globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 31 ოქტომბერი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Oct 31st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია): პოლიტიკური აურზაური ტელეკომპანიის ირგვლივ: მტრობა-სიძულვილი ქართულად

«Vesti.lv» (ლატვია): მიხეილ სააკაშვილის აზრები: რით არიან უკრაინელები ქართველებზე უკეთესნი?

——————–

«Neue Zürcher Zeitung» (შვეიცარია), 31 ოქტომბერი, 2015 წელი

http://www.nzz.ch/international/europa/georgische-gehaessigkeiten-1.18638654

პოლიტიკური აუზაური ტელეკომპანიის ირგვლივ:

მტრობა-სიძულვილი ქართულად

დანიელ ვეხლინი

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)

საქართველოში, ამ პატარა კავკასიურ სახელმწიფოში, პოლიტიკური კლიმატი მწვავდება – სახეზეა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობის ესკალაცია. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო განცხადების თანახმად, მთავრობა არანაირ პროვოკაციებს არ დაუშვებს. მან გააფრთხილა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის თანამშრომლები, რომ „ნუ გახდებიან ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმების განხორციელებაში“. ძნელი არაა იმის გაგება, თუ ვინ იგულისხმა პრემიერ-მინისტრმა „ვიღაცა“-ში – იგი საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილია.

დარტყმა ოპოზიციაზე?

„რუსთავი-2“ საქართველოში პოპულარული ტელეკომპანიაა, რომელიც მთავრობისადმი თავისი კრიტიკული პოზიციითაა ცნობილი. ის ახლოს დგას აგრეთვე ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომლის ფაქტიურ ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილი მოიაზრება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დაკარგა, როცა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლაში დამარცხდა. აგვისტოს თვეში ბიძინა ივანიშვილის სანდო პირმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ამტკიცებდა, რომ იგი „რუსთავი-2“-ის ყოფილი მფლობელია და რომ 2006 წელს მან ტელეკომპანია საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ზეწოლის შედეგად გაყიდა, ახლა კი მას თავისი ქონების დაბრუნება სურს. ტელეკომპანიის ადვოკატები აცხადებენ, რომ ყოფილი მფლობელი ტყუის და მისი ნათქვამი სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიის ანგარიშებს ყადაღა დაადო. თავის მხრივ, „რუსთავი-2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ამ ყველაფერში ხელისუფლება დაადანაშაულა და მხარდამჭერებს წინააღმდეგობის გაწევისაკენ, დემოკრატიის დაცვის ბრძოლისაკენ მოუწოდა. „რუსთავი-2“-ისადმი სოლიდარობის აქციები  ტელეკომპანიის შენობის წინ გაიმართა, ხოლო საპროტესტო მიტინგი – ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

ამ საკმაოდ ჩახლართულ ისტორიაში მიხეილ სააკაშვილიც ჩაერია, რომელიც ამჟამად 47 წლისაა. მან პრეზიდენტობის ორი ვადის დასრულების შემდეგ, საქართველო 2013 წელს დატოვა, თუმცა მოგვიანებით, 2014 წელს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო და მისი დაპატიმრების სანქცია გასცა. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას პოლიტიკური სარჩული უდევს და რომ ხელისუფლებას მასზე შურისძიება სურს.

ხუთშაბათს ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას შორის მომხდარი სატელეფონო საუბრის ტექსტი, რომლის მიხედვით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი „რუსთავი-2“-ის დირექტორს რევოლუციური სცენარის განხორციელებას  – „ბარიკადების აღმართვას“, „ბოევიკების შეკრებას“ და „ცხვირ-პირის დამტვრევას“ ურჩევს. როგორც საქართველოს სპეცსამსახურმა განაცხადა, სააკაშვილ-გვარამიას სატელეფონო საუბარი ოქტომბრის შუა რიცხვებში განხორციელდა. ნიკა გვარამიამ დაადასტურა ტელეფონით საუბარი, თუმცა განაცხადა, რომ იგი არ ეთანხმება მიხეილ სააკაშვილს და რომ მისთვის ძალადობრივი აქციებისა და პოლიტიკური პროტესტების დაწყება მიუღებელია. თვითონ მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის მეშვეობით თავისი რევოლუციური მოწოდება იმით გაამართლა, რომ ცალკეულ შემთხვევებში ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლისაგან [ამგვარი მეთოდებით] თავდაცვა დასაშვებიაო.

მთავრობა მოსახლეობის მხარდაჭერას კარგავს

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ მიიღებს ამ სიტუაციისაგან პოლიტიკურ დივიდენდებს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები  2016 წელს უნდა გაიმართოს. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელსაც 150-წევრიან პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს, მოსახლეობაში ყოფილ ძლიერ მხარდაჭერას კარგავს, ოპოზიცია კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახით, თავისი ძალების კონსოლიდირებას ახდენს.

პოლიტიკური ატმოსფერო დამუხტულია: ამას წინათ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ „კრიმინალურ ორგანიზაციად“ შერაცხა, რომელსაც „პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ უნდა ჰქონდესო“. ეს განცხადება არ მოეწონა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სიტუაციის ესკალაციაში დაადანაშაულა და ზომიერებისაკენ მოუწოდა. საქმეში ჩაერია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, მართალია, ჩრდილშია, მაგრამ ქართულ პოლიტიკაზე დიდ გავლენას ახდენს. მან მწვავედ გააკრიტიკა გიორგი მარგველაშვილი და განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, როცა თავის დროზე საქართველოს მოსახლეობას პრეზიდენტად მისი კანდიდატურა შესთავაზა.

«Vesti.lv» (ლატვია), 31 ოქტომბერი, 2015 წელი

http://vesti.lv/news/saakashvili-chem-ukraincy-otlichayutsya-ot-gruzinov

მიხეილ სააკაშვილის აზრები: რით არიან უკრაინელები ქართველებზე უკეთესნი?

ლატვიის გაზეთ „ტელეგრაფმა“ თავის ვებ-გვერდზე „ვესტი.ლვ.“ გამოქვეყნა ამას წინათ რუსეთის ტელეკომპანია „დოჟდის“ მიერ ეთერში გადაცემული მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ ჟურნალისტ ქსენია სობჩაკთან, რომელშიც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ამჟამინდელმა გუბერნატორმა უკრაინელებისა და ქართველების ერთმანეთისაგან განსხვავებაზე ისაუბრა. იგი აღტაცებულია უკრაინელი ხალხის „სკანდინავიური“ ხასიათისა და მისი ინდუსტრიული კულტურის გამო.

მიხეილ სააკაშვილი: უკრაინელები ცენტრალურ-ევროპელი ხალხია იმ გაგებით, რომ მათ უფრო გაწონასწორებული ხასიათი აქვთ, ინდუსტრიული კულტურით კი სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნების მოსახლეობაზე წინ არიან – ეს ერთმნიშვნელოვანი ფაქტია. აქ, უკრაინაში ისეთი რამ შეიძლება გააკეთო, რასაც სხვაგან ვერანაირად ვერ გააკეთებ. თუ საქართველოში ლოჯისტიკა და მომსახურება სამხრეთული კულტურითაა განპირობებული და უფრო განვითარებულია, აქ, უკრაინაში, სკანდინავიური ელემენტებია გამოკვეთილი – აქ მკაცრი შრომითი დისციპლინაა, ძალიან მაღალი შრომისმოყვარეობა და მეწარმეობრივი სულია.

რატომაა, რომ ბევრ უკრაინელს ბიზნესი საქართველოში აქვს? იმიტომ, რომ ჩვენგან [ქართველებისგან], განსხვავებით, მათ იციან ძალიან ბევრი რაღაცის წინასწარ კეთება. ჩვენ ვსწავლობთ, უკან მივდევთ, ვცდილობთ დავეწიოთ, მაგრამ აშკარაა, რომ უკრაინა ჩვენზე წინ დგას როგორც შრომისმოყვარეობით, კანონმორჩილებით, ასევე ინდუსტრიული კულტურით. ამ მხრივ უკრაინა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მოწინავეა. შეიძლება მასთან ახლოს ბელორუსია ჩავთვალოთ. საქართველომ სწრაფად დაიწყო ჩამორჩენის დაძლევა, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი დროა საჭირო. ყოველ შემთხვევაში, ამ მიმართულებით ვმოძრაობთ.

ქსენია სობჩაკი: უკრაინელები უფრო ევროპულად აზროვნებენ?

მიხეილ სააკაშვილი: უკრაინელები უფრო კანონმორჩილები არიან, ეს უდავო ფაქტია. იყო დრო, რომ აქ სრული ქაოსი არსებობდა ხელისუფლებაში და საერთოდ, სამართალდამცავ ორგანოებში. პარადოქსია – საქართველომ ახალი სახელმწიფო აპარატი შექმნა და ამით ადამიანთა მენტალობა შეცვალა. ჩვენი ხალხი ათი წლის წინათ და ახლა – სრულიად სხვადასხვა ხალხია. აქ, უკრაინაში, ხალხის მენტალობა უფრო წინაა, ვიდრე სახელმწიფო სტრუქტურების მდგომარეობა.  ამიტომაც, თუ მოისურვებ, ბევრი რამის გაკეთება აქ უფრო იოლია. რატომ ვარ მე აქ? მიუხედავად იმისა, რომ ოდესის ოლქში საშინელი მდგომარეობაა – ბიუჯეტი ცარიელია, მშენებლობის ტემპებმა 60%-ით მოიკლო, მრეწველობამ – 20%-ით, შემცირდა ტურიზმი, კრუიზები, პრობლემებია ავიამიმოსვლაში, მაინც ვხედავ, რომ წინსვლა შეინიშნება. აი, გუშინ ერთ-ერთ სოფელში ვიყავი და საოცარი სურათი ვნახე – სუპერთანამედროვე ქარხანა. შევდივარ და ვხედავ, წარმოების კულტურა შვეიცარულია, მაგრამ უკრაინელები მუშაობენ. აი, ამ ქვეყნის თავისებურება ამაში გამოიხატება. რა ტქმა უნდა, ქართველებსაც გვაქვს ჩვენი უპირატესობანი, რომლებიც უკრაინელებს ძალიან მოსწონთ. მე ძალიან ვამაყობ ჩემი ხალხით, მაგრამ ყველა ხალხს აქვს თავისი პლუსები და მინუსები.

Comments are closed