globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 1 მარტი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Mar 1st, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: რის ფასად ინარჩუნებს ბიძინა ივანიშვილი კოალიციის ერთიანობას?

რეზონანსი: ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: დატოვებს თუ არა “ეროვნული ფორუმი” კოალიციას?

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მიხეილ მაჭავარიანთან: სანდრა რულოვსი „ნაციონალების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება? „წერენ, რომ სიაში, ალბათ, ქადაგიძეც მოხვდებაო, მაგრამ ყველაფერი ჭორებია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გელა ნიკოლაიშვილთან: „კოალიციის პარტიებს ცალ-ცალკე შანსი არ აქვთ.. არჩევანი ისევ ცუდსა და უარესს შორის უნდა გავაკეთოთ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „ალექსი პეტრიაშვილმა თავდამსხმელები ვერ იცნო… ეს შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაა“

რეზონანსი: არის თუ არა ბიუჯეტში საკმარისი ფული? // პრობლემები აშკარაა, თუმცა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ბიუჯეტს საფრთხე არ ემუქრება

რეზონანსი: ლარმა გიორგი ქადაგიძის წასვლა იგრძნო! // „როგორი წონასწორობის კურსი გვექნება, რთული სათქმელია, თუმცა უკვე ჩანს, რომ ეროვნული ვალუტა აუცილებლად გამყარდება“

„ახალი თაობა“: ერევანი საქართველოს სომეხი მამაკაცების გაფუჭებაში ადანაშაულებს // ინტერვიუ ვან ბაიბურთთან: „კაცების გადაკოცნა ძველი სომხური ტრადიციაა“

————————-

რეზონანსი”, 01 მარტი, 2016 წელი

რის ფასად ინარჩუნებს ბიძინა ივანიშვილი კოალიციის ერთიანობას

ეკატერინე ბასილაია

კოალიციიდან არავინ გაირიცხება და არაკორექტული განცხადებები ორივე მხრიდან უნდა შეწყდეს – ასეთია ფრაქცია “ქართული ოცნებისა” და პრემიერ კვირიკაშვილის შეხვედრისას დეპუტატების მისამართით გაგზავნილი მესიჯი, სავარაუდოდ, ექსპრემიერ ივანიშვილის მხრიდან. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა ჯერ არ შეკრებილა, თუმცა დიდი ვნებათაღელვის შემდეგ უკვე გარკვეულია, რომ გოგი თოფაძესა და “რესპუბლიკელებს” შორის ბრალდებების საჯარო ომი პრემიერმა კვირიკაშვილმა დასრულებულად გამოაცხადა და “რესპუბლიკელების” დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად თოფაძე დეპუტატად ისევ დარჩება.სავარაუდოდ, მანამდე, სანამ პარლამენტი მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს სურსათის უვნებლობის შესახებ არ მიიღებს, მერე კი ის “თავისი ნებით” დატოვებს მანდატს და შეასრულებს ნოემბერში დადებულ პირობას წასვლაზე.

პოლიტოლოგების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ თოფაძე-რესპუბლიკელებს შორის ბრალდებები უკიდურესად მწვავეა, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მოწოდება მშვიდობიანი თანაარსებობისკენ საკმარისია იმისთვის, რომ მტრები დაშოშმინდნენ. ამიტომ ვარაუდობენ, რომ პროცესში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო და დეპუტატებს გიორგი კვირიკაშვილის პირით ამცნო, საჯარო დებატები და არაკორექტული განცხადებები შეწყვეტილიყო.

სწორედ ამიტომაც იყო, რომ ფრაქციის შეკრების შემდეგ დეპუტატები კოალიციის ერთიანობაზე და შერიგებაზე თავდაჯერებით ალაპარაკდნენ. უკვე ერთ კვირაზე მეტია კოალიციის წევრები პოლიტსაბჭოს შეკრებას ელოდებიან, სადაც უნდა განიხილონ თოფაძე-”რესპუბლიკელების” დაპირისპირება და წერტილი დაესვას პოლემიკას კოალიციის დაშლასა თუ თოფაძის სავარაუდო გარიცხვაზე.

მანამდე კი, კვირას, ფრაქცია “ქართულ ოცნებას” პრემიერის რანგში პირველად შეხვდა გიორგი კვირიკაშვილი და ამ შეხვედრიდან გამოსული დეპუტატები უკვე ხმამაღლა და თამამად აცხადებენ იმას, რომ თოფაძე-”რესპუბლიკელებს” შორის უთანხმოება დასრულებულია და კოალიცია ერთიანად ემზადება არჩევნებისთვის.

უფრო მეტიც, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოსლკიმ ისიც კი განაცხადა, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა კორექტულობისკენ მოუწოდა არა მარტო თოფაძეს, არამედ “რესპუბლიკელებსაც”. “პრემიერმა კორექტულობისკენ მოუწოდა არანაკლებ “მრეწველებისა” “რესპუბლიკელებსაც”. მნიშვნელოვანია, რომ განცხადებების დროს დავიცვათ კორექტულობა. გამომდინარე პოლიტიკური მნიშვნელობიდანაც და აუცილებლად კიდევ პიროვნული ურთიერთობებიდან”, – განაცხადა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, თოფაძესა და “რესპუბლიკელებს” შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბარი იქნება პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომლის თარიღზეც ჯერჯერობით პრემიერი ჩამოყალიბებული არ არის.

გია ვოლსკი აცხადებს იმასაც, რომ კოალიციურობის თემასთან დაკავშირებით შეკითხვები არ იქნება, მაგრამ ამ საკითხს პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაუბრუნდებიან.

“კონსერვატორების” ლიდერი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ “რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის იყო უთანხმოება და ის ამ ეტაპზე დასრულებულია. კარგი მაგალითი მივიღეთ, რომ საჯარო სივრცეში ასეთი დებატები აღარ გაიმართოს. კოალიცია ერთიანად ემზადება არჩევნებზე გასასვლელად და მოულოდნელობებს და სიურპრიზებს აღარ ველოდებით”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

დიპლომატიური აკადემიის რექტორი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ “პოლიტსაბჭოს სხდომაზე თოფაძის გაგდება, ან ყურის აწევა არ მოხდება და ამდენად არც იმის თქმის საფუძველი გვექნება, რომ აი, “რესპუბლიკელებმა” თავისი გაიტანეს და კიდევ უფრო გაძლიერდნენ. მისი თქმით, არჩევნებამდე 6-7 თვით ადრე კოალიციიდან ვინმეს გარიცხვა, ასეთი მკვეთრი რყევები საკვირველი გამორიცხული იყო, ამდენი “ოცნების” ხელმძღვანელობასაც ესმის და ელემენტარულად მოხდება ის, რომ ამ კონფლიქტის საფუძვლიანი გარჩევა სამომავლოდ გადაიდო.

“კარგად მახსოვს, ბერძენიშვილების დუეტი რომ გაიძახოდა, “მრეწველებთან” არ გვაქვს პრეტენზია, ერთ კაცთან გვაქვსო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის ერთი კაცი “მრეწველებს” თავად უნდა გაეგდოთ რიგებიდან. თუმცა ეს იყო “რესპუბლიკელების” პოზიცია და არა კოალიციის ხელმძღვანელობის. ახლა კი მინიშნება იმაზე, რომ კორექტულობა აკლდა თოფაძესაც და “რესპუბლიკელებსაც”, ეს იმას ნიშნავს, რომ ორივეს უთხრეს, ახლა დავის დრო არ არის-ო”, – მიიჩნევს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებები დიდი იყო, საბოდიშოც ორივე მხარეს ჰქონდა, მაგრამ ბოდიში არცერთ მხარეს არ მოუხდია, მაინც თავიდანვე აშკარა იყო, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” ეცდებოდა, ორივე პოლიტიკური ძალა შეენარჩუნებინა და ამას ყველა იძახდა. ხოლო თუკი ვერ შეძლებდა, უკვე მერე დაიწყებოდა არჩევანი.

“ჯერჯერობით ჩანს, რომ ორივეს შენარჩუნება შეძლეს და ამ შემთხვევაში რამ გაჭრა, ეს თავად “ქართულ ოცნებას” უნდა ვკითხოთ. ივანიშვილის მოწოდება მშვიდობიანი თანაარსებობისა ორივე მხარისთვის უკვე საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ მტრები დარბილებულიყვნენ. თუმცა რამდენად იყო ჩართული ამ საკითხში ივანიშვილი, ამაზე საუბარი რთულია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი ჩაერთო”, – მიიჩნევს რამაზ საყვარელიძე.

სოსო ცინცაძის თქმით, თოფაძე რომ არ გარიცხეს და ორივე მხარეს გაჩუმებისკენ მოუწოდეს, ეს გადაწყვეტილება სწორედ ივანიშვილმა მიიღო. ამბობს, რომ ჩვენ გვახსოვს ივანიშვილის ნათქვამი, გოგი 75 წელს არის მიღწეული და წამოცდენები აქვს, მაგრამ კარგი კაციაო და ეს დამოკიდებულება მუშაობს. „რასაკვირველია, ივანიშვილს ჰკითხავდნენ, როგორ მოვიქცეთო და ივანიშვილმაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. მას ესმის, რომ წინასაარჩევნოდ გამწვავება და განხეთქილება წამგებიანია. ეს ესმის კვირიკაშვილსაც, ვოლსკისაც, ამიტომ ორივე მხარეს მიანიშნეს, თქვენ მეტი საქმე არ გაქვთ? აგერ ცხვირწინ არჩევნებია, ჩვენი რეიტინგი ისედაც ერთი ადგილისკენ მიდის და რა დროს ეს გარჩევებია, არჩევნების შემდეგ ვარჩიოთო. თანაც ვიცით, რომ გოგი თოფაძე სიაში მაინც არ იქნება, ის მიდის და ამიტომ დრო გადაწყვეტს ამ პრობლემას. ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ახლა ის არის მთავარი, არჩევნებამდე დარჩენილ ამ 6-7 თვეს შეინარჩუნებენ თუ არა სტრატეგიულ დუმილს თოფაძე ან “რესპუბლიკელები», – ამბობს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგის ვარაუდით, რადგან პოლიტკორექტულობით არცერთი მხარე არ გამოირჩევა და ეს დაპირისპირება უკვე პირადულშია გადასული, ქართული ხასიათიდან გამომდინარე, რთული იქნება თქმა, შენარჩუნდება თუ არა “სტრატეგიული დუმილი”.

“გოგი თოფაძე მაინც არაფერს კარგავს. ის პარლამენტიდან მიდის, ეს მან უკვე შარშან თქვა. თან მან ისიც იცის, რომ სინამდვილეში ივანიშვილი მას თანაუგრძნობს. ამას ექსპრემიერი არ გამოავლენს, მაგრამ მის მხარეს არის და აქედან გამომდინარე, თოფაძეს გაუჭირდება, ეს ნაბრძანები სიჩუმე შეინარჩუნოს. თოფაძის მიერ სტალინზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ივანიშვილის პასუხი, გოგის წამოცდენები აქვს, მაგრამ კარგი კაციაო, ამაზე პირდაპირ მიუთითებს. დავით ბერძენიშვილმაც კი აღნიშნა, ივანიშვილისთვის თოფაძე ახლობელია, ჩემთვის – არაო. სწორედ ამის გამო თოფაძეს არავინ გარიცხავდა კოალიციიდან, თუმცა მისი წასვლა გადაწყვეტილია და ეს კარგია “ოცნებისთვის”, რადგან თოფაძის და “რესპუბლიკელების” ერთ საარჩევნო სიაში ყოფნა წარმოუდგენელი იქნება,” – აღნიშნავს ცინცაძე და დასძენს, რომ ამ ეტაპზე “რესპუბლიკელებმა” დემონსტრაციულად ვერ გაიმარჯვეს, ამიტომ ამ შეურაცხყოფას არ გადაყლაპავენ, თუმცა ამ ეტაპზე ივანიშვილისაგან ორივე მხარისათვის ირიბი მინიშნებაა, რომ თუკი არ გაჩერდებით, ნავიდან გადაგყრითო და ამიტომაც იძულებულნი არიან, საჯაროდ ბრალდებები შეწყვიტონ, ან შეარბილონ მაინც.

ფორმალურად ბოდიშიც კი არ უთქვამს თოფაძეს. მან არჩევნების გამყალბებელი, მურვან ყრუ უწოდა “რესპუბლიკელებს” და მორჩა. ამიტომ ამას “რესპუბლიკელები” ვერ გადაყლაპავენ. რესპუბლიკელები ელოდნენ, რომ მათზე არაფერს იტყოდნენ, ხოლო თოფაძეს დამნაშავედ გამოაცხადებდნენ. ხოლო თუკი იმაზეა საუბარი, რომ ახლა გარჩევის დრო არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ თოფაძეს ბრალდებები ხახვივით შერჩა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. როგორც ჩანს, ასე ივანიშვილმა გადაწყვიტა. ყველამ კარგად იცის, წინასაარჩევნოდ არც “მრეწველებს” და არც “რესპუბლიკელებს” არ შეუძლიათ რამდენიმეათასიანი აუდიტორიის შეკრება, “ქართული ოცნებიდან” კიდევ ვინმეს თუ დაელაპარაკება ხალხი, ისევ ბიძინა ივანიშვილია, ამიტომ “სიზიფეს ტვირთი” ისევ ივანიშვილმა უნდა ატაროს. ყველანი ერთ ნავში სხედან, ბუნტი ამ ნავში მოხდა და მათი შერიგება გამორიცხულია. ამიტომ ივანიშვილმა ორივე მხარეს ირიბად მიანიშნა, რომ თუკი არ გაჩერდებით, ნავიდან გადაგყრითო”, – დასძენს სოსო ცინცაძე.

რეზონანსი”, 01 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ ანი მიროტაძესთან: დატოვებს თუ არა “ეროვნული ფორუმი” კოალიციას?

თიკო ოსმანოვა

“ეროვნულმა ფორუმმა,” შესაძლოა, “ქართული ოცნება” დატოვოს – მარტში პარტიის რიგგარეშე ყრილობა გაიმართება, სადაც “ფორუმის” მომავალ ბედზე იმსჯელებენ. რამდენად მზად არის პარტია 2016 წლის არჩევნებისთვის, ამ საკითხზე პარტიის საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრით იმსჯელებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამასთან, როგორც ცნობილია, პარტიის თავმჯდომარე კახა შარტავა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას უკვე დაუბრუნდა. რა გეგმები აქვს “ეროვნულ ფორუმს” და დატოვებს თუ არა კოალიციას, ამ და სხვა საკითხებზე “რეზონანსი” საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, პარტიის ერთ-ერთ ლიდერ ანი მიროტაძეს ესაუბრა. “ეროვნული ფორუმი” არჩევნებისთვის ემზადება. ახლა რაიონებში კონფერენციები მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ, ალბათ მარტში პარტიის ყრილობა გაიმართება», ამბობს ანი მიროტაძე.

- არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ ყრილობის შემდეგ პარტია კოალიციას დატოვებს?

- ამის თქმა ძალიან რთულია. არ შეიძლება ახლა საკითხის ასე დაყენება. ყრილობას იმიტომ ვიწყებთ და კონფერენციებს იმიტომ ვატარებთ, რომ გადაწყვეტილება მიიღონ პარტიის წევრებმა. ამიტომ წინასწარ რამეს თქმა ძალიან ძნელია. ვიცით, რასაკვირველია, რას ფიქრობენ, ჩვენი წევრები, მაგრამ რა გადაწყდება, ამის თქმა ძალიან რთულია.

- და რას ფიქრობენ პარტის წევრები?

- ამაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ საკითხი არ დგას ისე, რომ მაინც, დამიანც, ასე გადაწყდეს. ვმსჯელობთ, გვაქვს მოსაზრებები, მათ ვეკითხებით აზრს, ისინიც გვეკითხებიან რაღაცებს. ერთი სიტყვით, სამუშაო რეჟიმი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც უნდა იყოს, ვალდებულები ვართ, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება შევასრულოთ.

- როგორც ვიცი, პარტიის თავმჯდომარე კახა შარტავა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას უბრუნდება.

- კახა შარტავა აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში და მუშაობს პარტიაში ძალიან ინტენსიურად. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ჩვენი პარტია არის ძალიან გამართული სტრუქტურა. გვაქვს 10 რაიონული ორგანიზაცია, შესაბამისად, ამას მიხედვა უნდა, ეს კი საკმაოდ შრომატევადია.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლებთ დამოუკიდებლად არჩევნებზე წარმატების მიღწევას?

- რატომ სვამთ ამ კითხვას, ვეღარ ხედავთ ჩვენს ადგილს კოალიციაში?! ვერ გიპასუხებთ ვერაფერს. არ არის ასე. რასაკვირველია, მაქვს ჩემი მოსაზრება, მაგრამ პირველ რიგში უნდა ვკითხო პარტიის წევრებს. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ყველანი ვართ რეჟიმში, როდესაც აზრებს ერთმანეთს ვუზიარებთ, ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს.

- თავად ბატონი კახა შარტავა რას ფიქრობს, როგორც ცნობილია, როდესაც პარტია კოალიციას შეუერთდა, ის პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა.

- არ ვიცი, ჯერ მხოლოდ ჩვენ-ჩვენი აზრები გვაქვს. აქ საუბარი არ არის კოალიციის დატოვება – არდატოვებაზე. ჩვენ ვისმენთ ახლა პარტიის წევრების აზრს, როგორ წარმოუდგენიათ პარტიის საქმიანობა, რა გამოწვევებია ქვეყანაში, რა რესურსი გვაქვს, რომ ამას ვუპასუხოთ. ჩვენ ვუსმენთ ჩვენი პარტიის წევრებს, რომლებსაც აქვთ უფლება, რომ მიიღონ აქტიური მონაწილეობა “ეროვნული ფორუმის” საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღებაში. დიდი ორგანიზაციაა და ყველას თავისი აზრი აქვს.

- კოალიციაში თუ იციან ამის შესახებ?

- ჯერ საკითხი ასე არ დგას. კონფერენციაზე ვმსჯელობთ, როგორ წარმოუდგენიათ პარტიის მომავალი. საკითხი, რაც ამ დროისთვის ყველაზე მეტად გვაინტერესებს, არის ის, რომ ვიცოდეთ რას ფიქრობენ პარტიის საქმიანობის შესახებ მისი წევრები. მე პირადად ვაბარებ ხოლმე ანგარიშს მათ, რა გავაკეთეთ და რა ვერა. მათ აქვთ უფლება მოითხოვონ შედეგი, როგორ ვმუშაობთ. მე პირადად ძალიან ბევრგან ვიყავი, როგორც თბილისში, ისე რაიონებში და ძალიან დიდი დრო ეთმობა ამ საკითხებს.

- გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხის წამოწევა კოალიციაში არსებულ განხეთქილებას უკავშირდება, რომელიც კვოტების გადანაწილებამ გამოიწვია…

- კვოტების თემა ამ დრომდე არ დასმულა. ჩვენ კი კონფერენციებს უკვე დიდი ხანია, რაც ვატარებთ. არ უკავშირდება არცერთ შემთხვევაში. როდესაც მე თქვენ გეუბნებით, რომ ვემზადებით რიგგარეშე ყრილობისთვის და ვატარებთ კონფერენციებს, ეს ორ დღეში არ ტარდება. “ეროვნულ ფორუმს” ბევრ რაიონში აქვს ორგანიზაცია, შესაბამისად, ამას გარკვეული დრო სჭირდება. ამიტომ “ოცნება” არაფერ შუაშია, იმიტომ, რომ ბევრად უფრო ადრე მივიღეთ გადაწყვეტილება ჩაგვეტარებინა კონფერენციები, აგვერჩია დელეგატები, გვესაუბრა მათთან გამოწვევებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია.

ვფიქრობ, პარტიაში როცაა ადამიანი, მან უნდა იცოდეს, რას ფიქრობენ პარტიის ლიდერები და საბჭოს წევრები. სხვათა შორის, ძალიან ბევრ კითხვაზე მოგვიხდა პასუხის გაცემა, ასე რომ, ძალიან საჭირო იყო კონფერენციები. გაიმართება ყრილობა, სადაც წარმოდგენილები იქნებიან ამ კონფერენციის შედეგად არჩეული დელეგატები და ვიმსჯელებთ, როგორ მიდის პარტია და რამდენად მზად არის 2016 წლის არჩევნებისთვის.

„ახალი თაობა“, 01 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ მიხეილ მაჭავარიანთან: სანდრა რულოვსი „ნაციონალების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება? „წერენ, რომ სიაში, ალბათ, გიორგი ქადაგიძეც მოხვდებაო, მაგრამ ყველაფერი ჭორებია“

ვინ იქნება ნაციონალების საარჩევნო სიის პირველი ნომერი, რა ინფორმაციები გამოდის პარტიის ოფისიდან, ვისთან მიდის მოლაპარაკებები? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი ესაუბრება.

- წინა კვირას „ახალ თაობასთან“ საუბარში განაცხადეთ, რომ „ნაციონალების“ საარჩევნო სია სერიოზულად განახლდებოდა. გუშინ, 29 თებერვალს, ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობის“ სიის პირველი ნომერი სანდრა რულოვსი იქნება. მართალია ეს ინფორმაცია?

- რა მართალი, რა ნუმერაცია? საარჩევნო სიის პრინციპებიც კი არ გაგვივლია, რომ ამაზე პოლიტსაბჭოს სხდომა ჩავატაროთ. მხოლოდ ის ვიცით, რომ სიაში ახალი სახეები გვეყოლება. მათთან მოლაპარაკებებიც არ არის ამ ეტაპზე დასრულებული. ყველაზე რთული ნუმერაციის განსაზღვრაა და ის ბოლო დღეების ამბავია. ეს ყველაფერი პარტიის ყრილობაზე უნდა გამოაცხადო. ჩვენ შესაძლოა დავასახელოთ ის ხალხი, ვისთანაც წარმატებით დავასრულებთ მოლაპარაკებებს, მაგრამ მეეჭვება, სექტემბრამდე გახდეს ცნობილი, ვინ რომელი ნომერი იქნება. ახლა რომ მკითხოთ, რომელი ნომერი იქნებიო, აზრზე არა ვარ და რა გიპასუხოთ.

- კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება და რაკი ეს ინფორმაცია გავრცელდა, ალბათ მიდის ამ თემაზე საუბარი…

- პარტიაში საუბარი ათას რამეზე მიდის. ვიღაცამ შესაძლოა ჩვენი ოფისის სხვადასხვა კაბინეტებში ნაჭორავებიდან ანალიზი გააკეთა და ეს ყველაფერი ინგა გრიგოლიას მოუყვა. მანაც გამოაცხადა ეს ინფორმაცია და ატყდა სოციალურ ქსელებში ერთი ამბავი. ძალიან გვიხარია რომ ჩვენს ამბავს ამხელა ინტერესი მოჰყვა – წერენ, რომ სიაში იქნებიან ადვოკატი ოთო კახიძე, სამართალმცოდნე ზაზა ბიბილაშვილი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და პარტიიის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი. სავარაუდოდ, სიაში იქნება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

- კაბინეტებში ნაჭორავებიდან გააკეთეს ანალიზიო და გამოდის, რომ ამაზე მიდიოდა საუბარი?

- სიის ნუმერაციაზე საუბარი არ ყოფილა. საარჩევნო სიის განახლება რომ მოხდებოდა, ამაზე მიშა სააკაშვილმაც თქვა და მეც ვისაუბრე „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მთელი აქცენტი რატომღაც სიის პირველ ნომერზე კეთდება, მაგრამ უფრო უკეთესი უნდა იყოს სიის მეხუთე ნომრობა.

- რითია გამორჩეული #5, ვინმე თქვენი საყვარელი ფეხბურთელი თამაშობდა ამ ნომრით?

- არა, კაცო, ნაციონალების ნომერია 5. ჰოდა, ძალიან მაგარი იქნება, მეხუთეში იყო მეხუთე.

- სადარდებელი მოგმატებიათ, სხვები მთელ ძალისხმევას პირველი ნომრის შერჩევაზე ხარჯავენ. თქვენთან მეხუთე ნომერიც საგანგებოდ ყოფილა შესარჩევი.

- ამაზე არ ინერვიულოთ, მართლაც საგანგებოდ შევარჩევთ. სიაში სულ კარგი ხალხი გვეყოლება.

- პიროვნებებთან მოლაპარაკებები ახსენეთ, ნიკა მელია და გიორგი ქადაგიძე იქნებიან სიაში?

- რა ნომერი იქნება, არ ვიცი, მაგრამ ნიკა მელია აუცილებლად მოხვდება ჩვენს სიაში. რაც შეეხება გიორგი ქადაგიძეს, მას საბოლოო პასუხი არ მოუცია. ძალიან გამეხარდება, თუ ის ჩვენთან მოხვდება. საბოლოო პასუხი არც სანდრა რულოვსისგან ვიცით. ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ არაფერი არ არის ცნობილი.

- ისიც ითქვა, რომ მან შესაძლოა ზუგდიდში იყაროს მაჟორიტარად კენჭი. არც მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევა მიდის?

- არც ამაზე ვიცი რამე. შესაძლოა, ვიღაცასთან მიდიოდა საუბარი, მაგრამ ჩემამდე არაფერს მოუღწევია.

- წინა ინტერვიუში ცოცხალი თავით არ გვითხარით, ვისთან აწარმოებთ მოლაპარაკებას. ის მაინც გვითხარით, მათი გვარების გაჟღერება ამხელა რეზონანსს თუ გამოიწვევს?

- მათი გამოჩენა აუცილებლად გამოიწვევს რეზონანსს. ეს ხალხი თავის საქმეში ძალიან მაგარია, მაგრამ პოლიტიკაში არ არის ნამყოფი.

- არც სისხლიანი 9 წლით იქნებიან დაღდასმულები?

- ვაკონკრეტებ, საუბარია პოლიტიკაში არმყოფ, მაგრამ თავის საქმეში ძალიან მაგარ ხალხზე.

- მეოცნებეების მსგავსად თქვენც მოჭიდავეების და ფეხბურთელების მოყვანას ხომ არ აპირებთ? მაგათი ნაწილი თავის საქმეში ძალიან მაგარია…

- მოჭიდავე ერთი გვყავს, ზაზა კედელაშვილი და მეტი არ გვინდა. არადა კარგი ბიჭია, კუნთებზე არ იყურება. ფეხბურთელებს რაც შეეხება, მეც კარგად ვახერხებ ამას და ვეტერანებსაც კარგად ვეთამაშები ხოლმე. ამ სფეროს წარმომადგენლებსაც ვესაუბრებით და გადაჭრით უარს არ ვამბობ, მაგრამ მთავარი ჩვენი აღმოჩენა და შემოთავაზება ეს სფეროები არ იქნება. მთავარი აქცენტი იურისტებსა და ეკონომისტებზე გაკეთდება. ვესაუბრებით ისეთ ხალხსაც, რომლებმაც თავიანთ სფეროში წარმატებებს მიაღწიეს და საპარლამენტო უმრავლესობას გამოადგებიან.

- რომელ საპარლამენტო უმრავლესობას?

- ჩვენსას. ეჭვიც არ მეპარება, რომ მომავალ პარლამენტში ჩვენ ვიქნებით უმრავლესობა.

- ეჭვი რატომ არ გეპარებათ, რაიმე იცით?

- შექმნილ ვითარებას ვგრძნობ და თანაც არჩევნები არ არის ოლიმპიადა, სადაც მთავარია მონაწილეობა და არა – გამარჯვება.

- ყველა პარტია გასამარჯვებლად იღებს არჩევნებში მონაწილეობას…

- ჩვენ ყველა არა ვართ, ჩვენ ვართ ნაციონალური მოძრაობა. ამიტომაც ვამბობთ, რომ ან ვიგებთ არჩევნებს, ან…. არა, არავითარ ან არ არის, მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ. სხვა გზა უბრალოდ არა გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მთავრობა შეიცვალა, ეკონომიკური ზრდა არის 0,8%.

- მხოლოდ პრემიერი შეიცვალა, თანაც or თვეში რა უნდა მოესწროთ…

- ბევრი რამე, საჭირო იყო მონდომება.

- ხელისუფლებაში რომ მოხვედით, ასე მალე შეცვალეთ სიტუაცია?

- კიიიი. ზუსტად 2 თვეში შევცვალეთ. იანვარში ხომ მოვედით. მარტში უკვე იმდენი შემოსავლები გვქონდა, რომ გაყინული პენსიების 4 თვე დავარიგეთ.

- ეს პენსიები ხომ ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის წართმეული ფულით დაარიგეთ? აღარ გახსოვთ, როგორ აფორმებინებდით პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებებს?

- მე არავის არაფერს ვაფორმებინებდი. ამას ირაკლი ოქრუაშვილი აკეთებდა. ახლა ის ყველა საქმეში მთავარ მოწმედ ჰყავთ და გამოდის, რომ სულ მართალი ყოფილა. პროკურატურასთან გაფორმებული გარიგებებით არ დაგვირიგებია პენსიები, ეს იმის დამსახურება იყო, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლიდან ძალიან მალე საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა. წელს იცით, რა მოხდა? წინა წლის ამ პერიოდთან შედარებით გაცილებით ნაკლებია შემოსავალი. ეს ნიშნავს, რომ საგადასახადო შემოსავლების კუთხითაც პრობლემებია. ეკონომიკას არ ჩავუღრმავდები და მკითხველს ტვინს არ გავუბურღავ, თორემ საოცრებები ხდება. 1 სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი გაზრდილია მინიმალურად და მხოლოდ იმიტომ, რომ წინა წელს იყო დათვლილი 4.500.000 ადამიანზე, წელს დათვლილია 3.700.000-ზე.

- ეს რანაირად?

- 800.000 მოაკლდა და ასეთ პირობებშიც კი მშპ მინიმალურად არის გაზრდილი. რეალურად შემცირდა.

- 800.000 ადამიანი მოაკლდაო და სად წავიდა ეს ხალხი?

- სად წავიდა, არ ვიცი. საქსტატი ამბობს, აღწერის დროს დავთვალეთ და ასე გამოვიდაო. ასე რომ, უბრალოდ ვალდებული ვართ, არჩევნები მოვიგოთ.

„ახალი თაობა“, 01 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ გელა ნიკოლაიშვილთან: „კოალიციის პარტიებს ცალ-ცალკე შანსი არ აქვთ.. არჩევანი ისევ ცუდსა და უარესს შორის უნდა გავაკეთოთ“

ქვეყანაში განვითარებულ ბოლო პერიოდის პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი აფასებს. იურისტს გადაჭარბებულად მიაჩნია განცხადებები იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა. „ბოლო სტატისტიკას მე არ ვიცნობ, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე, ვერ ვატყობ, რომ დანაშაულმა იმატა. ეს უფრო, როგორც ბოლო პერიოდის ტრადიციად იქცა, ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია“, – ამბობს გელა ნიკოლაიშვილი.

- არ არის ამ მხრივ მძიმე ვითარება?

- კრიმინალი ყოველდღე ხდება, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი მატება ან კლება ყოფილიყოს, მე ამის თქმა არ შემიძლია. როგორც ჩანს, პეტრიაშვილზე განხორციელებულმა ფაქტმა გამოიწვია ამხელა აჟიოტაჟი. ეს პოლიტიკოსების ბუნებაა, რომ ყველა ასეთი შემთხვევა გამოიყენონ კონკრეტული მიზნებისთვის.

- ხედავთ ამაში პოლიტიკურ მოტივს?

- პირადად მე ვერა და ვერც ეს პოლიტიკოსები ასახელებენ, რომ აქ რაღაცა პოლიტიკური მოტივი იყო. ძირითადად პირადულ მოტივებზე გადააქვთ აქცენტი. თუმცა ცნობადი სახის მიმართ ჩადენილი ასეთი დანაშაული, დღისით, მზისით, ბუნებრივადაც იწვევს ამ აჟიოტაჟს.

- შეძლებენ დროულ გამოძიებას?

- თუ არ მოხდა ამ საქმის დროული გამოძიება, აჟიოტაჟი კიდევ გაგრძელდება და ეს იქნება კარგი საკვები იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს წარმოაჩინოს, რომ კრიმინოგენური სიტუაცია გაზრდილია და ხელისუფლება ვერ ხსნის დანაშაულს.

- ოპენენტები იმაზეც საუბრობენ, რომ დანაშაულის წახალისება ხდება. ასეა?

- ცნობილი მოდელი შექმნეს, მოდელირებული რეალობა, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის ქურდებთან შეკრული და კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული. ამ მიმართულებით ნაციონალებს საკვები მიეცემათ.

- რამდენად არის იმის საფრთხე, რომ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო დაიძაბოს ვითარება?

- ზოგადად ეს რომ აწყობს ნაციონალებს, ფაქტია. ეს საკითხი მეშახტეების გაფიცვის დროსაც გამოიკვეთა.

- რა გამოიკვეთა?

- მათთვის კონსტრუქციული პოზიცია არავის შეუთავაზებია, თავად ნაციონალები კი ამბობენ, რომ ხელისუფლება ვერ იცავს ვერც მესაკუთრის ინტერესებს და ვერც _ დასაქმებულის. როდესაც გაფიცულები შეიჭრნენ და დააზიანეს კერძო ქონება, ერთი მხარის სასარგებლოდ რომ დაეფიქსირებინათ პოზიცია, მეორე მხარისთვის უნდა ეწყენინებინათ. ამიტომ ასე გამოუვიდათ: მესაკუთრეც მართალია, დასაქმებულიც მართალია და ყველაზე მტყუანი არის ხელისუფლება.

- რა როლი აქვს ამ ყველაფერში ხელისუფლებას?

- ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როდესაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არის დავა და აქ ხელისუფლებას ყველაზე ნაკლებად აქვს ჩარევის უფლება.

- რამდენად არის ეს აქცია მართული?

- მე ვერ ვიტყვი, რომ ყველა მოვლენის და პროტესტის უკან ნაციონალური მოძრაობა დგას, მაგრამ ისინი ყველა მსგავს ფაქტს და მოვლენას ხელს შეუწყობენ და შეეცდებიან, თავის სასარგებლოდ გამოიყენონ.

- დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც უკმაყოფილოა ხელისუფლების საქმიანობით. ითქვა ისიც, რომ არ არის გამორიცხული, ამომრჩევლის ეს კატეგორია მართული გახდეს. თქვენ თუ ხედავთ ამის საფრთხეს?

- ეს სავსებით რეალურია. როდესაც სოციალური უკმაყოფილებაა და სოციალურ მოტივებზე დაიწყო გამოსვლები, რაც ქართული რეალობისთვის არ იყო დამახასიათებელი, ვინც უფრო მემარცხენე ლოზუნგებს გადმოაფრქვევს და იტყვის, რომ წავართვათ მდიდრებს და მივცეთ ღარიბებს, ის მოიპოვებს პოპულარობას.

- ამ პროცესმა რამდენად სახიფათო და უმართავი სახე შეიძლება მიიღოს?

- ამის გაძლიერებასაც და გამოყენებასაც ხელს შეუწყობენ არა მხოლოდ ნაციონალები, არამედ მემარცხენული ორიენტაციის პარტიები, თუნდაც ლეიბორისტები, ეს ლოზუნგები ხომ მათია. აქედან გამომდინარე, ამ ტალღის გაძლიერებას და წახალისებას უნდა ველოდოთ არჩევნებამდე.

- რამდენად შეიძლება გამწვავდეს წინასაარჩევნოდ ვითარება, როდესაც ხელისუფლება არაპოპულარულია საზოგადოებაში? მოიაზრება ისეთი ძალა, ვინც ხელისუფლებას ჩაანაცვლებს?

- მართალია, ხელისუფლება არაპოპულარულია, მაგრამ დღეს ხელისუფლებაზე პოპულარული ძალა არ არსებობს. გვყავს არაპოპულარული ხელისუფლება და უფრო არაპოპულარული ოპოზიცია. როგორც ჩანს, მივიღებთ ჭრელ პარლამენტს, სადაც უმრავლესობა მაჟორიტარების ხარჯზე ეყოლება ისევ „ქართულ ოცნებას“.

- ანუ არჩევანი უნდა გავაკეთოთ ცუდსა და უარესს შორის?

- სამწუხაროდ, ეს ჩვენ დაგვებედა, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია რეალობა, არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. უფრო ხშირად უარესს ირჩევენ ხოლმე და იმედია, ახლა მაინც არ მოხდება ასე. შესაძლოა, რაღაცეები გამოიკვეთოს, ახალი გადალაგება და ახალი კონფიგურაცია პოლიტიკურ ველზე და ეს გადაჯგუფებები იქნება საინტერესო.

- გადაჯგუფებას რომელ ძალებში გულისხმობთ?

- ის ძალები, რომლებიც კოალიციის მიღმა დარჩებიან, შეეცდებიან, დაჯგუფდნენ და გაძლიერდნენ. ცალ-ცალკე მათ შანსი არ აქვთ.

- არც კოალიციაშია დალაგებული სიტუაცია. ვხედავთ, როგორი დაპირიისპირებაა შიგნით. ეს მათ არ აზარალებს? რა ფორმით მივლენ არჩევნებამდე?

- ყველა შეეცდება, დარჩეს კოალიციაში, იმიტომ, რომ ცალკე გასვლის შემთხვევაში, მაქსიმუმ იბრძოლონ ზღვარის გადასალახავად და ეს არაფერს ნიშნავს.

- საუბარია, რომ ნაციონალები დაძაბავენ სიტუაციას, თუნდაც იგივე კრიმინოგენური თვალსაზრისით. ხედავთ ამის საფრთხეს?

- ნაციონალებს თავისი 10%-იანი მხრადაჭერა სტაბილურად აქვთ. ეს მხარდაჭერა მასობრივი არეულობის მოსაწყობად არასაკმარისია, თუმცა ლოკალური, ადგილობრივი კრიზისების შესაქმნელად საკმარისია. მითუმეტეს იმ კრიმინალური ელემენტების გარეთ ყოფნის ფონზე, რომლებსაც მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდათ თავის დროზე ნაციონალებთან. ფართო არეულობას არ ველოდები ქვეყნის მაშტაბით, თუმცა პატარ-პატარა კრიზისები სავსებით რეალურია. წინასაარჩევნო პერიოდია და ეს თავისთავად დაძაბული პერიოდია.

„ახალი თაობა“, 01 მარტი, 2016 წელი

ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: „ალექსი პეტრიაშვილმა თავდამსხმელები ვერ იცნო… ეს შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა იყო”

თავისუფალი დემოკრატები ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრთან და შს მინისტრთან ითხოვენ შეხვედრას. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე „ახალ თაობასთან: ინტერვიუში ამ მოთხოვნის მიზეზებს განმარტავს.

„ჩვენთვის ახლა მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელდეს ალექსი პეტრიაშვილი. მისი მდგომარეობა დამძიმდა და მეორე ოპერაცია დასჭირდა. ექიმები გვეუბნებიან, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ის მაინც რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში”, – ამბობს ზურაბ აბაშიძე.

- თუ მოხდა მისი დაკითხვა?

- არა, ალექსი არ არის დაკითხული. რამდენიმე ადამიანი უკვე დაიკითხა, რაც შეეხება ალექსის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა, რთული მდგომარეობაა. ერთი ტყვია ისევ რჩება სხეულში, ვინაიდან არის საშიშროება, რომ უარესი შედეგები მოჰყვეს მის ამოღებას. როგორც ექიმებმა გვითხრეს, პერიტონიტი განვითარდა და ამიტომ გახდა საჭირო მეორე ოპერაცია. ალექსისთვის მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო ჭრილობებია, უბრალოდ, ის გადარჩა.

- თანაგუნდელები მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვთ. მკვლელობის მცდელობის მუხლით უნდა აღძრულიყო საქმე?

- დიახ, ჩვენ ვითხოვთ, მოხდეს გადაკვალიფიცირება. ეს არ იყო უბრალოდ დაშინება და ა.შ. ადამიანი გაიმეტეს სასიკვდილოდ, მას 5 ტყვია ესროლეს და სასიკვდილოდ დაჭრეს, უბრალოდ ალექსი, მადლობა ღმერთს, გადარჩა. ამიტომ სხეულის განზრახ დაზიანების მუხლი აქ არაფერ შუაშია. როგორც ჩანს, გამოძიება სტანდარტულად მოქმედებს.

- არ ხართ გამოძიებით კმაყოფილი?

- როგორ უნდა ვიყოთ.

- თუმცა, საგამოძიებო ორგანოები აცხადებენ, რომ ინტენსიური ძიება მიმდინარეობს…

- ჩვენ ველოდებით ამ ინტენსიური ძიების შედეგებს. დღისით, მზისით, შუა ქალაქში დანაშაული არ უნდა ხდებოდეს, ეს არის აქ მთავარი. რაც უნდა ილაპარაკონ უმრავლესობის წევრებმა და რა განცხადებებიც უნდა გააკეთონ, მთავარი არის ის, რომ ჩვენს ქალაქში კრიმინალი მოხდა, შეიარაღებული ადამიანები ერთი ადგილიდან მეორეზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და დანაშაულიც ჩაიდინეს. ამაზე უნდა გაგვცენ ხელისუფლების წარმომადგენლებმა პასუხი და არა ის, რომ თურმე ეს ყოფილა პირადი მოტივით ჩადენილი დანაშაული.

- თქვენმა პარტიის ლიდერმა ამაზრზენი უწოდა ამ განცხადებებს…

- დიახ, რადგან სწორედაც ამაზრზენი მოსასმენი იყო ეს განცხადებები მათი მხრიდან. ეს იყო არაადეკვატური შეფასებები, მით უფრო, პირველივე წუთებში, როდესაც გაიგეს, რომ მოხდა საშინელი ფაქტი, მათ კოლეგას ტყვიით გაუსწორდნენ შუა ქალაქში. არავინ არაფერი იცის, გამოძიების შედეგად არ არის არაფერი დადგენილი, მოვლენებს გაუსწრეს და შეფასებებიც ასე მარტივად გააკეთეს, რომ თურმე პირადული ყოფილა ყველაფერი.

ცხოვრება პირადი ურთიერთობებია და სხვა არაფერი, მაგრამ როდესაც ერთი ადამიანი მეორეს იარაღს ესვრის, მოსაკლავად გაიმეტებს, აქ პირადული მთავრდება და იწყება კრიმინალი. სად არის ამ დროს სახელმწიფო?! ამ კითხვაზე უნდა გაგვცეს ხელისუფლებამ პასუხი და ამაზე უნდა საუბრობდნენ და არა იმაზე, რაზეც, მათდა სამარცხვინოდ, ისაუბრეს.

- ადეკვატურობას უწუნებთ?

- ცხადია. ღმერთმა დაიფაროს, რომ პრემიერიც ასე საუბრობდეს, მაშინ განგაშის ზარების რეკვა დაგვჭირდებოდა. ამ ფონზე მოქალაქეების დაცულობაზე ალბათ საუბარი ზედმეტია, რაც არავის გვახარებს, პირიქით, ძალიან გვაშფოთებს.

- თავისუფალი დემოკრატები პრემიერთან და შს მინისტრთან შეხვედრას რატომ ითხოვთ?

- ამ ფაქტიდან უკვე რამდენიმე დღე გავიდა, საქმის გამოძიება ცხელ კვალზე არ მოხდა. გვაინტერესებს, რა საგამოძიებო ღონისძიებები გატარდა, რა პერსპექტივა აქვს დამნაშავეების დაკავებას, ვინ არის ამ დანაშაულის შემკვეთი. ეს დანაშაული არის შეკვეთილი, რადგან, როგორც ალექსიმ გვითხრა, მან ვერ იცნო თავდამსხმელები, ერთს კი ეკეთა ნიღაბი, მაგრამ მეორე უნიღბოდ იყო. ეს ადამიანები იყვნენ ამ დანაშაულის შემსრულებლები.

- შეგხვდებათ პრემიერი?

- არშეხვედრის მიზეზი რა უნდა იყოს, მოუცლელობა? არა მგონია. რა თქმა უნდა, მათ ალბათ ურჩევნიათ, რომ ეს შეხვედრა მოხდეს იმ დროს, როდესაც კონკრეტული რაღაც ექნებათ ხელთ, ანუ გარკვეული შედეგი ექნებათ.

- ცხელ კვალზე რატომ ვერ მოხდა საქმის გახსნა?

- აი, ამ კითხვაზე გვაინტერესებს პასუხი. ეს კითხვა საგამოძიებო ორგანოებს უნდა დაუსვათ, ჩვენც გვაინტერესებს ამაზე პასუხი. ყოველ საათსა და დღეს აქვს მნიშვნელობა. ჩვენ მოლოდინში ვართ, რომ ვინც ეს ამაზრზენი დანაშაული ჩაიდინა, დაკავებულები იქნებიან და ასევე გაირკვევა დამკვეთის ვინაობა. ჩვენ ვარაუდებით არ ვსაუბრობთ, ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს, ვარაუდებით ხელისუფლება გვესაუბრება. პირდაპირ გეტყვით, რაც დღე გადის, ხელისუფლების მდგომარეობა მძიმდება ამ საქმესთან დაკავშირებით. ასევე ამ მდგომარეობას ამძიმებს ის განცხადებები, რომელთაც ისინი ზევიდან ამ ვითარებას ამატებენ.

რეზონანსი”, 01 მარტი, 2016 წელი

არის თუ არა ბიუჯეტში საკმარისი ფული?

პრობლემები აშკარაა, თუმცა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ბიუჯეტს საფრთხე არ ემუქრება

მაკა ხარაზიშვილი

უკვე მეორე თვეა ბიუჯეტის შემოსულობები მკვეთრად ჩამორჩება გადასახდელებს. აშკარაა, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში პრობლემებია, თუმცა ფინანსთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ქვეყანაში ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ შეექმნება.

26 თებერვლის მონაცემებით, ბიუჯეტის შემოსულობები კვარტლის გეგმის მხოლოდ 51%-ია, ხოლო გადასახდელები 58%. ამ ფაქტის ასახსნელად, ფინანსთა სამინისტროში საკუთარი არგუმენტები აქვთ – პირველ კვარტალში შიდა ვალი აღარ გაიზრდება და დეფიციტის დაფინანსება ხაზინის ნაშთიდან მოხდება, რომელიც 2015 წლიდან საკმაოდ სოლიდური მოცულობით გადმოჰყვა ხაზინას.

არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, საზოგადოებაში ხშირად ჩნდება მოსაზრება, რომ შეიძლება ბიუჯეტში ფული აღარ შევიდეს და მიმდინარე ვალდებულებების (პენსიები, სოციალური დახმარებები, ხელფასები) დაფინანსება საფრთხის ქვეშ დადგეს. ამ შიშს კიდევ უფრო ამძაფრებს ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული მონაცემები, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ განსაკუთრებით თებერვალში შემოსულობები ბევრად ნაკლებია, ვიდრე გადასახდელები. 26 თებერვლის მდგომარეობით, ქვეყნის მთავარ ხაზინაში 1,116 მილიარდი ლარი შევიდა, ხოლო 1,380 მილიარდი ლარი დაიხარჯა, ანუ 264 მილიონი ლარით მეტი.

ჯერჯერობით ფინანსთა სამინისტროს თებერვლის ბიუჯეტის შესრულების საბოლოო მონაცემები არ გამოუქვეყნებია. იანვარში კი მდგომარეობა ასეთია: ხაზინაში 627,367 მილიონი ლარი შევიდა, კვარტლის გეგმის 29,2%, ხოლო 675,940 მილიონი ლარი დაიხრჯა (28,4%). აქედან, შემოსავლები 578,491 მილიონი ლარია (29,1%), გადასახადები – 558,063 მილიონი ლარი (29,9%).

ბიუჯეტის მონაცემებში კიდევ ერთი უცნაურობა გამოჩნდა, ერთ თვეში საშემოსავლო გადასახადიდან ბიუჯეტში მხოლოდ 22 მილიონი ლარი შევიდა, ანუ გეგმის 5%. შედარებისთვის, შარშან იანვარში საშემოსავლო გადასახადიდან ბიუჯეტმა – 127,441 მილიონი ლარი (27,2%) მიიღო, ხოლო 2014 წელს – 116,694 მილიონი ლარი (27,9).

საყურადღებოა კიდევ ერთი დეტალი, იანვარში დამატებული ღირებულების გადასახადიდან – 241,609 მილიონი ლარი შემოვიდა (27,15). ესეც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, შარშან იანვარში დღგ-დან ბიუჯეტმა 322,639 მილიონი ლარი (40,3%) მიიღო, 2014 წელს – 314,181 მილიონი ლარი (41,1%).

ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ იანვარში საშემოსავლო და დღგ-ს კუთხით უფრო მეტი თანხაა შემოსული, თუმცა ერთიანი სახაზინო კოდის რეფორმის განხორციელების შედეგად ამ გადასახადების დეკლარირება მოხდა 15 თებერვალს.

“ერთიანი სახაზინო კოდის რეფორმა გულისხმობს არა მხოლოდ ყველა გადასახადის სახაზინო კოდის ტექნიკურად ერთ კოდში გაერთიანებას, არამედ მთავარი გახლავთ მისი შინაარსობრივი დატვირთვა, კერძოდ: ყველა თანხა, რომელიც ჩარიცხულია ბიუჯეტში გადასახადის ერთიან კოდზე (გადასახადის სახით) ნაწილდება გადასახადის სახეების (საშემოსავლო, მოგება, დღგ და სხვა) მიხედვით გადასახადის გადამხდელების მიერ წარდგენილი დეკლარაციის შესაბამისად. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადის გადახდის დეკლარირების ვალდებულება პირს გააჩნია შემდეგი თვის (იანვრის საშემოსავლო დეკლარირდება თებერვალში) 15 რიცხვის ჩათვლით, მის მიერ იანვარში გადახდილი საშემოსავლო გადასახადი გადანაწილდება კონკრეტული სახეების მიხედვით დეკლარირების შემდეგ (15 რიცხვის შემდეგ). მანამდე ეს თანხები აღრიცხულია სხვა საგადასახადო შემოსავლების კატეგორიაში”, – განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში და დასძინეს, რომ მომავალი წლის იანვარში უკვე ეს ყველაფერი დალაგდება.

რაც შეეხება აქციზიდან შემოსავლებს. სიგარეტზე აქციზის გაძვირებამ ბიუჯეტისთვის ამჯერადაც გაამართლა, იანვარში ყველაზე წარმატებულად ამ გადასახადის გეგმა სრულდება. აქციზიდან ხაზინამ 100,902 მილიონი ლარის (47%) მობილიზება მოახერხა.

ტრადიციულად გარღვევაა საგარეო ვალდებულებებში. იანვარში დონორებმა 25 მილიონი ლარი გადმორიცხეს (18,9%). თუმცა ამ კუთხით მთავრობაში ობიექტური გასამართლებელი არგუმენტი აქვთ, იანვარი პროექტების განსახორციელებლად პასიური პერიოდია და ამ კუთხით აქტიურობა თებერვალსა და მარტში იწყება. რამდენად გამართლდება მთავრობის არგუმენტები, ამას ბიუჯეტის პირველი კვარტალის შესრულება აჩვენებს. თუმცა, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ამ დროისთვის, 62 მილიონი ლარის საგარეო ვალდებულებებია ათვისებული, რაც 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 83,7%-ით აღემატება და კვარტლის გეგმის 63,8%-ს შეადგენს.

ჯერჯერობით, ასევე სერიოზული ჩამორჩენაა გრანტებში – 3,134 მილიონი ლარი (5,6%).

ფინანსთა სამინისტროში კი აღნიშნავენ, რომ 2016 წლის 2 თვის წინასწარი მონაცემებით, ბიუჯეტის სამივე კატეგორია (შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება) შესაბამისობაშია პირველი კვარტალის გეგმით განსაზღვრულ მონაცემებთან და ბიუჯეტის შესრულების პრობლემები არ იკვეთება.

“რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შესრულებას, 2 თვის წინასწარი მონაცემებით, საგადასახადო შემოსავლები 7,1%-ით აღემატება 2015 წლის 2 თვის შესაბამის მონაცემებს. 2015 წლის 2 თვეში კი, 2014 წლის 2 თვესთან შედარებით, მატება 6,5% იყო. შესაბამისად, წელს საგადასახადო შემოსავლებში უფრო შესამჩნევი ზრდა გვაქვს. იანვარ-თებერვალში ამ მხრივ შემოსულია პირველი კვარტალის გეგმის 58,2% (2015 წელს ეს მაჩვენებელი 57,1%-ს შეადგენდა)”, – განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.

აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი, 1-ლი იანვრიდან 26 თებერვლამდე ხაზინის ნაშთი 622 მილიონი ლარიდან 357 მილიონ ლარამდე შემცირდა, ანუ 265 მილიონი ლარით. ეს ნიშნავს, რომ სწორედ ნაშთიდან მოხდა დეფიციტის დაფინანსება. სამინისტროში დაადასტურეს, რომ მათ შიდა ვალის გაზრდაზე უარი თქვეს და დეფიციტი ნაშთით გადაფარეს. “2016 წლის 2 თვეში აღებული გვაქვს 232 მილიონი ლარით ნაკლები საშინაო ვალი, ვიდრე 2015 წელს, თუმცა ეს პარამეტრიც შესაბამისობაშია კვარტალური გეგმებით განსაზღვრულ მონაცემებთან”, – განაცხადეს სამინისტროში.

ჯერჯერობით ბიუჯეტი პირველ კვარტალს 2015 წლიდან გადმოყოლილი ნაშთით გავ იოლად, შემდეგ კვარტლებში კი საკმარისი იქნება თუ არა დაგეგმილი ვალი და ეკონომიკური ზრდის ტემპი ბიუჯეტის შესასრულებლად, ძალიან მალე ვნახავთ.

რეზონანსი”, 01 მარტი, 2016 წელი

ლარმა გიორგი ქადაგიძის წასვლა იგრძნო!

როგორი წონასწორობის კურსი გვექნება, რთული სათქმელია, თუმცა უკვე ჩანს, რომ ეროვნული ვალუტა აუცილებლად გამყარდება

ელზა წიკლაური

გაუფასურებული ლარი, პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებული საბანკო სექტორი, ხშირად მოთხოვნის არარსებობის მიუხედავად ბაზრისთვის ლარის დიდი ოდენობით მიწოდება, გადაწყვეტილების პოლიტიკური შეხედულების მიხედვით მიღება – ეკონომისტების შეფასებით სწორედ ასეთი იყო ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მმართველობის ბოლო 3 წელი. ქადაგიძე წავიდა, რა ელის ლარს და რა შეიცვლება ფინანსურ ბაზარზე? კონკრეტული პასუხის გაცემა სპეციალისტებს უჭირთ. ერთადერთი, რაზეც ყველა თანხმდება ისაა, რომ ეროვნული ვალუტა აღარ გაუფასურდება და გამყარებისკენ წავა.

ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 25 თებერვალს ამოეწურა. მას შემდეგ ლარი ნელ-ნელა მყარდება. “ბლუმბერგის” პლატფორმაზე გუშინ საღამოს კურსი 2,46-ის ნიშნულზე დაფიქსირდა მაშინ, როდესაც მანამდე დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი 2,50-ის ფარგლებში მერყეობდა. ლარის ასეთ გაფასურებას სპეციალისტების ერთი ნაწილი სწორედ ქადაგიძის ფაქტორს უკავშირებდა.

ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე თვლის, რომ სებ-ის პრეზიდენტი იყო ადამიანი, რომელიც კომერციულ სტრუქტურებთან გარიგებაში შევიდა და ამიტომ მან ყველა კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს.

“საქართველოში მაკროეკონომიკური პარამეტრები არ იყო ისეთი, რომ ლარი 46%-ით გაუფასურებულიყო. მაგრამ კურსი დაეცა და ეს ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა. ქადაგიძე არის ადამიანი, რომელიც კომერციულ სტრუქტურებთან იყო გარიგებული. მის მიმართ არსებობს შეკითხვები, რომელიც უნდა დაუსვან და მან პასუხი გასცეს. 20-40 მილიონი დოლარის ინტერვენციას ახდენდა და კურსი არ იცვლებოდა, რატომ? იმიტომ, რომ ვიღაც-ვიღაცეები ამას ელოდებოდნენ, ფულს აგროვებდნენ, რათა მერე ინტერვენციბისას დოლარი ეყიდათ.

ლარის კურსის დაცემის მიზეზებად თურქეთისა და აზერბაიჯანის მაგალითების მოყვანა სრული უაზრობაა. არავითარი კორელაცია ლარს, ლირას და მანათს შორის არ არსებობდა”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” ვაჟა კაპანაძემ. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის მომავალს, მისი თქმით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ კურსი დასტაბილურდება, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს სწრაფი ტემპით.

“მაკროეკონომიკური პარამეტრების თვალსაზრისით დღესაც პროცესი დადებითად ვითარდება, მაისიდან კიდევ უფრო დინამიურად წავა. როგორი ახალი წონასწორობის კურსი გვექნება ცოტა რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია და აქედანაც ჩანს, რომ ლარი აუცილებლად გამყარდება. მთავარი ახლა ისაა, რომ უკუპროცესი სწრაფი ტემპით არ წავიდეს და ერთბაშად მნიშვნელოვნად არ გამყარდეს ეროვნული ვალუტა. უნდა ვეცადოთ, რომ ასე არ მოხდეს, რათა ჩვენი ეკონომიკა, წარმოება იმპორტთან მიმართებაში არაკონკურენტუნარიანი არ გახდეს”, – დასძინა ვაჟა კაპანაძემ.

საბანკო სფეროს სპეციალისტის გოჩა თუთბერიძის თქმით, ამ ეტაპზე მთავარი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არჩევაა, რათა ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობის ფაქტორი არ დაიკარგოს. სხვა შემთხვევაში ეს არც ლარის კურსზე და არც ეკონომიკაზე კარგად არ იმოქმედებს. მისი თქმით, ლარის კურსის ვარდნის მთავარი მიზეზი იყო გარე შოკი. ეს არ იყო მხოლოდ ეროვნულ ბანკზე დამოკიდებული, რადგან დოლარი მთელ მსოფლიოში მყარდებოდა: “ამიტომ აქ ქადაგიძის ფაქტორზე საუბარი, არასწორია. გაუფასურება ყველა შემთხვევაში მოხდებოდა”, – ამბობს თუთბერიძე.

“რაც შეეხება იმას, თუ რა ელის ლარს შემდგომში, ეს უკვე დამოკიდებული იქნება, თუ რა პოლიტიკას გაატარებს სებ-ის საბჭო, ანუ გამოიყენებს თუ არა იმ ინსტრუმენტებს, რომელიც მათ გააჩნია. როგორც გამოიყენებს, ყველას ერთად, თუ შერჩევით მხოლოდ ერთს, კურსიც და ინფლაციური პროცესებიც ამაზე იქნება დამოკიდებული. თუკი ქვეყანაში საინვესტიციო პროცესი ისე წარიმართა, როგორც ამას ახალი პრემიერი ვარაუდობს, ალბათ, ლარიც გამყარდება, თუმცა ეს სწრაფად არ მოხდება და თანაც არც იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რაც 2 წლის წინ იყო. ცვლილებები იქნება და ეს დამოკიდებული იქნება თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებით და რამდენად იქნება ეს გადაწყვეტილება დასაბუთებული. შეიძლება უფრო სტაბილური გახდეს ვალუტის “ქცევა” და არ ჰქონდეს მას პანიკური გადახრები, როგორიც აქამდე იყო”, – განუცხადა “ბიზნეს-რეზონანსს” გოჩა თუთბერიძემ. მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ეროვნული ვალუტის გამყარება დამოკიდებული იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე, საექსპორტო პოტენციალზე და ტურისტების ოდენობაზე.

ახალი ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელ პაატა შეშელიძის თქმით, ბოლო წლებში ლართან მიმართებაში არაერთი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა. ხშირად ბაზარზე ეროვნული ვალუტის მასა მოთხოვნასთან არაადეკვატურად იზრდებოდა, ეს კი ძირითად ხდებოდა ბიუჯეტის მიღება-დაფინანსების მიზნით:

“უკანასკნელად ასეთი შემთხვევა დეკემბერ-იანვარში მოხდა, მას შემდეგ დაიწყო ბაზრისთვის ლარის მიწოდების სტაბილიზება, შემცირდა მიმოქცევაში ლარის რაოდენობა, რაც რა თქმა უნდა, გაცვლით კურსზეც დადებითად აისახა”, – განაცხადა პაატა შეშელიძემ.

იმისათვის, რომ ლარმა სტაბილურობა დაიბრუნოს, აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება, პირველ რიგში, მონეტარული პოლიტიკის არსებითად შეცვალა, რათა კურსის “დასმა” ამა თუ იმ პიროვნების გადაწყვტილებაზე არ იყოს დამოკიდებული.

“აუცილებელია ლარი მიებას მყარ ვალუტას – დოლარს. შესაბამისად, თუ ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა, ეს ნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის სხვა ბერკეტები უნდა გაუქმდეს, მათ შორის, რეფინანსების განაკვეთი და ა.შ. ამას კი თან უნდა სდევდეს ფისკალური პოლიტიკის გაწონასწორება, არ უნდა ხდებოდეს დეფიციტის დაფინანსება ემისიის ხარჯზე და ა.შ. რაც მთავარია, უნდა შეიცვალოს სისტემა და მერე უნდა დაიწყოს ხელმძღვანელის დანიშვნაზე საუბარი”, – განაცხადა პაატა შეშელიძემ.

რაც შეეხება გიორგი ქადაგიძის პოლიტიკური ფაქტორს, ექსპერტის აზრით, ვალუტასთან მიმართებაში ის იღებდა გადაწყვეტილებას, რასაც მთავრობასთან ათანხმებდა.

“ყველაფერი რაც კეთდებოდა, იყო მთავრობისთვისაც ხელსაყრელი, მათი ინტერესებიდან გამომდინარე ხდებოდა ის, რაც ხდებოდა. ეროვნული ბანკი მუდმივად ხელს უწყობდა მთავრობის პოლიტიკას, ეს გახლდათ ერთი რგოლი – მთავრობას სჭირდებოდა ფული, სებ-ი ზრდიდა ფულის მასას, სჭირდებოდა დევალვაცია, ეროვნული ბანკი ახდენდა ლარის დევალვაციას და ა.შ. არანაირი დაპირისპირება მათ შორის არ იყო. ქადაგიძე ასრულებდა იმ დავალებას, რა დავალებაც მოდიოდა მთავრობიდან.

ბოლო მომენტში მთავრობის დაკვეთა შეიცვალა. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ინფლაციის და ლარის შემდგომი დევალვაციის შეეშინდათ და მოთხოვნა შეამცირეს. დაკვეთა შეჩერდა, რადგან იყო საფრთხე, რომ კურსი კიდევ დაეცემოდა. ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ ასე აღარ შეიძლებოდა. ქადაგიძეს საერთოდ ვინ რას ეკითხებოდა, იყო ყურებით დაჭერილი თავისი წინა შეცდომების გამო. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, თითქოს ის დამოუკიდებელ თამაშს თამაშობდა, არის სრული შეცდომა. იგი ასრულებდა დაკვეთას, რომელსაც აძლევდნენ”, – განაცხადა შეშელიძემ.

ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 25 თებერვალს ამოეწურა, შესაბამისად, შეუწყდა საბჭოს წევრის სტატუსიც. ქვეყნის პრეზიდენტმა მისი შემცლელი, უფრო ზუსტად საბჭოს ახალი წევრის კანდიდატურა, პარლამენტს უკვე წარუდგინა. გიორგი მარგველაშვილმა არჩევანი კობა გვენეტაძეზე გააკეთა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაამტკიცოს. “ვერ ვხედავ პარლამენტის მხრიდან ვერანაირ წინასწარ განზრახულობას ბატონი კობას კანდიდატურის მხარდაჭერის უარყოფასთან დაკავშირებით. ეს ვერ იქნება გამართლებული არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე. ცხადია, სრულად უნდა გამოირიცხოს პოლიტიკური კონტექსტიც. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს პარლამენტის ორმა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. ახლა, ბუნებრივია, დროა მას კენჭი პლენარულ სესიაზეც უყარონ.

“ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ იმ დროისთვის ყოფილიყო ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი შერჩეული, ვიდრე ბატონ გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურებოდა, რათა ეროვნულ ბანკს სრულად შეძლებოდა მიეღო ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილება ყველა წევრის ჩართვით. ახლა ბატონი ქადაგიძე აღარ არის ეროვნული ბანკის საბჭოს ხელმძღვანელი. შესაბამისად, ძალიან სწრაფად უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეროვნული ბანკის საბჭომ შვიდივე წევრის შემადგენლობით გააგრძელოს მუშაობა”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

„ახალი თაობა“, 01 მარტი, 2016 წელი

ერევანი საქართველოს სომეხი მამაკაცების გაფუჭებაში ადანაშაულებს

ინტერვიუ ვან ბაიბურთთან: „კაცების გადაკოცნა ძველი სომხური ტრადიციაა“

რატომ აბრალებს სომეხი ოპოზიციონერი ქართველებს ცუდი ტრადიციის დამკვიდრებას, ილია II-ის რომელ რჩევას ითვალისწინებს ერევანი, როგორ ამღერებს თბილისელი სომეხი აფროამერიკელებს ლოს ანჟელესში სულიკოს? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ყოფილი დეპუტატი ვან ბაიბურთი ესაუბრება.

- გასულ კვირას სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატმა არამ მანუკიანმა მოითხოვა, რომ კაცებს ერთმანეთის გადაკოცნა აეკრძალოს. მისი მტკიცებით, სომეხი კაცები ქართველებმა გააფუჭეს, რადგან ეს ტრადიცია სომხეთში საქართველოდან შევიდაო. სხვა ყველაფერზე გვედავებიან და კაცების გადაკოცნაა მაინცდამაინც ქართული ტრადიცია?

- მე ვთვლი, რომ ეს ტრადიციაც არ არის ქართული, არამ მანუკიანი უფრო კარგად რომ ყოფილიყო საქმეში ჩახედული, ამას არ იტყოდა. არადა განათლებული ადამიანია, წლების მანძილზე სომხეთის რადიოს მთავარი რედაქტორი იყო. მას კარგად ვიცნობ. მის გამოსვლას მეც ვუსმინე და სრული პასუხისმგებლობით გეტყვით, რომ მას სომეხი ისტორიკოსების ნაშრომები და ძირძველი ლიტერატურა წაკითხული არ აქვს.

- ამით რისი თქმა გინდათ, რომ ეს სომხური ტრადიციაა?

- რა თქმა უნდა. უკვე გითხარით, რომ მანუკიანი განათლებული კაცია და შესაძლოა მანაც იცოდა ამის შესახებ, მაგრამ არ თქვა. ალბათ იფიქრა, ქართველები ატეხენ ერთ ამბავს, ამ ტრადიციასაც გვართმევენო.

- არა მგონია, ამის გამო ვინმეს პრეტენზია გამოეთქვა…

- დიდი ამბები ატყდებოდა. ზოგიერთი იტყოდა, სომხები კოცნასაც გვართმევენო. ქართველები ძალიან განვიცდით, როცა სომხებთან რაღაც სადავო გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. მთელს ევროპაში ასეა, მეზობელი სახელმწიფოები სულ რაღაცას ედავებიან ერთმანეთს. უნდა ნახოთ, რა ხდება საფრანგეთსა და გერმანიას ან ესპანეთსა და საფრანგეთს შორის.

- რა ხდება ამისთანა, ფრანგები ისევე ედავებიან ესპანელებს „კარმენს“, როგორც ჩვენ სომხები „დაისს“?

- ფრანგები შესაძლოა ედავებიან ესპანელებს კარმენს, მაგრამ გამორიცხულია, სომხებმა დაისზე გამოთქვან პრეტენზია. ეს ისეთივე გამორიცხულია, როგორც ბორჯომი არ იქნება სომხური მინერალური წყალი. რამდენიმე წლის წინ ლოს ანჟელესში გამოჩნდა ბორჯომის ბოთლები, რომელზეც წარწერა სომხურად იყო. ამაზე ატყდა ამბავი, არიქა, მეზობლები ბორჯომსაც გვართმევენო.

- არ იყო წართმევა?

- არააა!!! ლოს ანჟელესში 600-700 ათასი სომეხი ცხოვრობს, მათ არც ქართული იციან და არც რუსული. ამიტომაც ბორჯომის დისტრიბუტორმა გადაწყვიტა, წარწერა სომხურად გაეკეთებინა.

- ინგლისურად რომ გაეკეთებინათ წარწერა, ვერც ამას წაიკითხავდნენ?

- გინდა დაიჯერეთ, გინდა არა, მაგრამ მათ ინგლისურიც არ იციან. ამიტომაც არის იქ მაღაზიები სომხური წარწერებით. სომხური წარწერებია ავტოპროფილაქტიკაზეც, სადაც სომხები და აფროამერიკელები მუშაობენ.

- ინგლისური თუ არ იციან, აფროამერიკელებს რა ენაზე ესაუბრებიან?

- სომხურად.

- ხუმრობთ, ბატონი ვან?

- არააააააა! ამაზე მაგარი ისტორია უნდა მოვყვე. ლოს ანჟელესში ერთი თბილისელი სომეხიც არის ჩასული. მას პროფილაქტიკა ჰოლივუდში აქვს გახსნილი. თანამშრომლებად აფროამერიკელები ჰყავს. მასთან სტუმრად მივედი და ჩემს საპატივცემულოდ სომხური სიმღერები ამღერა. ისე კარგად იმღერეს „ახ, სირუმ, სირუმ“ და „სულიკო“, რომ გავგიჟდი.

- „სულიკო“ სომხური სიმღერაა?

- საიდან მოიტანეთ? პირველად მესმის თქვენგან. „სულიკოზე“ ხაზგასმით თქვეს, ქართულიაო. საერთოდ, ყველა ჭეშმარიტმა სომეხმა იცის, რომ „დაისიც“ და „ყვავილების ქვეყანაც“ ქართულია.  შესაძლოა, ვიღაცამ რემიქსი გააკეთოს ამ მუსიკის და სომხური სიმღერა იმღეროს, სხვათა შორის, ქართველ მომღერლებსაც გაუქართულებიათ სომხური სიმღერები. უცნობიც ეგრე მოიქცა, სიმღერა რომ გადააკეთა.

- უცნობმა რომელი სომხური სიმღერა გადააკეთა?

- სომხური არაა, რუსულია. „მზეს ველოდები“ – ასე ჰქვია ამ სიმღერას. საქართველოს მოსახლეობის 99%-ს ჰგონია, რომ ის ქართულია. სინამდვილეში გადაკეთებულია სიმღერა ფილმიდან „ბანდიტსკი პეტერბურგ“. ზოგ სომეხსაც გარემიქსებული ქართული სიმღერა შესაძლოა ქართული ეგონოს. ეს არის და ეს. ამიტომაც ასეთ რამეებს იუმორით უნდა შევხვდეთ.

- სახუმარო ამაში რა არის?

- სახუმარო არ არის, მაგრამ ამას სერიოზულად თუ შევხედავთ, შესაძლოა, დაპირისპირება მოჰყვეს. შოთა რუსთაველის სომეხად გამოცხადების თემაც შეგნებულად არის წამოწეული, რომ ჩვენ დაგვაპირისპირონ ერთმანეთთან.

- ვინ ვიღაცას, რუსთაველის სომხობაზე სომეხი მეცნიერები არ საუბრობენ?

- არაააა! ნებისმიერ სომეხს ჰკითხეთ, გეტყვით, რომ რუსთაველი ქართველია. სომეხი რომ ყოფილიყო შოთა, „ვეფხისტყაოსანს“ ქართულად დაწერდა? ეს არის ტყუილად აგორებული ამბავი. ამით ერთი ქვეყანაა დაინტერესებული. ისინი იგონებენ რაღაცებს, რომ ჩვენ ერთმანეთში ვიმტროთ. იგონებენ ასეთ რამეებს და გვიყრიან, როგორც წიწილებს „პშენოს“.

- საკენკს გულისხმობთ?

- საკენკია ხო, გვიყრიან ამ საკენკს და მერე გვიყურებენ, როგორ ვძიძგნით ერთმანეთს. ეს იცით, როგორ უხარია ერთ ქვეყანას? მის ინტერესებშია, რომ ჩვენ როგორმე ვიჩხუბოთ.

- რომელ ქვეყანაზე საუბრობთ?

- ვისაც ჩვენი ერთმანეთზე გადაკიდება უნდა. მე ვთხოვ ჩემს ქართველებს, რომ ასეთ პროვოკაციებს არ წამოეგონ. კარგი იქნება, თუ ჩვენი უნეტარესის თხოვნასაც გაიზიარებენ.

- ჩვენს უნეტარესში ვის გულისხმობთ, სომხეთის პატრიარქს?

- ჩვენს უწმინდეს ილიას. აქ იყვნენ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოსული. ისინი საპატრიარქოშიც მივიდნენ და უნეტარესსაც შეხვდნენ. ჩვენმა ილია II-მ მათ მაგარი სიტყვები უთხრა. ამ სიტყვებს მთელი სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ცდილობენ, ამ პრინციპების დაცვით იცხოვრონ.

- რა სიტყვები უთხრა ილია II-მ სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს?

- უთხრა, რომ სომხეთი და საქართველო მთელს კავკასიაში ორი ქრისტიანული კუნძულია და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. რაღაც უსიამოვნება თუ იქნება, ყველაფერი მოლაპარაკებით უნდა მოვაგვაროთ. ჩვენს დაპირისპირებას ბევრი ცდილობს და ამიტომაც რაღაც-რაღაცებს არ უნდა ავყვეთ. შესაძლოა, არ მოგვეწონოს, რომ სიმღერაზე თქვან სომხურია, მაგრამ არ უნდა ვიჩხუბოთ.

- აბა რა ვქნათ, ვიცინოთ? სასაცილოც აღარაა ეს ამბავი…

- სასაცილო ის იქნება თუ ჩვენ ამ `პშენოს~ ავკენკავთ და სხვა ქვეყანას გავახარებთ დაპირისპირებით.

- სხვა ქვეყანაო, რამდენჯერმე თქვით და რა შუაშია ვიღაც მესამე, როცა, მაგალითად, სომეხი მეცნიერი კარაპეტიანი ამტკიცებს, საქართველოს ეკლესია_ მონასტრების უმეტესობა სომხურიაო…

- მერე ვინ გითხრათ, რომ კარაპეტიანი მეცნიერია. მაგას არავინ არ სცემს პატივს. მერე რა, რომ თქვა ასეთი რამე, ხვალ არავის არ ემახსოვრება და ნურც თქვენ ისაუბრებთ ამ თემაზე.

- ვინ გითხრათ, რომ მარტო თქვა. იმხელა რუკა-ცნობარი აქვს გამოცემული რუსულ და ინგლისურ ენაზე…

- სხვა ენაზეც გამოსცეს თუ უნდა, სომხეთში მას სერიოზულად არავინ აღიქვამს. ამიტომ არც ჩვენ გვინდა სერიოზულობა. გავიღიმოთ და ვიხალისოთ.

- რაკი ხალისი ახსენეთ, ერთი ამბავი უნდა გაგახსენოთ. თქვენ რამდენიმე წლის წინ გვითხარით, რომ რონალდინიოს ბიცოლა არგენტინელი სომეხია და რონალდინიოს ძალიან უყვარს მისი მომზადებული ტოლმა. ეს გამონათქვამი დღემდე პოპულარულია, ჰოდა, ბიცოლას გვარს ხომ ვერ გვეტყვით?

- ბიცოლას გვარი არ ვიცი, მაგრამ ახალ ამბავს გეტყვით. რონალდინიოს ძმისშვილი სომეხს გაჰყვა ცოლად. სიძე ახალქალაქიდან არის წარმოშობით. როგორც ამბობენ, პატარძალი ცოტა შავტუხაა, არა უშავს, არც სიძე არ არის თეთრი.

როგორც მეუბნებიან, დიდი ქორწილი გადაიხადეს და მას კიმ კარდაშიანიც ესწრებოდა. ისიც მითხრეს, რომ მათ შეუღლებაში კარდაშიანის თითიც ურევია. ისე ნუ გიკვირთ ხოლმე, რომ ცნობილებს სომხებთან ნათესაური კავშირი აქვს. სომხები მთელ მსოფლიოში არიან მოდებული. შესაძლოა, კიდევ რომელიმე ვარსკვლავის ბიცოლა იყოს სომეხი. სხვათა შორის, წლების წინ საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებში ორი სომეხი თამაშობდა. მაშინ საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. არც ვარსკვლავები გვაკლია. არ გამიკვირდება, სხვა ვარსკვლავებსაც რომ ჰქონდეთ სომხური ფესვები.

- მაგალითად, ვის შეიძლება ჰქონდეს სომხური ფესვი?

- ძალიან მინდა ასეთი კავშირები მესისთან ვიპოვო, მაგრამ არაფერი გამოდის. მესი სომხურად არაფერს ნიშნავს.

- არც მისი სახელი გეუბნებათ რამეს?

- რა ქვია ამ მესის? მითხარით და ვნახოთ.

- ლიონელი…

- ეს უკვე საინტერესოა. ლიონში ბევრი სომეხი ცხოვრობს. ეტყობა, ამ მესის მამას რაღაც კავშირი აქვს აქაურობასთან და ამიტომაც დაარქვა შვილს ასეთი სახელი. მესიც ფაქტიურად სომეხია. დიდი მადლობა მინდა გითხრათ „ახალ თაობას“, რომ ასეთი ვარსკვლავი გვაჩუქეთ სომხებს.

Comments are closed