globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 1 მაისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on May 1st, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: ინტერვიუ თედო ჯაფარიძესთან: “რიგის სამიტის შედეგი იქნება ძალიან სასიამოვნო და ბევრის მთქმელი”

რეზონანსი: აფხაზეთის მოსახლეობას ევროპული პერსპექტივა არ ხიბლავს

„ახალი თაობა“: „პანკისში ჩეჩენი მებრძოლების მოსამზადებლად 100 ათასი დოლარი გადაიხადეს“ // რა მოხდა ლაფანყურში – მოჯაჰედის მანსურ შუდინოვის ჩვენება

———————-

რეზონანსი“, 01 მაისი, 2015 წელი

ინტერვიუ თედო ჯაფარიძესთან: “რიგის სამიტის შედეგი იქნება ძალიან სასიამოვნო და ბევრის მთქმელი”

იაგო ნაცვლიშვილი

ინტერვიუში პასრლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე საქართველოს საშინაო საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საუბრობს.

(ამონარიდი)

თქვენ ახსენეთ ალასანიას გუნდი, როდესაც ისინი წავიდნენ ოპოზიციაში მათ შეიცვალეს რიტორიკა. რით ახსნით ამას?

– ალასანია და მისი გუნდის ბევრი წევრი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია.

დღესაც ინარჩუნებთ მეგობრობას?

– რა თქმა უნდა. სამწუხაროდ, ყოველდღიური შეხვედრა არ მაქვს მათთან, არც ახლა და არც ადრე, მაგრამ მეგობრებად დავრჩით. თუმცა დისკომფორტი მექმნება, როდესაც ადამიანები პოლიტიურ შეხედულეებს და თუნდაც პირად სიმპათიას დაკავებული თანამდებობების მიხედვით იცვლიან. მესმის მათი წუხილი, მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ პირადი წყენით ქვეყნის ინტერესი არ შევლახოთ, შეცდომაში არ შევიყვანოთ საერთაშორისო საზოგადოება, „არიქა, ჩვენ თუ არ ვიქნებით, შეიცვლება საგარეო პოლიტიკური ტრაექტორია, ქვეყანა რუსეთისკენ გადაიხრება“.

ვიყოთ კრიტიკულები, მაგრამ ობიექტურობის შეგრძნებასაც ნუ დავკარგავთ და არ უნდა დაგვავიწყდეს, საქართველოს საგარეო პოლიქიკზე წინა თაობებიც ზრუნავდნენ, „აკკუნებდნენ“ ნატოს კარზეც. ამავე დროს არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რომელიც ალასანიას გუნდს გააჩნია და ის ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოვიყენოთ.

თუმცა ამგვარ „პოლიტიკურ ტანგოს“ ორი პარტნიორი სჭირდება, მარტო ჩემი სურვილით შორს ვერ წავალთ. შესაძლოა, ჩვენ გვქონდეს განსხვავებული შეხედულებები ბევრ საკითხთან დაკავშირებით, გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური მიზნები, მაგრამ ჩვნ უნდა გვაერთიანებდეს სტრატეგიული ინტერესები.

სამი კვირა რჩება რიგის სამიტამდე. რა შანსი გვაქვს სავიზო ლიბერალიზაციის მისაღებად?

– ჩვენ რიგის სამიტზე მივიღებთ ზუსტად იმას, რისი მიღებაც იგეგმებოდა: მოხდება ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეული პროგრესის ტექნიკური შეფასება, აისახება ძალიან დიდი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე და კონკრეტულად ვიზალიბერალიზაციის მეორე ფაზის შესრულების დროს.

მიუხედავად, ათასნაირი „საექსპერტო“ შეფასებებისა, თუ პოლიტიკური მარჩიელობისა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ რიგის სამიტზე მოხდება ძალიან დიდი პროგრესის დაფიქსირებაც და სამომავლო გეგმების დაფიქსირება. წინ ძალიან დიდი მოცულობის სამუშაო გველის: ევროკავშირის წევრი-ქვეყნების პარლამენტების მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ, უნდა დაიწყოს ჩვენს მიერ ამ დოკუმენტის პრაქტიკაში რეალიზება, მ.შ. ვიზალიბერალიზაციის შემდგომის ეტაპების და მათი პოლიტიკური შეფასებების პარამეტრების განსაზღვრა.

ეს მეტად შრომატევადი პროცესია და მისი მთავარი მონაწილე საქართველოს მოქალაქეები უნდა გახდნენ. ამიტომ, მთავარი მაინც არის ასოცირებიქს ხელშეკრულების იმპლემენტაცია, დაველოდოთ რიგის სამიტს, მაგრამ უკვე იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მე გამაჩნდა, მინდა გითხრათ, რომ შედეგი იქნება ძალიან სასიამოვნო და ბევრის მთქმელი, თუმცა, ამაზე საუბარს ამ ეტაპზე მოვერიდები.

ერთ რამეს გეტყვით: ბისმარკი დიპლომატიის ეტალონია, ისიც რომ ყოფილიყო თანამდებობაზე, საქართველოს მაინც ის შედეგი ექნებოდა, რასაც მალე რიგაში მივიღებთ.

თქვენი ყოფილი პარტნიორები ექტიურობას გიწუნებენ. ალექსი პეტრიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა უნდა იყვნენ ევროპის დედაქალაქებში და მარკთავდნენ ფორმალურ თუ არაფორმალურ შეხვედრებს და რომ ისინი ასე იყვნენ ნატოს სამიტის წინ

– ბატონ ალექსის გაწეულ საქმეს ვაფასებ, ისევე როგორც მაია ფანჯიკიძისა და მისი გუნდის, თუმცა მე პირადად ამგვარი მიდგომა არ მომწონს, ვინაიდან საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა არ არის მხოლოდ რომელიმე კონკრეტული გუნდის კომპეტენცია – ეს ჩვენი საერთო საქმე და მიზანია. მაგრამ ჩვენი გაწევრიანების პროცესი ევროპაში ამ ადამიანების წასვლით არ დარულებულა და არც შეფერხებულა.

ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ევროპელ კოლეგებთან.  ახლახან ვიყავი რუმინეთში, ხორვატიაში, მონტენეგროში, აშშ-ში, მალე გავემგზავრები გერმანიასა და ავსტრიაში ჩემს კოლეგებთან ერთად. საქართველოს წარმატება ყველას უნდა გაგვიხარდეს, იმის მიუხედავად, ვინ ხელისუფლებაშია და ვინ ოპოზიციაში.

მე ვთავაზობთ, რომ ერთად ვიმუშავოთ. თუ ვინმე თვლის, რომ მთავრობა არასათანადოდ აკეთებს საქმეს, მაშინ თავად ჩაერთოს და საკუთარი რესურსი დაახმარონ ქვეყანას. ქვეყნის წარმატებას რომ ხელი შეაშველო, არ არის აუცილებელი მთავრობაში რამე პოსტი გეკავოს. გამოთქვეს „დემოკრატებმა“ მზადყოფნა, რომ ჩაერთონ თუ ხელისუფლების მხრიდან ამის მზაობა იქნება…

საქართველოს დელეგაცია 9 მაისს მოსკოვში არ გაემგზავრება. ერთადერთი დეპუტატი, რომელიც მზადაა ამისთვის, ეს არის გოგი თოფაძე. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით თუ საკითხს პოლიტიკურის გარდა ისტორიული კონტექსტითაც შევხედავთ?

– რთული თემა წამოჭერით. ვსაუბრობთ იმ გამარჯვებაზე, რომელშიც ჩვენც შევიტანეთ წვლილი სხვა ხალხებთან ერთად. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20 % ოკუპირებული აქვს.

2008 წელს გვქონდა ომი, გაწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა. სამთავრობო დონეზე მოსკოვში დაგეგმლ საიუბილეო აღლუმზე ჩვენ ვერ ვიქნებით, მაგრამ ჩვენს მოქალაქეს თუ იქ ყოფნის სურვილი აქვს, მაშინ მას სრული უფლება აქვს გაემგზავროს. 9 მაისს საქართველოშიც აღვნიშნავთ და ჩვენი ვეტერანების ღვაწლს არ დავივიწყებთ და პატივს მივაგებთ ყველას, ეროვნებისდა მიუხედავად.

რეზონანსი“, 01 მაისი, 2015 წელი

აფხაზეთის მოსახლეობას ევროპული პერსპექტივა არ ხიბლავს

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

აფხაზეთის მოსახლეობისათვის ევროპასთან უვიზო რეჟიმის მიღება  ქართული საბუთების აღებისათვის შეიძლება დამატებითი სტიმული შესაძლოა გახდეს, მაგრამ დაგამწყვეტ როლს ვერ შეასრულებს – ამ მოსაზრებას აფიქსირებენ პოლიტოლოგები და იქვე იმასაც დასძენენ, რომ ხალხში დე-ფაქტო ხელისუფლების „წყალობით“ ევროპისაგან, ნატოსაგან და ამერიკისაგან მტრის ხატია შექმნილი.

მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება რიგაში 21-22 მაისს, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების ლიდერთა სამიტზე – ვთქვათ და ვიზალიბერალიზაცია“ არ მოგვცეს – სპეციალისტები ამბობენ , რომ საქართველო უახლოეს წლებში მაინც მიაღწევს უვიზო რეჟიმს და ვარაუდობენ იმას, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს მოაქალაქეობა აფხაზეთის მოსახლეობისათვის ხელსაყრელი გახდება.

„რეზონანსს“ გალის რაიონის ერთ ერეთი მკვიდრი ესაუბრება, რომლის თქმით, იქაურ მოსახლოეობას ეს თემა ნაკლებად არელვებს: „სიმართლე რომ გითხრათ, რა ხდება რიგის სამიტზე, რა არის ვიზალიბერალიზაცია და რაში გამოიყენება, ეს ზალიან ცოტამ იცის. სოფლების მოსახლეობას ასეთი ამბები ნაკლებად აინტერესებს. შეიძლება ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდები დაინტერესდნენ ევროპაში უვიზოდ მოგზაურობისათვის, თორემ სოფლის გლეხებს ეს რაში სჭირდებათ? ვინ წავა ევროპაში? საქართველოს ხელისუფლებას თუ აქაურების დაინტერესება უნდა, არამარტო დაპირებები უნდა გასცეს დასაქმების, მკურნალობის, ბიზნესის სფეროებში, არამედ ის დაპირებები უნდა შეასრულოს კიდეც. ასეთი რაღაცეებით უფრო დაინტერესდება აფხაზეთის მოსახლეობა და შეიძლება ქართული პასპორტი აიღოს კიდეც. მოგზაურობა და ევროპა ჩვენთვის შორეული და მიუღწეველი რამეა“, – ამბობს სოფელ ნაბაკევის მაცხოვრებელი..

ექსპერტ ირაკლი ცქიტიშვილის აზრით, თუ საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს, ეს აფხაზეთის მოსახოლეობისათვის დამატებითი სტიმული იქნება, მაგრამ გადამწყვეტ როლს მაინც ვერ შეასრულებს. თანაც, მისი თქმით, პროცესი ზალიან ნელა წარიმართება და ქართული ხელისუფლების მხრიდან დიდი ზალისხმევა იქნება საჭირო, რათა აფხაზებმა ეს სესაძლებლობა გამოიყენონ და ევროპაში მოხვდნენ. „ზოგადად, გალისა და საერთოდ, აფხაზეთის მოსახლეობა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს ერიდება. მათთან ყოველი საუბარი მთავრდება ფრაზით – „ვნახოთ, რა იქნება“. ისინი ზოგადად თავიანთ მოსაზრებებების აფიშირებას არ ახდენენ და თუ რამეს აკეთებენ, იმასაც ჩუმად. იქაური დე-ფაქტო ხელისუფლება ინფორმაციას მოსახლეობას, ცხადია, არ აწვდის. შესაბამისად, ხალხმა არ იცის, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო იმისთვის, რომ მათ ევროპაში წასვლა გაუადვილდეთ. ისინი მტრის ხატს ქმიან ნატოსაგან, ევროკავშირისაგან, აშშ-საგან და ხალხს ეუბნებიან, რომ სწორედ ისინი უშლიან მათ ხელს ევროპაში მოგზაურობისათვის.

ვფიქრობ, ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ საქმეებს წყნარად აკეთებენ, და ამ საქმისათვის ევროპაში წასვლა ჭირდებათ, მას მაინც მოახერხებენ, გზებს მონახავენ და თუნდაც იმ დოკუმენტებს აიღებენ, ჩვენ რომ შევთავაზებთ“.

ირაკლი ცქიტიშვილის თქმით, აფხაზური მხარე აქცენტს რუსეთის მოქალაქეობაზე აკეთებს, ამიტომ საკმაოდ დიდია იმ მოქალაქეტა რაოდენობა, რომლებთაც რუსეთის მოქალაქობა აქვთ და იგი ვარაუდობს, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. „არა მხოლოდ იმისთვის, რომ მათ რუსეთში იმოგზაურონ, არამედ იმისთვის, რომ სოხუმ-მოსკოვის ბოლო შეთანხმებით, აფხაზეთის მოქალაქეებისთვის დიდი სოციალური შეღავათებია დაწესებული. შესაბამისად ის ხალხი, რომლებთაც რუსული პასპორტი ექნებათ, საზღვრის გადალახვას ადვილად შეძლებს. ამ შემთხვევაში უკვე საკითხავია, რამდენად მოისურვებენ ისინი ქართული დოკუმენტების აღებას ევროპაში სამოგზაუროდ“, – აცხადებს ირკალი ცქიტიშვილი.

„ახალი თაობა“, 1 მაისი, 2015 წელი

„პანკისში ჩეჩენი მებრძოლების მოსამზადებლად 100 ათასი დოლარი გადაიხადეს“

რა მოხდა ლაფანყურში – მოჯაჰედის მანსურ შუდინოვის ჩვენება

(შემოკლებით)

მანსურ შუდინოვი იმ ჯგუფის ერთ–ერთი წევრია, რომლის შვიდი მონაწილეც 2012 წლის 28 აგვისტოს, ლოპოტას ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად გაანადგურეს. ლაფანყურის სპეცოპერაციიდან თითქმის სამი წლის თავზე შუდინოვი სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ვიდეოჩვენებას ავრცელებს. შუდინოვის განცხადებით, პანკისის ხეობაში მოჯაჰედები ევროპის ქვეყნებიდან ახმედ ჩატაევს და ახმედ უმაროვს ჩაჰყავდათ, იმდროინდელი ხელისუფლებისთვის კი ცნობილი იყო, რომ ხეობაში შეიარაღებული ჯგუფი იმყოფებოდა და ისინი საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში საომრად გადასვლას აპირებდნენ.

მანსურ შუდინოვის ვიდეო youtube–ზე 18 აპრილს განთავსდა. ჩვენება 2.40 საათიანია. შუდინოვი ჩეჩნურად საუბრობს. ის ეთნიკური ჩეჩენია, სოფელ სამაშკიდან. ამჟამად უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს.

—————

კახეთის საინფორმაციო ცენტრი მანსურ შუდინოვის ჩვენების არაოფიციალურ თარგმანს აქვეყნებს:

„ჯგუფის წევრები პანკისის ხეობაში ახმედ ჩატაევს და ახმედ უმაროვს ჩაჰყავდათ. იმ პერიოდში ახმედ ჩატაევი „კავკასიის იმირატის“ ხელმძღვანელის დოკუ უმაროვის წარმომადგენელი იყო ევროპის ქვეყნებში, ახმედ უმაროვი კი დოკუ უმაროვის ერთ–ერთი ძმაა. შუდინოვის თქმით, პანკისის ხეობაში ისინი ორი კვირის განმავლობაში სოფელ დუისში, ყოფილი საავადმყოფოს შენობასთან მდებარე სახლში ცხოვრობდნენ [ახმეტის პოლიციის დუისის ქვეგანყოფილებიდან რამდენიმე მეტრში. ავტ].

„ვიდრე ლოპოტას ხეობაში წავიდოდით, საიდანაც ჯერ დაღესტანში, შემდეგ კი ჩეჩნეთში უნდა გადავსულიყავით, ჩვენთან ახმედ ჩატაევი და ახმედ უმაროვი მოვიდნენ, გვითხრეს, ეს გზა ვინ გასცაო? ვიღაცამ რუსეთის სპეცსამსახურებს შეტყობინება გაუგზავნა ამ ჯგუფის არსებობის და მისი მიზნების თაობაზეო. რუსებმა დაღესტნის საზღვარზე სამხედრო ტექნიკა გაამაგრეს და ამ შეტყობინების გამო მოხდა ეს ყველაფერიო. ეს ინფორმაცია კი ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოგვაწოდესო. დოკუ უმაროვის დავალება იყო, საქართველოდან ბიჭები გამოუშვითო. 25–ში ან 26–ში უნდა გავიდეთ, მოემზადეთო“, – ამბობს შუდინოვი და იქვე აღნიშნავს, რომ ჯგუფის ორგანიზებისთვის პანკისის ხეობაში დიდი რაოდენობით თანხა იყო შეტანილი. შუდინოვი 100 ათას დოლარს ასახელებს.

„26–ში დილით, დუისში ავიღეთ იარაღი და მანქანით ლაფანყურში გავემგზავრეთ. 15–ნი ვიყავით. ჯგუფის უფროსი ინგუში ასლანი იყო, ცოცხალია ახლაც. ჩვენთან ერთად იყო ფეიზოლა [ფეიზოლა კუშტანაშვილი, სოფელ დუისის მკვიდრი. ავტ] . მას ევალებოდა ჩვენი საქართველო – დაღესტნის საზღვრამდე მიყვანა. ჩვენს ჯგუფში იყო ერთი ლეკი – რაბანი. შეთანხმების თანახმად, საქართველო – დაღესტნის საზღვართან, დაღესტნის ჯამაათის მოჯაჰედები უნდა დაგვხვედროდნენ. თითოეულ ჩვენგანს 40 კილომდე ტვირთი გვქონდა.

(…)

საზღვრამდე ვიდრე მივიდოდით, ტყიდან სამანქანე გზაზე რომ გავედით, ფეიზოლას ვკითხეთ, რა გზა იყო. კარიერის გზაა, დღეს ქართველებს დღეობა აქვთ, დასვენებაა და მთაში არ ამოვლენო. ცოტა ხნის შემდეგ მანქანის ხმა მოგვესმა. მანქანა რომ მოგვიახლოვდა, დავინახეთ 11 კაცი იჯდა ნიღბებით. მათ ალყა შემოვარტყით, იარაღი ჩამოვართვით, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ქართველი სამხედროები იყვნენ. გვითხრეს, ჩვენ ვიცოდით რომ თქვენ მოდიოდით, მაგრამ სხვა გზაზე უნდა წასულიყავითო. ჩვენ ხელმძღვანელებმა გვითხრეს, რომ გაივლიანო. ქართველებს, ვინც ჩვენ გზაზე შეგვხვდნენ და ავიყვანეთ, 200–200 დოლარი ვაჩუქეთ, ბოდიში მოვუხადეთ და გავუშვით.

ქართველი სამხედროების მანქანით 40 წუთი ვიარეთ, ზემოთ ავედით. ფეიზოლამ გვითხრა, მთავრობამ დავალება გასცა, მესაზღვრეები გზას მოგცემენო. ფეიზოლა ელაპარაკებოდა სამხედროებს, სამხედროებიდან კი ერთ–ერთი, მეთაური რაციით უკავშირდებოდა ხელმძღვანელობას და მითითებებს იღებდა.

10 კაცი გავუშვით და ერთი დავიტოვეთ. კიდევ ერთი პირი გამოჩნდა, ჯინსის შარვალი ეცვა და იარაღი ჰქონდა თან [სანდრო ამირიძე, კონტრტერორისტული ცენტრის კახეთის სამმართველოს უფროსი. ავტ]. ფეიზოლას დაელაპარაკა. ფეიზოლამ გვითხრა, ამბობს, არჩევნები რომ დამთავრდება, მერე გადადით, მანამდე კი იარაღი დაყარეთო. იარაღი არ დავდეთ. სანდროს ვუთხარით, შენ წადი და ჩვენ ჩვენ გზას გავაგრძელებთო. მალევე ვერტმფრენების ხმაც გავიგეთ. სანდრომ საზღვარზე ვერ გაგიშვებთ, საქმეს უკვე შინაგან საქმეთა მინისტრი არჩევსო. მერე სანდრომ გვითხრა, თბილისში დავრეკეთ თქვენს უფროსთანო. ახმედ ჩატაევს ველაპარაკეთ და დაელოდეთ, მოვაო. ღია ადგილიდან ტყეში გავედით.

რამდენიმე საათის შემდეგ ზურა [კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ზურაბ მაისურაძე], დიშნი ზელიმა [ზელიმხან ხანგოშვილი, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომელი] და ახმედ ჩატაევი მოვიდნენ.

გვითხრეს, ქართველებს ხეობაში ჯარი ჰყავთ შემოყვანილი, ტყეში სნაიპერები არიან და ალყაში ვართო. ჩვენ ვუთხარით, იარაღს დავდებთ თუ თქვენგან ერთ–ერთი ჩვენთან ერთად წამოვაო. ციხეში ჩასმას სიკვდილი გვერჩია. ჩვენ მათთვის არც სროლა გვინდოდა და არც რამე გვქონდა საქართველოსთვის დაშავებული. ვუთხარით, რომ უკვე ღმერთისთვის გვქონდა სიტყვა მიცემული, რუსეთთან ვიომებდით. ახმედამ გვითხრა, მე თქვენთან დავრჩებიო, მაგრამ მერე მოლაპარაკებაზე წავიდა. გვეუბნებოდნენ, ახლა დადეთ იარაღი და არჩევნები რომ მორჩება, მერე გაგიშვებთო. ჩვენ ვუთხარით, პანკისში დავბრუნდებით უკან, ოღონდ იარაღს აქ არ ჩავაბარებთო, პანკისში რომ მივალთ იქ გადმოგცემთო.

პირდაპირ სროლა დაგვიწყეს ღამის 2 საათზე. დილის 5 საათზე გაჩერდნენ. (…) გამოვედით, ვინც ცოცხლები დავრჩით. 11 დღე და ღამე მოგვინდა, პანკისში უკან რომ დავბრუნებულიყავით.  მერე გავიგეთ, რომ 7 კაცი ყოფილა დაღუპული, ჩვენ 10 გვეგონა.

პანკისში როცა ვიყავით უკვე, ზონა მოვიდა [იგივე რუსლან პაპასკირი, საქართველოს მოქალაქე. 2012 წლის ნოემბერში დააპატიმრეს თურქეთში ჩეჩნეთიდან ლტოლვილების მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით]. ზონამ გვითხრა, სამი გზა გაქვთ, თურქეთი, დუბაი ან აზერბაიჯანი აირჩიეთ, გასვლა აქ შეგიძლიათო. მთავრობამ ზონა ორჯერ მოგვიგზავნა. საბოლოოდ, თურქეთში თვითონ გაგვიყვანეს. სანამ საქართველოს დავტოვებდით, ზელიმა [ზელიმხან ხანგოშვილი] ზურგზე ხელს გვარტყამდა და გვეუბნებოდა, მაგრად იომეთ ბიჭებო, 30 კაცამდე მოკალით და 60–მდე დაჭრილიაო.

თურქეთში საავადმყოფოში მოგვათავსეს, დაჭრილები ვიყავით და მკურნალობა გვჭირდებოდა. საავადმყოფოში პრობლემები შეგვექმნა, საბუთები არ გვქონდა წესრიგში, მაგრამ, ინგუში რუსლანა დაგვეხმარა პოლიციასთან ურთიერთობის დალაგებაში. საავადმყოფოდან 2 თვის მერე გამოვედით. მაშინვე გვინდოდა გვეთქვა რაც მოხდა საქართველოში, მაგრამ ვერ მოვახერხეთ“.

—————-

მანსურ შუდინოვის თქმით, ლაფანყურის საქმე შარიათის სასამართლოს უნდა განეხილა, მაგრამ პროცესი რამდენჯერმე გადაიდო სხვადასხვა მხარის წარმომადგენლების გამოუცხადებლობის მიზეზით.

ახმედ ჩატაევი, იგივე „ცალხელა ახმედა“ ამჟამად სირიაში იმყოფება და ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთ დაჯგუფებას „იარმუკს“ ხელმძღვანელობს. ამ შენაერთში ჩრდილო კავკასიელი მოხალისეები იბრძვიან, ძირითადად ჩეჩნები, თუმცა მათ შორის არიან დაღესტნიდან და საქართველოდან – პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ახალგაზრდებიც.

როგორც ცნობილია, 2012 წლის 28 აგვისტოს ლაფანყრის სპეცოპერაციის შედეგად შეიარაღებული ჯგუფიდან მოხდა 7 წევრის ლიკვიდაცია: დუკვახა დოშუევი, სალამ ზაურბეკოვი, ხაშიევ ჯაბრაილი, მუსა ადუევი, ბაჰაუდინ ბაღაკაშვილი, ასევე, საქართველოს მოქალაქეები – 22 წლის ასლან მარგოშვილი და 26 წლის ბაჰაუდინ ქავთარაშვილი.

დაიღუპა ასევე სპეცრაზმის 2 წევრი, სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, ასევე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალების ექიმი, კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძე.

ჯერ კიდევ 2014 წლის იანვარში, პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ლაფანყურის საქმის გამოძიება პრაქტიკულად დასრულებულია და შედეგები გასაჯაროვდებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა. შსს–ს ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც შეიარაღებული ჯგუფის წევრების მომზადება, გაწვრთნასა და გადაყვანის ორგანიზებაში მონაწილეობდა, დღემდე ინრაჩუნებს თანამდებობას.

Comments are closed