globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მასმედიაში 04 დეკემბერი, 2014 წელი

Posted by Globalresearch on Dec 4th, 2014 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

04 დეკემბერი, 2014 წელი

«КоммерсантЪ» (რუსეთი), 4 დეკემბერი, 2014 წელი

http://www.kommersant.ru/doc/2625196

უკრაინის მთავრობამ საქართველოს უნდობლობის ვოტუმი მიიღო
თბილისი უკმაყოფილოა მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეების უკრაინის მთავრობაში დანიშვნით
გიორგი დვალი
(შემოკლებით)
უკრაინის რადის მიერ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრად საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის დამტკიცების შემდეგ ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაციები, რომელთა თანახმად, საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება თითქოსდა თანამდებობიდან გადადგა. როგორც ამბობდნენ, დიპლომატის გადადგომის მოტივი ისაა, რომ მან ხელი ვერანაირად ვერ შეუშალა მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრების დანიშვნას უკრაინის მთავრობაშიო. მართალია, მოგვიანებით როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, ასევე თვითონ მიხეილ უკლებამ უარყვეს ეს ინფორმაციები, მაგრამ ფაქტია, რომ საქარრთველოს ხელისუფლებაში ელჩის მუშაობით უკმაყოფილონი არიან: საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გუშინ საღამოს განაცხადა, რომ „საელჩოს დაკომპლექტების საკითხი რიგ ქვეყნებში, მათ შორის უკრაინაში, გადახედვას საჭიროებს“.
ცნობილი გახდა ის ფაქტიც, რომ ალექსანდრე კვიტაშვილის გარდა, უკრაინის მთავრობაში დასაქმდება აგრეთვე საქართველოს შს ყოფილი მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძეც, რომლის სახელთან გარკვეულწილადაა დაკავშირებული ქართული პოლიციის რეფორმის განხორციელება. „მაგრამ მის საქმიანობაში ჩრდილოვანი მხარეც არის – იგი იყო შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის მოადგილე, რომელიც ამჟამად მსჯავრდებულია და სასჯელს მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო იხდის“, – ამბობს „კომერსანტთან“ საუბარში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, – ეკა ზღულაძე ხომ მიხეილ სააკაშვილს ავტორიტარული რეჟიმის მშენებლობაში ეხმარებოდა“.
მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრების უკრაინის მთავრობაში დანიშვნა და მათი გააქტიურება საქართველოს მმართველ კოალიციაში მკვეთრ უკმაყოფილებას იწვევს: „ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, რომელიც ქართულ-უკრაინულ ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს“, – განუცხადა ლევან ბერძენიშვილმა „კომერსანტს“, ხოლო ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ მიანიშნა, რომ თუ დადასტურდება ინფორმაცია საქართველოს ყოფილი გენპროკურორის ზურაბ ადეიშვილის უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად წარდგენაზე, მაშინ ამ ფაქტს კიევ-თბილისის ორმხრივი კავშირებისთვის „ცუდი შედეგები მოჰყვება“.
საქმე იმაშია, რომ ზურაბ ადეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ყველაზე ახლო თანამოაზრედ ითვლებოდა და როგორც კი საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა (2012 წლის ოქტომბერში), მან ქვეყანა სწრაფად დატოვა. ზურაბ ადეიშვილის უკრაინის მთავრობაში მიწვევის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ თუ ეს მართლაც ასე მოხდება, მაშინ თბილისმა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს, „სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელად იმ დამნაშავის დანიშვნის გამო, რომელიც სამართალდამცველების მიერ იძებნება“.
საქართველოს სამთავრობო წრეებში „კომერსანტს“ ერთ-ერთმა წყარომ დაუდასტურა, რომ კიევის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს თბილისი „ეჭვის თვალით და გაკვირვებით უყურებს“, თუმცა მან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის რეალური შესაძლებლობა გამორიცხა. „ჩვენი პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ვიზიტის დროს ყველაფერს გააკეთებს ამ გაუგებრობის გამოსასწორებლად“, – აღნიშნა „კომერსანტთან“ მოსაუბრემ.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სამომავლო ვიზიტს უკრაინაში – პირველს ბოლო ორი წლის განმავლობაში – საკმაოდ სერიოზულად ჩრდილი მიადგა.

«РБК Daily» (რუსეთი), 4 დეკემბერი, 2014 წელი

http://daily.rbc.ru/opinions/politics/03/12/2014/547f0547cbb20f16aae5679c

გამოუვა თუ არა უკრაინას რეფორმები საქართველოს მსგავსად?
მაქსიმ არტემიევი
(შემოკლებით)
უკრაინის ახალი მთავრობა გეზს კარდინალური ეკონომიკური რეფორმებისაკენ იღებს. ექსპერტები და ჟურნალისტები ამბობენ, რომ კიევისათვის ეკონომიკური საქმიანობის ნიმუში ქართული რეფორმები და გარდაქმნები იქნება, თუმცა ივიწყებენ, რომ უკრაინა საქართველოსაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება – სერიოზული ცვლილებების შანსი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. გამოუვა ის უკრაინას, რაც თბილისს გამოუვიდა? და საერთოდ, რა გამოუვიდა თბილისს?
ჩვენთან, რუსეთში, მიხეილ სააკაშვილის გუნდის შესახებ უკვე ერთგვარი კულტი წარმოიქმნა, თუმცა, კაცმა რომ თქვას, ყველანაირი რეფორმების წარმატებულად შეფასება მხოლოდ გარკვეულ ისტორიულ პერსპექტივაში შეიძლება. ამ შემთხვევაში შეფასების კრიტერიუმად მხოლოდ სტატისტიკური მაჩვენებლები არ გამოდგება – რამდენი გაათავისუფლეს, რამდენით შემცირდა ან მოიმატა… რასაკვირველია, ქართული რეფორმები, გარეგნულად მაინც, საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება. ალბათ, სწორედ ამის გამოა, რომ საერთაშორისო არენაზე ქართველ რეფორმატორთა გამოცდილება საკმაოდ დიდი მოთხოვნებით სარგებლობს.
კახა ბენდუქიძე, რომელიც ქართული რეფორმების „მამად“ ითვლება, უკრაინაში მრავალჯერ იყო ჩასული და კიეველ ჩინოვნიკებს აფორიზმებით ესაუბრებოდა: „ხალხი კი არ უნდა გენანებოდეთ, უკრაინას უნდა გაუფრთხილდეთო“. საყურადღებოა მისი შენიშვენბი: „მე ვერ ვხედავ უკრაინის ელიტაში რეფორმის გასატარებლად მზადმყოფ ადამიანებს“, „თქვენთან რევოლუცია არ დასრულებულა, რადგან ელიტა არ შეცვლილა“, „მე დაგეხმარებით, მაგრამ უკრაინის რეფორმა უკრაინელებმა უნდა განახორციელოთ“.
არსენ იაცენიუკის მთავრობის ცხრათვიანმა საქმიანობამ კახა ბენდუქიძის შეშფოთება დაადასტურა: უკრაინაში არ არის ეროვნული იდეა და ეროვნული კონსენსუსი რადიკალური რეფორმების განსახორციელებლად.
უკრაინის სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ქართულისაგან: 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა ხმების 96% მიიღო, 2014 წელს პეტრო პოროშენკომ კი – მხოლოდ 54%. საქართველო 2004 წელს სრულფასოვანი საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო, უკრაინა 2014 წელს – საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოში მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობის საოცარი მხარდაჭერა ჰქონდა, პეტრო პოროშენკო კი იმის ნახევრითაც კი ვერ დაიტრაბახებს, მით უმეტეს, რომ მას სააკაშვილის მსგავსი უფლებამოსილებაც არ გააჩნია. რეფორმების დროს კი, უფლებამოსილებებსაც თავისი მნიშვნელობა აქვს.
მიხეილ სააკაშვილს შიდაპოლიტიკური სერიოზული გართულებები პრეზიდენტობის მეხუთე წელიწადს დაეტყო, მანამდე მას საკანონმდებლო ორგანოში რაიმე მნიშვნელოვანი ოპოზიცია არ ჰყავდა, პეტრო პოროშენკოს კი ამ წუთშიც არ ჰყავს თავისი უმრავლესობა პარლამენტში; მიხეილ სააკაშვილის რეფორმების დროს ლარის კურსის მნიშვნელოვანი ცვლილება და ინფლაცია არ მომხდარა, დღეს კი უკრაინაში ეროვნული ვალუტის კურსის კატასტროფული ვარდნისა და საბიუჯეტო კრიზისის მოწმენი ვართ. საქართველო-რუსეთის ომის ქართული რეფორმების შემდეგ მოხდა, [უკრაინა-რუსეთის არაოფიციალური სამხედრო დაპირისპირება კი დღეს მიმდინარეობს].
და ბოლოს, საქართველოში სეპარატიზმი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას არ განვითარებულა, მისი ხელისუფლების დროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნის ნაწილებად უკვე აღარ აღიქმებოდნენ, საქართველო ერთიანი სახელმწიფო იყო და შესაბამისად, სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნებისთვის სეპარატიზმი ხელშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა. აჭარის პრობლემა კი, რომლის უკან ადგილობრივი ბათუმური მაფიოზური ელიტა იდგა, უსისხლოდ მოგვარდა.
უკრაინა კი მენტალურად და პოლიტიკურად უკვე დაშლილი სახელმწიფოა, რაც ვერხოვნა რადას არჩევნებმაც დაადასტურა: ავიღოთ, მაგალითად, ხარკოვის ოლქი, სადაც 15-დან 14 ოლქში ყოფილმა „რეგიონალებმა“ გაიმარჯვეს. მე-15-შიც „რეგიონალი“ გაიმარჯვებდა, თავისი კანდიდატურა რომ არ მოეხსნა. განა შეიძლება უკრაინისთვის დონბასის მნიშვნელობის შედარება საქართველოს რომელიმე ავტონომიურ რეგიონთან? ამას დავამატოთ ყირიმის დაკარგვა… არ არსებობს მხარეთა გამყოფი ხაზი, მარიუპოლისა და ლისიჩანსკის ბედი ბეწვზე ჰკიდია… კიევ-თბილისისათვის თვით რუსეთის მნიშვნელობაც კი სხვადასხვანაირია – გავიხსენოთ სტრატეგიული გაზ- და ნავთობსადენები, რომლებიც რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე ევროპისაკენ მიემართებიან…
უცხოელთა დანიშვნა მთავრობაში საკმაოდ სარისკო ნაბიჯია: პირველი – მინისტრი ხომ პოლიტიკური ფიგურაა.. საზოგადოებაშიც ნეგატიურ ემოციებს იწვევს; მეორე – ისინი ყველა პოსტსაბჭოთა ფიგურები არიან, ყველას საბჭოურ-პოსტსაბჭოური გამოცდილება და ცნობიერება აქვს. ამ თვალსაზრისით ასეთ მიწვევებს მაინც და მაინც რადიკალურს ვერ ვუწოდებთ; მესამე – თუ კორუფციასთან ბრძოლა გსურს, ძალოვანი სტრუქტურების რეფორმა უნდა განახორციელო, უკრაინაში კი პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო სისტემა რეფორმატორი ხელმძღვანელის გარეშე დარჩა. არადა, საქართველოში ხომ სწორედ ამ სტრუქტურების რეფორმა იყო პრიორიტეტული…

Comments are closed