globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 1 აგვისტო 2016 წელი

Posted by Globalresearch on Aug 1st, 2016 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

„ახალი თაობა“, 30 ივლისი, 2016 წელი

მამუკა მდინარაძე: `პაპუაშვილმა უნდა თქვას, ვისი მხრიდან იყო ზეწოლა და ვინ შეცვალა სარჩელი~

`ერთი პროცენტითაც არ ვუშვებ, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო ზეწოლა, მაგრამ გამოძიება უნდა იყოს ობიექტური~

`ქართული ოცნების~ პოლიტსაბჭოს წევრი, იურისტი მამუკა მდინარაძე `ახალ თაობასთან~ ინტერვიუში საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

_ ბატონო მამუკა, საკონსტიტუციო სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს როგორ აფასებთ? ერთი მხრივ, 5 მოსამართლე უპირისპირდება დანარჩენებს, მეორე მხრივ, პაპუაშვილი სერიოზული ბრალდებებით გამოდის.

_ თავისთავად პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, მოსამართლეებს შორის დავა, კამათი, რომელიც გარეთ გამოვიდა, ძალიან ცუდია. ეს ამ მოსამართლეებს არ გაუკეთებიათ, ეს გამოიტანა სასამართლოს თავმჯდომარემ.

საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყანაში არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი და მასზე საუბარიც კი ასე ხელაღებით დაუშვებელი უნდა იყოს, თუმცა ვხედავთ, როგორ განვითარდა მოვლენები. მას შემდეგ, რაც მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით სარჩელზე მოსამართლეთა ხმები გაიყო, სწორედ ამის შემდეგ გამოვიდა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და გააკეთა ცნობილი განცხადება და ისაუბრა `ვიღაცაზე~ განხორციელებულ ზეწოლაზე.

_ არ გჯერათ პაპუაშვილის განცხადების?

_ ეს იყო უსაგნო განცხადება და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ არცერთმა მოსამართლემ ეს არ დაადასტურა.

_ არ უნდა ესაუბრა ამაზე ღიად პაპუაშვილს? მისი მხრიდან ხომ სერიოზულ ბრალდებაზე იყო საუბარი.

_ რამდენად დამაჯერებელი იყო პაპუაშვილი, ეს მეორე საკითხია და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ ორ თუ სამ საქმეზე გამოძიება იყო დაწყებული და აბსოლუტურად უსაგნო იყო განცხადება, რომ სასამართლოს მიმართ ვიღაცამ უპატივცემლობა გამოამჟღავნა და ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ეს არ დადასტურდა და ეს საქმეები დასასრულამდე ვერ მივიდა.

თურმე ვიღაცას ტელეფონზე ხელი დაეჭირა და არ ყოფილა ზეწოლა. ასევე ვიღაცას მოეჩვენა, რომ შეაგინა თუ შეურაცხყოფა მიაყენა. ახლა არის მე-4 შემთხვევა, როდესაც პაპუაშვილი აცხადებს, რომ ვიღაცაზე განხორციელდა ზეწოლა. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ პირველ რიგში საქმის კურსში უნდა ჩააყენოს საგამოძიებო სამსახური.

_ ღია განცხადება გავაკეთე და შოთაძის უწყება ვალდებული იყო, გამოძიება დაეწყოო.

_ თუ მართლა იყო ბუნებაში ასეთი ფაქტი, რა თქმა უნდა, უნდა დაეწყო, მაგრამ პაპუაშვილმა განცხადება გააკეთა ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლეთა ხმების გაყოფის შემდეგ და იქვე თქვა, რომ პროკურატურას არ ენდობა და არ აპირებს მისვლას.

_ თქვენ საერთოდ გამორიცხავთ მსგავს ფაქტს? ისიც ითქვა, რომ შეიძლება ზეწოლა საერთოდ ქვეყნის გარედან მოდიოდა. მინიშნება იყო ნაციონალურ მოძრაობაზე. რატომ არ დაიწყო თავის დროზე გამოძიება?

_ პაპუაშვილმა უნდა თქვას, ვისი მხრიდან იყო ზეწოლა, ასევე უნდა თქვას: მისი ნება იყო თუ დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებას მოსამართლეები საქმეების ფორსირებულად განხილვის, განმწესრიგებელი სხდომების დანიშვნის დროს.

მე არ ვამბობ, რომ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, შეიძლება, პირადი სიმპათიებით მოქმედებდა რომელიმე პარტიის მიმართ, ასევე თქვას, ვინ ჩახედა ერთ-ერთი საქმის სარჩელს, ნახა, რომ ხარვეზი იყო და უკან გაატანა სარჩელი გამოსასწორებლად, თუმცა შეიძლება მოსამართლე არც იყო და კანცელარიის თანამშრომელმა ჩახედა. ამას არ აქვს მნიშვნელობა. აქ მთავარია, რატომ მოხდა ეს ფაქტი და ვისი გავლენით მოხდა?! ამაზე ხომ ვერ იტყვიან, რომ ხელისუფლების გავლენით ან ზეწოლით მოხდა?! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი.

_ ბატონო მამუკა, ერთ-ერთმა მოსამართლემ, ვარძელაშვილმა, როდესაც პროკურატურაში მივიდა, ჟურნალისტებთან მინიშნება გააკეთა. მას არ დაუდასტურებია, პირადად მასზე საუბრობდა თუ არა პაპუაშვილი.

_ ვარძელაშვილმა საკუთარ თავზე კი არ გააკეთა მინიშნება, თქვა, ყველა მოსამართლემ რომ თქვას, ჩემზე არ ყოფილა ზეწოლა, მერე გამორიცხვის მეთოდით მიხვდებით, ვისზეა საუბარიო.

_ რას იტყვით მოსამართლეთა დაპირისპირებაზე? ხუთმა მოსამართლემ წერილი გამოაქვეყნა, რასაც არ ეთანხმებიან დანარჩენები.

_ ხუთმა მოსამართლემ გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც მათ თავმჯდომარეს მიმართეს და ორი რამ სთხოვეს: პირველი, ფორსირებულ რეჟიმში არ განიხილოს საქმეები. ეს იქნება რუსთავი 2-ის საქმე თუ სხვა ნებისმიერი საქმე. ამ შემთხვევაში რაზეც მოსამართლეები აქცენტს აკეთებენ, არის ის, რომ საქმე პლენუმს გადაეცა და მეორე დღესვე დაინიშნა პროცესი. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეს არ ეძლევა საშუალება, წაიკითხოს და გაეცნოს საქმის მასალებს.

ამაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ როგორც ამ 5 მოსამართლის განცხადებიდან ჩანს, ადგილი ჰქონდა ერთ-ერთ საქმეზე სარჩელის შეცვლას, დანარჩენმა სამმა კი თქვა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან დაზუსტება ხშირად ხდებაო.

_ თქვენ რა ეჭვი გაქვთ?

_ ის ეჭვი, რომ ასე არ ხდება, ბატონებო! კანონით აკრძალულია მოთხოვნის დამატება. სწორედ მსგავს პრეცედენტზე საუბრობს ეს 5 მოსამართლე, რომლებიც აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა და, როგორც ჩანს, რეაგირება არ იყო.

_ ამით რას ამბობთ?

_ ვიღაცამ ლობირება გაუწია მოთხოვნის დამატებას, ჩახედა და თქვა, აქ მოთხოვნაა დასამატებელიო, რაც კანონით დაუშვებელია. ეს არის ლოგიკა, რომელიც იკითხება. უკან გაატანეს და შემოატანინეს ახალი ისეთი სარჩელი, სადაც მოთხოვნა იყო დამატებული. ეს გაუგონარი უკანონობა გახლავთ.

_ რა მოლოდინი გაქვთ გამოძიებისგან? ახლა მტკიცების ტვირთი შოთაძის უწყებაზე მოდის. ძალიან მნიშვნელოვანია, რას იტყვის პროკურატურა, მით უფრო, არჩევნების წინ.

_ მე ობიექტურ გამოძიებას ველოდები. რაც უნდა დამაზიანებელი იყოს გამოძიების შედეგები ნებისმიერი პარტიისთვის, ძალიან მინდა, რომ პროკურატურამ ობიექტური შედეგი დადოს. აქ საუბარი არჩევნებზე კი არა, ქვეყნის ინტერესებზეა. ერთი პროცენტითაც არ ვუშვებ, რომ ხელისუფლების მხრიდან იყო ზეწოლა, მაგრამ გამოძიება უნდა იყოს ობიექტური.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს გაუგონარი ფაქტი, რომელზეც ვისაუბრე, კარგად იყოს შესწავლილი, გამოძიებული. ძალიან საშიში პრეცედენტია, თუ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების შეცვლა და ასეთი ლობისტობა ხდება.

„ახალი თაობა“, 30 ივლისი, 2016 წელი

„სომხები აფხაზეთში კულტურულ ავტონომიას ითხოვენ~

„სამოქალაქო პლატფორმა _ ახალი საქართველოს~ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა გვაძაბია `ახალ თაობას~ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე ესაუბრება.

_ ბატონო მამუკა, რა ვითარებაა დღეს აფხაზეთში?

_ აფხაზეთში ბევრი მოკავშირე მყავდა და მყავს, განსაკუთრებით _ გალის რაიონში. მათ ბევრ ქარცეცხლს გაუძლეს, ბევრი ჭირ-ვარამი ნახეს. დღესაც, ტოტალური ოკუპაციისა და ანექსიის პირობებში, ღირსეულად იცავენ ქართველი მოსახლეობის ინტერესებს. პოლიტიკური პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი განცხადებებს აკეთებს, თითქოს რაღაც სენსაციურ ინფორმაციებს იღებს აფხაზეთიდან.

_ არ არის სწორი? ბოლო დროს ბევრი რამ მოხდა.

_ მე ამომწურავი ინფორმაცია მაქვს გალის, ოჩამჩირისა და იქით არსებული რაიონებიდან და აფხაზეთში სენსაციური არაფერი ხდება, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ახალბედა წარმომადგენელი წარმოგვიდგენს.

_ როგორ?

_ ის, რასაც ისინი სენსაციურად თვლიან, ოკუპაციისა და ანექსიის პირობებში ჩვეულებრივი მოვლენაა. ტანკების შეყვანა, შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების გაძლიერება ჩვეულებრივი ამბავია. გამოდის ზოგიერთი პოლიტიკანი და აცხადებს, უყურეთ, რომელიღაც სკოლის ეზოში ტანკი შევიდა, რომელიღაც ქალაქში ტანკმა გაიარაო.

_ ესეც საინტერესოა ვითარების აღწერისას.

_ ასეთი ქმედებები ყოველდღიური მოვლენაა.

_ რა არის ყოველდღიური მოვლენა?

_ ოკუპაციისა და ანექსიის პირობებში ყოველდღე ხდება ტექნიკის გადაადგილება, შეიარაღებული ძალებისა და სპეცსამსახურების როტაცია. ზოგი მიდის, ზოგი _ მოდის.

_ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველგან ერთნაირი ვითარებაა?

_ გაგრაში სხვა სიტუაციაა, სოხუმში _ სხვა, ოჩამჩირესა და გალში _ კიდევ სხვა. გალში ქართველი მოსახლეობაა. მათი დამოკიდებულება ოკუპანტებისა და საოკუპაციო ძალების მიმართ აბსოლუტურად სხვანაირია. ქართული ენის სწავლება აკრძალულია. ძალიან მომრავლდა ბავშვების გადმოყვანა ზუგდიდში, მაგრამ, ვინც ვერ გადმოდის, მათთან მასწავლებლები სახლში მიდიან და ასწავლიან ქართულს. ძალიან გახშირდა არაოფიციალური სწავლება. ასე რომ, აფხაზეთში ქართული ენის აშკარა დისკრიმინაცია ხდება, რაც საოკუპაციო ძალების ანუ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების, სპეცსამსახურებისა და სეპარატისტების უშუალო ზემოქმედების შედეგია. სეპარატისტები უშუალო შემსრულებლები არიან.

_ გაგრაში ქართველები როგორ ცხოვრობენ?

_ გაგრის ზონაში ძლიერია სომხური დიასპორა. ქართველი ძალიან ცოტა ცხოვრობს. არანაირი ქართული სკოლა იქ არ არის.

_ რუსულ სკოლაში სწავლობენ?

_ რა თქმა უნდა. გაგრაში ძირითადად სომხური დიასპორაა, რომელსაც რუსული სპეცსამსახურები მართავენ. სომხური დიასპორის ხელმძღვანელი გერეუს აგენტურაა. გაგრაში შენდება სომხური ეკლესია.

_ რა პრობლემები აქვთ არა მხოლოდ ქართველებს, არამედ აფხაზებსაც?

_ ოკუპანტები აფხაზეთში ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ. აფხაზეთის ბიუჯეტი აბსოლუტურ დოტაციაზეა. ისინი მოსკოვიდან გადმორიცხული ფულით არსებობენ. თუ სადმე რაღაცას გამოღვიძება ეტყობა, მცირე ბიზნესია.

_ ე.ი. გამოღვიძება შეინიშნება.

_ მცირე ბიზნესში გამოღვიძება უშუალოდ საკურორტო ინფრასტრუქტურასთანაა მიბმული. დასაქმებაც ამ კუთხით შეინიშნება, თუმცა წელს დამსვენებლების ნაკლებობაა.

_ იმ არეულობების გამო, რაც იყო?

_ დიახ. არეულობებს ვერსად გავექცევით. ამის დასტურია ბოლო 7-8 წელი. არ მინდა, წინასწარმეტყველის როლში გამოვიდე, მაგრამ ანქვაბის გადადგომაზეც გვქონდა ლაპარაკი და იცით, კრემლმა ყური როგორ აუწია. კრემლის ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს ხაჯიმბა.

_ და მის გადადგომას არ დაუშვებს?

_ კრემლი არავის მოძლიერებას არ დაუშვებს.

_ ხაჯიმბა მოძლიერდა?

_ ისეთ საჩოთირო რეგიონში, როგორიც აფხაზეთია, არავის მოძლიერებას არ დაუშვებს. მოსკოვი თავისი მხრიდან მართვად სტაბილურობასაც არ დაუშვებს. რუსეთს აწყობს მუდმივი დესტაბილიზაციის კერები. ამიტომ რუსი იმ ხაჯიმბას რეჟიმსაც არ გააძლიერებს ბოლომდე. ეჭვი არ ასვენებს, ვაითუ `ურჩ კავკასიელს~ თავმოყვარეობა გაეღვიძა, როგორც თავის დროზე ორი სიტყვა თქვა ბაღაფშმა. აფხაზ მოჰაჯირებთან ნათქვამ პატრიოტულ სიტყვას შეეწირა ბაღაფში. ის მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გაგუდეს. ეს მისმა ნათესავებმაც იციან.

_ სამაგიეროდ, ანქვაბი არ მოუკლავთ.

_ ანქვაბი სადღაც არის, მაგრამ ისევ რუსებისთვისაა. ანქვაბი იქნება თუ ხაჯიმბა, რუსებზე მუშაობენ. ხაჯიმბას გამოსტაცეს მიწის შესახებ კანონი, რომელიც ე.წ. პარლამენტმა მიიღო. გეგმაზომიერად მოქმედებენ. აფხაზებს სომხური დიასპორითაც აშინებენ. სომხების მოძლიერებამ აფხაზები ძალიან დააფრთხო. საშიშროებას გრძნობენ.

_ რის ეშინიათ?

_ სიტუაციით რომ არ ისარგებლონ. სიტუაციით ისარგებლეს რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც, ახლაც სარგებლობენ და მომავალშიც ისარგებლებენ, თუ ამის საშუალება მიეცემათ.

_ ხაჯიმბას ხელისუფლება სომხების მოძლიერებას როგორ უყურებს?

_ კრიტიკულად. ხაჯიმბას გარემოცვაში არიან ისეთი თანამდებობის პირები, რომლებიც სომხების მოძლიერებას ეჭვით უყურებენ.

_ ხაჯიმბას გარემოცვაში სომხები არიან?

_ სომხები არიან ე.წ. პარლამენტშიც, მაგრამ აფხაზები მათ მოძლიერებას ეჭვის თვალით უყურებენ. ბოლო 20-25 წლის განმავლობაში სომხურმა დიასპორამ რიცხობრივად მოიმატა და მატერიალურადაც გაძლიერდა. ამის გამო აფხაზები საშიშროებას, გარკვეულწილად, გრძნობენ.

_ რა საშიშროებას? შეიძლება, რუსეთმა აფხაზეთში ხელისუფლება სომხებს ჩააბაროს?

_ სომხები აფხაზეთში სერიოზულ კულტურულ ავტონომიას ითხოვენ.

_ აფხაზეთის შიგნით?

_ დიახ. ამ მოთხოვნის მხარდაჭერას ისინი რუსეთიდანაც გრძნობენ და ევროპასა თუ ამერიკაში მცხოვრები სომხებისგანაც.

_ სასწავლო დაწესებულებების, თეატრების გახსნა უნდათ?

_ საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში სომხურ ენაზე სწავლება პირველი ეტაპია. თუ ასე გაგრძელდა, პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნასაც არ გამოვრიცხავ. ამას აფხაზები გრძნობენ.

„ახალი თაობა“, 30 ივლისი, 2016 წელი

`გოდერძი ბუკია რომ გყავს, სხვას კოტე კემულარია არ უნდა წამოაძახო~

მერაბ მეტრეველი: `ქართული ოცნება~ ჩვენს ჩაძირვასა და ნაციონალების გათრევას ცდილობს~

რატომ დაასახელეს მაჟორიტარობის კანდიდატად ყოფილი ნაციონალი, რატომ ცდილობს `ქართული ოცნება~ ბურჭულაძის პარტიის ჩაძირვას, რა დასკვნა გამოიტანეს ენდიაის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევებიდან? _ ამ თემებზე `ახალ თაობას~ `სახელმწიფო ხალხისთვის~ ერთ-ერთი ლიდერი მერაბ მეტრეველი ესაუბრება.

_ გასულ კვირას გამოქვეყნდა მორიგი კვლევა, სადაც თქვენი პარტია მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. აქამდე სულ მესამე პოზიცია გეკავათ. რას უკავშირდება პარტიის რეიტინგის კლება?

_ ამ კვლევებს დიდ მნიშვნელობას ვერ მივანიჭებ. შედეგების პრეზენტაციისას ენდიაის ქართული ბიუროს ხელმძღვანელმა თავად განაცხადა, იმდენად მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომ ჩვენი კვლევა არჩევნების შედეგების პროგნოზისთვის არ გამოდგებაო, ლამის პირდაპირ გვითხრა, ჩვენს კვლევას ნუ ენდობითო.

_ და ამიტომ არ ანიჭებთ ამ კვლევას დიდ მნიშვნელობას?

_ როდესაც გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას, ასეთ დროს ვის რა რეიტინგი აქვს, ძალიან უმნიშვნელოა. არჩევნების დღეს გადაუწყვეტელმა 57%-მა შესაძლოა ისე შეცვალოს სურათი, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგეს.

ამ მაჩვენებლიდან გამომდინარე, აზრი დაკარგა კითხვამ, ვის მისცემ არჩევნებზე ხმას. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა იყო, რომელია პარტია, რომელსაც არასდროს მისცემ ხმას. `ქართულმა ოცნებამ~ და ნაციონალებმა ამ მიმართულებითაც მაღალი შედეგი აჩვენეს. ჩვენზე არავის უთქვამს, რომ ხმას არასდროს მოგვცემენ. ეს იმას ნიშნავს, რომ უარყოფითი რეიტინგი არ გვაქვს. `სახელმწიფო ხალხისათვის~ ახალი პარტიაა და ხალხის გაღიზიანებაც ნაკლებია.

_ შედეგებს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ, მაგრამ აშკარაა, შედეგებით კმაყოფილი ხართ.

_ რადგან ჩვენ უარყოფით რეიტინგში არ მოვხვდით, ეს გვაძლევს იმის შანსს, რომ ჩვენკენ წამოვიყვანოთ ის 57%, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული. სწორად თუ ვიმუშავებთ, ამის მიღწევა შეიძლება.

_ ჯერ სწორად არ მუშაობთ?

_ საარჩევნო კამპანია ჯერ არ გახურებულა. ის თავის პიკს სექტემბერში მიაღწევს და მაშინ გვმართებს სწორი მუშაობა. ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი. კარგად უნდა წარმოვაჩინოთ საარჩევნო პროგრამა და ის ამომრჩევლამდე მივიტანოთ. წარმოსაჩენია გუნდის კომპეტენტურობა. ახლა რა მხარდაჭერაც გვაქვს, ეს პაატა ბურჭულაძის დამსახურება, პირადი რეიტინგია. ახლა პარტიამაც უნდა იმუშაოს რეიტინგის გაზრდაზე.

დღეს საქართველოში მთავარი პრობლემა ნიჰილიზმია. რეგიონებში ბევრს დავდივართ და იქ განსაკუთრებით აშკარაა ეს ნიჰილიზმი. მოსახლეობა პირდაპირ ამბობს, რომ არავისი აღარ სჯერა. ხალხი როგორმე უნდა დავარწმუნოთ, რომ არჩევნებზე წასვლა მაინც ღირს.

_ თქვენმა პარტიამ ფოთის მაჟორიტარად დაასახელა ყოფილი ნაციონალი კოტე კემულარია. ამან საზოგადოება გააღიზიანა.

_ ჩვენ ადამიანებს ყოფილ ნაციონალებად და ყოფილ მეოცნებეებად არ ვყოფთ. საქართველო პოლიტიზებული ქვეყანაა და აქ ოდესღაც ვიღაც რომელიმე პარტიის წევრი იყო. მთავარია, ამ ადამიანს დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი.

_ `ქართული ოცნება~ ამბობს, რომ კემულარიას გვერდზე დაყენებით ხაზი გაუსვით იმას, თუ ვისი სატელიტები ხართ.

_ `ქართული ოცნება~ ნაციონალების სატელიტებად ბევრად ადრე მოგვიხსენიებდა, ვიდრე კემულარია მოვიდოდა ჩვენთან. რაც შეეხება კემულარიას, ეს ადამიანი ნაციონალური მოძრაობიდან 2007 წელს წამოვიდა. `ქართულმა ოცნებამ~ ვის რა უნდა წამოაძახოს, როცა თავად საპარლამენტო უმრავლესობა ნაციონალების

დახმარებით შეინარჩუნეს, ხობის მაჟორიტარად კი გოდერძი ბუკია დაასახელეს. ეს ის ბუკიაა, რომელმაც ნაციონალებს ზურგი არც იმ ცნობილი ცოცხების კადრების შემდეგ აქცია და 2012 წლის არჩევნებში 5 ნომრით მიიღო მონაწილეობა.

ჩვენს პარტიაში `ქართული ოცნებიდანაც~ გადმოვიდნენ. დუშეთის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი ადრევე შეგვიერთდა. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ.

_ პარტიის რეიტინგზე საუბრისას აღნიშნეთ, აქამდე რა რეიტინგიც გვქონდა, პაატა ბურჭულაძის პირადი რეიტინგი იყოო. მისი პირადი რეიტინგიც ხომ არ შემცირდება? მის სახელს ბოლო ხანებში არაერთი სკანდალი დაუკავშირდა.

_ ეს არ არის სკანდალი, ეს არის შავი პიარი, რომლის უკანაც `ქართული ოცნება~ დგას. თავიდან ნაციონალების სატელიტის იარლიყი მოგვაწებეს. მათ კარგად იციან, რომ ხალხს სძულს ყოფილი ხელისუფლება და მათთან კავშირში თუ იქნები, შენი რეიტინგიც დავარდება. ამ თემაზე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობენ და, ეტყობა, ეს ეტაპი მოილიეს. ახლა გადავიდნენ მეორე შეტევაზე და გადაწყვიტეს, პაატას პირად რეიტინგს დაარტყან. ყველაზე ცუდი ისაა, რომ შეტევა ფონდ `იავნანაზე~ მიიტანეს, რომელსაც უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული.

ამ დღეებში ფონდი `იავნანა~ გამართავს პრესკონფერენციას, სადაც დეტალურად იქნება საუბარი, სად და როგორ იხარჯებოდა თანხები. მოსახლეობა ყველაფერს გაიგებს.

ნაციონალების სატელიტობას ჩვენ გვაბრალებენ, საქმით კი ნაციონალების საქმეს აკეთებენ. ჩვენ გვძირავენ იმისთვის, რომ მათი მთავარი კონკურენტი ყოფილი ხელისუფლება იყოს. ნაციონალური მოძრაობა გასვრილი ძალაა და მას შეგიძლია, ყველაფერი წამოაძახო. ჩვენ არაფერი გვაქვს წამოსაძახებელი, ამიტომაც ცდილობენ მათ გაყვანას.

„ახალი თაობა“, 30 ივლისი, 2016 წელი

ნატო თურქეთის გარეშე?

ირანისა და თურქეთის დაახლოება დასავლეთს პრობლემებს შეუქმნის

თურქეთში სიტუაცია სულ უფრო იძაბება. ერდოღანმა ყველაზე კარგად იცის, რით შეიძლება დაამთავროს პოლიტიკური კარიერა და არა მარტო კარიერა, არამედ სიცოცხლეც, ხელისუფლების დაკარგვის შემთხვევაში.

რამდენიმე წელი ის და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებდნენ რეგიონში არეულობის მხარდასაჭერად. ჯიჰადისტების მომზადება, მათთვის ბაზების შექმნა, შეიარაღება, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, `არაბული გაზაფხულის~ მხარდაჭერა მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი ვექტორი გახლდათ.

მაშ, რით ვერ დაიმსახურა ისლამური სამყაროს `მომავალმა სულთანმა~ ნდობა? რა გახდა მისი ჩანაცვლების ოპერაციის დაწყების მიზეზი? იქნებ თურქეთის პრეზიდენტს მოეჩვენა ყველაფერი და მისი დაბინდული გონების ნაყოფია ყოველივე? იქნებ არანაირი გადატრიალება და მისი ხელისუფლებისგან ჩამოშორების გეგმა არ მზადდებოდა და ეს მხოლოდ ილუზიაა?

საინტერესოა ისიც, თუ როგორ მოახერხა მარტოდ დარჩენილმა ერდოღანმა ასეთ მაღალ დონეზე მომზადებული სამხედრო გადატრიალების ჩახშობა, როდესაც თითქმის მთელი გენერალიტეტი, სამხედრო დაზვერვა, პრეზიდენტის გვარდია, პოლიციის მაღალჩინოსნები, პროკურორები და მოსამართლეები მონაწილეობდნენ პრეზიდენტის დამხობის გეგმაში. ვინ მიაწოდა ერდოღანს ასეთი ინფორმაცია? რა მიზანს ემსახურებოდა მისი ხელისუფლების შენარჩუნება?

არსებული ინფორმაცია და ფაქტები არ იძლევა საშუალებას თურქეთში მიმდინარე მოვლენების სრული ანალიზისათვის, მაგრამ რამდენიმე დეტალი გარკვეული აქცენტების დასმის საშუალებას იძლევა.

ერდოღანს აშკარად აქვს გარკვეული სადაზვერვო ინფორმაცია. ის ფაქტი, რომ მან პირდაპირ დასდო ბრალად აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაურს ჯოსეფ ვოტელს სამხედრო გადატრიალების მხარდაჭერა, უკვე მრავლისმეტყველი ამბავია.

დაწინაურებამდე ჯოსეფ ვოტელი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სპეციალური ოპერაციების ხელმძღვანელი გახლდათ. ის მონაწილეობდა ერაყის კამპანიაშიც. ვოტელის დამორჩილებაში მყოფი ინსტრუქტორები ამზადებდნენ მოჯაჰედებს ლიბიასა და სირიაში არსებული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ანუ დიდი ხნის განმავლობაში ვოტელი და ერდოღანი ასადისა და კადაფის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური პარტნიორები გახლდნენ.

ამერიკელმა გენერალმა ერდოღანის მოსაზრებას უსაფუძვლო უწოდა, მაგრამ თურქეთის პრეზიდენტი, ალბათ, არ დააკმაყოფილა ამ პასუხმა. მისმა მომხრეებმა, თურქეთის პოლიციის ნაწილებთან ერთად, ინჯირლიკის სამხედრო ბაზას გაუკეთეს ბლოკირება.

ინჯირლიკის ბაზა თურქეთის სამხრეთში არსებული ნატოს განკარგულებაში მყოფი ავიაბაზაა. ამ ბაზიდან ახორციელებდნენ ნატოსა და თურქეთის თვითმფრინავები ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საჰაერო შეტევებს.

რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების დათბობის შემდეგ მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ხელისუფლება საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე რუსული თვითმფრინავების განლაგებას აპირებდა. მაშინ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ილდირიმ ბინალიმ გავრცელებული ცნობა უარყო. იმავე დღეს დაიწყო გადატრიალება.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თურქეთის საგარეო კურსში მომხდარი ცვლილებები მრავლისმეტყველი ფაქტია, მაგრამ არასწორი იქნებოდა, მხოლოდ ეს ჩაითვალოს ერდოღანის დავითოღლუთი ან კიდევ ვინმე სხვა ახალი ლიდერით ჩანაცვლების მიზეზად.

აშშ-სა და მის პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში კარგად ორგანიზებული სამხედრო სადაზვერვო სტრუქტურა გააჩნიათ. ისინი ერდოღანის ჩანაცვლების ოპერაციის ორგანიზებას უფრო მაღალ დონეზეც მოახერხებდნენ. თავად თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჰაერში მყოფი მისი თვითმფრინავი პუტჩის დაწყებიდან რამდენიმე საათში ორ სამხედრო თვითმფრინავს მიზანში ჰქონდა ამოღებული და თავადაც ვერ მიხვდა, რატომ არ გაუხსნეს ცეცხლი. ამის გამო მრავალი ანალიტიკოსი და კონსპიროლოგიური თეორიების მომხრე თავად ერდოღანს სდებს ბრალად პუტჩის ორგანიზებას.

თუმცა, ეს თეორია კრიტიკას ვერ უძლებს. ერდოღანს არაფერში სჭირდებოდა პუტჩის ორგანიზება ცვლილებების განსახორციელებლად. პუტჩმა თურქული სახელმწიფო სტრუქტურების რღვევა გამოიწვია, ეს კი თავად პრეზიდენტის უსაფრთხოებას ემუქრება.

თურქეთის ტერიტორიაზე მრავალი ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებს. ბევრ მათგანს მთლად გულზე არ ეხატება ერდოღანი. პრაქტიკულად განადგურებული სამხედრო დაზვერვისა და უშიშროების სისტემა ნამდვილად არ უქმნის თურქეთის პრეზიდენტს უსაფრთხოების უფრო მეტ გარანტიას.

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ეს-400 ტრიუმფის სირიის ტერიტორიაზე განლაგების შემდეგ ინჯირლიკის ბაზიდან თვითმფრინავების სირიის ტერიტორიაზე გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ახლო აღმოსავლეთი რუსული და მოკავშირეების მოქმედების ზონად გაიყო. სირია რუსული გავლენის სფეროდ იქცა, ხოლო ერაყი _ ამერიკისა და მისი მოკავშირეების.

ორივე ზონაში მოქმედებს ირანის სამხედრო შენაერთები.

ინჯირლიკის სამხედრო ბაზის ბლოკირებითა და ნატოსა და აშშ-ის ავიაციისთვის მოქმედების შეზღუდვით ერდოღანი რამდენიმე კურდღლის ერთად მოკვლას გეგმავს.

ინჯირლიკის საჰაერო ბაზას რამდენიმე ფუნქცია ჰქონდა. მთავარი რუსეთის სამხრეთისკენ მილიტარისტული მისწრაფებების შეკავებაა. ამავდროულად, ამ ბაზას ირანიდან მომავალი საჰაერო საფრთხის ნეიტრალიზებაც შეეძლო.

თუ ნატომ დაკარგა ამ ბაზით ოპერირების საშუალება, საფრთხე შეექმნება ერაყში წარმოებულ სამხედრო ოპერაციასაც, რადგან ამ ბაზაზე არსებული ამერიკისა და მოკავშირეების ავიაცია სწორედ ერაყის ტერიტორიაზე ასრულებდა საჰაერო ოპერაციას. ერაყის კამპანია ჰაერიდან მხარდაჭერის გარეშე დარჩება, რაც გააძლიერებს ირანის როლს რეგიონში.

ერთი მხრივ, ეს ერდოღანის მიერ რუსეთისთვის გაკეთებული საჩუქარია, პასუხი ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოების პროგრამაზე. მეორე მხრივ, ერდოღანი ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტებს ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს, რადგან სწორედ ავიაცია ანადგურებდა მებრძოლების ძირითად ნაწილს. ერდოღანი ირანსაც უგორებს კოჭს, რადგან ინჯირლიკის სამხედრო ბაზის განეიტრალება ირანის გავლენას აძლიერებს და ამერიკელებს უფრო ინტენსიური თანამშრომლობა მოუწევთ ისლამურ რესპუბლიკასთან, რათა ერაყში არსებული სიტუაცია კონტროლიდან არ გამოვიდეს.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალებისთვის მზადების პროცესები ბევრად ადრე დაიწყო.

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2015 წლის 9 ივლისს, თურქეთში თანამდებობიდან გაათავისუფლეს 50-მდე მოსამართლე და პროკურორი, რომლებიც მონაწილეობდნენ ჯიჰადისტურო დაჯგუფების ტაუჰიდ-სალამის (ისლამური მონოთეიზმი და მშვიდობა) წინააღმდეგ წამოწყებულ გამოძიებაში.

ამ რადიკალურ ორგანიზაციას თურქეთში იერუსალიმის არმიის სახელითაც იცნობენ. იგი ირანის მხარდაჭერით სარგებლობს.

2014 წლის მარტში სტამბოლის პოლიციის დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელი ალი ფუატ ილმაზერი ამტკიცებდა, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილ და მისი ფინანსებით შექმნილ ლივანურ შიიტურ ტერორისტულ ორგანიზაცია ჰესბოლას მყარი კავშირი გააჩნია თურქეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში.

მისი ცნობით, ტაუჰიდ-სალამს მხარს უჭერდნენ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი აფკან ალა და ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ჰაკან ფიდანი. ერდოღანის მიერ გადატრიალების ორგანიზებაში დადანაშაულებული ფეითჰულა გიულენის გაზეთი `ზამანი~ იმ დროს წერდა, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს გააჩნდა საკმარისი სამხილი ჰაკან ფიდანისა და ტაუჰიდ-სალამის კავშირების შესახებ.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და დღეისათვის ამ ქვეყანაში არსებული სიტუაცია განვითარების რამდენიმე ვარიანტს არ გამორიცხავს.

ერთი მათგანი ირანისა და თურქეთის დაახლოებაა. ისტორიულად ეს ორი ქვეყანა რეგიონში ყოველთვის ერთმანეთის მოწინააღმდეგე იყო, თუმცა დღეს მათ საერთო ინტერესებიც გაუჩნდათ. ესენია ნავთობის ტრანსპორტირება და ბირთვული ამბიციები.

თუ საერთო ინტერესები გადასძალავს არსებულ დაპირისპირებას, დასავლეთს სერიოზული პრობლემა შეექმნება. დაახლოების ინდიკატორები უკვე სახეზეა. ეს თურქეთის დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობა და ირანის მოკავშირე ბაშარ ალ-ასადის მიერ ჰოლანის სიმაღლეებზე უარის თქმის შესახებ წამოწყებული საუბარია.

ერდოღანისთვის არსებულ ვითარებაში უმთავრესი პრობლემა მისი უსაფრთხოებაა. ამისთვის თურქეთის პრეზიდენტი ეცდება პოტენციური მოწინააღმდეგეების ან ნეიტრალიზებას, ან მათთან საერთო ენის გამონახვას.

თურქეთის შიგნით მან ნეიტრალიზების ძალისმიერი მეთოდი აირჩია, რაც აჯანყებულთა განადგურებას ითვალისწინებს, თუმცა ისლამურ სახელმწიფოსთან ინჯირლიკის ბაზის ბლოკირებით გარკვეულ დათმობაზე წავიდა. შემდეგი ნაბიჯი დევნილებისა და მათთან ერთად თურქეთის ტერიტორიაზე არსებული მოჯაჰედების თავიდან მოცილებაა.

მოჯაჰედები, ისევე, როგორ დევნილები, არასტაბილურობის ელემენტია. თუ დევნილების შენახვა თურქეთის ბიუჯეტის პრობლემაა, ჯიჰადისტები თავად ერდოღანისთვის წარმოადგენს საფრთხეს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, უახლოეს დროში ევროპას დევნილთა კიდევ ერთი ნაკადი მიაწყდეს.

დევნილთა ნაწილი, ჯიჰადისტებთან ერთად, საქართველოს მიმართულებითაც შეიძლება დაიძრას. მათ აქ საკმაოდ ნოყიერი ნიადაგი დახვდებათ მოქმედებისთვის. რუსეთის სამხრეთით ამ ქვეყნისთვის დესტაბილიზაციის კერის შექმნა მავანის ინტერესებშია.

რამდენად მომზადებულია წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაში ჩაბმული საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მომავალი საფრთხეებისათვის და რა დახმარებას ელის საქართველო რეგიონში სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის შემთხვევაში დასავლელი პარტნიორებისგან, ჯერჯერობით უცნობია. ასეთ დროს ყველაზე მეტად ინფორმაცია ფასობს, რომელიც პარტნიორებმა უნდა მოგვაწოდონ.

თავად დასავლეთში არაა ჩამოყალიბებული პოზიცია თურქეთში მიმდინარე მოვლენებისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატოს წევრი ქვეყანა, რომელიც ნატოსავე საჰაერო ბაზის ბლოკირებას გააკეთებს და ბლოკის ჰეგემონი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსანს გადატრიალების მხარდაჭერაში დაადანაშაულებს, მინიმუმ პარტნიორად აღარ შეიძლება ჩაითვალოს.

რა ძალით შეძლებს ნატო თურქეთის ჩანაცვლებას ან რის ფასად ეცდება დასავლეთი თურქეთთან ურთიერთობის მოგვარებას?

ბევრი რამ პუტინისა და ერდოღანის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, მაგრამ ერთი რამ დღესაც ცხადია _ თურქეთს სტაბილურობა კარგა ხანი აღარ ეღირსება.

Comments are closed