globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 31 დეკემბერი 2015 წელი

Posted by nanamaoglobal on Dec 31st, 2015 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«The New York Times» (აშშ): ქართველმა კანონმდებლებმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი დაამტკიცეს

«Frankfurter Allgemeine» (გერმანია): საქართველო: „გვეყო „ოცნება“, ახლა საქმე გვაჩვენეთ“

——————–

«The New York Times» (აშშ), 31 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.nytimes.com/2015/12/31/world/europe/georgia-prime-minister-giorgi-kvirikashvili.html?_r=0

ქართველმა კანონმდებლებმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი დაამტკიცეს

ივან ნეჩიპორენკო, მოსკოვი

პოსტსაბჭოთა საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლებმა სამშაბათს ახალ პრემიერ-მინისტრად ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაამტკიცეს, მასტან ერთად კი მთავრობის შემადგენლობაც. ეს ხდება იმ დროს, როცა მოსახლეობა აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა.

ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილი შეცვალა, რომელიც ასევე მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია და რომელმაცმოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, ორწლიანი პრემიერ-მინისტრობის შემდეგ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნდა, ახლა რომ არჩევნები ჩატარდეს, მმართველ კოალიციას ხმას მხოლოდ 18% მისცემს. არადა, აგვისტოს თვეში „ქართული ოცნების მხარდამჭერთა რაოდენობა  42%-ს აღწევდა. გამოკითხულებიდან მხოლოდ 19%-მა განაცხადა, რომ საქართველოს სწორი კურსი აქვს აღებული, ხოლო 44% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

პარლამენტში დამტკიცების დროს 48 წლის გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა კარდინალურად არ შეიცვლება და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი შენარჩუნდება: ქვეყნის პრიორიტეტებად კვლავ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება რჩება.

საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონში მდებარეობს და აქედან გამომდინარე, მის ჩრდილოელ მეზობელ რუსეთს არ სურს, რომ ეს ქვეყანა მის ორბიტას დაშორდეს. 2008 წლის ომის დროს რუსეთი საქართველოს ორ სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეიჭრა და მათი ტერიტორია დაიკავა, ხოლო ომის შემდეგ მოსკოვმა ორივე რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ეს ფაქტი დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა მკაცრად დაგმეს.

პარლამენტში გამოსვლის დროს გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან მიმართებით „პრაგმატული პოლიტიკას“ გააგრძელებს. „ასეთი მიდგომა, უპირველეს ყოვლისა, იმითაა განპირობებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული რისკები და ქვეყნის საგარეოპოლიტიკური საფრთხეები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტყრმა.

საქართველომ რუსეთის მიმართ უფრო შემრიგებლური და ზომიერი პოზიცია 2012 წლის შემდეგ დაიკავა, როცა პარლამენტის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა. მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგა და რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქის პასპორტს ფლობს, მიმდინარე თვეში საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. დღეს იგი უკრაინის შავიზღისპირა ოდესის ოლქის გუბერნატორია.

ქართველი ბიზნესმენმა და მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში ყოფნის დროს დააგროვა, პარტია „ქართული ოცნება“ 2011 წელს შექმნა. ხელისუფლებაში მოსვლამდე (2012 წლამდე) გიორგი კვირიკაშვილი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „ქართუ-ბანკის“ დირექტორი გახლდათ. მას ფინანსური განათლება, მაგისტრის ხარისხით, აშშ-ის ილინოისის შტატის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრს, ამ თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილი მისმა მოადგილემ – მიხეილ ჯანელიძემ შეცვალა.

«Frankfurter Allgemeine» (გერმანია), 31 დეკემბერი, 2015 წელი

http://www.faz.net/aktuell/politik/ausland/politischer-klimawandel-in-georgien-13990923.html

საქართველო: „გვეყო „ოცნება“, ახლა საქმე გვაჩვენეთ“

რეინჰარდ ფეზერი

წლის ბოლოს საქართველო პოლიტიკური კლიმატის ცვლილებას განიცდის: მთავრობა და ოპოზიცია ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას ხედავენ. არადა, სულ მცირე ხნის წინათ მათ შორის მწვავე კონფრონტაცია არსებობდა: ოქტომბრის თვეში ტელევიზიით გამოსვლის დროს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმმა განაცხადა, რომ „საქართველოში სამოქალაქო ომის წინაპირობები იქმნებოდა“. ამით მან გააკრიტიკა მთავრობის პოლიტიკა და პირადად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ოპოზიციურ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ „დანაშაულებრივი ორგანიზაცია“ უწოდა. პრემიერმა ისიც თქვა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკაში დარჩენის უფლებაც კი არ აქვსო. ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალების“ პარტიულ ოფისებზე განხორციელებული თავდასხმები „მოქალაქეთა ბუნებრივი აგრესიად“ მიიჩნია: მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მათ ბევრი დანაშაული აქვთ ჩადენილი და ეს სწორედ ამიტომ ხდებაო. მართლაცდა, ვიდეოკადრებში, რომლებიც 2011 წელსაა გადაღებული, ჩანს, თუ როგორ აწამებენ პატიმრებს ციხის ნიღბიანი ზედამხედველები. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა მადლობა უნდა თქვან იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ, „ნაციონალებმა“ განაცხადეს, რომ ამ ვიდეოკადრების ჩვენებით მთავრობა ცდილობს, რომ მოსახლეობის ყურადღება მწვავე პრობლემებიდან სხვა საკითხებზე გადაიტანოს. პრინციპში, ამ ვიდეოებით რაიმე ახალი არ თქმულა, რადგან ციხეში პატიმრების წამება ადრეც კარგად იყო ცნობილი: 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მსგავსი კადრების ტელევიზიით ჩვენებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებაში.

ვიდეოკადრების გამოქვეყნება ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის წინააღმდეგ დაწყებულ სკანდალს დაემთხვა, რომელიც მისი ყოფილი მფლობელისადმი ქონების დაბრუნებს მცდელობაში გამოიხატა. [ოპოზიციამ ამაში მთავრობის და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის მცდელობა დაინახა, რომელსაც ტელეკომპანიის კრიტიკული გადაცემები არ მოსწონდა]. თუმცა იმის გამო, რომ „ნაცმოძრაობამ“ მოახერხა ქართული სამოქალაქო საზოგადოების ნაწილისა და დასავლეთის საერთაშორისო ორგანიზაციების მობილიზება ტელეკომპანიის დაცვის მიზნით, მულტიმილიარდერმა  ივანიშვილმა, რომელიც ყველაზე გავლენიან პიროვნებად ითვლება, განაცხადა, რომ „რუსთავი-2“-ის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში მას არანაირი როლი არ შეუსრულებია.

ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაშიც ბიძინა ივანიშვილის ხელი ურევია. მართალია, აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა გადადგომის დროს განაცხადა, რომ „გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მივიღეო“, მაგრამ ძალიან საეჭვოა, რომ იგი მილიარდერს არ მოთათბირებოდა. ოპოზიციის შეკითხვას მმართველი კოალიცია ვერ პასუხობს. შეიძლება ჭეშმარიტება გიორგი კვირიკაშვილის ნათქვამიდან ჩანს, როცა მან პარლამენტში დამტკიცების დროს განაცხადა: „ჩვენ ყველანი გადავიქეცით ერთი ძალიან არასასურველი სპექტაკლის მოთამაშეებად, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებული კონფრონტაცია და პოლარიზაცია დასრულდეს, რომ ადამიანებმა ცოტა უფრო კეთილი თვალით შეხედონ ერთმანეთს და საზოგადოება რაღაცნაირად გავამთლიანოთ”.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „რადგანაც ჩვენ მმართველი ძალა ვართ, ვალდებულები ვართ თანამშრომლობას ვეცადოთ და ეს მხოლოდ სიმბოლური ჟესტი არ უნდა იყოს“. ეს ქართულ პოლიტიკაში ახალი ტონის, ახალი მიდგომის მანიშნებელია. სხვათა შორის, გიორგი კვირიკაშვილის მზადყოფნას თანამშრომლობისათვის პარლამენტის „ნაციონალი“ წევრებიც აღნიშნავდნენ.

„რუსთავი-2“-თან დაკავშირებული მწვავე დისკუსიის ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერები დაკარგა, რაც პირველად იქნა ასე მკვეთრად დაფიქსირებული 2012 წლის არჩევნებიდან. ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები მოწმობს, რომ მმართველი კოალიციის რეიტინგი ეცემა. ეს კიდევ არაფერი – მთავრობისათვის ყველაზე საშიში სხვა ციფრია: გამოკითხულთა 45%-მა აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარება არასწორი მიმართულებით ხდებაო, ერთი წლის წინათ კი ასე მხოლოდ მოსახლეობის 20% ფიქრობდა… არადა, 2016 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს.

Comments are closed