globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 16 იანვარი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jan 16th, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

კვირის პალიტრა: ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „მიხეილ სააკაშვილის ტიპის ადამიანებს გაჩერება არ შეუძლიათ და საკუთარ მოღვაწეობას ტრაგიკულად ასრულებენ ხოლმე“

კვირის პალიტრა: დიდი გაყრა, ანუ რატომ არ შეხვდა მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას // ინტერვიუ გიგი უგულავასთან: „მიხეილ სააკაშვილს ყოველ ჯერზე ეჭვები ტანჯავდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა“ //  ინტერვიუ ნიკა მელიასთან: „უნდა ვიცოდეთ, მერაბიშვილი ჩვენთან რჩება თუ უგულავა-ბოკერიას ფრთას მიჰყვება“

კვირის პალიტრა: ინტერვიუ რევაზ ოთარაშვილთან: „ორ თვეში „ნაციონალებზე“ ისეთი სკანდალური ინფორმაცია გასკდება, რაც აქამდე მოხდა, „ჟურნალად“ მოგეჩვენებათ“ // „ზურაბ ადეიშვილი სამმაგ თამაშს თამაშობს, ახალაია მიშას ბოლომდე უერთგულებს, ვანო მერაბიშვილი კი, ვფიქრობ, უგულავა-ბოკერიას დაჯგუფებაშია“

——

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ბრძოლა მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსისათვის // ექსპერტთა აზრით, ოპოზიციაში პირველობისთვის დიდი ბრძოლა წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ვის აქვს მთავარ ოპოზიციურ პარტიად ქცევის შანსი? (გამოკითხვა)

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ნიკა ჩიტაძესთან: „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მათ არ იმუშავეს გარკვეული მითების გაფანტვაზე, რომლებიც მათ წინააღმდეგ იყო მიმართული“

„რეზონანსი//მთელი კვირა“: დიდი გადაჯგუფება რეგიონალურ საკრებულოებში – „ნაცმოძრაობა“ პოზიციებს კარგავს

„რეზონანსი//მთელი კვირა“: როგორ დაინაწილებენ პარტიულ ქონებას ორად გაყოფილი “ნაციონალები”

——

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ნაციონალების“ დაშლით მიხეილ სააკაშვილმა იხეირა“ // „ქართულ ოცნებას“ რა უხარია, გაუგებარია“ // „გიგა ბოკერია-გიგი უგულავას ფრთას კარგი სასტარტო პირობები აქვს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „ქართულ ოცნებაში“ დამოუკიდებლად ვერავინ ითამაშებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „შემცირებულ თანამშრომლებს კომპენსაცია უნდა გადაუხადონ“ // „პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი დასაქმებაა“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „დიმიტრი ქუმსიშვილს მანამდე არ მოვეშვებით, სანამ არ გადადგება“ // „მთავრობას მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით“ // ოპოზიცია მინისტრების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს იწყებს

——

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ინტერვიუ ნიკა ჩიტაძესთან: „გაზპრომთან“ შეთანხმებით საქართველო წელიწადში 30 მილიონ დოლარს კარგავს“

„რეზონანსი“: მოსაზრება: „გაზპრომმა“ საქართველოს, შესაძლოა, გაზის ტრანზიტის თანხაც არ გადაუხადოს

კვირის პალიტრა: „გაზპრომთან“ „ტლინკაობა“ დასრულდა?! // რატომ შეცვალა თამაშის წესები რუსულმა ენერგომაგნატმა?!

„რეზონანსი//მთელი კვირა“: რას ცვლის ახალი კანონი ონლაინ-სესხების დავალიანების მქონე მოქალაქეებისათვის

„რეზონანსი//მთელი კვირა“: უმუშევარი ექს-დეპუტატები „ოცნებას“ დასაქმებას სთხოვენ

კვირის პალიტრა: 34-მილიონიანი პრემია-დანამატები! // „დიახ, პრემიები უნდა გაიცეს თანამშრომლებზე, რომლებიც კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, თუმცა აუცილებელია რეგულირება, რათა ხელმძღვანელი პირები თანამშრომლებთან შედარებით კოლოსალურ დანამატებს არ იღებდნენ“

——

„რეზონანსი//მთელი კვირა“: ორი კრიმინალური ინციდენტი პრეზიდენტის ოჯახში // რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის სიძე დაჭრეს, შემდეგ კი პრეზიდენტის ცოლისძმა იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს

კვირის პალიტრა: გიორგი მარგველაშვილს ჯერ სიძე დაუჭრეს, შემდეგ კი ცოლისძმა დაუჭირეს…

———————–

კვირის პალიტრა“, 16-22 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ალექსანდრე თვალჭრელიძესთან: „მიხეილ სააკაშვილის ტიპის ადამიანებს გაჩერება არ შეუძლიათ და საკუთარ მოღვაწეობას ტრაგიკულად ასრულებენ ხოლმე

ნათია დოლიძე

12 იანვარს ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთამ “ნაციონალური მოძრაობა” ოფიციალურად დატოვა. პარტიიდან წავიდა თითქმის ყველა ლიდერი, ვინც ორგანიზაციაშიც და ქართულ პოლიტიკაშიც ამინდს ქმნიდა. ჯერჯერობით პარტიიდან “განდგომილები” “ევროპული საქართველოს” სახელით ცნობილ ორგანიზაციაში გადაბარგდნენ, რომელიც, როგორც გაირკვა, გიგი წერეთლის მამის დაარსებული ყოფილა და თავის დროზე, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთ ბლოკში გაერთიანდა.
სპეციალურ ბრიფინგზე თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შეიძლება ითქვას, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა: “მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა და თითოეული ჩვენგანისთვის ადამიანური ტკივილი”. სააკაშვილის საპასუხო განცხადება მოზომილი იყო, თუმცა “ნაციონალურ მოძრაობაში” დარჩენილებს წასულების მიმართ კრიტიკა არ დაუშურებიათ.

მაინც რა გახდა “ნაციონალური მოძრაობის” გაყოფის მთავარი მიზეზი? – ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- მას შემდეგ, რაც 2012 წელს ახალი ხელისუფლება მოვიდა, ვამბობდი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხელი სისხლში არ აქვს გასვრილი, უნდა გაერიდოს ამ ჯალათურ პარტიას-მეთქი. მე თუ მკითხავთ­, ამ ხალხს წასვლა დააგვიანდა კიდეც. თუ კარგად დააკვირდებით და გააანალიზებთ იმ ლიდერების ვინაობას, ვინც წავიდნენ, ნახავთ, რომ ეს ნორმალურად მოაზროვნე ხალხია და მათ შორის არიან აშკარა ლიდერები, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდნენ “ნაციონალური მოძრაობის” იდეოლოგიურ სახეს. აქამდეც ყოველთვის ვამბობდი, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მარტო პოლიტიკური მანქანა კი არ იყო, მას ჰქონდა თავისი სტატისტური იდეოლოგია, დღეს კი რა გამოვიდა? ის ადამიანები, ვინც ეს იდეოლოგი შექმნეს, პარტიიდან წავიდნენ. დარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც სააკაშვილის ბელადობას უპირობოდ აღიარებენ, კვლავაც მოწიწებით შესცქერიან თავიანთ გურუს და მის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებენ.

წავიდნენ ბევრი მიზეზის გამო. ვერ ვიტყვი, რომ ნამდვილად გაურიგდნენ ხელისუფლებას, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, ეს “ნაცმოძრაობის” უკვე ყოფილი ლიდერების განწყობისა და მისწრაფების სინერგიული იქნებოდა. მათ, კარგა ხანია, შეეტყოთ, რომ სურდათ, გარიდებოდნენ ადამიანს, რომელსაც უკან მიჰყავდა პოლიტიკური ორგანიზაციაც და კონკრეტული ადამიანებიც, რომლებიც ახალგაზრდები არიან და წინსვლა სურთ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად კი წინსვლას ნამდვილად ვერ მოახერხებდნენ. ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში შესვლა არ შეიძლება, რაც მათ ძალიან კარგად ესმით, განსაკუთრებით – გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას.

მიმაჩნია, რომ პარტიაში ვინც კი ნორმალური, მოაზროვნე და ზომიერი ადამიანი იყო, ყველა წამოვიდა. არ ვამბობ, რომ წასულები ანგელოზები და მისაღები პოლიტიკოსები არიან. მე მხოლოდ მათი გადაწვეტილების ანალიზს ვცდილობ. ჩემი აზრით, როგორც პარტიაში დარჩენილების, ასევე წასულების იდეოლოგია და ზნეობრივი პოზიცია მიუღებელია.

- მიხეილ სააკაშვილის გუნდს და უგულავა-ბოკერიას გუნდს ერთი და იგივე ამოცანა აქვთბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიზნისათვის ბრძოლის რეჟიმში ისინი არ შეიკრან, მაგრამ მათი მოქმედება კოორდინირებული იყოს ივანიშვილის ბასტიონებზე იერიშის მისატანად“, – განაცხადაინტერპრესნიუსთანინტერვიუში ფსიქოლოგმა ნოდარ სარჯველაძემ

- ვნახე ეს ინტერვიუ და ძალიან მომეწონა, მაგრამ ვერ დავეთანხმები ბატონ ნოდარს, თიIთქოს შესაძლოა, ამ ორმა ჯგუფმა მომავალში კვლავ გამონახოს საერთო ენა. საქმე ის არის, რომ ეს ორივე გუნდი გამოირჩევა ნეოკომკავშირული განწყობებით, ანუ მათი დევიზია: “ვინც ჩემთან ერთად არ არის, ჩემი მტერია!” ამიტომ მათი შერიგების პერსპექტივას ვერ ვხედავ, თუმცა არ გამოვრიცხავ, არაერთი ადამიანი ვიხილოთ, რომლებიც ერთი ჯგუფიდან მეორეში გადაირბენ-გადმოირბენენ…  მოგეხსენებათ, უახლოესი მეგობრები შეურიგებელი მტრები ხდებიან ხოლმე. ვფიქრობ, ამ ორ ჯგუფს შორისაც ურთიერთობა სწორედ ასე წარიმართება.

- თქვენი აზრით, როგორ განაწილდება ის ამომრჩეველი, რომელმაც 2016 წლის არჩევნებზე ხმანაციონალურ მოძრაობასმისცა?

- არა მგონია, ის 500 000 თუ ცოტა ნაკლები ამომრჩეველი დღეს ბედნიერი იყოს. ეს ხალხი გაბრაზებული და იმედგაცრუებულია. “ნაცმოძრაობის” ამჟამინდელმა თუ უკვე ყოფილმა ლიდერებმა აჩვენეს, რომ თავიანთი პოლიტიკური კარიერა ყველაფერს ურჩევნიათ და ამომრჩევლის განწყობას არად დაგიდევენ. სოციოლოგი არ ვარ, ხელაღებით მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ორივე ჯგუფის რეიტინგი დღეს ნულის ტოლია და ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყონ. რა გამოუვათ, არ ვიცი… ჩემი შეფასებით, მათი მხარდაჭერის რეზერვი დღეს საქართველოს მოსახლეობის – და არა ბოლო არჩევნებზე მისულთა – 10%-ია. როგორ გაიყოფენ ამ 10%-ს, მომავალი გვიჩვენებს.

- მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა და შეინარჩუნანაციონალური მოძრაობის.. პროლეტარიატის უპირობო ლიდერობა. რამდენად მოახერხებს ის დასუსტებული პოლიტიკური პარტიის მომძლავრებას ქვეყნის გარედან, მით უფრო, რომ უკრაინაშიც სერიოზულ პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩართული

- სააკაშვილი ემოციური და სულსწრაფი ადამიანია, შესაბამისად, ხშირად აკეთებს­ ისეთ განცხადებებს, რასაც, როცა დაფიქრდება, დარწმუნებული ვარ, ნანობს. ამჯერად ის ძAალიან მოზომილი იყო. როგორც ჩანს, გაყოფას უკვე შეეგუა, მისთვის სიახლე არც უგულავას კრიტიკული განცხადებები აღმოჩნდა. მიმაჩნია, რომ ის ვერც უკრაინასა და ვერც საქართველოში მნიშვნელოვანს ვეღარაფერს მიაღწევს. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სააკაშვილის მატარებელი უკვე წასულია. ვფიქრობ, სახელმწიფოს შესაქმნელად და პარტიული ჯიბის გასასქელებლად მისი ხისტი, მწვავე და სასტიკი ქმედებები მოძველებული ინსტრუმენტია. ფერადი რევოლუციების დრო წავიდა. რევოლუციონერი პოლიტიკოსი ვერასდროს ხდება აღმშენებელი. გადახედეთ ისტორიას… რომელი ერთი გავიხსენოთ: მარატი, რობესპიერი… მათ შემდეგ მოდიოდნენ სხვები და აგრძელებდნენ სახელმწიფოს მშენებლობას. რაც მეტად იაქტიურებს, მით უარესი იქნება მისთვის, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სააკაშვილის ტიპის ადამიანებს გაჩერება არ შეუძლიათ და საკუთარ მოღვაწეობას ტრაგიკულად ასრულებენ ხოლმე.

- რა შეიძლება შეცვალოს ნაციონალური მოძრაობის გაყოფამ ოპოზიციურ ფლანგზე? ბოლოს და ბოლოს, მოხერხდება, რომ ჩამოყალიბდეს ძლიერი ოპოზიციური ძალა, რომლის მარგინალიზაცია არ მოხდება?

- გამიჭირდება იმის თქმა, რომ უახლოეს მომავალში რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვლება. 2010 წლის დასაწყისში ვერავის წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა, გაჩენილიყო­ ძალა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას დაუპირისპირდებოდა და შეცვლიდა, თუმცა გაჩნდა “ქართული ოცნება”, თავისი მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიური მრწამსით და რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ. ის, რომ ამომრჩევლის 50%-ზე მეტი არ მივიდა საარჩევნო ურნებთან, მოწმობს, რომ ელექტორალური სივრცე ხმების მოსაპოვებლად ძალიან დიდია, მაგრამ თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ “ელიტაში” ვერ ვხედავ ვერც ასეთ ძალას და ვერც პოლიტიკოსებს, ვინც უახლოეს მომავალში ამ თავისუფალი ნიშის დაკავებას შეძლებენ. მოკლედ, ჩვენში ამბიციები დიდია, იდეები კი – მწირი. ამ ნიშას “ნაცმოძრაობის” გაყოფას არ ვუკავშირებ. ის არსებობდა აქამდე და იარსებებს მანამ, სანამ არ გაჩნდება პოლიტიკოსი, რომელსაც გარდა იდეისა, ფულადი რესურსიც ექნება. მე ამ პროცესში უფრო პრაგმატული იდეოლოგიის პარტიების ადგილს ვხედავ, თუმცა, ვნახოთ…

გადახედეთ ოპოზიციურ სპექტრს და გააანალიზეთ არჩევნებამდე მათი ქმედებები. თითქმის ყველამ არასწორი პოზიცია დაიკავა. ლამის ყველას იგივე ლოზუნგები ჰქონდა, რაც “ქართულ ოცნებას” – ეკონომიკური აღმავლობა, დემოკრატია, ევროპისკენ სვლა და ა.შ. გარდა ამისა, პარტიებმა, რომელთა იდეოლოგია, ფაქტობრივად, არ განსხვავდებოდა, ვერ მოახერხეს გაერთიანება. ვფიქრობ, აქაც თავი იჩინა ლიდერობისკენ დაუძლეველმა მისწრაფებამ. არსად არის იმდენი პარტია, რამდენიც საქართველოში, არადა, ასე არაფერი გამოვა. ამ პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, “ოჯახური” პარტიების დრო წასულია და აღარ დაბრუნდება. ქართველი საზოგადოება, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საკუთარ შეცდომებზე ბევრ რამეს სწავლობს, ამიტომ თუ არ მოხდა პოლიტიკური ძალების გამსხვილება, მათ მომავალი არ აქვთ!

- ჩვენში დიდი რეზონანსი გამოიწვია გაზპრომთან ახალი ხელშეკრულების პირობებმა. მოგეხსენებათ, სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საფასურის ფორმა იცვლება. თუ აქამდე რუსული კომპანია საფასურს ნატურით, ანუ ბუნებრივი აირით იხდიდა, 2017 წელსნაწილობრივ, 2018 წელს კი სრულად ფულით აანაზღაურებს. ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის თქმით, ტრაფი თანამედროვე სტანდარტის შესაბამისია, თუმცა მას არ ასაჯაროებენ. არაერთმა ექსპერტმა, მათ შორისლადო პაპავამ, ეს შეთანხმება მკაცრად გააკრიტიკა...

- “გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება არც მე მომწონს და მიმაჩნია, რომ წინა პირობები ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი იყო. ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა და შესაძლოა, იყო საშუალება, უკეთესი შეთანხმებისთვის მიგვეღწია, თუმცა სამზარეულოს ცოდნის გარეშე რამის მტკიცება გამიჭირდება… ერთიცაა: ჩვენი მთავრობისგან განსხვავებით, “გაზპრომი” წინ მიდის და სწავლობს თავის შეცდომებზე. “გაზპრომი” გასულ წელს და ახლა, ვფიქრობ, სხვადასხვა წონითი კატეგორიის კომპანიებია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ში შეიცვალა ადმინისტრაცია. ამ კომპანიამ მოახდინა რესტრუქტუირება და ნელ-ნელა ახერხებს ეკონომიკური კოლაფსიდან გამოსვლას. ამიტომაც შარშანდელი და წლევანდელი მოლაპარაკებები, ვფიქრობ, ცასა და დედამიწასავით განსხვავებული იქნებოდა. მე ამის მხოლოდ ვარაუდი შემიძლია, რადგან არ ვიცით მოლაპარაკების პერიპეტიები. გარედან ლაპარაკი, რომ კარგი იქნებოდა, ძველის მსგავსი შეთანხმებისთვის მიგვეღწია, ადვილია, მაგრამ იყო კი ეს შესაძლებელი?!

- ერთ-ერთი ვერსიით, გაზპრომი მის მიერ შემოთავაზებული პირობების მიუღEებლობის შემთხვევაში დაგვემუქრა, რომ საერთოდ შეწყვეტდა სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას საქართველოს გავლით და ამას ირანის გზით მოახერხებდა

- არ მჯერა, რომ დღეს “გაზპრომს” შეეძლოს სომხეთისთვის გაზის ირანიდან მიწოდება. ამგვარი მუქარა, შესაძლოა, მართლაც იყო, მაგრამ კარგი იქნებოდა, ჩვენს მთავრობაში უკეთესად იცნობდნენ ირანის გაზსადენთა ინფრასტრუქტურას. სომხეთთან მას მხოლოდ 700-მილიმეტრიანი მილი აკავშირებს, რაც სრულად დატვირთულია, ამიტომ ახლა “გაზპრომი” ვერაფრით მოახერხებდა ირანიდან სომხეთისთვის დამატებითი გაზის მიწოდებას, თუმცა მას არაფერი შეუშლიდა ხელს, საქართველოსთან ძველი პირობებით ერთწლიანი ხელშეკრულება დაედო, ამ ერთი წლის განმავლობაში კი აეშენებინა ირანისა და სომხეთის დამაკავშირებელი ახალი გაზსადენი, რომელიც, როგორც ვიცი, მხოლოდ 70 თუ 80 მეტრზეა გასაყვანი. მოკლედ, ვინაიდან არ ვიცი მოლაპარაკების წყალქვეშა დინებები, თავს შევიკავებ მკაცრი კრიტიკისგან. ჩვენ, როგორც წესი, მხოლოდ აისბერგის წვერს, ანუ მოლაპარაკებების შედეგს ვხედავთ და არ ვიცით, რა ხდებოდა კულუარებში, რა მუქარა გაისმა ან რა ულტიმატუმი წამოგვიყენეს.

- რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის კლუბებში პროსტიტუციის თემაზე განცხადებები გააკეთა და ვითარების შესწავლა და სწრაფი გამოსწორება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

- ჩემი აზრით, ამ თემაზე არა მხოლოდ პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტმა და საზოგადოებამაც ერთად უნდა ვრეკოთ განგაშის ზარები! კვირიკაშვილმა მხოლოდ ვარდების მოედნის ქვეშ არსებული სივრცე ახსენა, მაგრამ მარტო ეს ხომ არ არის?! აღმაშენებელზე გაიარეთ, ნახეთ, რა ხდება! სხედან ფაშებივით საკუთარ კაფე-ბარებში და რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. ყველა ეს ადგილი ძალიან მკაცრად არის შესამოწმებელი. იქ როგორ ხარობს პროსტიტუცია, მათ შორის – არასრულწლოვანთა პროსტიტუციაც, ყველასთვის ნათელია და ამას განსაკუთრებული კვლევა არ სჭირდება. სამართალდამცავები აქამდეც უნდა დაინტერესებულიყვნენ ამ საკითხით. ნახეთ, ბათუმში რა ხდება! ამ ყველაფერს მოვლა და ხისტი ქმედებები სჭირდება. ყველა, ვინც საქართველოში საროსკიპოს მსგავს სამიკიტნოებს ხსნის, მკაცრად უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა, ვისია ეს დაწესებულება – ირანელის, არაბის, ქართველის თუ სომხის… და აქ კერძო ბიზნესში ჩარევაზე ლაპარაკი ზედმეტია.

- საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინსესხების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ბანკების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ხელი მოაწერა, შესაბამისად, ცვლილებები უკვე დღეიდან შევიდა ძალაში. დაიწყო როგორც გალარების, ასევე ონლაინ-სესხებისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედების პროცესი...

- ამ ცვლილებებს მხოლოდ მივესალმები. აქამდეც მითქვამს, რომ კრედიტების დოლარით გაცემა ანტიკონსტიტუციურია, შესაბამისად, არ მომწონს, რომ 100 000 ლარის ზემოთ კრედიტის დოლარით გაცემა ისევ შესაძლებელი იქნება. მე, ხელისუფლების ადგილას, მთლიანად ეროვნულ ვალუტაზე გადავიდოდი. ჩემი აზრით, გალარების პროცესი ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციაზე ირიბად იმოქმედებს, თუმცა რამდენად ძლიერი იქნება ამის შედეგი, კიდევ საკითხავია. რაც შეეხება ონლაინსესხებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, მიმაჩნია, რომ ეს რეგულაციები უფრო ხისტი უნდა იყოს. ჩემი ნება რომ იყოს, საერთოდ ავკრძალავდი ამ ორგანიზაციებს.

როგორც რამდენიმე დღის წინ გვითხრეს, თურმე საქართველოში გაცემულია 400 მილიონი ერთეული ონლაინსესხი. გამოდის, ჩვენი მოსახლეობის 80% ამ საკრედიტო ხაფანგშია გაბმული. ალბათ, ყოფილხართ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში. სადმე შესაძლებელია ონლაინსესხის მიღება? თითქმის არსად. სესხი თუ გჭირდება, არსებობს ბანკები და მათი მომსახურებით უნდა ისარგებლოთ. მევახშეობა დასაძრახი საქმიანობაა. ეს ორგანიზაციები კი წმინდა წყლის პირამიდები, ანუ ფულის მკეთებელი მანქანებია, რომლებიც არანაირ პროდუქტს არ ქმნიან. ვიმეორებ, ონლაინ-სესხები უნდა აიკრძალოს! ეს ლარის კურსზეც ახდენს უარყოფით გავლენას. ამ მევახშე ორგანიზაციების წყალობით ზედმეტი ლარია ბრუნვაში. ხანდახან მგონია, ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს, ქვეყნის მთელ მოსახლეობას დაუგროვოს უიმედო დავალიანებები და ადამიანები ფინანსურ მონებად იქციოს. პასუხისმგებლობა მართებთ მოქალაქეებსაც. როდესაც ონლაინ-სესხის ან ბანკიდან კრედიტის აღებას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, რა სახსრებით აპირებთ მის გასტუმრებას.

- 20 იანვარს აშშ-ში ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება, თუმცა მის წინააღმდეგ აგორებულ სკანდალებს ისეთი პირი უჩანს, ამერიკაში კარგა ხანს ვერ შეეგუებიან ტრამპის პრეზიდენტობას. ექსპერტთა თქმით, ასეთი რამ, რაც დღეს ხდება, აშშ-ის ისტორიას არ ახსოვს

- რაღა დაგიმალოთ და, ამერიკის ისტორიას არც ასეთი პრეზიდენტი ახსოვს… დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისგან კარგს არაფერს ველოდები. იგი აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი პოლიტიკური ფიგურაა და თვითონ არ იცის, რისი გაკეთება უნდა. ვფიქრობ, ტრამპი თავის ოთხწლიან ვადას ბოლომდე ვერ მიიყვანს და ერთ ან მაქსიმუმ – ორ წელიწადში მისი იმპიჩმენტის საკითხი დადგება. საბედნიეროდ, აშშ-ში ინსტიტუტები ძალიან მძლავრია და ჩემი აზრით, ამ ინსტიტუტების მეშვეობით მოხერხდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დაბალანსება. უფრო საინტერესოა, რას მოიმოქმედებს საშინაო პოლიტიკაში. რა მოხდება, თუ მართლაც დაიწყო იმ დაპირებული კედლის მშენებლობა, ან თუ მართლაც შეწყვიტა ნატოს დაფინანსება?

კვირის პალიტრა“, 16-22 იანვარი, 2017 წელი

დიდი გაყრა, ანუ რატომ არ შეხვდა მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას

ინტერვიუ გიგი უგულავასთან: „მიხეილ სააკაშვილს ყოველ ჯერზე ეჭვები ტანჯავდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა“ //  ინტერვიუ ნიკა მელიასთან: „უნდა ვიცოდეთ, მერაბიშვილი ჩვენთან რჩება თუ უგულავა-ბოკერიას ფრთას მიჰყვება

რუსუდან შელია

„მიხეილ სააკაშვილი ლიდერობის ღირსი არ არის, სააკაშვილი საკუთარი თავის პრობლემაა”, – უგულავა-ბოკერიას ფრთამ “ნაციონალური მოძრაობა” ხმაურიანი განცხადებებით დატოვა და გიგი წერეთლის მამის პარტიაში – “ევროპული საქართველო”­ – გადაბარგდა. შედეგად “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში­ მანდატების დიდი ნაწილი დაკარგა.

რატომ ვერ შედგა სააკაშვილისა და უგულავას შეხვედრა და იყო თუ არა ბოკერიას ფლანგის “ნაციონალური მოძრაობიდან” გასვლა დიდი ხნით ადრე დაგეგმილი პოლიტიკური სვლა, “კვირის პალიტრის” კითხვებს თბილისის ყოფილი მერი და პარტია “ევროპული საქართველოს”ერთ-ერთი­ ლიდერი გიგი უგულავა პასუხობს:

- სააკაშვილთან კომუნიკაცია ვცადე, თუმცა საუბარი მხოლოდ მიწერ-მოწერის დონეზე შედგა, მას ჩემთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონდა.­ მისი ფიქრით, პარტიაში­ მიმდინარე პროცესებთან კავშირი არა აქვს და ყველაფერი მისგან დამოუკიდებლად ხდება.
მისი მხრიდან ეს იმდენად ზერელე საუბარი იყო, რომ ჩემთვის პოლე­მიკის დაწყებაც უინტერესო გახდა.­ ჩემი ბოლო გზავნილი ასეთი იყო – “ნაციონალური მოძრაობის” დანგ­რევასა­ და დაშლაზე პასუხისმგებელი ხარ შენ!” დანარჩენი პერსონალური საუბარი იყო.

- საჯაროდ რაც გამოჩნდა, ყველაფერი ხომ თქვენი წერილით დაიწყო? დღეს რამდე­ნად მყარად გეჩვენებათ თქვენივე არგუმენტი, რომ ფორმალური თავმჯდომარის შეცვლითნაცმოძრაობისპოლიტიკური რესურსი გაიზრდებოდა?

- ჩემს წერილზე აპელირება არასწორია­. პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკ­ითხი ჯერ კიდევ 2013 წელს დადგა. მაშ­ინაც მწვავედ დავუპირისპირდი სააკაშვ­ილს, ჩვენი საუბარი ლამის ჩხუბამდეც კი მივიდა. ჩემი პოზიცია იყო, რომ კარგი იქნებოდა, თუ სააკაშვილი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს ინარჩუნებდა, მხოლოდ ქვეყნის­ პირველი პირის სტატუსით შემოფარგლულიყო, პარტიის ლიდერად კი სხვა კანდიდატურა აგვერჩია. გაცნობიერებ­ული გვქონდა, რომ პროკურატურა ბრალ­დებების”შეკერვით იყო დაინტერესებული­ და, ბუნებრივია, პარტიის ლიდერების და­კავებასაც ველოდებოდით.
მიშას ვუთხარი,­ მთელ დარტყმას ავიღებთ ჩვენ, შენ კი იყავი პრეზიდენტი, ეს შენთვისაც პოლიტიკურად მომგებიანი პოზიცია იქნება-მეთქი.

- თქვენი გათვლა იყო, თუ სააკაშვილი გაემიჯნებოდა პარტიას, ლიდერებს არ დააკავებდნენ?

- არა, ჩემი პოზიცია აბსოლუტურად ნაკარნახევი იყო პირველ რიგში, მისი ინტერესებით – პარტია განახლების გზას დაადგებოდა და დარტყმასაც ჩვენს თავზე ავიღებდით, თუმცა მაშინ სააკაშვილისგან­ პასუხად არაადეკვატური რეაქცია მივიღე. ამ დაპირისპირების შემდეგ პარტიის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში კიდევ არაერთხელ დადგა.­ მათ შორის მაშინაც, როდესაც სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა და მას საქართველოს მოქალაქეობა შეუჩერეს. ყოველ ჯერზე ეჭვები ტანჯავდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა.

- ანუ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ თქვენთვის ერთგვარ პოლიტიკურ ტვირთად იქცა?

- როდესაც აღარ ხარ პრეზიდენტი და არც მე ვარ თბილისის მერი, აღმოვჩნდით­ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებისთვის ბრძოლა ოპოზიციური ფლანგიდან გვიწევდა,­ განვიცდით ისეთ პოლიტიკურ დევნას, როგორიც პირველ საუკუნეში ქრისტიანებსაც კი არ გაუვლიათ, გუნდს ახალი­ ხედვა უნდა შესთავაზო – სააკაშვილი, როგორც ლიდერი, ვალდებული იყო, თანამებრძოლებსა და მხარდამჭერებთან ახალი მიდგომები­ გამოენახა, თუმცა ვერ შეძლო. სწორედ ამიტომაც ვთქვი, რომ ის ჩვენი გუნდის ლიდერობის ღირსი არ არის. 2013 წელს არავინ იყო ისეთი, არაადეკვატური სააკაშვილისთვის ეთქვა, რომ ჩვენ მასზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა ვართ და ამიტომ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ დღეს უკვე ამის თქმა თამამად შემიძლია. სამწუხაროა, რომ სააკაშვილს დროსთან ადეკვატურად მოქმედების შინაგანი რესურსი არ ეყო. შედეგად – დღეს “ნაციონალური მოძრაობაც” ერთი კაცის პარტია გახდა.

- თუ პარტიიდან სააკაშვილის გამიჯვნის საკითხი პირველად 2013 წელს დადგა, მაშინ რატომ ლაპარაკობს ის დღეს ივანიშვილის თამაშზე, ან რა ახსნა აქვს ნუგზარ წიკლაურის­ მინიშნებას, რომ პირადად თქვენ ხელისუფლებასთან კოორდინირებულ განცხადებებს აკეთებთ?

- იმდენად გულუბრყვილო და ბრიყვული ბრალდებებია, რომ ამაზე სერიოზულად როგორ უნდა გიპასუხოთ?

- ისე, ინტერვიუს ჩაწერის დროსაც მუდმივად სააკაშვილზე აკეთებთ აქცენტს, პარტიიდან გასვლისას ბრიფინგზეც უმეტესად სააკაშ­ვილზე ილაპარაკეთ. რა იქნებაევროპული საქართველოსმთავარი პოლიტიკური გზავნილი­ – “საქართველო სააკაშვილის გარეშე“?

- ბრიფინგზე პირველ პრობლემად ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა დავასახელე და კარგი­ იქნება, ვინც დაითვალა, რამდენჯერ ვახსენე სააკაშვილი და რამდენჯერ ივანიშვილი, ტექსტს უფრო დაკვირვებით მოუსმინოს. სააკაშვილზე იმიტომ ვილაპარაკე, რომ მას ვემიჯნებოდით.

- და ახლა რას გეგმავთ, “ევროპული საქართველოსლიდერი თქვენ იქნებით?

- ამას ყრილობა გადაწყვეტს. მე დავით ბაქრაძის კანდიდატურას ვუჭერ მხარს.

———–

როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, გიგა ბოკერიამ პარტიიდან გასვლა პოლიტსაბჭოზე დამარცხების შემდეგ გადაწყვიტა:

- “ნაციონალური მოძრაობა” არ დაშ­ლილა, პირიქით, განახლების პროცესი პარტიაში სწორედ ახლა დაიწყება. რაც შეეხება უგულავა-ბოკერიას გასვლას, არავის ეგონოს, რომ ეს მართლაც­ უგულავას ციხიდან გამოსვლის შემდეგ­ გადაწყდა. ყველაფერი 30 ნოემბერს დაიწყო, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტსაბჭოს სხდომა ჩატარდა და უმრავლესობამ ყრილობის 20 იანვარს 7 000 დელეგატის მონაწილეობ­ით­ ჩატარებას დაუჭირა მხარი. ბოკერია­ მის გამართვას 2 000 დელეგატის მონაწილეობით­ გეგმავდა. ამ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, ბოკერია, რომელიც საკმაოდ ჭკვიანი ადამიანია, დარწმუნდა, რომ ყრილობაზე მის მიერ ინიცირებული ყველა­ საკითხი ჩავარდებოდა, შესაბამისად, მართვის სადავეებს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დაკარგავდა. ამიტომაც შეიმუშავა გეგმა, როგორ გასულიყო პარტიიდან,­ თანაც ისე, რომ “ნაცმოძრაობისთვის” მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა.

- ფაქტია, ზიანი მიყენებუ­ლია

- “ნაციონალურ მოძრაობას” 30 ათასი წევრი ჰყავს, რომლებიც წლების განმავლობაში სწორედ ამ პარტიას ერთგულობენ. 20 იანვარსაც მრავალათასიან ყრილობას ჩავატარებთ და სიმართლე გითხრათ, ჩვენი მთავარი საზრუნავი დღეს უფრო ეს არის, ვიდრე ფრაქცია. პარტია ახალ ენერგიას მიიღებს, მეტი ადამიანი შეგვემატება. როდესაც “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში­ იყო, საზოგადოების ნაწილი ფიქრობდა, რომ გუნდში ჭკვიანები არიან, მაგრამ სასურველის მისაღებად ყველაფერს იკადრებენო. ეს სწორედ ბოკერიას მმართველობის სტილი აღმოჩნდა – პარტიის ფარგლებში არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენეს, რომ ადამიანები ურჩობისთვის დაესაჯათ. კერძოდ, ვინც უბრალოდ გაახმოვანა, რომ ბოკერიას არ ეთანხმებოდა, საპარლამენტო სიიდან ამოიღეს, თანამშრომლები სამსახურიდან გაყარეს და მეტიც, ფრაქციის თავმჯდომარის საჯაროდ დასჯა განიზრახეს. რაც მთავარია, ამას აკეთებდნენ იმ დროს, როცა ზუსტად იცოდნენ, რომ ორ დღეში “ნაციონალური მოძრაობის” რიგები უნდა დაეტოვებინათ. ბოკერიამ პროცედურული ომი გამოაცხადა, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა ბოლომდე გაეფუჭებინა.

- გიგი უგულავაც გიგა ბოკერიას გავლენით ვერ გახდა მხარეებს შორის მომრიგებელი ფაქტორი?

- როგორ უნდა ყოფილიყო უგულავა მომრიგებელი, როდესაც ციხიდან გამოსვლისას შერიგებაზე ილაპარაკა, ორ დღეში კი განაცხადა, პარტია დანგრეულიაო.
თუ ვინმეს ჰგონია, პარტია დანგრეულია და მისი პოლიტიკური მომავლის არ სჯერა, რა თქმა უნდა, უკეთესია ჩვენი რიგები დატოვოს.

- მთელ ამ პროცესში ისიც საინტერესოა, რომელ ფლანგზეა ვანო მერაბიშვილი...

- ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და ბიძინა ივანიშვილმა ოთხ კედელში გამოკეტა, მაგრამ უამრავი საშუალება არსებობს, რომ პარტიის გენერალურმა მდივანმა თავისი სათქმელი თქვას. მით უმეტეს, როდესაც პარტიიდან მცირე გუნდი მიდის, ყრილობამდე უნდა ვიცოდეთ, იგი ჩვენთან რჩება თუ უგულავა-ბოკერიას ფრთას მიჰყვება. იმედია, მის პოზიციას უახლოეს დღეებში შევიტყობთ.

კვირის პალიტრა“, 16-22 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ რევაზ ოთარაშვილთან: „ორ თვეში „ნაციონალებზე“ ისეთი სკანდალური ინფორმაცია გასკდება, რაც აქამდე მოხდა, ჟურნალად მოგეჩვენებათ“ // „ზურაბ ადეიშვილი სამმაგ თამაშს თამაშობს, ახალაია მიშას ბოლომდე უერთგულებს, ვანო მერაბიშვილი კი, ვფიქრობ, უგულავა-ბოკერიას დაჯგუფებაშია

ეკა ასათიანი

„ნაცმოძრაობის” დუშეთის ორგანიზა­ციის ყოფილი წარმომადგენელი, ექსნაციონალი რეზიკო ოთარაშვილი, პარტიაში მიმდინარე კულუარულ პროცესებსა და დაფინანსების ფარულ სქემებზე გვესაუბრება.

- სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ რაიონული ორგანიზაციების მიზანმიმართული განადგურება დაიწყო. ზოგი გაქცეული და დევნილი იყო, ზოგი პოლიტპატიმარი, ზოგიც სხვა ქვეყნის მოქალაქე და პარტია სანაგვეზე მიდიოდა… ამიტომ ბოკერია-რატიანის დაჯგუფებამ დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ სააკაშვილი როგორმე ჩამოსცილებოდა პარტიის თავმჯდომარეობას, თუმცა ამას სამი რამ უშლიდა ხელს: პირველი – მიხეილ სააკაშვილის, როგორც პერსონის ავტორიტეტი, მეორე – მისი ლობისტები დასავლეთში და მესამე – ფული. ბოკერია-რატიანის კლანმა ამ სამივე მიმართულებით დაიწყო მუშაობა… მიშას მხარდამჭერების შემცირება რაიონულ ორგანიზაციებზე შეტევით სცადეს და გამოუვიდათ. მაგალითად, მცხეთაში თითო-ოროლა კაცი თუ არის დარჩენილი პარტიულ ორგანიზაციაში, დუშეთში მხოლოდ ერთადერთი ადამიანია… დარჩა მხოლოდ ის “სექტა”, რომლისთვისაც მიშა დღემდე ავტორიტეტია. მე თითქმის ბოლო პერიოდამდე ვრჩებოდი “ნაცმოძრაობის” წევრად და მომსწრე ვარ იმისა, თუ როგორ შეუზღუდეს რაიონულ ორგანიზაციებს დაფინანსება. ერთხანს მხოლოდ ბენზინის ტალონებს გვაძლევდნენ თბილისის ცენტრალურ ოფისში ჩასასვლელად, კვებისთვის კი დღეში 10 ლარს. მერე ესეც შეგვიზღუდეს, გვეუბნებოდნენ, პარტიას უჭირსო.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახურის სპეციალისტი გახლდით და თანამდებობიდან უკანონოდ გამათავისუფლეს. მოვკიდე საბუთებს ხელი და ჩავედი პარტიის ოფისში… სანამ კარს შევაღებდი, რატიანი-ბოკ­ერიას საუბარს მოვკარი ყური, ნეტავ როდემდე უნდა ვითმინოთ ამ გიჟის ხუშტურებიო, კითხულობდა რატიანი (მივხვდი, მიშას გულისხმობდა). ცოტაც მოიცადე და თავიდან მოვიშორებთო, ეუბნებოდა ბოკერია.
ამ დროს შევედი და საუბარი შეწყვიტეს. რა თქმა უნდა, ჩემი პრობლემით არც კი დაინტერესებულან. ამიტომაც უკან დაბრუნებულმა “ნაცმოძრაობა” დავტოვე, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება კი სასამართლოს გზით გავასაჩივრე და მოვიგე. ახლა, “ყოფილი ნაციონალები” რომ დაირქვეს, მეცინება… კოხტად კი ჩამწკრივდნენ, მაგრამ ისეთები დაიყენეს წინ, უკან და გვერდით, რომ… ნახევარზე მეტს ვერ ვცნობ.

ამ ახალგამომცხვარ “ნაციონალებს” რომ ჰკითხო, პარტიის პირველი ოფისი სად იყოო, ვერ გიპასუხებენ. მე კი პარტიული ბრძოლის ყველა ეტაპი კარგად მახსოვს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ შენობის სარდაფში ვიკრიბებოდით “ნაციონალური მოძრაობის” პირველი დამფუძნებლები: სააკაშვილი, ახალაია, ცისკარიშვილი, მე და კიდევ რამდენიმე კაცი. იქ შეკრება და საპროტესტო მოძრაობა სანაიას მკვლელობის შემდეგ დავიწყეთ. სანაიას უნდა ემხილებინა კახა თარგამაძე და სხვა მაღალჩინოსნები იარაღის კონტრაბანდასა და არალეგალურ ბიზნესში. ჰოდა, ვიდრე ეს მოხდებოდა­, მოკლეს. ჩვენ ამ ფაქტის შემდეგ ავაგორეთ დიდი საპროტესტო მოძრაობა…

- თქვენი აზრით, პარტიის დაშლის შემდეგ­ როგორ გაიყოფა დაფინანსება?

- მოდი, ასე ვთქვათ, რა ფინანსური წყაროები გააჩნია პარტიას? პირველი – ეს არის სახელმწიფო დაფინანსება (არჩევნებზე ბარიერგადალახულ პარტიას რაც ეკუთვნის), მეორე – საერთაშორისო დონ­ორი ორგანიზაციებისგან მიღებული დაფინანსება, მესამე – შემოწირულობები. სახელმწიფო დაფინანსება გაიყოფა, რაღაც უმნიშვნელო შემოწირულობებიც, თუმცა მთავარი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსება დარჩება მიშას მხარეს… იმასაც გეტყვით, თუ როგორ აღწევდა პარტიამდე ამ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსება – მთელი რიგი კომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციები დარეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონებში, ისინი გამოყოფენ დაფინანსებას, რომელიც შუამავლის ხელით პარტიას მიეწოდება. ხალხს ხომ ეგონა, რომ “ნაციონალებს” სოროსის ფონდი აფინანსებდა, სინამდვილეში მთლად ასეც არ იყო… კერძოდ, ოფშორში დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია გამოყოფდა ფულს სოროსის ფონდისთვის და “ნაციონალებს” რა პროექტიც უნდა წარედგინათ, ფულს მაინც მიიღებდნენ…

- არასამთავრობო ორგანიზაციების დაფ­ინანსება ხშირად ქველმოქმედებისთვის არის გამოყოფილი და პარტიამდე ფინანსური შემოწირულობის სახით როგორ მიდის?

- თანხის დიდი ნაწილი ქველმოქმედებისთვის იხარჯება, მაგრამ ნაწილი პარტიამდე მიდის. მაგალითად, არსებობს “ამიერკავკასიის პირველი ლედების ასამბლეა”, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული. ამისთვის გამოიყოფა თანხები, რაღაც პერიოდში ამ თანხამ ხომ მოაღწია სანდრა რულოვსამდე?­ მან გასწია ქველმოქმედება, თანხის ნაწილი კი შემოწირულობის სახით მისმა თანაშემწემ შეიტანა პარტიის ანგარიშზე… ბოკერიას დაჯგუფება ბოლომდე ეცადა სანდრა რულოვსის გამოყენებას სწორედ ამ ფინანსური წყაროების გასაშიფრად, მაგრამ ვერ მოახერხა.­ აბა, ელენე ხოშტარია სანდრას რატომ დაუდაქალდა? ბათუმის ბულვარში მასთან ერთად ველოსიპედით რისთვის დასეირნობდა და მის ქება-დიდებაში რატომ იყო? მას უნდოდა, სანდრასგან მიშას გეგმების შესახებ მიეღო ინფორმაცია და დაფინანსების წყაროებიც გაეშიფრა, შემდეგ კი ბოკერიასთვის ანგარიში ჩაებარებინა.

- თქვენც გქონდათ არასამთავრობო ორგანიზაცია, გამოდის, თქვენც შუამავლის როლს ასრულებდით და პარტიისთვის ფინანსების მოზიდვის საქმეში მონაწილეობდით?

- მე პარტიის დაფინანსებაში მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა ჩემ მიერ გაწეული ქველმოქმედება ხშირად პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებასაც ემსახურებოდა.

- დაფინანსებას ვისგან იღებდით?

- არსებობდა ფონდი “ჰორიზონტი”, რომლის ხელმძღვანელიც გახლდათ ნინო სააკაშვილი. ასევე, იყვნენ სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიც.

- ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს ამერიკელები ურჩევდნენ, დაეტოვებინა პარტიის თავმჯდომარეობა

- ასეთი ჭორის გავრცელება მიზანმიმართული პიარკამპანიის ნაწილი იყო. სინამდვილეში, მხოლოდ ბოკერიას დაჯგუფებას უნდოდა, მიშა თავმჯდომარეობიდან წასულიყო და პარტია სხვებს დარჩენოდა.

- ზურაბ ადეიშვილი რომელ მხარეს დაიჭერს?

- ზურაბ ადეიშვილი სამმაგ თამაშს თამაშობს როგორც უგულავა-ბოკერიასთან, ასევე სააკაშვილსა და “ქართულ ოცნებასთან”. ეს მოგვიანებით გამოჩნდება.

- ციხეში მყოფინაციონალები“?..

- ახალაია მიშას ბოლომდე უერთგულებს, მერაბიშვილი კი, ვფიქრ­ობ, უგულავა-ბოკერიას დაჯგუფებაშია. გადანაწილება-გადმონაწილება იმის გათვალისწინებით მოხდა, ვინ საიდან მოელის გამორჩენას… ერთმანეთს ძველი წყენები გაუხსენეს. გიგი წერეთლის ბიზნესინტერესები მაშინ შეილახა, როცა მას მიშამ ტრიბუნიდან ხელი დაუქნია, მარილზე­ ფასები გაძვირდა და სასწრაფოდ გააიაფეო… წერეთელს ახლა შანსი მიეცა, სიამოვნებით გაუშვას სააკაშვილი პოლიტიკურ მარილზე… ზოგს ისიც გაუკვირდა, ნიკა რურუა უგულავას გვერდით რატომ არ აღმოჩნდაო? რურუას დეველოპერულ კომპანიას უგულავამ კიკვიძის ბაღში მშენებლობის უფლება არ მისცა… ორ თვეში ისეთი სკანდალური ინფორმაცია გასკდება, რომ რაც მოხდა, ის მხოლოდ “ჟურნალად” მოგეჩვენებათ.

———————–

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 16 იანვარი, 2017 წელი

ბრძოლა მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსისათვის

ექსპერტთა შეფასებით, ოპოზიციაში პირველობისთვის დიდი ბრძოლა წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება

ეკატერინე ბასილაია

დღეს მთლიანად არეულ-დარეულ და ჩამოშლილ ოპოზიციურ ველზე რეალური მთავარი და №1 ოპოზიციის ადგილი ვაკანტურია და ამ ადგილის დასაკავებლად დიდი და შეუპოვარი ბრძოლა თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდება, სადაც ნათლად გამოჩნდება, რომელმა პარტიებმა შეძლეს გადარჩენა და რომელი იქნება სამომავლოდ ანგარიშგასაწევი პირველი ოპოზიციური პარტია, რომელი – მეორე და მესამე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორ ნაწილად გაყოფის შემდეგ, პოლიტიკურ ფლანგზე ერთგვარი ნონსენსი შეიქმნა და ქვეყანაში №1 ოპოზიციური ძალის სტატუსი ფორმალურად აქვს არა 27%-ით პარლამენტში შესულ “ნაცმოძრაობას”, არამედ უგულავა-ბოკერიას ახალ მოძრაობა “ევროპულ საქართველოს”, თან ისე, რომ ამ ძალის რეიტინგი არავისთვის არ არის ცნობილი და არავინ იცის, შეძლებდა თუ არა ის დღევანდელი სახელწოდებით პარლამენტში შესვლას, თუ სხვა, მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი პარტიების მსგავსად, პარლამენტს მიღმა აღმოჩნდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე, მომდევნო 4 წელი, მთავარი ოპოზიციის მზამზარეულად მოპოვებულ სტატუსს ისევ ბოკერია-უგულავას “ევროპული საქართველო” შეინარჩუნებს, პოლიტოლოგების განცხადებით, ახლა მთელი ოპოზიციისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც იქნება ტესტი არა მარტო იმისა, დაშლილი “ნაციონალებიდან” ვის უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, არამედ იმის, დანარჩენი ოპოზიციური ძალები შეძლებენ თუ არა, მთავარი ოპოზიციური ძალის დაშლით სარგებელი მიიღონ და ანგარიშგასაწევ ოპოზიციად წარმოჩნდნენ. ამდენად, ეს მეორეხარისხოვნად მიჩნეული არჩევნები დიდ მნიშვნელობას იძენს.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, ადგილობრივი არჩევნები ჩვენთანაც და სხვაგანაც მეორეხარისხოვანი პოლიტიკური მოვლენაა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მაგრამ დღეს დიდი აზარტი და ინტრიგაა შემოტანილი და ამ არჩევნებზე კარგი შედეგი ბევრის მაჩვენებელი იქნება.

“ოპოზიციისთვის შემოდგომაზე დიდი ბრძოლა იქნება. თან ვნახეთ ის, როდესაც წინა ადგილობრივ არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსმა” აჩვენა კარგი შედეგი, რამაც მერე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოზიცია გაუმყარა. ასე რომ, ადგილობრივი არჩევნები ერთგვარი ტრამპლინის ფუნქციას ასრულებს ხოლმე. დღეს კი “ნაციონალების” დაშლამ მეტი აზარტი შემოიტანა,” – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ პირველად ხდება, როდესაც ადგილობრივი არჩევნებისადმი ყურადღება მკვეთრად გაიზარდა და თუკი არასაპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანებას მოახერხებს, “ნაციონალების” დაშლის ხარჯზე მათ მთავარი და ანგარიშგასაწევი ოპოზიციის როლის მიღებაც შეუძლიათ. სხვა შემთხვევაში, დე იურედ მთავარი ოპოზიცია იქნება ბოკერია-უგულავას ახალი ძალა და რეალურად ისევ სააკაშვილის “ნაცმოძრაობა”.

საგულისხმოა, რომ დღეს გვაქვს პარლამენტი, რომელიც საერთოდ არ გადმოსცემს არჩევნებში პარტიების მიერ მიღებულ ხმებს. “ქართული ოცნებაა”, რომლესაც ამომრჩევლის მხოლოდ 48%-მა დაუჭირა მხარი, მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა და 116 მანდატი, რაც ჯამში 77%-ია. მეორე ადგილზე 27%-ით გასულ “ნაციონალურ მოძრაობას” შემორჩა მხოლოდ 6 მანდატი, ისევ როგორც 5%-ით გასულ “პატრიოტთა ალიანსს” ჰყავს 6 დეპუტატი. ხოლო ყველაზე მრავალრიცხოვანი ოპოზიცია პარლამენტში 21 მანდატით არის რამდენიმე დღის წინ შექმნილი ახალი მოძრაობა, “ევროპული საქართველო”, რომლისთვისაც ამომრჩეველს ხმა საერთოდაც არ მიუცია.

ნაციონალების დაშლით პატრიოტთა ალიანსი იგებს

რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ წამყვანი ოპოზიციის სტატუსს 4 წელი ისევ ბოკერია-უგულავას ახალი მოძრაობა შეინარჩუნებს, თუმცა ამის პარალელურად საინტერესო და საყურადღებო პროცესი იწყება. თუ ოპოზიციურმა პარტიებმა, უპირველესად “ნაცმოძრაობამ”, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ადგილობრივ არჩევნებში, ისინი დაეუფლებიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების რაღაც ნაწილს და საშუალება ექნებათ, ხელისუფლებას რეგიონებიდან შეუქმნან პრობლემები. ეს იქნება ბრძოლის ახალი ფორმა, ფრონტის ახალი ხაზი, რომელიც, ალბათ, დიდ პოლიტიკურ შედეგებს შემდეგ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, მოიტანს.

რამაზ საყვარელიძის თქმით, ადგილობრივ არჩევნებზე ერთი მთავარი ბრძოლის ველი იქნება ძველ და ახალ “ნაციონალებს” შორის და თუ დღეს “ევროპული საქართველოსთვის” პრობლემა არ არის ის, რომ მისი რეიტინგი არ ვიცით, მათ რეიტინგს ადგილობრივ არჩევნებზე მოეფინება მცირე შუქი, რაც, მისივე ვარაუდით, დიდი არ იქნება და რაც “ნაცმოძრაობისგან” მათი საქილიკო თემაც გახდება. პოლიტოლოგი ამბობს იმასაც, რომ “ნაციონალებს” შორის ბრძოლის გარდა იქნება მეორე ფრონტის ხაზიც, სადაც ყველა დანარჩენი ოპოზიციური ძალა შეეცდება, გამოიყენოს “ნაცმოძრაობის” გაყოფა და ამ არეულობაში პირველობისთვის ბრძოლა თავად მოიგოს. მისი პროგნოზით, გაძლიერებისა და არსებული სურათით მოგების ყველაზე დიდი შანსი „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს.

„წინა არჩევნებთან შედარებით მათ ახლა უკეთესი შედეგი აჩვენეს და სხვა პარტიებთან შედარებითაც წინა პლანზე წამოვიდნენ. ამ პარტიის შინაარსშიც, რაც დასახელებაში „პატრიოტებში“ აისახება, ბევრი რამ არის ისეთი, რომლის მიმართ რეგიონში მცხოვრები უფრო მგრძნობიარეა და ამიტომ უფრო მეტი მხარდაჭერაც ექნებათ. ევროპისადმი ერთგულების წინა პლანზე წამოწევას კი რეგიონებში შეიძლება გაუჭირდეს. ეს არ მარტო ქართული ტენდენციაა, აშშ-შიც კონსერვატიზმმა გაიმარჯვა ტრამპის სახით. პოლიტიკურ არჩევანში წინა პლანზე მოდის არა ის, რასაც ევროპულ ღირებულებებს ეძახიან – ადამიანთა უფლებები და ა.შ. – არამედ პატრიოტული, ნაციონალური ინტერესები, ამ ტენდენციამ შეიძლება უფრო მკაფიოდ იჩინოს თავი და ამიტომ მგონია, რომ ადგილობრივ არჩევნებში “პატრიოტთა ალიანსი” შეიძლება აღმოჩნდეს უფრო ძლიერი პარტია, ვიდრე აქამდე იყო. რაც შეეხება დავით უსუფაშვილის მომავალ ძალას, “თავისუფალ დემოკრატებს” და სხვა პროდასავლურად მიჩნეულ არასაპარლამეტო ოპოზიციას, იმავე მიზეზით, რატომაც “პატრიოტთა ალიანსი” მიმაჩნია უფრო პერსპექტიულად, მათ ხმების მოპოვება გაუჭირდებათ.

მოსახლეობა უკვე შეეჩვია, რომ ევროპა ვართ და ამით სიახლის შეთავაზება არ ხდება. ახლა მოსახლეობას მეტი სჭირდება, რაღაც უფრო ახლოს მის ინტერესებთან. ამიტომ, თუ ამ პარტიებმა თავიანთ პლატფორმას არ გადახედეს, ვერ მიიღებენ შედეგს,” – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთელი ოპოზიციური ფლანგის მთლიანად ჩამოშლის შედეგად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, არა მარტო ოპოზიცია დაზარალდა, არამედ “ქართული ოცნებაც”, რომელმაც დაკარგა მთავარი და ძლიერი “საფრთხობელა”, რომლის მოსვლის შიშით იღებდა საარჩევნო ხმებს და არა გაკეთებული საქმეების გამო.

“2012-შიც და 2016 წელსაც “ოცნებამ” ხმები იმის ხარჯზე მიიღო, რომ ხალხს აშინებდა – “მგელი მოდისო”. ეს “მგელი” იყო სერიოზული, ღონიერი, აგრესიული მგელი “ნაციონალური მოძრაობა”. დღეს ორი ლეკვი გაჩნდა. ეს მგელი ნაწილებად დაიშალა და სერიოზულად ძლიერ ძალას არ წარმოადგენს, რაც “ქართული ოცნებისთვის” დიდი დანაკარგია. “მგელი მოდის” ძახილის საფუძველი ხელიდან გამოეცალა და ახლა მოუწევს, ბევრი საქმე გააკეთოს,” – დასძენს რამაზ საყვარელიძე.

გაერთიანებული არასაპარლამენტო ოპოზიციის შანსი

დიპლომატიური აკადემიის რექტორ სოსო ცინცაძის თქმით, ადგილობრივი არჩევნები იქნება ლუსტრაციის ბრწყინვალე შესაძლებლობა, სადაც ვნახავთ, რომ “ნაციონალების” ორივე ფრთა ცალ-ცალკე გაცილებით უარეს მაჩვენებელს და რეიტინგს მიიღებენ, ვიდრე ერთად იღებდნენ. თუმცა, პირველობის შენარჩუნებას, მისივე აზრით, ისევ სააკაშვილის ძველი “ნაციონალები” შეძლებენ.

“ჩვენ ვნახავთ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე სააკაშვილის მომხრეები მეტ ხმას მიიღებენ, ვიდრე ახალი “ნაციონალები”. თუმცა, დღეს ფორმალურად მთავარი ოპოზიცია ბოკერია-უგულავას “ევროპული საქართველოა” და ეს არის კიდევ ერთი ანეგდოტი, რადგან პარტიას, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია და პარტია, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში მაინცდამაინც შთამბეჭდავ მაჩვენებელს ვერ დადებს, 4 წელი იქნება პირველი საპარლამენტო ოპოზიცია და უცხოელი ლიდერები რომ ჩამოვლენ, ამ ჯგუფს შეხვდებიან,” – ამბობს სოსო ცინცაძე, რომლის თქმითაც, ჩვენთან ლიდერომანიაა, არავინ უყურებს პარტიის პრინციპებს და ხალხი უბრალოდ ლიდერებს აძლევს ხმას – “ჯერ იყო ზვიადი, შემდეგ შევარდნაძე, შემდეგ მიშა და ახლა ბიძინა. ამომრჩეველი პიროვნებებს აძლევენ ხმას და არა მათ პარტიებს”.

სოსო ცინცაძის აზრით, პირველად ხდება, როდესაც ადგილობრივი არჩევნების მიმართ ინტერესი უაღრესად დიდია და თუკი არასაპარლამენტო ოპოზიცია გაერთიანდება, მას აქვს შანსი, ანგარიშგასაწევ ძალად იქცეს, ცალ-ცალკე ან ორ და სამ პარტიებად დაჯგუფებით ვერაფერს მოიგებენ. მისივე თქმით, მედიაში თითქოს რაღაც მოლოდინია, რომ დავით უსუფაშვილის მიერ დაანონსებული პარტია იქნება ძლიერი, თუმცა მას ამის არ სჯერა. იგი ამბობს, რომ უსუფაშვილს ქარიზმა არ აქვს, თან ის წლების განმავლობაში იყო საკმაოდ ინტელექტუალური პარტიის – “რესპუბლიკელების” ლიდერი, მაგრამ ვერ შეძლო, რეიტინგული გამხდარიყო და ვერ შეძლებს ვერც მომავალში. ცინცაძეს იმედი აქვს, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია მიხვდება და გაერთიანდება, მაგალითად, იმავე ნინო ბურჯანაძის ირგვლივ.

“თუ პარლამენტსგარე ოპოზიცია გაერთიანდება, კუკავათი დაწყებული და “ახალი მემარჯვენეებით” თუ “თავისუფალი დემოკრატებით” დამთავრებული, დაძლევენ თავიანთ ამბიციებს, შიდა პრაიმერს ჩაატარებენ და პრაიმერში გამარჯვებულის ლიდერობას აღიარებენ, ვფიქრობ, რომ ბურჯანაძეს მძლავრი კონკურენტი არ ეყოლება და ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი რეალური გამოსავალი. თუ მთელი არასაპარლამენტო ოპოზიცია არ გაერთიანდება, მაშინ 5 ან 10 წლის მანძილზე ერთპარტიულ რეჟიმში ვიცხოვრებთ. თანაც, ძალიან სუსტ ერთპარტიულ რეჟიმში, რადგან “ოცნება” ძლიერი პარტია არ არის.

კლასიკური გაგებით “ოცნება” პარტია საერთოდ არ არის. ეს არის იმ ერთი ადამიანის მომხრეთა ჯგუფი, რომელმაც სტრუქტურა, შიდა ორგანიზაცია და მყარი ინსტიტუტები ვერ შექმნა. გია ხუხაშვილმა თქვა სწორად – “ოცნების” პირველი ათეული გადაიტანეთ ბოლო ათად და არაფერი არ შეიცვლებაო. 5 წელიწადში ერთი ქარიზმატული ლიდერიც ვერ გამოიკვეთა ივანიშვილის გარდა,” – ამბობს სოსო ცინცაძე. მისი თქმით, დღეს არა მარტო ოპოზიციაში, საერთოდ პოლიტიკაში არ გვყავს ქარიზმატული პოლიტიკოსები და ეს პრობლემაა.

“იმედი მქონდა, “ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი სახეები მივიდოდნენ და პარტია განახლდებოდა, მაგრამ ამ გაყოფით ეს პარტია კატასტროფულად დაკარგავს მომხრეებს. ნდობის ფაქტორი გაქრება ორივე ჯგუფის მიმართ იმის გამო, რომ არც ერთი ჯგუფი არ ამბობს გულწრფელად, თუ რატომ გაიყვნენ”,” – აღნიშნავს სოსო ცინცაძე, რომელიც დასძენს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბევრ რამეს გაეცემა პასუხი – იმას, თუ რა შეუძლია არასაპარლამენტო ოპოზიციას და რა – დაშლილ “ნაციონალებს”.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 16 იანვარი, 2017 წელი

ვის აქვს მთავარ ოპოზიციურ პარტიად ქცევის შანსი?

ნინო ქეთელაური

მას შემდეგ, რაც მთავარი ოპოზიციური ძალა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ორად გაიყო, საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ერთ-ერთ მათავარ კითხვას წარმოადგენს, თუ ვინ იქნება მთავარი ოპოზიციური ძალა. მიუხედავად იმისა, რომ “ნაცმოძრაობიდან” გამოყოფილი, ახლა უკვე “ევროპული საქართველოს” სახელით ცნობილი გუნდი, პარლამენტში 21 დეპუტატითაა წარმოდგენილი, ხოლო “ნაცმოძრაობა” – 6-ით, პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ მომავალ ადგილობრივ არჩევნებზე “ნაცნოძრაობა” უფრო მეტ ხმას მიიღებს. ამის საფუძვლად კი ასახელებენ იმას, რომ მოსახლების უმეტესობამ ამ პარტიას ყოფილი პრეზიდენტის გამო დაუჭირა მხარი, რაც ახლაც კარგად იმუშავებს. თუმცა, აქვე აღნიშნავენ, რომ “ევროპული საქართველოს” ძლიერი მხარე ინტელექტუალებია, რომლითაც ეს პარტია დაკომპლექტდა. ამის პარალელურად, არასაპარლამენტო ოპოზიციაც გაზაფხულისთვის ემზადება და აცხადებენ, რომ გაერთიანებული ძალებით, ადგილობრივ არჩვენებზე საკუთარი ძალის წარმოჩენას შეძლებენ და ნომერი პირველი ოპოზია გახდებიან.

“ნაციონალური მოძრაობის” დაშლის შემდეგ, ვის აქვს მთავარ ოპოზიციურ პარტიად ქცევის შანსი? – ამ კითხვით “მთელმა კვირამ” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

ანა რატიანი  (ჟურნალისტი): “საერთოდ, ევროპა და “ნაციონალური მოძრაობის” მეგობრები არიან განწყობილი, რომ მთავარ ოპოზიცურ ძალად მთელ მსოფლიოს ეს პარტია წარუდგინონ. სინამდვილეში ეს ასე ნამდვილად არ არის. სამწუხაროა, რომ ის ნამდვილი ოპოზიციური ძალები, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არიან, არჩევნების შუალედურ პედიოდში არ იჩენენ იმ აქტივობას, რომელიც ასე სჭირდება ხალხს.”

ქეთი ბექაური (იურისტი): “რომელი იქნება მთავარი ოპოზიციური პარტია, ამას თვითონ საზოგადოება გადაწვეტს, რაც გამოჩნდება მაშინ, როდესაც ცალკე სუბიექტად ჩამოყალიბდებიან. საერთოდ, პარტიები მუდმივი დაკვირვების ობიექტები არიან, რაზეც სათანადო შეფასებებს მხოლოდ საზოგადოება აკეთებს.”

გიგა ნასარიძე  (ა/ო “საქართველო არ იყიდება”): “ეს ცოტა რთული საქმეა. ალბათ, უნდა დაველოდოთ, რას გააკეთებს ორივე მხარე და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, ვის აქვს რეალური შანსი, რომ მთავარი ოპოზიცური ძალა იყოს.”

ირმა სოხაძე  (მომღერალი): “მაიცნდამაინც სახელისუფლებო ძალა ამათგან არც ერთი არ არის, ორივე ოპოზიციურია და რომელი უფრო მთავარია, უმჯობესია, ერთმანეთში გაარკვიონ.”

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 16 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ნიკა ჩიტაძესთან: ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მათ არ იმუშავეს გარკვეული მითების გაფანტვაზე, რომლებიც მათ წინააღმდეგ იყო მიმართული

ნინო ქეთელაური

“ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესები, ე.წ. ლარიზაციის ინიციატივა, “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულება – ეს ის საკითხებია, რაზეც “მთელი კვირა” პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა.

(…)

ნიკა ჩიტაძე: ჩემი აზრით, “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებული დაპირისპირების საბაბი იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რომლის შემდეგაც, ყოფილმაპრეზიდენტმა პარტიის ლიდერებს მოუწოდა, რომ პარლამენტში შესვლაზე უარი ეთქვათ, რადგან ამით არჩევნების ლეგიტიმაცია მოხდებოდა.მის მერე უკვე დაიწყო პარტიის გაყოფა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დადებითად ნამდვილად არ იმოქმედებს. იმიტომ, რომ სახელმწიფოს, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში სჭირდება ძლიერი ოპოზიცია. თუმცა, აქ მე ვერ ვიტყოდი, რომ ის ფრთა, რომელმაც “ნაცმოძრაობა” დატოვა, ხელისუფლების გზას გაუდგა და პარტია ამიტომ დატოვეს. აქ უფრო საქმე ეხებოდა პიროვნულ დაპირისპირებას.

რაც შეეხება მომავალს, თუნდაც პარლამენტში საქმიანობას, მე ვფიქრობ, ის 21 დეპუტატი, ვინც “ევროპული საქრთველოს” სახელით იქნება და “ნაცმოძრობის” 6 დეპუტატი ისევ ხელისუფლების ოპონირებას გააგრძელებენ. მეტიც, შესაძლოა, ისინი ერთმანეთთან კონკურენციაშიც იყვნენ – “ქართულ ოცნებას” ვინ უფრო მეტ ოპონირებას გაუწევს როგორც პარლამენტს შიგნით, ისე მის გარეთ. ეს ეხება საკრებულოს დეპუტატებსაც. როგორც ვიცით, იქაც გაიყო “ნაცმოძრაობა”, თუმცა ამ შემთხვევაში, გაყოფა თანაბრად მოხდა. მე ვფიქრობ, “ევროპული საქართველოს” ძლიერი მხარეა ინტელექტუალური პოტენციალი, ხოლო სუსტი მხარეა, რომ მათ რეალური დაფინასება და ინფრასტრუქტურაც კი არ გააჩნიათ. რაც შეეხება ორიენტაციას, ორივე პროევროპულ პარტიად დარჩება და თუ სხვა პროდასავლური პარტია გამოჩნდება, ვთქვათ, თეორიულად რომ დავუშვათ, “რესპუბლიკელების” ან “თავისუფალი დემოკრატების” გაძლიერება მოხდება, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური პლურალიზმის ჩამიყალიბებას და საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციისკენ სწრაფვას.

- როგორ ფიქრობთ, დიდი ხანია, რაც პარტიის შიგნით ეს პროცესი მიმდინარეობს? “ნაცმოძრაობისწევრების მხრიდან გამოითქვა აზრი, რომ საარჩევნოდ პარტიული სია გიგა ბოკერიამ შეადგინა და ეს დიდი ხნით ადრე იყო გათვლილი

- აღნიშნულ ფაქტს, თუნდაც იმ ეჭვს, რომელიც ხელისუფლებასთან გარიგებას ეხებოდა, სჭირდება კონკრეტული არგუმენტაცია. თუ არსებობს კონკრეტული ფაქტები, რომლებიც ამას ადასტურებს, კი, ბატონო. მაგალითად, შეიძლება არსებობდეს გიგა ბოკერიას მხრიდან რაიმე განცხადება, რომელიც მან არჩევნებამდე გააკეთა. ამ შემთხვევაში, შეგვეძლებოდა ამ ვერსიაზე გვესაუბრა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ეს პოლიტიკური კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნეგატიური ნაწილია, როდესაც ერთმანეთზე რაღაცის გადაბრალება არგუმენტაციის გარეშე ხდება. თვითონ საზოგადოების მხრიდან უნდა ხდებოდეს მოთხოვნა, რომ როდესაც პოლიტიკური განცხადება კეთდება, ეს ეხება, როგორც პოლიტიკოსებს, ისე პოლიტოლოგებს, ჩემი ჩათვლით, რომ ეს ეფუძნებოდეს კონკრეტულ ფაქტებს.

მე მაინც მგონია, რომ “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მათ არ იმუშავეს გარკვეული მითების გაფანტვაზე, რომლებიც მათ წინააღმდეგ იყო მიმართული. მათგან რაღაც ნაწილი იყო სიმართლე, ვთქვათ, პენიტენციალურ სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევები, იგივე 7 ნოემბრის მოვლენები. თუმცა, იყო ბევრი ტყუილიც, იგივე ორგანაოებით ვაჭრობაზე, ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზე, ბარბარე რაფალიანცზე და ა.შ. ეს სისტემატურ ხასიათს ატარებდა და “ნაცმოძრაობამ” ამაზე არ იმუშავა. ამიტომაც იყო, რომ მათ უფრო ნაკლები ხმები მიიღეს. შემდეგ უკვე ეს პარტია გაიყო და ყველაფრის თავი წინასაარჩევნო პროცესშივე დაშვებული შეცდომები გახლდათ.

- რა იქნება რეიტინგის თვალსაზრისით, 27%-მანაციონალურ მოძრაობასდაუჭირა მხარი, ახლა ეს ხმები გაიყოფა, თუ დამატებითი ხმების მოზიდვას შეძლებენ?

- რთულია განსაზღვრო, იმ 27%-დან რამდენმა მისცა ხმა ყოფილი პრეზიდენტის ხათრით და რამდენმა – იდოლოგიის გამო. თუმცა, ფაქტია, რომ ძალიან ბევრმა ყოფილი პრეზიდენტის გამო დაუჭირა მხარი. აქედან გამომდინარე, ისინი ისევ “ნაცმოძრაობას” დაუჭერენ მხარს. მაინც მგონია, რომ თუნდაც ადგილობრივ არჩვნებზე, “ნაცმოძრაობა” უფრო მეტ ხმას მიიღებს, ვიდრე “ევროპული საქართველო”, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ბევრი ინტელექტუალითაა დაკომპლექტებული. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ “გირჩის” შემთხვევა. მართალია, იქ “ნაცმოძრაობიდან” ბევრი არ გადასულა, მაგრამ მას ძალიან დაბალი რეიტინგი ჰქონდა და ასევე ბარიერიც კი ვერ გადალახა “ახალმა საქართველომ”, რომელიც კოალიციაშიც კი შევიდა. ამ პარტიებზე დიდი რეიტინგი “ევროპულ საქართველოს” ექნება, მაგრამ სავარაუდოდ, “ნაციონალური მოძრაობა” უფრო მეტ ხმას მიიღებს თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ფაქტორის გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, რომ “ევროპული საქართველო” უფრო მეტი რაოდენობითაა პარლამენტში წარდგენილი.

- ქართული ოცნებისთვის რისი მომტანია ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები?

- „ქართულ ოცნებას“ შედარებით გაუმარტივდა საქმე, იმიტომ, რომ ძირითადი ოპოზიციური ძალა დასუსტდა. ამ პროცესებმა გარკვეულწილად შესაძლოა “ქართული ოცნების” წისქვილზე დაასხას სწყალი და მოკლევადიან პერსპექტივაში, საქმე გაუმარტივოს, თუნდაც ადგილობრივ არჩვნებზე მეტი ხმა მიიღოს. მაგრამ აქ მთავარი ის არის, ოპოზიციური ძალის დასუსტება ქვეყნისთვის რამდენად სასარგებლოა. რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოსთვის არ არის კარგი და არც “ქართული ოცნებისთვის” უნდა იყოს კარგის მომტანი. იმიტომ, რომ მათ რიგებში ბევრი ალბათ ფიქრობს საქართველოს მომავალზე და ყველამ იცის, რომ ნებისმიერი მმართველი ძალა საჭიროებს ძლიერ ოპოზიციას, რაც თავის მხრივ, ხელისუფლებას მისცემს მოტივაციას, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში განახრციელოს რეფორმები. ამიტომ, “ქართულ ოცნებაში” შეიძლება ვიღაც თვლის, რომ ოპოზიცია თუ დასუსტდა, მათთვის კარგია, მაგრამ საერთო ჯამში, ეს ცუდია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე მმართველი ძალის ინტერესებშიც არ უნდა შედიოდეს.

————

(ნიკა ჩიტაძე ინტერვიუში საუბრობს აგრეთვე მთავრობი ე.ე.ლარიზაციის გეგმასა და „გაზპრომთან“ მიღწეულ შეთანხმებაზეც. ინტერვიუს ნაწილი იხილეთ ქვემოთ).

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 16 იანვარი, 2017 წელი

დიდი გადაჯგუფება რეგიონალურ საკრებულოებში – „ნაცმოძრაობაპოზიციებს კარგავს

თაკო მათეშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” გაყოფამ არეულობა არა მხოლოდ პარტიასა და პარლამენტში, არამედ რეგიონალურ საკრებულოებშიც შექმნა. ახლა თითოეულ მათგანში გაყოფის საკითხი ირკვევა – ვინ ვის გუნდში რჩება და რომელი ნაწილი ინარჩუნებს უფრო მეტ დეპუტატს. ჯერჯერობით ლიდერებმაც არ იციან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რომელი რეგიონის საკრებულოში ეყოლებათ წარმომადგენლები და რამდენი. რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მდგომარეობა კი უკვე გარკვეულია. ზოგიერთ მათგანში “ნაცმოძრაობამ” წარმომადგენლობა საერთოდ დაკარგა, ზოგან კი პირიქით – არავინ გამოკლებია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს, თითქმის ყოველდღიურად ნაწილ-ნაწილ ვრცელდება.

ქუთაისი

“ნაციონალურ მოძრაობას” უკვე გამოეყვნენ ქუთაისის საკრებულოს წევრები და პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლები – დავით გოგისვანიძე და ამირან ძოწენიძე. მათი თქმით, განხეთქილების მიზეზი პარტიის წევრებს შორის შეუთანხმებლობა გახდა. „პარტიის გაყოფა ხდება. ერთი ნაწილი დარჩება, ნაწილი მეორეში გადავა. მე “ევროპულ საქართველოში” ვიქნები“, – ამბობს დავით გოგისვანიძე.

“ვერ მოვილაპარკეთ იმაზე, თუ როგორ უნდა იმუშაოს პარტიამ, რის გამოც მივიღე ეს გადაწყვეტილება”, – დასძენს ამირან ძოწენიძე. აქვე იგი აღნიშნავს, რომ საკრებულოს წევრების გარდა, პარტია ქუთაისიდან წევრების თითქმის 70%-მა დატოვა – თავმჯდომარემ, მოადგილემ, აღმასრულებელმა მდივანმა, პოლიტსაბჭოს დიდმა ნაწილმა და პირველადი პარტიული ორგანიზაციების წევრებმა. ჯერჯერობით “ნაციონალურ მოძრაობაში” რჩება ქუთაისის საკრებულოს ორი დეპუტატი – ბესიკ ბრეგაძე და გია უკლება, თუმცა უცნობია, მათი გადაწყვეტილება საბოლოოა თუ არა.

ფოთი

იგივე ბედი გაიზიარეს ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი შამუგიამ და ირაკლი დუნდუამ. ისინი ბრძოლას “ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ” “ევროპული საქართველოს” სახელით გააგრძელებენ. შედეგად, “ნაცმოძრაობას” ფოთის საკრებულოში წარმომადენელი აღარ რჩება, ვინაიდან პარტიიდან იქ მხოლოდ ეს ორი ადამიანი იყო შესული.

“პარტიის დატოვება იყო ძალიან მძიმე, მაგრამ გარდაუვალი, რადგან პარტიაში იყო დაპირისპირება, აზრთა სხვადასხვაობა, რაზეც ვერ ვთანხმდებოდით. აქედან გამომდინარე, ზარალდებოდა ქვეყანა და სამომავლოდ ჩვენს მხარდამჭერებს, მოქალაქეებს ვერანაირ პროგრესს ვერ ვთავაზობდით. დავტოვეთ პარტია და ბრძოლას ვაგრძელებთ, რომ ეს ხელისუფლება დროზე მოვიცილოთ, რათა ადამიანებს მიეცეთ საშუალება, ნორმალურად და მშვიდად იცხოვრონ თავიანთ ქვეყანაში. გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, მაგრამ ჩვენ საქმიანობას გავაგრძელებთ “ევროპული საქართველოს” სახელით”, – განაცხადა ირაკლი დუნდუამ და დასძინა, რომ პარტია ასევე საქალაქო ორგანიზაციის წევრთა 70%-მა დატოვა.

ზუგდიდი

“ენმ”-ის ერთმა წევრმა დატოვა ზუგდიდის საკრებულო. ბართლომე შელიამ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო. მისი თქმით, გადაწყვეტილება რთული, მაგრამ გარდაუვალი იყო. ბართლომე შელია წერს, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს მიხეილ სააკაშვილის გარეშე ივანიშვილის რეჟიმთან სერიოზულად მებრძოლი და კონკურენტული ახალი ოპოზიციის შექმნა და წარმატება გამორიცხულია. „2010 წლიდან დღემდე იყო და არის პარტიულზე ბევრად უფრო ახლო, მეგობრული ურთიერთობებიც და, რა თქმა უნდა, სადაც არ უნდა ვიყოთ, ვერანაირი პარტიული ინტერესები ამ მეგობრობას ვერ მოშლის… მე გემშვიდობებით! წარმატებები…” – წერს ბართლომე შელია. ჯერჯერობით უცნობია ზუგდიდის საკრებულოს იმ დეპუტატების პოზიცია, რომლებიც იქ “ნაცმოძრაობიდან” მოხვდნენ.

ოზურგეთი

ოზურგეთის საკრებულოში არაფერი შეცვლილა. “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავის დროზე იქ ხუთი დეპუტატი შეიყვანა, თუმც ერთი მათგანი პარტიიდან ადრევე გავიდა და გიორგი ვაშაძეს შეუერთდა. დარჩენილი ოთხივე დაპუტეტი კი პარტიის გაყოფის შემდეგ კვლავ “ნაცმოძრაობის” ეგიდით განაგრძობს საქმიანობას. „პარტიიდან არავინ გასულა, ყველაფერი ისე დარჩა, როგორც იყო,” – განგვიცხადა დეპუტატმა მიხეილ გოგოტიშვილმა.

დავით დარჩიაშვილი: „ამისთვის ჯერ არ გვეცალა

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, არც “ნაცმოძრაობაში” და არც “ევროპულ საქართველოში” ლიდერებს სრული სურათის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ. “ენმ”-იდან წასული დავით დარჩიაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მათ ამ ეტაპზე რეგიონალურ საკრებულოებში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებისათვის ნაკლებად ეცალათ, ამიტომ ჯერ არ იციან, თუ სად როგორი სიტუაციაა.

“მგონია, რომ იმ რაიონულ ორგანიზაციებში, სადაც ჩვენი მომხრეები დაფიქსირდნენ, შეიძლება, ჩვენი ფრაქცია შეიქმნას. ახალციხეში ყველა ცალსახად ჩვენი მომხრე აღმოჩნდა. კახეთში შერეული სიტუაცია იყო. ასევე თბილისშიც. ვნახოთ, რა იქნება”, – გვითხრა დავით დარჩიაშვილმა. ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე ვერც “ნაციონალური მოძრაობიდან” გვაწვდიან.

რეზონანსი//მთელი კვირა“, 16 იანვარი, 2017 წელი

როგორ დაინაწილებენ პარტიულ ქონებას ორად გაყოფილინაციონალები

სალომე სარიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” გაყოფის შემდგომ, “ევროპული საქართველოს”, ანუ ე.წ. ბოკერიას გუნდმა დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა, თუმცა, “მთელი კვირის” ინფორმაციით, პარტია ჯერჯერობით ოფისის გარეშეა.

რაც შეეხება უშუალოდ “ნაცმოძრაობას”, ისინი მუშაობას ძველებურად, მთავარ ოფისში აგრძელებენ, რომელიც კახეთის გზატკეცილზე მდებარეობს. პარტიის ქონებრივი საკითხის გადანაწილებაზე კი არც “ევროპულ საქართველოში” და არც “ნაცმოძრაობაში” არ საუბრობენ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის თქმით, პარტიის ქონება მხოლოდ და მხოლოდ ენმ-ის საერთო საკუთრებაა და არა რომელიმე ცალკეული პოლიტიკოსისა. შესაბამისად, წიკლაური ამბობს, რომ მატერიალური რესურსის გაყოფაზე პრეტენზიის გამოთქმა და მით უმეტეს, მათგან წასული ერთი ჯგუფის მიერ სერიოზული ვერ იქნება.

“ნაციონალური მოძრაობა” არ გახლავთ მცირე ჯგუფისგან შემდგარი პარტია. ხოლო თუკი ვინმე ამ პარტიიდან წავიდა, ეს მისი არჩევანი იყო. რაც შეეხება პარტიის ქონებას, იქნება ეს ოფისები თუ სხვა რაიმე სახის ფართი, ის არ გახლავთ რომელიმე ცალკეული დეპუტატის თუ წევრის საკუთრება, ის ეკუთვნის პარტიას და შესაბამისად, ჩვენგან წასული ერთი ჯგუფი ამ ქონებაზე პრეტენზიას ვერ გამოთქვამს,” – განუცხადა “მთელ კვირას” წიკლაურმა.

“ევროპულ საქართველოში” კი ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ სურთ. პარტიაში მხოლოდ ის დაგვიდასტურეს, რომ ამჟამად ოფისის გარეშე არიან და ზრუნავენ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე. თუმცა, “ნაცმოძრაობიდან” გამოყოფის შემდგომ “ევროპული საქართველოს” წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ენმ-ის ქონების გაყოფაზე დავა არასერიოზულად მიაჩნია.

ცნობისთვის: ვინაიდანევროპული საქართველოპარლამენტშინაციონალურ მოძრაობასთანბლოკით შევიდა და შესაბამისად, ის კვალიფიციური სუბიექტია, დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 ათასი ლარის ოდენობით იღებს. ევროპული საქართველოსპრესსამსახურის ცნობით, სწორედ ეს თანხა წაიღო პარტიამ ბლოკიდან გასვლის შემდეგ.

———————–

„ახალი თაობა“, 16 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: „ნაციონალების დაშლით მიხეილ სააკაშვილმა იხეირა“ // „ქართულ ოცნებას რა უხარია, გაუგებარია“ // „გიგა ბოკერია-გიგი უგულავას ფრთას კარგი სასტარტო პირობები აქვს“ // „მესამე ძალა თუ არ გამოჩნდა, რევოლუციამდე მივალთ

რატომ დაზარალდა ნაციონალების დაშლით „ქართული ოცნება“, რა ხეირი ნახა სააკაშვილმა, რა პერსპექტივა გაუჩნდა გიგა ბოკერია-გიგი უგულავას ფრთას? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

- თქვენ მიხეილ სააკაშვილსა და მის მომხრეებს მესია და მისი მრევლი უწოდეთ, რითაც ძალიან განარისხეთ ისინი. დღეს მათი მთავარი კონკურენტები პარტიიდან გამიჯნულები არიან. თქვენი აზრით, რომელს უფრო მეტი უპირატესობა აქვს - მიშას მოწმეებს თუ გამიჯნულებს, რომლებიც იმით იწონებენ თავს, რომ მათ რიგებში 59 ლიდერია?

- იმისთვის, რომ ორგანიზმი ფუნქციონირებდეს, მას სჭირდება როგორც სხეული, ასევე სასიცოცხლოდ აუცილებელი ორგანოები. დღეს იმაზე ლაპარაკი, რომელს უფრო მეტი პერსპექტივა აქვს, ცოტა რთულია. პოლიტიკაში ლიდერებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მხარდამჭერების სიმრავლესაც. „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა მოხდა ასე – მანქანის ძრავი დარჩა ცალკე და მესია თავისი მრევლით – ცალკე. მიშას მოწმეებში არ დარჩა არცერთი ისეთი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური მენეჯმენტის უნარები და გამოცდილება გააჩნია. რაც შეეხება თავად მესიას, ის საერთოდ სადღაც არის. პოლიტიკურ პერსპექტივას რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, ამას ვერც მაშინ ვხედავდი, როცა ერთად იყვნენ და ახლა – მით უმეტეს.

„ნაცმოძრაობის“ მომავალი საკმაოდ ბუნდოვანია. პოლიტიკური პროცესის მართვას საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია სჭირდება. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ეს ბრენდი ძალიან არის დაზიანებული და მარგინალიზებული. მარგინალიზაციის პროცესი, ალბათ, კიდევ გაგრძელდება. ისინი გაიყინებიან იმ მხარდამჭერებზე, რომლებიც ახლა ჰყავთ და მერე ისინიც ნელ-ნელა შემოეფერთხებათ. „პარტიისგან გამიჯნულებს“ რაც შეეხება, მოგვწონს თუ არა, იქ პოლიტიკური კაპიტალი ნამდვილად არის.

- გამოდის, რომ მათ უკეთესი მიმავალი აქვთ?

- მთლად ასე არ არის, რადგან იმ ცოდვებს ვერც ისინი ჩამოირეცხავენ, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების სინდისზეა. ეს კი მათ პოლიტიკურ ამოცანებს გაართულებს. ცოდვებზე როცა ვსაუბრობთ, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ფრთასთან არ ასოცირდება განსაკუთრებული სადიზმი და სისასტიკე, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებდა. სადიზმი მიხეილ სააკაშვილის, ძმები ახალაიებისა და ვანო მერაბიშვილის სახელს უკავშირდებოდა ძირითადად.

- სისასტიკეს ამ ფრთის წარმომადგენლებსაც სდებდნენ ბრალად...

- ისინი ამ სადიზმზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, თუმცა სისასტიკის სიმბოლოები ისინი არასდროს ყოფილან. მაგალითად, დავით ბაქრაძის მიმართ ამ მხრივ არასდროს ყოფილა პრეტენზია. გიგი უგულავაზე იყო რაღაც პრეტენზიები, მაგრამ ის ცოტა ხანს მაინც იჯდა ციხეში და, ბევრისგან განსხვავებით, რაღაც სასჯელი მოიხადა. ვერ ვიტყვი, რომ ამ პარტიას აქვს რაღაც დიდი პერსპექტივები, მაგრამ ქართულ პოლიტიკურ მოზაიკაში აუცილებლად დაიმკვიდრებენ ადგილს. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათ პარლამენტში საკმაოდ დიდი ფრაქცია ეყოლებათ. საპარლამენტო ტრიბუნიდან უახლოესი 4 წლის განმავლობაში ყველაზე ხმამაღლა ისინი ილაპარაკებენ.

- ეს ლაპარაკი მოუტანს რაიმე შედეგს? 2012-2016 წლებშიც ხმამაღლა საუბრობდნენ საპარლამენტო ტრიბუნიდან, მაგრამ დიდი ვერაფერი შედეგი მიიღეს...

- მაშინ ისინი ერთად იყვნენ და გარკვეულწილად სადიზმის ცოდვებით იყვნენ დამძიმებულნი. ახლა მიხეილ სააკაშვილს ჩამოშორდნენ და წარსულისგან გათავისუფლებას ცდილობენ. ამას დაუმატეთ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, რომლებსაც ხელისუფლება ვერაფრით აგვარებს. იმ ფონზე, როცა ხელისუფლებას სერიოზული ჩავარდნა აქვს, ბუნებრივია, კრიტიკაში კვალიფიციური ადამიანები შეეცდებიან, ქულები მოიპოვონ. მათ ამის პოტენციალი ნამდვილად აქვთ.

- ნაციონალებში დარჩენილებს არ აქვთ ამის პოტენციალი?

- ამ მხრივ მათ პოტენციალს ვერ ვხედავ. ისინიც იყვირებენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ. ისინი ვარდნას გააგრძელებენ. გიგა ბოკერია-გიგი უგულავას ფრთას კი ზრდის თეორიული პერსპექტივა უჩანს. ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში სერიოზულ ელემენტად ქცევა შეუძლიათ.

- თქვენ არაერთხელ გითქვამთ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა ნაციონალების გინებაზეა აგებული. მათი დაშლის შემდეგ რას იზამენ? სოციალურ ქსელებში ხუმრობდნენ კიდეც, ერთი ნაციონალების გინების ფუნქცია ჰქონდათ და ისიც ნაციონალებმა აახიესო...

- ზემოთ მესიასა და მის მრევლზე ვილაპარაკე და „ქართულ ოცნებაშიც“ დაახლოებით ასეთივე სიტუაციაა. ხელისუფლების აპოლოგეტები მიიჩნევენ, რომ ნაცმოძრაობის გაყოფა გენიალური გეგმა იყო და ამას თავიანთ აქტივში ითვლიან. ჩემი აზრით კი მოვლენების ამ სცენარით განვითარება „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო არ იქნება. მათთვის ბევრად უფრო კომფორტული იყო ერთად მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“. ორპოლუსიან პოლიტიკურ პროცესში ეს მაქსიმალურ დივიდენდს აძლევდა ხელისუფლებას. როდესაც მეორე პოლუსზე, დაზიანებული ბრენდის გარდა, არავინ არის, მასთან მოგება უფრო ადვილია.

- ახლა მათთვის მოგება გაუჭირდებათ?

- მოდით, ასე ვთქვათ, ამ გაყოფის შემდეგ მოგება უფრო რთული გახდა. გიგა ბოკერიას ფრთას დამატებითი ელექტორატის მოძიების შანსი უჩნდება. ბოლომდე დაზარალებული არც მიხეილ სააკაშვილი დარჩენილა, რადგან პარტიის ერთიანობის შენარჩუნება მისთვის მთავარი მიზანი არ ყოფილა. მას მსოფლიოსთვის მხოლოდ იმის ჩვენება უნდოდა, რომ პარტია შეინარჩუნა. ეგ ჩვენ ვიცით, შიგნით რა ხდება, თორემ დასავლეთის თვალში „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლების ერთადერთ ალტერნატივად ითვლება.

ამ პარტიის უპირობო ლიდერად მიხეილ სააკაშვილი იქცა. მან ვერტიკალი დაალაგა და მისი დამბალანსებელი ძალა არ გამოჩნდა. ამით მან დასავლეთის თვალში სახე და ბეგრაუნდი შეინარჩუნა. ასე რომ, პროცესები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არ წარიმართება. რაღაც პერიოდის შემდეგ მათთვის პოლიტიკის გაკეთება ბევრად უფრო რთული გახდება. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ამ პარტიაში არცერთი ლიდერი არ არის. ამ წლების განმავლობაში ვერაფრით მოხერხდა ლიდერების გენერირება. პრემიერიდან დაწყებული, მინისტრებით დამთავრებული, ეს თვისება ვერავინ გამოიმუშავა. არცერთს არ შეუძლია, რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომაც არის, რომ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს მიეწერება.

„ქართული ოცნების“ მთავარი ლოზუნგი ის კი არ არის, რაიმე გავაკეთოთ, არამედ, რაიმე არ გავაფუჭოთ. გაფუჭება რომ არ უნდათ, ეს კარგია, მაგრამ სახელმწიფოს მართვისას ეს ლოზუნგი არ ვარგა – წინ რომ არ მიდიხარ, გამოდის, რომ უკან მიდიხარ.

- ზემოთ თქვით, რომ ნაციონალების დაშლას ოცნების აპოლოგეტები საკუთარ დამსახურებად მიიჩნევენ. თქვენი აზრით, რაში სჭირდებოდათ მათ ამის გაკეთება? თან, როგორც თავად თქვით, ასე უფრო გაუჭირდებათ პოლიტიკის კეთება...

- რაღაცას რომ აკეთებ, მიზანი უნდა გქონდეს და ეცადო, უკეთესი რამე გამოგივიდეს. მე არ ვიცი, მონაწილეობდა თუ არა ნაციონალების დაშლის პროცესში ხელისუფლება, სამაგიეროდ, ვიცი, რომ შედეგი მისთვის უარესია, ვიდრე აქამდე იყო და თუ მართლა ურევია ამაში ხელისუფლების ხელი, გამოდის, სისულელე გაუკეთებიათ. მეცინება იმაზე, რომ ამას „ოცნებაში“ გენიალურ კომბინაციად ასაღებენ. სინამდვილეში კი პირიქით არის. შეთქმულების თეორიას რომ მივყვეთ და ეს დაშლა ხელისუფლებას მივაწეროთ, მას მხოლოდ ერთ შემთხვევაში ექნებოდა გამართლება – გიგა ბოკერიას ფრთა თუ აიღებდა „ნაციონალების“ მართვის სადავეებს ხელში და მიხეილ სააკაშვილს პარტიას ჩამოაშორებდა.

როგორც წესი, ვინმეს თუ ბევრი მტერი ჰყავს და მათთან ბრძოლის რესურსი აქვს, ცდილობს, ეს მტრები ერთად შეაგროვოს – ყველა ერთ გემზე. ასეთ შემთხვევაში მათი დამარცხება უფრო იოლია. ამ შემთხვევაში კი „ნაციონალები“ ორ ნაწილად გაიყვნენ. რატომ უხარიათ ეს „მეოცნებეებს“, არ მესმის. ამით მიხეილ სააკაშვილსაც გაუიოლეს საქმე.

- რა საქმე გაუიოლეს?

- აქამდე მიხეილ სააკაშვილი პარტიის ერთპიროვნული ლიდერი აღარ იყო და მას გადაწყვეტილებების მიღებაში თანაპარტიელები ხელს უშლიდნენ. ყველაფერი კონცეპტუალური დაპირისპირებით დაიწყო. ყოფილ პრეზიდენტს უნდოდა, არჩევნების შემდეგ პროცესები რევოლუციური სცენარით განვითარებულიყო, პარტიის ლიდერებმა კი ამის საშუალება არ მისცეს. ახლა მიხეილ სააკაშვილი ერთპიროვნული ლიდერია და „ნაცმოძრაობა“ ბევრად უფრო დალაგებულია, ვიდრე მანამდე იყო. გამარჯვებული არ გამოსულა, მაგრამ ნაკლებად დაზარალდა. პარტიის ერთიანობის შენარჩუნება მას სერიოზულ ზიანს მოუტანდა. ახლა კი უპრობლემოდ იტყვის, რომ საქართველოში მთავარი ოპოზიციური ძალის უპირობო ლიდერია.

გიგა ბოკერია-გიგი უგულავას ფრთისთვისაც კარგია, რომ გაყოფა მოხდა. მათ ახალი სტარტი აიღეს და არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ყველაზე პერსპექტიულად გამოიყურებიან. „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ რეიტინგი კლებადია, „ევროპული საქართველოს“ პოტენციალი კი საკმაოდ სერიოზულია.

- გახდება თუ არა ევროპული საქართველო მესამე ძალა, რომელსაც ასე ელოდება საზოგადოება?

- მართალია, მათ კარგი სასტარტო პირობები აქვთ, მაგრამ მესამე ძალად ვერ ჩამოყალიბდებიან. ისინი მაინც დაზიანებული ბრენდის, ნაციონალების, წარმომადგენლები არიან. რაღაც ელექტორატის მობილიზებას შეძლებენ, მაგრამ კრიტიკულ მასას ვერ შეაგროვებენ. საზოგადოება კიდევ დიდხანს არ მოისურვებს მათთვის ძალაუფლების მინიჭებას, ხელისუფლებასთან ხმამაღალი დაპირისპირებით კი, ფაქტობრივად, მესამე ძალაზე იმუშავებენ. მესამე ძალა აუცილებლად გამოჩნდება. მასზე მოთხოვნილება ყოველდღიურად იზრდება. ახლა გამიჭირდება იმის თქმა, ვინ შეიძლება გახდეს მესამე ძალა, მაგრამ, ის დანამდვილებით ვიცი, რომ ასეთი ძალის გამოჩენა სახელმწიფოებრივად აუცილებელია და ის ყველას, მათ შორის, ხელისუფლების ინტერესებშიც არის.

- თუ არ გამოჩნდა მესამე ძალა, მაშინ რა ხდება?

- ასეთი ვაკუუმი თუ შენარჩუნდა, რევოლუციამდე მივალთ. ეს სიცარიელე აუცილებლად უნდა შეივსოს. ამ ვაკუუმთან ერთად ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი პრობლემაა ისიც, რომ პოლიტიკაში მოუმზადებელი ხალხი მიდის. ამიტომაც მე და ჩემმა თანამოაზრეებმა გადავწყვიტეთ, დავაარსოთ პრაქტიკული პოლიტიკის სკოლა, სადაც პოლიტიკით დაინტერესებულ ხალხს რაღაც უნარ-ჩვევებს შევძენთ.

„ახალი თაობა“, 16 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ხათუნა ლაგაზიძესთან: „ქართულ ოცნებაში დამოუკიდებლად ვერავინ ითამაშებს

პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

- ქალბატონო ხათუნა, უგულავა-ბოკერიას პარტია შეძლებს იმავე შედეგის დადებას, რომელსაც თუნდაც ნაციონალური მოძრაობა დებდა? ეს პარტია ყველა არჩევნებზე მეორე იყო...

- შექმნილი სიტუაცია გარკვეულწილად იმეორებს მოქალაქეთა კავშირის დაშლას. მაშინ მხცოვანმა დეპუტატმა ვახტანგ ბოჭორიშვილმა თქვა: მოქალაქეთა კავშირი კი არ დაიშალა, გაიშალაო! ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ დაიშალა, გაიშალა, სულ მცირე, 4 სუბიექტად – ბოკერია-უგულავას ფრთა, „გირჩი“, ვაშაძე და სააკაშვილის მხარდამჭერები. ასევე არიან მმართველ პარტიაში ყოფილი ნაციონალები. რამდენად შეძლებენ ისინი, ცალ-ცალკე გაიმეორონ იგივე შედეგი, დღეს რთული სათქმელია, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ნაციონალური მოძრაობიდან გამოყოფილი ძალები უფრო გამონახავენ საერთო ენას და გაერთიანდებიან, ვიდრე დანარჩენ ოპოზიციასთან. ამიტომ არ არის გამორიცხული, ხელისუფლებას წინ კვლავ ერთი ნაციონალური მუშტი დახვდეს, მაგრამ, ეს ის შემთხვევაში, თუკი „ქართული ოცნება“ საბედისწერო შეცდომას დაუშვებს.

- ოპოზიციურ სპექტრზე ეს პროცესები რა გავლენას იქონიებს?

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თუკი იყო საყოველთაო ნიჰილიზმი, სრული სტაგნაცია, სრულად გადარეცხილი ოპოზიციური ველი, ნებისმიერ შემთხვევაში ამ ფაქტმა ოპოზიციური სპექტრი გააჯერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა, მართალია, ტექნიკური საკითხებით არიან დაკავებულნი, მაგრამ, როდესაც წინა პლანზე შინაარსი წამოვა, ეს გამოჩნდება. 2017 წლის არჩევნების მთავარი ინტრიგა ამ ორი ძალის დაპირისპირება იქნება, ვგულისხმობ ბოკერია-უგულავას ფრთასა და ნაციონალებს. ეს კონფიგურაცია „ქართულ ოცნებას“ მართლაც ოცნებასავით დაეცა თავზე, თუმცა კარგად ორკესტრირებული და კარგი რეჟისორის ხელი ატყვია ამ ყველაფერს.

- ამ ორ ჯგუფს ერთმანეთთან ექნება ბრძოლა მეორე ადგილისთვის?

- დიახ, სწორედ ასეა, მაგრამ, შეიძლება, სანამ ისინი მოშუშდება, მეორე ადგილზე სულ სხვა პარტია ვიხილოთ. მეორე ადგილისთვის დაუღალავად შეიძლება პატრიოტთა ალიანსმა იბრძოლოს, თან იმ ფონზე, როდესაც მთელ ევროპაში რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი ძალები მოდიან, თუმცა მთავარი ბრძოლა სწორედ ამ ორ ფრთას შორის იქნება, რათა ერთმანეთს დაუმტკიცონ, ვინ უფრო ძლიერია, ვინ როგორ იქნება ადგილობრივ დონეზე, საკრებულოებში, გამგეობებში წარმოდგენილი. ყველა ადგილობრივი არჩევნები არის რეპეტიცია დიდი არჩევნებისთვის.

- მოქალაქეთა კავშირთან გაავლეთ პარალელი, როგორ გამოეყო ახალგაზრდების ჯგუფი, ჟვანია-სააკაშვილი თავის დროზე მოქალაქეთა კავშირს, შემდეგ უკვე ნაციონალურ მოძრაობაში როგორ განვითარდა ეს პროცესი. რამდენად გამორიცხავთ, რომ მსგავსი სცენარით განვითარდეს მოვლენები მმართველ პარტიაში და `ქართულ ოცნებაში~ მოხდეს გადაჯგუფება?

- ძალიან ამორფულია `ქართული ოცნება~, რამდენიმე სეგმენტი არსებობს შიგნით, მაგრამ მათ ჯერ გამოკვეთილი ლიდერები არ ჰყავთ, ასევე გამოკვეთილი ავტორიტეტი არ ჰყავთ, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად თამაშის წარმართვა. არცერთ ჯგუფს არ აქვს ამ წუთში დამოუკიდებლად არსებობის პერსპექტივა. ბიძინა ივანიშვილი არ არის ედუარდ შევარდნაძე, რომლის ფრთის ქვეშაც შესაძლებელი იყო დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება. შევარდნაძემ დაუშვა თავის სივრცეში, მის ფრთის ქვეშ დამოუკიდებელი თამაშების წარმოება. თავის დროზე შევარდნაძემ შანსი მისცა ყველას, ეროვნული მოძრაობიდან მისულებსაც. გახსოვთ ირინა სარიშვილი, რომელიც იყო ვიცე-პრემიერი.

ყველას მისცა ედუარდ შევარდნაძემ შანსი, მაგრამ 2003 წელს ის პოლიტიკური ჯგუფი გავიდა ფინიშზე, რომელმაც ივარგა, ყველაზე მეტი სიცოცხლისუნარიანობა რომელმაც გამოავლინა. შევარდნაძის პოლიტიკის ფარგლებში თავისუფალი მოძრაობები შესაძლებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ არც ის ერიდებოდა ოპოზიციური პარტიების ხელოვნურად დაშლას, შერწყმას, სატელიტი პარტიების შექმნას და ა.შ.

„ქართული ოცნების“ განვლილი ოთხწლიანი პერიოდიდან თუ ვიმსჯელებთ, ბიძინა ივანიშვილის პირობებში დამოუკიდებელი მოთამაშეები არ გაჩენილან. ვერც ვერავინ ახერხებს ივანიშვილის ავტორიტეტთან მიახლოებას. გამოყოფას რა აზრი აქვს, თუ შედეგი არ გექნება. ამის თვალსაჩინო მაგალითია თავისუფალი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების გამოყოფა. დამოუკიდებელმა პარტიებმა არჩევნებში ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. რამდენად გამოიყოფა „ქართულ ოცნებაში“ დამოუკიდებელი ჯგუფები ამ საპარლამენტო ვადის ფარგლებში, ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაბედავენ ამას. ოთხწლიანი დისტანცია ძალიან ბევრია იმისთვის, რომ ვისაუბროთ, იქნება თუ არა ცენტრიდანული პროცესები „ქართულ ოცნებაში“. მეეჭვება, `ქართულ ოცნებაში~ ვინმეს გაუჩნდეს ცდუნება, დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილმა ყველას მისცეს ასპარეზი, როგორც ეს თავის დროზე შევარდნაძემ გააკეთა.

„ახალი თაობა“, 16 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ სოსო შატბერაშვილთან: „შემცირებულ თანამშრომლებს კომპენსაცია უნდა გადაუხადონ“ // „პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდი დასაქმებაა

„ახალი თაობა“ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე „მემარცხენე ალიანსის“ გენერალურ მდივან სოსო შატბერაშვილს ესაუბრა.

- ნაციონალური მოძრაობის გახლეჩას სხვადასხვანაირი შეფასებები მოჰყვა. ხომ არ მოხდება ისე, რომ დაცარიელებულ ოპოზიციურ ნიშას მხოლოდ ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო დაიკავებენ?

- არა მგონია, ოპოზიციური ნიშა მათ დაიკავონ. ხდება ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი მოვლენა – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ იშლება. ამ პარტიიდან პოლიტიკოსების წამოსვლა ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე დაიწყო. მისი რიგები კობა დავითაშვილმა ჯერ კიდევ მაშინ დატოვა. მოაზროვნე ადამიანები მაშინვე მიხვდნენ, რომ ეს ფაშისტური ორგანიზაციაა. ბევრი ამას მერეც აცნობიერებდა, მაგრამ ხეირის გამო სააკაშვილს არ ემიჯნებოდა.

- ნაცმოძრაობა, ფაქტობრივად, ერთი კაცის პარტიაა?

- ბოლო არჩევნებზე მიღებული ნახევარი მილიონი ხმა მხოლოდ სააკაშვილისაა. ეს არ არის გიგა ბოკერიასა და დავით ბაქრაძის ხმები. მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალიან ნეგატიურად ვარ განწყობილი, მაგრამ ვაღიარებ, რომ მას ჰყავს მხარდამჭერები. მიუხედავად იმისა, რომ მას ბრძოლის ველიდან გაქცეული უმაღლესი მთავარსარდლის სახელი აქვს, სააკაშვილი მაინც ქარიზმატული ლიდერია მოსახლეობის ნაწილისთვის.

- ეს მხარდამჭერები მომავალი არჩევნებისთვისაც ხომ ეყოლება?

- მომავალი არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილს რესურსები აღარ დარჩება. ის ამ ხმებს ვერ აიღებს. სულ ცოტა ხნის წინ მის მიმდევრებს იმედი ჰქონდათ, რომ ის ნებისმიერი გზით, გადატრიალების ჩათვლით, დაბრუნდებოდა. ეს სცენარი არ გამოუვიდათ. ახლა სხვა სიტუაციაა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი მაინც საფრთხეს წარმოადგენს. იგი ყოველთვის გაუწონასწორებელი იყო, ახლა კი უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. აქ პარტია ეშლება, უკრაინაში კრახი განიცადა. უკრაინის პარტიას რომ აფუძნებდა, 10-მილიონიან კიევში მიტინგზე 5.000 კაცი ძლივს შეკრიბა. მიხეილ სააკაშვილმა, თუ ბრძოლაში არ არის, შეიძლება, სუიციდით ან საგიჟეთით დაამთავროს.

- იგი 20 იანვარს საქართველოში პარტიის ყრილობაზე აპირებს 7.000 წევრის მობილიზებას...

- ყრილობას ჩაატარებენ, მაგრამ მომავალი არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილი ნახევარ მილიონ ხმას ვეღარ მიიღებს. არჩევნების წინ იმათ, რომლებიც სააკაშვილზე აფანატებენ, დაიჯერეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩამოდის. სანდრა რულოვსს გვირაბზე ტყუილად არ გაუკეთებია განცხადებები. სამწუხაროდ, საქართველოში ისევ სჯერათ მესიანიზმის. მიხეილ სააკაშვილს ადრე წმინდა გიორგიც კი შეარქვეს. როცა სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, ჩვენმა ფრაქციამ წამოვაყენეთ ინიციატივა, თავისუფლების მოედნისათვის დაგვერქმია ზვიად გამსახურდიას სახელი. სააკაშვილი ამის წინააღმდეგი იყო. შემდეგ გაირკვა, რომ მას ამ მოედნისთვის თავისი სახელის დარქმევა სდომებია.

- მიხეილ სააკაშვილს თავისუფლების მოედნისთვის თავისი სახელის დარქმევა უნდოდა?

- დიახ. წმინდა გიორგის ძეგლიც ამ გათვლით დაიდგა. მანამდე ის აპირებდა, ტრიუმფალურად შესულიყო ცხინვალსა და სოხუმში. ასეთი ბოდვები აწუხებდა. მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ ხსნა რომელიმე მესიაში კი არა, მუხლჩაუხრელ შრომაშია. ასე განვითარდნენ იაპონია, გერმანია და სხვები. „ქართულმა ოცნებამ“ ბევრ მხარდამჭერს გაუცრუა იმედი. ცუდია, რომ ჩვენ, დანარჩენმა პარტიებმა, ვერ მოვახერხეთ ხალხის დარწმუნება იმაში, რომ არჩევნებზე მხარი დაეჭირა რომელიმე ჩვენგანისთვის და არა – „ნაცმოძრაობისთვის“. ვერც გაერთიანება შევძელით. ახლა ქუჩაში ხალხი მაჩერებს და ტრადიციულ კითხვას მისვამს – გვეშველება რამე?

- სოციალური ფონი სულ უფრო მძიმდება...

- სოციალურ ფონს ამძიმებს საჯარო სამსახურებიდან ხალხის დათხოვნა. დამაიმედებელი სიახლეა, რომ შემცირებულ სამხედრო მოსამსახურეებს უბრალოდ კი არ გაუშვებენ, არამედ სოლიდურ კომპენსაციას გადაუხდიან. სხვა სფეროებში დათხოვნილ თანამშრომლებსაც უნდა გადასცენ კომპენსაციები, ასევე – მადლობის სიგელები. ამისკენ მოვუწოდებ მთავრობას. შს მინისტრი შესამცირებელ მუშაკებს ბალასტს არ უნდა ეძახდეს. დათხოვნილი სამხედროები გმირულად იბრძოდნენ 2008 წელს, როცა უმაღლესი მთავარსარდალი ბრძოლის ველიდან გარბოდა.

- სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში პროსტიტუციის პრობლემას იკვლევენ, აცხადებენ, რომ პრემიერის ამ თემაზე გაკეთებული განცხადება ამ პროცესს მხოლოდ ორი-სამი თვით შეანელებს. ხომ არ არის საჭირო საკანონმდებლო რეგულაციები?

- მთავარია არა კანონის გამკაცრება, არამედ აღსრულება. ქუჩების დანაგვიანებისთვის ჯარიმის გაზრდამ შედეგი არ მოიტანა. ნაგვის დაყრა ვიღაცამ უნდა გააკონტროლოს. ასეა პროსტიტუციაც. პრემიერს უნდა აწუხებდეს არა ის, რომ პროსტიტუციის ადგილებში არ უშვებენ ქართველ მამაკაცებს, არამედ ამ ბუნაგების არსებობა. პროსტიტუციაში ჩაბმული ქალები ყაზბეგის გამზირზეც იკრიბებიან. იქ ხშირად მიხდება გავლა. ისინი ამბობენ, რომ საკუთარი თავი ეზიზღებათ და, ქარხანა-ფაბრიკები რომ იყოს, იქ იმუშავებდნენ. ამ გაუბედურებულ ქალებს სამედიცინო მეთვალყურეობაც სჭირდებათ. პროსტიტუცია უმძიმესი სოციალური პრობლემაა. მათხოვრობა და მეძავობა უძველესი დროიდან მოდის. მთავარია, არ იყოს ისეთი დიდი მასშტაბები, როგორიც ახლა საქართველოშია, მით უმეტეს, არ უნდა ყვაოდეს გადამთიელების მიერ ორგანიზებული ბუნაგები. არაბებს, თურქებს, სპარსელებს უნდა გავაგებინოთ, რომ საქართველო პროსტიტუციის ადგილი არ არის!

„ახალი თაობა“, 16 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ლევან ხაბეიშვილთან: „დიმიტრი ქუმსიშვილს მანამდე არ მოვეშვებით, სანამ არ გადადგება“ // „მთავრობას მაქსიმალურ დისკომფორტს შევუქმნით“ // ოპოზიცია მინისტრების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს იწყებს

რა გეგმა შეიმუშავა წინააღმდეგობის მოძრაობამ, რომელ მინისტრებს შეექმნებათ პრობლემები, რატომ ამოიღეს მიზანში პირველი ფინანსთა მინისტრი? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ესაუბრება:

„ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დავაანონსეთ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ აქციების ორგანიზებას დავიწყებდით. 14 იანვარს საორგანიზაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელმაც პირველი აქცია დაგეგმა“, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

- ვინ შედის საორგანიზაციო ჯგუფში?

- აქ არიან გაწევრიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ავტოიმპორტიორები, ჩვეულებრივი მოქალაქეები. საორგანიზაციო ჯგუფი 50 წევრისგან შედგება. სწორედ ეს ჯგუფი დაგეგმავს, სად გაიმართოს აქცია. აქციები გაიმართება როგორც სამინისტროებთან, ასევე მინისტრების საცხოვრებელ სახლებთან. მთავრობის წევრებს სხვადასხვა შეხვედრაზეც მივაკითხავთ. საორგანიზაციო ჯგუფისა და წინააღმდეგობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ჩვენი პირველი სამიზნე იქნება ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. მის წინააღმდეგ აქციას 23 იანვარს ფინანსთა სამინისტროსთან გავმართავთ.

- პირველ სამიზნედ დიმიტრი ქუმსიშვილი რატომ შეარჩიეთ, ბღუჯა-ბღუჯა ლარების დანახვაზე რომ აჟრიალებს?

- ჟრიალით მაგათ ყველას აჟრიალებს. დიმიტრი ქუმსიშვილი პირველი სამიზნე საპატიო მიზეზების გამო გახდა. საორგანიზაციო კომიტეტმა ის ხმათა უმრავლესობით მიიღო. გასული წლის ნოემბერში ხელისუფლებამ საზოგადოებას 10-პუნქტიანი გეგმა გააცნო. ეს გეგმა დიმიტრი ქუმსიშვილის მიერ იყო შედგენილი. მისმა გეგმამ ავტოიმპორტიორები კიდევ უარეს დღეში ჩააგდო. ამ გეგმის გამოქვეყნების შემდეგ ეკონომიკური მდგომარეობაც გაუარესდა და ლარის კურსიც კიდევ უფრო დაეცა. ქუმსიშვილის გეგმამ კიდევ უფრო გააღარიბა ქართველი ხალხი, ამიტომაც პირველ აქციას მას მოვუწყობთ.

- რა იქნება მოთხოვნა?

- ფინანსთა მინისტრის გადადგომა. აქცია 23 იანვარს ფინანსთა სამინისტროსთან გაიმართება. მინდა, იცოდეს ხელისუფლებამ, რომ ეს არ არის ერთჯერადი აქცია. ჩვენ გავაგრძელებთ პერმანენტულ აქციებს, რაც ხელისუფლებისთვის ერთგვარი ალიყური იქნება. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად რეალური ნაბიჯები გადადგას, დიმიტრი ქუმსიშვილს კი ვპირდებით, რომ მანამდე არ შევეშვებით, სანამ არ გადადგება, აქციებს მოვუწყობთ ყველგან – სახლთან, სამინისტროსთან, საჭირო თუ გახდა, ფართომასშტაბიან აქციასაც გავმართავთ. სხვებს არ ეგონოთ, რომ ჯოხი მხოლოდ ფინანსთა მინისტრზე გადატყდება. ამ ქვეყნის პრობლემა მხოლოდ ის არ არის. ცოტა ხანში გაირკვევა, ვინ იქნება მეორე.

- თქვენი აზრით, ვინ იქნება მეორე სამიზნე?

- ამას საორგანიზაციო ჯგუფი გადაწყვეტს. ჩვენ 17 იანვარსაც ვაპირებთ შეკრებას და იქაც დაზუსტდება რაღაცები. ყველას სხვადასხვა მოსაზრება გვაქვს, მაგრამ გვინდა, ყველაფერი სტრატეგიულად სწორად გავაკეთოთ. საორგანიზაციო ჯგუფი იმისთვის შეიქმნა, რომ აქციები მიზანმიმართულად დაიგეგმოს. ამან შედეგი უნდა მოიტანოს.

- დარწმუნებული ხართ, რომ გადადგება?

- დიმიტრი ქუმსიშვილს გადადგომამდე აუცილებლად მოვინელებთ. ეს ადამიანი სადაც წავა, ყველგან დისკომფორტი ექნება. იგივე ბედი ელით სხვა მინისტრებსაც. მათ გარდა, საქართველოში ყველას, მათ შორის ბიზნესმენებსაც კი დისკომფორტი შეექმნათ. მთავრობა უნდა შეეგუოს, რომ დისკომფორტში იცხოვრებს.

- საორგანიზაციო ჯგუფში ახალი ხალხის შემომატება თუ იგეგმება?

- ეს ჯგუფი აუცილებლად გაიზრდება. 14 იანვარს რამდენიმე პოლიტიკურ პარტიასთან გვქონდა კონსულტაციები. ისინი შეხედავენ, როგორ ჩაივლის პირველი აქციები და, ალბათ, შემოგვიერთდებიან. ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. უკვე დროა, ამ ხელისუფლებამ გამოსაფხიზლებლად ალიყური მიიღოს.

- ყველა პარტიასთან ითანამშრომლებთ?

- არ არსებობს ძალა, რომელთანაც გაპრანჭვას დავიწყებთ, რომ მასთან ერთად არ დავდგებით აქციაზე. მზად ვართ, მთელ ოპოზიციასთან ვითანამშრომლოთ. ერთადერთი გამონაკლისი პრორუსული პარტიებია. მათთან ერთად აქციაზე ვერ გამოვალთ. არ არის გამორიცხული, ეს აქციები მათ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ. ჩვენ გვინდა, ამ პროცესში მთელი საქართველო ჩაებას. ამიტომაც გამოვიდა „ახალი საქართველო“ საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის ინიციატივით. ამ ეტაპზე ამ მოძრაობაში ყველაზე აქტიურად ჩვენ ვართ ჩაბმული. არ გამოვრიცხავ, ხვალ სხვები უფრო აქტიურნი იყვნენ.

უმაქნის ხელისუფლებას რომ საქმის გაკეთება ვაიძულოთ, ყველა უნდა გავერთიანდეთ. აქამდე მათ შეუქმნეს ხალხს დისკომფორტი, ახლა ხალხმა უნდა შეუქმნას დისკომფორტი. ამ მიზნის მისაღწევად კანონით დაშვებულ ყველა ნორმას გამოვიყენებთ.

———————–

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 16 იანვარი, 2017 წელი

ინტერვიუ ნიკა ჩიტაძესთან: „გაზპრომთანშეთანხმებით საქართველო წელიწადში 30 მილიონ დოლარს კარგავს

ნინო ქეთელაური

(დასასრული, დასაწყისი იხ. ზემოთ)

“თუკი მთავრობა რუსეთის პირობებს დათანხმდება, სხვადასხვა გაანგარიშებით, საქართველო ყოველწლიურად, დაახლოებით, 30 მილიონ დოლარს დაკარგავს,” – ასე აფასებს “გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების შესაძლო შედეგებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე “მთელ კვირასთან” საუბრისას. მისი თქმით, ხელისუფლების არგუმენტი, რომ თუ რუსეთის პირობებს არ დათანხმდებოდა, გაზის ექსპორტი ირანის გავლით მოხდებოდა და შესაბამისად, დავკარგავდით ნედლეულსაც და თანხასაც, არასწორია, რადგან ირანისა და სოხეთის დამაკავშირებელი მილსადენის მოცულობა არასაკმარისია და რუსეთს გაზის ექსპორტი ყველა ვარიანტში საქართველოს ტერიტორიის გავლით მოუწევდა.

როგორც ნიკა ჩიტაძე აღნიშნავს, მთავრობამ მოსახლეობას უკვე შეაპარა, რომ საჭიროების შემთხვევაში, “გაზპრომისგან” შეიძენს გაზს, რაც საქართველოს რუსეთზე არა მარტო ენერგო, არამედ პოლიტიკურ დამოკიდებულებასაც გაზრდის.

(…)

- როგორ შეაფასებთ მთავრობის .. ლარიზაციის გეგმას?

- ეს არ გახლავთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რეალური საშუალება. ჯერ ერთი, სუფსიდია, რომელსაც სახელმწიფო გამოყოფს, ეხება მხოლოდ მათ, ვისაც დოლარებში აქვს კრედიტი აღებული, მაგრამ რა დააშავა მოსახლეობის მეორე ნაწილმა, რომელმაც ლარში აიღო კრედიტი ან საერთოდ არ აუღია?! როდესაც სახელწიფო სუფსიადიას გამოყოფს, ეს თანხა ხომ მათაც აკლდებათ. ამასთანავე, ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი ის არ არის, რომ კრედიტები დოლარებში აიღეს და მასზე მოთხოვნა გაიზარდა, ამის მიზეზია საგარეო სავაჭრო ბალანსი. ქვეყანაში ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 5-6%-ით შემცირდა, მეორე მხრივ კი, იმპორტის მოცულობა დაახლოებით 30%-ით გაიზარდა და ქართული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში შემცირდა ინვესტიციების შემოსვლა.

ამიტომ, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს, რომ მოხდეს უცხოური ინვესტიციის მოზიდვა და მეორე, უნდა მოხდეს ექსპორტის წახალისება (მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო კერძო სექტორის საქმიანობაში ვერ ჩაერევა). თორემ სხვა მხრივ ეს პროგრამა ლარის კურსის სტაბილიზაციაზე დადებითად ვერ იმოქმედებს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა, ჩემი აზრით, ზამთარში შესაძლოა ლარი კიდევ უფრო გაუფასურდეს.

როგორც იცით, ამ დროს იზრდება იმპორტის მოცულობა, რადგან აქ მნიშვნელოვანი წილი ელექტროენერგიას უკავია, რომლის იმპორტსაც საქართველო ზამთრის პერიოდში ახორციელებს. ასევე იზრდება მოთხოვნა ნავთობპროდუქტებზე, რაც დოლარზე მოთხოვნას გაზრდის და ამით ლარი უფრო გაუფასურდება. შესაბამისად, ლარიზაციის ეს პროგრამა ვერ მოიტანს შედეგს. ღმერთმა ქნას, რომ მე ვცდებოდე. თუმცა, მაინც ეჭვის თვალით ვუყურებ, რადგან მთავარი პრობლემა საქრთევლოს საგარეო სავაჭრო ბალანსია. მით უმეტეს, რომ ლარიზაციის ფარგლებში მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესი ირღვევა, რადგან თუ ხელისუფლებამ დახმარება აღმოუჩინა მხოლოდ იმ კრედიტორებს, ვინც სესხი დოლარში აიღო, რა დააშავა იმან, ვისაც ლარში აქვს ან საერთოდ არ აქვს კრედიტი?!

-გაზპრომთანგაფორმებულ ხელშეკრულებაზე მინდა გკითხოთ. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რამდენად სწორი ნაბიჯია რუსეთისგან ნედლეულის სანაცვლოდ ფულის აღება, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც თანხის რაოდენობაც გასაიდუმლოებულია?

- ჩემი აზრით, ხელისუფლების მხრიდან ეს ნამდვილად არ იყო სწორი ნაბიჯი. იმიტომ, რომ საქართველოს ბუნებრივ აირზე მოთხოვნილება შესაძლოა, ბოლომდე ვერ დააკმაყოფილოს. ვიცით, რომ რუსეთიდან სომხეთში ექსპორტირების ხარჯზე, საქართევლო ბუნებრივ აირზე მოთხოვნილებას 10%-ით იკმაყოფილებდა. დღეს უკვე პრობლემას წარმოადგენს, ერთი, რომ ხელისუფლება აცხადებს, ეს კომერციული საიდუმლოებააო და შესაბამისად მოსახლეობამ არ იცის, რა თანხას მიიღებს საქართველო.

მეორე მხრივ, აცხადებს, რომ თუ საქართევლო უარს იტყოდა ამ შეთანხმებაზე, რუსეთი სომხეთში გაზის ექსპორტს ირანის გავლით განახორციელებდა. თუმცა, ირანსა და სოხეთს შორის დამაკავშირებელი გაზსადენის მოცულობა ერთ მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ამიტომ რუსეთს ბუნებრივი აირის გატარება ყველა ვარიანტში საქართევლოს ტერიტორიის გავლით მოუწევდა. შესაძლოა, მცირე მოცულობით, მაგრამ მაინც მოუწევდა.

ასევე, ხელისუფლებამ თითქოს მოსახლეობას უკვე შეაპარა, რომ თუ საქართველოს დასჭირდა, რუსეთიდან დამატებითი მოცულობის ბუნებრივ აირს 215-ისნაცვლად 185 დოლარად მიიღებს. ე.ი. აქ საუბარია იმაზე, რომ საქართველო აპირებს რუსეთისგან დამატებითი მოცულობა ბუნებრივი აირის შეძენას, რაც რასაკვირველია, გაზრდის საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას. რაც, თავის მხრივ გამოიწვევს პოლიტიკური დამოკიდებულების ზრდას. ჩვენ ვიცით, რა პოლიტიკას აწარმოებდა “გაზპრომი” 90-ანი წლების ბოლოდან 2006 წლამდე. მინდა გითხრათ, რომ სხვადასხვა გაანგარიშებით, საქართველო ყოველწლიურად, დაახლოებით, 30 მილიონ დოლარს დაკარგავს, თუკი ის დათანხმდება რუსეთის პირობებს.

„რეზონანსი“, 14 იანვარი, 2017 წელი

მოსაზრება: „გაზპრომმა საქართველოს, შესაძლოა, გაზის ტრანზიტის თანხაც არ გადაუხადოს

მამუკა გიორგაძე, თენგიზ დიხამინჯია, პაატა კოღუაშვილი, ნოდარ ნათაძე

“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მორიგი შემაშფოთებელი და სახელმწიფო ინტერესებისთვის საშიში ნაბიჯი გადადგა. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის შესახებ “გაზპრომთან” ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.

როგორც ცნობილია, აქამდე ქართული მხარე გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ახალი ხელშეკრულებით საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას მიიღებს; ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.

რუსეთთან ურთიერთობების თემის სენსიტიურობის მიუხედავად, ხელისუფლებამ “გაზპრომთან” საზოგადოების ზურგსუკან მოლაპარაკებების პრაქტიკა აირჩია: არ ხმაურდება არათუ მოლაპარაკებების შესახებ ცნობები, არამედ ისიც, თუ რაში მდგომარეობს შეთანხმება და ფასიც კი.

ამავდროულად, საერთაშორისო ვაჭრობის ბოლო ათწლეულის პრაქტიკიდან კარგად არის ცნობილი, რომ რუსულ გაზს გააჩნია არა კომერციული, არამედ, ძირითადად, პოლიტიკური და მხოლოდ პოლიტიკური ფასი. ეჭვგარეშეა, “ოცნების” მთავრობის მიერ სიმართლის დაფარვა დაკავშირებულია შეთანხმების პოლიტიკური ფასის გამჟღავნების შიშთან, სხვა სიტყვებით, იმ ფაქტთან, რომ ხსენებული შეთანხმება სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

თავად ის ფაქტი, რომ რუსული მხარე დიდი ხანია მოითხოვდა გადახდის ასეთ სისტემაზე გადასვლას, თავისთავად ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს ქართული ინტერესი არ ყოფილა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მორიგი მოლაპარაკებების შემდეგ ნატურით ანგარიშსწორების შენარჩუნება საქართველოს ენერგეტიკის მესვეურთა მიერ ფასდებოდა, როგორც პოზიტიური მიღწევა. ამდენად, ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლის ევროკავშირის მოთხოვნებსა თუ არსებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსვლის წადილით არგუმენტირება არაფერია, თუ არა საზოგადოების უპატივცემულობა და საკუთარი უსუსურობის შენიღბვის კიდევ უფრო უსუსური მცდელობა.

ამავდროულად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილების მიღების დროს აპელირება ვითომცდა საერთაშორისო სტანდარტებზე დამატებითი მსჯელობის საგანია.

ხელისუფლების მაღალჩინოსნის განცხადებები, რომ საქართველოს წინაშე არჩევანი ძალიან შეზღუდული იყო, თავისთავად მიანიშნებენ იმაზე, რომ მოლაპარაკებებზე ქართული მხარე ძლიერი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა, ან კიდევ უფრო უარესი – გარკვეული ვალდებულებებით არის დატვირთული რუსეთისა და მისი სახელმწიფო კორპორაცია “გაზპრომის” წინაშე.

ამ ზეწოლისა თუ ვალდებულების ახსნა ადრე არსებული ხელშეკრულების ვადის ამოწურვით ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ძნელია მოიფიქრო უფრო მეტად აბსურდული არგუმენტი, ვიდრე თითქოსდა ორ სუბიექტს, ამ შემთხვევაში, რუსეთის “გაზპრომსა” და მის სომხეთის შვილობილ კომპანიას შორის სავაჭრო ურთიერთობებში მესამე, სატრანზიტო მხარის არჩევანი შეზღუდული იყოს. პირიქით, გაზსადენის მფლობელი მხარე უნდა სარგებლობდეს უპირატესობით.

კიდევ უფრო შორს მიდის ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კალაძე, რომლის განცხადება უტიფრობის აპოთეოზს წარმოადგენს: თითქოსდა ფულად ანგარიშსწორებაზე გადასვლის ალტერნატივა ქურდობა იყოს. როგორც ჩანს, მინისტრი კალაძე ძალზე მწყრალად არის ტრადიციულ ზნეობასთან, ვინაიდან მოპარვისგან თავის შეკავების მიზეზად სასამართლოს შიშს ასახელებს. თუ არ იქნებოდა სასამართლო, უნდა მოგვეპარა?

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ჩვენს შეშფოთებას იწვევს არა მარტო რუსულ კომპანიასთან ანგარიშსწორების ფორმა, რაც ნორმალურ ქვეყანასთან ურთიერთობის შემთხვევაში ძირითადად კომერციული საკითხია, არამედ რუსული მხრიდან წამოსული შანტაჟის, დაშინებისა და ვალდებულებებით დატვირთვის ის ტენდენცია, რომელიც აშკარად იგრძნობა ქართველი ჩინოსნების გამოსვლებში და რომლის ახსნაც მათ არ ძალუძთ (ბანალურ მსუნაგობაზე ყურადღებას არ გავამახვილებთ).

ასევე, გასათვალისწინებელია მსგავს საკითხებში რუსეთთან ურთიერთობის მწარე გამოცდილება, როცა რუსეთი საქართველოსთვის გადასახდელ თანხებს ჩამოწერდა ვითომცდა რუსეთის წინაშე გაურკვეველ ან კორუფციულ ვითარებაში “წარმოშობილი” საქართველოს ვალის სანაცვლოდ. სრულიად შესაძლებელია, რომ საქართველომ საერთოდ ვერ მიიღოს ეს თანხა.

სამწუხაროდ, არ გვაქვს პასუხი კითხვებზე:

- ტრანზიტით მიღებული ფული ეყოფა თუ არა გატარებული 10%-ით მისაღები გაზის მოცულობის ყიდვას?

- გაზის ტრანზიტის მონეტარული ვარიანტი იმოქმედებს თუ არა მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის გაანგარიშებაზე? (რომლის რთულ სქემაში 10%-იანი ნატურით მიღებული ბუნებრივი აირიც მონაწილეობდა).

ჩვენ დაბეჯითებით მოვუწოდებთ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, შეწყვიტოს საქართველოს მოსახლეობის აბუჩად აგდება და მოუყვეს მთელი სიმართლე საზოგადოებას. დაარწმუნოს, რომ თვითონ გაზსადენის, რკინიგზისა თუ საქართველოს სხვა სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემის საფრთხე არ არსებობს. მხოლოდ მთელი ერის თანადგომა მისცემს მას შანსს, თავი დააღწიოს რუსეთის მხრიდან დამამცირებელ შანტაჟს, რომელიც სულ უფრო ღრმად შეიწოვს მათ ღალატის დამღუპველ ჭაობში. და, თუკი მათ ამის ძალა არ გააჩნიათ, გზა დაუთმონ პასუხისმგებლობიან პატრიოტულ ძალებს, არ დაუკარგონ მომავალ თაობებს თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრების იმედი.

კვირის პალიტრა“, 16-22 იანვარი, 2017 წელი

გაზპრომთან“ „ტლინკაობა დასრულდა?!

რატომ შეცვალა თამაშის წესები რუსულმა ენერგომაგნატმა?!

ემა ტუხიაშვილი

პირველად 15 წლის განმავლობაში საქ­ართველოსა და “გაზპრომს” შორის გაფო­რმებული ხელშეკრულების პირობები­ შეიცვალა. თუ აქამდე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ ქართული მხარე “გაზპრომისგან” გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იტოვებდა, ამიერიდან ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება 2-წლიანი­ იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნედლეულით ანაზღაურების ფორმა ნაწილობრივ დარჩება, ხოლო მომდევნო წლიდან ანაზღაურება ფულადი ანგარიშსწორ­ებით გაგრძელდება. საქართველოს ხელისუფლება ხელშეკრულების პირობებს არ ახმაურებს კომერციული საიდუმლოების მომიზეზებით. შესაბამისად, მხოლოდ პირთა ვიწრო წრემ იცის, რა თანხას მიიღ­ებს საქართველო სომხეთში გატარებული­ გაზის სანაცვლოდ, თუმცა მთავრობა გვარწმუნებს, რომ პირობები ოპტიმალურია. ის, რაც დანამდვილებით ვიცით და ამის უარყოფას არც ხელისუფლება ცდილობს,­ ის არის, რომ ტრანზიტისთვის მიღებული­ თანხით იმდენ გაზს ვეღარ ვიყიდით, რამდენიც “ნატურით” გვრჩებოდა.

ხელშეკრულების პირობების შეცვლა “გაზპრომს” შარშანაც სურდა, მაგრამ ქარ­თულმა მხარემ მაშინ არსებული, ბევ­რად მომგებიანი პირობების შენარჩუნება შეძლო. მთავრობას წინ საარჩევნო წელი ედო და შესაბამისად, მეტი სტიმული და მონდომება ექნებოდა, რომ ოპოზიციისთვის ნიშნის მოგების საბაბი არ მიეცა. წლეულს ოპოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შარშანდელზე ბევრად უფრო პასიურია. მმართველი გუნდი ამ მოლაპარაკებებში მთავარ მიღწევად ქვეყნის მოხმარებაში რუსული გაზის კლების ტენდენციას ასახელებს და იმასაც, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქართველო რუსეთისგან გაზს არა 215 დოლარად, არამედ 185-ად შეიძენს. თუმცა, რა იქნება მომავალში და კიდევ როდის მოინდომებს რუსული “გაზპრომი” საქართველოსთან თამაშის წესების შეცვლას, ამის პროგნოზირება უმადური საქმეა.

მთავრობაში არ მალავენ, რომ “გაზპ­რ­ომს” სურდა, საქართველოს რუსული გაზი არა მხოლოდ უკიდურესი საჭირო­ების შემთხვევაში შეეძინა (ზამთარში აზერბაიჯანიდან მოწოდებული ბუნებრივი­ აირის მოცულობა გაზრდილ მოხმარებას ვერ აკმაყოფილებს), არამედ გეგმურადაც ეყიდა, რასაც ამ ეტაპზე ქართული მხარე­ არ დათანხმდა. თუმცა რუსეთს იმედი აქვს, რომ საქართველო მის ენერგეტიკულ ორბიტაზე დაბრუნდება და კლების ნაცვლად, ჩვენი ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე გაიზრდება.

რუსული გამოცემა “ვზგლიადისთვის” მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის გენერალური დირექტორი კონსტანტინ სიმონოვი შორს მიმავალ სურვილებს არც მალავს: “საქართველო ჩვენთვის პატარა ბაზარია, მაგრამ მახსოვს, როგორ გამოიყ­ენებოდა საიმიჯოდ საქართველოს გადასვლა­ რუსულიდან აზერბაიჯანულ გაზზე – “შეხედეთ, საქართველოსაც კი შეუძლია რუსული გაზის გარეშე ცხოვ­რება”. ამ თვალსაზრისით საქართველოს დაბრუნება დიდი პლუსია. ის ტლინკებს ყრიდა, იბუტებოდა, მაგრამ ახლა მოვილაპარაკეთ და ბიზნესს განვაგრძობთ”.

“გაზპრომის” ხელშეკრულების არ იყოს, არც საზღვართან მოსული აზერბაიჯანული გაზის ფასია საჯაროდ ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, რაკი საქართველო აზერბაიჯანული გაზისთვისაც ტრანზიტული ქვეყანაა, ამიტომ 500 მილიონ კუბმ აზერბაიჯანულ გაზს ჩვენ 64 დოლარად ვყიდულობთ, 250 მილიონ კუბმ-ს – 55 დოლარად, კიდევ 500 მილიონს – 189 დოლარად, ხოლო უფრო მეტისთვის კი საბაზრო ფასს – 237 დოლარს ვიხდით 1000 კუბმ-ში. რუსეთს არ ავიწყდება ხაზგ­ასმა, რომ საქართველოსთვის შეთავაზებული გაზის საბაზრო ფასი აზერბაიჯანულზე ნაკლებია, მაგრამ იმედია, საქართველოს მთავრობას ახსოვს, რომ რუსულ გაზს მცოცავი ანექსიის სუნი აქვს.

რევაზ არველაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი:

- შარშან “გაზ­პრომის” სხვაგვარი პირობები და შემოთავაზებები იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცავდით პოზიციას, რომ გაზის 10%-ის მოწოდება დარჩენილიყო, რადგან “გაზპრომისგან” წინადადება, სულ ცოტა, სამჯერ უარესი იყო. დღეს არ ვიცით, რამდენია დაფიქსირებული ფასი. ხელშეკრულების ერთი მხარე ითხოვს, რაღაც ნაწილი კონფიდენციალური იყოს, მეორე მხარეს კი გამჟღავნების უფლება არა აქვს. რა ფასს გადაგვიხდის “გაზპრომი” იმ 200 მილიონი კუბმ-ის სანაცვლოდ, რომელსაც ტრანზიტში ვიღებდით, ცნობილი არ არის, თუმცა ენერგეტიკის მინისტრმა­ განაცხადა, რომ დიდად განსხვავებული არ იქნება იმისგან, რასაც ნატურით ვიღებდით. აქედან გამომდინარე, შეიძლება­ ითქვას, რომ ეს მიღწევაა და არა რაღაც ჩავარდნა. რატომ? “გაზპრომი”, როგორც ამ საქმის მონაწილე, ჯერ არც არსებობდა, როცა 1996-1997 წლებში აშშ-ის საელჩო და საერთაშორისო განვითარების სააგენტო პირდაპირ, საკმაოდ მკაცრად გვიყენებდა მოთხოვნებს, რომ გაზის ტრანზიტისთვის 10%-იანი ანაზღაურება არ შეიძლება დაწესდეს 200-კილომეტრიან მონაკვეთზე, სასწრაფოდ ჯერ 7%-ზე უნდა ჩამოსულიყო, შემდეგ – 5%-ზე. ჩვენ ვუმტკიცებდით, რომ მილსადენები ხევებზე თოკებივით იყო გადაკიდებული და დანაკარგი 10-12%-ს აღწევდა. ახლა ყველაფერი მოწესრიგებულია, დანაკარგიც 2%-ზეა ჩამოსული.

გატარების ტარიფიც არსებობს, არის საერთაშორისო ნორმები, რომლებიც 1000 კუბმ-ის ყოველ 100 კილომეტრზე გატარებისთვის კონკრეტულ თანხას ითვალისწინებს და ის, რაც შარშან “გაზპრომმა” შემოგვთავაზა, არ იყო მისაღები.

ყველა, ვისაც ვუსმენდი ამ საკითხთან დაკავშირებით, ცდილობს ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი შესძინოს. თუმცა,­ მეორე მხრივ, ნახეთ, რას ამბობს “გაზპრომი”, თუ არ გსურთ, არ გავატარებ გაზს თქვენს ტერიტორიაზეო. უკვე 2017 წელს შეუძლია, გაზის საჭირო მოცულობის ნახევარი სომხეთს ირანიდან მიაწოდოს, ხოლო 2018 წლის ბოლოს მოთხოვნა მთლიანად დააკმაყოფილოს ამ მარშრუტით. რა გამოდის, საქართველო ფულისა და გაზის გარეშე რჩება? აქედან გამომდინარე, სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობამ, როცა ამგვარი ვითარებაა და სხვა გამოსავალი არ არის. ჩვენ გვაქვს მეორე გაზსადენი, რომლითაც გაზს თურქეთს ვაწვდით და მომავალში შეიძლება გაზი ამ მარშრუტით ევროპისკენაც წავიდეს. ამ გაზსადენზე გატარებული გაზის სანაცვლოდ, რომელიც ოდნავ გრძელია, ვიდრე სომხეთისკენ მიმავალი, გატარებული გაზის 5%-ს ვიღებთ ნატურით. შესაბამისად, ლოგიკაში ჯდება, რომ “გაზპრომს” ეს საკითხი წამოეჭრა.

ითქვა ისიც, რომ ცვლილება გაზის ტარიფს გაზრდის და რომ ეს პროცესი დამანგრეველია. რა მოცულობის გაზს ვიღებთ დღეს რუსეთიდან? სომხეთის მოხმარება დაახლოებით 2 მილიარდი კუბმ-ია და აქედან ჩვენ 200 მილიონამდე კუბმ გვრჩება. საქართველოს მოხმარება უკვე 2,5 მილიარდ კუბმ-ზეა ასული და მასში­ რუსული გაზის წილი 8-10%-ია. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოხმარება იზრდება, წილის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება.

დღევანდელი კონტრაქტიდან გამომდინარე, გაზის ტარიფი არ გაიზრდება, მაგრამ ლარის კურსის ცვლილების პირობებში, რომელიც აგერ 1,75-დან 2,72-მდე გაიზარდა, ძნელია დაჰპირდე მოსახლეობას, რომ გაზის ფასი არ შეიცვლება.

მურმან მარგველაშვილი, “მსოფლ­იოს­ გამოცდილება საქართველოსთვისდირექტორი ენერგეტიკულ საკითხებში:

- “გაზპრომთან” მოლაპარაკება მიმდინარეობდა ერთი-ერთზე, დახურულ რეჟიმში, მომზადებული სტრატეგიის, რისკების ანალიზის, გათვლილი სცენარების, კვალიფიციური ადგილობრივი ან საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის, პოლიტიკური მოკავშირეებისა და საზოგადოებრივი თანამონაწილეობის გარეშე, რაც არ იძლევა­ საკმარის წინა პირობას, რომ სრულად იყოს დაცული ქვეყნის ინტერესები და მიღწეულ იქნეს საუკეთესო შესაძლო შედეგი. გაუმჭვირვალე გარემოში ბუნებრივად ჩნდება კითხვები: რატომ არ შეიცვალა პირობები შარშან და რა არგუმენტებმა აიძულა რუსეთი, საქა­რთველოსთვის მომგებიანი პირობები­ შეენარჩუნებინა? რატომ ვერ გამოვიყენეთ წლეულს იგივე არგუმენტები და წლევა­ნდელი ცვლილება წინა წლის მოლ­აპარაკებებზე ხომ არ შეთანხმდა? სამინისტრო არ ასახელებს ტრანზი­ტის ფულად საზღაურს და მას “კომერციულ საიდუმლოდ” აცხადებს. დიდი ალბ­ათობით­, სხვა დაინტერესებული მხარეები საკუთარი არხებით ადვილად მიიღებენ ინფორმაციას ამ ფასის შესახებ. ამასთან, ტრანზიტის საფასური არის არა სემეკის მიერ დადგენილი, არამედ სამინისტროს მიერ მოლაპარაკებით მიღწეული და სავარაუდოდ, მასში არ არის სრულად ასახული ტრანზიტთან დაკავშირებული წარსული და მომავალი ხარჯები.

რუსეთისგან გაზის შესყიდვის შეთანხმებული ფასი (185 დოლარი 1000 კუბმ-ზე)­ პოლიტიკურია და აღემატება სომხეთისთვის (165 დოლარი) და თუნდაც გერმანიისთვის (160 დოლარი) მიწოდებული გაზის საფასურს. ამასთან, არ ფორმდება­ შესყიდვის ხელშეკრულება გაზის ფიქსირებულ მოცულობაზე, შენარჩუნებულია გაზის ბაზრის არაბუნებრივი დაყოფა სექტორებად და სავარაუდოდ, “სოკარი” რჩება მონოპოლისტად კომერციულ სექტორში.

რუსეთთან მოლაპარაკებისას გამოიყენება ისეთივე მიდგომა, როგორიც ჩვეულებრივ სავაჭრო პარტნიორთან, მიუხ­ედავად იმისა, რომ ის არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, აქვს მკაფიო პოლიტიკური ინტერესები და ფლობს­ მრავალ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ თუ სამხედრო ბერკეტს საქართველოს წინააღმდეგ (ენგურჰესი და აფხაზეთის მოხმარება, ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება, ენერგეტიკული აქტივების ფლობა და სხვ.).

“გაზპრომთან” მოლაპარაკებები სცილდება ენერგეტიკის ჩარჩოებს და საჭირ­ოებს ეროვნული უსაფრთხოების კონტე­ქსტში განხილვას და მოქმედებას სამთავრობო დონეზე; საგარეო ურთიერთობების სამინისტროს, ეროვნული უშიშრ­ოების საბჭოსა და სხვა სამსახურების თანამონაწილეობას; ასევე პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობას, რაც არ გაკეთებულა. საჭიროა მეტი დივერსიფიცირება და გაზის ბაზრის რეფორმა, გამჭვირვალე რეგულირებისა და ჯანსაღი კონკურენციის დანერგვა.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 16 იანვარი, 2017 წელი

რას ცვლის ახალი კანონი ონლაინ-სესხების დავალიანების მქონე მოქალაქეებისათვის

თიკო ოსმანოვა

ონლაინ სესხებსა და ბანკებთან დაკავშირებით ახალი კანონი ამოქმედდა. მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ონლაინ სესხების ვადაგადიცილებასთან დაკავშირებით კი პირგასამტეხლო და ზედასაპროცენტო ზღვრის წლიური განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს. პროექტთან დაკავშირებით მცირე შენიშვნები აქვს პრეზიდენტს, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა კანონს ხელი მაინც მოაწერა.

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ მაია მიქელაძის განცხადებით, კანონპროექტები ძალიან დეტალურად იქნა განხილული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ჩამოაყალიბეს გარკვეული შენიშვნები. მაია მიქელაძის განმარტებით, შეჯერდნენ ეროვნულ ბანკთან შეთანხმებაზე, რომ ყველა ტექნიკური ხასიათის ხარვეზი აღმოფხვრილი იქნება.

“ისინი, უპირველესად ყოვლისა, ეხება ლარიზაციას, ონლაინ სესხების შეზღუდვას, გალარების პოლიტიკას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და ამასთანავე, კომერციულ ბანკებთან. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ აღნიშნული კანონპროექტები და ჩამოგვიყალიბდა გარკვეული შენიშვნები: ამ რეგულაციების პირობებში დასაშვებია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარკვეული პროდუქტები გააუქმონ, რაც ნეგატიურად აისახება საფინანსო სექტორზე. ამასთანავე, დასაშვებია, რომ საპროცენტო განაკვეთმა ლარში გაცემულ სესხებზე მომავალში აიწიოს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფულზე მოთხოვნა ამ რეგულაციების პირობებში არ შემცირდება და ალბათობა იმისა, რომ ამ მოთხოვნამ გადაინაცვლოს ჩრდილოვან სექტორში, საკმაოდ დიდია. ამასთანავე, გვაქვს კითხვები საქართველოს პარლამენტის მხრიდან ამ კანონპროექტების ფორსირებულ რეჟიმში განხილვასა და მიღებასთან დაკავშირებით იმის ფონზე, რომ არ არსებობდა სათანადო კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან საკანონმდებლო ინიციატორების მხრიდან.

ჩვენ გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან, მოვისმინეთ აბსოლუტურად ყველა მხარის შეხედულება და შევჯერდით საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებაზე, რომ ყველა ის ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც თან სდევს ამ კანონპროექტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღმოფხვრილი იქნება. ჩვენ ძალიან აქტიურად დავაკვირდებით ამ პროცესს”, – განაცხადა მაია მიქელაძემ.

ონლაინ-სეხების გამცემი კომპანიების ნაწილს კანონი არ მოსწონს და მათი უფლებების შეზღუდვაზე საუბრობენ. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე რომან კაკულიას თქმით, კი მათი მიზანი იყო მომხმარებელთა უფლებების დაცვა და არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელზე გააკეთეს.

“კანონში საუბარია იმაზე, რომ სანქციები არ იყოს ძალიან მკაცრი. პირგასამხტელო და საპროცენტო განაკვეთი წელიწადში 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს. შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ ეს 100%-იც ბევრია, მაგრამ თუ პრაქტიკაში ნახავდით, საპროცენტო განაკვეთი 200%-ზე მეტი გამოდიოდა. ასე რომ, მთვარი იყო მომხარებლის დაცვა. რა თქმა უნდა, ამან შეიძლება შეამციროს მოგება და არ იყო სასარგებლო ფინანსური კომპანიებისთვის, მაგრამ არჩევანი სწორედ ამ ორიდან უნდა გაგვკეთებინა. ეს არ არის ისეთი კანონპროექტი, რომელშიც ორივე მხარე აუცილებლად ბედნიერი იქნება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი იყო სწორედ ის, რომ მომხარებელი იყოს უფრო დაცული და მე მგონი, ამაზე ყველა შევთანხმდით. თუ რამდენპროცენტიანი სესხი გაიცემა, ეს შეთანხმებაზეა საუბარი, აქ ზედა ზღვარზეა საუბარი არ გადავიდეს იმ ზღვარზე, რომ მომხარებელი ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს”, – უთხრა “მთელ კვირას” რომან კაკულიამ.

იქნება თუ არა ამ კანონით მართლაც მომხმარებელი დაცული – ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს ანალიტიკოს სოსო არჩვაძეს. იგი ამბობს, რომ ამისთვის დრო უნდა გავიდეს და დასკვნები მოგვიანებით გაკეთდეს.

“ერთია, როცა ხელისუფლება საკანონმდებლო რეგულირებით ახდენს გარკვეულ პრევენციას იმ ნეგატივის შედეგის დადგომისას, რაც შეიძლება ამა თუ იმ საქმიანობას მოჰყვეს და მეორეა თვითონ საზოგადოების მზაობა, გაითავისოს ეს ნორმატივები და მოიქცეს კანონის შესაბამისად. მაგალითად, ადამიანი იღებს სესხს და არ ფიქრობს, რომ უნდა გადაიხადოს ეს თანხა. დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს. ამიტომ თვითონ საზოგადოებაშიც უნდა იყოს მზაობა, რომ ეს რეგულაციები გაითავისოს.

რა კეთილი წამოწყებაც არ უნდა იყოს, ამას თუ საზოგადოების მზაობა არ მოჰყვა, არაფერი შედეგი არ ექნება. მომხმარებლის უფლების დაცვის მცდელობა არის, მაგრამ რამდენად გაამართლებს – ამას დრო და პრაქტიკა გვიჩვენებს. რაღაც უნდა ყოფილიყო გაკეთებულიყო. ახლა მეც მოლოდინის რეჟიმში ვარ და ვნახოთ, რა გამოვა. კანონის ეფექტიანობის შესაფასებლად პირველი ასი დღე დავიცადოთ და მერე გამოვიტანოთ დასკვნები”, – გვითხრა სოსო არჩვაძემ.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ-სესხების გამცემი საკრედიტო ორგანიზაციები ქართულ ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდნენ. დღესდღეობით საქართველოს ბაზარზე ონლაინ სესხს ათზე მეტი კომპანია გასცემს. თანხა, საშუალოდ, 50-დან 700 ლარამდე მერყეობს. საკრედიტო ორგანიზაციები მომხმარებელზე მოკლევადიან მცირე კრედიტებს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გასცემენ, რომლის დამტკიცებასაც 15 წუთიდან 1 საათამდე დრო სჭირდება. სესხის ასაღებად ერთადერთი მოთხოვნა კლიენტის ასაკია. საკრედიტო ორგანიზაციები კლიენტის მინიმალურ ასაკად 20-21 წელს ასახელებენ.

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 16 იანვარი, 2017 წელი

უმუშევარი ექს-დეპუტატებიოცნებასდასაქმებას სთხოვენ

სალომე სარიშვილი

ერთი წლისთავზე “ქართული ოცნების” და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის პირობა კვლავ შეუსრულებელია. მმართველი გუნდის ყოფილი დეპუტატები ისევ მოთმინებით ელიან დასაქმებას – ზოგიერთი მათგანი პირდაპირ ამბობს, რომ საკუთარი თავი აღმასრულებელ ხელისუფლებაში წარმოუდგენია, ზოგიც კი ფიქრობს, რომ მათი ცოდნა და გამოცდილება ბევრ სფეროშია გამოსაყენებელი. მიუხედავად ამგვარი მოლოდინისა, ბოლო დროს მმართველ გუნდში ამ თემაზე საერთოდ აღარ ლაპარაკობენ. უფრო მეტიც, ამ თემაზე ვინმესთან საუბარი და კონკრეტული პასუხის მიღება “მთელი კვირისთვისაც” შეუძლებელი გახდა.

“როგორც ჩანს, პირობა, რომელიც ჩვენი დასაქმების თაობაზე გაიცა, ჯერჯერობით კვლავ პირობად რჩება. ისე, ლაპარაკი რომ იყო, თქვენც კი იცით, თუმცა, როგორც ვხვდები, ეს პროცესი ჯერჯერობით შეჩერებულია,” – განუცხადა “მთელ კვირას” “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ და იქვე დაუმატა, რომ მიუხედავად ამ “შეჩერებული პროცესისა,” მას დასაქმების იმედი მაინც აქვს. „მართალი გითხართ, ეს საკითხი ჩემთვის ძალიან პრობლემური არაა, რადგან, მოგეხსენებათ, რომ უნივერსიტეტის პროფესორი ვარ და ჩემი შემოსავალი მაქვს. გარდა ამისა, სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი ვარ. ასე რომ, დაუსაქმებელი ნამდვილად არ გახლავართ. თუმცა, ცხადია, ჩემი გუნდის მხრიდან დასაქმებას ველოდები“, – დასძინა მან.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატებიდან, რომლებიც არჩევნების შემდგომ პარლამენტს მიღმა დარჩნენ, ხელისუფლებამ მხოლოდ ერთი დაასაქმა – სოსო ჯაჭვლიანი კურორტ „თეთნულდის“ განვითარების ფონდის თავმჯდომარედ დაინიშნა. რაც შეეხება დანარჩენებს, ყოფილი დეპუტატების ნაწილი მმართველი ძალის მხრიდან დასაქმებაზე უარს თავად ამბობს. მაგალითად, ასეთია გოგლა ჟვანია, რომელმაც განგვიცხადა, რომ საკუთარ თავს საჯარო სამსახურში ვერც უწინ ხედავდა და ვერც ახლა.

ცნობისთვის: ყოფილი დეპუტატების დასაქმებაზე ბოლოს პრემიერ კვირიკაშვილმა გასული წლის ნოემბერში ისაუბრა, თუმცა მას შემდეგ კონკრეტული წინადადება, როგორც ამას თავად დეპუტატების ნაწილი ამბობს, არავისგან მიუღიათ.

მიუხედავად შეუსრულებელი თუ მომავალში შესასრულებელი პირობისა, ომარ ნიშნიანიძე ფიქრობს, დასაქმებაზე გაცემული პირობა დადებითად გადაწყდება. ამის თქმის საფუძველს კი “ოცნების” ყოფილ დეპუტატს სწორედაც რომ მმართველი ძალის მხრიდან გაცხადებული პოზიცია აძლევს. “ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხზე გაცხადებული პოზიცია ჯერ კიდევ არჩევნებამდე და მას შემდეგაც ნათელია, ჩვენ ახლაც ერთი გუნდის წევრებად ვრჩებით. მართალია, ეს პროცესი ცოტა დაგვიანებულიც კია, მაგრამ ხომ გაგიათ – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო,” – უთხრა “მთელ კვირას” ომარ ნიშნიანიძემ და დასძინა, რომ “ოცნების” მხრიდან იმედგაცრუების ეტაპამდე მისვლის წინაპირობას ვერ ხედავს. „არ მგონია, რომ „ოცნების“ მხრიდან „გადაგდების“ დონემდე მივსულიყავით. ვფიქრობ, დასაქმების პერპექტივას მაინც ოპტიმისტურად უნდა ვუყუროთ“, – ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

„ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე ჯერ კიდევ მოთმინებით ელოდება დასაქმებას. როგორც იგი თავად ამბობს, საკუთარი თავი აღმასრულებელ ხელისუფლებაში, უფრო ზუსტად კი ეკონომიკის მიმართულებით, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის ან ენერგეტიკის სამინისტროში წარმოუდგენია. ამბობს, რომ ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია და ერთი-ორი თვე არაფერს უწყვეტს.

“ჩვენ ახლა მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველოდებით შესაბამისი სამსახურების შემოთავაზებას. პირადად მე განათლებით ეკონომისტი ვარ და ნებისმიერი ეკონომიკური ბლოკის მიმართულებით მზად ვარ ჩემს სამშობლოს ვემსახურო. საკუთარ თავს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ვხედავ. კერძოდ, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის ან ენერგეტიკის სამინისტროებში, თუმცა ვიმეორებ, რომ ამ ეტაპზე რაიმე ტიპის შემოთავაზება არ მიმიღია და არც რაიმე გადაწყვეტილების შესახებ მომისმენია. თუმცა, მოთმინებით ველოდები დასაქმებას,” – აღნიშნავს “მთელ კვირასთან” საუბრისას დავით ლორთქიფანიძე. მისივე თქმით, იგი თავს კვლავ “ქართული ოცნების” გუნდის წევრად მიიჩნევს და არ ჰგონია, რომ ეს პირობა შეუსრულებელი დარჩება. ამბობს, რომ მოსაზრება დასაქმების პირობის შეუსრულებლობის თაობაზე თავშივე საფუძველს მოკლებულია.

„ისე, ვის სცალია ახალ წელს ამისთვის? ერთი და ორი თვე პირადად მე არაფერს მიწყვეტს და არც “გადაგდებულად” ვგრძნობ თავს. მე და ჩემი მეგობრები გუნდის წევრებად ვრჩებით, ამიტომ აზრი ამ პირობის შეუსრულებლობის თაობაზე, თავშივე საფუძველს მოკლებულია. მგონია, რომ ეგ არ მოხდება. ჩვენ სულ სხვა ხალხი ვართ, რომლებმაც არჩვენები ერთად გავიარეთ. ამიტომ ერთამანეთს არ „გადავაგდებთ“, ეს გამორიცხულია“, – მიიჩნევს დავით ლორთქიფანიძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ვერმოხვედრის შემთხვევაში ექსდეპუტატებს დასაქმებას ჯერ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა. ამის შემდეგ კი ამ თემაზე რამდენიმე განცხადება მოქმედმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ენერგეტიკის მინისტმა კახი კალაძემ გააკეთეს. “მთელი კვირა” შეეცადა, ამ თემაზე კონკრეტული პასუხი თავად “ოცნების” მოქმედი დეპუტატებისაგან მიეღო, თუმცა უშედეგოდ.

კვირის პალიტრა“, 16-22 იანვარი, 2017 წელი

34-მილიონიანი პრემია-დანამატები!

დიახ, პრემიები უნდა გაიცეს თანამშრომლებზე, რომლებიც კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, თუმცა აუცილებელია რეგულირება, რათა ხელმძღვანელი პირები თანამშრომლებთან შედარებით კოლოსალურ დანამატებს არ იღებდნენ

ემა ტუხიაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ფინანსური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას, რისთვისაც მთავრობას მოსახლეობისთვის მტკივნეული ცვლილებების მიღებაც კი მოუხდა, ბიუჯეტის ხარჯზე კოლოსალური პრემია-დანამატების გაცემის პრაქტიკა კვლავ გრძელდება. მონიტორინგის ცენტრ “მედიატორის” მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირების გარდა, პრემია-დანამატებზე მადას არც სამინისტროების სსიპ-ებში (საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შექმნილი სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტით) უჩივიან.

მარიამ ქელბაქიანი, მონიტორინგის ცენტრმედიატორისანალიტიკოსი:

- გასული წლის 11 თვეში 22 სსიპ-ში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 34.608.088 ლარი, საიდანაც 18.446.121 დანამატია, ხოლო 16.161.967 ლარი პრემია.
მაგალითად, ფინანსთა სამინისტროს სამ სსიპ-ში 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით შრომის ანაზღაურების მუხლიდან ჯამში გაცემულია 6.966.595 ლარი. უფრო კონკრეტულად: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო – 3.086.103 ლარი, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური – 3.451.180 ლარი, ფინანსთა სამინისტროს აკადემია – 429.312 ლარი. რაც შეეხება კიდევ ერთ სსიპ-ს, შემოსავლების სამსახურს, 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, მხოლოდ პრემია-დანამატის სახით ჯამში გაცემულია 26.176.960 ლარი, საიდანაც 13.560.125 ლარი დანამატი, ხოლო 12.616.835 ლარი – პრემიაა. რაც შეეხება სარგოს, 11 თვეში ხელფასის სახით 38.240.743 ლარი გაიცა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ექვს სსიპ-ში 11 თვეში პრემია-დანამატის სახით გაცემულია 3.635.650 ლარი, საიდანაც დანამატი შეადგენს 3.193.651, ხოლო პრემია – 441.999 ლარს. როგორც საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, პრემია-დანამატის ჯამური თანხის 85% დანამატია, რაც ნიშნავს, რომ ძირითადი სარგებელი მიიღეს თანამდებობის პირებმა, რადგან რიგითი თანამშრომლები დანამატს არ იღებენ. პრემია-დანამატის გარდა, 2016 წლის 11 თვეში სამინისტროს ექვს სსიპ-ში გაცემულია 15.383.880 ლარის ხელფასი.
ენერგეტიკის სამინისტროს სსიპ “ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში” 2016 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით თანამდებობის პირებზე პრემია-დანამატის სახით გაცემულია 30.720 ლარი. რაც შეეხება ხელფასს, წლის ამ პერიოდში სახელმწიფო სააგენტოში კიდევ 452.040 ლარი აიღეს.

ჩვენ ასევე გამოვითხოვეთ ინფორმაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან და აღმოჩნდა, რომ ამ უწყების ექვს სსიპ-ში გაცემულია 2.877.662 ლარის პრემია-დანამატი, საიდანაც დანამატი შეადგენს 1.661.624 ლარს, ხოლო პრემია – 1.216.038 ლარს (სამწუხაროდ, სამინისტროს ერთ-ერთმა სსიპ-მა, “საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ” არ მოგვაწოდა დეტალური ინფორმაცია და მხოლოდ პრემია-დანამატების ჯამური თანხა გვაცნობა – 1.353.812 ლარი). აქედან მხოლოდ ოთხი სსიპ-ის ხელფასმა 11 თვეში 26.604.201 ლარი შეადგინა. სამინისტროს სსიპ-ებმა არც უშტატო თანამშრომლებისთვის დაიშურეს თანხა და 11 თვეში ხელფასის სახით 662.136 ლარი გასცეს, ხოლო პრემიად – 711.711 ლარი.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხუთ სსიპ-ში გაცემულია 1.175.384 ლარის პრემია-დანამატი (აქედან 1.100 ლარი არის დანამატი, ხოლო პრემია – 1.174.284 ლარი). ხუთ სსიპ-ში ხელფასმა 2.531.587 ლარი შეადგინა. შტატგარეშე თანამშრომლებზე აქაც გაიცა ხელფასი 344.949 ლარის ოდენობით.

ზემოთ მოყვანილი მონაცემები მეტყველებს, რომ ქვეყანაში არსებული ფინანსური თუ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სამინისტროს სსიპ-ებში დასაქმებულ მაღალი თანამდებობის პირებს ნამდვილად არ უჭირთ. ამიტომაც არის საჭირო გამჭვირვალობა საბიუჯეტო სახსრების განკარგვისას. გარდა პრემია-დანამატების გაცემის მავნებლური პრაქტიკისა, ზოგი სამინისტროს ფუნქციები აღრეულია მისსავე დაფუძნებულ სსიპ-ებთან.

რა საჭიროა იმავე ფუნქცია-მოვალეობებით დატვირთული სსიპ-ი, თუკი სამინისტრო და მას დაქვემდებარებული სამმართველო თუ განყოფილება ამ ფუნქციას ისედაც ასრულებს? მაგალითად, განათლების სამინისტროს დამატებით შექმნილი აქვს ორი სსიპ-ი – “განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი” და “მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი”, რომლებზე დაკისრებული ფუნქციები თავისუფლად შეიძლება შეასრულოს ერთმა ორგანიზაციამ. თუ გავიხსენებთ 2016 წლის იანვარში გამართულ პედაგოგთა საატესტაციო გამოცდების შედეგებს, სადაც გამოცდაზე გასული 6 477 პრაქტიკოსი პედაგოგისგან 60%-იანი ბარიერი მხოლოდ 1101-მა გადალახა, ამ სსიპ-ების ეფექტიანობა საფუძვლიან ეჭვს ჰბადებს. მიგვაჩნია, რომ ეს სისტემური პრობლემაა და მისი მოგვარებისთვის გადასადგმელია ქმედითი ნაბიჯები.

ირაკლი მაკალათია, ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი:

- დიახ, პრემიები უნდა გაიცეს თანამშრომლებზე, რომლებიც კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, თუმცა აუცილებელია რეგულირება, რათა ხელმძღვანელი პირები თანამშრომლებთან შედარებით კოლოსალურ დანამატებს არ იღებდნენ. თითოეული პრემია თუ დანამატი გაცემული უნდა იყოს შესაბამისი სამუშაოს შესრულებისთვის და არა დიდმოხელის სურვილისამებრ. აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე გაწერა, რა სახელფასო დანამატს უნდა ელოდეს თანამშრომელი განსაზღვრული სამუშაოს შესრულების შემდეგ. უნდა მივიღოთ კანონი, რათა სამინისტროებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირებს უფლება აღარ ჰქონდეთ, პრემია-დანამატები საკუთარ თავს გამოუწერონ.

წლის დასაწყისში გაიწეროს, განსაზღვრული სამუშაოს კარგად შესრულებისთვის ვის რამდენი პრემიის მიღების შესაძლებლობა ექნება და ამას უნდა ამტკიცებდეს პარლამენტი. საზოგადოებას უფლება აქვს, მონიტორინგი გაუწიოს თითოეულ პრემია-დანამატს და მოითხოვოს ის რეგულაციები, რაც დანამატების არამიზნობრივად გაცემას აკრძალავს.

დავით მათიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

- ანაზღაურება დაყოფილია ხელფასად, პრემიად და დანამატად, მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი ერთ ანაზღაურებას წარმოადგენს. შესაბამისად, მეტი საჯაროობაა საჭირო, რათა გავარკვიოთ, რატომ არის ასე. განხილვა მიმდინარეობს, მაგრამ ვერ დაგისახელებთ კონკრეტულ თარიღს, როდის მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ საკითხზე, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საზოგადოებისა და მედიისთვის, არამედ პარლამენტისა და ზოგადად, ხელისუფლებისთვის. რაც შეეხება სსიპ-ების თემას, ოპტიმიზაციის ფარგლებში ეს თემაც განიხილება და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში თუ შესაძლებელია კანონიერების პრინციპების გათვალისწინებით კონკრეტული ქმედების განხორციელება, მთავრობა უკან არ დაიხევს”.

———————-

„რეზონანსი//მთელი კვირა“, 16 იანვარი, 2017 წელი

ორი კრიმინალური ინციდენტი პრეზიდენტის ოჯახში

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტის სიძე დაჭრეს, შემდეგ კი პრეზიდენტის ცოლისძმა იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს

ეკატერინე ბასილაია

ბოლო დღეებია, პრეზიდენტ მარგველაშვილის ოჯახის წევრები სკანდალური შემთხვევებით მედიისა და საზოგადოების ყურადღების ქვეშ აღმოჩნდნენ. ჯერ იყო, 11 იანვარს დაჭრეს პირველი ლედის სიძე მინდია გოგოჭური, 12-ში კი დააკავეს პირველი ლედის ძმა მიხეილ მგალობლიშვილი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. გამოძიება სს-ის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის მეუღლის მაკა ჩიჩუას ძმა, მიხეილ მგალობლიშვილი სამართალდამცველებმა ჯერ ქუჩაში გაჩხრიკეს, სადაც მას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა, შემდეგ კი გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი სახლიც, საიდანაც 2 იარაღი ამოიღეს.

შსს-ს ექსპერტიზის დასკვნით, 3 იარაღიდან 2 ვარგისია, რის გამოც 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. სხვა დეტალებზე შსს-ს საუბარი არ სურს.

ადვოკატი ზაზა მიქატაძის განცხადებით, დაკავებული წარდგენილ ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ჩხრეკისას ამოღებული სამივე იარაღი “უვარგისი რკინის ნაჭრები” იყო, რაც ვიზუალური დათვალიერებითაც კარგად ჩანს და ამიტომაც ის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ამავდროულად, იარაღებზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასაც ითხოვს.

როგორც ადვოკატი ამბობს, მგალობლიშვილის დაკავება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, პისტოლეტები კი დაკავებულის გარდაცვლილ მამას ეკუთვნოდა.

“ამჟამად ამოღებულია პისტოლეტები, საიდანაც, შსს-ს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით 2 სასროლი იარაღი ვარგისია, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით და ეს დასკვნა გასაჩივრდება. მას დაახლოებით ერთი კვირის წინ გარდაეცვალა მამა და მისი გადმოცემით, ოჯახის დალაგების დროს აღმოაჩინა, რომ ალბათ მამის დანატოვარი იყო ძველი იარაღი, მე დავარქმევ უვარგის რკინის ნაჭრებს, როგორც თვითონ უწოდებს. მოგეხსენებათ, თვითონ არის მხატვარი, ხატავს ესკიზებს. მის ნახატებში არაორიგინალურად არის სხვადასხვა ნივთები გამოყენებული. მისი გადმოცემით, უნდოდა, რომ დაეხატა ეს ესკიზები და იარაღიც გამოეყენებინა ამ მხატვრობაში და ის ვერ წარმოიდგენდა, თუ ამ იარაღიდან შეიძლებოდა გასროლა მომხდარიყო,” – განაცხადა “რუსთავი 2″-თან ზაზა მიქატაძემ. ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ერთი იარაღი მგალობლიშვილს ქურთუკის ჯიბეში შემთხვევით აღმოაჩნდა.

„ამას ხსნის იმით, რომ ის იმყოფებოდა სახლში, დასჭირდა ტელეფონზე ფულის შეტანა, გავიდა სახლის წინ მდებარე ჯიხურში, მოიცვა ქურთუკი და თვითონ არც იცოდა – აღმოჩნდა, რომ შიგნით ე.წ. იარაღი იყო. ადასტურებს რომ ეს ნივთები არის მისი,” – აცხადებს ზაზა მიქატაძე.

უკავშირდება თუ არა პრეზიდენტის სიძის დაჭრა და პრეზიდენტის მეუღლის ძმის დაკავება ერთმანეთს ან ამ დაკავებით ხდება თუ არა ქვეყნის პირველ პირზე რაიმე სახის წნეხი, ამაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რაიმე კომენტარის გაკეთება არ სურთ.

“ამ თემაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერზე პასუხს გამოძიება გაგცემთ. ჩვენ რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ?!” – განუცხადა “მთელ კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ეკა მიშველაძემ.

საგულისხმოა, რომ გასული წლის ზაფხულში სამართალდამცველებმა გიორგი მარგველაშვილის მეუღლის სიძის, მინდია გოგოჭურის სახლი გაჩხრიკეს. პრეზიდენტმა ამ ფაქტის გამო აღშფოთება საჯაროდ გამოხატა და ამ ქმედებას “ქვეყანაში არსებული ზეწოლის საშიში ტენდენცია” უწოდა. მისი ეს განცხადება ივლისში მას შემდეგ გაკეთდა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს იმდროინდელმა თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა მას მოსამართლეებზე წნეხის კონკრეტულ ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია. პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ამ ინფორმაციამ ის არ გააოცა, რადგან სამწუხაროდ ასეთი ტენდენცია არის და სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო, როდესაც მისი სიძე, მინდია გოგოჭური ჯერ ქუჩაში გააჩერეს, შემდეგ კი მის სახლში ჩაატარეს ჩხრეკა სასამართლო დადგენილების გარეშე, “რაღაცის” იმედით, რომ ამას რაიმე მოჰყვებოდა. “თუმცა, სუფთა იყო ყველაფერი, არანაირი სამართალდარღვევა იქ არ ყოფილა. მაგრამ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

სწორედ ჯერ ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ კი სახლში ჩატარდა ჩხრეკა ახლაც, პრეზიდენტის მეუღლის ძმის შემთხვევაშიც, თუმცა ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „ზეწოლაზე“ რაიმე საუბარი არ სურთ.

ცნობისათვის: პროფესიით მხატვარი მიხეილ მგალობლიშვილი 3-ჯერ არის ნასამართლევი. მას ბოლოს 2011 წელს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, თუმცა 3-წლიანი პატიმრობის შემდეგ პრეზიდენტის შეწყალებით ის 2015 წელს გათავისუფლდა. იგი პირველად გასამართლებულია 2008 წელს ნარკოტიკების მოხმარებისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. მიუსაჯეს 2 წლით პატიმრობა, 2 წლით პირობითი სასჯელი და 3 – ათასი ლარი ჯარიმა. მიხეილ მგალობლიშვილი მეორედ 2010 წლის 27 თებერვალს გაასამართლეს, კვლავ ნარკოტიკების მოხმარებისათვის. მიუსაჯეს 2 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საპროცესო შეთანხმებით, 3 წლიანი პირობითითა და 2 – ათასლარიანი ჯარიმით შეეცვალა. მესამედ კი მაკა ჩიჩუას ძმა 2011 წლის მაისში ჯგუფური და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს. მიუსაჯეს 17 წლით პატიმრობა, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მხოლოდ 3 წელი გაატარა.

გამოტანილ განაჩენში აღნიშნულია, რომ მიხეილ მგალობლიშვილმა, მეგობართან ერთად, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ძირს დააგდო და მისი მოკვლა განიზრახა. კერძოდ, მან და მისმა მეგობარმა ის დანებით დაჩეხეს. განაჩენის მიხედვით, პრეზიდენტის ცოლისძმამ და მისმა მეგობარმა დაზარალებულს ჭრილობები მიაყენეს ორივე კიდურის, მუცლის, მუცლის ღრუსა და გულ-მკერდის არეში. დაჭრილი შემთხვევითმა გამვლელმა, უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანა საავადმყოფოში. ეჭვმიტანილები მიიმალნენ. თუმცა, პოლიციამ მგალობლიშვილი იმავე დღეს, 2010 წლის 31 აგვისტოს დააკავა, მისი მეგობარი კი მეორე დღეს – 2010 წლის 1-ელ სექტემბერს.

კვირის პალიტრა“, 16-22 იანვარი, 2017 წელი

გიორგი მარგველაშვილს ჯერ სიძე დაუჭრეს, შემდეგ კი ცოლისძმა დაუჭირეს

რუსუდან შელია

თბილისში, მორიგი კრიმინალური გარჩევისას პრეზიდენტის სიძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინციდენტი 11 იანვარს, გვიან ღამით, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა, სადაც მინდია გოგოჭურთან ერთად მისი მეგობარი, მიხეილ თათარაშვილიც იმყოფებოდა. ორივე დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია. კლინიკაში აცხადებენ, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია. არაოფიციალური ინფორმაციით, დაჭრას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

ნათია მილორავა, თვითმხილველი: – შვილთან ერთად გარეთ ვსეირნობდი, როდესაც ზედიზედ რამდენჯერმე გასროლის ხმა გავიგონე. ყველაფერი რამდენიმე მეტრში ხდებოდა. შვილს ხელი დავავლე და გავიქეცი. არც ვიცი, ვინ ვის ესროდა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ერთ-ერთი დაჭრილი­ პრეზიდენტის სიძე ყოფილა. მახსოვს, ტყვია მანქანებსაც ხვდებოდა.
დეტალებზე არც შსს საუბრობს და არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საზოგადოებისთვის მინდია გოგოჭურის ვინაობა პირველად მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც პრეზიდენტმა მედიასთან თავისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობაზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მარგველაშვილის მტკიცებით, 2016 წლის ივნისში მისი სიძის სახლი გაჩხრიკეს, თუმცა სამართალდამცავებმა მაშინ დარღვევა ვერ დააფიქსირეს. პრეზიდენტის განცხადების გავრცელებისთანავე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამასთან, მაშინ პრესაში დაიწერა, რომ პრეზიდენტის სიძე წარსულში რამდენიმე კრიმინალურ საქმეში ფიგურირებდა. ცნობილი გახდა, რომ 2006 წლის 8 ივლისს გიორგი ხელაშვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო. როგორც გაირკვა, ცხრა ძმის ქუჩაზე დაუდგენელ ვითარებაში, ცეცხლსასროლი იარაღით ხელაშვილი მძიმედ დაჭრეს.­ იმავე დღეს, პოლიციის თანამშრომლებმა ეჭვმიტანილის სახით მინდია გოგოჭური დააკავეს. გოგოჭურს თავადაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები და დაჭრილთან ერთად იმავე კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა – სამართალდამცავებმა გოგოჭური სწორედ იქ დააკავეს.

მოგვიანებით, გოგოჭური მკურნალობის გასაგრძელებლად თბილისის #1 კლინიკურ საავადმყოფოში, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანეს, თუმცა, საავადმყოფოდან გაიპარა. მისი ადგილსამყოფლის დადგენა და დაკავება ვერ მოხერხდა. ხელაშვილის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, გოგოჭურს 30 დღის განმავლობაში ბრალი არ წარდგენია. პროკურატურამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, იარაღი, ნივთმტკიცების სახით, ამოღებული არ იყო. პროკურატურამ 2007 წელს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. გოგოჭური 2008 წელს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ დააკავეს. ერთწლიანი პატიმრობა საპროცესო გარიგებით შეიცვალა და ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. ამასთან, 2.000 ლარის გადახდა დაეკისრა. მალევე გოგოჭური კიდევ ერთხელ დააკავეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

ცნობილია, რომ 2008 წლის 1-ლ ოქტომბერს მინდია გოგოჭური ვანშიც დააკავეს, ჩხრეკისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება. სასჯელი თავისუფლების აღკვეთას 5 წლის ვადით გულისხმობდა, თუმცა ამჯერადაც პირობითი სასჯელით შეეცვალა და დამატებით 13.000 ლარის გადახდაც დაეკისრა. თუმცა მსჯავრდადებულს ამნისტიით სასჯელი გაუნახევრდა. ამის შემდეგ, 2008 წლის 30 ნოემბერს, თბილისში, კოჯრის ქუჩაზე დაუდგენელმა პირებმა “მერსედესის” მარკის მანქანაში გიორგი სიხარულიძე და მისი მგზავრი, ბექარ კვიტაიშვილი დაჭრეს. მათთან ერთად მანქანაში იმყოფებოდნენ ელენე ჩხაიძე და თამაზ მეფისაშვილი. ეჭვმიტანილთა სიაში აღმოჩნდნენ მინდია გოგოჭური, ბექა და გიორგი კრიალაშვილები. გოგოჭური ამ ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. საქმე ამ დრომდე გაუხსნელია.

2010 წელს სამართალდამცავებმა “აღმო­აჩინეს”, რომ მინდია გოგოჭური, რომელიც ამ ხნის მანძილზე სხვადასხვა დანაშაულისთვის რამდენჯერმე დააკავეს და გაათავისუფლეს, არის სწორედ ის პირი, რომელიც 2006 წელს საავადმყოფოდან გაიპარა. 2012 წელს გოგოჭურმა  სამართალდამცავებს განუცხადა, რომ გიორგი ხელაშვილის მკვლელობის მცდელობაში უკანონოდ იყო ცნობილი ეჭვმიტანილად. შეეშინდა პასუხისმგებლობის და საავადმყოფოდან გაიპარა… მინდია გოგოჭური 2013 წელს ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტშიც ფიგურირებს, რა დროსაც ბაჩო სირაძე, ანა მარგველაშვილის მეგობარი დაჭრეს. გოგოჭური სამართალდამცავებმა მოწმის­ სახით დაჰკითხეს. როგორც ამბობენ, პრეზიდენტის ქალიშვილსა და მის მეგობარს­ შორის მაშინ ურთიერთობა დაიძაბა, რომლის დეტალების გარკვევაც მინდია გოგოჭურმა სცადა.

2014 წლის 4 იანვარს გოგოჭური სამართალდამცავებმა ყაზბეგის გამზირზე მდებარე ბინაში კომაში აღმოაჩინეს – მას ბიოს გადაჭარბებული დოზა ჰქონდა მიღებული. 2014 წლის 16 დეკემბერს მისი ბინა გაჩხრიკეს, რისთვისაც 200-ლარიანი ჯარიმის გადახდამ მოუწია.
ბალანჩივაძის ქუჩის ინციდენტიდან ზუსტად ორ დღეში პრეზიდენტის ცოლისძმას, მიხეილ მგალობლიშვილს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. “კვირის პალიტრას” ინფორმირებულმა წყარომ დაკავების დეტალები მოუყვა: “კოლმეურნეობის მოედანზე მიმავალი მანქანა საპატრულო ეკიპაჟს საეჭვოდ მოეჩვენა და გადამოწმების მიზნით გააჩერა. ჩხრეკისას (პატრულის თანამშრომლებმა არ იცოდნენ, რომ მანქანის მფლობელი პირველი ლედის ძმა იყო) მანქანაში ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოჩნდა. მალევე სამართალდამცავებმა მისი სახლი გაჩხრიკეს, საიდანაც ასევე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს”.

Comments are closed