globalresearch.ge

საქართველო უცხოეთის მედიაში 1 ივლისი 2017 წელი

Posted by Globalresearch on Jul 1st, 2017 and filed under პრესა, უცხოური მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ): ერთპარტიული მონოპოლია // როგორ შემოაპარა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ვარიანტი

«Каспiй» (აზერბაიჯანი): ფუჭი გულმოდგინება // მოსკოვი ცდილობს საქმე ისე წარმოადგინოს, თითქოსდა საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია

«Lragir» (სომხეთი): საქართველო სომხეთს სუვერენულ სახელმწიფოდ განიხილავს და არა როგორც ევრაზიული კავშირის არასუვერენულ წევრად

«Radio Praha» (ჩეხეთი): ჩეხური ბილიკები თუშეთის მთებში // ინტერვიუ მიხაელ ჰაშეკთან: რით ეხმარება ჩეხეთი საქართველოს მთიანი რეგიონის – თუშეთის  განვითარებაში?

«The Washington Diplomat» (აშშ): საქართველო მის გონებაში // ქართველი დიპლომატის ექიმი ცოლი ცდილობს ამერიკელებს თავისი ქვეყანა გააცნოს

—————–

«Radio Voice of America – რადიო ამერიკის ხმა» (აშშ), 01 ივლისი, 2017 წელი

https://www.amerikiskhma.com/a/challenges-in-georgias-constitutional-reform/3923312.html

ერთპარტიული მონოპოლია

როგორ შემოაპარა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ვარიანტი

ნინო დალაქიშვილი

ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესისთვის ჩამოსულმა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ყოფნისას ყველაზე მეტი კონსტიტუციის შესახებ ისაუბრა, რომლის თაობაზეც რეკომენდაციებსა და შეფასებებს მისი უწყება გასცემდა. კონფერენციის შემდგომ, იგი თბილისში ყველა იმ აქტორს შეხვდა, ვინც კონსტიტუციის პროექტზე მუშაობდა.

საპარლამენტო უმრავლესობასთან, პრემიერთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო უმცირესობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ პრეზიდენტთან შეხვედრისას მისი მთავარი მესიჯი შემდეგი გახლდათ: კონსტიტუცია საყოველთაო კონსენსუსის პირობებში უნდა იქნას მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ლეგიტიმაციის პრობლემა წარმოიქმნება. „ის პროცესი დაიბლოკა, რომელშიც სხვადასხვა მონაწილე უნდა ყოფილიყო ჩართული“, – ამბობს ჯანი ბუკიკიო.

კონსენსუსისკენ მითითების შესახებ მესიჯს საპარლამენტო უმრავლესობა ისე თარგმნის, თითქოს ის მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობისკენაა მიმართული, რომელიც კონსტიტუციის პარლამენტის კენჭისყრაზე წარმოდგენილ ვარიანტს არ ეთანხმება. პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე ბევრი დათმო. „ჩვენ, რა თქმა უნდა, გავარძელებთ დიალოგს. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისი გავაკეთეთ და ვფიქრობ, რომ ასევე ოპოზიციამაც უნდა შეხედოს ამ კომპრომისებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას“.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს: „ყველაფერი გააკეთა ბატონმა ჯანი ბუკიკიომ იმისთვის, რომ შემდგარიყო პოლიტიკური კომპრომისი საზოგადოებაში, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ჩვენ, საბოლოო ჯამში, ავუხსენით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ის, თუ რა განაპირობებდა გადაწყვეტილებების მიღებას საქართველოს პარლამენტში, როგორ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საბოლოო დოკუმენტი. საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი“.

პაატა დავითაია, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ კონსტიტუცია უკან უნდა იყოს გათხოვილი და მისი კონსულტირების პროცესი ხელახლა უნდა დაიწყოს: „აუცილებლად უნდა დაიწყოს კონსტიტუციის გამოთხოვის და თავიდან განხილვის პროცედურა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ვენეციის კომისია მზადაა, გაიაროს ეს პროცედურები და დაუშვას პრეცენდენტი საქართველოსთვის (რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, რომ ასეთი გზა უნდა გაიაროს საქართველოს პარლამენტმა), გააჭიანუროს რეკომენდაციის ვადა და დაწეროს ახალი რეკომენდაციები“.

მთავარი პრობლემა, რასაც კონსტიტუციის უკვე ორჯერ მიღებულ პროექტში ხედავს ყველა, გარდა მმართველი გუნდისა, საარჩევნო სისტემას ეხება. მმართველი გუნდი თავიდან თანახმა იყო მაჟორიტარული სისტემის გასაუქმებლად. ამგვარი რიტორიკით ჩაატარა მან საერთო სახალხო განხილვებიც, თუმცა პარლამენტში კენჭისყრის პროცესში მხარი საწინააღმდეგოს დაუჭირა. გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ვარიანტის შემოპარვა სცადა: „ვერც ქართულ საზოგადოებას და ვერც საერთაშორისო საზოგადოებას ვერაფერს გამოაპარებ და ვერაფერს მოატყუებ. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს ის, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზარალებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მის დემოკრატიულ იმიჯს და დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი ისე, როგორც ის უნდა მიმდინარეობდეს: დიალოგის, ჩართულობის კონსენსუსის ღირებულებებიდან გამომდინარე“.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი კონსტიტუციის ერთპიროვნულად მიღებით ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი თვითმმართველობების გაუქმებით, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას რთულ მომავალს უმზადებს.

„ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრისას ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ჩვენთვის პრობლემაა არა მხოლოდ ის, რაც ხდება კონსტიტუციასთან მიმართებით, არამედ, დიდ სურათს თუ შევხედავთ, კიდევ უფრო მეტის თქმაა შესაძლებელი, მათ შორის, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასა და თვითმმართველი ქალაქების გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯები და მათი გაუქმება, პრაქტიკულად. შვიდი ქალაქის სტატუსის მოხსნა და ასე შემდეგ, რაც მიანიშნებს, რომ ეს ნაბიჯები მიმართულია ქართული ოცნების პარტიული მდომარეობის გაუმჯობესებისკენ. შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებაც, ცალსახად, მმართველ პარტიას აძლევს ხელს და ეს ვნახეთ ჩვენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, არაერთხელ. ეს ყველაფერი ერთად, დიდ სურათში არის ის შემაშფოთებელი სიმპტომები, რაც, შეიძლება, ძალიან ცუდად გამომჟღავნდეს მომავალში“, – ამბობს მიხეილ ბენიძე.

საქართველოს კონსტიტუცია ორი მოსმენით უკვე მიღებულია, თვითმმართველი ქალაქების სტატუსები კი გაუქმებული. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას წარმატებით იყენებს ერთპარტიული გადაწყვეტილებების რეალიზებისთვის.

«Каспiй» (აზერბაიჯანი), 30 ივნისი, 2017 წელი

http://www.kaspiy.az/news.php?id=63290#.WVcZTYqQzs0

ფუჭი გულმოდგინეობა

მოსკოვი ცდილობს საქმე ისე წარმოადგინოს, თითქოსდა საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია

სტატია ეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ინტერვიუს გაზეთ „იზვესტიაში“, რომლის დროსაც მან, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემატიკაზეც ისაუბრა (ავტორი – რაუფ ორუჯევი).

„რუსული დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა საქართველოს მისამართით რიგი არაშორსმჭრეტველური განცხადებები გააკეთა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი მეზობელი რეაპპუბლიკა სწორი მიმართულებით მიდის – ევროკავშირისაკენ და ნატოსაკენ“, – ნათქვამია სტატიაში, – „გრიგორი კარასინმა კვლავ გაიმეორა რუსული დიპლომატიის მიერ შეთხზული სტანდარტული ბოდვა „მეზობლებთან კეთილმეგობრული და თანასწორუფლებიანი დიალოგის“ დაწყების თაობაზე, საქართველოს მეზობლებად კი რუსი დიპლომატი აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს, რომლებიც რუსეთის მიერ არიან ოკუპირებული. ეს დაახლოებით იგივეა, რომ რუსეთს მოსთხოვო კეთილმეგობრული და თანასწორუფლებიანი ურთიერთობა დაამყაროს თავისივე რეგიონებთან – ვთქვათ, ჩეჩნეთთან, თათრეთთან… ბუნებრივია, გრიგორი კარასინის განცხადების მთელ სისულელეს მოსკოვი კარგად აცნობიერებს, მაგრამ კრემლი მაინც განაგრძობს საქართველოსთვის ვირტუალური რეალობის თავსმოხვევას და თვლის, რომ თბილისში დღეს რუსეთისადმი უფრო დამყოლი ხელისუფლებაა. აშკარაა, მოსკოვს ასეთი აზრი შემთხვევით არ გასჩენია და როგორც ჩანს, კრემლს ამის მნიშვნელოვანი საფუძველი აქვს. და მაინც რა საფუძველი?

სამწუხაროდ, მეზობლებთან – სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კეთილმეზობლური და თანაბარუფლებიანი დიალოგის ნაცვლად, თბილისი მანიაკალური სიჯიუტით განაგრძობს რუსეთის მიერ მათი „ოკუპაციის“ შესახებ მტკიცებას. ეს აბსურდული თეზისი გამოიყენება როგორც არგუმენტი ნატოსთან შემოდგომი დაახლოებისთვის. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხში არაფრით განსხვავდება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისგან. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში საქართველოს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ისეთ ფორმებს იღებს, რომ ფაქტობრივად თბილისს ხდის რუსეთის „შეკავების“ ნატოსეული პოლიტიკის თანამონაწილედ. მხოლოდ გასულ წელს საქართველოს ტერიტორიაზე სამჯერ ჩატარდა ფართო სწავლებები ნატოს წევრი ქვეყნების კონტინგენტის მონაწილეობით. უკვე მეორე წელია, ზედიზედ, სპეციალურად მუშავდება ევროპიდან სამხედრო ტექნიკის ოპერატიული გადასროლა. თბილისში ცოტა ხნის წინ გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და მასზე მიღებული დეკლარაცია ცხადჰყოფს ალიანსის ანგაჟირებას საქართველოს მიმართულებით და სურვილს, მყარად გამაგრდეს სამხრეთ კავკასიაში“, – ამბობს „იზვესტია“-სთან ინტერვიუში გრიგორი კარასინი.

რუსი დიპლომატის ნათქვამი განსაკუთრებით ცინიზმითაა გამსჭვალული, როცა იგი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთზე საუბრობს. სწორედ რუსეთის არმიამ მოახდინა საქართველოს ამ ნაწილების ჯერ ოკუპაცია, შემდეგ კი მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარება. როგორ შეიძლება ამის შემდეგ კიდევ რაღაც პრეტენზიებით გამოსვლა საქართველოს წინააღმდეგ? აგრესორის დაუსჯელობა – ესაა იმის მიზეზი, რომ მოსკოვი აბსურდულ და იმავდროულად თავხედურ განცხადებებს აკეთებს. ამ სიტუაციაში ჯობდა, რომ მოსკოვს საერთოდ არაფერი ეთქვა.

გაუგებარია, რატომ გამოდის ასეთი გრიგორი კარასინი ასეთი განცხადებით? ნატოს მიმართ კიდევ ერთხელ აფიქსირებს კრემლის პოზიციას? თბილისს აფრთხილებს? მაგრამ ამით ხომ არაფერი შეიცვლება – ეს მაინც უნდა ესმოდეს მოსკოვს.

«Каспiй»-ის კორესპონდენტმა კომენტარი სთხოვა კავკასიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ანალიტიკოსს გელა ვასაძეს: „ჩემი აზრით, აქ ყველაფერი მარტივადაა. მოსკოვში მშვენივრად იციან, სად და ვის გვერდით იქნება საქართველო იმ შემთხვევაში, თუ კრემლი თავის „რკინის ფარდას“ მთლიანად ჩამოუშვებს. მათ ეს არ სურთ. მით უმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილის დამხობისათვის მოსკოვმა დიდი რესურსები ჩადო. და რა გამოდის? არაფერი, რადგან [საქართველოს პოლიტიკაში] პრინციპულად არაფერი შეცვლილა. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება ძველი ჭეშმარიტება: „როცა პრობლემის მოგვარება არ გსურს, პრობლემა თვითონ გვარდება, მაგრამ არა შენს სასარგებლოდ“. კრემლში გულწრფელად სჯერათ, რომ დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ ბოლო მოვლენები მოწმობს, რომ ეს ასე არ არის“.

«Lragir» (სომხეთი), 01 ივლისი, 2017 წელი

http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/56674

საქართველო სომხეთს სუვერენულ სახელმწიფოდ განიხილავს და არა როგორც ევრაზიული კავშირის არასუვერენულ წევრად

სტატიაში კომენტირებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი სომხეთში და მისი შეხვედრები სომეხ კოლეგა სურენ კარაინთან, პრემიერ კარენ კარაპეტიანთან და პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან. მასში აღნიშნულია, რომ სომხურმა მხარემ ქართველ მინისტრს მესამე სახელმწიფოში პროდუქციის ერთობლივი ექსპორტი შესთავაზა: „საქართველოს შეუძლია სომხეთის მეშვეობით თავისი საქონელი ევრაზიული კავშირის ქვეყნებში გაიტანოს, სომხეთს კი, საქართველოს მეშვეობით, ევროკავშირის ქვეყნებში“ (ავტორი – ნაიარა აირუმიანი).

რაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა და პრემიერმა ქართველ მინისტრთან, ამის დეტალები არ გავრცელებულა, მაგრამ აშკარაა, რომ შეხვედრაზე იმსჯელეს მთავარ საკითხზე – განავითარებს თუ არა საქართველო თავის ურთიერთობას სომხეთთან როგორც სუვერენულ მეზობელ სახელმწიფოსთან თუ როგორც ევრაზიული კავშირის არასუვერენულ წევრთან?

საქართველოს და სომხეთსა ინტეგრაციის ალტერნატივები არ აქვთ. საკითხი იმაში, რომ ორმხრივი ურთიერთობების პროცესი „მესამე სახელმწიფოს“ მიერ კი არ იყოს განპირობებული, არამედ დაფუძნებული იყოს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ინტერესებზე. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ სომხეთი იძულებულია რუსეთს უყუროს. ერევნის ყოველი მცდელობა სუვერენულად იმოქმედოს ევრაზიული ბორკილებით იზღუდება.

ისე, კაცმა რომ თქვას, ასეთი რამ მხოლოდ სომხეთის მიმართ ხდება. საეჭვოა, რომ ყაზახეთი ჩინეთთან ურთიერთობაში ევრაზიული კავშირის წევრის სტატუსით მოქმედებდეს და არა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. თვითონ რუსეთის არ ჰკითხავს სომხეთს არაფერს, როცა „მესამე ქვეყნებთან“ ურთიერთობს.

და რატომ მაინცდამაინც სომხეთი გახდა ევრაზიული კავშირის მძევალი?

საქართველოს ხელი არ აქვს მოწერილი არანაირ შეთანხმებაზე ევრაზიულ კავშირთან და სომხეთთან და რუსეთთან ვაჭრობას უპირატესად ორმხრივ და სამმხრივ რეჟიმში ამჯობინებს. აშკარაა, რომ თბილისი არც მომავალში არ აპირებს რაიმე ოფიციალურ ურთიერთობას ევრაზიულ კავშირთან. ერევანი კი „უდრეკად ითხოვს“, რომ სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრად იქნეს მიჩნეული და არა როგორც სუვერენულ სახელმწიფოდ. ჯერ-ჯერობით საქართველო სომხეთს მუდმივად მიიჩნევს სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელთანაც შეიძლება წარმატებული ორმხრივი ურთიერთობა ჰქონდეს.

სომხეთი რუსეთთან სულ უფრო მეტ ინტეგრაციაზე მიდის და უარს ამბობს დასავლურ ინვესტიციებზე, ტექნოლოგიურ-ლოჯისტიკურ მხარდაჭერაზე. მაგრამ სუფთა ლოჯისტიკური, სამხედრო-პოლიტიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველო და სომხეთი ერთმანეთისაგან ცალ-ცალკე არ უნდა განიხილებოდეს. ამას ყველაზე კარგად ერევანში ხვდებიან, რადგან სომხეთს სხვა სახმელეთო გზა მსოფლიოსთან, საქართველოს გარდა, არ აქვს. მაგრამ ქართველებსაც ესმით, რომ მათი ქვეყანა გლობალურ ეკონომიკურ და უსაფრთხოების სტრატეგიაში მხოლოდ რეგიონთან მიმართებით განიხილება და არა როგორც ცალკეული პოლიტიკური ერთეული.

«Radio Praha» (ჩეხეთი), 30 ივნისი, 2017 წელი

http://www.radio.cz/cz/rubrika/panorama/cesko-pomaha-v-gruzinskem-tuseti-uz-se-tu-neztratite-a-nezustanete-bez-lekarske-pomoci

http://www.radio.cz/ru/rubrika/razgovor/cheshskie-tropy-v-gorax-tushetii

ჩეხური ბილიკები თუშეთის მთებში

ინტერვიუ მიხაელ ჰაშეკთან: რით ეხმარება ჩეხეთი საქართველოს მთიანი რეგიონის – თუშეთის  განვითარებაში?

უკვე ათი წელია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული „განვითარების მხარდაჭერის სააგენტო“ დახმარების ხელს უწვდის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე გაჭირვებულ ქვეყნებს: ამუშავებს და უფინანსებს პროგრამებს, რომლებიც იქაურ მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. ამჟამად სააგენტო პროგრამებს მსოფლიოს 12 ქვეყანაში ახორციელებს. საქართველო თავიდანვე იქნა შეტანილი სააგენტოს მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებში. დღეს საქართველო კავკასიის რეგიონის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ჩეხეთი თავის სპეციალისტებს გზავნის გამოცდილების გასაზიარებლად და აფინანსებს პროგრამებს განვითარებადი ქვეყნებისადმი დახმარების ჩარჩოებში“, – ნათქვამია ვრცელ რადიოსიუჟეტში, რომელიც 30 ივნისს ჩეხეთის რადიოსადგურის Radio Praha-ს ეთერში გადაიცა (ავტორი – ზდენკა კუჩინოვა).

ჩეხეთის მთვარობის მიერ საქართველოთვის შემუშავებული მხარდაჭერის ერთ-ერთი პროგრამა ძნელადმისადგომ მთიან რეგიონში – თუშეთში ხორციელდება:

„თუშეთი ისეთი მაღალმთიანი მხარეა, რომელიც თითქმის ყველაზე მეტადაა იზოლირებული საქართველოს ცენტრისაგან, დაღესტანს და ჩეჩნეთს ესაზღვრება. თუშეთში რომ მოხვდეთ, სამი ათას მეტრ სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილი უნდა გადალახოთ, თუმცა სწორედ იზოლირებულობის წყალობით ინარჩუნებს ადგილობრივი მოსახლეობა თავიანთ ტრადიციულ ყოფას. სამწუხაროდ, მშობლიური მხარე ბევრმა თუშმა დატოვა, თავისი ცხოვრების უფრო კომფორტულად მოწყობის მიზნით. თუშეთში ელექტროენერგიაც სანატრელი გაუხდათ, ამიტომ ჩეხეთის დახმარება ამ საკითხის გადასაჭრელად დროული აღმოჩნდა. რასაკვირველია, რეგიონის სრული ელექტროფიკაცია, ხეობიდან ზემოთ ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანით, ჩვენს ძალებს აღემატება და ძალიან ძვირიცაა, თუმცა ჩვენ მაინც შევძელით ე.წ. „კუნძულოვანი სისტემების“ მოწყობა, მზის პანელების გამოყენებით“, – ამბობს რადიოსიუჟეტში მიხაელ ჰაშეკი, საერთაშორისო ბუნებისდაცვითი ორგანიზაცია Europarc-ის ვიცე-პრეზიდენტი და ჩეხეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სააგენტოს კოორდინატორი.

რადიოკორესპონდენტის შეკითხვაზე, შენარჩუნებულია თუ არა თუშეთში საბჭოური ელექტროფიკაციის ძველი სისტემა, რომელიც საქართველოს სსრ კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროს არსებობდაო, მიხაელ ჰაშეკი პასუხობს: „რა თქმა უნდა, საბჭოთა პერიოდში თუშეთის ელექტროფიცირებული იყო. გზის გასწვრივ ახლად დგას 1970-იან და 80-იან წლებში აგებული ელექტროგადამცემი ანძები, თუმცა მათი უმრავლესობა დღეს გამოუსადეგარია. თუშეთის ელექტროფიკაციის პროექტი იმ პერიოდშიც ძალიან ძვირი იყო, ანძები თოვლისა და მეწყერების გამო მწყობრიდან გამოდიოდა, მაგრამ საქართველოს სსრ-ს ფინანსების ხარჯვის შესაძლებლობა ჰქონდა და ელექტროგადამცემი ხაზები ყოველწლიურად რემონტდებოდა. დამოუკიდებელ საქართველოს კი ამ დარგში ინვესტიციების მუდმივი ჩადების შესაძლებლობა არ აქვს“.

მიხაელ ჰაშეკი საუბრობს იმ ხშირ სიძნელეებზე, რაც თან ახლავს მზის ენერგიის მიღებისათვის საჭირო პანელების დამონტაჟებას – უგზოობა, შრომატევადობა, უტრანსპორტობა და ა.შ. „ამასთან, ელექტროფიკაცია ჩვენი საქმიანობის ერთადერთი მიმართულება არ არის. საქართველომ თუშეთი ბუნების დაცვის ზონად გამოაცხადა. ტურისტული თვალსაზრისით ეს რეგიონი ძალიან მიმზიდველია, მაგრამ ტურიზმს პრობლემებიც თან ახლავს – ნაგვის სახით, რომელსაც ტურისტები ტოვებენ (ძირითადად, პლასტიკური ბოთლები და ცელოფანის პარკები). დღემდე ნაგვის შეგროვების საკითხის მოგვარებით არავინ დაინტერესებულა. ადრე უბრალოდ ნაგავს მიწას აყრიდნენ ხოლმე. ჩვენ შევძელით ამ პრობლემის მეტ-ნაკლებად მოგვარება: დავაფინანსეთ ნაგვის მანქანის მოძრაობა, ნაგავი გროვდება და მანქანის მეშვეობით მისი გატანა ხდება“, – ამბობს მიხაელ ჰაშეკი.

ჩეხმა სპეციალისტებმა კარგად შეისწავლეს რეგიონის ინფრასტრუქტურა, დაამუშავეს სპეციალური რუკები, ტურისტული მარშრუტების ჩვენებით. ტურისტული მცირე პანსიონატები ადგილობრივი მოსახლეობისათვის, მეცხვარეობის გარდა, შემოსავლის კიდევ ერთ წყაროდ იქცა. „გარდა ამისა, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით აიგო კარტოფილის საცავები, შევისყიდეთ ცხვრის ელექტროსაკრეჭები… აქ იმდენი ცხვარია, რომ მატყლის გაყიდვა შეიძლება სამომავლოდ თუშებისთვის შემოსავლის მომტანად იქცეს. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, ჩვენ ამ დარგშიც ვცდილობთ წვლილის შეტანას: შევიძინეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი. გასულ წლამდე აქ, სადაც 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობისთვის და ტურისტისთვის დახმარების აღმომჩენი ექიმი არ იყო. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმს 30 კილომეტრის გავლა უხდებოდა. ვერტმფრენი კი მხოლოდ ექსტრენულ შემთხვევებში, რადგან ძალიან ძვირია. დღეს რეგიონს სამხედრო ექიმი ემსახურება, რომელსაც გადაეცა ჩეხეთის ფულით შეძენილი ავტომობილი, აგრეთვე თანამედროვე ამბულატორია“, – ეუბნება მიხალ ჰაშეკი ზდენკა კუჩინოვას.

ჩეხები ქართველებს თუშეთის ისტორიული ღირსშესანიშნაობების აღდგენაშიც უწევენ დახმარებას: „ამ ტრადიციას უკვე 15-წლიანი ისტორია აქვს. ჩვენი ყურადღების ქვეშაა ქვის კოშკები, რომლებიც ადგილობრივი მასალისგანაა აგებული და მრავალი საუკუნის მანძილზე მხოლოდ კავკასიაში შენდებოდა. მსოფლიოს სხვა კუთხეში ვერსად მსგავს რამეს ვერ იპოვით. სამწუხაროდ, თუშეთში კოშკები არასახარბიელო მდგომარეობაში არიან. აქ თითქმის აღარ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც წინაპრების მიერ შემონახულ ძეგლებს მოუვლიან. კოშკები თანდათან ინგრევა. სერიოზული პრობლემაა ფინანსების ნაკლებობაც. და აი, ამ რთულ მომენტში ჩეხეთიდან მოხალისეები ჩამოვიდნენ, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ომალოში – თუშეთის ცენტრალურ სოფელში არსებული კოშკების სისტემის აღდგენაში. რემონტდება და რესტავრირდება ეკლესიებიც..“, – ამბობს მიხალ ჰაშეკი ინტერვიუში.

«The Washington Diplomat» (აშშ), 01 ივლისი, 2017 წელი

http://www.washdiplomat.com/index.php?option=com_content&view=article&id=15530&Itemid=421

საქართველო მის გონებაში

ქართველი დიპლომატის ექიმი ცოლი ცდილობს ამერიკელებს თავისი ქვეყანა გააცნოს

სტატიაში საუბარია ქართველი დიპლომატის – აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძისა და მისი ოჯახის შესახებ. მასში ვრცლადაა გადმოცემული აგრეთვე საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობისა და საგარეო პოლიტიკის თაობაზე (ავტორი – გეილ სკოტი).

„როცა მეკითხებიან, საიდან ვარ ჩამოსული, ვეუბნები, საქართველოდან („ჯორჯიიდან“)-მეთქი“, – ამბობს ანა მათუკაშვილი, – ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ სადღაც ატლანტიდან ან ამ სამხრეთი შტატის რომელიმე ქალააქიდან“.

მაგრამ ანა მათუკაშვილი და მისი ქმარი დავით ბაქრაზე, რომელიც დიდი ხანი არაა, რაც აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა, იმ ქვეყნიდან არიან, რომელიც ევროპისა და აზიის გადაკვეთის ადგილზე მდებარეობს, მას შავი ზღვა, თურქეთი, რუსეთის, სომხეთი და აზერბაიჯანი ესაზღვრება. რადგან ბევრ ამერიკელს წარმოდგენა არ აქვს კავკასიაში მდებარე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოზე, სადაც ბევრია მთიანი სოფლები და ზღვის პლაჟები და რომელმაც ახლახანს აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წელი აღნიშნა, დავით ბაქრაძე და ანა მათუკაშვილს სურთ იცოდნენ ამერიკელებმა, თუ როგორაა ინტეგრირებული მათი ქვეყანა დასავლეთთან. მაგალითად, ანა მათუკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს, სხვებთან შედარებით, თავისი სამხედრო მოსამსახურეების ყველაზე მეტი რაოდენობა ჰყავს გაგზავნილი ნატოს სამშვიდობო მისიაში, ავღანეთში. „მე მინდა, რომ ამერიკელებმა რაც შეიძლება მეტი იცოდნენ ჩემი ქვეყნის კულტურასა და მღავალფეროვნებაზე“, – ამბობს დიპლომატის ცოლი.

საქართველო დიდი ხანია ესწრაფვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა რუსეთის ჰეგემონიას თავი დააღწიოს. საქართველომ უკვე გამოსცადა, რას ნიშნავს რუსეთთან მეზობლობა – მოსკოვი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმს.  რუსეთმა მათი ოკუპირება მოახდინა, რაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენს – 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შედეგად.

პუბლიკაციაში ფართოდაა გადმოცემული ქართველი დიპლომატის ოჯახის ისტორია: დავითისა და ანას გაცნობა, მათი სიყვარული, შეუღლება, შვილები…

„ჩემი ქმარი კალათბურთს თამაშობდა ხუთი წლის განმავლობაში… შემდეგ კი, 1990-იან წლებში, სახელმწიფო სამსახურში გადავიდა, მუშაობდა პრეზიდენტის პრესსამსახურში, შემდეგ დიპლომატიის სფერო – სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ევროპული ინტეგრაციის საკითხებში, ელჩად დანიშვნა საბერძნეთსა და სერბეთში…“, – ამბობს ანა მათუკაშვილი. თვითონ ანა პროფესიით ექიმია, მშობლების კვალს გაჰყვა (მამა – ქირურგი, დედა – სტომატოლოგი), ისიც სტომატოლოგია, მაგრამ მას თავისი პროფესიით პრაქტიკულად არ უმუშავია. დაკავებული იყო პროფილური საქმიანობით არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მშობლიურის გარდა იცის რამდენიმე უცხო ენა – რუსული, გერმანული, ინგლისური.

ანა მათუკაშვილი გაზეთის კორესპონდენტთან საუბრობს აგრეთვე ქართულ კულტურაზე, ქართულ სამზარეულოზე, კულინარიაზე და სხვა ტრადიციებზე. ანა აღიარებს, რომ დიპლომატის ცოლობა იოლი არ არის. „მე ჩემი კარიერის შეწყვეტა და ახალი ცხოვრების დაწყება მომიწია. ძნელია ამის წარმოდგენა, მაგრამ აქ მთავარი როლი სიყვარულმა შეასრულა. როცა გიყვარს, ყოველდღიური ცხოვრება უფრო იოლი ხდება“.

Comments are closed