globalresearch.ge

ქართული პრესის მასალები 1 აგვისტო 2017 წელი

Posted by Globalresearch on Aug 1st, 2017 and filed under პრესა, ქართული მედია. You can follow any responses to this entry through the RSS 2.0. Both comments and pings are currently closed.

ახალი თაობა: ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ამერიკის მხარდაჭერა იქითკენ არის მიმართული, რომ რუსეთმა თავი დაგვანებოს“ // „მარტო ამერიკა რას იზამს, ჩვენც თუ არ ამოვიღეთ ხმა?!“

ახალი თაობა: ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „თეა წულუკიანი სტრასბურში მოსამართლეთა სიის ჩავარდნის გამო უნდა გადამდგარიყო“

ახალი თაობა: ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება ჰოლანდიის მოქალაქეობა მიიღოს“ // „ეგ კაცი პათოლოგიური ლაჩარია, უსაფრთხოების გარანტია თუ არ აქვს, არსად ჩამსვლელი არ არის”

——————-

ახალი თაობა“, 01 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ თორნიკე შარაშენიძესთან: „ამერიკის მხარდაჭერა იქითკენ არის მიმართული, რომ რუსეთმა თავი დაგვანებოს“ // „მარტო ამერიკა რას იზამს, ჩვენც თუ არ ამოვიღეთ ხმა?!

„ახალი თაობის“ კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.

- ამბობენ, რომ ამერიკის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი საქართველომ სერიოზულ მხარდაჭერად უნდა აღიქვას. რას მოგვიტანს ეს მხარდაჭერა?

- ამერიკა არის ერთადერთი ქვეყანა, რომლისაც რუსეთს ეშინია. რუსეთი ყოველთვის იხევს უკან, როდესაც გრძნობს მასზე ძლიერ ძალას. ამიტომაც ამერიკის მხარდაჭერა სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ რუსეთმა თავი უნდა დაგვანებოს.

- ზოგი იმასაც ამბობს, რომ ამერიკა გვიყენებს რუსეთის წინააღმდეგ. ამაზე რას იტყვით?

- ჩვენთან დღეს აქტიურად მუშაობს რუსული პროპაგანდა, რომ, არიქა, ამერიკა აპირებს გამოიყენოს ჩვენი ტერიტორია რუსეთის წინააღმდეგ ბაზებად, რუსეთს უნდა დაესხას აქედან თავს. ეს ხომ ჩვეულებრივი იდიოტიზმია! სამწუხაროდ, ვიღაცებს სჯერათ ამ იდიოტიზმის.

- ოპოზიციური პარტიები ასევე აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ აუცილებლად დადგება ნატოს გაფართოების საკითხი და რუსეთი ამაში ხელს ვერ შეგვიშლის. არის იმის მოლოდინი, რომ გააქტიურდეს ნატოს თემა?

_ არა, ასე მარტივად ნატოს გაფართოების თემა ვერ გააქტიურდება. ეს საკითხი გაყინულია და მათ შორის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო. ეს არის ფაქტი, რომელიც ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატოს არა აქვს საშუალება, მით უმეტეს ამერიკას, რომ ჩვენ დაგვიცვას! სხვა თუ არაფერი, თუნდაც იმავე სამხედრო წვრთნების მეშვეობით.

- ხელისუფლებაც აცხადებს, რომ ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. თუმცა ასეთი შეფასებებიც მოვისმინეთ, რომ როგორც ხარს აუფრიალო წითელი ნაჭერი, სწორედ ასეა ეს წვრთნები რუსეთისთვისო. რამდენად არის ეს მართლაც პროვოკაციული ქმედება ჩვენი მხრიდან და რამდენად აღიზიანებს ეს რუსულ მხარეს?

- რომ არ ვუფრიალებდით, რა, მაშინ არ სწევდა საოკუპაციო ხაზს?! რა, რომ ჩავედით სოჭის ოლიმპიადაზე, არ დაიწყო იმ დღესვე საოკუპაციო ხაზის გადმოწევა?! ამ მთავრობამ რომ გამოუშვა რუსი შპიონები, რომ ჩართო რუსული ტელეარხები, რა, გააჩერეს საოკუპაციო ხაზის გადმოწევა?! გვითხრან, რა დავუთმოთ კიდევ?! იქნებ მათ აქვთ რაიმე რეცეპტი, რა უნდა დავუთმოთ საიმისოდ, რომ გაჩერდნენ?! ფაქტია, რომ ჩვენი მხრიდან არგაღიზიანების პოლიტიკამ ამოწურა თავისი თავი! უნდა დამთავრდეს ამაზე ლაპარაკი, რომ ვაიმე არ გავაღიზიანოთ, ვაიმე არ გავაღიზიანოთ! მარტო იმათ აქვთ გაღიზიანების უფლება და ჩვენ არ გვაქვს?!

- შეშინებულის პოზიციის მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეს ხელისუფლებაო. თქვენც იზიარებთ ამას?

- ერთია, რომ ჩვენი ხელისუფლება არ ლანძღავს საჯაროდ და ეუბნება, რომ შენთან მეგობრობა მინდა. კი ბატონო, არ არის მისი საჯაროდ ლანძღვა აუცილებელი, რასაც, სამწუხაროდ, სააკაშვილი აკეთებდა. თუმცა არც ეს სირაქლემის პოზიცია ვარგა.

- რაღაც შუალედი უნდა მოიძებნოს?

- არ შეიძლება ორი უკიდურესობა, ერთი ლანძღო 24 საათის განმავლობაში, ან მეორე – შენი ჭირიმე, არაფერს არ ვაშავებ, აი, ვიმალები და ვძვრები ქვიშაში. არცერთი მიდგომა არ ვარგა. უნდა მოიძებნოს ურთიერთობის სხვა გზა, სხვა საშუალება. `ღირსეული პარტნიორი~ სწორედ განაცხადია იმის, რომ ჩვენ მარტო არ ვართ!

- ანუ ეს მაინც მიმართულია ოკუპანტისკენ, რომ ჩვენ მხარს გვიჭერს ამერიკა?

- სწორედ ასეა. ჩვენ მარტო არ ვართ, გვყავს ძლიერი მოკავშირე და ეს უნდა იცოდეს რუსეთმა.

- 2008-შიც ასე იყო. ამბობენ, რომ სააკაშვილი სწორედ ამერიკის მხარდაჭერის იმედად იყო და ამიტომ წამოეგო ამ პროვოკაციას. ამაზე რას იტყვით?

- ეს არის სისულელე, რომელსაც ავრცელებს რუსული პროპაგანდა. ამერიკა ყოველთვის გვაფრთხილებდა, რომ არ ავყოლოდით პროვოკაციას! ეს ასჯერ აქვს ნათქვამი როგორც საჯაროდ, ისე არასაჯაროდ. ეს არის სისულელე, რომ სააკაშვილმა ომი დაიწყო და ამერიკაც აპირებდა შემოსვლას. ეს თავიდან ბოლომდე დიდი ტყუილია.

- როგორი იქნება ამერიკის გააქტიურებისა და კერძოდ ამ ვიზიტის შედეგები? შეაშინებს ეს რუსეთს? შეაჩერებს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას?

_ ვნახოთ, ეს გამოჩნდება. ამისთვის ჩვენი გააქტიურებაც არის საჭირო. მადლობა ღმერთს, რომ საოკუპაციო ხაზთან გამოჩნდნენ სამოქალაქო აქტივისტები. ძლივს დაიწყო მორიგეობა, რომ რუსეთს ასეთი კომფორტი აღარ ჰქონდეს, რომ როცა გვინდა, გადმოვწევთ და ხმის ამომღები არავინ არის. თუ დაინახავენ, რომ ხმის ამომღები ვიღაც არის, მერე გაჩერდებიან. მარტო ამერიკა რას იზამს, ჩვენც თუ არ ამოვიღეთ ხმა?! ხომ ყველამ ვნახეთ, ამერიკის ელჩი საოკუპაციო ხაზთან მივიდა მას შემდეგ, რაც იქ მივიდნენ ქართველები, ჩვენი აქტივისტები. მანამდე ვერ მიდიოდნენ. შენ თუ არ გამოჩნდები, ის ხომ არ გაიქცევა შენ მაგივრად?! ხომ უნდა დაინახოს, რომ შენც გინდა შენი საქმის გამო ხელის განძრევა. როგორც კი დაინახა, რომ ჩვენ ხელი გავანძრიეთ, მაშინვე მივიდა.

- ხელისუფლება რატომღაც მაინც თავს იკავებს ამ აქტიურობისგან, მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ საოკუპაციო ხაზთან მათი ყოფნა სახიფათო და ასევე გამაღიზიანებელი ფაქტორია რუსეთისთვის...

- როდემდე შეიძლება ვიყოთ ამ პოზაში? ვაიმე, რუსეთი არ გაღიზიანდეს. რომ გაღიზიანდება, მერე რას იზამს, საინტერესო სწორედ ეს არის. ამაზე მეტი რა უნდა ქნას?! ყოველდღე მოიწევს აქეთ და ამაზე მეტს რაღას იზამს, ძალიან მაინტერესებს.

ახალი თაობა“, 01 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ ლია მუხაშავრიასთან: „თეა წულუკიანი სტრასბურში მოსამართლეთა სიის ჩავარდნის გამო უნდა გადამდგარიყო

ადამიანის უფლებათა დამცველი, ადვოკატი ლია მუხაშავრია „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში სტრასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

- ქალბატონო ლია, სახელმწიფო კომისია, რომელმაც სტრასბურში მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეარჩიოს, არ არის გამორიცხული, რომ არასამთავრობო სექტორმა დატოვოს, თუ მათ პოზიციას ხელისუფლება არ გაიზიარებს. თუ ასე განვითარდება მოვლენები, ეს კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს სიის მობრუნების?

- ამ სახელმწიფო კომისიის კომპოზიცია, მისი შემადგენლობა თავიდანვე მიუღებელი იყო ჩემთვის, რადგანაც არასამთავრობო სექტორი კი შეიყვანეს შემადგენლობაში, მაგრამ სრულ უმცირესობაში აღმოჩნდნენ ჩემი კოლეგები ამ კომისიაში. მათ ვერანაირი გავლენა ვერ მოახდინეს კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებაზე, რამაც გამოიწვია ორი სამარცხვინო სია და საბოლოოდ ამ სიების უკან მობრუნება. ასე რომ არ განვითარებულიყო მოვლენები, ეს კომისია სრულიად სხვაგვარად უნდა დაკომპლექტებულიყო.

- როგორ?

- გარკვეული გავლენის მოხდენა უნდა შესძლებოდათ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კანდიდატების შერჩევაზე, ამ პროცესზე. არსებული სურათით კი მოვიღეთ ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ფარად იყვნენ გამოყენებულნი. ამიტომ ჩემი კოლეგებისთვის თავიდანვე უნდა ყოფილიყო ცხადი, რომ ამ კომისიაში მონაწილეობა შედეგიანი ვერ იქნებოდა. მათი კომისიაში შეყვანა ემსახურებოდა მხოლოდ იმ მიზანს, რაც იუსტიციის მინისტრის სავარაუდო ჩანაფიქრი იყო.

- რა იყო ჩანაფიქრი?

- როგორი კარგი, კეთილშობილური კომისია შექმნა, ყველაზე უფრო ღია და ყველაზე უფრო გამჭვირვალე სახელმწიფო კომისია, რაც აქამდე შექმნილა, სადაც არასამთავრობო სექტორიც კია წარმოდგენილი და ჩართული მის მუშაობაში. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ პირველივე შედეგების დროს გამოიკვეთა ეს უთანხმოება არასამთავრობოებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. მახსოვს, ზაზა ხატიაშვილის, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და ანა ნაცვლიშვილის, რომელიც წარმოადგენს კომისიაში არასამთავრობოთა კოალიციას, პირველი შედეგების მიმართ გამოთქმული უთანხმოება.

- ზაზა ხატიაშვილი საპროტესტო პლაკატებით სტრასბურშიც კი იყო ჩასული...

- დიახ. ეს სია სრულად იქნა ევროპის საბჭოში დაწუნებული.

- თქვენ ამბობთ, რომ მათ კომისია უნდა დაეტოვებინათ?

- ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს იდეა ჯერ კიდევ მაშინ უნდა გამოეთქვათ, როდესაც პირველი სია მოგვიბრუნეს და არაფერი შეცვალა ხელისუფლებამ კომისიის მუშაობასა და დაკომპლექტების წესში. მეორედ როდესაც კომისია შეიკრიბა, მათ მუშაობაზე უარი უნდა ეთქვათ. თუმცა, მე ვიტყოდი, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ხომ დაინახეს, რომ მათ მოსაზრებებს კომისიაში ანგარიშს არავინ უწევდა და შერჩეულ იქნენ ისეთი კანდიდატები, რომლებიც მიუღებელი აღმოჩნდნენ ევროპის საბჭოსთვის. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ თვითნებობს უმაღლესი თანამდებობის პირი და ვისაც უნდა, იმას ნიშნავს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ქვეყნის შიგნით. ასეთი რამ კი სტრასბურისთვის სრულიად მიუღებელია, მეტიც, გაუგებარია. ორი ასეთი შედეგი საკმარისზე მეტი საფუძველია, რომ თეა წულუკიანი თანამდებობიდან აქამდე გადამდგარიყო.

- ეს ის საკითხია, რომელზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აეღო ხელისუფლებას?

- რა თქმა უნდა. ერთმნიშვნელოვნად იუსტიციის მინისტრი უნდა გადამდგარიყო. თუ მას პოლიტიკური გამჭრიახობა არ ჰყოფნის, მაშინ მთავრობას უნდა ეზრუნა ამაზე. ადამიანს ასეთი საპასუხისმგებლო საქმე ჰქონდა ჩაბარებული და მან ამ საქმეს თავი ვერ გაართვა. წულუკიანს მეტ-ნაკლებად ყველაზე უკეთესად მოეხსენება, თუ როგორი უნდა იყოს ევროპის სასამართლოს მოსამართლე. როდესაც ის, კომისიის თავმჯდომარის რანგში, 3 კანდიდატის შერჩევას ვერ ახერხებს, რომ არ დაგვიწუნონ ასეთ საერთაშორისო არენაზე კანდიდატები და ზედიზედ ორჯერ ხდება ასეთი ჩავარდნა, ეს საკმარისზე მეტი მიზეზია, რომ წულუკიანი იუსტიციის მინისტრი არ იყოს.

- შემდეგი კონკურსი როგორი უნდა იყოს, ვინ უნდა იყოს თავმჯდომარე, რა უნდა შეიცვალოს, რომ იგივე არ გამეორდეს?

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ მომხდარ ფაქტებზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს. თუ თეა წულუკიანი მესამედაც ჩაუდგება ამ კომისიას სათავეში, რა თქმა უნდა, მაშინ არასამთავრობოებმა კომისია უნდა დატოვონ. მე ზაზა ხატიაშვილს ასევე მოვუწოდებდი, რომ ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა არ მიიღოს. არცერთი საუკეთესო კანდიდატი, რომლებიც მათ შეარჩიეს, კომისიის მიერ არ იყო გაზიარებული საბოლოო ჯამში არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში. ამიტომ, თუ არაფერი შეიცვლება, უპრიანია, ამ სამარცხვინო კომისიას ფასადს ნუ გაულამაზებენ და დატოვონ კომისია.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს კომისია და ვინ უნდა შედიოდეს მასში, ეს პროცედურა გაწერილი არ არის. მას ქმნის სახელმწიფო, ყველა სუვერენული ქვეყანა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, როგორი წესითა და პროცედურით შეარჩიოს ასეთ მაღალ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მოსამართლეობის კანდიდატი.

ევროპულ ქვეყნებში ვერ წარმოუდგენიათ, რომ იუსტიციის მინისტრსა და მაღალი საჯარო თანამდებობის პირს არ ეყოფა არც მორალური შეგნება და არც პოლიტიკური სიმწიფე, რომ სათანადო კანდიდატები შეარჩიოს ამ თანამდებობისთვის. ის, რაც დღეს ჩვენთან ხდება, არის იმის გამოვლინება, რომ ჩვენთან თანამდებობის პირების გამწესება ხდება პარტიული ნიშნით, ხელისუფლებასთან სიახლოვით და არა – კვალიფიკაციით, გამოცდილებით და ა.შ. თუ იუსტიციის მინისტრმა ამ საქმეს თავი ვერ გაართვა და ფაქტია, რომ ვერ გაართვა, დარწმუნებული ვარ, ის უნდა წავიდეს თანამდებობიდან.

ახალი თაობა“, 01 აგვისტო, 2017 წელი

ინტერვიუ პეტრე მამრაძესთან: „მიხეილ სააკაშვილმა შეიძლება ჰოლანდიის მოქალაქეობა მიიღოს“ // „ეგ კაცი პათოლოგიური ლაჩარია, უსაფრთხოების გარანტია თუ არ აქვს, არსად ჩამსვლელი არ არის”

პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე „ახალ თაობასთან“ სააკაშვილსა და უკრაინასთან საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობს.

- ბატონო პეტრე, თუ მოელოდით, რომ ერთ დღეს მიხელ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევდნენ, მოქალაქეობის არმქონე პირად იქცეოდა და საძებნი ექნებოდა ქვეყანა, რომელიც შეიფარებდა?

- ნამდვილად მოველოდი, თუმცა მეუბნებოდნენ, რომ, უკრაინის კონსტიტუციიდან გამომდინარე, არ შეიძლება პირის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, თუ ის არის უკრაინის მოქალაქე, მაგრამ არსებობს კანონიერი გზა, ადამიანს ჩამოერთვას მოქალაქეობა იმის გამო, თუ მან ჩაიდინა თაღლითობა, რაც ამ ეტაპზე დამტკიცდა, რომ სააკაშვილს თაღლითობა ჩაუდენია.

- ახლა მოვისმინე, თურმე სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს შეურაცხმყოფელი სიმღერა გაუშვია ერთ-ერთი ტელეარხით, სადაც მას ჰქონდა თავისი საავტორო გადაცემა. შეიძლება სხვა ქვეყანაში მყოფი ადამიანი იმდენად გათავხედდეს, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელმაც შეიფარა და მოქალაქეობა მიანიჭა, საქვეყნოდ შეურაცხყოფა მიაყენოს?

- სააკაშვილს ეს შეუძლია. ის არასოდეს უწევს ანგარიშს რაიმე ეთიკურ და ზნეობრივ ნორმებს ან პირად მეგობრობას, მით უმეტეს, თუ ძალაუფლების ხელში ჩაგდება სურს, ვერაფერი შეაკავებს. კარგად მახსოვს, ედუარდ შევარდნაძე მისი კერპი იყო და ამას საჯაროდ გამოხატავდა. ედუარდ შევარდნაძის მეშვეობით გახდა უმრავლესობის ლიდერი, შევარდნაძემ დანიშნა იუსტიციის მინისტრად. მახსოვს სააკაშვილის გამოსვლა 1999 წელს, ფილარმონიაში, სადაც სმკ-ს ლიდერი სააკაშვილი აცხადებს, რომ ბედნიერია, შევარდნაძის გვერდით რომ დგას და რომ შევარდნაძის სახელი ოქროს ასოებით შევა ისტორიაში.

- რეალურად, შესაძლებელი იყო ან სააკაშვილს თუ სჯეროდა, რომ შესაძლებელი გახლდათ, ის უკრაინის პირველი პირი გამხდარიყო?

- სააკაშვილს ეს სჯერა.

- როგორ, დასაშვები იყო უკრაინაში სააკაშვილის პრეზიდენტობა?

- რა თქმა უნდა. მახსოვს, ჟვანია რომ ეუბნებოდა შევარდნაძეს, სააკაშვილი არის პოლიტიკური კლოუნი, მაგრამ თუ ჩვენ არ ჩავატარებთ რეფორმებს, თუ ვერ მოვთოკავთ კორუფციას, მაშინ სააკაშვილი თავისი ქარიზმატულობით შეიძლება მოევლინოს საქართველოს პრეზიდენტად და დაღუპოს ქვეყანაო, რაც ახდა კიდეც.

- ასეთი აზრი მოვისმინე, რომ შეიძლება ამერიკამ სააკაშვილი (და მისი უმოქალაქეოდ დარჩენა) გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ. რამდენად რეალურია ამგვარი რამ?

- არა, ეს არის ფანტაზიები. ამერიკას არავითარი გეგმები არ აქვს სააკაშვილთან დაკავშირებით. სააკაშვილს ამერიკაში არავითარი მხარდაჭერა არ გააჩნია. შეიძლება რამდენიმე ადამიანთან ინარჩუნებს პირად ურთიერთობებს, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სენატისა და კონგრესის მხარდაჭერა არ გააჩნია. ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის ბოლო წლებში სააკაშვილს ამერიკელები თავის ტკივილსა და ბუასილს ეძახდნენ, იმიტომ, რომ ყელში ამოუვიდათ, რაც კარგად გამოჩნდა 2008 წლის აგვისტოში. ამერიკელებმა სპეციალურად გამოაგზავნეს კონდოლიზა რაისი და პირობა დაადებინეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ ჩაატარებდა არავითარ სამხედრო ოპერაციას. 2008 წლის აგვისტოში, როცა ყველაფერი მიმდინარეობდა ცხინვალის რეგიონში, მერე დაარეკვინა ეკა ტყეშელაშვილს (თვითონ ვერ გაბედა). მაშინ ჩათვალეს, რომ ეს იყო ღალატი.

- მე მგონი, ეგ იყო მიზეზი იმისა, რომ ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბუშმა აგვისტოს ომის დასაწყისშივე არ გააკეთა განცხადება რუსების აგრესიის წინააღმდეგ მის შესაჩერებლად...

- რა თქმა უნდა. ბუშმა ადრევე გააფრთხილა, მაგრამ ადამიანმა მძინარე ქალაქი დაბომბა.

- ის, რომ სააკაშვილს არ შეეძლო ბრძოლა ბოლომდე და შედეგის მიღწევა, ეს არის ჩვენთვის მთავარი. არ შეეძლო ბრძოლა და ცხინვალში მაინც შევიდა...

- მთავარი ის არის, რომ სააკაშვილს არავითარი საბაბი და მიზეზი არ ჰქონდა, მაგრამ მშვიდობიანი ქალაქის წინააღმდეგ გრადის ტიპის დანადგარები გამოიყენა, რომელიც ზუსტი იარაღი კი არ არის, ფართობებს ფარავს. სააკაშვილმა ასევე გამოიყენა კასეტური ბომბები. ამის გამო ამერიკელებმა განცხადება გააკეთეს. კოლინ პაუელმა განაცხადა, ეს ჭკუანაღრძობმა სააკაშვილმა ჩაიდინაო.

- სააკაშვილი უკრაინაში სწავლობდა, ეფრეიტორი იყო და ეფრეიტორობას ვერ გასცდა, მაგრამ სააკაშვილს ამის გამო უკრაინა თავის სამშობლოდ მიაჩნდა და იქ თავისუფლად გრძნობდა თავს. აფერხებდა თუ არა სააკაშვილი უკრაინა-საქართველოს ნორმალურ ურთიერთობას?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უკვე პოროშენკოს შეცდომა იყო და არა სააკაშვილის. სააკაშვილს ჰქონდა სერიოზული გეგმა უკრაინაში და პირდაპირ აცხადებდა, რომ უნდოდა რეჟიმის შეცვლა.

- ახლაც განაცხადა, მოქალაქეობის ჩამორთმევით ახალი სიცოცხლე შემატეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობასო...

- ეგ ახლა ყველაფერს იტყვის. მას დილით შეუძლია თქვას, რაც უნდა მოხდეს, ჩავალ საქართველოშიო, საღამოს კი განაცხადოს, საქართველოში ჩამსვლელი არ ვარო.

- შეიძლება გააფრთხილა ვინმემ, საქართველოში ჩასული არ გნახოთო?

- არა, პათოლოგიური ლაჩარია, უსაფრთხოების გარანტია თუ არ აქვს, არსად ჩამსვლელი არ არის.

- მოკლედ, ციხეში ყოფნა არ უნდა...

- ციხე არ უნდა და ისედაც მშიშარაა. გორში რომ გაიქცა, მაშინ რაიმე ხდებოდა? სააკაშვილს უკრაინაში ანტიკორუფციული პროპაგანდის აგორების ფონზე უნდოდა, მოსულიყო ხელისუფლებაში. უკრაინაში მართლაც არის დიდი კორუფცია და მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილებაა.

- ისე, იცის სააკაშვილმა, როგორ მიიმხროს ხალხი…

- სააკაშვილი ხედავდა, რომ თავისი საკუთარი რეიტინგი ქვეყნის პრეზიდენტ პოროშენკოსა და პრემიერ იაცენიუკზე მაღალი იყო, ამიტომ მოითხოვდა რიგგარეშე არჩევნებს. მას მიაჩნდა, რომ ამ ტალღაზე, როცა ამხელა რეიტინგი ჰქონდა, შევიდოდა რადაში უმრავლესობით, შემდეგ კი პრეზიდენტიც გახდებოდა და ყველაფერს გააკეთებდა. არჩევნები არ შედგა. ამასობაში სააკაშვილის კლოუნადა უკრაინელებმაც დაინახეს, მიხვდნენ, რომ ამ ადამიანს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, დაინახეს, რომ კაცი 24 საათი პიარით იყო დაკავებული. მისი რეიტინგი დაეცა.

- უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები გაუმჯობესდება?

- რა თქმა უნდა. პოროშენკომ თავის დროზე სააკაშვილი თავისი ინიციატივით დანიშნა. არც ამერიკას და არც არავის მისთვის რეკომენდაცია არ მიუცია. ახლა პოროშენკომ აზრი შეიცვალა. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში ჩვენი ურთიერთობები განვითარდება.

- სააკაშვილმა სი-ენ-ენ-ს მისცა ინტერვიუ და განაცხადა, ამერიკაში ჩემს ბიძასთან ვარო ანუ კგბ-ს გენერალთან...

- ზუსტად მისი ჩინი არ ვიცი, მაგრამ მაღალჩინოსანი რომ არის, ცხადია.

- როცა სააკაშვილს ჩამოართვეს მოქალაქეობა, რატომღაც გამიჩნდა აზრი, რომ რუსეთი სააკაშვილს რაღაცისთვის ამზადებდა…

_ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია რუსეთის მოქალაქეა. ის რუსეთმა გააგზავნა გაეროში იარაღის სამხედრო შესყიდვების დეპარტამენტში, მაღალ თანამდებობაზე. მაშინ მითხრეს, ხომ იცით, პოლკოვნიკზე ნაკლები ჩინის პირს რომ არ გააგზავნიდნენო. სწორედ ბიძამისი თემურ ალასანია უმტკიცებდა მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის ომამდე, რომ კრემლს ცხინვალი არ აინტერესებდა.

- ე.ი. სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას დიდი წვლილი ჰქონდა აგვისტოს ომში…

- დიახ, ეს ცხადია.

- რას უნდა ველოდოთ მომავალში?

- სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უკვე დამუშავებულია. ის ვეღარ დაბრუნდება პოლიტიკაში. საქართველოში (ღმერთმა ნუ ქნას) ფინანსურ-ეკონომიკური კოლაფსი რომ მოხდეს, შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდეს ვინმე დემაგოგი და აფერისტი, მაგრამ სააკაშვილი კი არა, სხვა იქნება, რადგან სააკაშვილს უკვე იცნობენ. არა მგონია, უკრაინაში სააკაშვილმა ისევ მოიპოვოს ნდობა.

- სააკაშვილი კიევში რომ ჩავიდეს, ჩაუშვებენ?

- გააჩნია, თუ ვიზა ექნება.

- შეიძლება ვიზა გააკეთოს და ჩავიდეს?

- არ ვიცი. სააკაშვილმა შეიძლება ჰოლანდიის მოქალაქეობა მიიღოს, რადგან მეუღლე ჰოლანდიელია. თავის დროზე სანდრა რულოვსს ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭა, შვილებსაც აქვთ ჰოლანდიის მოქალაქეობა. სააკაშვილმა ყველაფერი გაითვალისწინა.

Comments are closed