globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 1 ივლისი 2015 წელი

Posted by Globalresearch on Jul 1st, 2015 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

რეზონანსი: უვიზო რეჟიმი VS დემოგრაფია // “უვიზო რეჟიმმა ემიგრანტები, შესაძლოა, უკანაც კი დაბრუნოს”

რეზონანსი: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: “საქართველომ იყიდა სერიოზული იარაღი” // „ტერორიზმის საფრთხის გამო ნატოს ცენტრის გახსნა უმნიშვნელოვანესი ხდება“

„ახალი თაობა“: ინტერვიუ მექა ხანგოშვილთან: „პანკისის ხეობაში 5-6 წლის გოგონები ჰიჯაბებით დადიან“ // „უხუცესთა საბჭოში მომხდარი განხეთქილება ცუდ შედეგს მოიტანს“

„ალია“: რას ფიქრობენ პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები და რა შეიცვალა მათ დამოკიდებულებაში აშშ-ს მიმართ?

საქართველო და მსოფლიო: ინტერვიუ თამარ კიკნაძესთან: უცხოეთიდან მრჩევლის გამოგზავნა ნიშნავს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი შეზღუდულია

———————-

რეზონანსი“, 01 ივლისი, 2015 წელი

უვიზო რეჟიმი VS დემოგრაფია

უვიზო რეჟიმმა ემიგრანტები, შესაძლოა, უკანაც კი დაბრუნოს”

თაკო მათეშვილი

(შემოკლებით)

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღება საქართველოს მოსახლეობისაგან არ დაცლის – ამ მოსაზრებას აფიქსირებს პოლიტოლოგთა ნაწილი და ამბობს, რომ ეს შესაძლოა, ემიგრანტთა სამშობლოში დაბრუნების სტიმულადაც კი იქცეს. თუმცა, მეორე ნაწილი საფრთხეს აბსოლუტურად რეალურად მიიჩნევს და ამტკიცებს, რომ უვიზო რეჟიმი ისედაც მძიმე დღეში მყოფ დემოგრაფიულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ბევრმა არ იცის, რომ ევროპაში ვიზის გარეშე დარჩენა 180-დღიან პერიოდში 90 დღით იქნება სესაძლებელი და რომ უვიზო რეჟიმი არ ნიშნავს იმას, რომ ევროპის ნებისმიერ ქვეყნაში  განუსაზღვრელი ვადით დარჩე, ან იმუშაო და ისწვალო.

„ეს არის შესაძლებლობა მცირე ხნით, ტურისტის სახით დაათვალიერო ევროპის ქვეყნები. უვიზო რეჟიმი არ ნიშნავს იმას, რომ საზღვარზე გადასვლისას არაფერი არ მოგეთხოვება: საჭიროა შენი ფინანსური შესაძლებლებების დადასტურება, სასტუმროსა და ბილეთის ჯავსანი, მოსაწვევი და თუ საზღვარზე გადასვლისას ვერ დაამტკიცებ, რატომ მიდიხარ, მესაზღვრეს უფლება აქვს უკან დაგაბრუნოს“, – განმარტავენ ვიზა-ლიბერალიზაციის არსს მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრში.

(სტატიაში გადმოცემულია მოლდოვას მოქალაქეების მიერ უვიზო რეჟიმით სარგებლობის სტატისტიკა: მიმდინარე წლის 9 თვეში ევროპაში წავიდა 363 751 მოქალაქე, აქედან 213 უკან დააბრუნეს).

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ უვიზო რეჟიმის შემოღებით ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე არ დადგება, რადგან მათ, ვისაც ევროპაში გასვლა და სამუშაოს დაწყება უნდოდა, შემოვლითი გზებით თავის მიზანს მაინც მიაღწია. მისი თქმით, მცირე ნაწილი შეიძლება სამუშაოდ და ევროპაში დასარჩენად შეიძლება მართლაც წავიდეს, მაგრამ არ უნდა დაგვვავიწყდეს, რომ უვიზო რეჟიმს ფსიქოლოგიური მხარეც აქვს: „როცა ადამიანი ჩაკეტილია, მას გასვლის სურვილი აქვს, მაგრამ როცა გასვლის უფლება მიეცემა, შეიძლება ეს სურვილი გაუქრეს. ანდა თუ წავა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ადამიანმა თავისი საქმე სამ თვეში მოიმთავროს და მერე უკან დაბრუნდეს. საერთოდ ისე ხდება, რომ როცა ვიზით გადიხარ და იქ აღნიშნულ ვადაზე დიდხანს რჩები, უკან დაბრუნებისას ვადების დარღვევის გამო, პასპორტში შტამპს ჩაგირტყამენ და ხუთი წელი ევროპას თვალით ვეღარ ნახავ. უვიზო რეჟიმის დროს კი როცა იცი, რომ კიდევ შეგიძლია ნორმალურად წასვლა, საკუთარ თავს პრობლემას არ შეუქმნი“, – ამბობს კახა გოგოლაშვილი.

პოლიტოლოგი ირაკლი კიკიანიც ასევე უმნიშვნელო საფრთხედ მიიჩნევს იმას, რომ თითქოსდა უვიზო რეჟიმის დროს მოსახლეობის გადინება მოხდება. „საერთოდ, მოსასხლეობის გადინების მიზეზი ეკონომიკის მდგომარეობაა. თუ ეკონომიკა არ განვითარდება, ხალხი ქვეყნიდან გაიქცევა და თუ აქ, საქართველოში, სამუშაო ადგილები შეიქმნება, ქართველები ევროპაში წასვლას აღარ მოისურვებენ“.

საპირისპირო პოზიცია აქვს პოლიტოლოგ იგორ კვესელავას, რომელმაც „რეზონნასტან“ საუბარში განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის დაწესების კვალობაზე გაიზრდება საქართველოდან წამსვლელთა რაოდენობა, რომლებიც ევროპაში სამუშაოდ დარჩებიან. „საქმე ისაა, რომ ქართველების დიდი უმეტესობა ევროპაში ნეგატიური საქმიანობითაა დაკავებული – ქურდობენ, მეძავები არიან… მაგალიტად, გერმანიაში ქართველი სამართალდამრღვევების მიმართ უამრავი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამიტომ უვიზო რეჟიმის დროს  ამ საქმის მსურველები ევროპაში წავლენ ადა ამით ჩვენი რეპუტაცია დაზარალდება. ისედაც სამი მილიონი ვართ და 2-3 წელიწადში კრიზისულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. უვიზო რეჟიმი დემოგრაფიულ მაჩვენებელს გააუარესებს“.

თუმცა იგორ კვესელავა იმასაც ამბობს, რომ რადგან „ზოგი ჭირი მარგებელია“, არაა გამორიცხული, რომ ქართველების დიდი რაოდენობით წასვლა ევროპაში იქიდან ფულის გადმოდინებასაც გაზრდის: „ჩვენი ემიგრანტები დრეს ევროპაში მუშაობენ და იქიდან სამშობლოში ფულს გზავნიან. ჩემი აზრით, ეს გზავნილები რომ არა, საქართველოს მოსახლეობა ცუდ დღეში აღმოჩნდებოდა. ასე რომ, ერთი მხრივ, ევროპაში ხალხის გადინებამ, შესაძლოა, სოციალურ სფეროში დადებითი როლი შეასრულოს, ქვეყანამ ეკონომიკურად ცოტა წინ წაიწიოს და მეორე მხრივ,  საქართველო მოსახლეობისაგან შეიძლება დაიცალოს“, – ამბობს იგორ კვესელავა.

რეზონანსი“, 01 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან: “საქართველომ იყიდა სერიოზული იარაღი”

ტერორიზმის საფრთხის გამო ნატოს ცენტრის გახსნა უმნიშვნელოვანესი ხდება

იაგო ნაცვლიშვილი

(შემოკლებითთ

“კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ბოლომდე დაცული იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენი ქვეყანა მარტოა ამ პრობლემების წინაშე. “ისლამური სახელმწიფო” ჩრდილოეთ კავკასიაში ქმნის თავის წარმომადგენლობას, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო მიმართულებით, რომ საქართველო ამ ბრძოლაში მარტო არ იყოს.

„საჭირო ღონისძიებები გატარება ნიშნავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ზალიან მჭიდრო თანამშრომლობას. ამ გამოწვევების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ნატოს საწრთვნელი ცენტრის განთავსება საქართველოში“ – ამბობს „რეზონანსთან“ საუბრის დროს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი. „კარგად გვესმის, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ბოლომდე დაცული, როცა ჩვენი ქვეყანა. ფაქტიურად, მარტოა ამ საფრთხის წინაშე. ეს აშკარად გამოჩნდა იმით, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ჩრდილოეთ კავკასიაშითავისი წარმომადგენლობა შექმნა“.

- სანამ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერევიან, მანამდე რა ღონისძიებებია გასატარებელი?

- საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მუშაობა გააქტიურებულია, ეს კეთდება საკანონმდებლო დონეზეც და აღსრულების დონეზეც. ხელისუფლება მუშაობს, რომ გარკვეულ ძალწებს არ მიეცეთ საშუალება ჩვენი ქვეყანა ამ ბრძოლაში ჩაითრიონ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, ამას საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა ჭირდება.

- ხომ არაა საჭირო, რომ სესაბამისმა სამსახურებმა პანკისის ხეობაში მუშაობა კიდევ უფრო გააძლიერონ?

- რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ხელისუფლება ამ მიმართულებითაც მუშაობს. ეს არის ძალიან ფაქიზი თემა. დეტალების თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ შესაბამისმა ორგანოებმა კარგად იციან, თუ სად რა საფრთხე არსებობს

- საქართველო საფრანგეთისაგან საჰაერო თავდაცვის იარაღს ყიდულობს. თქვენი ინფორმაციით, არის თუ არა ეს ის იარაღი, რომლის შესახებაც ხელშეკრულება ირაკლი ალასანიამ გააფორმა თავის დროზე?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემას სჭირდება დაშვება სახელმწიფო საიდუმლოების გაცნობის მიზნით, რომელიც მე არ მაქვს. როცა ტავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პარლამენტში მოვა, მას ამ კითხვას ნდობის ჯგუფი დაუსვამს. სესაბამისად, ამ ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ ნდობის ჯგუფის პრეროგატივაა. მესმის, რომ ვირაც მაინც შეეცდება ამ მომეტის გამოყენებას, მაგრამ ეს მაინც ვერ განსაჯაროვდება. საქართველო კი არა, აშშ-ც კი არ ასაჯაროებს იმ ინფორმაციას, თუ ვინ სად რომელი იარაღი იყიდა. არის თუ არა ეს ის, რასაც ირაკლი ალასანია ყიდულობდა, არ ვიცი, მაგრამ იმავდროულად ვიცით, რომ თავდაცვის მინისტრს ხელი „გამარჯობა-ნახვამდის“ ხელშეკრულებაზე არ მოუწერია. საქართველომ იყიდა სერიოზული იარაღი და, შესაბამისად, მინისტრმაც ხელი სერიოზულ ხელშეკრულებას მოაწერა.

————

(ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი ეხება აგრეთვე საქართველოს მეზობელ სომხეთში მიმდინარე პროცესებს – მასობრივ საპროტესტო აქციებს, რომელიც ელექტროენერგიის გაძვირებითაა გამოწვეული. მისი აზრით, ეს აქციები პოლიტიკურში ვერ გადაიზრდება, რადგან ამ პირობებში წარმოუდგენელია, რომ სომხეთმა თავისი პრორუსული საგარეოპოლიტიკური კურსი პროდასავლურით შეცვალოს. „სომხეთში არცერთი სერიოზული პოლიტიკური ძალა არ არსებობს, რომ ქვეყანას რუსეთის გავლენისაგან თავი დააღწევინოს“).

„ახალი თაობა“, 30 ივნისი, 2015 წელი

ინტერვიუ მექა ხანგოშვილთან: პანკისის ხეობაში 5-6 წლის გოგონები ჰიჯაბებით დადიანუხუცესთა საბჭოში მომხდარი განხეთქილება ცუდ შედეგს მოიტანს

შორენა მარსაგიშვილი

(შემოკლებით)

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში მცხოვრები, 23 წლის თურფალ ბორჩაშვილი დაიღუპა. იგი ისლამური სახელმწიფოს მხარეს იბრძოდა. საქართველოდან თურქეთში 6 თვის წინ წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა. თურფალ ბორჩაშვილი პანკისის ხეობიდან სირიაში წასული ახალგაზრდებიდან მეთორმეტე მსხვერპლია.

(…)

როგორც უკვე ცნობილია, მიმდინარე წლის 14 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისში სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც რამდენიმე პირი დააკავეს. სამართალდამცავების მტკიცებით, ახალგაზრდების სირიაში გადინებას სწორედ ისინი უწყობდნენ ხელს. ამ ამბიდან მხოლოდ ორი კვირაა გასული და ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, შეწყდა თუ არა ახალგაზრდების გადინება. პანკისელი მექა ხანგოშვილი მიიჩნევს, რომ ხეობაში მთელი რიგი ღონისძიებებია გასატარებელი საიმისოდ, რომ ახალგაზრდები სასაკლაოზე აღარ წავიდნენ.

რატომ მომრავლდნენ პანკისში შავ ჰიჯაბებში გამოწყობილი ქალები, ვინ უვლის ხეობაში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, რა მოხდა უხუცესებს შორის, რას ითხოვენ პანკისელი ახალგაზრდები საქართველოს ხელისუფლებისგან? – ამ თემებზე „ახალ თაობას“ მექა ხანგოშვილი ესაუბრება.

მექა ხანგოშვილი: „სირიაში კიდევ ერთი პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. ის რიგით მეთორმეტე მსხვერპლია, რაც ამ პატარა ხეობისთვის ძალიან დიდი დანაკლისია. სირიაში ახალგაზრდების გადინების პრობლემა ერთ-ორ დღეში ვერ მოგვარდება. ეს პრობლემა შორს არის წასული და ხელისუფლებას ამისთვის თავის დროზე უნდა მიეხედა.

- თავის დროზე როდის? სულ რამდენიმე წელია, რაც სირიაში მიდიან ახალგაზრდები. სირიის კონფლიქტამდეც იდგა ეს პრობლემა?

- იდგა, როგორ არ იდგა. ასე ერთბაშად არ დაწყებულა ეს პროცესი. იგი დიდი ხანია მიდის. სამწუხაროდ, არც ერთმა ხელისუფლებამ არ გამოიჩინა ხეობის მიმართ სათანადო ყურადღება. არც სათანადო პოლიტიკა არ შემუშავებულა. ხელისუფლებას სხვანაირად რომ ემოქმედა, არ იქნებოდა ის, რაც დღეს ხდება.

- რა უნდა დაუპირისპიროს ხელისუფლებამ პანკისიდან ახალგაზრდების სასაკლაოზე გადინებას.

- ამის მექანიზმები ჯერ კიდევ არის. უნდა მოხდეს ტრადიციული ისლამის გაძლიერება და უხუცესთა საბჭოს განვითარების ხელშეწყობა. უხუცესთა საბჭოს არც თავის დროზე მიაქციეს ყურადღება. ამ უყურადღებობის შედეგია ის არეულობა, რაც უხუცესებში მოხდა. ყველაზე ცუდია ის, რომ ვიღაც-ვიღაცები შიგნიდან ამღვრევენ წყალს.

- მოდით, უხუცესთა საბჭოში მომხდარ დაპირისპირებაზე ცოტა ქვევით ვისაუბროთ. ახლა ისევ ახალგაზრდების გადინების თემას დავუბრუნდეთ. რანაირად შეიძლება მათი გადმობირება?

- ამის პოტენციალი არის. ხეობა ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სპორტული მონაცემებით. განსაკუთრებული წარმატებები თავისუფალ ჭიდაობაში გვქონდა. ჩვენებურები არაერთხელ გამხდარან ევროპის ჩემპიონები. გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ იქ სპორტული ცხოვრება მთლიანად ჩაკვდა. ბუნებრივია, ეს ცხოვრებამ მოიტანა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაფერი დაინგრა საქართველოში. გამონაკლისი არც პანკისი იყო. 10 წელია ვიხვეწები, რომ სპორტული დარბაზი აღადგინონ. დუისის სკოლაში დღეისათვის 800-მდე ბავშვი სწავლობს. ამხელა სკოლას სპორტული დარბაზი არა აქვს. საბედნიეროდ, ეს პრობლემა მალე უნდა მოგვარდეს: ამ დღეებში დუისში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალგაზრდები აქტიურად დაკავდებიან სპორტით და დროის დიდ ნაწილს აქ გაატარებენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განათლების დონის ამაღლებასაც. ამაზე ადრეც გესაუბრეთ. 15 წელია ამას გავიძახი, რომ პანკისში განათლების დონის ამაღლება უნდა მოხდეს. ახალგაზრდებში განათლების დონე მაღალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ბევრი სირიაში, სასაკლაოზე არ წავიდოდა.

- მარტო განათლების დაბალი დონეა პრობლემა? სირიაში საომრად ევროპის ქვეყნებიდანაც მიდიან, სადაც განათლების დონე საკმაოდ მაღალია.

- ევროპიდანაც მიდიან, ისინი ალბათ თავგადასავლებს ეძებენ ან რაიმე სხვა მიზეზი აქვთ. ჩვენი ხეობა არის სპეციფიკური, მას კარგად ვიცნობ და ამიტომ გეუბნებით, აქ განათლების დონე ოდნავ მაღალი რომ ყოფილიყო, ახალგაზრდები იმ სასაკლაოზე არ წავიდოდნენ.

- ამბობენ, რომ პანკისელ ახალგაზრდებზე გავლენას სოციალური ქსელებიც ახდენენ და მათი მეშვეობითაც ხდება მათი გადაბირება. ამაზე რას ფიქრობთ?

- სოციალურ ქსელებს გარკვეული გავლენა აქვს, მაგრამ ხეობაში ინტერნეტი იმ დონეზე არ არის, რომ ამ გზით ხდებოდეს მათი გადაბირება. ვიმეორებ, განათლების დაბალმა დონემ გამოიწვია ის, რომ ახალგაზრდები დღეს საკუთარი ნებით მიდიან.

- ზოგიერთი ამბობს, რომ ისინი ძალით მიჰყავთ.

- გიდასტურებთ, რომ თავისი ნებით მიდიან, მაგრამ საინტერესოა, ამ გადაწყვეტილებამდე რამ მიიყვანა. ვინ დაიჯერებს, რომ ამ ახალგაზრდებს ერთ მშვენიერ დღეს მოუვიდათ ომში წასვლის იდეა. მათთან იდეოლოგიური მუშაობა მიმდინარეობს,

- ვინ მუშაობს ამ ახალგაზრდებთან?

- არიან ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ისინი პანკისში ცხოვრობენ. დაშავებით არაფერს აშავებენ, უბრალოდ, ახალგაზრდებს ამზადებენ იდეოლოგიურად.

- გენეტიკა არაფერ შუაშია? ქისტებს და ჩრდილოკავკასიელებს გენეტიკურად აქვთ იარაღის და ბრძოლის სიყვარული.

- გენეტიკაც თავისას შვრება. ხეობაში არ არის სამუშაო, არ არის გასართობი. ახალგაზრდები რაღაცით უნდა დაკავდნენ. ამ დროს გენეტიკური კოდი თავისას შვრება და მათ ნაწილს საომრად გაუწია გულმა.

- უხუცესთა საბჭოში მომხდარ განხეთქილებასაც დავუბრუნდეთ. თქვენი მამა ხასო ხანგოშვილი საბჭოს წევრია და აქედან გამომდინარე კარგად გეცოდინებათ მომხდარის შესახებ. თქვენი ინფორმაციით, რა მოხდა. ვიღაცები ამბობენ, რომ არეულობა ხელისუფლების ჩარევის შედეგია.

- არა, აქ არც ხელისუფლებაა რამეში დამნაშავე და არც სხვა გარეშე პირები. უხუცესთა საბჭო 2006 წელს შეიქმნა. საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა ადამიანი, რომელიც ჩემში ყოველთვის დიდ პროტესტს იწვევდა. უფროს კაცზე ამდენს ვერ ვილაპარაკებ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ის საბჭოს თავმჯდომარედ მხოლოდ ასაკის გამო დაინიშნა. მისი საქმიანობით უხუცესთა საბჭოს დანარჩენი წევრებიც უკმაყოფილონი იყვნენ. მას რამდენჯერმე მისცეს შენიშვნა. ცოტა ხნის წინ მან ცალკე გამოყოფა მოინდომა. ხეობაზე რომ გული შესტკიოდეს, ასე არ მოიქცეოდა. მთავარი ისაა, რომ უხუცესთა საბჭოს ინტელექტუალური ბირთვი ადგილზე რჩება. ისინი თავიანთ ხალხს პირნათლად ემსახურებიან და თავის სათქმელს აუცილებლად იტყვიან. საერთოდ კი, ცხადია, არასასიამოვნო ფაქტია. ორი უხუცესთა საბჭო ყველას დააბნევს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. საბოლოოდ ყველა მაინც იქეთ წავა, სადაც საღი აზრია. უხუცესთა საბჭოს შესაქმნელად ძალიან ბევრი ვიწვალეთ და სამწუხაროა, ასე რომ მოხდა.

- ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, სადაც შავ სამოსში და შავ ჰიჯაბში გამოწყობილი ქალია აღბეჭდილი. ფოტოს ავტორები ირწმუნებიან, რომ ეს პანკისში ხდება. პანკისში მართლა ასე აცვიათ?

- ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასე ჩაცმულები პანკისში მართლაც დადიან. მორწმუნე ადამიანი ვარ და ყოველთვის იმას ვასრულებ, რასაც ალაჰი ქადაგებს. თავზე ყოველთვის თავსაფარი მიკეთია და ასე იქნება სულ. არც ის მიკვირს, ვიღაცას ჩადრი რომ ახურავს, მაგრამ სულ შავებში გამოწყობა არც მე მომწონს. ამას არც ყურანი არ ქადაგებს. უფალმა მაპატიოს თუ ვცოდავ, მაგრამ ეს შავოსნობა ჩემთვის მიუღებელია. ბოლო რამდენიმე წელია, რაც პანკისში ქალების ნაწილი ასე დადის. რამდენჯერმე ვარ ისეთ ქვეყნებში ნამყოფი, სადაც ისლამი სახელმწიფო რელიგიას წარმოადგენს. იქაც კი არ მინახავს, რომ 5-6 წლის გოგოს ჰიჯაბი დაეხუროს. ჩვენს პანკისში ასეთი რამეები ხდება.

- პანკისში 5-6 წლის ბავშვებს ჰიჯაბი ახურავთ? ეს დაუჯერებლად ჟღერს.

- სამწუხაროდ, ასეა. პატარა ბავშვები პანკისში ჰიჯაბით დადიან.

- ამის წინააღმდეგ არავინ მიდის?

- არა. ამასთან შებრძოლება ძალიან რთულია. რელიგიურ საკითხებს სიფრთხილის გამოჩენა სჭირდება. თან ეს სალაფიდები არაფერს აშავებენ და როგორ გინდა შეეწინააღმდეგო. ჩემთვის სალაფიდობა არ არის მიუღებელი. ჩემთვის მიუღებელი მათი რადიკალური ფრთაა. ამ რადიკალურ ფრთას წარმოადგენს ის ხალხი, რომლებსაც ახალგაზრდები სირიის სასაკლაოზე მიჰყავთ. სოფელ დუისში არსებობს სალაფიდების ძალიან ზომიერი ფრთა. მათ ღმერთის სწამთ და არავის არაფერს უშავებენ. ისინი ძალიან ჰარმონიულად ცხოვრობენ ტრადიციული ისლამის წარმომადგენლებთან ერთად. ოღონდ იმ წესებს იცავენ, რომელიც მათ მიაჩნიათ მისაღებად. ამ ხალხს პატივს ვცემ, მაგრამ შაოსნობა ჩემში დიდ პროტესტს იწვევს.

- პანკისში არის ღვთისმშობლის სახელობის პატარა ტაძარი. რა ხდება ამ ტაძართან დაკავშირებით. დადიან იქ მომლოცველები?

- ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი პანკისში, სოფელ ჯოყოლოში, გზის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ეს ტაძარი ჩვენი ხეობის სიმდიდრეა და მას რადიკალური ფრთაც კი პატივისცემით ეკიდება. საინტერესო ისაა რომ ამ ტაძრის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს მეჩეთი. მუსლიმები და ქრისტიანები თავიანთ სალოცავებში მშვიდად დადიან. ხშირად მიმყავს ხეობაში სტუმრები. მათ ყოველთვის ამ ადგილს ვანახებ ხოლმე. ძალიან მეამაყება, რომ ეს ორი რელიგია აქ სრულ ჰარმონიაშია. ყველას უკვირს, მაგრამ ეს ასეა და ასე იქნება ყოველთვის. ამ ტაძარს, სხვათა შორის, ქისტები პატრონობენ და უვლიან. აქედან ჩანს, რომ ისლამი შემწყნარებლური და მშვიდობიანი რელიგიაა. ძალიან მწყინს, როცა ისლამს ისლამურ სახელმწიფოსთან აიგივებენ. ეს სახელმწიფო ისლამს ყველაზე დიდ ზიანს აყენებს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სახელმწიფო სპეცსამსახურებმა შექმნეს და რაღაც ძალიან ცუდი მიზნები აქვთ.

- ტაძარს ქისტები პატრონობენო მითხარით და მას მრევლი არ ჰყავს? ხეობაში ცხოვრობენ თუ არა ქრისტიანები?

- მრევლი როგორ არ ჰყავს. ქრისტიანებიც ცხოვრობენ. ხეობის შუაგულში არის სოფელი დედისფერული, სადაც ფშავლები ცხოვრობენ. სოფელ ბირკიანში თუშები და ქისტები შერეულად ცხოვრობდნენ. აქ ცხოვრობენ მართლმადიდებელი ოსებიც. თავად ქისტები სულ მუსლიმები არიან. სიამაყით გეტყვით, რომ ხეობაში, ბოლო 3 საუკუნეა, რაც ეს 2 რელიგიის მიმდევრები ჰარმონიულად ცხოვრობენ.

„ალია“, 01 ივლისი, 2015 წელი

რას ფიქრობენ პოლიტიკურ პარტიათა ლიდერები და რა შეიცვალა მათ დამოკიდებულებაში აშშ-ს მიმართ?

აქვს თუ არა სამართლებრივი ბერკეტები ამერიკას, რომ ერთსქესიანი ქორწინება დაგვაკანონებინოს?

ნინო სამხარაძე

(შემოკლებით)

ვნებათაღელვა არ ცხრება, 26 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ქართველი პოლიტიკოსები ჩვენთან ინტერვიუში შეაფასებენ, იმ ოპოზიციური პარტიის ლიდერთა მიმართ, რომლებიც აშშ-ში ვიზიტებით და მაღალი დონის შეხვედრებით ტრაბახობენ, დაისმება კითხვა: შეიცვლება თუ არა აშშ-ს მიმართ თქვენი დამოკიდებულება, თუკი ჯონ კერის და ჯო ბაიდენის განცხადებები სისრულეში მოვა?..

შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციის ამ წამყვანმა პოლიტიკოსებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, მსოფლიოში დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ისინი არ აპირებენ, გაითვალისწინონ სხვადასხვა ქვეყნების კულტურა, ტრადიცია და რელიგია.

მაშ ასე, საინტერესოა, როგორია პოლიტიკური პარტიების ლიდერთა პოზიცია და დავიწყოთ ხელისუფლებიდან, სადაც საპარლამენტო უმრავლესობიდან კოალიცია “ქართულ ოცნებაში” აზრი ორად არის გაყოფილი. ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე აცხადებს, ყველამ ზურგი რომ გვაქციოთ და მსოფლიოში მარტო დავრჩეთ, ამ კანონს არ მივიღებთო, თუმცა “რესპუბლიკელები” აბსოლუტურად საპირისპიროს ფიქრობენ. თამარ კორძაია მიიჩნევს, რომ “ლგბტ” ქორწინების დაკანონება ადამიანის უფლებების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯია.

(…)

რას ფიქრობენ ბურჯანაძის პარტიაში?

“გაერთიანებული დემოკრატების” პოლიტიკურ მდივანს გიგლა ბარამიძე “ალიასთან” აცხადებს:

- საქართველოს მოსახლეობის 90%-მა, თუ მეტმა არა, აშშ-ს პრეზიდენტის, სახელმწიფო დეპარტამენტის და უზენაესი სასამართლოსა ეს გადაწყვეტილება მკვეთრად უარყოფითად მიიღო, ჩვენ ვდგავართ ძირძველ ტრადიციებზე, მაგრამ აქ არასოდეს ყოფილა დაპირისპირება კანის ფერის, ეროვნულობისა და სქესის ნიშნის გამო, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენს ტრადიციაში არ ზის ერთსქესიანთა ქორწინება, არ მოგვეწონა ის ტონი, რითაც დემოკრატიის შუქურა აშშ-მ და ამ ქვეყნის წამყვანმა პოლიტიკოსებმა გააკეთეს.

როცა ქვეყნის მეორე და მესამე პირი აკეთებს განცხადებას და თითს უქნევს დანარჩენ მსოფლიოს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სხვა ქვეყნებშიც დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინება და არ გვადარდებს იმ ქვეყნების ტრადიციებიო, რას ნიშნავს ეს განცხადება? თუ შენ არ გადარდებს, ჩვენ გვადარდებს ჩვენი კულტურა და ტრადიცია, მაგრამ საქმე ისაა, როცა ქვეყანას ჰყავს უმოქმედო, მშიშარა ხელისუფლება, შეიძლება ეს კანონი მიაღებინონ ისევე, როგორც ეს ანტიდისკრიმინაციულ კანონზე მოხდა. დასაწყისში ამ კანონს ხმას არავინ აძლევდა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

ასევე, შეიძლება დაგვიდონ დოკუმენტი და გვითხრან, თუ ამას ხელს ვერ მოაწერთ, ვერ მიიღებთ “მაპ”-ს და ვერ შეხვალთ ევროკავშირში. ეს რომ არ მოხდეს, ხალხი უნდა იყოს ერთ მუშტად შეკრული და არ დაუშვას მსგავსი კანონის მიღება. დაბოლოს, ჩემი პოზიცია არის ასეთი – დასავლური ცივილიზაცია ჯონ კერით, ჯო ბაიდენითა და ბარაკ ობამათი არ სრულდება. ესენი წავლენ, მოვა სხვა ხელისუფლება და გავაგრძელებთ ურთიერთობას. ეს იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი, რაღაც ძალების მიერ პროვოცირებული კანონი და ამაზე წამოეგო აშშ-ს ხელისუფლება. აშშ-ს ამ ნაბიჯმა მათი ავტორიტეტი კიდევ უფრო უკან დაწია მთელ მსოფლიოში. სტრატეგიული პარტნიორობა კარგია, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რომ ჩვენს ტრადიციებს ზიანი არ მიადგეს.

“ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს:

- თუ საქართველოს ხელისუფლება ამორალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ხალხმა ის უნდა შეცვალოს. ამერიკელების საქმეა თავის ოჯახში და თავის სახელმწიფოში როგორ მოიქცევიან, მაგრამ შემაშფოთებელია ის, რომ პრეზიდენტმა ობამამ დაიბარა დიპლომატები და დააბარა, მთელ მსოფლიოში გაუწიონ ლობირება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას. არავისი საქმე არ არის, საქართველოში რა უნდა დავაკანონოთ. როგორც ჩანს, ობამას ეს ქმედება იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მარიონეტულ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაგრძელდება, რათა მათ დაუჭირონ მხარი ერთსქესიანთა ქორწინებას საქართველოში.

იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად უუნარო ხელისუფლება გვყავს, ამ ზეწოლას ესენი ვერ გაუძლებენ. ერთადერთი ხსნა არის ხალხი და ხალხი უნდა დადგეს ფეხზე.

“ლეიბორისტული პარტიის” პოლიტიკური მდივანი გიგა გუგავა „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს:

- ჩვენ გვაშფოთებს, რომ ხელისუფლება ზეწოლებს ვერ გაუძლებს, ისინი დღეს ერთს ამბობენ, საქმით ხვალ სხვა რამეს აკეთებენ. მათ მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, საიდანაც უკვე ერთი ნაბიჯია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებამდე. როცა ამას ვამბობდით, ზოგიერთი მჯიღს გულზე იცემდა, – ჩვენ ქართველი მართლმადიდებლები ღირებულებების დამცველები ვართო და ამ გადაწყვეტილებას პირველებმა მათ აუწიეს ხელი. დააკანონებენ და კონსტიტუციის რანგში აპირებენ ამის აყვანას. ჩვენ არავინ გვაიძულებს და თავს არ გვახვევს ამ ღირებულებების დაკანონებას, მაგრამ მონური ელიტა მართავს ქვეყანას, რომელიც შესცქერის გრანტებს, კრედიტებს, ყველაფერზე მიდის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ჩვენ, „ლეიბორისტული პარტია“, ყველაფერს გავაკეთებთ დავიცვათ საკაცობრიო ღირებულებები.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი:

- ძალადობაა, როცა პირდაპირ თუ ირიბად, მაგრამ გაიძულებენ, რომ მაინცდამაინც ერთსქესიანთა ქორწინებას დაუჭირო მხარი!!! ან თავს დაგესხმებიან, შენს მოსპობასა და განადგურებას დაისახავენ მიზნად. უმცირესობების უფლებების დაცვის თემა და სექსუალური უმცირესობების ორიენტაციის პროპაგანდა დღეს ერთმანეთშია აღრეული. ეს ის შემთხვევაა, როცა უმცირესობა ჩაგრულის ნიღაბით მოდის და უმრავლესობას ჩაგრავს. ნება იბოძეთ და პატივი ეცით ჩემს  ორიენტაციას, ჩემს აზრსა და ჩემს პოზიციას. მართლა ნუ გაახურეთ საქმე“.

ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ „ნაცმოძრაობის“ წევრებს.

———-

ბარაკ ობამამ ეს კანონი ამერიკის გამარჯვებად კი აღიარა, თუმცა მანამდე ჩვენ დავუსვამთ კითხვას წინა მოწვევის პარლამენტარს, ევროინტეგრაციის კომიტეტის ყოფილ წევრ პეტრე მამრაძეს, რომელსაც დიპლომატიურ წრეებთან კარგი კავშირები აქვს და გავიგებთ, რა მოხდება თუკი საქართველო უარს იტყვის თეთრი სახლის რეკომენდაციაზე, დავაკანონოთ ერთსქესიანთა ქორწინება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცანით და მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი. ზეწოლის რა მექანიზმები ამუშავდება იურიდიული და სამართლებრივი კუთხით?

- ხაზგასმით ვიტყვი, რომ არავითარ იძულებას ადგილი არ ექნება, ჩვენ მივიღოთ ერთსქესიანთა ქორწინების კანონი. შეგახსენებთ, რომ შტატები ნიშნავს სახელმწიფოთა გაერთიანებას და 50 სახელმწიფო ერთ ფედერაციულ სახელმწიფოშია გაერთიანებული, ზოგ შტატში სიკვდილით დასჯა გაუქმებული არ არის, არის შტატი, სადაც სახელმწიფო სამსახურში თანამდებობას ვერ დაიკავებ, თუ არ წარადგენ დოკუმენტს, რომ ხარ ქრისტიანი მორწმუნე.

წარმოიდგინეთ, ასეთი კანონი რომ სხვა რომელიმე ქვეყანაში მუშაობდეს, როგორ დასკვნას დადებდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი? ისინი ხომ ჩათვლიდნენ, რომ ირღვევა ადამიანთა უფლება. ასე რომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ფასეულობები და ხალხი თუ ერთსულოვანი იქნება, იძულებით ამ კანონს ვერავინ მოგვახვევს.

მინდა გითხრათ, რომ ამერიკელები და ევროპელები პირად საუბრებში ხაზგასმით მეუბნებიან, ჩვენთან დაინგრა, გაქრა ოჯახის ინსტიტუტი, საზოგადოების გადაშენების ნიშნები სახეზეა, შობადობას უსწრებს სიკვდილიანობა და ეს ხდება იმ ქვეყნებში, სადაც „ლგბტ“ საზოგადოება განსაკუთრებულ პრივილეგიაშია და ჰომოფილიას აქვს ადგილი. რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვას, ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი კონვენციაზე, როგორც გაეროს წევრ ქვეყანას. შესაბამისად, ადამიანის დაჩაგვრა იმის გამო, რომ სხვა ორიენტაციით დაიბადა, არ შეიძლება, ეს ჰომოფობიაა და მიუღებელია. ხაზგასმით გეტყვით, რომ არანაირი სანქცია და იურიდიული მექანიზმი არ არსებობს იმისა, რომ აშშ-მ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენოს იმის გამო, რომ ერთსქესიანთა ქორწინებას არ დავაკანონებთ.

საქართველო და მსოფლიო“, 01 ივლისი, 2015 წელი

ინტერვიუ თამარ კიკნაძესთან: უცხოეთიდან მრჩევლის გამოგზავნა ნიშნავს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი შეზღუდულია

ეკა ნასყიდაშვილი

გასული კვირის ყველა ინფორმაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ცნობამ გადაფარა, თუმცა ჩვენი ინტერესის სფეროში მაინც მოხვდა სიახლე: ადმინისტრაციის პრესსამსახურმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევითა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წარდგინებით, საქართველოს მთავრობის სპეციალურ მრჩევლად ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში მაიკლ ო’ბოილი დანიშნა. ჩვენი ყურადღება, აგრეთვე, მიიპყრო “ისლამური სახელმწიფოს” მიერ რუსეთის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ კავკასიაში, პროვინციის დაარსებამ. კვირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

- “ისლამურმა სახელმწიფომ” ჩრდილოეთ კავკასიაში ვილაიეთი დააარსა. ზოგი ქართველი პოლიტოლოგი ამბობს, რომ ეს საქართველოს საფრთხეს არ შეუქმნის…

- ე.წ ისლამური სახელმწიფოს ქმედებები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა და დიდი საფრთხის წინაშე აყენებს მსოფლიოს. ის ანადგურებს კაცობრიობის მიერ შექმნილ უნიკალურ ძეგლებსა და ცდილობს ისტორიული მეხსიერების წაშლას. აღნიშულ სახელმწიფოში უკვე 5-6 მილიონი მოსახლეა. დღეს “ისლამურ სახელმწიფოს” სახელმწიფოებრივი ნიშნებიც აქვს თავისი მმართველობით, სტრუქტურებით და უკვე საკუთარი ფულის მოჭრაზეც არის საუბარი, თანაც დაპყრობილ ტერიტორიაზე 5-6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. დასავლური ლიბერალიზმის კრიზის ფონზე, “ისლამური სახელმწიფო” ბევრი ახალგაზრდისთვის არის მომხიბვლელი; იქ ჩადიან ადამიანები ევროპიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან… ახლახან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა, რომელიც ამ ორგანიზაციის რიგებში იბრძოდა.

საერთაშორისო თანამეგობრობა საკმარისად კონსოლიდირებული არ არის “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საბრძოლველად. მხოლოდ საჰაერო დარტყმები სასურველ შედეგს არ იძლევა და მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. სამაგიეროდ, ამ დარტყმებისას იბომბება სირიის ტერიტორიაც, “ისლამური სახელმწიფო” ნავთობს დაბალ ფასად შავ ბაზარზე ყიდის, მსოფლიოს დახურულ აუქციონებზე იყიდება კულტურის უნიკალური შედევრები. ეტყობა, ამ ორგანიზაციას გარკვეული ფუნქცია აქვს შესასრულებელი და მისი არსებობა ხელს აძლევთ გარკვეულ ძალებს.

- “ისლამური სახელმწიფო” - ჩრდილოეთ კავკასიაში, ნატოს საწვრთნელი ცენტრები _ საქართველოში… შესაძლებელია თუ არა, რომ რუსეთმა განაცხადოს - თავს ვიცავო და მართლაც, გადაწყვიტოს იარაღით თავის დაცვა ამ ყველაფრისგან… დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ?

- საფრთხე ნამდვილად დიდია. “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი მიზანი, ჩემი აზრით, პოლიტიკური რუკის შეცვლაც არის. რაც შეეხება საქართველოში საწვრთნელი ცენტრის განთავსებას, რუსეთი ამ ნაბიჯს მტრულ აქციად განიხილავს, ამიტომ მას რეაქცია აუცილებლად ექნება.

საერთოდ, დღევანდელი მსოფლიო წესრიგის ძირითადი საკითხი დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირებაა, თუმცა ევროპაში განწყობა სხადასხვანაირია. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა თვით ევროპასაც სერიოზულად დაარტყა, ამიტომ ზოგმა ევროპულმა ქვეყანამ რუსეთთან კავშირი მაინც შეინარჩუნა. ეს კარგად გამოჩნდა პეტერბურგის სამიტზე, სადაც საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციები იყო ჩასული, მათ შორის, ეკონომიკური ჯგუფები, პოლიტიკოსები და სხვ. ასეთი შეხვედრები იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის გარეშე პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები ვერ წყდება, მათ შორის, “ისლამური სახელმწიფოს” პრობლემაც. რუსეთის ხელისუფლებამ კი სირიის დახმარების გადაწყვეტილება მიიღო.

ვინ იბრძვის “ისლამურ სახელმწიფოში”? – ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ისლამისტები, რომლებიც სირიაში, ერაყსა და ლიბიაში იბრძოდნენ, ამიტომ ამ პროცესებში რუსეთის ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.

- ვინ შეიძლება იყოს ჩვენი მფარველი ამ მეტად მძიმე ვითარებაში? ვის შეუძლია, “ისლამური სახელმწიფოსგან” მომდინარე საფრთხე აგვარიდოს? ზოგი ქართველი პოლიტიკოსი თვლის, რომ ამის გაკეთება რუსეთს შეუძლია, ხოლო ზოგი ამბობს, რომ “ისლამური სახელმწიფო” რუსეთის შექმნილია.

- არა მგონია, “ისლამური სახელმწიფო” რუსეთის შექმნილი იყოს, რადგან უკვე გითხარით, რომ ამ “სახელმწიფოში” ის ადამიანები არიან, რომლებიც ლიბიაში, სირიასა და ერაყში იბრძოდნენ და ამერიკისა და დასავლეთის მხარდაჭერით სარგებლობდნენ. საგულისხმოა, რომ ლიბია, სირია და ერაყი სეკულარული სახელმწიფოები იყო და ეს ისლამისტური ჯგუფები მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ. ახლო აღმოსავლეთში ეს სამი სახელმწიფო, ასე თუ ისე, მშვიდობას ინარჩუნებდა და რეგიონიც უფრო სტაბილური და მშვიდობიანი იყო. დღეს კი ეს რეგიონი ტერორიზმის ყველაზე ცხელი ადგილია.

ამერიკას განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს, იგი სხვა კონტინენტზეა, ამიტომ აქ მიმდინარე პროცესები მას პირდაპირ არ ეხება, თუმცა მისი ინტერესების სფეროშია. ისინი ანგლო-საქსური პოლიტიკის კარგი გამგრძელებლები არიან. მათ შექმნეს ევროატლანტიკური სტრუქტურები და პროცესებს იმ პრინციპებით წარმართავენ, რომლითაც თავის დროზე ინგლისი. აშშ ახალი ტიპის მსოფლიო იმპერიაა და ამაზე ამ ქვეყნის პოლიტიკოსები დაუფარავად საუბრობენ.

- ამერიკამ ორმოცდაათივე შტატში ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. როგორ მიიღებს ამ ფაქტს მართლმადიდებელი საბერძნეთი, რომელიც მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას?

- ევროპის პოლიტიკური ელიტისთვის ამერიკელთა ეს გადაწყვეტილება მისაღებია, მაგრამ იმავე საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ მილიონიანი აქცია გაიმართა; წინააღმდეგობაა გერმანიაში, თურქეთში, იტალიაში და სხვ. რაც შეეხება საბერძნეთს, იქ რთული პროცესები ვითარდება და მათი შედეგები დიდწილად განსაზღვრავს მსოფლიოს მომავალს. დღეს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დასავლეთის პოლიტიკური ელიტის პრიორიტეტია. ამაზე ახლახან განცხადებები გააკეთეს ობამამ, კერიმ, ბაიდენმა. ზოგიერთი ქართველი ექსპერტი აცხადებს, რომ ეს ახალი ცივილიზაციისა და ეპოქის დასაბამია და თუ ამას შევეგუეთ, სრულიად ახალი ცივილიზაციის ჩამოყალიბების მონაწილენი გავხდებით.

დღეს დიდძალი ფული იდება ე.წ. ტრანსჰუმანიზმის განვითარებაში, რაც ხელოვნური ადამიანის შექმნას გულისხმობს და ეს მხოლოდ მდიდარ ადამიანებს ხელეწიფებათ. ერთქესიანთა ქორწინების ძირითადი მიზანი ადამიანთა გამრავლებაზე კონტროლის მოპოვებაა. ტრანსჰუმანიზმი, ფაქტობრივად, ღმერთთან შეჯიბრებას ნიშნავს და, როგორც სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა ამბობს, “ადამიანის ღმერთთან შეჭიდება ძალიან ცუდად დამთავრდება”.

დღეს დასავლური ლიბერალური აზროვნება კრიზისშია და ადამიანის განუხრელი თავისუფლება ადამიანთა მოდგმის თვითლიკვიდაციას უწყობს ხელს.

- ქალბატონო თამარ, ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეები საქართველოშიც გამოჩნდებიან, მით უმეტეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, მსოფლიომ უნდა მიიღოს ეს კანონიო. საქართველოს პრემიერმა, თავის მხრივ, განაცხადა _ საქართველოს კონსტიტუციაში აუცილებლად შევა მუხლი, რომლითაც მკვეთრად იქნება გამოხატული, რომ ოჯახი მხოლოდ კაცისა და ქალის ერთობააო. შეძლებს ღარიბაშვილი კონსტიტუციაში ამ მუხლის შეტანას?

- ჩემი აზრით, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგია და ღარიბაშვილი მათ აზრს გამოხატავს, მაგრამ ის ძლიერი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება. პრემიერის მხრიდან ამ განცხადების გაკეთება დიდი ვაჟკაცობა და სითამამე იყო, რადგან დასავლეთი მას ჰომოფობიაში დასდებს ბრალს, თუმცა არჩევნების წინ მას დივიდენდებს შესძენს. ვნახოთ, როგორ გაუმკლავდება იგი ამ სიტუაციას.

- ღარიბაშვილის განცხადება ევროპასა და ამერიკას არ მოეწონება, შესაძლოა, ზურგიც კი შეაქციონ. ვის უნდა შეაფაროს თავი? ის არაბებთან მეგობრობს, ინვესტიციებსაც მათგან ელოდება…

- დასავლეთიც არ არის ერთფეროვანი. ამერიკაშიც რესპუბლიკელებმა მკვეთრად უარყოფითი პოზიცია გამოხატეს ერთსქესიანთა ქორწინების მიმართ, ჩვენი პოლიტიკის არსიც მის დივერსიფიცირებაში მდგომარეობს, ქართველებმა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას სწორი პარტნიორები უნდა ავირჩიოთ და უსიტყვოდ და უაპელაციოდ არ შევასრულოთ ჩვენთვის მიუღებელი რეკომენდაციები. ეს კი დიდ ერუდიციას, სითამამეს, პოლიტიკურ ალღოს, თავის შეწუხებას მოითხოვს. დღეს ხელისუფლებაში ყოფნა მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას არ უნდა ემსახურებოდეს. ვისაც ქვეყნის კეთილდღეობა უნდა, ის ყოველდღიურად უნდა სჩადიოდეს სამოქალაქო გმირობას, რისკავდეს. საქართველო მძიმე სიტუაციაშია და ამიტომ დღეს ხელისუფლებაში გმირები უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრიზისიდან ვერ გამოვალთ. ამ მხრივ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას მივესალმები, მაგრამ მას უნდა ჰყავდეს გუნდი, რომელთან ერთადაც პრობლემის მოგვარებას მოახერხებს. “ქართული ოცნება” თავისი რიგების გაძლერებას არ ცდილობს, არც სტრუქტურულად და არც პერსონალიებით. ხელისუფლება მხოლოდ რესპუბლიკური პარტიის ხარჯზე ძლიერდება. რესპუბლიკელები მკვეთრად პროდასავლური ძალა არიან და ყოველგვარ დასავლურს, უაპელაციოდ იღებენ.

- ერთსქესიანთა ქორწინება რომ დაკანონდეს, ეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს უფრო არ დაგვაშორებს?

- აფხაზები და ოსები ერთსქესიანთა ქორწინებას არ მიიღებენ და არც ჩვენ უნდა დავაკანონოთ. საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა და ასეთ ქორწინებებს ჩვენი ეკლესია უარყოფითად აფასებს. სწორედ ამით არის განპირობებული შეტევები ჩვენს პატრიარქსა და ეკლესიაზე. დემოგრაფიულად კი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ.

- პრემიერ ღარიბაშვილს ევროსაბჭოდან მრჩეველი გამოუგზავნეს, თანაც, ადამიანის უფლებათა დამცველი. ეს კარგია თუ ცუდი?

- დღეს ქვეყნების სუვერენიტეტის დონე სულ უფრო მცირდება. უცხოეთიდან მრჩევლის გამოგზავნა ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი შეზღუდულია. საქართველომ ევროასოცირებას მოაწერა ხელი და ეს ჩვენი ხელისუფლების არჩევანი იყო. მაგრამ ევროკავშირი პრობლემების წინაშე დგას და მის ერთიანობასაც საფრთხე ემუქრება. როგორც “ვიკილიქსის” მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს, ზოგიერთი ევროპული ქვეყანაც უწყობს ამას ხელს. საერთოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდში ვიმყოფებით. პოლიტიკური თვალსაზისით, ეს საინტერესო პროცესია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან მძიმედ აისახება ადამიანების ცხოვრებაზე.

Comments are closed