globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 1 ივნისი 2016 წელი

Posted by Globalresearch on Jun 1st, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: “კომუნისტებს 5-წლიანი გეგმები ჰქონდათ, ივანიშვილმა 14-წლიანი შემოგვთავაზა” // “ხმა ავანსად მომეცით და “პოსლეზე” გადაგიხდითო”

რეზონანსი: ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: «ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიას ისევ “შუა გაკრეფის” პრინციპით იწყებს“ // “ფაქტობრივად გვეუბნებიან – კი, ბატონო, მე არ ვვარგივარ, მაგრამ ის ჩემზე უარესიაო”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „პაატა ბურჭულაძე ხმებს „ნაციონალებს“ წაართმევს“ // „წინასაარჩევნოდ კომპრომატების ომი აუცილებელია“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ პაატა ჯიბლაძესთან: „ქართულ ოცნებას” 2012 წელსვე უნდა გამოეძიებინა ნაციონალების დანაშაულები“ // „საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები საპარლამენტო არჩევნებზე ვერ განმეორდება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან: “საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბარი ახლა არასერიოზულია”

„ახალი თაობა“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ბიძინა ივანიშვილი შანტაჟზე გადავიდა“ // „ყოფილი პრემიერი მეორე წრეზე აპირებს წასვლას“ // „ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ნაციონალების გადასარჩენად”

ალია“: ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ნაცებთან“ ომი გმირებმა მოიგეს, ბოზებმა კიდევ პოსტები მოირგეს!“

ალია“: ინტერვიუ კახა კუკავასთან: „მაშინაც და დღესაც, ჩანს, რომ ხელისუფლება ერთი კაცის ნებაზეა დამოკიდებული“

———————

რეზონანსი“, 01 ივნისი, 2016 წელი

“კომუნისტებს 5-წლიანი გეგმები ჰქონდათ, ივანიშვილმა 14-წლიანი შემოგვთავაზა”

“ხმა ავანსად მომეცით და “პოსლეზე” გადაგიხდითო”

ეკატერინე ბასილაია

ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერობისას დაანონსებული მეოთხე წელი, რომელიც ეკონომიკური ზრდის ტემპებით “ძალიან კარგი” უნდა ყოფილიყო, დაახლოებით 14 წლით გადაიდო. ყოველ შემთხვევაში ექსპრემიერი 2 დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში ეკონომიკურ კეთილდღეობას 2030 წელს აანონსებს და წერს, რომ ამისთვის “ნაციონალების” არდაბრუნება და “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნაა აუცილებელი.

როგორც ბიძინა ივანიშვილი წერს, ის ყველა რესურსს გამოიყენებს იმისთვის, რომ “ნაციონალები” არ დაბრუნდნენ და უახლოეს 10-15 წელიწადში კეთილად დააგვირგვინოს ქვეყნის განვითარების საქმე. წერილი, სადაც “ქართული ოცნების” მმართველობის 4 წელია შეჯამებული და 22 გვერდისა და 6 ქვეთავისგან შედგება, ძირითადად იმას ეხება, რა ცუდი იყო სააკაშვილის ხელისუფლება და “ქართული ოცნება” სწორედ ამის გამო უნდა აირჩიოს ხალხმა. წერილში საერთოდ არ არის ხელისუფლების სულ მცირედი კრიტიკაც კი.

როგორც პოლიტოლოგები ამბობენ, ივანიშვილმა ღიად დაანონსა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მინიმუმ მომავალ 3 საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს და ის ამისათვის ყველანაირი რესურსის გამოყენებას გეგმავს.ანალიტიკოსები იმ თემებს ეხებიან, რაც, წესით, აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო ამ სიდიდის წერილში და ივანიშვილს რატომღაც “გამორჩა” ან “შეეშალა”.

რა “გამორჩა” ივანიშვილს

წერილში, რომლის თითქმის ნახევარი “ნაცმოძრაობის” ძაგებას დაეთმო, სიტყვა “ოკუპაცია” ნახსენები საერთოდ არ არის. ასევე ექსპრემიერი იმ ნაწილში, სადაც იხსენებს დაპირებებს, “რომელთა დიდი ნაწილი შეასრულა”, საერთოდ არ ახსენებს, შესრულდა თუ არა და რამდენად “ქართული ოცნების” უმთავრესი დაპირება – სამართლიანობის აღდგენა.

დიპლომატიური აკადემიის რექტორის, სოსო ცინცაძის თქმით, მას ძალიან დააკლდა ის, რომ ამხელა წერილში ერთი სიტყვაც არ თქმულა სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვან თემებზე: განათლებაზე, მეცნიერებაზე, უმუშევრობაზე, ოკუპაციაზე, კადრების სწორ სელექციაზე და, საერთოდ, თვითკრიტიკის ნატამალიც არ იყო. “ოთხი წლის წინ ხელისუფლება ჩაიბარა პოლიტიკაში გამოუცდელმა ხალხმა და ბუნებრივია, მათ რაღაც შეცდომა რომ დაეშვათ, ამაში ვერავინ დაძრახავდა, მაგრამ ამ წერილში ერთ მცირე შეცდომაზეც კი არ არის საუბარი და ეს ძალიან ცუდია. ტექსტის ნახევარში მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობს. ეს ახირებაა. ამ დროს კი ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი ოკუპაციაზე. თითქოს საქართველოს არაფერი პრობლემა არ აქვს, არც ოკუპირებული ტერიტორიები, არც უმუშევრობაა, მარტო ერთი პრობლემაა – სააკაშვილი და “ნაციონალური მოძრაობა,” – ამბობს სოსო ცინცაძე.

გია ნოდია, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე, ამბობს: “როგორც ჩანს, წერილი ბიძინა ივანიშვილმა დაწერა და არა პროფესიონალმა, ამიტომაც არ გაიზომა, რისი ხსენება იქნებოდა პოლიტიკურად აუცილებელი… პოლიტიკურად ოკუპაციის არხსენება სიბეცეა, მაგრამ, როგორც ჩანს, თავად მან ჩათვალა, რომ ამ ოკუპაციას მაინც არაფერი ეშველება და ამიტომ, მოდი, სულ ნუ ვახსენებო.” გარდა ამისა, ნოდია ამბობს, რომ ექსპრემიერს რატომღაც გამორჩა ტარიფების განახევრებისა და პენსიის საარსებო მინიმუმამდე გაზრდის დაპირებები. “ბიძინა ივანიშვილის სტილია, ის პრინციპულად არ აღიარებს რაიმე შეცდომას ან არასწორ ნათქვამს,” – მიიჩნევს გია ნოდია.

პოლიტოლოგ ზაალ ანჯაფარიძის თქმით, ამ წერილის ირგვლივ ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი. ამბობს, რომ ივანიშვილმა წერილში ისაუბრა იმაზე, მისი აზრით, როგორი იქნება ქვეყანა გარკვეული პერიოდის შემდეგ. პირადად მას კი ყველაზე მეტად ორი მომენტი ენიშნა. პირველი – წერილში არაფერი იყო ნათქვამი სამართლიანობის აღდგენაზე.

“პირიქით, ივანიშვილმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ჩვენ დასაკარგი არავინ გვყავს, არავინ უნდა მოვიკვეთოთ და ა.შ. მთავარი დაპირება – სამართლიანობის აღდგენა წერილში ნიველირებული იყო, ამას კი ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება,” – ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

მისთვის მეორე და მნიშვნელოვანი მომენტი ის გზავნილია, სადაც ივანიშვილი წერს, რომ მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს მოახმარს, “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში რომ ვერ დაბრუნდეს. “წერილში გამოტოვებული იყო ის, რაც ვერ შესრულდა. თუნდაც ის დაპირება, პენსია რომ საარსებო მინიმუმს უნდა დაახლოვებოდა, ეს ვერ შესრულდა და წერილში ამაზე არაფერი არ არის ნათქვამი. ეს მაინცდამაინც დიდ ნაკლად არ მიმაჩნია. მან თქვა, რომ 2 ივნისს ინტერვიუ ექნება და ალბათ მაშინ შეეხება ამ საკითხებს,” – აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.

რა “შეეშალა”

ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთავრობას საკუთარი ტელევიზია არ გააჩნია და ამ დროს წერილს სწორედ საკუთარი შვილის ტელევიზიის ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

სოსო ცინცაძის თვალსაზრისით, ივანიშვილს ცუდი მრჩევლები ჰყავს. ამას მოწმობს ეს წერილიც, რადგან კარგი მრჩევლების პირობებში წერილში სხვანაირი აქცენტები გაკეთდებოდა. “25 მაისს ევროპის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, სადაც უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე წერია, რომ ამ ქვეყნებში შუა გზაზე შეჩერდა რეფორმები და სადაც სასამართლო დამოუკიდებელი არ არის. ივანიშვილის მრჩევლებს ეს დოკუმენტი რომ წაკითხული ჰქონოდათ, ამ წერილში არ შევხვდებოდით ისეთ ფრაზებს, რომ ჩვენ დღეს მაღალი ხარისხის დემოკრატია გვაქვს და სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკური წნეხისგან გავათავისუფლეთ. კითხვა რატომ არ უჩნდებათ, რომ ამ სასამართლოს მხოლოდ მთავრობა აქებს. პირიქით, ყველა გვეუბნება, რომ მთავარი პრობლემა სასამართლო სისტემაა. ან თუნდაც ის, რომ ჩვენ აღმოვფხვერით ძალადობა და ეს მაშინ, როდესაც 5 დღის წინ სამეგრელოში სცემეს “ნაციონალების” ლიდერები,” – მიიჩნევს სოსო ცინცაძე. მისი აზრით, ამ წერილით გავიგეთ ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, მაგრამ არ სცემს იმაზე პასუხს, რატომ უნდა მივცე ხმა ოქტომბერში “ქართულ ოცნებას”. “ოთხწლიან გეგმაზე არაფერს ამბობს. რაღაც ფუტუროლოგიურ 10-15 წელზე გვესაუბრება,” – დასძენს სოსო ცინცაძე.

გია ნოდია წერილში არსებულ ბევრ ლოგიკურ შეუსაბამობაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, პირველი შეუსაბამობაა, როდესაც ივანიშვილი წერილის დასაწყისში ამბობს, რომ სააკაშვილს სამუდამოდ სურდა ხელისუფლებაში დარჩენა და იქვე თავადაც 10-15 წლით ხელისუფლებაში ყოფნაზე საუბრობს. “2030 წელს ივანიშვილი 74 წლის იქნება და როგორც ჩანს, ამ ასაკამდე ხელისუფლებაში არაფორმალურად ყოფნას აპირებს. ასე წარმოუდგენია და ჰგონია, რომ ეს რეალისტურია,” – ამბობს გია ნოდია. მისი თქმით, ივანიშვილი 2030 წლისთვის გვპირდება ეკონომიკური ზრდის ისეთ მაჩვენებელს, რომ ევროპას გავუთანაბრდეთ, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” არა თუ 14-წლიანი, არამედ ერთწლიანი პროგნოზიც კი ვერ გაამართლა და 2015 წელს დაგეგმილი 5%-ანი ზრდა 3%-ზე ჩამოვიდა. “ივანიშვილმა რაც ამ 4 წლისთვის იწინასწარმეტყველა, ის არ გამართლდა და ასევე შეიძლება მოხდეს მომავალშიც,” – დასძენს ნოდია

“ოცნება” 2030 წლამდე

წერილში, რომელიც ერთგვარად წინასაარჩევნო მანიფესტია, მომავალ 4-წლიან გეგმებზე არაფერია ნათქვამი. ექსპრემიერი მხოლოდ 10-15 წელზე საუბრობს, თანაც მხოლოდ ზოგადად იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა 2030 წლისთვის საბოლოოდ გაიმართება წელში და განვითარებული ქვეყნების რიგში ჩავდგებით. თუმცა როგორ უნდა მოხდეს ეს და რა კონკრეტული მონახაზი აქვს ამაზე, ეს ნახსენები საერთოდ არ არის.

“თუ გავითვალისწინებო იმას, რომ ეს წინასაარჩევნო მანიფესტია, მას მომავალი 4-წლიანი გეგმა უნდა ეხსენებინა, თუმცა ამას საერთოდ არ ეხება. ზოგადად ამბობს, რომ ეკონომიკა დემოკრატიას ჩამორჩება და ამიტომ ეკონომიკა უნდა განვავითაროთ, ოღონდ რა მიდგომებით, ამას არ ახსენებს,” – აცხადებს გია ნოდია. მისი თქმით, ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს და ერთადერთი, რაც ამ წერილით გამოვლინდა, ისაა, რომ მან თავადვე დაადასტურა არაფორმალური მართვა.

“ბოლო 2 წელი სულ იმას ამბობდა, პოლიტიკაში არ ვერევიო, თუმცა ახლა განაცხადა, რომ ხელისუფლების ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებლობას იღებს და ამით უარყო მთელი თავისი ნალაპარაკევი იმაზე, რომ ის პოლიტიკიდან წასული იყო და ამ წერილით ეს დადასტურდა,” – აღნიშნავს გია ნოდია.

სოსო ცინცაძის თქმით, “კომუნისტებს 5-წლიანი გეგმები ჰქონდათ, ივანიშვილმა კი 14-წლიანი შემოგვთავაზა”, რაც სურეალისტურია, რადგან მისი აზრით, ჩვენ დღეს ისეთ დინამიკურ მსოფლიოში ვცხოვრობთ, ყველაფერი ისეთი სისწრაფით იცლება, რომ 2030 წელს კი არა, 3 წლის შემდეგ რა იქნება, ამას ვერავინ ვერ იტყვის. “გარკვეულწილად იმას გვეუბნება, რომ ჩემი პარტია მომავალ 14 წელს მმართველი ძალა იქნება და ხელს ამაში არავინ არ შემიშლისო. იმას კი არ ამბობს, რომ ისეთ ინსტიტუტებს შევქმნი, ისეთ დემოკრატიას, ექსცენტრული პრემიერიც რომ მოვიდეს, ის ცუდისკენ ვერაფერს შეცვლისო. გვეუბნება, ხმა იმიტომ კი არ უნდა მომცეთ, რომ დღეს გუშინდელთან შედარებით კარგი ცხოვრება მოგეცით, არამედ იმიტომ, რომ 15 წლის შემდეგ კარგ ცხოვრებას გპირდებითო. ისევ დაპირებები, რომ ხმა ავანსად მომეცით და “პოსლეზე” გადაგიხდითო. ალბათ ივანიშვილი მარტო არ წერდა ამ წერილს და მას დამხმარეებიც ეყოლებოდა და ნუთუ არავინ იყო, ვინც ეტყოდა, რომ ამგვარი ტექსტი ცოტა უხერხულია?!” – აცხადებს ცინცაძე.

რეზონანსი“, 01 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ხუხაშვილთან: «ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიას ისევ “შუა გაკრეფის” პრინციპით იწყებს“ // “ფაქტობრივად გვეუბნებიან – კი, ბატონო, მე არ ვვარგივარ, მაგრამ ის ჩემზე უარესიაო”

თაკო მათეშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილი წარსულის წერილი იყო და არა მომავლის. მისი აზრით, ივანიშვილმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, რომ მთელ თავის რესურსს “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგ ბრძოლას მოახმარს. ამბობს, რომ ამის საჭიროება არ დგას და ყოფილი პრემიერი ხელოვნურად ცდილობს, საზოგადოების თვალში ორპოლუსიანი საარჩევნო გარემო წარმოადგინოს. იგი ამგვარ ხისტ ბრძოლაში პოლიტოლოგი პრემიერ კვირიკაშვილის ადგილს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ სავარაუდოდ, იგი “ქართულ ოცნებას” მხოლოდ იმიჯისათვის სჭირდება. რეალურად კი იმისგან რადიკალურად განსხვავებული საარჩევნო კამპანიის ჩატარებას აპირებენ, ვიდრე გიორგი კვირიკაშვილს აქვს გაცხადებული.

გია ხუხაშვილი: ეს წერილი ორნაირად შეიძლება შეფასდეს. შეიძლება დავადასტურო, რომ ისტორიის ამ ეტაპის ინტერპრეტაცია რეალობასთან საკმაოდ ახლოსაა. ამ კუთხით წერილთან დაკავშირებით პრეტენზიები ნამდვილად არ მაქვს. დღეს პრინციპული პარამეტრების მიხედვით ბევრად უკეთესი სიტუაცია რომაა, ცხადია, მაგრამ ამ წერილში ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელია ის, რომ იგი მთლიანად “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაპირისპირებაზეა გადასული. წერილი მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი სამყაროს ამ ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირების ჭრილში უყურებენ.

კი ბატონო, ადრე ასე იყო, მაგრამ ეს ეტაპი უკვე გავიარეთ და ახლა ხედვის ეს კუთხე წერილის სულისკვეთებას მთლიანად აკნინებს. რეალურად, დღეს სიტუაცია შეცვლილია და ხელისუფლებას არა წარსულში ყურება და რაღაც საფრთხეზე ლაპარაკი მოეთხოვება, არამედ წინ ყურება. ის, რომ იგი მზადაა მთელი თავისი რესურსი “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბრძოლას დაახარჯოს, საერთოდ გაუგებარია. ასეთი მაჟორული განცხადება ბადრი პატარკაციშვილმაც გააკეთა, როცა ის ფაქტობრივად დევნილობაში იმყოფებოდა და ძალიან დიდი განსაცდელის პირისპირ იყო. ბიძინა ივანიშვილს საამისო რა სჭირს? რა რესურსების დახარჯვაზეა საუბარი? ვისთან ბრძოლაში? თუ მას ჰქონდა ნება, რომ “ნაციონალური მოძრაობისათვის” პოლიტიკური ვერდიქტი გამოტანილიყო, ამის გაკეთება ჯერ კიდევ 2013 წელს შეეძლო. მაშინ არ გააკეთეს და დღეს რაღაც რესურსების დახარჯვაზე საუბრობს. ეს აბსოლუტურად გაუგებარია, მითუმეტეს ხელისუფლების პოზიციიდან. შესაბამისად, ეს არასწორი გზავნილი იყო. ფაქტობრივად დაანონსებულია წინასაარჩევნო პროცესი მანკიერი ტექნოლოგიით. ტექნოლოგიით, რომლითაც ეს ქვეყანა 25 წელია იმართება. წერილში საუბარი ამაზეა – მე თუ არ ვიქნები, სხვა მოვა, რომელიც ჩემზე უარესია. ფაქტობრივად გვეუბნებიან – კი, ბატონო, მე არ ვვარგივარ, მაგრამ ის ჩემზე უარესიაო. ანუ, ცუდსა და უარესს შორის არჩევანის ამარა აპირებენ ჩვენს დატოვებას, რაც, ჩემი აზრით, არასამართლიანი და არასახელმწიფოებრივია.

პოლიტტექნოლოგიურად ეს შეიძლება გავიგოთ, მაგრამ პოლიტიკა სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა არ დგას. დღეს ჩვენ შანსი გვაქვს, რომ წინ გავიხედოთ და მრავალარჩევანიანი არჩევნები ჩავატაროთ. ამ დროს იმის წარმოჩენის მცდელობა, თითქოს სამყაროში “ნაცმოძრაობისა” და “ქართული ოცნების” გარდა არავინ არსებობს, ჩემი აზრით, ქვეყნისთვის დამანგრეველი და უკან დამწევია. ეს წარსულის გზავნილია და არა მომავლის. მითუმეტეს, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი პრობლემა “ნაცმოძრაობა” ნამდვილად არაა.

- აბა, რა არის?

- ბიძინა ივანიშვილის მთავარი პრობლემა ის ამომრჩეველია, რომელიც დაკარგა. რომელიც ფიქრობს, რომ ივანიშვილმა მას იმედი გაუცრუა. ასეთები დღეს უმრავლესობაში არიან. შეაბამისად, მისი მთავარი ოპონენტი დღეს “ნაცმოძრაობა” კი არა, მთლიანად ქართული საზოგადოებაა. ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელიც მიიჩნევს, რომ მას სუსტი ხელისუფლება ჰყავს და კიდევ უარესი ოპოზიცია “ნაციონალური მოძრაობის” სახით. როცა ამ ხალხის მობრუნება იმით გინდა, რომ ეუბნები – მიუხედავად იმისა რომ არ მოგწონვარ, მაინც მე უნდა მომცე ხმა, რადგან ის დაბრუნდება და ფეხქვეშ გაგიგდებსო – ეს, რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი ამომრჩევლისადმი არასამართლიანი დამოკიდებულებაა. ამომრჩევლით მანიპულირების მცდელობა და მეტი არაფერი.

- როგორც თავადაც ახსენეთ, წერილში ეწერა, რომ ივანიშვილი მზადაა მთელი მისი რესურსი “ნაცმოძრაობასთან” ბრძოლას მოახმაროს. ამის შემდეგ გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ იგი პოლიტიკური პროცესების მიღმა დგას და მასში არ ერევა?

- არ მრჩება, რადგან იგი ცალსახად აცხადებს, რომ ამ პროცესში ძალიან აქტიური იქნება. პარადოქსი რაშია, იცით? ის კამპანიას “შუა გაკრეფის” პრინციპით იწყებს. “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაპირისპირების ფონზე აქტიურობას აპირებს, რეგიონებში სიარულს და ა.შ. თუმცა, ამ საარჩევნო ტექნოლოგიიდან გიორგი კვირიკაშვილის ფიგურა აბსოლუტურად ამოვარდნილია. კვირიკაშვილის ნიშა დაპირისპირების ნიშა არაა. გამოდის, რომ “ქართულ ოცნებას” ურთიერთსაწინააღმდეგო ტაქტიკა და სტრატეგია აქვს არჩეული. კვირიკაშვილის ფიგურა აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიდის და ბიძინა ივანიშვილის ეს ორპოლუსიანი გზავნილი აბსოლუტურად სხვა კონცეფციაა. ამ კონცეფციაში უფრო კარგად და ჰომოგენურად ირაკლი ღარიბაშვილ ჩაჯდებოდა. კვირიკაშვილს ამ ტიპის კამპანიასთან არანაირი შეხება არ აქვს. შესაბამისად, თუ პროცესები ამ მიმართულებით, ანუ ესკალაციით წარიმართა, გიორგი კვირიკაშვილის ფიგურის საერთოდ ნომინალურში გადაყვნა, აბსოლუტური განულება მოხდება. ამ ადამიანს რას ერჩიან, ვერ გავიგე. თუ აგრესიული კამპანია უნდოდათ, მაშინ კვირიკაშვილი რაში სჭირდებოდათ? თუ კვირიკაშვილი უნდათ, მაშინ აგრესიულ კამპანიას რატომ იწყებენ? ანუ, ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებაში” პოლიტიკური ხედვა, პლატფორმა, ტაქტიკა საერთოდ გაუაზრებელია და ურთიერთდაპირისპირებული ორი მიმართულებით ცდილობენ ეს ყველაფერი წარმართონ.

- ანუ, კვირიკაშვილი და ივანიშვილი სხვადასხვა ენაზე საუბრობენ?

- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ რეგიონებში ის ივლის. მისი კამპანია კი აბსოლუტურად შეუსაბამოა იმისა, რაზეც კვირიკაშვილი ლაპარაკობს. აგრესიული კამპანია და კვირიკაშვილი შეუთავსებლები არიან. იქიდან გამომდინარე, რომ ძალის ცენტრი ბიძინა ივანიშვილია, კვირიკაშვილი ცარიელ ადგილას დარჩება, უბრალოდ არაფრად, რადგან ის ამ კამპანიაში ვერანაირად ვერ ჩაერთვება. აგრესია მისი სტილი არაა. ან დაბნეულები არიან და თავადაც არ იციან, რას აკეთებენ, ან თავიდანვე ის იყო ჩანაფიქრი, რომ კვირიკაშვილი უბრალოდ ფასადზე გამოფენილი ფროშა ყოფილიყო, რომელიც ყველას მოსწონს. სინამდვილეში კი რეალურ პოლიტიკასთან მას შეხება არ აქვს. სხვა რა დასკვნა უნდა გააკეთეო ამ ეკლექტიკიდან, ურთიერთსაწინააღმდეგო, პარადოქსული პოლიტიკიდან, ჩემთვის გაუგებარია.

- ივანიშვილმა თავის წერილში 2030 წლისთვის დასახულ გეგმებზე ყურადღება ისევ გაამახვილა. გამოდის, თავის რესურსს არა მხოლოდ იმისთვის ამზადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” 2016 წლის არჩევნებში გაიმარჯვოს, არამედ იმისთვის, რომ იგი 2030 წლამდე დარჩეს?

- თუ სწორად გავიგე, ან რესურსების დახარჯვა “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაპირისპირების კონტექსტში მოიხსენია, რაც წარმოუდგენელი გზავნილია. როგორ შეძლება ეს ხელისუფლების პოზიციიდან? როცა ხელისუფლებაში ხარ, ყველაზე გავლენიანი ადამიანი და ყველა ძალაუფლებითი ინსტრუმენტი, მორალური, სამართლებრივი თუ პოლიტიკური ბერკეტი შენს ხელშია, პოლიტიკური მოწინააღმდეგის თუნდაც სამართლიანად დასჯისთვის მთელი რესურსის დახარჯვა წარმოუდგენელი რაღაცაა.

2030 წელს რაც შეეხება, ვფიქრობ, ეკონომიკურმა ჯგუფმა მას ეკონომიკური ნაწილი ცოტა უხარისხოდ მოუმზადა. არ მინდა სტატისტიკა ეჭვქვეშ დავაყენო, მაგრამ იქ ასეთი მომენტია – როდესაც ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ საინტერესოდ ავითარებს აზრს იმის შესახებ, რომ მაღალი სოციალური რისკების მქონე ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება ძნელია, მე ამას ვიზიარებ. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკა პური და სანახაობაა, დემოკრატიის ხარისხი ხშირ შემთხვევაში პურისა და სანახაობის თანაფარდობით განისაზღვრება. რაც უფრო მეტია პური, დემოკრატიის მეტი საშუალება ჩნდება. შესაბამისად, თუ სანახაობა მეტია, ვიდრე პური, იქ დემოკრატიული პროცესების დამკვიდრება რთულია.

ამას ვიზიარებ, მაგრამ წერილში იგი ამბობს, რომ კეთილდღეობის დონე საქართველოში 6-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში. იქვე ამბობს, რომ 10-15 წელიწადში ჩვენ იმ დონეს მივაღწევთ. აქ ისმის კითხვა – იმ ზრდის ტემპებით, რაც საქართველოში გვაქვს და რისი პროგნოზიც კეთდება, 10-15 წელიწადში როგორ უნდა დავეწიოთ? ეს ხომ მიუღწეველი ამოცანაა?! ამას ათეულობით წელი დასჭირდება. ამას რომ მივაღწიოთ, ზრდის ტემპი ბევრად უფრო მაღალი უნდა იყოს და მაშინ იმ წერილშივე უნდა ეთქვა, თუ როგორ აპირებს ტემპის ასე რადიკალურად გაზრდას. ანუ, ჩემი აზრით, აქ მინიმუმ არითმეტიკული შეცდომა იყო. ვფიქრობ, მას ეს არ გაუაზრებია. მიუტანეს რაღაც ციფრები, რაც წმინდა წყლის არითმეტიკული მანიპულაცია გამოვიდა და წერილში ახსნილი არაა.

ასე რომ, იქ ბევრი ნიუანსია. მთავარი კი მაინც ისაა, რომ იგი წარსულის წერილია. ამ საზოგადოებას “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” სამყაროში ცხოვრება აღარ უნდა. საზოგადოება ახალ არჩევანს ეძებს. ბიძინა ივანიშვილი ამ წერილით ცდილობს ორპოლუსიანობა არჩევნებამდე მაინც შეინარჩუნოს, რათა პოლიტიკური ტექნოლოგიის თვალსაზრისით არჩევანი “გაგვიადვილოს” და ახალი არჩევანის საშუალება არ მოგვცეს.

თუ ეს ამოცანა მიღწეულ იქნა, იგი ისეთი ძალისხმევის შედეგი იქნება, რაც ძალიან სერიოზულ სახელმწიფოებრივ რისკებს შექმნის. ასეთი ძალდატანების შედეგად მოსული შემდეგი ხელისუფლება კი აუცილებლად რევოლუციური, ძალიან ცუდი მეთოდებით წავა, რადგან მას ლეგიტიმაცია არ ექნება.

- წერილში სიტყვა “ოკუპაცია” ნახსენებიც კი არაა. ამაზე რას ფიქრობთ?

- არის თემები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ მოკლე და გარკვეული პასუხები არ აქვს. შესაბამისად, ისეთ არაკომფორტულ თემებზე, როგორიც არის ოკუპაცია, კორცხელის ინციდენტი, რატომ მოაწერეს ხელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მურუსიძის სასამართლოში ყოფნაზე და ა.შ. პასუხის გაცემას ალბათ სატელევიზიო ფორმატში შეეცდება, სადაც მას შეეძლება რაც შეიძლება ბევრი ილაპარაკოს და რაც შეიძლება ცოტა თქვას.

- ბიძინა ივანიშვილმა წერილში პირდაპირ თქვა, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში შესვლის იმედი უახლოეს მომავალში არ უნდა გვქონდეს. ეს მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი იყო?

- ამ კუთხით მე მას ნამდვილად არ გავაკრიტიკებდი, რადგან საერთოდ, ტყუილი მოლოდინი ამ მოლოდინის შემქმნელს დიდ ზიანს აყენებს. შესაბამისად, ყოველთვის სჯობს საზოგადოებას ის ვუთხრათ, რაც რეალობაა. ამ მხრივ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გულწრფელი იყოს.

ამას ის კი არა, ნატო-სა და ევროკავშირის ჩინოვნიკებიც გვეუბნებიან. ივანიშვილი ფაქტობრივად მათ მოსაზრებებს ციტირებს. რა აზრი აქვს იმ მოლოდინის შექმნას, რომ ჩვენ ნატო-ში მიგვიღებენ, თუკი ნატოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ეს ახლო მომავალში ვერ მოხდება? ასე რომ, მის წერილში ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ტყუილი მოლოდინი უკუშედეგს, აგრესიასა და იმედგაცრუებას იწვევს, რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში არასასურველ პროცესებს მისცეს დასაბამი.

——————-

„ახალი თაობა“, 01 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ რამაზ საყვარელიძესთან: „პაატა ბურჭულაძე ხმებს ნაციონალებს წაართმევს“ // „წინასაარჩევნოდ კომპრომატების ომი აუცილებელია

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საზოგადოებაში სერიოზული განხილვის თემად იქცა. რა მესიჯები გაუგზავნა ივანიშვილმა საზოგადოებას? რა იყო ამ წერილის ძირითადი არსი? რამდენად სწორად აფასებს ის შექმნილ ვითარებას? „ახალი თაობის“ ამ და სხვა კითხვებს ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე აფასებს.

- ბატონო რამაზ, ბიძინა ივანიშვილის წერილს ბევრი კრიტიკული შეფასება მოჰყვა. როგორია თქვენი, როგორც ექსპერტის და ფსიქოლოგის შეფასებები? რა გზავნილები ამოიკითხეთ ამ წერილში?

- კრიტიკული შეფასებები ძირითადად პოლიტიკური ოპონენტებისგან იყო. პოლიტიკა ჭეშმარიტებას დიდად არ დაგიდევს, ეს მას სჩვევია, მთავარია, მისი პოლიტიკური მიზანი იყოს მიღწეული. ამიტომ მომეჩვენა, რომ ეს შეფასებები ცოტა უფრო საფუძვლიან არგუმენტაციას თხოულობს, ვიდრე მათ გააკეთეს.

- მაინც რა მოგეჩვენათ უსაფუძვლო კრიტიკად?

- მე ეკონომიკაზე ვერაფერს გეტყვით, ამის სპეციალისტი არ ვარ. დავიწყოთ იქიდან, რომ დავის საგანი გახდა მედიის თავისუფლება და ოპონენტებს მოჰყავთ არგუმენტად „რუსთავი-2“. მაშინ, როდესაც მედიის თავისუფლების თემაზე მიდის საუბარი, ნაციონალური მოძრაობის დროს გაცილებით მძიმე მოვლენები იყო და ყველას ახსოვს იმ მოვლენათა სიმძიმე.

- პოლიტიკურ ოპონენტებს დევნიანო...

- პოლიტიკური ოპონენტების დევნის ფაქტებიც გაცილებით მძიმე იყო და დღევანდელი ჩხუბი ამის არცთუ ისე დამაჯერებელი არგუმენტია. ასეთი ჩხუბები, ყველგან ხშირია, მაგრამ სახელმწიფოებრივი დევნა, რასაც ადგილი ჰქონდა ნაციონალების დროს, თან კომპრომატების შეგროვება ოპონენტებზე და ასე შემდეგ, ეს ბრალდებები ნაციონალების მიმართ დღესაც ძალაშია. „ქართული ოცნების“ მიმართ კი ამგვარი ბრალდების საფუძველი საზოგადოებრივი თვალთახედვიდან არ არსებობს. თუ რამე დამატებით იცის ამა თუ იმ ოპონენტმა, მაშინ გამოამზეუროს.

- რა მიზანს ემსახურებოდა ეს წერილი?

- ჩემთვის ნიშანდობლივია, რომ წერილში არ იყო ფორმულა, რომ ხმა მიეცით „ოცნებას“, დანარჩენი არავინ ვარგა. ეს არ ყოფილა და ივანიშვილს არც ერთი ოპოზიციური პარტია არ მოუხსენიებია. მან აღნიშნა მხოლოდ ერთი, რომ 9 წლიანი გამოცდილების გამო, ნაციონალური მოძრაობის მიშვება ხელისუფლების სადავეებთან დაუშვებელია. ალბათ მისი მიზანი იყო საზოგადოების გაფრთხილება ამ თემაზე. იყო მეორე მიზანიც – მან ხაზი გაუსვა იმას, თუ რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ ამ ოთხ წელიწადში. ეკონომიკურ ნაწილზე ვერაფერს გეტყვით, ხოლო პოლიტიკურ ნაწილში, თავისუფლების კლიმატი რომ არის საქართველოში და შიში აღარ არის, მოსმენის შიში რომ აღარავის აქვს, ეს კლიმატი ნამდვილად შეიცვალა. სწორედ ეს და მასმედიის თავისუფლების ხარისხი მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია!

-_ სხვა რა აქცენტებს გამოყოფდით?

-_ ივანიშვილი არ ცდილობს, რომ ევროპისკენ მიმავალი გზა ია-ვარდით მოფენილ გზად დახატოს. მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ ჩვენ მივედით ევროპული სტრუქტურების კართან, მაგრამ ვინაიდან ამ კარის გაღება მრავალ საერთაშორისო ფაქტორზეა დამოკიდებული, ველოდებით ამ კარის გაღებას. ეს რეალობა რომ გახადა ცხადი და არ დაიწყო ყალბი მოლოდინის შექმნა, ეს მისასალმებელია.

- ბიძინა ივანიშვილი საუბრობს, რომ არ დაუშვებს ნაციონალების მობრუნებას ხელისუფლებაში. ჩვენ მოვისმინეთ შეფასებები, რომ კომპრომატების ომის კორიანტელი წამოვა წინასაარჩევნოდ. ფიქრობთ, რომ ამ გზით წავა ოცნება?

- კომპრომატების ომი ჰაერიდან მოტანილი ტერმინი არ არის და ყველა ძალა, მეტ-ნაკლებად იყენებს ხოლმე ამას ნებისმიერ ქვეყანაში. ყალბი კომპრომატია ცოდვა, თორემ თუ რაიმე მაკომპრომეტებელი არის ოპონენტზე, ის უნდა გამოქვეყნდეს, რომ მოსახლეობა კარგად იცნობდეს თავის ჩრდილოვანი მხარითაც და ღია მხარითაც იმას, ვისთვისაც აპირებს ხმის მიცემას. წინასაარჩევნოდ კომპრომატების ომი აუცილებელიც კია იმისთვის, რომ დემოკრატიული პრინციპი განხორციელდეს. საზოგადოებს ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიაზე. ამ კომპრომატს ყველა პარტია გამოიყენებს. დაე, დაიდოს ყველა კომპრომატი, რაც კი არსებობს და მერე შეაფასოს საზოგადოებამ ამის მიხედვით საკუთარი არჩევანი.

- ანუ ელოდებით ამ პროცესს?

- ველოდები, არ გამოვრიცხავ და არც დიდ ცოდვად მიმაჩნია, იმიტომ, რომ ეს დემოკრატიის მოვლენაა.

- რამე ახალს, განსაკუთრებულს, რაც ჯერ არ გვსმენია, შეიძლება ველოდოთ?

- ალბათ ისეთი რადიკალური მოულოდნელობა, როგორიც იყო ციხის კადრები, მეეჭვება იყოს. ველოდები იმასაც, რომ კომპრომატების ომს ნაციონალური მოძრაობაც მოკიდებს ხელს და ვნახოთ, იმათ რა ფაქტები ექნებათ. ჯერჯერობით ის ფაქტები, რითაც ისინი აწარმოებენ ამ ომს, დიდად დამაჯერებელი არაა.

- ოპონენტები ბრალს დებენ ივანიშვილს, რომ სწორედ მან გადაარჩინა ნაციონალური მოძრაობა და მომავალშიც იგივეს აპირებს...

- უკვე დიდი ხანია არის ეს კრიტიკა და იხსენებენ ხოლმე ივანიშვილის იმდროინდელ ტერმინს, როცა ამბობდა, შუა უნდა გაიკრიფოსო. საყვედურობენ ივანიშვილს, რომ იგი ხელს უწყობს ორპოლუსიან პოლიტიკურ სპექტრს – „ქართული ოცნება“ და ნაციონალები. 2012-ში მას ნამდვილად ჰქონდა ორპოლუსიანობის ფორმულა, ეს უდავოა. ამ წერილში კი ეს არ შეინიშნება. ახლა შუა აღარ გაიკრიფება, ეს წერილი ლოიალურია მთელი ოპოზიციური სპექტრის მიმართ, ნაციონალური მოძრაობის გარდა.

- ზვიად ძიძიგურმა ასეთი რამ განაცხადა: ისეთი პირი უჩანს, რომ ნაციონალები მომავალ პარლამენტში ისევ ჩვენი ოპონენტები იქნებიანო. რისკენ მიანიშნებდა ძიძიგური?

- მე ვვარაუდობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რაღაცა ინფორმაცია მიიღო ან სოციოლოგიური, ან სხვა ტიპის, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ ნაციონალები ყველა სხვა პარტიაზე უფრო ენერგიულად ემზადებიან არჩევნებისთვის. ეს შთაბეჭდილება ისედაც რჩება. ყველაზე აქტიური მთელ პოლიტიკურ სპექტრში სწორედ ნაციონალები არიან. „ქართული ოცნებაც” კი უფრო პასიურია. შეიძლება ამის საფუძველზეა ძიძიგურის ეს განცხადებაც გაკეთებული. და თვითონ ივანიშვილის წერილის საფუძველიც შეიძლება იგივე იყოს, სადაც ნაციონალების თემა ამდენად ხაზგასმულია.

- რა პერსპექტივები აქვთ ნაციონალებს?

- ნაციონალების აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან პოლიტიკაში აქტიურობას ოქროს ფასი აქვს გამარჯვებისთვის. ამიტომ ნაციონალების არსებობა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. მეორე მხრივ, მეეჭვება, რომ ნაციონალები აღმოჩნდნენ ძირითადი პოლიტიკური ოპონენტები.

- რატომ?

- ბევრი მიზეზის გამო. თვითონ ნაციონალების ელექტორატს გაუჩნდა ბევრი ალტერნატივა.

- პაატა ბურჭულაძის პარტიას ხომ არ გულისხმობთ?

- დიახ, მასაც. გარდა მაგისა, გირჩს ვგულისხმობ და გიორგი ვაშაძის პარტიას. ძლიერი ნაკადი შემოვიდა პაატა ბურჭულაძის პარტიის სახით, რომლის რამდენიმე პოლიტიკური აკორდი ძალიან წააგავს ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ აკორდს. ბუნებრივია, ეს მიიზიდავს ნაციონალების ელექტორატს. ამიტომ შემთხვევითი არ იყო მიშა მაჭავარიანის პოზიცია, რომ ნაციონალები ბურჭულაძესთან პარტნიორობაზე თანახმა იქნებიან. ნაციონალებმა დაინახეს ეს პერსპექტივა ბურჭულაძეში და მათ ურჩევნიათ, ბლოკად შეიქმნან და საერთო ამომრჩეველი ჰყავდეთ, ვიდრე გაყონ ეს ამომრჩეველი.

- რამდენად არის ამაზე წამსვლელი პაატა ბურჭულაძე? მას ისედაც ნაციონალების სატელიტად მიიჩნევენ...

- მაგაზე წამსვლელი ბურჭულაძე რომ ყოფილიყო, იტყოდა. უკვე საკმაო ხანი გავიდა მას მერე, რაც ამ წინადადებამ გაიჟღერა. ეს დაეტყობოდა მის ყრილობას. მას არსად უხსენებია, რომ ვინმესთან ალიანსს აპირებს. თან საკმაოდ თავდაჯერებულია, მას მიაჩნია, რომ დღეს ის უალტერნატივოა. ასეთი თავდაჯერების პირობებში პოლიტიკაში ალიანსზე არ მიდიან. ამიტომ მეეჭვება, რომ ეს ალიანსი შედგეს. შესაბამისად, ბურჭულაძესთან აღმოჩნდება დიდი ნაწილი იმ ხმების, რომლებიც შეიძლებოდა ნაციონალებს მიეღოთ. სწორედ ბურჭულაძე შეიძლება აღმოჩნდეს ის პარტია, რომელმაც შეიძლება დაიკავოს წამყვანი ოპოზიციური ძალის საპატიო ადგილი.

„ახალი თაობა“, 01 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ პაატა ჯიბლაძესთან: ქართულ ოცნებას” 2012 წელსვე უნდა გამოეძიებინა ნაციონალების დანაშაულები“ // „საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგები საპარლამენტო არჩევნებზე ვერ განმეორდება

პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება გამოთქვამს ვარაუდს, რომ საქართველოში ორპარტიულობის  - „ქართული ოცნება“ – „ნაცმოძრაობის“ დამკვიდრების მცდელობაა. ამას ხელს უწყობს ბოლოდროინდელი განცხადებებიც.

„ნაციონალური მოძრაობის“ არაოფიციალური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მთავარი ფიგურები პოლიტიკაში ის და ბიძინა ივანიშვილი არიან. ბიძინა ივანიშვილი, თავის მხრივ, დიდ ადგილს უთმობს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მსჯელობას. მემარცხენე ალიანსის პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე „ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა ერთ-ერთი მთავარი სუბიექტი არ უნდა იყოს. „ქართულ ოცნებას“ 2012 წელსვე უნდა დაეწყო ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადენილი ძირითადი დანაშაულების გამოძიება, რის შემდეგაც უნდა დამდგარიყო ამ პარტიის საქმიანობის აკრძალვის ან შეზღუდვის საკითხი. მე და ჩემი თანაგუნდელები დარწმუნებული ვართ, რომ ნაციონალური მოძრაობა ისევე უნდა აიკრძალოს, როგორც აიკრძალა თავის დროზე ჰიტლერის პარტია. მიხეილ სააკაშვილი ოდესაში კი არ უნდა ყელყელაობდეს და სხვებს ასწავლიდეს ჭკუას, არამედ პასუხს უნდა აგებდეს იმ სისხლიან და არაადამიანურ საქმეებზე, რომლებიც მან და მისმა გარემოცვამ ჩაიდინა. სააკაშვილი ახლა მთავარ პოლიტიკურ ფიგურებს შორის კი არ უნდა მოიაზრებოდეს, არამედ სასჯელს უნდა იხდიდეს”, – ამბობს პაატა ჯიბლაძე.

- თუმცა, სააკაშვილი აქტიურია და ორპარტიულობის დამყარების ნიშნებსაც ბევრი ხედავს...

- 2012 წელს სხვა გარემო იყო და პარლამენტში მოხვდნენ „ქართული ოცნების” კოალიცია და ნაცმოძრაობა. ახლა სრულიად სხვა რეალობაა და გაჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ საკანონმდებლო ორგანო გახდეს მრავალპარტიული. უნდა ეს ყველას თუ არა, ეს ასეც იქნება. საქართველოში რომ 235 პარტიაა, შეიძლება ეს არ იყოს მისასალმებელი. მათგან ძალიან ბევრი ორ-სამკაციანი ქაღალდზე არსებული ორგანიზაციაა. პარტიების საქმიანობის რეგულირება კანონებით შეიძლება. მაგალითად, შეიძლება პარტიებს მოსთხოვო ხელახალი რეგისტრაცია. ამაში პრობლემა არ არის. პრობლემა იქნება მაშინ, თუ, ორი პარტიის გარდა, ყველას შეეზღუდება საქმიანობა. პრემიერობისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ამ რაოდენობის პარტიები რა საჭიროაო. იმედი მაქვს, რომ მას ორპარტიულობის დამკვიდრების სურვილი არ გააჩნია. მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება, რაც შეესაბამება დემოკრატიის პრინციპებს. მომავალი მთავრობა უნდა გახდეს კოალიციური.

- საკრებულოების შუალედურ არჩევნებშიც ეს ორი პარტია მონაწილეობდა...

- ეს არჩევნები სოფელ კორცხელშიც ჩატარდა. კორცხელში გამართულ ცემა-ტყეპაში სხვებიც მონაწილეობდნენ. ეს ინციდენტი იმის მანიშნებელია, რომ ნაციონალური მოძრაობა არ ეშვება პროვოკაციებს. ნაციონალები პროვოკაციებს კიდევ მოაწყობენ.

- ზოგი ექსპერტი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე განმეორდება ამ შუალედური არჩევნების შედეგები...

- ამას არ ვეთანხმები. საპარლამენტო არჩევნებზე სულ სხვა სურათი დაიდება. ამ არჩევნებში ბევრი ძალა მივიღებთ მონაწილეობას. ისე, ძალიან მინდა იმათ ტვინში ჩამახედა, ვინც ამ შუალედურ არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას მისცა ხმა და გაამარჯვებინა! ნუთუ აღარ ახსოვთ, რა დღეში ჰყავდა სააკაშვილს საქართველო? როგორ ხოცავდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ მოქალაქეებს? როგორ ჩააბარა ტერიტორიები სააკაშვილმა რუსეთს?! შეიძლება „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული იყო, მაგრამ ამის გამო ხმა „ნაცმოძრაობას“ როგორ უნდა მისცე! საერთოდ, ჩვენმა ამომრჩეველმა ვერ გაითავისა, რომ არაა მოვალე, ერთ არჩევნებში გამარჯვებულ ძალას სხვა არჩევნებშიც გაამარჯვებინოს.

- კერძოდ?

- 2012 წელს ხალხმა აირჩია „ქართული ოცნება“. მომდევნო არჩევნები საპრეზიდენტო იყო. არ იყო სავალდებულო, რომ პრეზიდენტიც ამ ძალის კანდიდატურა ყოფილიყო. არც ის იყო აუცილებელი, რომ საკრებულოებშიც „ქართული ოცნება“, თბილისის მერად კი დავით ნარმანია აგვერჩია. თუ ამომრჩევლები ასეთ დროს სხვას აირჩევენ, ეს იქნება ხელისუფლების გამოფხიზლება და ხალხის ნების გამოხატვა. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ „ქართული ოცნება“ ვეღარ მოვა უმრავლესობით პარლამენტში. იმედი მაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობის დროც დამთავრდება.

- ბიძინა ივანიშვილი აპირებს, პარტია ქართული ოცნების” მხარდასაჭერად რეგიონები მოიაროს...

_ იგი ამ პარტიის დამფუძნებელია. ასეც რომ არ იყოს, ივანიშვილი ხელისუფლებაში არაა და ამის სრული უფლება აქვს. მისი აქტიურობა გარკვეულ გავლენას იქონიებს ამომრჩეველზე. ამით „ქართული ოცნება“ გაძლიერდება, თუმცა, არა იმდენად, რომ რადიკალური ცვლილებები მოხდეს. ალბათ, „ქართულ ოცნებას“ ასეთი ტაქტიკა ექნება – ადრე კოალიციურად ვმუშაობდით, სხვები ხელს გვიშლიდნენ, ახლა უფრო შევასრულებთ დაპირებებსო. „ოცნების“ ლიდერები აქცენტს გააკეთებენ იმაზე, რომ ეს პარტია მემარცხენე ცენტრისტულია. ცუდია, რომ ისევ მახინჯი საარჩევნო სისტემა გვაქვს. ჩვენ იმის მომხრე ვიყავით, რომ ეს არჩევნები პროპორციული და რეგიონულ-პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო. იხილება გერმანული მოდელი. ამასაც მხარს ვუჭერთ. გერმანული მოდელი იმას ნიშნავს, რომ პარტია მიიღებს იმდენპროცენტიან მანდატს, რამდენი პროცენტიც მიიღო. თუ `ქართულმა ოცნებამ~ არაფერი შეცვალა, მაშინ შეიძლება მომავალ პარლამენტში უმრავლესობა უსამართლოდ მოიპოვოს

„ახალი თაობა“, 01 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ გია ჟორჟოლიანთან: “საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბარი ახლა არასერიოზულია”

(შემოკლებით)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოციალ-დემოკრატი გია ჟორჟოლიანი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ 8 ოქტომბრის საარჩევნო გარემო ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება და ამას ხელს კანონმდებლობის გამკაცრებაც შეუწყობს.

- ბატონო გია, საარჩევნო კოდექსში ცვლილებასთან დაკავშირებით ინტერპარტიული ჯგუფის 5 პუნქტიანი შეთავაზებიდან ხელისუფლება რამდენ პუნქტს გაითვალისწინებს?

- რიგი შენიშვნებისა და შემოთავაზებებისა ინტერპარტიული ჯგუფის მიერ, ჩვენ გავითვალისწინეთ მანამ, სანამ ეს საკითხები კომიტეტებზე გავიდოდა. არის საკითხები, რომლებიც ითვალისწინებს იმ პარტიების მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი და არ აქვთ კვალიფიციური პარტიის სტატუსი. საუბარია საეთერო დროის გამოყოფაზე, დაფინანსების საკითხზე და ა.შ. გარდა ამისა, საარჩევნო კანონმდებლობაში არის მთელი რიგი ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში ზოგადად საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს.

- ხელისუფლებას აქვს მზაობა, რომ ოპოზიციის ხუთპუნქტიანი შეთავაზებიდან რამდენიმე მაინც გაითვალისწინოს?

- რამდენიმე პუნქტი ამ შემოთავაზებიდან ჩვენ გავითვალისწინეთ, მაგრამ ამას უკმაყოფილება მოჰყვა სხვადასხვა პარტიებიდან. ინტერპარტიული ჯგუფის ნაწილი მხარს უჭერდა, მეორე ნაწილი არ უჭერდა მხარს. ასეთი ვითარება შეიქმნა.

- რამდენი შეთავაზება გაითვალისწინეთ?

- ხუთიდან სამი თუ ოთხი შეთავაზება გავითვალისწინეთ, მაგრამ ინტერპარტიული ჯგუფიდან, რომელიც დაახლოებით 11 პარტიისგან შედგება, სამმა პარტიამ თქვა, რომ ეს ცვლილებები არ ვარგა. ამის გათვალისწინებით, რა სახის იქნება ეს ცვლილებები კენჭისყრის შემდეგ, ვერ გეტყვით.

- ოპოზიციის ერთ-ერთი შეთავაზება ე.წ. გერმანული მოდელია. 8 ოქტომბრის არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდება თუ შესაძლებელია, ე.წ. გერმანული მოდელი იქნას მიღებული?

- საარჩევნო სისტემის ცვლილება არ იქნება, ეს არის ცხადი, რადგან ნონსენსია ახლა ამაზე საუბარი. ეს უკვე ათასჯერ არის ნათქვამი. 8 ივნისს საარჩევნო კამპანია გახსნილად ცხადდება და არასერიოზულია ახლა არჩევნების სისტემის შეცვლაზე საუბარი. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც გულისხმობს 2016 წლის შემდეგი არჩევნების ჩატარებას განსხვავებული საარჩევნო სისტემით, მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემით.

- ხელისუფლება იყო ინიციატორი, რომ ეს ცვლილებები 2020 წლის არჩევნებისთვის მოეხდინა. დღეს რა ვითარებაა, ეს საკონსტიტუციო ცვლილება მოხდება?

- არ ვიცი, უმცირესობა უჭერს მხარს ამ ცვლილებებს თუ ბოიკოტს აცხადებს, რადგან ეს არის საკონსტიტუციო ცვლილება. საარჩევნო სისტემის ცვლილება ასე ვერ განხორციელდება. წელს მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ 2016 წლის არჩევნების შემდეგ თუ საპარლამენტო უმცირესობა მხარს დაუჭერს, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობა მოგროვდეს და საარჩევნო სისტემის ცვლილება მოხდეს.

- ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ საარჩევნო კოდექსში რეალური ცვლილებები არ განხორციელდა, ხელშესახები ცვლილებები არ მიიღეს, რაც საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს, ისინი არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ დააყენებენ. მართლაც შეიძლება არჩევნების ლეგიტიმაციას საფრთხე შეექმნას?

- 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში საარჩევნო გარემო ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. თუ რამე ხარვეზები არსებობს, ჩვენ ამ ხარვეზებს აღმოვფხვრით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ვინც წააგებს, ის უკმაყოფილო იქნება და ეს ცხადია. ამ პარტიების უმრავლესობამ წინასწარ იცის, რომ არჩევნებს წააგებს და ახლა, აქედან გამომდინარე იწყებს ამაზე საუბარს. ლეგიტიმაცია ხალხის თვალში უნდა ჰქონდეს არჩევნებს და არა – ვიღაცების თვალში, რომლებიც ამბობენ, ხალხის სახელით ვსაუბრობთო. ეს ყოვლად უსაფუძვლოა. ჩვენ მხარს დავუჭერთ, რომ ამ არჩევნებზე მაქსიმალურად იყვნენ საერთაშორისო დამკვირვებლები და არჩევნები გამჭვირვალედ, სამართლიანად ჩატარდეს.

- თქვენ ამბობთ, რომ უკეთესი საარჩევნო გარემო იქნება?

- რა თქმა უნდა. ვინც ვერ ხედავს და არ იცის, თუ რა გარემო შეიქმნა 2012 წლის შემდეგ საქართველოში, მისთვის პასუხის გაცემა ზედმეტად მიმაჩნია. რადიკალურად არის საარჩევნო გარემო ქვეყანაში შეცვლილი. აღარც რეპრესიებია, აღარც შვილებს უჭერენ, აღარც მასწავლებლები არიან იძულებით საარჩევნო პროცესში ჩართული და აღარც ბიზნესი, ეს ხომ უნდა დაინახონ. (…)

„ახალი თაობა“, 01 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან:ბიძინა ივანიშვილი შანტაჟზე გადავიდა“ // „ყოფილი პრემიერი მეორე წრეზე აპირებს წასვლას“ // „ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ნაციონალების გადასარჩენად”

რა გზას დაადგა ივანიშვილი, რა გარიგებაა ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებებს შორის, ვინ და რატომ ატეხა „რუსთავი 2“-ის გარშემო გაუგებარი ამბები, ამ თემებზე „ახალ თაობას“ დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრება.

- ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს ახალი წევრი ცოტა ხნის წინ გამოვიდა და ნაცმოძრაობა გარემოების მსხვერპლად შერაცხა. ბიძინა ივანიშვილმა კი ამ დღეებში განაცხადა, მთელ ჩემს რესურსს გამოვიყენებ, ეგენი უკან რომ არ დაბრუნდნენო. თქვენი აზრით, რა ხდება ქართულ ოცნებაში, რატომ აკეთებენ ასეთ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს?

- რა ხდება და თავს ვერაფერს აბამენ. ბიზნესი ერთია, მაგრამ კადრების შერჩევა და თანამდებობაზე ყოფნისას პრინციპულობის შენარჩუნება, სულ სხვაა. რას ითხოვთ იმ გუნდისგან, რომელიც ჯერ შეიკრიბა, მერე დაიშალა. ახლა გარბიან და გამორბიან. სად გინახავთ, სამთავრობო გუნდში იყოს პარტია და ოპოზიცია ვართო, გაიძახოდნენ. ეს გახლავთ ჩვეულებრივი პროვინციული, ქართული პოლიტიკური აჯაფსანდალი, სადაც მთქმელი თავის სიტყვაზე პასუხს არ აგებს. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს ახასიათებს მოსახლეობის დაშანტაჟება. 3 წლის წინ მან გამოგვიცხადა, თუ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად არ აირჩევთ, გავნაწყენდები და პოლიტიკიდან წავალო. ახლაც ასე იქნება, შემოგვაჩეჩებს თავის კანდიდატს და მერე ეს კანდიდატი მისი მტერი გახდება. საქართველო კი ამათი დაპირისპირების მძევლად იქცევა ხოლმე. მე მას არასდროს დავუკარგავ იმ დამსახურებას, რაც 2012 წლის 1 ოქტომბერს გააკეთა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. გვიყვება, ტირანია იყო და ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, ისევ ისინი დაბრუნდებიანო. მართალია, უნიათოები ვართ, მაგრამ ხალხს მაინც არ ვაუპატიურებთ და არ ვხოცავთო.

ეს ყველაფერი ნაციონალებთან შეთანხმებული თამაშია. ყოფილი და მოქმედი ხელისუფლება პოლიტიკური სპექტრის პოლარიზებას ახდენენ. ერთ მხარეს ნაციონალები არიან, ხოლო მეორე მხარეს – მკვდარი „ქართული ოცნება“. ყველაფერს აკეთებენ, რომ თავისუფალი სივრცე ამოავსონ, რათა ჯანსაღმა ოპოზიციურმა ძალებმა პარლამენტში შესვლა ვეღარ შეძლონ. რაც უნდა იხუნტრუცონ, ჯანსაღი ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მაინც მოხვდება.

ძალიან მიკვირს, რატომ მიდის მოქმედი პრემიერის ასეთი გამწარებული ქება-დიდება. მისი პოზიცია არის ის, რომ არა აქვს პოზიცია. ქარი საითაც დაუბერავს, იქით იხრება – ხან მემარჯვენეა, ხანაც მეოცნებეა. მაინც ვერ მოასვენა გამჩენმა და `ოცნებაში~ ისეთი კადრი მოიყვანა, რომელმაც სისულელეს სისულელე მოაყოლა. დავით კოღუაშვილის აზრით, სისხლიანი რეჟიმის შემქმნელები ნიჭიერი ხალხი ყოფილა.

იმ ხალხის მიმართ აქვთ ნოსტალგია, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისს სისხლისღვრა მოაწყვეს და ვამპირებივით 2 გვამს ითხოვდნენ. ამ მონატრებას იმ გუნდის წევრი განიცდის, რომლის მამა და მარჩენალი ივანიშვილია. ამის შემდეგ როგორ უნდა დავუჯეროთ ამათ წერილებს და განცხადებებს. რისიც მჯერა, ისაა, რომ ამათ ერთადერთ მიზანს პარლამენტში თავის შეყოფა წარმოადგენს. ძალიან მიკვირს იმ ხალხისაც, ვინც ივანიშვილის წერილისგან თუ ეპისტოლესგან რაღაც სასწაულს ელოდა. თავადაც აღიარებს, რომ ეს ნაშრომი სრულყოფილი არაა და დაგვპირდა, სრულყოფილად ტელეგამოსვლებით დაგელაპარაკებითო. მერე დაამატა, კიდევ უფრო სრულყოფილად სექტემბერში გამოვიტან ჩემს მოსაზრებებსო. ეს კაცი თავადაც გრძნობს, რომ არ დააკმაყოფილა ხალხის ინტერესი.

- სამაგიეროდ, მისი თანაგუნდელები არიან აღფრთოვანებული. ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს ამ წერილმა ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა გაახსენა...

- ილია ჭავჭავაძეს რომ ახსენებ, ეს ადამიანი კარგად უნდა იცოდე. მისი ეპისტოლარული მემკვიდრეობა არავისთან მოსატანი არ არის, მაგრამ `ქართულ ოცნებაში~ ხომ პატრონყმური დამოკიდებულებაა. როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტზე იყო, მისი ნათესავები ამბობდნენ, ილია ჭავჭავაძის მაგვარი ბრძენი კაცი მხოლოდ ივანიშვილიაო. ხვალ ვიღაც გაიმეორებს ამას და გააგრძელებენ ასე. ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა როგორ უნდა მოვთხოვო იმ ხალხს, რომლებმაც დამოუკიდებლობის ფასიც კი არ იციან. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ისეთი მიღება და ფიცის დადების ცერემონიალი გამართეს, რომ მოსახლეობა არ დაასწრეს. სამაგიეროდ, თავისთვის ტრიბუნები გაიკეთეს, შემოსრიალდნენ მერსედესებით და ყვავებივით ჩამოსხდნენ. პომპეზურად მოგვილოცეს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი და გგონია, რომ ახლა დასცხებენ საქართველოს ჰიმნს. მეტი არაა ჩემი მტერი. ამ მონებმა ჯერ ამერიკელების სამხედრო ორკესტრი შემოიყვანეს და ამერიკული ცამპა-ცუმპა გვესმოდა. მერე ატყდა პოლონელების, ინგლისელების და ბალტიისპირელების ცამპა-ცუმპა. ბოლოს გაახსენდათ 19 ქართველი კაპრალი, რომლებსაც ნატოს ლენტები გაუკეთეს და ეს უდიდეს მიღწევად ჩათვალეს.

- რა ჩათვალეს მიღწევად, ნატოს ლენტები?

- სწორედ ნატოს ლენტები ჩათვალეს საოცარ მიღწევად. იმისთვის ღვრიან ჩვენი ახალგაზრდები ავღანეთში სისხლს, რომ ნატოს ლენტები გაგვიკეთონ? თან ეს მაშინ ხდება, როცა საოკუპაციო ხაზთან ჩვენს თანამოქალაქეს კლავენ. ამ დროს ხელისუფლება გაპარული და ჩასვრილია. სიმბოლური იყო ისიც, რომ როცა თინიკო ხიდაშელი ნატოს ლენტებით ბაქიბუქობდა, მთელ დასავლეთ საქართველოს და ზუგდიდს მკლავებზე შავი, წუხილის და უპატრონობის ლენტები ეკეთა და მტრის მიერ დახვრეტილ ახალგაზრდა კაცს კრძალავდა.

- მოდით, ისევ ივანიშვილის ეპისტოლეს დავუბრუნდეთ. თქვენ თქვით, რომ ის შანტაჟის გზით მიეჩვია ხალხთან საუბარს. როგორ გგონიათ, ამ არჩევნებზეც აიძულებს ხალხს ვინმე მიუღებელი პერსონის არჩევას?

- ყველაფერს გააკეთებს, რომ მისთვის მისაღები კადრი აირჩიოს მოსახლეობამ. საჭირო თუ გახდა, ამ კანდიდატს ხელს მოკიდებს და ისევე ჩამოატარებს სოფელ-სოფელ, როგორც ეს მარგველაშვილის შემთხვევაში გააკეთა. მის გამო ლამის მთელი საქართველო ფეხით მოიარა, ახლა კი სადმე რომ ჩაუვარდეს, საკუთარი ხელით დაახრჩობს. ამ წერილში ის გვპირდება, რომ არჩევნებში ჩაერთვება და სოფელ-სოფელ დაივლის ამ ქვეყანას. მერე რა ვქნათ, სხვამაც რომ არ გაამართლოს. როდემდე უნდა ვუყუროთ ამათ დაპირისპირებას.

ბევრი შეფასება მოვისმინე, მაგრამ მთავარი მომენტისთვის არავის მიუქცევია ყურადღება – მან ოფიციალურად დააფიქსირა, რომ მეორე წრეზე შემოდის ქართულ პოლიტიკაში.

- შესაძლებელია, ისევ ხელისუფლების სათავეში ვიხილოთ?

- არა მგონია, რაიმე თანამდებობას დათანხმდეს. ახლა სადაც არის და როგორც არის, ამაზე უკეთეს მდგომარეობას ვერ ინატრებს. ივანიშვილი ჭკვიანი კაცია და ჭკვიანურად მოაწყო ყველაფერი. მის ხელშია მთელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება. ფინანსები საკუთარი აქვს და ქონებას ნუ დავუთვლით. ყველაფერს ეგ აკონტროლებს, მაგრამ რამე რომ მოხდეს, არაფერზე პასუხს ეგ კაცი არ აგებს.

პრემიერს როცა უნდა, მაშინ შეცვლის და რად უნდა, რომ პრემიერის პოსტზე იყო. ფარდის უკნიდან მშვენივრად მართავს პროცესებს. თან ხომ ხედავთ, გუნდის წევრები როგორ ამკობენ, ერთი ეძახის, ილია ჭავჭავაძე ხარო, მეორე ეტყვის, შოთა ხარ, რუსთაველიო. დავით აღმაშენებელიღა გვაკლია და ამიტომ გვაქვს საქმე კარგად. ამ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები საერთოდ არ მუშაობენ.

იმის მაგივრად, რომ ამ ინსტიტუტების გაძლიერებაზე იფიქრონ, იმავე მდინარეში გვიპირებენ შეთრევას, რომელშიც 2012 წელს ერთხელ უკვე შევედით. ახლა რომ აყვირდნენ, ნაციონალების დაბრუნება დაუშვებელიაო, ერთი მათგანი მაინც რატომ არ მოვიდა 26 მაისს რუსთაველზე. სადაც 5 წლის წინანდელი სისხლიანი ღამე გავიხსენეთ. თანაც ივანიშვილი ამბობს, რომ სისასტიკის შემდეგ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა. ჩვენ რომ არა, დღევანდელი ხელისუფლება იმ კაბინეტებში არ იჯდებოდა და სირცხვილი მათ, რომ ერთი მათგანიც კი არ მოვიდა რუსთაველზე. მხოლოდ 2 კინკილა დეპუტატი ვნახეთ იქ.

- რატომ არ მოვიდნენ იქ ხელისუფლების წარმომადგენლები?

- იმიტომ, რომ ხალხთან გამოსაჩენი პირი არ აქვთ. იმ ეპისტოლეში კი წერს ივანიშვილი, ესა და ეს გავაკეთეო, მაგრამ იმაზე არაფერი აქვს ნათქვამი, რა არ გააკეთა. სამართლიანობა არ აღადგინეს, ეკონომიკა ვერ გააუმჯობესეს, სისტემური დანაშაული არ აღმოფხვრეს. იმის მაგივრად, რომ ჯალათები და მკვლელები ციხეში გაეშვათ, ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს და თან მილიარდებიც გაატანეს.

- ევროკავშირის ქვეყნების მთავრობაზე უფრო ეფექტურია ჩვენი მთავრობაო, ამბობს ივანიშვილი და ამაზე რას ფიქრობთ?

- სასაცილოა ეს ყველაფერი. სხვა რომ აღარავინ აქებს, თავად დაიწყეს საკუთარი თავის ქება. რასაც ახლა ვიტყვი, მთელ „ქართულ ოცნებას“ ეხება. არის მედიცინაში ტერმინი ავტოეროტიზმი. ამით ნარცისი იყო გატაცებული. ფილოსოფიაში ეს შევიდა, როგორც ნარცისული კომპლექსი. ამათაც ნარცისიზმი შეეყარა, მაგრამ ის ოხერი ლამაზი მაინც იყო. ისეთი ლამაზი იყო, წყალში რომ ჩაიხედა, საკუთარი თავი შეუყვარდა. ესენი არც ეგეთი ლამაზები არიან და რამ შეაყვარათ საკუთარი თავი ასე! ქვეყანაში პროვინციალიზმის პარადია, ამათაც გაუვიდა და აბა ჰე. ჰგონიათ, თავს რომ „იდურაკებენ“, სხვებიც ასე შტერდებიან. რატომ ჰგონიათ, რომ ვერ ვხვდებით იმ გეგმას, რაც მათ ნაციონალებთან დაკავშირებით აქვთ. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა თქვა, რომ მომავალ პარლამენტში მთავარი ოპოზიციური ძალა ისევ ნაციონალური მოძრაობა იქნება. ვინ ეკითხება ძიძიგურს, როგორ და რანაირად გადანაწილდება პარლამენტში კვოტები. ერთმანეთი უნდათ და სჭირდებათ. ყველაფერს გააკეთებენ, რომ ნაციონალები არ გაქრნენ. უსუფაშვილმა, როგორც კი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში შევიდა, განაცხადა, ქართული დემოკრატიის უმთავრესი ამოცანა ნაციონალების გადარჩენააო და მეტი რაღა უნდა გვითხრას.

„რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებიც ამ მიზანს ემსახურება. სპეციალურად იქცევიან ასე უხეშად და გაუგებრად. ყველანაირად ცდილობენ ვიღაცების გამოღვიძებას, რათა ისინი რუსთავი 2-ს და ნაციონალებს დაუდგნენ გვერდით.

- თქვენ ფიქრობთ, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება არ უნდათ, ნაციონალები ამტკიცებენ, რომ “ოცნების მიზანი ტელეკომპანიის ხელში ჩაგდებაა...

- რაში სჭირდებათ რუსთავი 2. ტელევიზიის ხელში ჩაგდებას მაშინ აქვს აზრი, თუ მის მართვას შეძლებ. ამათ კი ამის თავი არ აქვთ. ამის თავი რომ ჰქონდეთ, იმ ტელევიზიას მომართავდნენ, რომელსაც ისინი აკონტროლებენ. ყველაზე მეტად ხელისუფლებას არ უნდა ამ ტელეკომპანიის გაქრობა. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება თავის სიკრეტინესთან მარტო რჩება. მერე როგორ გაუძლებენ ისინი რეალურ ოპოზიციას? ამიტომაც დაჰქათქათებენ თავზე ნაცმოძრაობას და რუსთავი 2-ს.

———————

ალია“, 01 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ გიგლა ბარამიძესთან: „ნაცებთან“ ომი გმირებმა მოიგეს, ბოზებმა კიდევ პოსტები მოირგეს!“

ნინო სამხარაძე

„ოცნების“ „ბაღში“ „ნაციონალური მოძრაობა» ის საფრთხობელაა, რომლის გარეშეც, „ქართულ ოცნებას“ არსებობა არ შეუძლია და თუკი ამ საფრთხობელას ჩამოვაცილებთ, ჩათვალეთ, რომ „ოცნება“, როგორც სახელისუფლებო ძალა, საბოლოოდ გაფარჩაკდება.

უკვე მერამდენედ, „ბუა მოდის» პრინციპით მუშაობს „ოცნების» დამაარსებელი. ვინც ბიძინა ივანიშვილს 2016 წლის 30 მაისის ეპისტოლე დაუწერა, ის არის პოლიტიკურად ბეცი. რით ვერ გაიგეთ, რომ „ნაციონალების» შიშით ეს ხალხი აღარ ცხოვრობს, როლები შეიცვალა და ახლა ყველას ერთად უნდა გეშინოდეთ ხალხის, რადგან წითელი ხაზები გადალახულია და ხალხი გაასამართლებს ხელისუფლებას არჩევნებში. ბიძინა ივანიშვილმა წერილში მიხეილ სააკაშვილი 13-ჯერ ახსენა, არც ერთი სხვა პოლიტიკური პარტია მისი ყურადღების ცენტრში არ მოხვედრილა. მან გაიმეორა ბადრი პატარკაციშვილის ცნობილი ფრაზები, რომ უკანასკნელ რესურსს დახარჯავს „ნაციონალების» დასამარცხებლად.

ბატონო ბიძინა, არის ერთი კარგი გამონათქვამი – „დაიჭირე დრო!“. თქვენ ეს დრო გაუშვით და პარლამენტში დატოვეთ დამნაშავე ძალა, დაუშვით მათთან კოჰაბიტაცია და ასე გახდა „ოცნება“ დანაშაულებრივი დაჯგუფების მფარველი, რომელიც პარლამენტში კი არ უნდა იჯდეს, პროკურატურაში ჩვენებას უნდა აძლევდეს და ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაულის გამო ასამართლებდნენ.

„ოცნების» ხელისუფლება დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მძევალია, სანამ სამართლიანობა არ აღდგება და არ დაისჯება ყველა ის პოლიტიკური ლიდერი თუ „ზონდერი“, ვინც ქართველებს გენოციდი მოუწყო, საქართველო, როგორც სახელმწიფო, ვერ შედგება და დემოკრატიაზე საუბარი ფარისევლობაა! ყველა ჯანსაღი ძალა მოგიწოდებდათ, ჩაგეტარებინათ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ეს იყო ყველაზე სამართლიანი გზა, „ნაციონალების» პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოსაშორებლად. ბატონო ბიძინა, შეგეძლოთ თქვენი რესურსი მაშინ დაგეხარჯათ და მსოფლიო განგაში აგეტეხათ, დაგედოთ დოკუმენტური მასალა, ადამიანების გაუპატიურების, წამების, მკვლელობების და დამნაშავეებისთვის პასუხი მოგეთხოვათ. მსოფლიო ხმასაც ვერ ამოიღებდა, თუკი თქვენს ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება ექნებოდა და თუკი მაგ კოალიციაში არ შეყრიდით ტურებსა და ლეშებზე დაგეშილ აფთრებს, რომლებიც მოსვლის დღიდან „ნაციონალების“ გადარჩენას დემოკრატიის მთავარ ამოცანად ისახავდნენ. ბატონო ბიძინა, სამწუხაროდ, ღორებს თქვენ მარგალიტები დაუყარეთ, არადა „ნაცებთან“ ომი გმირებმა მოიგეს, ბოზებმა კიდევ პოსტები მოირგეს! ამ ბელეტრისტიკას კი მხოლოდ თქვენი გულმხურვალე მხარდამჭერები დაიჯერებენ და ლამის წმინდანი გიწოდონ, მხოლოდ იმიტომ, რომ მავანნი თქვენგან მოწყალებას ელიან. მლიქვნელობის ჩემპიონატია თქვენს კარზე გამოცხადებული, ეგებ კიდევ 4 წელი უზრუნველად იცხოვრონ, ჯიბეში პარლამენტარის მანდატით… ხალხი კი, იმედგაცრუებიდან იმედგაცრუებამდე ცხოვრობს… პოლიტიკაში იცვლება მხოლოდ პოლიტიკური პოზიციები, არ იცვლებიან პოლიტიკური სახეები და… დროც კი დაბერდა ამათი შემყურე!!

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის» ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე „ალიას“ კითხვებს პასუხობს:

- პოლიტიკაში ეპისტოლარული ჟანრის დამკვიდრებას ცდილობს ბიძინა ივანიშვილი. მეოთხე წერილი, მმართველობის ოთხი წლისთავზე… ივანიშვილი წერს, რომ უკანასკნელ რესურსს დახარჯავს და «ნაციონალების» ხელისუფლებაში მობრუნებას არ დაუშვებს. კოჯრის ტყის ზღაპრების აღარავის სჯერა, ხელისუფლებამ ისიც კი ვერ შეძლო, რომ «ნაციონალური მოძრაობადამნაშავე პარტიად გამოეცხადებინა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ივანიშვილის ფორმულა, თუ ხმას არ მოგვცემთ, მგელი შეგჭამთო,ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ ამუშავდება? არადა, რა სასაცილოა, სულ ახლახან მისი პარტიის პოლიტსაბჭოს ახალმა წევრმა, დათო კოღუაშვილმა, გიგი უგულავასა და ივანე მერაბიშვილის ციხიდან განთავისუფლების განცხადება შეგვაპარა, მათ გარეთ ყოფნით შეუძლიათ, ქვეყანას მეტი სარგებელი მოუტანონ, ვიდრე ციხეში ჯდომითო… ესენი ჩვენ გვეღადავებიან, თუ ერთმანეთსეკაიფებიან?

_ რა თქმა უნდა, ეს არის იმ ფორმულისა და მოდელის გათამაშება, რაც ამათ 2012 წელს გააკეთეს, როდესაც ხალხი დაამუნათეს, თუ ჩვენ არ აგვირჩევთ, ისევ „ნაციონალები“ მოვლენო. ეს არის მოძველებული მეთოდი და მათ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ არ გამოუვათ ეს ამბავი, მაგრამ ცოტა არ იყოს შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის, არა მგონია, რომ კიდევ დაიჯეროს მოსახლეობამ ეს ზღაპრები და საერთოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ ერთმანეთი ჰაერივით სჭირდებათ. ერთმანეთს აპიარებენ ყველა მიმართულებით. მათ უნდათ, შექმნან ორი პოლარიზებული სისტემა – „ნაცებითა“ და „ოცნებით“, რომ სხვას არ მისცენ ადგილი პოლიტიკური გამარჯვებისთვის, მაგრამ ეს არ გამოუვათ!

- და მაინც, რით ხსნით იმ ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მის ვრცელ წერილში არც ერთი სხვა პარტია არ მოიხსენია, გარდა ნაციონალური მოძრაობისა?

- იმიტომ, რომ მას არ აწყობს ჯანსაღი ოპონირება. ჯერ გვეუბნებოდა, ოთხ წელში იქნება შედეგიო, ახლა ვადები გაზარდა და 20 წელია საჭირო შედეგისთვისო. ბიძინა ივანიშვილის წერილის ჩამონათვალში რატომ არ იყოს ის, რასაც არჩევნებამდე დაგვპირდა და არ შეუსრულა მოსახლეობას. ამათ ვერც დანაშაულში ამხილეს, ვერც კოჰაბიტაცია აგვაცილეს, ვერც მკვლელები და სისხლის სამართლის დამნაშავეები დაიჭირეს და ჩამოიყვანეს, ვერც წართმეული ქონება დააბრუნეს, ვერც ეკონომიკური მდგომარეობა გამოასწორეს… ამით დაეწყო წერილის წერა, ანდა რა უშლიდა ხელს, ბოლოს რომ ეთქვა ხურჩის ამბავი. ეს არ იყო ხელისუფლების მინუსები?! მაგრამ აქ მეორეა, იცოდა რა, რომ სრულყოფილი არ იყო ეს ეპისტოლე, მიაწერა, რომ დეტალურად კითხვებს პასუხს გავცემ რამდენიმე დღეში ტელევიზიის საშუალებითო, იქაც დაიზღვია თავი, კიდევ უფრო სრულყოფილი სექტემბერში ვიქნები და ერთი წერილის გამოქვეყნებასაც ვაპირებო. მოკლედ, რაც საზოგადოებას აწუხებდა, ის არ თქვა და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია, რითია ამომრჩეველი დაინტერესებული.

- «ნაციონალების» ბოიკოტის ფონზე, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ვეღარ შევა, ფიქრობთ, რომ საარჩევნო კოდექსის ჩავარდნა ორივე მხარის ინტერესშია და რას ფიქრობთ, პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ?

- ჯერ ერთი, უთავობაა, აქამდე რომ მიიყვანეს საარჩევნო კოდექსში გასატარებელი ცვლილებები და ახლა გერმანული მოდელი გახდა სახვეწარი, მაშინ როცა იყო დრო, თვითონ ეგენი ითხოვდნენ საარჩევნო კანონში ცვლილებებს. ეს არის მათი ეშმაკობა, დროის გაწელვა, როგორმე მიიტანონ თავი ტყუილებით არჩევნებამდე. რაც შეეხება კანონზე დადებულ ვეტოს, შეიძლება ვეტო დაძლიონ, არც ეს არის ლამაზი, თითქოს ერთი გუნდია, ერთი ინტერესია და პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ სილა გააწნა მმართველ გუნდს, როდესაც ჯერ ვენეციის კომისიას გადაუგზავნა საკონსტიტუციო კანონი, თითქოს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონდათ წინა დღეებში, ახლა ვეტო დაადო და ეს იმის მანიშნებელია, რომ ყველანაირ დათმობასა და დაპირისპირებაზე წავლენ, ოღონდ როგორმე არჩევნებში პოზიციები შეინარჩუნონ, ამიტომ, ხალხო, ხომ ხედავთ, ივანიშვილი მეორედ მიდის იგივე წრეზე, ხმა მიეცით კონკრეტულ პარტიას არა ვიღაცის ხათრით, არამედ მათი გაკეთებული საქმეების გამო. ხელით რომ დაატარებდა მარგველაშვილს და ხალხს აშანტაჟებდა, ხმა მიეცით, თორემ ნაციონალები მოვლენო, ხომ ხედავთ, განუდგა და ერთმანეთი დაჭამეს. ჰოდა, რა გარანტია გვაქვს საპარლამენტო არჩევნებზე ხალხს რომ ჩამოატარებს, ისინიც არ განუდგებიან?!

- ამ ხელისუფლებას დამოკლეს მახვილივით აწევს რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი, ის ჩანაწერებიც გვახსოვს, სააკაშვილი რევოლუციური სცენარის ინსტრუქტაჟს რომ იძლეოდა. რას ფიქრობთ, არჩევნებამდე ხალვაშის ხელში გადავა ეს ტელევიზია? რას მიანიშნებს პრემიერ-მინისტრის განცხადება, 7 ნოემბრის შემოქმედის, ჟურნალისტის მანტიაში გამოწყობილი, პროკურორის, ნიკა გვარამიას შესახებ, რომელსაც მოუწოდა, თავხედური განცხადებების კეთება შეწყვიტოს?

- „რუსთავი 2“ რომ `ნაციონალური მოძრაობის~ მხარდამჭერი მედიასაშუალებაა, ეს ხომ ყველამ იცის და არც თვითონ მალავენ ამას, მაგრამ აქ არის მეორე საკითხი. რატომ ხდება ბიზნესმენის, ქიბარ ხალვაშის ამოტივტივება ყოველთვის მაშინ, როცა ქვეყანაში დაძაბულობის წინაპირობებია, ან რა საჭირო იყო არჩევნების წინ ამხელა ხმაურის ატეხა. ხომ იცოდნენ, რომ ეს ძალიან ბევრ შეკითხვას გააჩენდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე დასავლეთში, ჩვენ ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ამ ტელევიზიას, მაგრამ, რომ დადუმდეს, თუნდაც ასეთი ტელევიზია, ამას არანაირად არ ვიზიარებთ. გინდათ გითხრათ, რა მოხდება? იხმაურებენ, აუწევენ რეიტინგს „რუსთავი 2“-დან გამომდინარე „ნაციონალურ მოძრაობას“, დღის წესრიგში იქნება ეს საკითხი, არჩევნები კარს მოგვადგა და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი ამათ წისქვილზე დაასხამს წყალს, მეტი არა ჩემი მტერი, «რუსთავი 2“-ს დაუხურონ გადაცემები და სარედაქციო პოლიტიკა შეუცვალონ, ამის თავი ამათ არ აქვთ. დამისახელონ ნებისმიერი საკითხი, როდესაც დღევანდელ ხელისუფლებას უკან არ დაუხევია, ამის პარალელურად ნახეთ, რას ეშმაკობენ, უცბად თვითონ დაიწყეს ზრუნვა არასაპარლამენტო პარტიებზე და საეთერო დროს თანაბრად უნაწილებენ, მაგრამ ვის ხარჯზე? დამატებით კი არ აძლევენ საეთერო დროს, თვითონ „ქართული ოცნება“ კი არ იკლებს საეთერო დროს, არამედ იმ სამ პარტიას უმცირებენ საეთერო დროს, რომლებმაც თავისი დამსახურებით მოიპოვეს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, ესენი გახლავთ „გაერთიანებული დემოკრატები“, „ლეიბორისტები» და „პატრიოტთა ალიანსი“, ჩვენი კუთვნილი დრო უნდათ, რომ სხვა პარტიებს გადაუნაწილონ, ეს არ არის მუხანათობა?! აპირებენ ამ საკითხის პარლამენტზე გატანას და ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ,  იქნება ძალიან მკაცრი რეაქცია!

ალია“, 01 ივნისი, 2016 წელი

ინტერვიუ კახა კუკავასთან: „მაშინაც და დღესაც, ჩანს, რომ ხელისუფლება ერთი კაცის ნებაზეა დამოკიდებული

ლევან ჯავახიშვილი

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონს ვეტო დაადო, რომელიც პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, 14 მაისს მიიღო. „ქართულ ოცნებას“ იმის პრობლემა არ აქვს, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს 85 წევრი ჰყავს, ვეტოს დაძლევას კი 76 ხმა სჭირდება. ოპოზიცია და ექსპერტთა დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი სრულად აკონტროლებს საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოს და ერთადერთი შტო, რომელიც მას არ ექვემდებარება, საკონსტიტუციო სასამართლოა. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკისა და „რუსთავი 2“-ის შემთხვევებში, სასამართლომ დააკმაყოფილა მათი სარჩელები.

პირველ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს ზედამხედველობის სამსახური არ ჩამოაცილა, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით კი დაუყოვნებლივი აღსრულების წესი შეაჩერა იმ დროს, როცა საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიის 100%-იანი წილი ძველ მეპატრონეს, ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა და დაუყოვნებლივი აღსრულებაც მოითხოვა. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებებით «ქართული ოცნების“ ლიდერები უკმაყოფილონი დარჩნენ და ეს არც დაუმალავთ.

ბევრი საფუძვლიანად ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ამ ვეტოსაც დაძლევს და საკონსტიტუციო სასამართლოც ხელისუფლებას დაექვემდებარება. ამის შემდეგ, „ქართული ოცნება“ სრულად გააკონტროლებს ხელისუფლების ყველა შტოს  საპარლამენტო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას. ამ პირობებში კი ირონიის მომგვრელია ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდება. მიხეილ სააკაშვილმაც ასე დაიწყო, ჯერ ხელისუფლების ყველა შტო დაიმორჩილა და მერე, მისი გამკონტროლებელი აღარავინ იყო, ის ჰიპერაქტიური დამთხვეული იყო და 2 წელიწადში ჩაიდო ჯიბეში მთელი ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილი კი აუჩქარებელი, მიზნისკენ მეთოდურად მიმავალი ადამიანია და ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მას 4 წელი დასჭირდება იგივეს გასაკეთებლად, თუმცა, ფაქტია, ასეთი ქმედებებით ის მიხეილ სააკაშვილს ემსგავსება.

მაშინაც და დღესაც, ჩანს, რომ ხელისუფლება ერთი კაცის ნებაზეა დამოკიდებული. ამისთვის ივანიშვილს პრეზიდენტის ერთი ვეტოს დაძლევაღა სჭირდება და მერე, უკვე შეუძლია, როგორც ქვეყნის ერთპიროვნულ მმართველს, მორჭმით დაჯდეს „შუშის სასახლეში“ და თქვას, რომ ეს ქვეყანა მისია. ქვეყანაში აღარ იქნება მისი და მისი გუნდის ნებასურვილის შემაჩერებელი კანონიერი ინსტრუმენტი.

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასა და აქედან გამომდინარე შესაძლო საფრთხეებზე, „ალიას“ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა ესაუბრა:

- კახა, რას იტყვით, პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონზე ვეტოს დადებაზე?

- პრეზიდენტმა მიიღო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, რადგან ის ცვლილებები, რომელიც უმრავლესობამ შეიტანა ამ კანონში, ფაქტობრივად, უფუნქციოდ ტოვებდა საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს იყო ტოტალიტარული სახელმწიფოს შესაფერისი გადაწყვეტილება. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, სრულად დაიმორჩილოს სასამართლო ხელისუფლება და წარმატებითაც ახერხებს ამას, ყველა სასამართლო ინსტანცია დაიქვემდებარა, საკონსტიტუციოღა იყო მის კონტროლს მიღმა და ახლა მასზე განახორციელა საკანონმდებლო შეტევა.

- მოდით, ისიც ვთქვათ, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებიდან რა არის მიუღებელი და რატომ რჩება საკონსტიტუციო სასამართლო უფუნქციოდ ამ ცვლილებებით?

- არაიურისტებისთვის ვიტყვი, რომ, რასაც გეგმავდნენ, ეს იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება. იურისტებისთვის კი ვიტყვი, რომ ახალი კანონით უნდათ შემოიღონ ისეთი მაღალი კვორუმი და ისეთი პროცედურები, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ვერც ერთ საკითხზე. უკიდურეს შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადში თუ შეძლებს ერთი ან ორი გადაწყვეტილების მიღებას. ამ კანონში წერია, რომ საკონსტიტუციოს მოსამართლეთა 9-კაციანმა პლენუმმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 7 ხმით. ამხელა კვორუმი არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის. ეს არის სიგიჟე, სხვა არაფერი. გარდა ამისა, იმ საქმეებს, რომელთაც საკონსტიტუციოს ორი კოლეგია იხილავდა, ახლანდელი კანონით, პლენუმმა უნდა განიხილოს. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ კიდევ უფრო გაჯანჯლდება საკონსტიტუციოში საქმეების განხილვა, რადგან, ყველაზე მეტი, ერთ-ერთ კოლეგიაში 4 მოსამართლე იყო და მათი შეკრება ხდებოდა ზოგჯერ პრობლემა და ახლა 9 მოსამართლის შეკრება უფრო პრობლემური არ იქნება?

- გასაგებია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ხელში ჩაგდება უნდა ხელისუფლებას, მაგრამ უფრო კონკრეტულად ამ ეტაპზე რისთვის სჭირდება? ხელისუფლებისგან უნდა ველოდოთ ანტიკონსტიტუციური კანონების მიღებას და ამის გამო ჩქარობენ? თუ ასეა, რა სახის კანონები შეიძლება მიიღონ?

_ კი, სამწუხაროდ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელთაც არ ესმით, რატომ უნდა იყოს სასამართლო დამოუკიდებელი. როგორც მე ვერ წარმომიდგენია, რომ კაცი შეიძლება გათხოვდეს და იყოს პატარძალი და ცოლი, ასევე, „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და ბიძინა ივანიშვილს ვერ წარმოუდგენიათ, რომ ამ ქვეყანაში შესაძლოა, არსებობდეს თუნდაც ნებისმიერი სახის სახელმწიფო ორგანო, რომელიც მათ არ დაემორჩილება. რასაც „ქართული ოცნების» ფრაქცია გადაწყვეტს, მორჩა, ის უნდა იყოს კანონი და სამართალი. ასე ესმის, საუბედუროდ, ამ ხალხს. შესაბამისად, ყველაფერს აკეთებენ, სრულად დაიქვემდებარონ სასამართლო სისტემა და საკონსტიტუციო დარჩათ. ამათი განწობა როგორია, იცით? რაკი ხელისუფლებაში ვარ, ყველაფერს მე უნდა ვაკონტროლებდე! აი, საბჭოთა კავშირის დროს კომპარტია რომ აკონტროლებდა ყველაფერს, ასე სურს ახლა „ქართულ ოცნებას“. ასეთი ამბები ჩრდილოეთ კორეაშიღა ხდება სხვაგან აღარსად. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, დაჩქარებული წესით საკონსტიტუციო სასამართლოს ხელში ჩაგდების მცდელობას, ხელისუფლებას ეშინია, არსებული საარჩევნო კოდექსის კონკრეტული მუხლები ვინმემ არ გაასაჩივროს საკონსტიტუციოში, ამ კოდექსით აპირებენ არჩევნების მოგებას. ამიტომაც ჩქარობენ, მიიღონ ეს კანონი, საკონსტიტუციო გააკონტროლონ ამით, რომ, თუ საარჩევნო კოდექსს გაუსაჩივრებენ, მინიმუმ, პროცედურულად ვერ მოესწრება მისი განხილვა – ან პლენუმის 9 წევრი ვერ შეიკრიბება და საერთოდ ვერ განიხილავენ სარჩელს, ან სარჩელის მომხრე 7 მოსამართლე ვერ მოგროვდება. გარდა ამისა, არ გამოვრიცხავ წინასაარჩევნოდ კიდევ სხვა სიურპრიზები შემოგვთავაზოს ხელისუფლებამ, ისედაც დამახინჯებულ, ანტიდემოკრატიულ, ანტიკონსტიტუციურ საარჩევნო კოდექსში შეიტანოს ახალი, სათავისოდ სასარგებლო ცვლილებები, ან ასეთი ცვლილებები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ სხვა კანონებში შეიტანოს. კონკრეტულად ძნელია თქმა, რას და როდის გააკეთებენ, მაგრამ იმ ხალხისგან, რომელიც ხელისუფლებასაა ჩაბღაუჭებული და «ზონდერების» გამოყენებასა და ოპონენტების ცემა-ტყეპას არ ერიდება საარჩევნო უბნებთან, ყველაფერია მოსალოდნელი.

- პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა: პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად ისეთი მოდელი შევიმუშავეთ «საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონისა, რომ ყველა მხარისთვის მისაღები იქნებაო. იქვა დასძინა, შევეცდები, საპარლამენტო უმრავლესობა დავარწმუნო, რომ პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიონო. მისი წინამორბედი ღარიბაშვილი უმრავლესობას მუდამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისკენ აქეზებდა

- ეს უკვე ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უკან დაიხია იმ საერთაშორისო ხმაურისა და ზეწოლის შემდეგ, რაც ამ ანტიკონსტიტუციურ კანონს მოჰყვა… უმრავლესობა ვეტოს არ დაძლევს, ვეტო დარჩება და იმ შენიშვნებს, ან მათ მნიშვნელოვან ნაწილს გაიზიარებს უმრავლესობა, რა ცვლილებებიც პრეზიდენტმა შეიტანა კანონში და ამ სახით მიიღებენ. ეს ამ ხელისუფლების სტილია, როცა საქმე უკიდურესად იძაბება, უკან იხევს.

„რუსთავი 2“-ის საქმეს შეგახსენებთ, როცა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ თავისი გადაწყვეტილება უკან გაიწვია. ახლაც ასე მოიქცევიან, უკან დაიხევენ.

- „რუსთავი 2-ის თემა ხელახლა გააქტიურდა, სააპელაციო სასამართლოში ამ ტელეკომპანიის საქმის განხილვის განახლებასთან ერთად. რას იტყვით ამის შესახებ?

- ეს ტელეკომპანია ეროსი კიწმარიშვილს წაართვეს და ქიბარ ხალვაშს მისცეს, მერე მას წაართვეს და ძმებ ლევან და გიორგი ყარამანიშვილებს გადასცეს. საბოლოო ჯამში, არც ქიბარ ხალვაშია მართალი და არც ყარამანიშვილები. მე არ მჯერა ხელისუფლებისა, რომელიც აცხადებს, ეს მხოლოდ ქონებრივი დავაა და სამართლიანობის აღდგენის პროცესიო. ჯერ ერთი, ამ საქმემ რა ხანია, პოლიტიკური ელფერი მიიღო, ხელისუფლებას რომ აწყობს „რუსთავი 2“-ის დადუმება თუ საკუთარ კონტროლქვეშ მოქცევა, ეს ყველამ ვიცით. მეორეც, ჩემთან იყო სიღნაღელი კაცი, რომელსაც „ნაციონალებმა“ წაართვეს სასტუმრო და ეს კაცი უკვე წლებია, ამაოდ ცდილობს მის დაბრუნებას. დაუბრუნონ ამ კაცს ის სასტუმრო, თუ სამართლიანობის აღდგენა სურთ და ასეთები ათასები არიან. რაღა მაინცდამაინც „რუსთავი 2“-ის ძველი მეპატრონისთვის დაბრუნებაა სამართლიანობის აღდგენა და თან მაშინ, როცა ხელისუფლებას მოეპრიანება?

Comments are closed