globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 1 მარტი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Mar 1st, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: „რუსთავი-2“-ის საქმე ფინიშს უახლოვდება

რეზონანსი: რა მოლოდინი გაქვთ უზენაეს სასამართლოში „რუსთავი-2“-ის საქმეზე? (თვალსაზრისები)

რეზონანსი: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „რუსთავი-2“-ის დახურვას „არავინ აპირებს. ტყუილად რატომ უნდა აიტკივონ თავი?“

რეზონანსი: „ციანიდის საქმე“ – „საზოგადოება კიდევ ერთხელ მიიღებს დიდ შოკს“

—–

„ახალი თაობა“: ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „ხელისუფლებას სიმბოლური პრეზიდენტი სჭირდება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „ხელისუფლება „რუსთავი-2“-ს აუცილებლად წაიღებს“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ ემზარ კვიციანთან: „კანონებში რაღაც კავკასიური უნდა შევიტანოთ“ // „არ გვინდა „ოცნების“ სპექტაკლში მონაწილეობა მივიღოთ“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „აფხაზეთის რკინიგზაზე ოპოზიციამ ხელოვნური აჟიოტაჟი ატეხა“

„ახალი თაობა“: ლარის გამყარება ლარიზაციის გეგმას არ უკავშირდება // ინტერვიუები დემურ გიორხელიძესთან და პაატა შეშელიძესთან

—–

რეზონანსი: ნახტომი ეკონომიკური ზრდისკენ // თუკი მთავრობამ აღებული კურსი არ შეინარჩუნა, სიტუაცია მარტივად შეიცვლება დადებითიდან უარყოფითისკენ

რეზონანსი: ლარის რევალვაცია, სავარაუდოდ, ორი-სამი კვირა კიდევ გაგრძელდება // მეზობელი ქვეყნების ვალუტები მყარდება, მაგრამ ლარმა უფრო მაღალი ტემპი აკრიფა

რეზონანსი: მალე ათეულობით ონლაინ საკრედიტო კომპანია დაიხურება // ბევრმა ორგანიზაციამ უკვე დახურა გარე მომსახურების ცენტრები, ზოგიერთმა კი შეაჩერა მუშაობა

რეზონანსი: თვალსაზრისი: როგორი მკვლელია დღევანდელი ხელისუფლება  – შეგნებული თუ შეუგნებელი? // მშენებლობის უსაფრთხოების პრობლემები

—–

„არსენალი“: ინტერვიუ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან: ნატო-რუსეთის დაპირისპირება შავ ზღვაში გადმოდის / გენშტაბის უფროსის 100 დღე

„არსენალი“: სახელმწიფო საზღვარს ქალებიც იცავენ

„არსენალი“: ცხოვრება კონფლიქტის ზონაში – გორის რაიონი

————————

რეზონანსი“, 01 მარტი, 2017 წელი

რუსთავი-2“-ის საქმე ფინიშს უახლოვდება

თიკო ოსმანოვა

ბრძოლა „რუსთავი-2“-ისთვის გადამწყვეტ ფაზაში შევიდა – უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანიის საქმის განხილვა 2 მარტს ჩანიშნა. საქმე მხარეთა დაუსწრებლად განიხილება და არ არის გამორიცხული, გადაწყვეტილება იმ, დღესვე გახდეს ცნობილი ან, შესაძლოა, საბოლოოდ კიდევ ერთი სხდომა ჩაინიშნოს. მხარეები გამარჯვების მოლოდინში არიან, თუმცა მანამდე გარკვეული მოსამართლეების აცილების შუამდგომლობას დააყენებენ.

„ჩვენ პროტესტის გამოთქმის გარდა ვერაფერს ვიზამთ, ამ საკითხს ჩვენ ვერ ვწყვეტთ. მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა ძალიან საეჭვო და ცუდი ფაქტია,” – განაცხადა „რუსთავი-2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის წილების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ნომინალურად ქიბარ ხალვაშია (60% ქიბარ ხალვაშს 40% მისი კუთვნილი კომპანიის), თუმცა აღსრულების მუხლის შეჩერების გამო ტელევიზიის მართვას ვერ ახერხებს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოება. ამის შემდეგად კი, გამარჯვების შემთხვევაში, შეძლებს არხზე სადავეების აღებას.

უზენაეს სასამართლოს საქმის განსახილველად კანონით განსაზღვრული 6-თვიანი ვადა ჰქონდა, რომელიც 25 იანვარს ამოიწურა. საქმის არსებითი განხილვა 21 ნოემბერს დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქმის სირთულის გამო ტელეკომპანიის ბედს 3 მოსამართლის ნაცვლად, 9 მოსამართლე გადაწყვეტს.

ცნობილია იმ 9 მოსამართლის ვინაობაც, რომელიც სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის საქმეს განიხილავს: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, მისი მოადგილე მზია თოდუა, ასევე ვასილ როინიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე, მაია ვაჩაძე, ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი შავლიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლეების, პაატა ქათამაძისა და ზურა ალავიძის, მიმართ ზეწოლაზე საუბრობდა, რასთან დაკავშირებითაც პროკურატურას მიმართა. საბოლოოდ შოთაძის უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ ამ ადამიანებზე ზეწოლას “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი დავით საყვარელიძე ახდენდა. ამას თავად საყვარელიძე კატეგორიულად უარყოფს, ხოლო ტელეკომპანიაში მიაჩნიათ, რომ მოსამართლეებზე წნეხს, პირიქით, ხულისუფლება, კონკრეტულად კი სუს-ი ახორციელებდა.

“მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ 2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამავდროულად, ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქიბარ ხალვაშის დაცვის მხარემ სამი მოსამართლის აცილების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა და ამ საკითხს ხუთშაბთს კიდევ ერთხელ დააყენებს. ეს მოსამართლეები არიან: ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე და ეკატერინე გასიტაშვილი.

„ამ სამმა მოსამართლემ სწრაფად და ოპერატიულად მიიღო გადაწყვეტილება “რუსთვი 2″-ის საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის თაობაზე. ვთვლით, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობდა. ამ განჩინების მოტივაციაც არაარგუმენტირებული იყო,” – განაცხადა პაატა სალიამ.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი „რუსთავი-2“-ის მხრიდან სასამართლოს შემადგენლობაზე განხორციელებულ ზეწოლაზეც ლაპარაკობს. პაატა სალიას მიაჩნია, რომ კოლეგია მოწინააღმდეგე მხარისგან, ტელეეთერების მეშვეობით, ზეწოლას განიცდის.

„რუსთავი-2“-ის ადვოკატის თამთა მურადაშვილის განცხადებით კი, შესაძლოა, ორ მარტს საბოლოო გადაწყვეტილება გამოცხადდეს. ტელეკომპანიის მხარე, ასევე, გეგმავს ორი მოსამართლის: ნინო გვენეტაძისა და მზია თოდუას აცილების მოთხოვნას.

„ისინი ვერ იქნებიან მიუკერძოებლები, არსებობს საკმარისი ეჭვები მათ მიკერძოებულობაზე. პალატა ახლიდან უნდა დაკომპლექტდეს. სხვა მოსამართლეების აცილებას ითხოვს ქიბარ ხალვაში. ესენი არიან ის მოსამართლეები, რომლებიც ბოლო პერიოდში ე.წ. პროვოკაციაზე საუბრობდნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სამი მოსამართლე ხელისუფლებისთვის არასასურველია“, – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქმის გადაწყვეტილებითვის 5 მოსამართლის თანხმობაა საჭირო. მურადაშვილი იმედოვნებს, რომ სამართლებრივი შედეგი დადგება და ტელეკომპანია მის მფლობელ ძმებ ყარამანიშვილებს დაუბრუნდება.

„არსებული მოვლენებიდან და აქცენეტებიდან გამომდინარე, თუ როგორ გადასცა პატარა კოლეგიამ საქმე დიდ კოლეგიას, ვფიქრობ, რომ თუ მოსამართლეებმა გაუძლეს ზეწოლას და დიდ პალატაში არ იქნებიან ხელისუფლების მხარდამჭერები, შესაძლებელია დადგეს სამართლებრივი შედეგი. თუმცა როგორც ცნობილია, დიდ პალატაში 9 მოსამართლე შედის და ხმები როგორ გადანაწილდება, არ ვიცი, ძნელი სათქმელია“, – ამბობს “რეზონანსთან” საუბრისას მურადაშვილი.

სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს პაატა სალიასაც, თუმცა, მისი აზრით, სასამართლომ ძალაში უნდა დატოვოს პირველი და მეორე ინსტანციების გადაწყვეტილება.

„ვფიქრობ, სასამართლომ ჯერ შუამდგომლობებზე უნდა იმსჯელოს და შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ეს მოესწრება თუ არა ერთ დღეში, არ ვიცი. ასე რომ, შესაძლოა გაგრძელდეს. იმედი მაქვს, რომ სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და სწორი გადაწყვეტილებაა ძალაში დატოვოს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს განჩინებები,” – გვითხრა პაატა სალიამ.

რეზონანსი“, 01 მარტი, 2017 წელი

რა მოლოდინი გაქვთ უზენაეს სასამართლოში რუსთავი-2-ის საქმეზე?

გვანცა ღვედაშვილი

უზენაეს სასამართლოში „რუსთავი-2“-ის საქმის განხილვა 2 მარტს ჩაინიშნა. პროცესი ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართება. ტელეკომპანიის დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სხდომა არსებითად განსახილველად ზეპირი მოსმენის გარეშე, „რუსთავი-2“-ის მხარეთა დაუსწრებლად ჩაინიშნა. რასაც თავად საეჭვოდ მიიჩნევს. “ჩვენ პროტესტის გამოთქმის გარდა ვერაფერს ვიზამთ, ამ საკითხს ჩვენ ვერ ვწყვეტთ. მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა ძალიან საეჭვო და ცუდი ფაქტია,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რა მოლოდინი გაქვთ „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებით? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

გიგა ნასარიძე (ა/ო “საქართველო არ იყიდება”): ამ ხელისუფლებისგან რომ ყოველგვარ სიბრიყვეს ველოდებით, ეს გასაგებია. მაგრამ მგონია, რომ კეთილგონიერებამ უნდა გაიმარჯვოს. თუ „რუსთავი-2“-ს რამე დაემუქრება, ეს, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის იქნება ცუდი.

იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): ეს დავა არეულია პოლიტიკასთან და რა ფორმით წარიმართება სასამართლო, როგორ იქნება და ა.შ. არ ვიცი, ყველაფერი ძალიან არეულია. ფაქტია, „რუსთავი-2“-ის საქმე არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოშიც განიხილება როგორც თავისუფალ სიტყვაზე იერიში. ასე რომ, ჩემთვის რთულია რამის თქმა. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): როგორი მოლოდინი მაქვს, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი პოზიცია შემდეგია, რეალურად ეს ადამიანები ქონებისთვის იბრძვიან და თუ სასამარლომ არ დაექვემდებარა იმ გარე ზეწოლას, რომელიც „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით მიმდინარეობს, კარგი იქნება. მთელმა საქართველომ ხომ იცის, რომ „რუსთავი-2“ წართმეული იყო, ვინმემ არ იცის?! თავის დროზე ქიბარ ხალვაშს წაართვეს ნაციონალებმა, ეს ხომ ვიცით?! მოსამართლე გააკეთებს და იტყვის თუ არა ამას, ეს სხვაა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ წართმეული იყო.

ირმა სოხაძე (მუსიკოსი): გამიჭირდება რამის თქმა, თუმცა, იმედი მაქვს, სასმართლო ისეთ განაჩენს გამოიტანს, რომელსაც არ მოჰყვება საზოგადოების ვნებათაღელვა და რაიმე უბედურება.

რეზონანსი“, 01 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „რუსთავი-2“-ის დახურვასარავინ აპირებს. ტყუილად რატომ უნდა აიტკივონ თავი?“

ნინო ქეთელაური

„რადგან აისბერგის თავი გამოჩნდა, ეს უკვე კარგია და მისი უცბად ამოტივტივება სასურველი არც არის. საზოგადოება ვერ მოასწრებს ამასთან ადაპტირებას. არსებული პრობლემების გააზრება, ჩამოყალიბება და გამკლავების სტატეგიის შემუშავება უნდა მოხდეს. თუ საქმე ისევ მიჩუმათდა, ალბათ, ეს დაპირისპირება მომავალშიც კვლავ იფეთქებს“, – ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, საბჭოთა პერიოდის შემდეგ ეკლესიამ ზედმეტად დიდი ძალაუფლება აიღო საიმისოდ, რომ მერე ამის კონტროლი მოეხერხებინა და ფინანსების განკარგვაში, ადამიანებთან ურთიერთობაში, იდეოლოგიაში და ა.შ. სირთულეები არ გამოეწვია.

„რუსთავი-2“-ის სასამართლო პროცესი, საპატრიარქოში არსებული დაპირისპირება, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა – ეს ის საკითხებია, რაზეც „რეზონანსი“ პოლიტოლოგს ესაუბრა.

რამაზ საყვარელიძე: „რუსთავი-2“ის იმ პერიოდიდან ვადევნებ თვალს, როდესაც ის ჯერ კიდევ რუსთავში იყო და ეროსი კიწმარიშვილს სტუდიის სახით ერთი ოთახი და კამერა ჰქონდა. მერე იყო ვარდების რევოლუცია, სადაც “რუსთავი 2″-მა, როგორც მედიასაშუალებამ, უდიდესი როლი შეასრულა და პოლიტიკოსების მხრიდან ყურადღება სწორედ ამ დიდმა როლმა გაამძაფრა. ამის მერე ტელევიზია ხელიდან ხელში გადადიოდა და ამ პროცესში მის პოლიტიკურ მესაკუთრედ ყოველთვის “ნაციონალური მოძრაობა” რჩებოდა. ის არის პარტიული მედია და თუკი სასამართლომ ეს გაამართლა, მაშინ ჩავთვლი, რომ სასამართლო პოლიტიკური გავლენის ქვეშაა. თუ მისი მესაკუთრე შეიცვალა და დაუბრუნდა პირვანდელ მფლობელს, რომელსაც პოლიტიკური ორიენტაცია საერთოდ არ აქვს, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამომავლოდ ტელეარხი „რუსთავი-2“ პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლდება.

ჩვენთან რატომღაც ასეა მიღებული, რომ პოლიტიკური ზეწოლის განხორციელება მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია, სინამდვილეში, ამის გაკეთება შეუძლია ნებისმიერი პოლიტიკურ ძალას, ვისაც ფინანსური ან სხვა ტიპის ბერკეტი აქვს. ამიტომ, ჩემი და არა მხოლოდ ჩემი აზრით, “რუსთვი 2″-ზე ზეწოლა ხორციელდება “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და თუ ეს ზეწოლა მოიხსნება და მმართველი შეიცვლება, ამან შეიძლება სამომავლოდ „რუსთავი-2“ მაღალი ხარისხის, თავისუფალ და პოლიტიკურად დამოუკიდებელ მედიასაშუალებად ჩამოაყალიბოს.

- თუკირუსთავი-2“ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა, ეს რა პროცესებს გამოიწვევს?

- მოდით ყველაფერს თავისრ სახელი დავარქვათ. იმ აქციაზე, რომელსაც „რუსთავი-2“-ის მხარდასაჭერი ერქვა, 8 პარტია მონაწილეობდა, მათ შორის ის პარტიები, რომლებიც “ნაცმოძრაობის” სატელიტები იყვნენ და ეს მათი დაგეგმილი პოლიტიკური ღონისძიება იყო. რაც შეეხება „რუსთავი-2“-ის მხარდაჭერას, ლოგიკურად გაუგებარია, რას უჭერენ მხარს – ტელევიზიას თუ მის მესაკუთრეს? მესაკუთრე ჰორიზონტზე არ ჩანს და გამოდის, რომ “რუსთავი 2″-ის გენერალურ დირექტორს უჭერენ მხარს, რომელსაც ტელევიზიაზე პოლიტიკური გავლენა აქვს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობას და მის პოლიტიზირებას უჭერენ მხარს და არა თავისუფალ მედიას.

რაც შეეხება თავად მედიის წარმომადგენლებს, მენეჯერებისა და რიდექტორის გარეშე, მათი ნახევარი საერთოდ არ მივიდა იმ მიტინგზე, რადგან მათ იციან, რომ „რუსთავი-2“-ის ბედი მისი გენერალური დირექტორის ან მისი მესაკუთრის შეცვლით არ წყდება. არავინ აპირებს მის დახურვას და არც არავის აწყობს ეს. ტყუილად რატომ უნდა აიტკივონ თავი? უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ “რუსთავი 2″-ის დეპოლიტიზირება მოხდეს.

- საპატრიარქოში მიმდინარე ამბებზე მინდა გკითხოთ, როგორ შეაფასებთ ამ პროცესებს?

- ერთი ასეთი ცნობილი ფრაზაა – ძალაუფლება რყვნისო. იმ ხალხმა, განაც საბჭოთა კავშირის ათეიზმში ცხოვრობდა, 70-იანების მერე მიიღო თავისუფლება, ეკლესიურ ცხოვრებას დაეწაფა და სასულიერო პირებს პრაქტიკულად ულაპარაკოდ გადასცა არაფორმალური ძალაუფლება. მას ყველანაირად ხელს უწყობენ და სახელმწიფოც ამ პროცესშია ჩაბმული. ამ ძალაუფლებამ საკუთარი დადებითი გავლენაც მოიტანა და საზოგადოება უფრო რელიგიური გახადა, მაგრამ უარყოფითი იყო ის, რომ სირთულეები თვითონ ეკლესიაში შექმნა. მსგავსი მდგომარეობა კათოლოკურ ეკლესიაში ყოველთვის იყო და ჩვენთანაც.

როგორც იცით, დავით აღმაშენებელს კრების ჩატარება დასჭირდა, რომ მაშინდელი ეკლესია სახელმწიფო ინტერესების ჩარჩოებში მოექცია. ამიტომ, ნუ ჩავთვლით, რომ ამით რამე განსაკუთრებული ხდება. ეს საკმაოდ ლოგიკური მოვლენაა, საბჭოთა პერიოდის შემდეგ, ზედმეტად დიდი ძალაუფლება აიღო ეკლესიამ საიმისოდ, რომ მერე ამის კონტროლი მოეხერხებინა და ფინანასების განკარგვაში, ადამიანებთან ურთიერთობაში, იდეოლოგიაში და ა.შ. სირთულეები არ გამოეწვია. მათ შორის პოლიტიკურ ორიენტაციაშიც, გახსოვთ, რომ რუსეთის კვალზე დღემდეა საუბარი. ასე რომ, ამ მხრივ ბევრი სირთულეა და ახლა მისმა ზედაპირმა იჩინა თავი. მაგრამ რადგან აიზბერგის თავი გამოჩნდა, ეს უკვე კარგია და მისი უცბად ამოტივტივება სასურველი არც არის. საზოგადოება ვერ მოასწრებს ამასთან ადაპტირებას და კარგი იქნება, თუკი ნელ-ნელა არსებული პრობლემების გააზრება, ჩამოყალიბება და გამკლავების სტრატეგიის შემუშავება მოხდება. თუ ისევ მიჩუმათდა, ალბათ ეს დაპირისპირება მომავალშიც კვლავ იფეთქებს.

რაც შეეხება კონკრეტულად დეკანოზის საქმეს, იმ დონეზე თუ განვიხილავთ, რა ინფომაციაც ჩვენ გავქვს, ძალიან გაუგებარი საქმეა. გამოძიებას უნდა დაველოდოთ, მოვლენების ლოგიკა როგორია, იქნებ დაგვანახვონ.

- როგორი ფიქრობთ, საქმე გაიხსნება?

- აისბერგიდან სწორედ იმიტომ დავიწყე, რომ თუ ყველაფრის დალაგება გადაწყდა, შეიძლება საქმეც გაიხსნას, მაგრამ თუ საქმე მიჩუმათდა, მაშინ მეეჭვება, რომ გამოძიება ბოლომდე მივიდეს. პრობლემების ნაწილმა გაჟონა, მაგრამ ახლა მთვარია, დანარჩენი არ ჩაიკიროს.

- საზოგადოების ნაწილი, საპატრიარქოში არსებული პრობლემების გადაწვეტას მისთვის სახელმწიფო დაფინანსების მოხსნაში ხედავს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის გამოსავალი?

- არ არის სასურველი, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკოსების მსჯელობის საგანი იყოს. იმიტომ, რომ ისინი ხშირად საკუთარი ინტერესიდან საუბრობენ. ჯერ საერთო სურათი უნდა გახდეს ცხადი, ისევე როგორც სახელმწიფოს და ეკლესიის ყველა დანახარჯი იყოს ცნობილი. ჯერ უნდა გაირკვეს, რამდენი სჭირდება ეკლესიას იმისთვის, რომ ფუნქციონირებდეს, რა მიმართულებით და რამდენი იხარჯება. ეს პროცესი გამჭვირვალე უნდა გახდეს. ეს ყველაფერი რომ დაითვლება, მერე გადაწყვ ეს დაეხმარება სახელმწიფო ეკლესია, თუ არა.

საერთოდ, იმ პუნქტში, რომელშიც გაწერილია, ვის ეხმარება სახელმწიფო, კონცეფციაც შესამუშავებელია. იქ ისეთი სფეროების ჩამონათვალია, რომელიც შემოსავლის მომტანი არ არის, მაგრამ დახმარებას ითხოვენ, მაგალითად, ხელოვნება, განათლება და ა.შ. აი, ამ სფეროებში ეკლესია რა დოზით არის შესაყვანი, ეს არის გასარკვევი. უნდა ვიცოდეთ, რამდენად შეუძლია ეკლესიას საკუთარი თავის რჩენა და რა რაოდენობის თანხა უნდა გაიღოს სახელმწიფომ. ჩვენ ვიცით, რომ საჩუქრად მირთმეული თანხა თუ მანქანები საკმაოდ გავრცელებული სტილია და სასურველი იქნება, რომ ამაზე სასჯელი შემოვიდეს. ჩვენ ამისთვის თანამდებობის პირებს ვსჯით და მე ვფიქრობ, აქაც საჩუქრის ზომა გასარკვევია. იმიტომ, რომ ეს საჩუქარი უფრო ქრთამს წააგავს, იმის საფასურად, რომ კომერციული შეღავათები ნახონ მათ, ვინც ამით დაინტერესებულია.

- პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე მინდა გკითხოთ, როგრც ირკვევა, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენის უფლების შეზღუდვას გეგმავს. რამდენად სწორია პრეზიდენტის უფლების კიდევ უფრო შეკვეცა?

- ინგლისს ჰყავს დედოფალი, რომელსაც არავინ ირჩევს, ეს მემკვიდრეობით გადაეცემა და ამით ინგლისი არ ინგრევა, არავინ ამბობს, დემოკრატია შემოგვაკვდაო. რატომ ავტეხეთ პრეზიდენტის ინსტიტუტზე ამხელა ამბავი, ვერ ვხვდები. რატომ ატყდა განგაში იმაზე, პრეზიდენტი სახალხო არჩევნებით უნდა აირჩეს თუ არა. მაშინ, როცა თითქმის ინგლისის დედოფლის მსგავსი უფლებები აქვს. ცოტა გაურკვეველ ემოციებში ხომ არ ვვარდებით?! მე ეს მაგონებს ბრბოში გაჩენილ იმპულსს, რომ ყველა სადღაც გარბის, შენ დგახარ და გიჩნდება სურვილი, რომ შენც იქით გაიქცე. როგორც კი პრეზიდნეტის ინსტიტუტზე დაიწყება საუბარი, მაშინვე ტყდება განგაში, რომ არიქა, დამოკრატია ინგრევაო. სანამ ერთ ამბავს ავტეხთ, კარგად დავუკვირდეთ და ამ დაკვირვების პროცესში ინგლისი გავიხსნოთ.

რეზონანსი“, 01 მარტი, 2017 წელი

ციანიდის საქმესაზოგადოება კიდევ ერთხელ მიიღებს დიდ შოკს

გვანცა ღვედაშვილი

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. დაკითხვიდან გამოსული მეუფე პეტრე აცხადებს, რომ დეკანოზი თავისი გამოუცდელობით პროვოკაციას წამოეგო. მისივე თქმით, დეკანოზს “დასჯიდა სასულიერო მართლმსაჯულებით”.

პროკურორის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის თქმით, ფარულ ჩანაწერში ცალსახად ისმის საუბარი მკვლელობის მომზადება და ამ საქმეზე. ამასთან აცხადებს, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის პირის მკვლელობა, მათ შორის იქ საუბარი იყო პატრიარქზე.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით კი, დეკანოზის მიერ წაყენებულ ბრალში არა სასულიერო პირზე, არამედ მის მდივან-რეფერენტზე, შორენა თეთრუაშვილზეა საუბარი. ამასთან სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ მამა გიორგის ციანიდი არ ჰქონია და ჩაუდეს.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს მიერ “კურიერისთვის” მიწოდებულ სატელეფონო მიმოწერის ამსახველ მასალას, სადაც ჭყონდიდის მიტროპოლიტს “თავის შეკავებას” ურჩევენ, რათა მის წინააღმდეგ არ შეტრიალდეს საქმე, ირაკლი მამალაძე ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში” აცხადებს, რომ მეუფე პეტრე არც ერთ ჩანაწერში არ ფიგურირებს და ვაიბერ-მიმოწერა საზოგადოებისთვის მორიგი თვალის ახვევაა.

ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დაკითხვაზე ჭყონდიდელი მეუფე პეტრე ცაავა დაიბარა, რასაც მიტროპოლიტმა “ლოგიკური” უწოდა, და განაცხადა, რომ მის მიერ გაკეთებული მინიშნებებიდან გამომდინარე პროკურატურას გარკვეული კითხვები მართლაც უნდა გასჩენოდა, თუმცა არ ჰგონია, რომ დაკითხვაზე მისი დაბარება დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენების საფუძველზე მოხდარიყოს.

“გამოვრიცხავ ჩვენებაში ჩემი გვარი დაესახელებინოს, ვინაიდან მამა გიორგისთან არ მქონია ურთიერთობა. ერთადერთხელ მქონდა წერილობითი მიმოწერა, როდესაც პირველად, 22 დეკემბერს ღია ეთერში ვამხილე საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა. მაშინ მამა გიორგიმ მომწერა და მადლობა გადამიხადა, რაზეც ვუპასუხე და დავლოცე,” – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ.

მეუფეს თქმით, თუ მას პროკურატურა გაუთქმელობის პირობის დადებას მოითხოვს, ის ამას არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება.

აღსანიშნავია, რომ დაკითხვამდე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა “კურიერს” მიაწოდა სატელეფონო მიმოწერის ამსახველი მასალა, რომლის მიხედვითაც, მეუფე პეტრეს უცნობი პირი “თავის შეკავებას” ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმოწერის თანახმად, ბრალდების ადრესატი შესაძლოა, თავად მეუფე გახდეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას აცხადებს, რომ ეს მიმოწერა, რომელიც მეუფე პეტრე ცაავამ დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს მიაწოდა, “შემოგდებულია”. მისივე თქმით, ფარულ ვიდეოჩანაწერებში მომწამლავი ნივთიერება ციანიდიც ჩანს.

“მეუფე პეტრე არც ერთ ჩანაწერში არ ფიგურირებს, ვაიბერ მიმოწერა არის მორიგი თვალის ახვევა საზოგადოებისთვის. მე არ ვარ პროკურატურის ტიპიური მოწმე. საქმე არის ჩაბეტონებული. ეს საქმე მივა ბოლომდე, ამაში ვარ დარწმუნებული. მივა სასამართლომდე და იმედი მაქვს, გამოვლინდებიან ის ადამიანები, ვინც იდგნენ გიორგი მამალაძის მხარეს. ვიდეო ფარულ ჩანაწერში ცალსახად ისმის საუბარი მკვლელობის მომზადება და ამ საქმეზე. მე ცალსახად ვაცხადებ, მე როგორც განმცხადებელმა ვთქვი, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის პირის მკვლელობა, მათ შორის იქ საუბარია პატრიარქზე. მთავარ პროკურორს არავინ შეუყვანია შეცდომაში. ციანიდი მას ესაჭიროებოდა გერმანიაში წასვლამდე, ეს ჩანს კარგად. რომ ამბობენ გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძის ნათესავიაო, მეუფე დიმიტრის ნათესავიც არის. ქვეყანამ მართლაც ტრაგედია აიცილა და უმნიშვნელოვანესი ოპერაცია ჩატარდა. ვნახეთ, რომ არაერთი პირი დაიკითხა, მეუფე პეტრე არის დაახლოებული პირი და ამ ჯგუფის წევრი, ეს ცხადად ჩანს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი, მკვლელობის მომზადება, მიმდინარეობდა მეუფე დიმიტრის გვერდის ავლით. ჯგუფის წევრები არის ჩანაწერებში. ჩანაწერებში ციანიდი ჩანს. პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ მასალებში ყველაფერი გამოჩნდება და საზოგადოება კიდევ ერთხელ მიიღებს დიდ შოკს,” – განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გუშინ უნდა განახლებულიყო, თუმცა დაცვის მხარის ინფორმაციით, დაკითხვის პროცედურა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო ვერ მოხერხდა.

როგორც ბრალდებულის უფლებათდამცველმა მიხეილ რამიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა, დეკანოზის დაკითხვა გუშინ უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვეღარ მოხერხდა.

“ყველასთვის ცნობილია, რომ დაკითხვა უნდა შემდგარიყო. ჩვენ ჩვეულებრივად გამოვცხადდით. გვქონდა შეხვედრა მამა გიორგისთან. გარკვეული დროის შემდეგ, მამა გიორგიმ თავი შეუძლოდ იგრძნო. შესაბამისად, ის გაიყვანეს საკანში,” – განაცხადა ადვოკატმა და აღნიშნა, რომ მამა გიორგის დაბალი სიცხე და დაბალი წნევა აღენიშნებოდა. „სიცხე ჰქონდა 35,4 და წნევა 98/60-ზე. ექიმმა ოთარ ტრაპაიძემ პირად საუბრებში მითხრა, რომ ამ შემთხვევაში მიზანშეწონილი იქნებოდა დაისვენოს და მერე მისცეს ჩვენება. მას ასევე აღენიშნებოდა გულისრევა,” – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა, რომელსაც დეკანოზი უნდა დაეკითხა, განაცხადა, რომ ექიმმა დეკანოზი გიორგი მამალაძე ორჯერ გასინჯა და დაადასტურა, რომ მისი ჯანმრთელობა ნორმაშია, თუმცა ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით კვლავ უარს აცხადებს ჩვენთან შეხვედრაზე.

“დღეს გამოვცხადდით ბრალდებულის დაკითხვის მიზნით. ბევრი შეკითხვა გვქონდა დასასმელი და გვქონდა მოლოდინი, რომ მივიღებდით ამომწურავ პასუხებს – ასე ვიყავით შეთანხმებული თავად ადვოკატებთან და ბრალდებულთან. როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, რასაც ვგეგმავდით, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე. მიზეზად კი, კიდევ ერთხელ დაასახელა ჯანმრთელობის მდგომარეობა,” – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა. მისივე თქმით, პროკურატურამ შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელშიც წერია, რომ ექიმებმა ორჯერ გასინჯეს ბრალდებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმაშია.

“მას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედებაში. მან უსაფუძვლოდ, სხვადასხვა საბაბით და მიზეზებით ჩაშალა დაკითხვის პროცესი,” – აღნიშნა პროკურორმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია გადაცემა “რეაქციაში” საუბრისას აღნიშნავს, რომ დეკანოზის მიერ წაყენებულ ბრალში საუბარი შორენაზეა. მისივე მტკიცებით, მამა გიორგის ციანიდი ჩაუდეს.

“მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი არ ჰქონდა. მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი ჩაუდეს. გარდა იმისა, რომ რასაც ედავებიან არის აბსურდი, იმაშიც კი, რასაც ედავებიან, არათუ პატრიარქზე, არამედ სასულიერო პირზეც არ არის საუბარი. გიდასტურებთ, რომ ბრალში შორენაზეა საუბარი,” – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. ადვოკატი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მამა გიორგი მამალაძე აბსოლუტურად არავის მკვლელობას არ ამზადებდა.

მას შემდეგ, რაც მეუფე პეტრე დაკითხვიდან გამოვიდა, მან გადაცემა “რეაქციაში” ისაუბრა, რომ მისი დაკითხვა შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით მის განცხადებებს ეხებოდა. „იქიდან გამომდინარე, რომ მე ჩემს განცხადებებში ვახსენებდი ამ ქალბატონს და მის ჩრდილოვან მმართველობას, ეს შეკითხვები იყო და შეძლებისდაგვარად შევეცადე ამეხსნა ეს ყველაფერი,” – განაცხადა მეუფემ.

რაც შეეხება სატელეფონო საუბარს, მეტროპოლიტი პეტრე აღნიშნავს, რომ მას რამდენიმე ვარიანტი აქვს: „ეს შესაძლოა, ყოფილიყო შანტაჟი თვით ამ ქალბატონისგან, ან ხელისუფლებისგან, ანდა ორივე ერთად. ასევე პროვოკაცია ოპოზიციური ძალებისგან და მესამე ვარიანტი არის. ის, რომ ეს რეალობა ყოფილიყო,” – აცხადებს მეუფე პეტრე,

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით კი მეუფე პეტრე აცხადებს, რომ ის ესწრებოდა ვიდეოს ჩვენებას,

“როგორც სასულიერო პირი, მე მას დავსჯიდი სასულიერო მართლმსაჯულებით. ამ ჩანაწერში იკვეთება მისი გამოუცდელობა და ამ პროვოკაციაში გახვევა. ის წამოეგო პროვოკაციას. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე იყო მსგავსი შანტაჟი პატრიარქის შესაძლო მოწამვლაზე. იმედს ვიტოვებ, რომ პროკურატურა ღირსების სიმაღლეზე დადგება და მაღალ რანგში დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება საქმის სამართლიანად გამოძიებას,” – განაცხადა მეუფე პეტრემ.

————————

„ახალი თაობა“, 01 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ დავით დარჩიაშვილთან: „ხელისუფლებას სიმბოლური პრეზიდენტი სჭირდება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრობს.

- ბატონო დავით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში დაისვა საკითხი, რომ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენისას პრემიერის კონტრასიგანცია დასჭირდეს. თქვენი შეფასება როგორია?

- თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, აქ მხოლოდ ერთი რამის დანახვა შეიძლება: ეს არის ხელისუფლების ძალიან დიდი ახლომხედველობა. პოლიტიკური სისტემა კი არ არის აქ მთავარი და მნიშვნელოვანი, იკვეთება, რომ მთავარია ერთადერთი ფაქტი: პრეზიდენტი მარგველაშვილი არ მოსწონთ და მოხდეს მის წინააღმდეგ გალაშქრება.

- თქვენ ასეთი შთაბეჭდილება გექმნებათ?

- სხვანაირი შთაბეჭდილება როგორ უნდა შემექმნას, როდესაც ცხადზე ცხადია ყველაფერი. ეს და სხვა არაერთი ცვლილება ასევე ემსახურება იმას, რომ სხვა პრეზიდენტებისგანაც თავი დაიზღვიონ რაიმე სახის უხერხულობებისგან. დღეს უმრავლესობას მაქსიმალურად სიმბოლური პრეზიდენტი სჭირდება, რომელიც მხოლოდ ფასადი იქნება და არა – რეალური ფიგურა, პოლიტიკური წონითა თუ შესაძლებლობებით.

- თქვენ ახსენეთ პოლიტიკური სისტემა. ბესელია ამ პოზიციას ფუნქციების აღრევის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად თვლის, რომ ხელისუფლების სამ შტოს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება...

- პოლიტიკური სისტემების რაობაში ჩაუხედავად ხსნის. თუკი მთავრობაზე გახდება პირდაპირ მიბმული სასამართლო ხელისუფლების დაკომპლექტება, სად იქნება აქ ბალანსი?! ამით ხომ კიდევ უფრო მიბმული იქნება მთავრობაზე სასამართლო ხელისუფლება?!

- ხელისუფლება ამბობს, რომ საპარლამენტო მოდელის შესაფერისი უნდა გვყავდეს პრეზიდენტიც, მისი არჩევის წესიც და უფლებამოსილებებიც შესაბამისი უნდა იყოს. კონსტიტუციონალისტთა ნაწილიც იზიარებს ამ პოზიციას. არ ეთანხმებით?

- არ ვეთანხმები ამ პოზიციას და გეტყვით, რატომაც: ეს არ ითვალისწინებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს.

- რას გულისხმობთ?

- დღეს ბიძინა ივანიშვილს აქვს განუზომელი გავლენა პოლიტიკურ სპექტრზე, საპარლამენტო უმრავლესობაზე და, შესაბამისად, ეს კონტექსტი არ იძლევა სრულად იმის შესაძლებლობას, რომ მოხდეს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი. ამიტომ უნდა იყოს ერთი სახელისუფლებო შტო მაინც, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და არა – კონტროლირებადი.

- თქვენ ამბობთ, რომ მთავარია პოლიტიკური კონტექსტი და არა - მოდელი?

- რა თქმა უნდა. კონტექსტის გააზრება უნდა მოხდეს, რომ ავირჩიოთ საპარლამენტო მოდელი, შერეული თუ საპრეზიდენტო, თუმცა, რასაკვირველია, არ უნდა დავივიწყოთ მთავარი და ძირითადი პრინციპები. საფრთხე არის ის, რომ ერთ ხელში მოექცეს ყველაფერი და ერთმა გააკონტროლოს.

- საპრეზიდენტო, სუპერსაპრეზიდენტო მმართველობა გამოვიარეთ და რა იყო შედეგი?

- ეს უფრო შეფასების საგანია და ამაზე შეიძლება, სხვადასხვა აზრი იყოს. იურიდიული, სამართლებრივი პედანტურობით ამ საკითხისადმი მიდგომა არასწორი მგონია.

- პოლიტიკურ ნებაზე აკეთებთ აქცენტს?

- რა თქმა უნდა. რა მნიშვნელობა აქვს, რა მოდელი გვექნება, სუპერსაპრეზიდენტო თუ საპარლამენტო, თუ პოლიტიკური ნება არ იქნება, რომ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობა იყოს. რა მოდელი უხდება საქართველოს არსებულ ვითარებაში, ამის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ. თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო მოდელია, დემოკრატიული მმართველობა არ არის თუ რა?!

- პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები გაუქმდება?

- თუ პროცესები ისე გაგრძელდა, როგორც მიდის, მოხდება ისე, რომ საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს არა საქართველოს მოსახლეობა, არამედ პარლამენტი თუ სპეციალურად დაკომპლექტებული კომისია. პრეზიდენტად ის ადამიანი არჩეული იქნება, რომელიც უნდა უმრავლესობას. თუ არ მოეწონებათ, გადაირჩევენ ასეთივე წარმატებით. ეს სრულიად მიუღებელი იქნება.

„ახალი თაობა“, 01 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა გამყრელიძესთან: „ხელისუფლება „რუსთავი-2“-ს აუცილებლად წაიღებს

ექსპერტი მამუკა გამყრელიძე „ახალ თაობასთან“ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

- ბატონო მამუკა, რა პროცესები ვითარდება ქვეყანაში და რა განზრახვა აქვს ხელისუფლებას?

- დღეს საქმე გვაქვს დაუსჯელობის სინდრომის აღქმასთან ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში ვნახეთ, თუ რამდენი არასწორი ნაბიჯი გადადგა ხელისუფლებამ და არც ერთ ამ თემაზე საზოგადოებას არ გამოუხატავს არანაირი პროტესტი. წინა ხელისუფლებას არც ერთ არასწორ გადადგმულ ნაბიჯს არ არჩენდნენ და ახლა პირიქით არის. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ეს შეიგრძნო და დღეს გვაქვს ისეთი სიტუაცია, როდესაც მიდის სხვადასხვა ფრონტზე შეტევა. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა.

- რაზე იმსჯელა საკოორდინაციო საბჭომ, რა მემორანდუმს მოაწერეთ ხელი?

- მემორანდუმში წერია, რომ ჩვენ უნდა აღვუდგეთ წინ ხელისუფლებას და არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ნაბიჯები გადადგას ამ მიმართულებით. პირდაპირი თავდასხმა მიდის. ჩვენ პირველად შევიკრიბეთ „რუსთავი-2“-ის საკითხზე, თავისუფალი სიტყვის დასაცავად, მაგრამ ახლა იმდენად გაფართოვდა ეს შეტევები სხვადასხვა მიმართულებით, რომ რეაგირებას ვეღარ ვასწრებთ.

- კერძოდ, რა მიმართულებით გააქტიურდა შეტევები?

- სერიოზული საფრთხე შეექმნა პრეზიდენტის ინსტიტუტს, იკვეცება მისი უფლებამოსილება და საერთოდ მისი პირდაპირი წესით არჩევა აღარ მოხდება, მისი არჩევა მოხდება პარლამენტის საშუალებით. ასევე ჩვენ ვხედავთ, რომ თავდასხმა მიდის მედიაზე და მესამე, რაც ძალიან სახიფათო და საშიშია, ეს არის სასამართლოზე ზეწოლა. პრაქტიკულად ხელში ჩაგდება მიდის ყველა ამ შტოსი. გარდა ამისა, მოხდა ის, რასაც ჩვენ ვერც ერთი ვერ წარმოვიდგენდით.

- ასეთი რა მოხდა?

- მოხდა ეკლესიაზე თავდასხმა! მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ არის ხელისუფლების დიდი ინტერესი. ეკლესია, წლების განმავლობაში, ძალიან დახურული ორგანიზაცია იყო. ყოველთვის მშვიდად, წყნარად ახერხებდა დარეგულირებას ყველა წინააღმდეგობის თავის წიაღში. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ პროცესების გარეთ გამოტანა და საზოგადოებისთვის დანახვება მათ ინტერესებში არ არის. დღეს ამ ყველაფრის გამოაშკარავება მოხდა. ხელისუფლებამ პირდაპირ დარტყმა მიიტანა ეკლესიაზე და დაასუსტა ეკლესია. მათ უკარგავენ ნდობას მრევლში. ცდილობენ ეს ბერკეტები ხელში აიღონ და ეკლესიის მართვა თავად დაიწყონ. აკეთებენ იმას, რაც არც ერთ ხელისუფლებს არ უქნია.

- რისი თქმა გინდათ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ვერ შეძლო ეკლესიის დამორჩილება მაშინ, როდესაც ტოტალურად ყველაფერს აკონტროლებდა და ესენი ცდილობენ?

- მოდით, რეჟიმს ნუ ვიტყვით, სააკაშვილის ხელისუფლებას არც უცდია ამის გაკეთება! პირიქით, ისინი სულ ცდილობდნენ, რომ მათთვის საჩუქრები გადაეცათ. ჯიპების ჩუქება იყო თუ სხვა რამ. ამხელა დაფინანსება სწორედ სააკაშვილის დროს მიიღო ეკლესიამ. შევარდნაძის პერიოდში მცირე დაფინანსება ჰქონდა.

- იმიტომ ხომ არ მისცეს, რომ კონტროლიც ჰქონოდათ ეკლესიაზე?

- ამას კონტროლს ვერ დავარქმევ, აქ იყო უფრო გულის მოგება. კონტროლი არც უცდია მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას. იცოდა, რომ ვერ მოახერხებდა ამის გაკონტროლებას. მიხეილ სააკაშვილს საზოგადოება მუდმივად კრიჭაში ედგა. ახლა კი სრული აპათიაა საზოგადოების მხრიდან, ეკლესიაში ჩარევაც კი აპატიეს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. დღეს არაფერზე რეაგირებს ჩვენი საზოგადოება. ეს ძალიან შემაშფოთებელია. არც ერთი მიმართულებით არ ხდება წინსვლა. შესაძლოა, ჩვენ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა ევროპასთან, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს ამ ხელისუფლების დამსახურება ნამდვილად არ არის.

- აბა ვისი დამსახურებაა?

- ეს პროცესი დაწყებულია წინა ხელისუფლებების პერიოდში. ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროიდან. ჩვენ დღეს შედეგი მივიღეთ, თუმცა ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო წინ მიდის. ეს ხელისუფლება მომავალ ხელისუფლებას კარგს ვერაფერს დაუტოვებს. ამ ხელისუფლებას არაფერი დასატოვებელი არ ექნება.

- ორ მარტს სასამართლო პროცესია ჩანიშნული რუსთავი-2-ის საქმეზე. რას ელოდებით?

- ჩემი მოლოდინი ასეთია, რომ ხელისუფლება აუცილებლად წაიღებს „რუსთავი-2“-ს. ჩვენი საკოორდინაციო საბჭო ახალი შექმნილია, თუმცა იმდენად სწრაფად ხდება მოვლენების განვითარება, რომ ჩვენ საველე პირობებში გვიწევს ჩვენი ნაბიჯების დაგეგმვა. ჩვენ აუცილებლად წინ აღვუდგებით ხელისუფლების ამ უზნეო ნაბიჯს. გამოვიყენებთ ყველა მეთოდს, რის საშუალებასაც იძლევა ჩვენი კონსტიტუცია.

„ახალი თაობა“, 01 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ემზარ კვიციანთან: „კანონებში რაღაც კავკასიური უნდა შევიტანოთ“ // „არ გვინდა ოცნების სპექტაკლში მონაწილეობა მივიღოთ

რატომ ითხოვს კავკასიური კანონების მიღებას და ვინ ახორციელებს პატრიოტთა ალიანსის დისკრედიტაციას? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ესაუბრება.

- თქვენმა ინიციატივამ კანონში კავკასიური მომენტების გათვალისწინების შესახებ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია...

- მე ამას აჟიოტაჟს არ დავარქმევდი. ეს უფრო მოწონება იყო. კოლეგები ჩემს იდეას კარგად შეხვდნენ. რამდენიმემ ყურში მითხრა – ემზარ, სწორი ხარო.

- ასეთი იდეა რატომ გაგიჩნდათ?

- რატომ და იმიტომ, რომ კავკასიელები ვართ. საქართველოში ყველა კანონი საზღვარგარეთიდან შემოდის. მათ ვთარგმნით და პირდაპირ ვიღებთ და არ გვახსენდება, რომ ბოლომდე ევროპელები არ ვართ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მაინც კავკასიელებად დავრჩებით. ამიტომაც უნდა იყოს ჩვენს კანონებში კავკასიური კომპონენტები.

- რომელ კანონში ითხოვთ კავკასიური კომპონენტის შეტანას?

- იმ კანონში, რომელიც განქორწინებას ეხება. ყველანი ვხედავთ, რომ ოჯახები ლიწინ-ლიწინით ინგრევა. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. 28 თებერვალს ჩვენ ოჯახში ძალადობაზე ვსაუბრობდით და იქ რამდენიმე საინტერესო დეტალი ვნახე. ადრე ცოლ-ქმარი გაყრაზე რომ შეიტანდა განცხადებას, საქმის განხილვა რაღაც დროის გასვლის შემდეგ იწყებოდა. ახლა ეგრევე ხდება მისი განხილვა. ამის გარდა, გაცხარებულ ცოლ-ქმარს იუსტიციის სახლშიც შეუძლია მისვლა, სადაც განცხადების შეტანიდან 5 დღეში აძლევენ განქორწინების საბუთს. როგორ გგონიათ, 5 დღეში კავკასიელები დაწყნარდებიან? რა თქმა უნდა, არა. ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ასე მარტივად არ უნდა იქნეს მიღებული. თუ ეს არ შეიცვალა, გამოდის, რომ ხელისუფლება ოჯახების დანგრევას უწყობს ხელს.

- ანუ თქვენ გინდათ, რომ განქორწინება დროში გაიწელოს?

- ეს მე კი არ მინდა, ეს ჩვენს ქვეყანას უნდა. ჩვენ ემოციური ხალხი ვართ და მალე ვბრაზდებით, წყენა კი გვიან გვინელდება. ამიტომაც ქალსა და კაცს მოსაფიქრებლად ბევრად მეტი დრო უნდა მიეცეთ. მე იურისტი არ ვარ, მაგრამ კანონებში ჩახედვის შემდეგ ძალიან იოლად დავინახე, რომ ყველაფერი ჩვენი ქვეყნის დასაქცევად არის მიმართული. შვილად აყვანის შესახებ კანონი ჩემში ბევრ კითხვას იწვევს. ბევრი კითხვაა იმ წესების მიმართ, რომლებითაც შეიძლება, მშობელს შვილი წაართვან. ცოტა ხნის წინ ჩემი და, ნორა კვიციანი, თავისი ავტორიტეტით ჩაერია და დედ-მამას 4 წართმეული ბავშვი დაუბრუნა. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მშობლისთვის ბავშვის წართმევა ძალიან გამარტივდა.

- რას ნიშნავს, გამარტივდა?

- იმას, რომ პატარა მიზეზიც კი საკმარისია, რომ ბავშვი წაგართვან.

- რანაირად უნდა წაართვან მშობელს შვილი?

- ძალიან მარტივად. შეუძლიათ, მშობლებს რაიმე პროვოკაცია მოუწყონ და შვილი წაართვან. მხლოდ წართმევით არ მთავრდება ეს ტრაგედია. ეს ბავშვი, შესაძლოა, ვინმეს მიაშვილონ ან მიჰყიდონ. ასევე სერიოზული პრობლემაა თაღლითობის ამბავიც. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები ანგარების მიზნით ქმნიან ოჯახს. ხელის მოწერის შემდეგ ისინი სპექტაკლს დგამენ და განქორწინებას ითხოვენ. ამის გარდა, თაღლითები მეუღლეს ქონების ნაწილსაც სთხოვენ. სასამართლომ ეს მოთხოვნა ასე მარტივად არ უნდა დააკმაყოფილოს. ხშირად მომხდარა, რომ საქმეში თაღლითობა გამოვლენილა. პატიოსან ადამიანებს თავიანთი სიმართლის დამტკიცება წლების განმავლობაში სჭირდებათ.

- პირველ მარტს არის პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თქვენი პარტია ბოიკოტს უცხადებს. რატომ არ შედიხართ სხდომაზე?

- იმიტომ არ შევდივართ, რომ არ გვინდა, „ოცნების“ სპექტაკლში მივიღოთ მონაწილეობა. ამის გარდა, ამ ფორმით ჩვენ მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებასაც ვაპროტესტებთ.

- რა დამოკიდებულებას აპროტესტებთ?

- იმ დამოკიდებულებას, რომ ჩვენ, პატრიოტები, იგნორირებულები ვართ.

- იგნორირება რაში გამოიხატება?

- ყველაფერში. ეს პროცესი ჩემი ჩაჩოჩებით დაიწყო. ჩემი კანდიდატურა წარდგენილი იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე. ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს თანამდებობა არ დამეკავებინა. ახლა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისია შეიქმნა. ამ კომისიაში ჩვენგან ადა მარშანია იქნება წარმოდგენილი. ჩვენ შემოგვთავაზეს მდივნის თანამდებობა, რომელსაც არ დავთანხმდებით.

- რატომ არ დათანხმდებით?

- იმიტომ, რომ მინიმუმ მოადგილის პოსტი გვეკუთვნის. სხვა თუ არაფერი, ადა აფხაზეთიდან არის. წესით, ის თავმჯდომარედ უნდა აირჩიონ. მდივნის პოსტის შემოთავაზება ჩვენი იგნორირებაა. ამის გარდა, ჩვენ არცერთ დელეგაციაში არა ვართ. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ პატრიოტებს გვებრძვიან. ჩვენ კი ასე იოლად არ ვნებდებით.

„ახალი თაობა“, 01 მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან: „აფხაზეთის რკინიგზაზე ოპოზიციამ ხელოვნური აჟიოტაჟი ატეხა

ბოლო დროს აქტუალური გახდა აფხაზეთის რკინიგზის გახსნის თემა. ექსპერტი მამუკა არეშიძე „ახალ თაობას“ ამ საკითხზე ესაუბრა.

- ბატონო მამუკა, რატომ ატყდა ეს აჟიოტაჟი?

- ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია. ის, რასაც ოპოზიცია გულისხმობს, რომ შესაძლოა აფხაზეთიდან გაიხსნას რკინიგზა სომხეთისკენ, ძალიან კარგად იციან, რომ მარტივი არ არის.

- სომხეთის პრემიერმა თქვა, რომ კვირიკაშვილთან ისაუბრა ლარსის ალტერნატივაზე...

_ ამ შეხვედრაზე ნამდვილად იყო ლარსის ალტერნატივაზე საუბარი და კარაპეტიანმა გამოთქვა თავის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ტვირთების გატანა ვერ ხდება და ბუნებრივი პირობები ხშირად ადამიანებს ხელს უშლის, რომ პროდუქტი გაიტანონ სომხეთიდან ლარსის გავლით რუსეთში. ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ სომხეთი მას მარტივად აგვარებდა და ეს ხდებოდა ფოთის პორტიდან. გავიხსენოთ 2008 წლის ომი, როდესაც ააფეთქეს კასპთან ხიდი, მაშინ ერევნიდან სპეციალური ბრიგადა ჩამოვიდა და განაცხადეს, ამ ხიდს ჩვენ აღვადგენთ, რადგან ერევანში 12 დღის საკვებია დარჩენილიო. სწორედ აქედან იკვებებოდა ერევანი. მარშრუტი იყო ასეთი: ნოვოროსიისკის პორტი, იქიდან ბორნით ფოთამდე და ფოთიდან უკვე მატარებლით ერევნამდე. ბოლო ექვსი წელიწადია, ეს მარშრუტი არის შეჩერებული.

- რა მიზეზით?

- სომხური მხარე აპელირებს იმაზე, რომ სარკინიგზო ტარიფებია მაღალი. აქედან გამომდინარე, არარენტაბელური ხდება ამ მარშრუტით ტვირთების ტარება. ეს ამბავი უნდა დავიმახსოვროთ კარგად იმიტომ, რომ შემდგომში გამოსავალი ამ ვითარების მოწესრიგებაშია, ანუ ტარიფების შეცვლაში.

- შესაძლოა, ამაზეც იყო საუბარი?

- არ გამოვრიცხავ, თუმცა თავს ვერ დავდებ. თუ საქართველოს ხელისუფლებას უნდა, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური, მაშინ ეს არის საუკეთესო გამოსავალი _ ტარიფების დაწევა ისე, რომ სომხეთისთვის ეკონომიკურად მომგებიანი იყოს ამ ტვირთების ტარება.

- აფხაზეთის რკინიგზაზე რას იტყვით?

- ოპოზიციური მედია ყოველთვის აპელირებს იმაზე, რომ აფხაზეთში რკინიგზა გაჰყავთ. იქ რკინიგზა მართლა გაჰყავთ, რომელიც საქართველოს საზღვრამდე მოდის და აფხაზური მხარის პასუხი ასეთია, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა და რკინიგზის გაყვანა გვჭირდება იმისთვის, რომ ამ რკინიგზამ იმუშაოს და უფრო მარტივი იყოს ტვირთების და ადამიანების ტარება. ამაში არის თავისი ლოგიკაც. ეს ყოველივე არ ნიშნავს, რომ ეს რკინიგზა აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს მხარეს. მართალია, ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე ერევანში განაცხადა, რომ განიხილება ეს საკითხი, მაგრამ პოლიტიკური განცხადება ერთია და რეალური ქმედება მეორე. ოკუპაციის შესახებ კანონი რაც არ უნდა შეცვალო, თუ იდეა არ გამოაცალე, ყველა შემთხვევაში ბლოკავს ასეთ ინიციატივებს. დარწმუნებული იყავით, რომ არც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს არ გაუხარდებათ, თუ ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ. განსაკუთრებით აფხაზეთის რკინიგზის ამუშავებასთან დაკავშირებით.

- ეს აზერბაიჯანის მიმართულებითაც ხომ შექმნის პრობლემებს?

- რასაკვირველია, ეს ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობის დაკარგვას აზერბაიჯანთან. ჩვენ დავრჩებით პარტნიორებად, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორები ვეღარ ვიქნებით. მართალია, სომხეთის ბლოკადა არის ეფემერული, სომხეთს ტვირთები მაინც გააქვს, მაგრამ აზერბაიჯანულ მხარეს აჩემებული აქვს, რომ ეს ბლოკადაა და ქართული მხარე ამ ბლოკადაში უნდა დაეხმაროს.

- ანუ სომხეთის პრემიერის განცხადებებს ალტერნატიულ გზასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მიეცა?

- ეს არის გააზრებული ქმედება ოპონენტების მხრიდან, რომ აქცენტი გაკეთებულიყო აფხაზეთის რკინიგზაზე. მიაქციეთ ყურადღება, აქცენტი არ გაკეთებულა კიდევ ერთ სავარაუდო მარშრუტზე.

- რომელზე?

- კახეთი-დაღესტნის სავარაუდო მარშრუტზე. ამაზე აქცენტი არავის გაუკეთებია, რომელიც საქართველოს მხრიდან ნაკლებ მტკივნეულია, ვიდრე აფხაზეთი, უბრალოდ დიდ დანახარჯებს მოითხოვს რუსული მხრიდან. საქართველოს მხრიდან სულ 40 კილომეტრია გასაკეთებელი, რუსული მხრიდან – დაახლოებით 300. ასევე აქცენტი არ გაკეთებულა არც მამისონზე. გლოლამდე საუკეთესო პროფილის გზა კეთდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. გლოლიდან მამისონამდე კი 20 კილომეტრია დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ მამისონის უღელტეხილი შედის სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ სივრცეში, ამ ტერიტორიას რუსები აკონტროლებენ, იქ ოსები არ ცხოვრობენ. არც ამ გზაზეა ლაპარაკი და არც კახეთი-დაღესტნის გზაზე. მხოლოდ აფხაზეთის რკინიგზა.

- რატომ მაინცდამაინც აფხაზეთი?

- იმიტომ აფხაზეთი, რომ ეს არის ყველაზე ფაქიზი თემა, აფხაზეთიდან დევნილი ყველაზე მეტია და აფხაზეთში განლაგებულია ყველაზე სერიოზული რუსული სამხედრო დაჯგუფება. სიტყვა აფხაზეთი ბევრად უფრო ცნობადია დასავლელი პატნიორებისთვის, ვიდრე სხვა ჩემ მიერ ჩამოთვლილი მარშრუტები და რეაგირებაც შესაბამისად უფრო მწვავე იქნება. ასე რომ, ეს არის სუფთა პროპაგანდისტული დემარში, ყოველგვარ საფუძველს მოკლებული!

„ახალი თაობა“, 01 მარტი, 2017 წელი

ლარის გამყარება ლარიზაციის გეგმას არ უკავშირდება

ინტერვიუები დემურ გიორხელიძესთან და პაატა შეშელიძესთან

ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პროცესებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ექსპერტები დემურ გიორხელიძე და პაატა შეშელიძე აფასებენ.

——-

- ბატონო დემურ, იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 5,2% შეადგინა. ლარიც მყარდება. ეს ყველაფერი ლარიზაციის გეგმის დამსახურებაა?

- ლარიზაციის პროგრამას კავშირი არა აქვს ამ საკითხთან. ის არ გაგრძელდება. თუ ლარმა გამყარება დაიწყო, მაშინ არავინ გადაიტანს სესხებს ლარებში იმ პირობებით, რომლებიც წამოყენებულ იქნა. ეკონომიკას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, საქართველოში ზრდის პოტენციალი არის, მაგრამ მე არ ვიცი, ეს რამდენად განხორციელებული იქნება ხელისუფლების მიერ.

- რატომ, ეჭვი გეპარებათ მის შესაძლებლობებში?

- პარადოქსია რაშია, იცით? თუ ეკონომიკა იზრდება, ლარის გამყარება აბსურდია! ეს არ უნდა მოხდეს. პირიქით, თუ ეკონომიკამ სწრაფი ზრდა დაიწყო, მაშინ სხვა პროცესებთან გვექნება საქმე.

- რა პროცესებთან?

- ეს იგივე ინფლაციასთან იქნება დაკავშირებული და ასე შემდეგ. ამიტომ ეკონომიკა იზრდება და ამან გაამყარა ლარი. ეს არის ცოტა ისეთი ნათქვამი, რომელზეც არ მინდა, ახლა კომენტარი ვაკეთო, რადგან ჩემი კომენტარი ძალიან უხეში იქნება. დღეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოლიტიკას განახორციელებს ხელისუფლება. დღეს ყველა რესურსი არსებობს ქვეყანაში და ეს როგორ იქნება გამოყენებული, ამას ვერ გეტყვით.

- გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ეკონომიკური ზრდის ტემპებიც აიწევსო. ასე იქნება?

- ღმერთმა ქნას, აიწიოს და ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც ეს ეკონომიკურ ზრდას სჭირდება. ცხადია, ეს არავის ეწყინება. თუმცა მე არ მჯერა დეკლარაციებისა, რომელთაც რეალური ცვლილებები არ მოჰყვება. რეფორმები არ ჩანს, საკანონმდებლო ცვლილებები არ არის. გამაგებინეთ ერთი, რა ზრდის ეკონომიკას?!

- ლარის გამყარების ტენდენცია შეინიშნება. ელოდებით კიდევ უფრო მეტად გამყარებას?

- ყველაფერს ველოდები, ოღონდ საქართველოს ეროვნული ბანკისგან კარგს არაფერს… ეს გამყარება არის იდიოტიზმის ახალი მიმანიშნებელი. დანგრეულ ეკონომიკაში დღეს ლარის გამყარებაზე ვისაუბროთ, ეს აბსურდია! გამყარებით ვერ გამყარდება ლარი, თუ გამყარდება, ისევ ზევით წამოვა, ანუ ჩვენ მუდმივი აპარსვა-ჩაპარსვის რეჟიმში ვიქნებით და, სამწუხაროდ, ეს უტვინობა არ მთავრდება!

- რას უწოდებთ უტვინობას, ლარი გამყარების მცდელობას?

- ეკონომიკის სწრაფი განვითარება გინდა და თან გამყარებული ლარი გინდა? ეს სადაური წესია?! რა გარანტიაა იმისა, რომ ლარი რაიმე ნიშნულზე გაჩერდება. რას ვუწოდებთ ჩვენ გამყარებას? 50 თეთრი რომ იყოს 1 დოლარი, ეს იქნება კარგი?! ან 1 დოლარი 1 ლარი რომ ღირდეს, ეს იქნება კარგი?! მე მინდა ეროვნული ბანკისგან მოვისმინო ამ შეკითხვებზე პასუხი. რას ნიშნავს გამყარებული ლარი?! მუდმივი გამყარების რეჟიმში უნდა ვიყოთ? ან სადამდე უნდა გამყარდეს?! სრულ პროფესიული თვალსაზრისით ეს ან თაღლითობაა, ან უაზრობა. მე ვფიქრობ, რომ უფრო თაღლითობაა!

- რით გამოიხატება ეს თაღლითობა და ვის აწყობს ყოველივე ეს?

- ეს სჭირდება იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ხელმისაწვდომობა ფულის ვაჭრობასთან. დღეს ერთი კურსი იყოს, ხვალ მეორე! ლარის კურსმა აიწია, ჩაიწია! დაიღალა ხალხი. არავითარი ეკონომიკა არ განვითარდება, არავითარი ხეირი არ იქნება, როცა ადამიანები ჰაერიდან შოულობენ ფულს.

- ანუ შესაძლებელია, ლარმა გაუფასურება კვლავ დაიწყოს?

- რასაკვირველია. არაფერი არ იცვლება, ვერავინ მეტყვის, რა შეიცვალა, რატომ გამყარდა ლარი?! ტყუილად ნუ დააბრალებენ ლარიზაციას. ეს პროცესი არ მუშაობს. დღეს არავინ გადაიყვანს სესხებს ლარებში.

- რატომ?

- იმიტომ, რომ წააგებენ აუცილებლად! დროა, ეროვნული ბანკი საქმის კეთებით დაკავდეს!

———

ახალი ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელი, ექსპერტი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ლარიზაციის გეგმა რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა და ლარის გამყარება ამ კონკრეტულ საკითხს არ უკავშირდება. მისი აზრით, ლარის გამყარების ტენდენცია უკავშირდება მხოლოდ ერთ ფაქტორს, იმას, რომ ბოლო პერიოდში ფულის მასა მკვეთრად შემცირდა, გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი და შემცირდა მოცულობები.

- ანუ ბაზარზე ფულის მასის შემცირებამ გამოიწვია ლარის გამყარება?

- დიახ, ასეა. ეს პროცესი დეკემბრიდან დაიწყო და ახლა უკვე რეალური ასახვა ჰპოვა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს იანვრის მიხედვით, აქ რამდენიმე მიზეზი არსებობს. ჯერ ერთი, იანვარში აქტიური სავაჭრო პერიოდი იყო. ჩვენ ვიცით, რომ წინასწარი მონაცემები ეფუძნება დღგ-ს ნორმებს. აქ კიდევ ერთი ნიუანსი იყო, როდესაც დღგ-ზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ საიმპორტო პროდუქცია, რომელზეც წინასწარ ხდება გადახდები და, შესაბამისად, შესაძლოა, იანვარში კი გაიზარდა, მაგრამ მომდევნო თვეები არცთუ ისე სახარბიელო იყოს.

- რატომ?

- იმიტომ, რომ შემდგომი შემოსავლები აღარ იქნება წინმსწრები გადახდების გამო. აქ კიდევ ერთი ნიუანსია, მოგების გადასახადის შემცირებამ გააჩინა გარკვეული მუხტი კერძო სექტორში და ეს არის უკვე დადებითი მუხტი. ამიტომ სახელმწიფო გეგმაზე ამ შედეგის დაბრალება, ჩემი აზრით, ნამეტანია, რადგან ლარიზაციის პროგრამის არცერთი მუხლი არ ითვალისწინებდა იმ შედეგებს, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ.

- ლარის კურსის გამყარების ტენდენციაც შეინიშნება. ბევრი ფიქრობს, რომ ეს ხელოვნური პროცესია. რას იტყვით თქვენ?

- ლარის კურსი ყოველთვის არის ხელოვნური, იმიტომ, რომ ის დგინდება ეროვნული ბანკის მიერ. ცხადია, ამ საკითხზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებებს აქვს დიდი გავლენა. ამ ეტაპზე კი გამყარების მთავარი ფაქტორი არის ლარის მასის შემცირება.

- რამდენად გაქვთ დამაიმედებელი პროგნოზები? გაგრძელდება ეს ტენდენცია?

- თუკი არ გაიზრდება ლარის მასა, ეს ტენდენცია შენარჩუნდება. აქ კიდევ ერთ ნიუანსს უნდა გავუსვათ ხაზი – მთავრობამ მკვეთრად დაიწყო თავის ხარჯების შემცირება, ლარის შემცირება. როგორც საკადრო თვალსაზრისით, ისე ხარჯების თვალსაზრისით. ეს ნიშნავს იმას, რომ ნაკლები დეფიციტი ექნებათ ბიუჯეტში და რეფინანსირების სესხები იქნება ნაკლებად გამოყენებული მათი მიმდინარე ვალდებულებების დასაფინანსებლად.

———————

რეზონანსი“, 01 მარტი, 2017 წელი

ნახტომი ეკონომიკური ზრდისკენ

თუკი მთავრობამ აღებული კურსი არ შეინარჩუნა, სიტუაცია მარტივად შეიცვლება დადებითიდან უარყოფითისკენ

ნათია ლომიძე

იანვარში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა ნახტომისებურად გაიზარდა. დეკემბერთან შედარებით სხვაობა დაუჯერებლად მაღალი აღმოჩნდა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება განაპირობა როგორც ექსპორტის მაღალმა მაჩვენებელმა, ასევე ტურისტებისა და უცხოეთიდან ფულადი ნაკადის შემოდინებამ.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის იანვრის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2017 წლის იანვარში რეალური მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,2 პროცენტი შეადგინა. იმ დროს როდესაც დეკემბერში მშპ მხოლოდ 0,3%-ით გაიზარდა, ეს შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

თსუ-ის პროფესორი ვახტანგ ჭარაია “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა ექსპორტის მაღალმა მაჩვენებელმა, ფულადმა გზავნილებმა (რომლიც წინა წელთან შედარებით 29%-ითაა გაზრდილი) და ტურისტული ნაკადის ზრდამ მატებამ გამოიწვია.

“2017 წლის იანვარში ქვეყანაში გაცილებით მეტი ტურისტი შემოვიდა (დაახლოებით 1/3-ით მეტი), ვიდრე შარშან იმავე პერიოდში. მეორე ფაქტორია ფულადი გზავნილების თვალში საცემი მატება. თუ დავაჯამებთ შემომავალი და გამავალი ნაკადების მაჩვენებელს, დავნახავთ, რომ 29%-ითაა გაზრდილი ფულადი გზავნილების სალდო. გარდა ამისა, იანვარში ექსპორტი გაიზარდა დაახლოებით 45%-ით.

ეს და კიდევ სხვა მიზეზები განაპირობებენ ეკონომიკის ზრდის 5,2%-იან მაჩვენებელს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2016 წელი მთლიანად ჩავარდა (მთელი რიგი მიმართულებით დაბალი მაჩვენებლების დაფიქსირებაც ამას მოწმობს). შესაბამისად, იმ მინიმალური მაჩვენებლიდან შედარებით მაღალ საფეხურზე ასვლა უფრო მარტივია და უფრო აშკარად ჩანს.

ახლანდელი მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებითაა კარგი, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამ კუთხით საუკეთესო წელია. თანაც უნდა აღინიშნოს, რომ გადასახდელი გვაქვს საგარეო ვალი 3.5 მლრდ რომლის გასტუმრებაც ჯერ არ დაწყებულა. მომდევნო კვარტლებში, როდესაც ყველაზე მსხვილი ვალდებულებების გასტუმრება მოგვიწევს, ამ დროს საქმე გაცილებით რთულად იქნება თუ მნიშვნელოვნად არ გაიზარდა ყველა პარამეტრი, რომელიც პოზიტიურად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე”, – განუცხადა “რეზონანსს” ვახტანგ ჭარაიამ.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის პრეზიდენტი ირაკლი მაკალათიაც ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტორებზე, რომლაც მშპ-ის ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი განაპირობა. მისი აზრით, თუ არსებულ ტენდენციას ხელი არ შეუწყო სახელმწიფომ, სიტუაცია მარტივად შეიცვლება დადებითიდან უარყოფითისკენ.

“საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ეკონომიკისთვის დადებითი. პირველ რიგში, აღსანიშნავია წინსვლა ექსპორტში. ამ მხრივ სამომავლოდაც უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. უნდა გატარდეს ყველა ის რეფორმა (ექსპორტის ხელშეწყობას ვგულისხმობ), რომ მივიღოთ შედეგი, რაც ახლა გვაქვს. საყურადღებოა ფულადი გზავნილებისა და ტურისტების მატება ქვეყანაში.

ექსპორტში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი უჭირავს რუსეთს (18,2%), წინა წელთან შედარებით 10%-იანი მატება გვაქვს. ამ მხრივ რუსეთზე დამოკიდებული გავხდით. სასაქონლო პროდუქტების მხრივ მინერალური წყალი და ღვინო იკავებს წამყვან პოზიციას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის წარმოება ვერ ვითარდება და ქვეყნებს კვლავ ათეული წლის განმავლობაში შეთავაზებულ პროდუქტს ვთავაზობთ დღესაც. ეს ტენდენცია ეკონომიკას მოკლევადიან პერიოდში კი მოუტანს შედეგს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გადამწყვეტი ვერ იქნება”, – აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.

რეზონანსი“, 01 მარტი, 2017 წელი

ლარის რევალვაცია, სავარაუდოდ, ორი-სამი კვირა კიდევ გაგრძელდება

მეზობელი ქვეყნების ვალუტები მყარდება, მაგრამ ლარმა უფრო მაღალი ტემპი აკრიფა

მარი ჩიტაია

ლარის გამყარების პარალელურად, ეროვნული ვალუტები მეზობელ ქვეყნებშიც მკვეთრად მყარდება. თებერვლიდან მოყოლებული, ტენდენცია პოზიტიურია, რაზეც გარკვეული გავლენა სეზონმაც მოახდინა. დაახლოებით 2-3 კვირა რევალვაციის პროცესი გაგრძელდება, შემდეგ კი ლარი გარკვეულ დიაპაზონში დასტაბილურდება. წესით, და რიგით, უახლოესი პერიოდის სცენარი ასეთი უნდა იყოს, თუმცა საქართველოში ხშირად პირიქითაც მომხდარა.

“ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გუშინ 2,52-ზეც იყო ჩამოსული. ყოველდღე მყარდება ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი და უკვე 2,54-ის ფარგლებშია.

რეგიონში ლარი არ არის ერთადერთი ვალუტა, რომელიც პოზიციას იუმჯობესებს. თითქმის ყველგან ანალოგიური პროცესებია.

მაგალითად, რუსეთში 1-ლი თებერვლისთვის 1 დოლარი 60 რუბლი ღირდა, 28 თებერვლის მონაცემებით კი 57,8 რუბლის ფარგლებშია. თვის დასაწყისში თურქული ლირას კურსი დოლართან მიმართებით 3,77 იყო, ახლა კი 3,61-ია. აზერბაიჯანული მანათი, 1-ლი თებერვლის მდგომარეობით 1,95-ზე იყო, ხოლო თვის ბოლოს ეს მაჩვენებელი 1,78-ს არ აღემატება.

თებერვლიდან მოყოლებული, არ შეცვლილა სომხეთისა და უკრაინის ეროვნული ვალუტების კურსი. მიუხედავად არასტაბილური პოლიტიკური ვითარებისა, უკრაინული გრივნა ამერიკულ დოლართან მიმართებით ბოლო პერიოდში შესაშურ სტაბილურობას ინარჩუნებს. თუ ერთი თვის წინ 1 ამერიკული დოლარი 27 გრინვა ღირდა, ახლაც იგივე ნიშნულზეა.

რაც შეეხება სომხურ დრამს, მისი მყარი პოზიცია უკვე წლებია, განსჯის საგანია. რა თქმა უნდა, დრამის არც მოკლე, ერთთვიან პერიოდში შეტყობია რაიმე – 1 დოლარი 486 დრამის დიაპაზონშია.

სპეციალისტებს მიმდინარე სავალუტო პროცესტან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ კურსის გამყარება როგორც საქართველოში, ასევე რეგიონებშიც, ეკონომიკურ აქტიურობას უკავშირდება.

ამ აზრს არ იზიარებს საბანკო სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომლის შეფასებითაც, ლარის კურსზე ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. რაც შეეხება რეგიონულ ვალუტებს, მისი შეფასებით, ისინი განსხვავებულ ეკონომიკურ გარემოში არიან მოქცეული და შედარება ამ თვალსაზრისით, მთლად გამართლებული არ არის.

“აზერბაიჯანში ცენტრალიზებული ეკონომიკაა და იქ სხვა პროცესებია, შედარება არ იქნება სწორი. მეზობელ ქვეყანაში ლამის ფიქსირებული სავალუტო კურსი აქვთ, შეზღუდულია კონვერტაციები, კერძო კომპანიების და ფიზიკური პირების ტრანზაქციები, უცნობია დოლარზე მოთხოვნის დონე.

რაც შეეხება სომხეთს, ადგილობრივი ვალუტა პირდაპირ დამოკიდებულია რუსეთის დაფინანსებაზე, რომელიც მთლად გამჭვირვალე არ არის. ამიტომ პირდაპირი შედარება არც აქ არის გამართლებული, რადგან სხვადასხვა ეკონომიკურ სისტემაში ვიმყოფებით და ინვესტიციების განსხვავებული წყაროები გვაქვს”, – განმარტავს ხომიზურაშვილი.

რაც შეეხება ლარის ფაქტორს, მისი შეფასებით, ეროვნული ვალუტაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ეროვნული ბანკის მიერ შემცირებულმა რეფინანსირების სესხების მოცულობამ, რაც კურსზე პოზიტიურად აისახა.

“მართალია, სესხების უმნიშვნელო ნაწილის გალარება მოხდა, თუმცა მცირე გავლენა ლარის გამყარებაზე ამანაც იქონია. არსებული კურსი განპირობებულია არა ინვესტიციების ზრდით, არამედ ლარის ფულადი მასის შემცირებით, რაც სებ-მა განახორციელა. ამას დაემთხვა ასევე ფასიანი სახელმწიფო ქაღალდების ემისია ფინანსთა სამინისტროს მიერ, რასაც მოჰყვა ლარის ამოღება მიმოქცევიდან.

სებ-ი თუკი გააგრძელებს მკაცრ პოლიტიკას, რასაკვირველია, კურსი გამყარდება, მაგრამ ამით ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა ვერ მოხერხდება. პირველ რიგში, მთავრობამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ როგორღაც გაზარდოს ინვესტიციების ნაკადი ეკონომიკის რეალურ სექტორში. თუ არადა, სულ იქნება გაურკვეველი სიტუაცია. მთავარია, გამოიკვეთოს ლარის სტაბილურობის მომენტი, რასაც დაინახავს ბიზნესმენი, ინვესტორი და ხალხი. ეს სტაბილურობა ჯერ არ ჩანს”, – დასძენს ვახტანგ ხომიზურაშვილი.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რაც ლარის კურსს სასიკეთოდ დაეტყო, პოზიტიური მოლოდინია, რაც ეროვნული ვალუტის მიმართ შეიმჩნევა. იგი ფაქრობს, რომ მარტის განმავლობაში კურსი უფრო გამყარდება თუმცა რა მაჩვენებელიც არ უნდა დაფიქსირდეს, გაჭირვებულ მოსახლეობას უკვე ვეღარ უშველის.

“ეკონომიკაში ახლა არის აქტიურობის პერიოდი. იანვარი და თებერვლის დასაწყისი ამ მხრივ არ გამოირჩეოდა. დადგა ის პერიოდი, როდესაც ეკონომიკა აქტიურდება. შიდა ინვესტიციები ხორციელდება და სამუშაო პროცესიც მიმდინარეობს. შედარებითი გამოცოცხლების პერიოდია ყველგან, მათ შორის, მეზობელ ქვეყნებში.

ეროვნულ ვალუტაზე, გარკვეულწილად, გავლენა მოახდინა სესხების გალარების პროგრამამ. გარდა ამისა, ახლა მოლოდინი პოზიტიურია და ლარზე ესეც სასიკეთოდ მოქმედებს. ჩემი ინფორმაციით, ბიუჯეტში შემოსავლები იყო მობილიზებული დაგემილის ფარგლებში და ამ მხრივაც ნორმალური სიტუაციაა. შემთხვევითი არ არის, რომ ბიუჯეტიც, საშუალოდ, 2,50-ზეა დაგეგმილი. აქედან გამომდინარე, აღებული კურსი შენარჩუნდება, რასაც ყველა მონაცემი მოწმობს.

მიუხედავად ამისა, სოციალური ფონის გამოსწორება მთავარ გამოწვევად რჩება. კურსი 2,40-ზეც რომ ჩამოვიდეს, მოსახლეობა მძიმე მდგომარეობიდან ვერ გამოვა. საჭიროა კიდევ უფრო გამყარდეს ლარი, რაც მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს”, – განუცხადა “რეზონანსს” ავთო სილაგაძემ და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის პროცესში ყველა ოპერაცია განხორციელდეს ლარში, რასაც სავალუტო ბაზრის სტაბილურობისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს.

რეზონანსი“, 01 მარტი, 2017 წელი

მალე ათეულობით ონლაინ საკრედიტო კომპანია დაიხურება

ბევრმა ორგანიზაციამ უკვე დახურა გარე მომსახურების ცენტრები, ზოგიერთმა კი შეაჩერა მუშაობა

ნათია ლომიძე

სულ მალე ათეულობით მიკროსაფინანსო და ონლაინ სესხების ორგანიზაცია დაიხურება. 2017 წლის იანვრიდან შემოღებული რეგულაციის გამო მათ უკვე შეზღუდეს თავიანთი საქმიანობა. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ბევრმა საფინანსო კომპანიამ უკვე დახურა გარე მომსახურების ცენტრები, ჯერ კიდევ მოქმედი ობიექტები ახლო მომავალში შეწყვეტს ფუნქციობას.

“კრედიტ ინფოში” ნოემბერში 41 “ონლაინ” საკრედიტო ორგანიზაცია აღირიცხებოდა, ხოლო მიკროსაფინანსოების რაოდენობა 71-ს აღწევდა. იანვრიდან, ახალი რეგულაციის გამო, მათი არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. უახლოეს მომავლში ის საკრედიტო კომპანიები, რომლებიც ბაზარზე არსებულ ვითარებას ვერ გაუმკლავდებიან, დაიხურება.

“საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალ რეგულაციას ონლაინ და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ვერ გაუძლებს. მათთვის დაწესებული მაქსიმალური განაკვები (100%) არ არის საკმარისი გაწეული ხარჯის დასაფარად. სწორედ ამის გამოც შეექმნათ პრობელემა “ონლაინ” გამსესხებლებს. ისინი გამოსავალს თანამშრომლების შემცირებასა და სხვადასხვა ღია ობიეტის ლიკვიდაციაში ხედავენ.

“მიკროსაფინანსოების ინტენსიური გაუქმება უკავშირდება იმ ცვლილებებს, რომელიც მოჰყვა ეფექტური წლიური საპროცენტო მაქსიმალური განაკვეთის დადგენას. მოგეხსენებათ, იგი 100%-ზე მეტი არ უნდა იყოს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის უდიდეს ნაწილს თავისი მარჟა იმდენად მაღლა ჰქონდა აწეული, რომ ახლა ვეღარ ახერხებს, რეალობას მოერგოს.

საპროცენტო განაკვეთი შემცირდა, მათი ხარჯი კი მაღალი დარჩა. შემოსავალმა ერთბაშად იკლო და ამან განაპირობა სერიოზული ცვლილებები. მაგალითად, ინტენსიურად იხურება გარე მომსახურების ცენტრები. არც ერთი კომპანია, რომელიც წარმატებით მუშაობს, არ ამცირებს თანამშრომელთა რაოდენობას.

როგორც ჩანს, გარკვეული პრობლემა წარმოიშვა და ბიზნესი გამოსავალს პოულობს იმაში, რომ შეამციროს ხარჯი და მასშტაბები. ჩვენ ვამბობდით, რომ ცვლილებები ამ ბიზნესს საკმაოდ დააზარალებდა, რადგან ძალიან მაღალ მარჟაზე მუშაობდნენ. ისინი კრედიტს გასცემდნენ ისეთ პირებზე, რომლებიც არ იყვნენ გადახდისუნარიანები, თუმცა მოგება იმდენად მაღალი ჰქონდათ, უღირდა კომპანიას მსგავსი სესხის გაცემა. ვფიქრობ, დიდი და ძლიერი ორგანიზაციები გადაურჩებიან ამ რეფორმას, ბევრი მცირე ორგანიზაცია კი დაიხურება”, – განაცხადა კეპულაძემ.

ერთ-ერთი საკრედიტო კომპანიის უკვე ყოფილი თანამშრომელი ანა ნებიერიძე “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთი წლის შუალედში ორი სამსახურის შეცვლა მოუხდა. ორივე საფინანსო კომპანია იყო და ორივე მათგანის დახურვის მიზეზად ფინანსური მდგომარეობის გაუარესება დაუსახელეს. იგი ახლა უკვე სამსახურის ძიებას სხვა პროფილით იწყებს, რადგან “ონლაინ” და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში თავს საიმედოდ ვერ გრძნობს.

“ჩემთვის მოულოდნელი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც რამდენიმე დღის წინ მაცნობეს. მე და ჩემი კოლეგები ერთნაირი პასუხით დაგვითხოვეს სამსახურიდან, რომ კომპანია ხურავს გარე მომსახურების ობიექტებს. ამის მიზეზი კი ფინანსური მდგომარეობის გაუარესებაა.

სანამ “სვის კაპიტალში” ამიყვანდნენ, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, მანამ სხვა ონლაინ სესხის ორგანიაზაციაში ვმუშაობდი. იქიდანაც ანალოგიურად წამოვედი, რადგან საქმიანობა შეწყვიტეს. ეს ერთი წლის შუალედში მოხდა. ამჯერად ახალ სამსახურს ვეძებ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავიწყებ მუშაობას მიკროსაფინანსოში ან “ონლაინ” ორგანიზაციაში. არ ვარ დაცული იმისგან, რომ 3 თვეში არ დაიხურება და უსამსახუროდ არ დავრჩები”, – განაცხადა ანა ნებიერიძემ.

რეზონანსი“, 01 მარტი, 2017 წელი

თვალსაზრისი: დღევანდელი ხელისუფლება როგორი მკვლელიაშეგნებული თუ შეუგნებელი? // მშენებლობის უსაფრთხოების პრობლემები

ანზორ საკანდელიძე,

ასოციაციის “მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე”, თავმჯდომარე

სამშენებლო ეკოლოგიასთან თუ როგორი მაღალი დონის სახელმწიფოებრივი მიდგომა ჰქონდათ „ნაციონალებს“, ეს კარგად ჩანს მათ ნამოქმედარში, მათ სამშენებლო-ეკოლოგიური კონტროლის გაგონება არ უნდოდათ: მათ 2004 წელს დანაშაულებრივად გააუქმეს მთელ მსოფლიოში სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის მთავარ გარანტად აღიარებული მშენებლობის სამინისტრო (იგი არსებობს მსოფლიოს თითქმის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში); ყურად არ იღეს ჩვენი ოფიციალურად გაგზავნილი უამრავი წერილი თუ პრესაში გამოქვეყნებული ათეულობით საგაზეთო სტატია, როგორებიცაა: “ევრორემონტი თუ ევროსიკვდილი?!”, “სახლებში კი არა, გაზის კამერებში ვცხოვრობთ!”, “ფრთხილად, ჩერნობილის რადიაციით მოწამლული ლითონის მასალებია!”, “თბილისი სამშენებლო-ეკოლოგიური უბედურების ზონაა!”, “საქართველო მიდის სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური თვითმკვლელობისაკენ!”

სამწუხაროდ, მაღალი დონის სახელმწიფოებრივი მიდგომით არც ნაციონალებთან კოჰაბიტირებული “ქართული ოცნება” გამოირჩევა, რადგან მე-5 წელიწადია, ხელისუფლებაში ყოფნის დროს არც მშენებლობის სამინისტროს აღდგენისა და არც სამშენებლო-ეკოლოგიური კონტროლის შემოღებისათვის მათაც აბსოლუტურად არაფერი გაუკეთებიათ.

ამ დროს ცნობილია შოკისმომგვრელი სტატისტიკა, რომ მსოფლიოში გარდაცვალებულთა ნახევარზე მეტი იღუპება სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით გამოწვეული დაავადებებისაგან. ასეთი ნორმების დაუდგენლობით კი საქართველოში დღეს ყოველდღიურად ბევრი ავადდება ნელი, ე.წ. “თეთრი სიკვდილით”, უამრავს დაავადება უმძიმდება და ბევრი კვდება. ამ დროს მომკითხავი, პასუხის გამცემი და პასუხისმგებელი კი არავინაა!

რადიაციის ბუნებრივი წყაროებიდან ყველაზე ძლიერია რადონი, რომელიც უხილავი, უფერო, უსუნო, გაზია და ბუნებაში გვხვდება 2 რადიოაქტიური იზოტოპის სახით. ეს იზოტოპებია: რადონი-222, რომელიც ურან-238-ის დაშლის პროდუქტია და რადონი-220, რომელიც თორიუმ-232-ის დაშლიას პროდუქტია, თანაც რადონი-222 იზოტოპის რადიოაქტურობა 20-ჯერ აღემატება რადონი-220 იზოტოპის რადიაქტიურობას.

რადონი წარმოიქმნება მიწის ქერქში და ამოდის რა მიწის ზედაპირზე, ვრცელდება მთელ ტერიტორიაზე. ამიტომ არის აუცილებელი, როცა ვიკვლევთ სამშენებლო მოედანს, უნდა გამოვიკვლიოთ რადონის დონეც. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობის აშენების შემდეგ, რადონი გრუნტიდან შეაღწევს საძირკვლებში, სარდაფებში და გაივლის რა სართულშუა გადახურვებს, გავრცელდება მთელ შენობაში. გარდა ამისა, თითქმის ყველა ძირითადი საშენი მასალა (ქვიშა, ღორღი, აგური, ცემენტი, ბეტონი, ლითონი) მზადდება რა მიწის ქერქში მდებარე მთის ქანების გადამუშავებით, მეტ-ნაკლებად ყველა შეიცავს და გამოასხივებს რადონს.

გრუნტიდან შეღწეული და ასაშენებლად გამოყენებული საშენი მასალებიდან გამოსხივებული რადონი, მოექცევა რა უკვე აშენებული შენობის დახშულ სივრცეში, კონცენტრაციის გაზრდის გამო თანდათან ხდება ჯანმრთელობისათვის საშიში. თუ არ იქნება მიღებული სპეციალური ღონისძიებები (ოთახების მძლავრი ვენტილაცია-განიავება, სართულშუა გადახურვებისა და კედლების დაფარვა გაზგაუმტარი სპეციალური დანამატიანი დუღაბებით), რადონის კონცენტრაციამ შეიძლება მიაღწიოს სასიკვდილო დოზას და ამ შენობებში ცხოვრება გახდეს სახიფათო. თუმცა, ასეთი ღონისძიებებიც ზოგჯერ ვერ აღწევს შედეგს, რის გამოც ბევრ ქვეყანაში, უფრო მეტად კი ინგლისში, ხელისუფლება იძულებული ხდება მოსახლეობა გამოასახლოს და ეს რადონსაშიში შენობები დაანგრიოს. ვინაიდან რადონის აღმოჩენას სულ რამდენიმე ათეული წლის ისტორია აქვს, რადონუსაფრთხო მშენებლობა ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის შესწავლილი.

რადონის გაზი წყალში ადვილად იხსნება, რის გამოც მან ადამიანის ორგანიზმში შეიძლება შეაღწიოს სასმელი წყლიდან (განსაკუთრებით საშიშია ჭაბურღილის წყლები) და საკვებიდანაც. აქვე გვინდა გავაფრთხილოთ ის ფერმერები, რომლებიც მუშაობენ ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების მიღებაზე. ის მიწები, რომელთა გამოყენებას აპირებთ ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტების მისაღებად, აუცილებლად შეამოწმეთ რადონზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება, თქვენი შრომა წყალში ჩაგეყაროთ.

ძალიან დიდი პრობლემა შეიქმნა ბუნებრივი მოსაპირკეთებელი მასალების გამოყენებაში იმ დონეზე, რომ რადონის საშიში შემცველობის გამო ბევრ სახელმწიფოში უარი თქვეს გრანიტისა და მარმარილოს ძვირფასი ქვების გამოყენებაზე შენობათა შიდა ინტერიერებში. აქედან გამომდინარე, საქართველოშიც შენობათა შიდა ინტერიერებში გამოყენებული გრანიტისა და მარმარილოს მასალები აუცილებლად არის შესამოწმებელი რადონის გამოსხივებაზე. საფრთხე კი მართლაც რეალურია. აი, რას ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი, პროფესორი მიხეილ კავილაძე:

“რადონი გახლავთ გაზი, რომელიც მიწის განსაზღვრული უბნებიდან ამოდის – ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები. ასეთ ადგილებში მშენებლობები დამღუპველია (ალბათ, მოსავლის, მით უფრო, ეკოლოგიურად სუფთა მოსავლის მოყვანაც). ეს ნიშნავს, რომ აქ შესახლებული მოქალაქეები მუდმივი დასხივების ეპიცენტრში არიან… გამოსხივებულ ნაწილაკებს – რადონს – დაშლის პერიოდი ოთხ დღემდე აქვს, მაგრამ თავად წყაროს, ანუ რადიუმის ნახევრად დაშლის პერიოდი 1600 წელიწადია. ამდენად, კვლავწარმოების წყალობით რადონი მუდმივად “ცოცხლობს” და რადგან იგი ჩვენი მუდმივი თანამგზავრია, ამდენად აუცილებელია ვიცოდეთ მისი რაოდენობა ჩვენ გარშემო. მას ვერ აღმოაჩენთ, თუკი ამ პროცესში პროფესიონალი არ ჩაერია… რადონის უხილავ ნამცეცს (ერთი მიკროგრამის მემილიარდედ ნაწილს) ჩაისუნთქავთ და განწირული ხართ”.

რაც შეეხება საქართველოს, აქ შექმნილია კატასტროფული მდგომარეობა. დღემდე არ წარმოებს სამშენებლო-სარემონტო მასალებისა და აშენებულ შენობა-ნაგებიბათა შემოწმება ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. ამ მხრივ მსოფლიოში ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც დღემდე არც ერთი შენობა არ შემოწმებულა სამშენებლო-ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე. მოსახლეობა აბსოლუტურად დაუცველია. ხალხი ინფორმაციულ ვაკუუმშია. საქართველოში ისიც კი არ იციან, რომ რადიაციის გამოსხივების გარდა, არსებობს გაცილებით უფრო საშიში, რადონის რადიაქტიური გამოსხივება და რადიოაციული გამოსხივებით დაღუპულთა 70%, ფაქტობრივად, დაღუპულია რადონის გამოსხივებით.

სწორედ ამიტომ იყო, რომ მსოფლიოში მოხდა რადონის რადიოაქტიური გამოსხივების გამოყოფა რადიაციის რადიოაქტიური გამოსხივებიდან, დაიწყეს მისი ცალკე შესწავლა და შექმნეს რადონის სპეციალური დოზიმეტრული ხელსაწყოები. საქართველოში კი ხელისუფლება კვლავ ღრმა ძილშია!

ამ კოშმარების წაკითხვის შემდეგ, სჯობს, მკითხველმა თავად გადაწყვიტოს, როგორი მკვლელია ის ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკეთებს, რომ სამშენებლო ეკოლოგიამ და, კერძოდ, რადონმა სასიკვდილოდ არ გაგვწიროს – შეგნებული თუ შეუგნებელი?

აქვე გვინდა შევეხოთ ერთ პრობლემას. პირადად მე აქტიურად გამოვდივარ (განსაკუთრებით 2004 წლიდან, მშენებლობის სამინისტროს გაუქმების შემდეგ) პრესაში, ტელევიზიაში, კონფერენციებზე, მიტინგებზე, სამთავრობო თუ არასამთავრობო შეხვედრებზე სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის პრობლემებზე. ხშირად მსაყვედურობენ, რომ არ შეიძლება ისედაც ეკონომიურად გაუსაძლის სიღატაკეში მცხოვრები მოსახლეობის ზედმეტად დაშინება მოსალოდნელი სეისმური და სამშენებლო-ეკოლოგიური, პირველ რიგში, რადონის მოსალოდნელი კატასტროფული შედეგებით და ხალხს ვესაუბრო უფრო რბილად და “დავარცხნილად”, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. მიხარია, რომ ამ პოზიციას იზიარებს მიხეილ კავილიძეც:

“ბევრი ფიქრობს, რომ თუ რადიაციის საშიშროებაზე ყურადღებას გავამახვილებთ, ამით რადიოფობიას (რადიაციის შიშს) გამოვიწვევთ მოსახლეობაში, რაც მათი აზრით, რადიაციაზე უარესია. ამ მოსაზრებას, სამწუხაროდ, იზიარებს მედიის დიდი ნაწილი და სახელმწიფო მოხელეები, მაგრამ ლოგიკა – არ არსებობს ინფორმაცია, ე.ი. არ არსებობს პრობლემა – ამ შემთხვევაში დამღუპველია. არ არის საჭირო იმაზე თვალის დახუჭვა, რაც უმძიმეს დაავადებებს, მათ შორის, სიმსივნეებს იწვევს”.

———————

„არსენალი“, №3, მარტი, 2017 წელი

ინტერვიუ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან: ნატო-რუსეთის დაპირისპირება შავ ზღვაში გადმოდის / გენშტაბის უფროსის 100 დღე

(შემოკლებით)

„თებერვლის შუა რიცხვებში ბრიუსელში ნატოს სამიტზე მიიღეს ორი გადაწყვეტილება, რომლებიც ეხება შავი ზღვის რეგიონს და გარკვეულწილად – საქართველოს მომავალსაც. პირველი გადაწყვეტილება ითვალისწინებს ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების ვიზიტების გახშირებას შავ ზღვაში, მეორე კი შავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებსა და ალიანსის საზღვაო დაჯგუფებას შორის კოორდინაციის სისტემის შექმნას. ბრიუსელში არ მალავენ, რომ შავ ზღვაში ალიანსის საზღვაო შესაძლებლობების გაზრდის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთმა მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი შავი ზღვის ფლოტი, თუმცა ალიანსის ხელმძღვანელობას არ სურს, აღიაროს, რომ მისი რეაგირება გარკვეულწილად დაგვიანებულიცაა. (…)

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დასაყრდენი შავ ზღვაში არის თურქეთი, რომლის საზღვაო ძლიერება ალიანსის კიდევ ორი წევრის – რუმინეთისა და ბულგარეთის საზღვაო ძალების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აღემატება. თუმცა იმის გამო, რომ ანკარას მოსკოვთან კარგი ურთიერთობა აქვს, საეჭვოა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შავ ზღვაში გასაძლიერებლად თურქეთის სამხედრო ფლოტი გამოადგეს. რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ისე გასაძლიერებლად, რომ როგორმე რუსეთის შავი ზღვის ფლოტს გაუტოლდეს, ნატოს ძალიან დიდი ფინანსური სახსრების მოძიება დასჭირდება, რაც ამ ეტაპზე ძალზე რთულია, რადგან ალიანსის რიგი წევრი ქვეყნების თავდაცვის ბიუჯეტები მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე ნაკლებია. ბრიუსელში, ნატოს სამიტზე, ამერიკულმა მხარემ ტყუილად როდი მოსთხოვა ალიანსის ევროპელ პარტნიორებს თავდაცვის ბიუჯეტების მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე გაზრდა მაინც, რათა ალიანსის დაფინანსება, ძირითადად, ისევ აშშ-ის ხარჯზე არ გაგრძელდეს. (…)

ნატოს შავ ზღვაში ოპერატიულად გაძლიერების ერთ-ერთი გზა ალიანსის სამხედრო ხომალდების ხშირი სტუმრობა შეიძლება გახდეს, თუმცა აქაც არსებობს თავისი დამაბრკოლებელი ფაქტორი – 1936 წლიდან მოქმედი მონტრეს კონვენცია, რომელიც არაშავიზღვისპირა ქვეყნებს უკრძალავს შავ ზღვაში მათი სამხედრო ხომალდების 21 დღე-ღამეზე მეტად ყოფნას და ამასთან, ამ ხომალდების საერთო წყალწყვა 30 ათას ტონას არ უნდა აღემატებოდეს.კიდევ ერთი გამოსავალია, თუ ნატო დაეხმარება საქართველოსა და უკრაინას სამხედრო-საზღვაო ფლოტების შექმნა-გაძლიერებაში (რაც ასევე დიდ თანხებთანაა დაკავშირებული), ან სულაც, მაგალითად საქართველოს სანაპირო ზოლზე (იმავე ფოთის სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვაო პორტის სიახლოვეს, თავის სანაპირო დაცვის ბაზას დააფუძნებს..

ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი:

უპირველესად მოვახდინეთ ქვედანაყოფების სტანდარტიზაცია. ლაპარაკია ოცეულის, ასეულისა და ბატალიონის დონის სტანდარტიზაციაზე, ანუ სტანდარტული გვყავს ქვეითი ქვედანაყოფები, ჯავშანსატანკო მექანიზებული ქვედანაყოფები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე, ფაქტობრივად, ყველა დონეზე ქაოსი იყო. მთავარია, ათეულისა და ოცეულის ქვედანაყოფები მოვამზადოთ იმ საბრძოლო პროგრამებით, რომლებიც თავდაცვის გეგმებისთვის გვჭირდება. ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, ზოგიერთ რამეზე უარი ვთქვით, რადგან არსებობს ომის გამოცდილება და არ ვაპირებთ, ისეთი შეიარაღება შევინარჩუნოთ, რომლის გამოყენების უნარი არ გვექნება (…)

ხშირად გვეკითხებიან, რატომ არ გვინდა მოიერიშე cy-25-ების შეიარაღებაში დატოვება. ამას რამდენიმე პრობლემა ახლავს თან და ერთ-ერთი მათი საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნებაა. ამ მოიერიშეების სათადარიგო ნაწილების მთავარი ბაზარი რუსეთია, რომელთანაც წვდომა არ გვაქვს და მეორე, – რამდენად ეფექტიანად გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობები 2008 წელს… საქართველოს უმთავრესად ორი საფრთხე ემუქრება: მეზობელი ქვეყნისგან ან არაკონვენციური საფრთხე, როგორიც შეიძლება იყოს 10-15-კაციანი ტერორისტულისმაგვარი ბანდიტური დაჯგუფება, რომელმაც შეიძლება საზღვარი გადმოკვეთოს და სადმე საფრთხე შექმნას. ვიცით, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში ჩვენს ავიაციას შანსი არა აქვს, რომ ჰაერში აფრინდეს, განსაკუთრებით იმ რეალობიდან გამომდინარე, როდესაც მათი საჰაერო თავდაცვის საშუალებები მაქსიმალურ სიღრმეში, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიებზეა წამოწეული და აფრენიდან 10 წუთი საკმარისი იქნება, რომ ნებისმიერი ჩვენი საფრენი აპარატი ჩამოაგდონ. მეორე საფრთხის შემთხვევაში, არაკონვენციურ საფრთხეს ვგულისხმობ, „სუ-25“ არ დაგვჭირდება. ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ უპილოტო საფრენ აპარატებზე, რომელთაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვთ.

სადაზვერვოს გარდა, არის ისეთი უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც შეგვიძლია ახლო საჰაერო მხარდაჭერის ელემენტად გამოვიყენოთ. ავღანეთში ბევრი ჩვენგანი ყოფილა და იქაური გამოცდილება სწორედ მსგავსი აპარატების ეფექტიან გამოყენებას ეფუძნება. იმისთვის, რომ მსგავსი საფრთხეები გავანეიტრალოთ, სულაც არ არის საჭირო cy-25. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს საფრენი აპარატები წლებია მიწაზე დგას. ბოლო დროს მხოლოდ ერთი თვითმფრინავი თუ დაფრინავდა. ჩვენ ვინახავდით აპარატურას, რომელსაც არ ვიყენებდით, ამ დროს კი ბიუჯეტიდან დიდი რესურსები იხარჯებოდა. მომავალში ჩვენი საავიაციო შესაძლებლობები უპილოტოებისა და შვეულმფრენების პარკს დაეფუძნება. (…)

რეორგანიზაცია როდესაც ჩატარდა, იყო თანამდებობები, რომელთა არსებობაც აუცილებლობას არ წარმოადგენდა. გაბერილ შტატებს ვგულისხმობ. შესაბამისად, გაუქმდა ზოგიერთი თანამდებობა, საშტატო ერთეული და ოფიცრების გარკვეული კატეგორია კადრების განკარგულებაში დარჩა. ყველა განვიცდიდით მიმდინარე პროცესების სიმძიმეს, ყველა ვწუხდით, რადგან ადამიანი, რომელიც თავის ქვეყანას ემსახურა, შეიძლება გარეთ აღმოჩნდეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მინისტრმა ხელი შეგვიწყო და კომპენსაციები დაწესდა, დავმშვიდდით. ტელევიზიით მომისმენია, არ მეგონა, ასე თუ მოხდებოდაო, ვის რა ეგონა, სხვა საკითხია, ჯერ უნდა გადახტე და ჰოპლა მერე უნდა დაიძახო. ბევრმა ნებით დაწერა პატაკი და კომპენსაცია აიღო. მომავალში რა იქნება, მათზეა დამოკიდებული… ბევრი კაპიტანი და ლეიტენანტი 7-8 წელია, ასმეთაურად ან ოცმეთაურად მსახურობს. ეს ოფიცრების დეგრადაციას იწვევს. თუ კარიერულად არ განვავითარეთ, ოფიცრებს დავკარგავთ“.

პირდაპირ ვთქვათ, რაც ხდებოდა – ნებისმიერ ხელმძღვანელს, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მოდიოდა, თავისი გუნდი მოჰყავდა. ვის როგორი წვდომა ჰქონდა ხელმძღვანელობასთან, იმის მიხედვით ხდებოდა სამხედრო თანამდებობებზე დანიშვნა. თუ ვიღაცას ძლიერი მხარდამჭერი ჰყავდა, ის პოლკოვნიკის ვარსკვლავიან თანამდებობაზე ინიშნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო პირი იყო. ამან ის გამოიწვია, რომ ჩვენ გვყავდა 5 ათასი სამოქალაქო პირი, რომელთა დიდ ნაწილს პოლკოვნიკის, ვიცე-პოლკოვნიკის, მაიორისა თუ კაპიტნის თანამდებობები ეკავათ. ამ დროს კი ნამდვილი კაპიტნები და მაიორები კარიერულ დაწინაურებას წლების განმავლობაში ამაოდ ელოდნენ. გარდა ამისა, სხვადასხვა სარდლობის მიმართულებით ადამიანები წმინდა ნეპოტიზმის კუთხით ინიშნებოდნენ. სამოქალაქო პირების გაშვება მტკივნეული იყო, მცირედი ცდომილების საფრთხე ყოველთვის არსებობს, მაგრამ შეცდომით გაშვებულებს ყოველთვის ვცდილობთ, ანგარიში გავუწიოთ… (…)

მაისიდან ვაპირებთ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების პროცესი დავიწყოთ. საკმაო დროა საიმისოდ, რომ ამისთვის მოემზადონ და ზედმეტი წონა დააგდონ. თუ ვინმემ ვერ ჩააბარა ნორმატივები, მას ორი თვე მიეცემა მონაცემების გასაუმჯობესებლად. თუ მაინც ვერ შეძლო სათანადო ფიზიკური მზადყოფნის ჩვენება, კიდევ ერთ თვეს დავიცდით და ბოლო შანსსაც მივცემთ. თუ ყანწისა და ქეიფის რეჟიმიდან არ გამოვედით, პრობლემა ნამდვილად გვექნება. სხვათა შორის, არცთუ ცოტა სამხედრომ ჩათვალა, რომ ფიზიკური მომზადების ნორმატივებს ვერ ჩააბარებდა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და შეიარაღებული ძალების დატოვების სურვილი თავად გამოთქვა ერთჯერადი კომპენსაციის სანაცვლოდ. ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება იქ, სადაც გაბერილი შტატებია. რეორგანიზაცია ძირითადად შეეხო სამანევრო ქვედანაყოფებს, ლოჯისტიკასა და ავიაციას… შესაძლოა, ეს იყოს სპეცდანიშნულების სარდლობაც. იგივე პოლიტიკა, შესაძლოა, გაგრძელდეს ლოჯისტიკაში, გვარდიასა და ავიაციაში. საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის სარდლობის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან ამ სარდლობაში სულ მალე დაიწყება ფრანგული პროექტი, რომელიც ჩვენს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს სხვა ეტაპზე გადაიყვანს…

გაზაფხულის გაწვევაზე 1400 კაცამდე ავიყვანთ, შემოდგომის გაწვევაზე კი, 1300-მდე. ახალწვეულების მომზადების პროგრამა პროფესიონალი სამხედროების მომზადების იდენტურია. საწყისი საბრძოლო მომზადება დაახლოებით 3 თვე გასტანს. გარდა ამისა, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები ჩართული იქნებიან ყველანაირ სწავლებაში, ისინი მხოლოდ საყარაულო სამსახურის ფუნქციით არ შემოიფარგლებიან. ახალწვეულებთან ერთად, ყარაულის სამსახურში პროფესიონალებიც გავლენ, რათა ეს უნარ-ჩვევები არ დაკარგონ. რა თქმა უნდა, ახალწვეულების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციად საყარაულო სამსახური დარჩება, მაგრამ მათ პროფესიონალების ჩანაცვლებით დროც გამოუთავისუფლდებათ იმისთვის, რომ პოლიგონზეც წავიდნენ და საბრძოლო მომზადება გაიარონ. გარდა ამისა, გვინდა შაბათ-კვირა თავისუფალი ჰქონდეთ, რათა ოჯახების მონახულება შეძლონ… ამ დღეებში დასვენება მხოლოდ იმათ არ მოუწევთ, ვინც ნაწილში მორიგედ დარჩებიან ან ვისაც სადისციპლინო სასჯელი ექნება მოსახდელი. ასევე, აქამდე არსებული 7 ლარის სანაცვლოდ, ისინი ხელზე 50 ლარს მიიღებენ, რასაც ტრანსპორტირებისა და სხვა წვრილმანი ხარჯებისთვის გამოიყენებენ… მაქსიმალურად შევეცდებით, წვევამდელები რეგიონულად გავიწვიოთ, თუ, რა თქმა უნდა, ვიღაცას პირადი თხოვნა არა აქვს, სხვა რეგიონში წავიდეს. (…)

წლების განმავლობაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები უნდა მოგვარდეს. აუცილებლად უნდა დავასრულოთ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი ახალქალაქში, უნდა განვავითაროთ ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი, ასევე მანევრის ცენტრი, რომელიც ასევე პრიორიტეტულია და იქ ყველა კურსი მოიყრის თავს. ვიწყებთ საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის შექმნას, რომელსაც საფუძველი 2017 წელს ჩაეყრება და მას სპონსორობას გაუწევენ ჩვენი ამერიკელი მეგობრები და მისი მშენებლობა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე დაიწყება. ვაზიანის აეროდრომს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ის სახმელეთო-საავიაციო კომპონენტს კრავს, რადგან ლოჯისტიკური გადაზიდვების თვალსაზრისით გრძელვადიან პერსპექტივაში, მომგებიანიც არის და ეკონომიურიც. განსაკუთრებით ნატოს ქვეყნების წარმომადგენლებისა და ჩვენთვის, რადგან ვაზიანს ასევე აქვს სარკინიგზო პლატფორმა მძიმე ტექნიკის დასატვირთად და აეროდრომი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მისაღებად ანუ ეს სისტემა უნივერსალურია..“.

——

შეკითხვაზე – აპირებს თუ არა გენშტაბი „დელტას“ ბაზაზე ეროვნული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას და რა მეთოდებით? – ვლასდიმერ ჩაჩიბაი პასუხობს:

„თავდაცვის სამინისტროსთან იყო საუბრები, თავის მხრივ, სამინისტრო ესაუბრა „დელტას“ ხელმძღვანელობას და ჩვენ აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებთ, მეტიც, „დიდგორების“ თაობაზე ჩვენ გამოკვეთილი პოზიცია გვაქვს. გვინდა „დიდგორები“ ჩვენს შეიარაღებაში შევიყვანოთ, ოღონდ მოდერნიზებული და გაუმჯობესებული სახით. სამედიცინო, კავშირგაბმულობა და სადაზვერვო – ეს სამი მიმართულებაა, სადაც ამ ტიპის ჯავშანმანქანებს გამოვიყენებთ, მაგრამ არც სხვა ტიპის შეიარაღების გამოყენებასაც გამოვრიცხავთ. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება დღეს და ხვალ, თუმცა “დელტასთან” თანამშრომლობა გადაწყვეტილია. (…)

რაც შეეხება საქართველო-ნატოს თანამშრომლობას, ეს წელი ძალზე დატვირთული იქნება. გაგრძელდება ერთობლივი სწავლებები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და უშუალოდ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებთან ერთად. ალიანსის ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩა გასულ წელს ქართულ პოლიგონებზე ჩატარებული ერთობლივი სწავლებების ხარისხით და სურს, გააგრძელოს ეს ტრადიცია. რაც შეეხება ავღანეთის მისიას, ჩვენი ჩართულობა, ჯერჯერობით, ძველი ფორმატით დარჩება. 2018 წლის გაზაფხულიდან გადავხედავთ ჩვენი მონაწილეობის შესაძლებლობებს, რადგან “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შემდგომი ფორმატი უნდა გადასულიყო პოლიციური დანიშნულების მისიაში, რომელსაც სჭირდებოდა დაცვა ბაზებზე და სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების ყოფნა. მალე გამოჩნდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ალიანსი ავღანეთში მისიის შემდგომი გაგრძელების თაობაზე.

————–

„არსენალი“ – ქართული სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი, გამოდის ყოველთვიურად.

„არსენალი“, №3, მარტი, 2017 წელი

სახელმწიფო საზღვარს ქალებიც იცავენ

(შემოკლებით)

შინაგან  საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის პირადი შემადგენლობის დაახლოებით 20% ქალია. როგორია მათი დამოკიდებულება სამსახურისადმი, მით უფრო, რომ ბევრს სამსახურთან ოჯახური საქმიანობის შეთავსება უხდება?

“ჩემთვის დიდი პატივია აქ მუშაობა. შსს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობა მრავალმხრივი და საპასუხისმგებლოა. გვეკისრება სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზონასა და ზოლში, საქართველოს საზღვაო სივრცეში. თავდაცვის სამინისტროში დაგროვილი 10-წლიანი გამოცდილება ძალიან მეხმარება ამ მნიშვნელოვან უწყებაში მუშაობაში. ჩვენი ამოცანაა სასაზღვრო პოლიციის განვითარება, მოდერნიზაცია და ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, სხვადასხვა საერთაშორისო თუ დონორ ორგანიზაციასთან, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება. ასევე, ვმუშაობთ ორმხრივ ახალ გეგმებზე პარტნიორ ქვეყნებთან”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე ნინო ბაქრაძე.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსებისა და ანალიტიკური სფეროს სრულყოფა. ეფექტიანად მართვისთვის პროფესიული და კარიერული სისტემების განვითარება-დანერგვას ვგეგმავთ. საჯარო სექტორში მომუშავე ქალებს მინდა ვუთხრა, რომ მათი როლი ქვეყნის განვითარებაში უდიდესია. ისინი მრავალი სახელმწიფო უწყების პროფესიონალი თანამშრომლები არიან… ყველა ქალს ვულოცავ გაზაფხულის ლამაზ დღესასწაულებს – დედისა და ქალთა დღეებს, ვუსურვებ წარმატებას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას. მისასალმებელია, რომ ქალის როლი და რაოდენობაც იზრდება სახელმწიფო, უსაფრთხოებისა თუ სამართალდამცავ უწყებებში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ამ სფეროების განვითარებას. მინდა თითოეულ მათგანს ვუსურვო წარმატება, ბედნიერება. დიდი პატივი, პასუხისმგებლობა და გამართლებაა სახელმწიფო უწყებაში მუშაობა, საამაყოა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში მუშაობა, რადგან ვემსახურებით საქართველოს. მინდა მივულოცო ყველა პოლიციელისა და მესაზღვრის დედას, მეუღლეს, შვილს – გისურვებთ წარმატებას, დღეგრძელობასა და ღვთის მფარველობას”, – დასძენს ნინო ბაქრაძე.

“ჩემი მოვალეობაა პირადი საქმეების აღრიცხვიანობის მოწესრიგება, ბრძანებების მიხედვით ჩანაწერების გაკეთება პირად საქმეებში, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს დანიშვნას, წახალისებას, წოდების მინიჭებას, დაჯილდოებას, დათხოვნას და ა.შ. ვაწარმოებთ ანბანურ ბარათებს, ასევე გავცემთ ცნობებს საჭიროების ადგილზე წარსადგენად. არ მიმაჩნია, რომ ჩემი საქმიანობა რუტინულია, პირიქით, ძალიან საინტერესოა, იმდენად, რამდენადაც მთელ პირად შემადგენლობას ვემსახურები და ვზრუნავთ, რომ პირადი საქმეები ყოველთვის მოწესრიგებული იყოს. თითოეული მომსახურის პირადი საქმე სამსახურიდან წასვლის შემდეგ 85 წლის განმავლობაში ინახება, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდგომში მათ შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვონ მათთვის სასურველი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია მიიღონ”, განმარტავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს პირადი საქმეების აღრიცხვის ქვეგანყოფილების უფროსი, სასაზღვრო პოლიციის კაპიტანი ნინო ბეგიაშვილი.

“ათი წელია ფორმა მაცვია. იქიდან გამომდინარე, რომ ოთხ დღეში ერთხელ მიწევს მუშაობა, სამსახურში მოსვლისთანავე ვიბარებ ცვლას, ვეცნობი ჩემს არყოფნაში შემოსულ ინფორმაციებს. განსაკუთრებული ყურადღებით ვეპყრობი ბათუმიდან და ფოთიდან მიღებულებს, რომლებიც შეეხება შავ ზღვაში არსებულ მდგომარეობას, თანამშრომლებს, ზოგად სიტუაციებს, დაჯარიმებებსა თუ მცურავ ერთეულებს. შემდეგ ეს ინფორმაცია ადრესატს მიეწოდება. ჩემი საქმიანობა უზომოდ საინტერესო და საჭიროა. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საქმიანობა მუდამ სიახლეებითაა სავსე. ყოველი მორიგეობა ჩემგანაც მოითხოვს მუდმივად საქმის ვითარებაში ყოფნას. უზომოდ მიყვარს ფორმა და დიდ პატივს ვცემ ფორმიან ადამიანებს, ამიტომაც ჩემს სამსახურს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია პირად ცხოვრებაში. მინდა აღვნიშნო, რომ სამოქალაქო ქალბატონებისგან განსხვავებით, ჩვენ ბევრად მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია. ვინაიდან, ვართ ქალები, დედები, მაგრამ ხშირად სამსახურიდან გამომდინარე გვიწევს ბევრ რამეზე უარის თქმა, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით ვულოცავ ყველა ქართველ პოლიციელ ქალს, ვუსურვებ მათ მხნეობასა და წარმატებას”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს ოპერაციების დაგეგმვისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ოპერაციების მართვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი (ოპერატიული მორიგე), სასაზღვრო პოლიციის ლეიტენანტი მარიამ კაპანაძე.

„დეპარტამენტის საქმიანობა ძალიან მრავალფეროვანია, ვინაიდან დაკავშირებულია საქართველოს ყველა კუთხესთან, იქ განთავსებულ სამმართველოებთან. გარკვეული პერიოდულობით საზღვრისპირა რეგიონებში ჩასვლა გვიხდება სხვადასხვა სახის შემოწმებისა და სასწავლო ტრენინგების ჩასატარებლად. სასაზღვრო უწყებაში მუშაობის დაწყებამდე გარშემო მყოფების არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო, ანუ “ქალი და სამართალდამცავი ორგანო, მით უმეტეს, საზღვარი”?! მაგრამ დღეს ყველა თანხმდება, რომ სასაზღვრო პოლიციაში მუშაობა ქალისთვის საინტერესოა. ყველა ქალს ვულოცავ გაზაფხულის ამ ლამაზ დღესასწაულს, სიხარულსა და ბედნიერებას ვუსურვებ. აქვე მინდა მივმართო მამაკაცებს: გაუფრთხილდით ქალებს, ისინი ძალიან სათუთნი და ნაზი არსებები არიან, მუდამ ყურადღებას და სითბოს საჭიროებენ. იყავით მათთვის იმედი, საყრდენი კედელი და ენერგიის ულევი წყარო. გიყვარდეთ ისინი, პატივი ეცით და გაუფრთხილდით”, – დასძენს გამოცემასთან საუბრისას სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სასაზღვრო პოლიციის მაიორი ლალი კახნიაშვილი.

„არსენალი“, №3, მარტი, 2017 წელი

ცხოვრება კონფლიქტის ზონაში: გორის რაიონი

(შემოკლებით)

„ცხინვალიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში სოფელი ნიქოზია, ომის დროს დაბომბილ-გაძარცული. მაშინდელი კვალი ახლაც ეტყობა. სახლების დიდი ნაწილი აქ დღესაც ისევე გამოიყურება, როგორც 2008 წლის აგვისტოში და უმრავლესობა მიტოვებულია. როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, ბევრი აღდგენას აღარ ექვემდებარება. არის კიდევ ერთი მიზეზი – რეაბილიტაციისთვის ხელისუფლების მიერ გაღებული თანხები საკმარისი არ აღმოჩნდა“, – ნათქვამია სტატიაში.

„სოფლის შესასვლელში ქართველი ძალოვნები დგანან, მაგრამ გორი-ნიქოზის რეისის მიკროავტობუსის მძღოლს ცნობენ და არ გვაჩერებენ… ნიქოზსა და მის გარშემო სოფლებში პრობლემები უამრავია, ყველა წვრილმანი თუ “მსხვილმანი” ადგილობრივებს მცირედ ბიძგს აძლევს, რომ იქაურობა დატოვონ. ზოგმა ამ ბიძგებს ვერ გაუძლო, ზოგმა კი როგორღაც გადალახა. ზამთარია და ისედაც მცირემოსახლეობიან კონფლიქტის ზონაში, თოვლიან და მოყინულ ქუჩებში, ადამიანის ჭაჭანება არ არის. აქ ბავშვის ხმის გაგონება დიდი ბედნიერებაა, რადგან ზემო და ქვემო ნიქოზში, ფხვენისსა და შინდისში, სულ რამდენიმე ოჯახია, სადაც ბავშვები ცხოვრობენ. უმეტესად მხოლოდ მოხუცებიღა დარჩნენ… აქაურების თქმით, “საზღვარზე” ცხოვრება რთულია. საერთო გასაჭირის, მავთულხლართებისა და მოძრავი საზღვრის გარდა, ადგილობრივები სხვა პრობლემებსაც უხვად აწყდებიან. ყველაზე მთავარი არასტაბილური შემოსავალია, ამიტომაც არ ჰკიცხავენ მათ, ვინც გორს ან თბილისს შეაფარეს თავი“, – აღნიშნავს გამოცემა.

„ახლა კიდევ არა გვიშავს, იმ წლებში, როდესაც კოკოითის ხელისუფლებამ წყალი გადაგვიკეტა, ისეთ დღეში ჩავცვივდით, დღესაც არ ვიცი, როგორ გავუძელით… პაპანაქება სიცხეში უწყლოდ დავრჩით. ბაღებში ხეხილი და ნარგავები გაგვიხმა… ახლა, როგორღაც ვახერხებთ და არხებით ვსარგებლობთ. ბევრს ხეხილის ბაღები მავთულხლართებს მიღმა დარჩა, ისევე როგორც საძოვრები. საქონელს მშიერს ხომ არ დავხოცავდით, ამიტომ ძალიან ბევრმა გაყიდა… თუ სოფელში მეურნეობა არა გაქვს, მშიერი მოკვდები, ამიტომ უნდა ადგე და ქალაქში წახვიდე… ადრე, 2008 წლის ომამდე, ოსებიც გადმოდიოდნენ და ჩვენც ვახერხებდით იქით გადასვლას, ხან პროდუქტს ვყიდდით, ხანაც ჩვენი ქალები `ლილოს~ საქონელს ეზიდებოდნენ და როგორღაც ვუძლებდით გაჭირვებას. ახლა მავთულხლართებით გაგვყვეს და ერთმანეთს ტელეფონითაც კი ვერ ვუკავშირდებით… იქითაც ძალიან უჭირთ. 2008 წლის ომის შემდეგ ვითარება უარესობისკენ შეიცვალა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიქოზის მკვიდრი ზურა და შეკითხვაზე – “2008 წლის ომის დროს აქ იყავით?” – პასუხობს:

“დიახ. დაბომბვები, რომ დაიწყო, მაშინაც. მთელ სოფელში ათი კაციღა იქნებოდა დარჩენილი… როდესაც მონასტრის ტერიტორია დაბომბეს, რუსეთის მოიერიშეები იმდენად ახლოს დაფრინავდნენ, რომ მონასტრიდან ერთი კაცი გამოსულა და ის დაულანდავთ, მაშინვე ჩამოყარეს ბომბები, ამ კაცმა წამებში გამოასწრო. დაბომბვის წნევის ძალამ კარი ჩამოაგდო. მხტუნავი ბომბები ჩამოყარეს. ნამდვილი ომი იყო, მაგრამ გავუძელით… შემდეგ, როდესაც სიტუაცია ცოტათი ჩაწყნარდა, გამოვიპარეთ. აქ რუსები იყვნენ, მაგრამ რა გული გაგვიძლებდა, მაინც შემოვედით. რა განსხვავება იყო, იქ ამათზე დარდით მოვკვდებოდით თუ აქ რუსები დაგვხოცავდნენ”.

“რუსების, ძირითადად, სამი კატეგორია იყო, – ძალიან თავხედები და აგრესიულები, რომლებიც წარამარა ავტომატს ატკაცუნებდნენ და სასმელს ითხოვდნენ. მერე თვრებოდნენ და ვაშლის ბაღებში ეძინათ; ნორმალურები, რომლებთანაც საუბარი შეიძლებოდა, და ისინიც, რომლებიც აგრესიულების დამშვიდებას ცდილობდნენ და გვაფრთხილებდნენ, მათ პირისპირ არ შევხვედროდით… იყვნენ ისეთებიც, ვინც ჩვენს დახმარებას ცდილობდნენ. დამშეულები იყვნენ და სახლში რომ შემოდიოდნენ, სულ თვალებს აცეცებდნენ. ერთი მათგანი კონტრაქტით მსახურობდა. ჩვენს მეზობელს გამოსაუბრებია და უთქვამს, თქვენ გგონიათ, მე მიხარია ეს ყველაფერი, უდანაშაულო ხალხის შეშინება და იარაღის ჩხარუნი, მაგრამ რუსეთში სამუშაო არაფერია და ოჯახი ხომ უნდა ვარჩინო, ამიტომ წავედი კონტრაქტით სამსახურშიო. ერთი რუსი ჯარისკაცი ერთ ოჯახს მიეკედლა, მუდმივად იქ იკვებებოდა და წასვლისას მათ ღობეზე დაწერა, მრცხვენია, რომ აქ ვიყავიო… თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ისინი მაინც ოკუპანტები იყვნენ ჩვენთვის და ისე ვექცეოდით, როგორც დამპყრობელს და ამას ხვდებოდნენ…”, – დასძენს რესპონდენტი.

“ნიქოზში სტუმრად ვარ, ჩვენც იგივე პრობლემები გვაქვს. ძალიან უჭირს ხალხს, მთავრობის დახმარების გარეშე აქ რამის მიღწევა ძნელია. სოფელში სამსახური არავის აქვს, თუმცა, მადლობა ღმერთს, დავბრუნდით და სახლებში გაჩერება საშიში აღარაა. 13-14 წლის ქალ-ვაჟი მყავს, ამ წლის დასაწყისში გორიდან ჩვენთან გადმოვიყვანეთ, მერეთის საჯარო სკოლაში დადიან, მაგრამ აქაც პრობლემაა – ტრანსპორტი არ მოძრაობს, რის გამოც ბავშვებს 4 კილომეტრზე წინ და უკან სიარული ფეხით უწევთ. ახლა კიდევ არა უშავს, მაგრამ ზამთარში?! მავთულხლართებს რომ აბამენ, ზოგჯერ მეშინია კიდეც, მაგრამ ჩვენი სამართალდამცავების იმედი მაქვს; არადა, ქართველებს და ოსებს ნათესაობა გვაკავშირებს, დაბალი ფენის ხალხს გასაყოფი საერთოდ არაფერი გვაქვს”, – ამბობს ჟურნალის კორესპონდენტთან საუბრისას მერეთის მკვიდრი ციცინო ელიკაშვილი.

“ადგილობრივები უკვე ხუმრობით იხსენებენ ისეთ ფაქტებს, როდესაც საკუთარ სახლში საჭირო ნივთის წამოსაღებად ქურდულად გადადიოდნენ – “როდესაც მავთულხლართები გაავლეს, დისევი იქით დარჩა. იქაურების დიდი ნაწილი დროებით მერეთს შეეფარა. ვიღაცები რისკავდნენ და სახლებში, ბაღებსა და ბოსტნებში იპარებოდნენ. ასე მოიპარა ერთმა ჩვენიანმა ყურძენი საკუთარი ვენახიდან. მერე ჰყვებოდა, თავს რომ ვევლები, მაშინ არ გამოუსხამს ამდენი ყურძენი და ახლა გადარეულა. ისე ბარაქიანად ესხა, სანამ ვკრეფდი, ლამის თავზე დამათენდაო. კარგი ღვინოც დააყენა და მერე კარგა ხანს ხუმრობდნენ, მოპარული ღვინოაო…” – მიყვება მოხუცი, რომელიც შვილსა და შვილიშვილებს კვირაში ერთხელ ნახულობს, რადგან ისინი ქალაქში ცხოვრობენ”, – წერს სტატიის ავტორი.

“აქაურების დაკავება ხშირია, იმდენად ხშირი, რომ უკვე აღარც უკვირთ… სოფლის სტადიონი, ზაფხულში ახალგაზრდობის გასართობი ერთადერთი ადგილი იყო. ახლა მისგან რამდენიმე მეტრში მავთულხლართებია გავლებული. არაერთხელ წაუყვანიათ იქ მოთამაშე ახალგაზრდები, როგორც წესი, პირდაპირ ცხინვალის იზოლატორში. “ამას წინათ ჩვენი მეზობელი კაცი წაიყვანეს. საქონელს მწყემსავდა. ძალიან თავაზიანად დასდგომიან თავზე რუსი სამხედროები და უთქვამთ, გამოგვყევით, თან სულ ბოდიშების მოხდით დაუდვიათ ხელზე ბორკილები… ცხინვალში უნდა წაგიყვანოთ, – ძროხები, იმედია, სახლს მიაგნებენო… მერე გვიყვებოდა, ცხინვალის იზოლატორში რომ მიმიყვანეს, ყავა დამალევინეს, თან მკითხეს, შაქარი რამდენი გინდათო. სიცილის თავი სადღა მქონდა, მაგრამ მაინც გამეცინაო. ციხეში ჩემთან ერთად ყველასთვის კარგად ცნობილი, ოკუპირებული საფლავების ჭირისუფალი, ხურვალეთელი დათა პაპა იყო. სათვალავი აღარ მაქვს, აქ უკვე მერამდენედ ვარ, მაგრამ სანამ მოვკვდები, კიდევ რამდენიმეჯერ მოვასწრებო, უთქვამს. ამ ჩვენი სოფლელისთვის უთქვამთ, იქით აღარ იაროო, ეს ჩემი სახლია, აბა, სად ვიაროო, უკითხავს თურმე”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.

“კიდევ ერთი ქართველი მჯდარა მათთან ერთად. შენ ვინ ხარო, უკითხავს და რაც უფრო ნაკლები გეცოდინება, უკეთესიაო, უპასუხია იმ კაცს. ერთი სიტყვით, 2 ათასი რუბლი, ჩვენი ვალუტით, დაახლოებით, 90 ლარი გადაახდევინეს და გამოუშვეს. ხუმრობდა, ამ თანხით კი მიღირდა ცხინვალის დათვალიერება, მენატრებოდაო, თან ორჯერ ლობიოს ცხელი შეჭამანდითაც გამიმასპინძლდნენო… ომის შემდეგ სულ გაპარტახებულა იქაურობა… თავად რუსებს მოუყოლიათ, რამდენიმე დამოურჩილებელი ქართველი გვყავს, ლამის კვირაში ერთხელ მიგვყავს ციხეში და მაინც გადმოდიანო. როდესაც გაოცებული ვეკითხებით, რატომ აკეთებთ ამას, ხომ იცით, რომ დაგიჭერენო, უფრო მეტად გაოცებული გვეკითხებიან, მამით და პაპით ქართველი ვარ და ჩემს მიწაზე როგორ არ გავიარო, დამიჭირეთ და რაც გინდათ, ის მიქენით, მაინც გადმოვალო… რუსებისთვის ეს გაუგებარია. ის ჩვენი მეზობელი ხუმრობს, ახლა ჯიბეში სულ მიდევს რუსული ფული, დრო რომ არ დავკარგო, საქონელიც არ გამეფანტოს და ოჯახმაც რომ არ ინერვიულოს, ადგილზევე მივცემ რუსებსო…” – ჰყვება ნიქოზელი ქალი და ჯურნალის კორესპონდენტს თეთრსახურავიან სახლებს აჩვენებს, – ის ცხინვალიაო… ხშირი ყინვებისგან გზებიც გაფუჭებულია. ატალახებულ შარაზე მანქანები საათში ერთხელ გამოჩნდებიან… სოფელში გაზი გაყვანილია, რაც აქაურებისთვის დიდი შვებაა. ეტყობა, საგაზაფხულოდ სარწყავი არხების საკითხიც უნდა მოგვარდეს. როგორც სოფელში ამბობენ, მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ყოველთვიური შემოსავალი არა აქვს და აქედან ამიტომაც გარბიან… ნისიებზე მუშაობს სოფლის სურსათის მაღაზიაც. სოფლიდან მოვდივართ. ყველა გაჩერებაზე ბირჟაა – სოფელში ყველაზე საინტერესო ადგილი. ნახირიდან წამოსული მამაკაცები აქ ერთმანეთს ხვდებიან, ზოგი ქალაქიდან მომავალ ცოლ-შვილს უნდა დახვდეს. კაცები სიტყვაძუნწობენ, რად უნდა ლაპარაკი, ნახეთ, რამდენი ცარიელი სახლია გარშემო და ყველაფერს მიხვდებითო. ნიქოზიდან გორისკენ მომავალი გზადაგზა ცარიელი სახლების დათვლას ვცდილობდი, მაგრამ ამერია იმდენად ბევრია” – დასძენს სტატიის ავტორი.

Comments are closed