადის“. მისი თქმით, ხელისუფლება, როგორც ჩანს, ცდილობდა იმ ზარალის შემცირებას, რასაც ხანძარი მიაყენებდა ტყეებს და რომელიც შეიძლებოდა დასახლებულ პუნქტებზე გადასულიყო: „ძნელია ეს ფაქტი ერთმნიშვნელოვნად შეაფასო – უნდა მიგვემართა თუ არა რუსეთისათვის დახმარების თხოვნით. ალბათ, იმ მომენტში მთავრობის თვის ყველაზე მთავარი საზრუნავი ხანძრის გაფართოებული მასშტაბი გამო და მისი კატასტროფული შედეგების გაცნობიერება იყო, ასეთ დროს კი პოლიტიკაზე ფიქრისათვის დრო აღარ რჩება“, – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის კორესპონდენტთან საუბარში.

თუმცა, როგორც სახელმწიფოს მართვის ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, საქართველოს რუსეთისათვის – „ოკუპანტი ქვეყნისათვის“ – დახმარება არ უნდა ეთხოვა. პოლიტოლოგის თქმით, თბილისის მიერ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ე.წ. „პოლიტიკური დაშოშმინების“ სურვილით შეიძლება აიხსნას, მაგრამ ასეთი პოლიტიკა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, „ძალიან არაეფექტურია“. „ხელისუფლების მოქმედების ერთადერთი „გამართლება“ ამ შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ ის იყოს, რომ თბილისი მოსკოვს აჩვენებს – „აი, ხედავთ, ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ არათუ ვერაფერს დაგაკლებთ, არამედ თქვენი დახმარებაც კი გვინდა“. ასეთ პოლიტიკას მმართველი პარტია უკვე ხუთი წელია ატარებს და ამას არანაირი დადებითი შედეგი არ გამოუღია, პირიქით – უარესდება: ჩვენი ტერიტორიების მცოცავი ანექსია გრძელდება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების პირობები მძიმდება“, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის ჟურნალისტთან ინტერვიუში.

«Lragir» (სომხეთი), 31 აგვისტო, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/country/view/57744

რატომ ჩადის იგორ დოდონი ერევანში?

საქართველო – მაგალითი სომხეთისათვის

სტატიაში გაკრიტიკებულია მოლდოვას პრეზიდენტის იგორ დოდონის მიერ დაგეგმილი ვიზიტი სომხეთში, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე (ნოემბერშია) დაგეგმილი.

რედაქცია აღნიშნავს, რომ მოლდოვაში დღეს საკმაოდ უცნაური სიტუაციაა შექმნილი: პრეზიდენტი რუსეთუმე პოლიტიკას ატარებს, მთავრობა კი – მედასავლეთეა. „ეს ის იგორ დოდონია, რომელიც საკუთარ მთავრობას ებრძვის და დნესტრისპირეთში რუსეთის ჯარების დატოვების მომხრეა. პრეზიდენტ იგორ დოდონს ასევე სურს, რომ მოლდოვა, სომხეთის მსგავსად, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდეს, თუმცა თვით მოლდოვას მთავრობა ამის წინააღმდეგია

იბადება კითხვა: რატომ მოიწვია სომხეთის პრეზიდენტმა თავისი კოლეგა ერევანში?

2018 წლის მარტში სერჟ სარგსიანს პრეზიდენტობის ვადა ეწურება – როგორც ცნობილია, სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკა ხდება, ახალ პრეზიდენტს – უფლებაშეკვეცილს – უკვე პარლამენტი აირჩევს. რამდენად შეიძლება სომხეთში ისეთი სიტუაცია ჩამოყალიბდეს, როცა პრეზიდენტი და პრემიერი სხვადასხვა პოლიტიკას განახორციელებენ?

პრინციპში, ამაში არანაირი საფრთხე არ არის. მაგალითად, ჩვენს მეზობელ საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის მთავრობასთან მაინცდამაინც სასიამოვნო და თბილი ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ ეროვნულ საკითხებში ისინი საერთო ენას ყოველთვის პოულობენ. თითქმის იგივე სიტუაციაა ჩეხეთშიც. როგორც ჩანს, იგორ დოდონს სერჟ სარგსიანი სწორედ ამიტომ იწვევს, რომ მისგან ისწავლოს – თუ როგორ უნდა იყოს ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც განცხადებების კეთება კი შეუძლია, მაგრამ თავისი ქვეყნის პოლიტიკაზე გავლენას ვერ მოახდენს. სხვათა შორის, ჩეხეთის პრეზიდენი მილოშ ზემანიც იყო ერევანში ჩამოსული გასულ ზაფხულს…“, – წერს „ლრაგირი“.

«Hurriyet Daily News» (თურქეთი), 31 აგვისტო, 2017 წელი

http://www.hurriyetdailynews.com/greece-as-the-most-popular-destination-for-turkish-tourists.aspx?pageID=449&nID=117378&NewsCatID=412

თურქი ტურისტებისთვის საბერძნეთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, საქართველო კი მათ „ჯერ არ აღმოუჩენიათ“

სტატიაში გაანალიზებული თურქული ტურიზმის მდგომარეობა, ყურადღება ეთმობა აგრეთვე თურქი ტურისტების მოგზაურობას უცხოეთის ქვეყნებში. განხილულია საბერძნეთის, ბალკანეთის (სერბეთი, ხორვატეთი), ჩრდ.კვიპროსის, ტუნისის მიმართულების პოზიტიური და ნეგატიური მხარეები (ავტორი – ბარჩინ ინანჩი).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ თურქების ყველაზე მეტი რაოდენობა სამოგზაუროდ საბერძნეთს ირჩევს, რასაც მრავალი მიზეზი განაპირობებს: გეოგრაფიული სიახლოვე, ისტორიული ტრადიციები (საბერძნეთში ბევრი ოსმანური კულტურის ძეგლია), მომსახურების მაღალი დონე, თუმცა არის ნეგატივიც – ფასების ზრდა, ინფლაცია და ა.შ.

სტატიაში საქართველოს შესახებაც არის საუბარი – რით შეიძლება მოხიბლოს და მიიზიდოს საქართველომ თურქი ტურისტები?

„ჩვენს აღმოსავლეთით მდებარე საქართველო ელოდება, რომ მას თურქი ტურისტები „აღმოაჩენენ“. თურქეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა ეროვნული პირადობის მოწმობებით შეუძლიათ. ზოგიერთი შეცდომით მიიჩნევს, რომ ეს წესი მხოლოდ ზოგიერთ სასაზღვრო პუნქტში მოქმედებსო. სტამბოლიდან თბილისში თვითმფრინავით ერთ საათში ჩახვალთ. საქართველო ლამაზი ქვეყანაა, განსაკუთრებით მიმზიდველია ქალაქგარე რაიონების, სოფლების მწვანე [ტყიანი] და მთის ლანდშაფტები. ეს იმ ტურისტებისთვისაა სასარგებლო, რომლებიც სწრაფად ურბანიზებული თურქული ქალაქებიდან თავის დაღწევას ცდილობენ და დასასვენებლად წყნარ ადგილს ეძებენ“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

Comments are closed