globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 4 აპრილი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Apr 4th, 2015 and filed under უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«РИА Новости/Радио Спутник» (რუსეთი): ქართველები უვიზო რეჟიმის გარეშე რჩებიან: ევროკავშირი უარზეა

«Комсосиольская правда на Украине» (რუსეთი/უკრაინა): მიხეილ სააკაშვილი კიევში ძმას მალავს, თუმცა არ იცის, რითაა იგი დაკავებული

«Интерфакс» (რუსეთი): ინტერვიუ რაულ ხაჯინბასთან: „რუსული რუბლი გვინდა“, „საზღვარი არ გაუქმნდება“, „რკინიგზის აღდგენა ჯერ პრობლემატურია“, „საქართველო არ თანხმდება“, „ნატო საფრთხის მომტანია“

———————-

«РИА Новости/Радио Спутник» (რუსეთი), 3 აპრილი, 2015 წელი

http://ria.ru/radio_brief/20150403/1056467293.html

ქართველები უვიზო რეჟიმის გარეშე რჩებიან: ევროკავშირი უარზეა

მიხეილ შეინკმანი, პოლიტიკური მიმომხილველი

საქართველო გრძნობაარეულ მდგომარეობაშია. ქვეყანამ ეს-ესაა შეიტყო, რომ  „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე, რომელიც მაისში რიგაში უნდა გაიმართოს, ევროკავშირისაგან უვიზო რეჟიმს ვერ მიიღებს. ბრიუსელში ამას ოფიციალურად არ ამბობენ.  არც იტყვიან. ისედაც კარგად არის ცნობილი: როგორც თვითმხილველები ამბობენ, ევროკავშირთან ე.წ. „სტრატეგიული დიალოგის“ ბოლო რაუნდი ქართველებმა პირქუში სახეებით დატოვეს.

ის, რომ უკრაინასაც იგივე ბედი ელოდება, თბილისს ნაკლებად ამშვიდებს. ეს გასაგებიცაა – როგორ შეიძლება იმ ქვეყანასთან ერთად რიგში დგომა საამაყო იყოს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი შეიფარა, რომელიც სისხლსა და კორუფციაშია ყელამდე ჩაფლული? საქართველოსთვის უფრო სასურველია მოლდოვასთან შედარება. მოლდოვა ერთი ჩვეულებრივი სახელმწიფოა, კონფლიქტიც აქვს დნესტრისპირეთის სახით, მაგრამ რა ერჩი, უკვე უვიზო რეჟიმშია ევროკავშირთან. „ქართულ ოცნებას“, როგორც ჩანს, ასეთ საჩუქარს არავინ უძღვნის. მოკლედ, თბილიში უკვე ძალიან ბევრი ეჭვობს, რომ ევროპას თავისთან ქართველების ნახვა გულწრფელად სურს, რაიმე პირობების გარეშე. ბრიუსელი საქართველოს ძალიან სერიოზულ და განუხორციელებელ ამოცანებს უყენებს. ბოლო მოთხოვნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ეხება: თბილისმა ოკუპირებული ტერიტორიების კანონში ლიბერალური ცვლილებები უნდა შეიტანოს, რომელიც, მინიმუმ, იმაში უნდა გამოიხატოს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლის გამო არავინ დაისაჯოს (ქართულ კანონში ამგვარი ქმედებისათვის პატიმრობაა განსაზღვრული), ხოლო მაქსიმუმი – ქართველებთან ერთად ექს-ავტონომიების მოსახლეობამაც უნდა ისარგებლოსო ასოცირების შეთანხმების სიკეთით.

ასეთი მოთხოვნა ქართველებისთვის ერთობ მოულოდნელი იყო: პროფილური ჩიინოვნიკებიც კი ვერ ხვდებიან იმას, კონკრეტულად რა უნდა ევროკავშირს. ფორმულირება – ევროპული სიკეთეებით სარგებლობის დროს ყველა თანაბარიაო, უფრო მეტად ლოზუნგს ჰგავს, ვიდრე ინსტრუქციას, მით უმეტეს, რომ ქართველებს ამ სიკეთეებზე ჯერ მხოლოდ ბუნდოვანი წარმოადგენა აქვთ. საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმაც აღიარა, რომ ეს თემა დამატებით განხილვას და დაზუსტებას საჭიროებს. სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მხოლოდ ერთ რამეზე ორიენტირება მოახერხა: „ხმები, რომ სავარაუდო ცვლილებები რუსეთის ინტერესებს ემსახურებაო, სწორი არ არის. კანონის კორექტირებით ევროკავშირია დაინტერესებული“. აბა, რა უნდა ვთქვათ ასეთ სიტუაციაში? ქართველები რომ გააღვიძო, პირზე იმწუთს ევროპა აკერიათ… თუმცა რატომ უნდა იყოს ევროკავშირი დაინტერესებული? განა ბრიუსელი სულ იმის ნატვრაშია, როდის დაინახავს სახეგაცისკროვნებულ ქართველებს ევროპის ქალაქებში აფხაზებთან და ოსებთან ერთად? ევროკავშირი ხომ არც ადრე იყო შემჩნეული მსგავს ჰუმანიზმში.

თუ რაში გამოიხატება ხრიკები, ამის შესახებ კავკასიის საკითხების ექსპერტი ალექსანდრე სკაკოვი გვიამბობს:

- რატომ დაიწყო ასე უცებ ევროკავშირმა აფხაზევბზე და ოსებზე ზრუნვა? რითაა ნაკარნახევი ბრიუსელის მოთხოვნა, რომ საქართველომ „საოკუპაციო კანონის“ დებულებები უნდა შეარბილოს?

- ეს ევროკავშირის დიდი ხნის სურვილია. ბრიუსელს მსგავსი რამ ადრეც ხშირად უთქვამს, მაგრამ არა მკაცრი მოთხოვნით. ევროკავშირს ერთი რამ უნდა: თუ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ინტეგრირება საქართველოსტან არ მოხდება, მაშინ არც რუსეთთთან უნდა მოხდეს. უკეთესი იქნება მათი ინტეგრირება ევროატლანტიკურ ცივილიზაციასთან, ანუ რუსეთისაგან შორს.

- განა საქართველოს შეუძლია ასეთი მოთხოვნის შესრულება? განა ასეთი დათმობა თბილისს უვიზო რეჟიმის  მიღებაში დაეხმარება?

- ჩემი აზრით, საქართველო უვიზო რეჟიმს არ მიიღებს. ყოველ შემთხვევაში, დღეს და უახლოეს მომავალში. ამის იმედი არც უნდა ჰქონდეს. საქართველოში არიან პოლიტიკოსები, რომლებთაც მიაჩნიათ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მსოფლიოსათვის ღია უნდა იყოს. ამასთან, არის მრავალი ხელშემშლელი ფაქტორი – ძველი ინერცია, ქართულ პოლიტიკურ ელიტაში მყოფი „ქორები“ და სხვა. მაგრამ ისე ნუ ვიფიქრებთ, რომ თუ საქართველო ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს, უვიზო რეჟიმს მიიღებს. ყოველთვის მოიძებნება სხვა მიზეზები, რაც უვიზო რეჟიმის მიღებას დააბრკოლებს.

საეჭვოა, რომ ბრიუსელი მართლაც რეალურად ზრუნავს აფხაზებსა და ოსებზე. ასე რომ იყოს, მათ საზღვრების გადალახვის უფლებას მაინც მისცემდა, ვიზით ხელში, მაგრამ ისე გამოდის, რომ თითქოს ევროკავშირს საქართველოსთვის კარის გაღება არ სურს. თბილისისათვის ოკუპაციის კანონში ცვლილებების შეტანა ძალიან მძიმე იქნება: ეს დოკუმენტი ხომ ქართველებისათვის თითქმის ერთადერთი იურიდიული დოკუმენტია, რომელიც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კუთვნილებას ადასტურებს. მისი შერბილება იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის სოხუმი და ცხინვალი საბოლოოდ მხოლოდ მოგონებაღა დარჩეს.

«Комсомольская правда в Украине» (რუსეთი/უკრაინა), 4 აპრილი, 2015 წელი

http://kp.ua/politics/497014-saakashvyly-skryvaet-v-kyeve-rodnoho-brata

http://svitske.1plus1.ua/video/personaji/mihaylo-saakashvili-prihovuye-v-kiyevi-ridnogo-brata-419498.html

მიხეილ სააკაშვილი კიევში ძმას მალავს, თუმცა არ იცის, რითაა იგი დაკავებული

მარინა ტიშჩენკო

საქართველოს ექს-პრეზიდენტს, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩევლად მუშაობს, კიევში ძმა ჰყავს, თუმცა მიხეილ სააკაშვილმა არ იცის, რითაა იგი დაკავებული და რას საქმიანობს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ტელეკომპანია „1+1“-ის პროგრამა «Світське життя»-ში განაცხადა, რომელიც მაღალი წრის საზოგადოების ცხოვრებას აშუქებს.

- მე ნამდვილად არ ვიცი ზუსტად, რით არის იგი დაკავებული. როცა მე საქარტველოს პრეზიდენტი ვიყავი, ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ნათესავებს სახელმწიფოსაგან არანაირად არ ესარგებლათ. ჩემი ძმა არც ჩინოვნიკია და არც ბიზნესმენი, ამიტომაც არ ვფიქრობ, რომ იგი უკრაინაში ყოფნის დროს სერიოზულ ბიზნესმენად გადაიქცა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პროგრამის წამყვანს ეკატერინე ოსადჩის, როცა იგი ივანე ფრანკოს სახელობის თეატრის იუბილეს აღასანიშნავად გამართულ ღონისძიებას პეტრო პოროშენკოსთან და გარი კასპაროვთან ერთად ესწრებოდა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ასევე უარყო ხმები, რომ იგი თითქოსდა მეუღლეს გაშორდა. მისი თქმით, ისინი არ განქორწინებულან და ყველაფერი კარგად აქვთ.

ეკატერინე ოსადჩი: ამერიკას არ აღმოვაჩენ, თუ ვიტყვი, რომ თქვენ ქალთა გულთამპყრობელი ხართ. ბევრი ამბობს, რომ თქვენ მეუღლეს გაშორდით. ახლა გაქვთ შესაძლებლობა, რომ ეს ამბავი ან დაადასტუროთ, ან უარყოთ. თქვენ ისევ ცოლიანი ბრძანდებით? სადაა თქვენი მეუღლე?

მიხეილ სააკაშვილი: რასაკვირველია, ცოლიანი ვარ. ჩემი მეუღლე ორი კვირის წინათ იყო ჩამოსული კიევში ჩვენს ვაჟთან ერთად, იგი ამჟამად თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობს. ერთი საათის წინ ჩვენ ტელეფონითაც ვისაუბრეთ, შესაბამისად, ყველაფერი კარგად გვაქვს. როცა ადამიანი საჯარო ფიგურაა, ყოველთვის რარაც ჭორები ვრცელდება ხოლმე. საერთოდ, ამაში რუსეთმაც თავისი როლი შეასრულა: ჩემს შესახებ რაღაც სტატიებს წერდნენ, ფილმიც კი გადაიღეს… მოკლედ, ყველაფერი ნორმალურად გვაქვს.

«Интерфакс» (რუსეთი), 4 აპრილი, 2015 წელი

http://www.interfax.ru/world/434141

ინტერვიუ რაულ ხაჯინბასთან: „რუსული რუბლი გვინდა“, „საზღვარი არ გაუქმნდება“, „რკინიგზის აღდგენა ჯერ პრობლემატურია“, „საქართველო არ თანხმდება“, „ნატო საფრთხის მომტანია“

აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ ინტერვიუ მისცა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსს“, რომელშიც მან ისაუბრა რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, რუსეთთან თანამშრომლობაზე, რეგიონულ საფრთხეებზე და, რასაკვირველია, საქართველოსთან დამოკიდებულებაზე“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- რამდენადაა აფხაზეთი დამოკიდებული რუსეთის ფინანსურ-ეკონომიკურად?

- მოდით, ასე ვიტყვი: აფხაზეთისათვის უკიდურესად რთული იქნებოდა რუსეთის ფედერაციის დახმარების გარეშე აღედგინა ეკონომიკა და განვითარებულიყო. ჩვენ რუსეთი გულწრფელად ვემადლიერებით. რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელიც დახმარებას გვიწევს არა სიტყვებით, არამედ საქმით. რუსეთი რეალურად აჩვენებს აფხაზეთისადმი მეგობრულ დამოკიდებულებას.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს განზრახული აქვს აფხაზეთისთვის მეტი ფინანსური დახმარების გაწევა, ჩვენი ამოცანაა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა მომავალში თვითდაფინანსების დამაკმაყოფილებელ დონეს მივაღწიოთ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ  რუსეთისაგან მიღებული ფული უპირველესად ეკონომიკის აღორძინებას მოვახმაროთ. დღეს აფხაზეთი ძალიან ცოტას ქმნის – წელიწადში მხოლოდ 3 მილიარდი რუბლის პროდუქციას. ეს მოცულობა რამდენჯერმე უნდა გავზარდოთ.

- რუსეთ-აფხაზეთის საზღვრეის გადაკვეთის პროცედურის გამარტივების საკითხი დიდი ხანია დგას. ამ ზაფხულს აფხაზეთს, გასაგები მიზეზების გამო, ბევრი რუსი ტურისტი ეწვევა. რა ზომების მიღებაა დაგეგმილი საზღვარზე გადასვლის წესების გაიოლების თვალსაზრისით?

- რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის თავისუფალი გადაკვეთის უზრუნველყოფა ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობის ერთ-ერთი  მიზანია. საქმე საზღვრის გაუქმება-ლიკვიდაციას კი არ ეხება, როგორც ამას ზოგიერთი არაკეთილმოსურნე ამბობს, არამედ მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნას მისი გადაკვეთის დროს, მაგალითად, კონტროლის სფეროში ახალი ტექნოლოგიების დანერგვით. ახალი სასაზღვრო რეჟიმი და პროცედურები მიმართული იქნება აფხაზეთ-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებისთვის. ეს პროცესი ორ წელზე მეტ ხანს არ გაგრძელდება, თუმცა ჩვენ უკვე მივმართეთ რუსულ მხარეს, რომ უკვე მიმდინარე წელს ტურისტებისთვის მაქსიმალურად იოლი რეჟიმი იყოს.  ამასთან, აუცილებელია აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მდინარე ენგურზე.

- როგორ მიგაჩნიათ აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა? რა პირობებში შეიძლება ამ პროექტის განხორციელება?

- ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული და პერსპექტიული რეგიონული პროექტია.  ეს საკითხი ძირითადად დაკავშირებულია ყველა მხარისთვის მისაღებ პოლიტიკურ-სამართლებრივ ფორმულასთან, ეკონომიკურ გათვლებტან, რენტაბელობასთან და ა.შ. გარდა ამისა, პრობლემა ისიცაა, რომ პროექტის პოტენციურ მხარეებთაგან ზოგიერთი მის რეალიზებაში დაინტერესებული არ არის. ჩვენთვის ერთი რამ აშკარაა: აფხაზეთი ამ პროცესში თანასწორი და თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს.

- შესაძლებელია თუ არა და რა პირობებში შეიძლება სოხუმსა და თბილისს სორის დიალოგის დაწყება? არის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ნიშნები?

- ასეთი დიალოგი ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარეობს. ვერ ვიტყვით, რომ დისკუსია ერთმნიშვნელოვნად შედეგიანი: საქართველო ისევ და ისევ დაუსაბუთებლად უარყოფს აფხაზეთთან შეთანხმების დადების შესაძლებლობას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. ასეთ პირობებში დიალოგის გასაფართოვებლად საუბარი არ გამოვა. ამის მიუხედავად, ჩვენი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების მოგვარების ამოცანა ისევ რჩება. თუ საქართველოს ამ საკითხში რაიმე კონსტრუციული და საქმიანი წინადადება ექნება, ჩვენ მზად ვართ მის განსახილველად.

- საქართველოში ნატოს საწრთვნელი ბანაკის იქმნება. თქვენი აზრით, ემუქრება თუ არა ეს აფხაზეთის უსაფრთხოებას და თუ ემუქრება, რა საპასუხო ზომების მიღებაა დაგეგმილი?

- ექსპერტები ამბობენ, რომ აფხაზეთ-საქართველოს შორის არსებული საზღვარი რეგიონში გეოპოლიტიკური დაპირისპირების ერთგვარ ფრონტირად (მიჯნად) გადაიქცა. დასავლეთი აქტიურად ცდილობს რუსეთის ირგვლივ ნატოს სანიტარული კორდონი შექმნას. რუსეთი ჩვენი მოკავშირეა, ამიტომაც არ შეგვიძლია ამ პროცესებს გულგრილად ვუცქიროთ. საქართველოში უკვე აქტიურად ყალიბდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურა – შენდება ბანაკები, ცენტრები, რეალიზდება [უელსის სამიტზე მიღებული] გაძლიერებული ურთიერთობის პაკეტის კომპონენტები. რასაკვირველია, ეს ყველაფერი, რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, აფხაზეთისა და რუსეთის უსაფრთხოებისთვის მუქარებს წარმოადგენს. [ნატოს მოქმედება] ზოგადად რეგიონული უსაფრთხოების წინააღმდეგაცაა მიმართული. სწორედ ამიტომ აქტიურდება რუსეთ-აფხაზეთის სამხედრო ურთიერთობა, სწორედ ამიტომ იქმნება რუსეთ-აფხაზეთის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონტური.

Comments are closed